არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
ზაალ ანჯაფარიძე - დაუშვებლად და უზნეობად მიმაჩნია მოსწავლეებს შორის მომხდარი ტრაგედიით ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაცია
11:15 04-12-2017
ზაალ ანჯაფარიძე - დაუშვებლად და უზნეობად მიმაჩნია მოსწავლეებს შორის მომხდარი ტრაგედიით ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაცია საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, ვაკეში სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება ორი ახალგაზრდის გარდაცვალებით დასრულდა. საზოგადოება, განათლების სისტემის მესვეურები განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის გამო აღშფოთებული კი არიან, მაგრამ ახლა ალბათ მთავარია თუ რა დასკვნები გაკეთდება მომხდარის შემდეგ.
ამ თემაზე მსჯელობისას ნაწილი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სკოლის მანდატურების უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად შეკვეცილია, მეორე ნაწილი კი ზოგადად განათლების სისტემაში არსებულ სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს.
თქვენი აზრით, რა დასკვნები უნდა გაკეთდეს, რომ სასკოლო ცხოვრებასა და საგანმანათლებლო სისტემაში ამგვარი საზარელი შემთხვევები პრაქტიკულად გამოირიცხოს?

- ჩვენ საღი და ცივი გონებით უნდა მივუდგეთ მომხდარს. დაუშვებლად და უზნეოდ მიმაჩნია ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაცია ამ ტრაგედიით. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიქნებით დაზღვეული მსგავსი შემთხვევებისგან, ამიტომაც მათი სრული გამორიცხვა პრაქტიკულად შეუძლებელია. მე ამ ერთი შემთხვევის საფუძველზე შორსმიმავალ დასკვნებს არ გავაკეთებდი, თუმცა საგანგაშო ტენდენცია რომ მწიფდება, ეს თვალში საცემია.
რატომ არა გვაქვს აქამდე საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სახელმწიფო ცენტრი ან ინსტიტუტი? თანხა ვერ გამოინახა ამისათვის? მაშინ როდესაც მილიონები იხარჯება საეჭვო ღირებულების ერთჯერად ღონისძიებებში

თუ გინდა, რომ პრობლემა ეფექტურად მოაგვარო, ჯერ მისი სწორი დიაგნოსტიკა უნდა მოახდინო. პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა თავის ფეისბუქ გვერდზე კითხვა დასვა, როგორ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი ახალგაზრდები ასე სასტიკად წირავენ ერთმანეთსო და რომ უნდა მოხდეს პრობლემების სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი გზების დასახვაო.
აბსოლუტურად სწორი განცხადებაა, მაგრამ ამ სწორ განცხადებას სწორი საქმეებიც უნდა მოჰყვეს. თორემ პრობლემა მარტო კარგი განცხადებებით რომ გვარდებოდეს?! ურმის გადაბრუნებას არ უნდა ველოდოთ. ასეთი ტიპის პრობლემების იდენტიფიცირება-პრევენციისათვის, სხვა ღონისძიებებთან ერთად, საზოგადოების და მისი განწყობების რეგულარული შესწავლაა საჭირო, კარგ ხელისუფლებას საზოგადოების პულსზე ხელი მუდმივად უნდა ედოს და ეს საქმე სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს აყვანილი.
რატომ არა გვაქვს აქამდე საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სახელმწიფო ცენტრი ან ინსტიტუტი? თანხა ვერ გამოინახა ამისათვის, მაშინ როდესაც საეჭვო ღირებულების ერთჯერად ღონისძიებებში მილიონები იხარჯება? იქნებ დაფიქრდეს მთავრობა ასეთი ინსტიტუტის შექმნაზე, რომელიც ვფიქრობ ძალიან გამოადგებოდა ქვეყანას განსაკუთრებით სახელმწიფოს მშენებლობის ასეთ რთულ პერიოდში.
სკოლებში უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ძალიან ბევრი რამე უნდა გაკეთდეს. დონორ ორგანიზაციაში საქმიანობისას მომიწია ურთიერთობა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც უსაფრთხო სკოლის პრობლემატიკაზე მუშაობდა და შესაბამისად, ამ სფეროში მეტად ჩახედვამ მომიწია.
ეს ძალიან რთული და მრავალგანზომილებიანი პრობლემაა. მხოლოდ მანდატურების ინსტიტუტის დახვეწით, როგორც დღეს შსს გვიცხადებს, პრობლემა არ მოგვარდება. ისე საინტერესოა, ეხლაღა მიხვდნენ ამას? აქამდე რა გაკეთდა საამისოდ?
მე თუ მკითხავთ, სისტემატურად უნდა ხდებოდეს სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონების და რეგულაციების აღსრულების ხარისხის, არსებული პრაქტიკების ეფექტურობის მონიტორინგი და ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა შედიოდეს ცვლილებები.
ეს ძალიან რთული და მრავალგანზომილებიანი პრობლემაა. მხოლოდ მანდატურების ინსტიტუტის დახვეწით, როგორც დღეს შსს გვიცხადებს, პრობლემა არ მოგვარდება. ისე საინტერესოა, ეხლაღა მიხვდნენ ამას? აქამდე რა გაკეთდა საამისოდ?

მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს ეგიდით ფუნქციონირებს დანაშაულის პრევენციის ცენტრი, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია დანაშაულის ჩადენის მაღალი რისკის მატარებელ ჯგუფებთან მუშაობაა. ის უნდა იყოს დაკავებული ასეთი ანალიზით სხვა სტრუქტურებთან ერთად.
ალბათ ამ საქმის სპეციალისტები, მათ შორის სოციოლოგები და ფსიქოლოგები, მოგვაწვდიან თავიანთ კომპეტენტურ მოსაზრებებს და ხელისუფლება ვალდებულია მათ არა მხოლოდ მოუსმინოს, არამედ გაითვალისწინოს ღირებული რჩევები.
მაგალითად, ხომ შეიძლება სკოლებში უსაფრთხო გარემოზე მომუშავე ჯგუფის ან კომისიის შექმნა, სადაც ჩართული იქნებოდნენ მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, სოციალური მუშაკები, მანდატურები და სხვა დაინტერესებული მხარეები. ალბათ მეტი კონტროლია საჭირო სკოლის ტერიტორიაზე გარეშე პირთა შესვლაზეც. სამუშაო ბევრია და მას შესაბამისი, ძალიან კვალიფიციური ადამიანური რესურსი სჭირდება.ამ დანაშაულის ბოლომდე გახსნა და დამნაშავეთა საკადრისად დასჯა, ხელისუფლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც მისი პოლიტიკური კეთილდღეობის მოსაზრებიდან გამომდინარე.
- საკმაოდ კვალიფიციურ იურისტთა მტკიცებით, გამორჩეული სისასტიკით მკვლელობის ჩამდენ არასრულწლოვნებს, სავარაუდოდ, 10 წელზე მეტს ვერ მიუსჯიან. როგორც ჩანს, არასრულწლოვანი დამნაშავეების მიმართ კანონმდებლობა საკმაოზე მეტად ლიბერალური გვაქვს. თქვენი აზრით, პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს თუ არა მუშაობა არასრულწლოვანთა დანაშაულზე კანონმდებლობის გამკაცრებაზე?
- ვიდრე ამაზე მუშაობას დაიწყებდეს, პარლამენტმა საზოგადოებაში არსებული მდგომარეობა უნდა შეისწავლოს. ამიტომაც გვჭირდება ჩვენი საზოგადოების განწყობების შემსწავლელი ცენტრი და სიტუაციის პროფესიული, მეცნიერული ანალიზი გაკეთებული არა კერძო ინტერესების მქონე კომპანიების, არამედ სახელმწიფოს მიერ.
ამის საფუძველზე უკეთ შეგვეძლება განვსაზღვროთ მოგვიტანს სასურველ შედეგს კანონმდებლობის გამკაცრება თუ პირიქით.
- გასული კვირის ბოლოს ისანში განხორციელებული ხმაურიანი ოპერაციის შესახებ სუს-მა დაადასტურა, რომ 21-22 ნოემბერს ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაღუპული მართლაც ჩატაევი იყო, რომ მან თავი აიფეთქა და იმ ბინიდან, სადაც ოპერაცია ჩატარდა, ცოცხალი არავინ გაქცეულა.
თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების მოქმედებას ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობისას, ოპერაციის შემდეგ და იმას, რომ თუნდაც დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა თუ როგორ აღმოჩნდნენ ძებნილი ჩეჩენი ტერორისტი ჩატაევი და მისი თანამებრძოლები საქართველოში?

- სპეცოპერაციის დღიდან აქამდე, რეალური ინფორმაციის მწვავე დეფიციტის პირობებში, რომ იტყვიან, მარცვალ-მარცვალ გვიხდება მონაცემების შეკოწიწება. როგორც სამართლიანად აღნიშნეთ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა და შესაძლოა სხვადასხვა მიზეზების გამო, ბევრ კითხვაზე სრული პასუხი ოფიციალური წყაროებით ვერც მივიღოთ ან მივიღოთ ძალიან გვიან.
შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალურად შემოვიდნენ და მთავარი კითხვაც ეს არის, თუ როგორ მოახერხეს მათ ეს?!

რაც შეეხება თავად სპეცოპერაციას, ხელისუფლების და მისი სპეცსამსახურების მოქმედების დადებითი შედეგია ის, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილებმა გაქცევა ვერ მოახერხეს და მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდა. თუმცა, ზუსტად არ ვიცით, ეს სპეცრაზმელების კარგი მუშაობის შედეგია, თუ იმისი, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულებმა მძევლები არ აიყვანეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალურად შემოვიდნენ და მთავარი კითხვაც ეს არის, როგორ მოახერხეს მათ ეს?! თუ ეს მათ მოახერხეს, სად არის გარანტია, რომ ამას ვერ მოახერხებენ სხვა ანალოგიური ჯგუფებიც?!
სპეცოპერაციის დასრულებისას, შს მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ ამ საქმის გამოძიებაში სხვა ქვეყნებიც იყვნენ ჩართული. გამიჩნდა კითხვა, სპეცოპერაციის ასე სპონტანურად ჩატარება იმ კონკრეტულ დღეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო თუ გარედან მოსული რეკომენდაციის შესრულება?
და კიდევ, ასეთი სპეცოპერაციებისთვის სპეცსამსახურებს საშუალებათა ფართო არსენალი გააჩნიათ. შესაბამისად, ესეც გასარკვევია, ტექნიკურად რამდენად სწორად ჩატარდა სპეცოპერაცია და შესაძლებელი იყო თუ არა ასეთი დანაკარგების თავიდან აცილება.
სპეცოპერაციის შედეგად ჩვენი დანაკარგი სერიოზულია. დაღუპული სპეცრაზმელის გარდა, ჩვენ ჯერ არ ვიცით, დანარჩენი ოთხი დაჭრილი სპეცრაზმელი შეძლებს სრულფასოვნად გააგრძელოს პროფესიული სამსახური? არაფერს ვამბობ ფინანსურ და მატერიალურ ზარალზე.
სპეცოპერაციის შედეგად ჩვენი დანაკარგი სერიოზულია... იმედია, კომპეტენტური სტრუქტურები პირუთვნელად და დეტალურად გაანალიზებენ ყველაფერს, რადგანაც ეს ისევ მათ ინტერესებშია

იმედია, კომპეტენტური სტრუქტურები პირუთვნელად და დეტალურად გაანალიზებენ ყველაფერს, რადგანაც ეს ისევ მათ ინტერესებშია. კიდევ ერთი პოტენციური საფრთხე რომელიც ამ სპეცოპერაციის შედეგად შეიძლება დადგეს, გახლავთ თბილისის ან სხვა ჩვენი ქალაქის ისლამისტ ტერორისტთა შურისძიების სამიზნედ გადაქცევა.
- 2017 წელი მალე დასრულდება. მიმდინარე წელს ქვეყანა რამდენჯერმე გადაურჩა ქვეყნისათვის საფრთხის შემცველი პროცესების ”გადახურებას”. მართალია, წლის დასრულებამდე ჯერ საკმაოდ დროა, მაგრამ ალბათ უკვე შესაძლებელია იმაზეც ვიმსჯელოთ, თუ როგორი იყო ქვეყნისთვის 2017 წელი.
თქვენ როგორ შეაფასებდით 2017 წელს, როგორი იყო იგი ქვეყნისთვის პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით?

- პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრითაც ეს იყო მყიფე წონასწორობის შენარჩუნების წელი. ქვეყანამ, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთად მოახერხეს ის, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, სახიფათო პროცესებს არ მისცეს გადახურების საშუალება და ქვეყანა კატაკლიზმებს ააცილეს.
რამე სერიოზულ ეკონომიკურ გაუმჯობესებაზე, სამწუხაროდ, ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მორიგი ტალღის მიუხედავად, არც ეკონომიკური კრიზის წინაშე დავმდგარვართ.
პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრით 2017 წელი მყიფე წონასწორობის შენარჩუნების წელი იყო

დამამახსოვრდა 2017 წელს „რუსთავი 2“ -ის ირგვლივ განვითარებული პროცესები, რომლებიც გასცდა მედია და სამართლებრივ სფეროს და აშკარა პოლიტიკური ელფერი შეიძინა. თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს ცნობილმა გადაწყვეტილებამ ის კვლავ სამართლებრივ სიბრტყეში დააბრუნა, თუმცა, რამდენი ხნით, უცნობია.
მნიშვნელოვანი იყო ახალი კონსტიტუციის მიღება. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო პროცესი, სერიოზული ხარვეზებით წარიმართა. აქ არ ვგულისხმობ თავად დოკუმენტის იურიდიულ შინაარსს, არამედ თავად პროცესის პოლიტიკურ ასპექტს.
განვლილმა წელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მყიფე დემოკრატიის და დემოკრატიის ხანგრძლივი ტრადიიციის არარსებობის პირობებში, თუნდაც დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებით მოპოვებული ერთპარტიული მმართველობა, გარკვეულ რისკებს შეიცავს დემოკრატიული და ურთიერთბალანსზე დამყარებული მმართველობის კუთხით. სხვათა შორის, ამას ხაზი გაუსვეს გასულ თვეს აქ ჩამოსულმა ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმაც.
ამ წელმა კიდევ ერთხელ და თვალნათლივ წარმოაჩინა პოლიტიკური ოპოზიციის, განსაკუთრებით ლიბერალური ორიენტაციის პარტიების სრული პოლიტიკური და ზნეობრივი პროსტრაცია. მან ვერც ახალი და ქმედითი პოლიტიკური ძალის გამოჩენის პერსპექტივა დაგვანახა. სხვათა შორის, ქართული ლიბერალური ოპოზიციის მდგომარეობა მაგონებს რუსეთის ლიბერალური ოპოზიციის მდგომარეობას, რომელმაც რუსულ საზოგადოებაში საყრდენი ვერ იპოვა.
რაიმე სერიოზულ ეკონომიკურ გაუმჯობესებაზე, სამწუხაროდ, ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მორიგი ტალღის მიუხედავად, არც ეკონომიკური კრიზის წინაშე დავმდგარვართ

ნიშანდობლივი იყო თბილისის მერის არჩევნები, რომელიც სხვა წინა არჩევნებისგან დადებითად გამოირჩეოდა საინტერესო კონკურენციით. დამოუკიდებელმა კანდიდატმა პირველად დაამარცხა პარტიული რესურსით ზურგგამაგრებული კანდიდატები და მეორე ადგილზე გავიდა.
რომ შევაჯამოთ, შეიძლება ითქვას - წინა წლების მსგავსად 2017 წელიც, ასე ვთქვათ, მხოლოდ „გადავაგორეთ”.
- თქვენი დაკვირვებით, 2017 წელს ხელისუფლება ქვეყნისათვის და მისთვის რომელ შიდა გამოწვევას გაუმკლავდა მეტ-ნაკლები წარმატებით, რომელს ვერა და შესაბამისად, რა შეიძლება ჩაითვალოს მისთვის საშინაო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევებად?
- როგორც უკვე აღვნიშნე, ხელისუფლებამ მეტ-ნაკლები წარმატებით მოახერხა ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება, რომელიც, როგორც თავად აღნიშნეთ, არაერთხელ დადგა საფრთხის ქვეშ. ჩემი აზრით, ეს იყო ის გამოწვევა, რომელსაც ხელისუფლება გაუმკლავდა.
საშინაო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევებად შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჯერჯერობით ვერ მოაქვს ის შედეგები, რასაც ხელისუფლება პირდებოდა მოსახლეობას, ხელისუფლების წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებები, მათ შორის საკადრო, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში უკმაყოფილებას იწვევს.
საშინაო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევებად შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჯერჯერობით ვერ მოაქვს ის შედეგები, რასაც ხელისუფლება პირდებოდა მოსახლეობას

გამოწვევებს შორის აღვნიშნავდი უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო კონტროლის სისუსტეს, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების არასრულყოფილ მექანიზმს და მასში არაუფლებამოსილი სტრუქტურების ჩარევას.
- თქვენი აზრით, რა შეიძლება ჩაითვალოს მიმდინარე წლის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიღწევად, ან მიღწევებად?
- ალბათ ის, რომ საქართველომ ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა, ასევე ის, რომ როგორც ჩანს, დაიწყო საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის, ასე ვთქვათ, მატერიალიზაცია.
აშშ ჩვენს ქვეყანას თავდაცვის პოტენციალის გასაძლიერებლად 100 მლნ დოლარს აძლევს, რომლის ფარგლებში საქართველოს შესაძლოა თავდაცვითი ლეტალური იარაღი მიეწოდოს. ეს უკვე ურთიერთობების ახალ დონეზე ასვლის მაუწყებელი იქნება.
- არავის ეპარება ეჭვი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ გამოწვევად რუსეთი რჩება.
ვითარებაში, როცა ევროპა და ამერიკა საქართველოსთან აქტიურად თანამშრომლობს, გარკვეული წარმატებები გვაქვს როგორც ევროპულ, ისე ამერიკულ მიმართულებაზე, ევროპა ჩვენს ევროპეიზაციაში გვეხმარება, ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში უკვე ჩამოყალიბდა როგორც გრძელვადიანი სტრატეგია, რომელსაც ტაქტიკური ცვლილებები ძნელად თუ შეცვლის, უცნაურად ვითარდება პროცესები მეზობელ რუსეთში.
იმ ვითარებაში, როცა რუსეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2%-ზე ნაკლებია, 2017 წლის სამი კვარტლის მონაცემებით რუსეთის ეკონომიკური ზრდა 0,9%-ს არ აღემატება, ( ჩვენთან ეკონომიკური ზრდა 3,2% და რა დღეშიცა ვართ, ვიცით) რუსეთი აგრძელებს ახლო აღმოსავლეთში თავისი პოზიციების გაძლიერებას. მეტიც, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანა სამხედრო რელსებზე გადადის.
გასაგებია, რომ პრეზიდენტ პუტინს ალბათ საქართველოსთვის ნაკლებად სცალია, ვინაიდან ახლა კრემლის მთელი ძალისხმევა 2018 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტად ისევ პუტინის ასარჩევადაა მიმართული, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ როგორი და რა ტიპის რუსული საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩდეს საქართველო?

- რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი პრაქტიკულად ყველამ წინასწარ იცის. ამავე დროს ვიცით ისიც, რომ ამ დროისათვის რუსეთს კიდევ უფრო მძიმედ დააწვება ახალი დასავლური სანქციების წნეხი, რასაც ძალიან უარყოფითი ზეგავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე.
არჩევნების შემდეგ რუსეთის ძირითადი საზრუნავი არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება და დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება იქნება, რის გაკეთებასაც პუტინი დღემდე წარუმატებლად ცდილობს

როდესაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა ბარელი ნავთობის ფასი 100 აშშ დოლარს აჭარბებდა, დღეს 64 დოლარია. მომავალ წელს ექსპერტები 40 დოლარს პროგნოზირებენ. რუსეთში კარგად ესმით, რომ რომელიმე მეზობლის მიმართ აგრესიის შემთხვევაში, სანქციები გამკაცრდება და ეკონომიკური ზრდის ის პირქუში პროგნოზი, რასაც რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო აკეთებს, კიდევ უფრო გაუარესდება და შეიძლება თავად რუსეთში გახდეს დესტაბილიზაციის წყარო.
ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ რუსეთის ძირითადი საზრუნავი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება და დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება იქნება, რის გაკეთებასაც პუტინი დღემდე წარუმატებლად ცდილობს.
თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთი კვლავ გამძაფრებულად რეაგირებს საქართველოს და ევროატლანტიკური სტრუქტურების თანამშრომლობის ზრდაზე. შესაბამისად, საქართველოსადმი რუსული საფრთხეების ტიპი და მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი იქნება რუსეთში საქართველოდან მომავალი საფრთხის განცდა, რომელზედაც ისინი ჩათვლიან, რომ რეაგირება უნდა მოახდინონ.
საქართველოსადმი რუსული საფრთხეების ტიპი და მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი იქნება რუსეთში საქართველოდან მომავალი საფრთხის განცდა, რომელზედაც ისინი ჩათვლიან, რომ რეაგირება უნდა მოახდინონ

სავარაუდოდ, რუსეთი თვალსაწიერ მომავალში გააძლიერებს საქართველოს წინააღმდეგ „ჰიბრიდულ ომს“ და „რბილი ძალის“ გამოყენებას.
რუსეთი ყველანაირად შეეცდება დასავლეთში შექმნას განცდა, რომ საქართველოს ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში მათთვის უფრო მეტად პრობლემა იქნება ვიდრე სარგებელი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული პროვოკაციები კონფლიქტის ზონებში, ასევე ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”




მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები