არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5405
EUR
1 EUR
2.9980
RUB
100 RUB
4.3152
16-12-2017
თეა გოგოტიშვილი - ოჯახი, სკოლა და საზოგადოება ქმნიან ფონს, საიდანაც ფიგურის სახით ამოიზრდება მოზარდი, თავისი პროსოციალური, თუ კანონსაწინაამდეგო განწყობებით
12:06 06-12-2017
თეა გოგოტიშვილი - ოჯახი, სკოლა და საზოგადოება ქმნიან ფონს, საიდანაც ფიგურის სახით ამოიზრდება მოზარდი, თავისი პროსოციალური, თუ კანონსაწინაამდეგო განწყობებით საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგიის დოქტორს, ევროპაში აკრედიტებულ გეშტალტ ფსიქოთერაპვევტს, პროფესორ თეა გოგოტიშვილს ესაუბრა.

- ქალბატონო თეა, უკანასკნელ დღეეში დანაშაულობების სტატისტიკა ასე გამოიყურება - თბილისის 51-ე სკოლის 2 მოსწავლე სადისტურად დაჭრეს, დაჭრილები გარდაიცვალნენ, სისხლიანი დაპირისპირების ერთი მონაწილე მოზარდი მიიმალა, ქუთაისში 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს, მას ჭრილობა გულში აქვს მიყენებული, გორის თეატრის სკვერში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, ოფშკვითში მოკლული ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს, წყალტუბოში არასრულწლოვანი მოკლეს, ცოლის ცემის ბრალდებით სიღნაღში ახალგაზრდა კაცი დააკავეს. ყველა თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე სურათია. და ეს მაშინ, როცა მოყვანილი ფაქტები სრული სულაც არაა.
ცხადია, რომ არა მხოლოდ ახალი თაობის აღზრდის საკითხებში ყველაფერი არაა წესრიგში. ბევრი იმაზეც კი საუბრობს, რომ აშკარად დეფორმირებულმა, ანომალიურმა ფსიქო-სოციალურმა გამოვლინებებმა აიძულა საზოგადოება შემოეკრა განგაშის ზარები.
ვიდრე შესაბამისი დასკვნები გაკეთდება, თქვენ როგორ შეაფასებდით აშკარად არასასურველ სტატისტიკას. თქვენი აზრით, რეალურად რა ხდება ერთი მხრივ საზოგადოებაში და მეორე მხრივ რასთან გვაქვს საქმე მოზარდებში?

- მოზარდი თაობის მსგავსად, დღევანდელი საქართველოს საზოგადოებაც, რთული გარდატეხის პერიოდში იმყოფება. დამოუკიდებლობა პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერებას და თავზე აღებას საჭიროებს. რეალური გამოწვევები, რომლის წინაშეც ვდგავართ, ძველის გააზრებას და ახალი კრეატიული მიდგომების შემუშავებას მოითხოვს.
რეალური გამოწვევები, რომლის წინაშეც ვდგავართ, ძველის გააზრებას და ახალი კრეატიული მიდგომების შემუშავებას მოითხოვს

ადამიანის ქცევას განწყობა წარმართავს. განწყობას კი - შინაგანი და გარე ფაქტორების ურთიერთქმედება ქმნის. ამ თვალსაზრისით, ჩვენი შინაგანი ფასეულობათა სისტემა და განწყობები აღზრდა განვითარების პროცესში ყალიბდება. აქ 6 წლამდე პერიოდს არსებითი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ პერიოში იქმნება ადამიანის პიროვნული ფუნდამენტი, რომელმაც უნდა გაიაროს გარდატეხის ასაკის „ქარცეცხლი“, დაძლიოს გარემოს ხშირად მავნე ზეგავლენა და ჩამოყალიბდეს სრულფასოვან პიროვნებად. როგორც შენობას ესაჭიროება მყარი საძირკველი, რათა მასზე მყარი, კატაკლიზმების გამძლე ნაგებობა დაშენდეს, ასე პიროვნებას სჭირდება ადრეულ ბავშვობაში მშობლებთან ისეთი ურთიერთქმედება და კონტაქტი, რომელიც ძლიერი შინაგანი საყრდენის როლს შეასრულებს ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავების გზაზე.
როგორ იზრდებიან დღეს ბავშვები საქართველოში? მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის პირობებში, სხვადასხვა მიმეზთა გამო, მშობლები ვეღარ, ანდა აღარ ურთიერთობენ ბავშვებთან. არადა, თუნდაც ხანმოკლე, მაგრამ ახლო კონტაქტი ბავშვებთან, მათთან წრფელი, მეგობრული და გულთბილი ურთიერთობა არსებით როლს ასრულებს მათ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში. ასევე, წარუშლელ კვალს ტოვებს ბავშვზე მშობლების ურთიერთდამოკიდებულება.
გარემოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა კი სამართალდამცავთა მოვალეობაა. სასკოლო მანდატური, პატრული, პოლიცია უნდა ცდილობდეს მოზარდებთან დადებითი ურთიერთობის დამყარებას, წესრიგის დაცვას და სათანადო კონტროლსა და მონიტორინგს

ბავშვი ახდენს მშობლის განწყობების გაშინაგანებას და მის მაგალითზე სწავლობს ქცევას. სამწუხაროდ, დღეს გახშირებული ოჯახში ძალადობა და განქორწინებების დიდი რაოდენობა პირდაპირ უბიძგებს მოზარდ თაობას ერთმანეთის მიმართ დაუნდობლობისა და შეუწყნარებლობისაკენ.
არსებულ ვითარებას შეცვლის მშობლების ინფორმირებაზე ზრუნვა: ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებზე, აღზრდის საკითხებზე ფსიქოლოგიური ცოდნის მიწოდება, როგორც სატელევიზიო გადაცემების, ასევე მშობელთა კლუბების, სკოლის ფსიქოლოგიური სამსახურების ამოქმედება და კვალიფიციური ფსიქოლოგიური კონსულტირების უზრუნველყოფა. ასე, მშობლები ნაკლებად დაუშვებენ შეცდომებს ბავშვის აღზრდაში და მომავალი თაობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.
მშობლების შემდეგ, აღზრდისა და დანაშაულის პრევენციის საქმეში უმნიშვნელოვანესი რგოლია სკოლა. დაწყებით კლასებში, ბავშვისთვის მასწავლებელია ავტორიტეტი. მასწავლებელს, რომელიც სიყვარულით, გაგებით, დადებითი დამოკიდებულებითა და გულწრფელობით გამოირჩევა, შეუძლია ბავშვს აუნაზღაუროს ოჯახში არსებული სითბოსა და სიკეთის დეფიციტი. თუ ადრეულ ბავშვობაში მშობელია ბავშვის ქცევის მოდელი, დაწყებით კლასებში ამ როლს სკოლის პედაგოგი ასრულებს.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სკოლის სივრცეში წახალისდეს ახალგაზრდა მამაკაცების პედაგოგიური საქმიანობა. აუცილებელია მასწავლებლებისთვის იმ ფსიქოლოგიური მიდგომების პრაქტიკულად სწავლება, რომელიც მოსწავლეებში კონფლიქტების, ჩაგვრის, შეუწყნარებლობის პრევენციისა და რეგულაციის მეთოდებს მოიცავს.
გარდატეხის პერიოდში, მოზარდის ქცევითი ორიენტირების ფორმირებაში, წინა პლანზე გამოდიან თანატოლები. უმეტეს შემთხვევაში, სწორედ თანატოლთა წრე განსაზღვრავს მოზარდთა მსოფლხედვას, მათ განწყობებსა და ქცევას. ამიტომ „თინეიჯერთა“ მენტალობა, მათი ინტერესები, თუ რით იწონებენ და იმკვიდრებენ თავებს სოციალურ გარემოში, გადამწყვეტ როლს ასრულებს მოზარდის ქცევაში.
სწორედ წინა ხელისუფლების ძალადობრივმა პოლიტიკამ, მისმა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პრინციპმა შეუქმნა ნაყოფიერი ნიადაგი დღევანდელ დღეს გაბატონებულ შეუწყნარებლობას, დაუნდობლობას და აგრესიას


სწორედ ამ დროს, მჟღავნდება ბავშვობის გამოცდილება, პიროვნული საძირკველი, მისი სიმყარე თუ სისუსტე. რამდენადაც მშობლებმა მოახერხეს ბავშვთან დამეგობრება, მისი ნდობის, პატივისცემისა და ავტორიტეტის მოხვეჭა, იმდენად მოზარდები არიან გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ რეზისტენტულნი.
თავად გარემოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა კი სამართალდამცავთა მოვალეობაა. სასკოლო მანდატური, პატრული, პოლიცია უნდა ცდილობდეს მოზარდებთან დადებითი ურთიერთობის დამყარებას, წესრიგის დაცვას და სათანადო კონტროლსა და მონიტორინგს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ოჯახი, სკოლა და საზოგადოება ქმნიან ფონს, საიდანაც ფიგურის სახით ამოიზრდება მოზარდი, თავისი პროსოციალური, თუ კანონსაწინაამდეგო განწყობებით.
- მომხდარი აქტიურად განიხილება სხვადასხვა ფორმატებში, მათ შორის სოციალურ ქსელებში. დამკვირვებელთა უმრავლესობის აზრით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კრიმინოგენული სიტუაცია აშკარად გაუარესებულია. ზოგი ამას ჩვენივე საზოგადოების მენტალურ პრობლემას უკავშირებს. უფრო სწორად კრიმინალის მიმართ მოსახლეობის მიდრეკილებას. ბევრი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ წინა ხელისუფლება კრიმინალურ მენტალიტებს შეძლებისდაგვარად ებრძოდა, დღევანდელი ხელისუფლება კი მას ჯეროვან ყურადღება არც აქცევს. ის, რომ მხოლოდ ახლა შეიქმნა დანაშაულის პრევენციასთან მიმართულებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, ამაზე მეტყველებს.
თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლება კრიმინალურ მენტალიტეტს არ ებრძვის? თუ ასე არაა, დანაშაულის პრევენციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი მხოლოდ ახლა რატომ შეიქმნა?

- სწორედ წინა ხელისუფლების ძალადობრივმა პოლიტიკამ, მისმა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პრინციპმა შეუქმნა ნაყოფიერი ნიადაგი დღეს გაბატონებულ შეუწყნარებლობას, დაუნდობლობასა და აგრესიას. ფსიქოლოგიაში კარგად არის ცნობილი, თუ როგორ ხდება „აკრძალული ხილი უფრო გემრიელი“, განსაკუთრებით კი მოზარდებში. მანკიერ შეხედულებებს, მენტალობას ვერ ამოშანთავს ცეცხლი და მახვილი. ეს, როგორც წესი, უკუშედეგის მომტანია. მენტალობა იცვლება პოზიტიური ალტერნატივებით, სოციალური წახალისებით და რაღა თქმა უნდა, კანონის უზაენაესობით, მათი ცხოვრებაში გატარებით.
მაგალითად, მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ზრდისა და ანტისოციალური ქცევის პრევენიისათვის მიზანშეწონილია, წარმატებული სპორტსმენების, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენელთა დაფასება, მათი ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდაში ჩართვა.
განვითარებულ ქვეყნებში უზარმაზარი თანხები ხმარდება პრევენციას, ბევრად მეტი, ვიდრე სადამსჯელო ღონისძიებებს

განვითარებულ ქვეყნებში უზარმაზარი თანხები ხმარდება პრევენციას, ბევრად მეტი, ვიდრე სადამსჯელო ღონისძიებებს. ასევე არ შეიძლება თანხების დაზოგვა კრიმინალისტების, გამომძიებლებისა და სამართალდამცავების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიონალიზმზე.
- ახალგაზრდებში სისასტიკე, უდაუნდობლობა და გულცივობა ცალკე საუბრის თემაა. შსს-ს მინისტრმა განაცხადა, რომ ტრაგედიაში მონაწილე ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობა…
- აქაც თანმიმდევრული მუშაობაა ჩასატარებელი იმისათვის, რომ სამართალდამცავებთან თანამშრომლობა გახდეს პრიორიტეტი და არა სირცხვილი. ესეც ძველი დროის ინერციაა, საბჭოთა პერიოდიდან შექმნილი ფონია, როდესაც პოლიცია კორუმპირებული და ავტორიტეტისგან დაცლილი ინსტიტუცია იყო.
თანმიმდევრული მუშაობაა ჩასატარებელი იმისათვის, რომ სამართალდამცავებთან თანამშრომლობა გახდეს პრიორიტეტი და არა სირცხვილი

წინა ხელისუფლების მიერ წარმატებით განხორციელებული საპატრულო პოლიციის რეფორმა საკმარისი არ აღმოჩნდა საზოგადოების განწყობის შესაცვლელად. გირგვლიანის, რობაქიძის, სერგო თეთრაძის საქმეები და სხვა, დღესაც პერიოდულად მედიის კრიტიკის ობიექტად ქცეული პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებია ამის მიზეზი. თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მდგომარეობა არსებითად გამოსწორებულია.
სამართალდამცავების მიმართ საზოგადოების განწყობის შეცვლას, „ჩაშვების ინსტიტუტის“ სტერეოტიპის გარდაქმნასაც ზევიდან ქვევით სისტემური ცვლილებების განხორციელება ესაჭიროება: გამომძიებელთა კომპეტენციის ზრდა, პროკურატურის, სასამართლოს გამჭვირვალეობა, მათი დამოუკიდებლობის და სამართლიანობის ფაქტობრივი გამოვლინება და ტირაჟირება, პოლიციელის იმიჯზე ზრუნვა, მისი პოპულარიზაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობის გააქტიურება აუცილებლად მოიტანს შედეგს.
საზოგადოება ვითარდება და თუ გუშინ მას სიყალბითა და ფასადურობით ატყუებდნენ, სხვადასხვა ტექნოლოგიური ხრიკებით ილუზიებს უქმნიდნენ, დღეს, ის უფრო კრიტიკული და მომთხოვნია და ამიტომ ხელისუფლების წინაშე გაცილებით რთული ამოცანები დგას

საზოგადოება ვითარდება და თუ გუშინ მას სიყალბითა და ფასადურობით ატყუებდნენ, სხვადასხვა ტექნოლოგიური ხრიკებით ილუზიებს უქმნიდნენ, დღეს, ის უფრო კრიტიკული და მომთხოვნია და ამიტომ ხელისუფლების წინაშე გაცილებით რთული ამოცანები დგას.
- მტკიცება მომხდარი ”ყველას ბრალია,” ნიშნავს დანაშაულის გამომწვევ მიზეზებზე თვალის არიდებას. სრულიად კონკრეტული მოვლენის, ან მოვლენების უმისამართოდ ქცევა სასურველ შედეგემადე აშკარად ვერ მიგვიყვანს.
პრობლემა სისტემურია და სისტემურ გადაწყვეტას მოითხოვს. რა დასკვნებია გასაკეთებელი?

- გეთანხმებით, „ყველას ბრალია“ გზავნილი, არაფრის მომცემი და ფუჭია. სოციალური გავლენის ფსიქოლოგიაში კარგად არის ცნობილი, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობა, მის თავიდან არიდებას ნიშნავს. სწორედ ამიტომ არის საჭირო კონკრეტული სტრატეგიის დასახვა სამივე რგოლში - ოჯახი, სკოლა, საზოგადოება.
უწყებათაშორისი კომისიის ქმედუნარიანობისთვის, კომპეტენტური სპეციალისტების გუნდმა უნდა შეიმუშავოს კონცეფცია, მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელსაც უწყებები თანმიმდევრულად და სისტემურად გაატარებენ რეალობაში და საზოგადოების წინაშე იქნებიან ანგარიშვალდებულნი

უწყებათაშორისი კომისიის ქმედუნარიანობისთვის, კომპეტენტური სპეციალისტების გუნდმა უნდა შეიმუშავოს კონცეფცია, მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელსაც უწყებები თანმიმდევრულად და სისტემურად გაატარებენ რეალობაში და საზოგადოების წინაშე იქნებიან ანგარიშვალდებულნი.
- ყველა თანხმდება, რომ განათლების სისტემის ფეხზე დაყენებას მეტი ფინანსები სჭირდება, მაგრამ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოიცალა განათლების სისტემისთვის. ამიტომაც გვაქვს ისეთი სკოლები და სწავლის ის ხარხისი, რაც გვაქვს. გასაგებია, რომ განათლებაში ჩადებული ფინანსებისგან მყისიერი შედეგი არ მიიღება, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტში რომ კატასტროფულად ცოტა ფინანსები გამოიყოფა განათლებაზე, ფაქტია.
თქვენი აზრით, თუ ხელისუფლებას სურს განათლების სისტემაში სერიოზული სისტემური ცვლილებების გატარება, უპირველესად რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

- რა თქმა უნდა, არსებითია დაფინანსების, ხელფასების მომატება, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ზრდა, ახალგაზრდა, მოტივირებული კადრების მოზიდვა და დაინტერესება, სკოლაში ფსიქოლოგების დაბრუნება და მათ პროფესიონალიზმზე ზრუნვა, ანტისოციალური ქცევის პრევენციული პროგრამის დანერგვა, რომელიც მოიცავს სპორტის როლის გააქტიურებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას.
მნიშვნელოვნად საჭიროებს რევიზიასა და ცვლილებებს სახელმძღვანელოები. სასკოლო განათლება მრავალმხრივადაა დასახმარებელი და შესაცვლელი, რაც სათანადო სპეციალისტებისა და რესურსების მობილიზაციას საჭიროებს

ასევე, მნიშვნელოვნად საჭიროებს რევიზიასა და ცვლილებებს სახელმძღვანელოები. სასკოლო განათლება მრავალმხრივადაა დასახმარებელი და შესაცვლელი, რაც სათანადო სპეციალისტებისა და რესურსების მობილიზაციას საჭიროებს.
ხშირად ადვილია იმაზე მსჯელობა, თუ რა არის ამა თუ იმ პრობლემის მიზეზი, მაგრამ ცვლილებების განსახორციელებლად მთავარია გონივრული სტრატეგიის შემუშავება და მისი პრაქტიკული რეალიზაცია. სწორედ აქ არის აუცილებელი მაღალი დონის სპეციალისტების ჩართვა და მათი მუშაობის უზრუნველყოფა.
- სასკოლო განთალების მიხედვით რომ ბევრი საამაყო არა გვაქვს, აღარავინ დავობს, მაგრამ ნაკლებად საუბრობენ იმ პროგრამებზე, სახელმძღვანელოებზე, რომლითაც ასწავლიან სკოლებში.
სსრკ-ს პერიოდში, ვიდრე სასკოლო სახელმძღვანელოები სკოლაში შევიდოდა, ისინი აპრობაციას გადიოდნენ ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის, რიგ შემთხვევაში ფილოსოფიის ინსტიტუტშიც კი. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების პირობებში სამივე ეს ინსტიტუტი პრაქტიკულად გაუქმდა. უფრო სწორად, თუ არ ვცდები, პედაგოგიკის ინსტიტუტის გარდა, ისინი რაღაც ფორმით კი არსებობენ, მაგრამ მოსწავლეთა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესის სწორად წარმართვის შემუშავებაში ისინი არანაირი ფორმით არ მონაწილეობენ. რამდენადაც მახსოვს, ხელისუფლებაში მოსვლამდე ამ თემებზე ”ქართული ოცნება” აქტიურად კი საუბრობდა, მაგრამ საუბარს კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყოლია.
თქვენი აზრით, რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ ეზრუნა ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის და პედაგოგიკის ინსტიტუტების სრულფასოვნად აღორძინებაზე?
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის ქართული სკოლები ოდესღაც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა...

- დიახ, სამწუხაროდ, ნგრევა ადვილია და შენება კი - რთული. ამის ისტორიული გამოცდილება ძალიან ახლოა ჩვენთან. როგორც ბოლშევიკურმა მთავრობამ დაანგრია წინა სისტემაში არსებული ინსტიტუციები და შემდეგ დიდი ხანი დასჭირდა ახლის თავიდან შენებას, ზუსტად იგივე მოიმოქმედა ამ სულისკვეთების მქონე ”ნაცმოძრაობამ.”
რეალურია პერსპექტივა, რომ ”ნაცმოძრაობის” მიერ რეპრესირებული განწყობის ფსიქოლოგიური სკოლა უახლოეს ხანში აღდგება, დაიბრუნებს თავის ადგილს მეცნიერების საერთაშორისო ორბიტაზე, ისევ ჩადგება ქვეყნის სამსახურში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების სისტემის ფეხზე დადგომაში

ნაცვლად იმისა, რომ ძველი სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება და განახლების ხელშეწყობა მომხდარიყო, ერთი ხელის მოსმით მოარღვიეს ეს სფერო. აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული პრობლემების ლომის წილი სწორედ ამაშია, მაგრამ ჩვენი თავდაუზოგავი ძალისხმევით და ხელისუფლების კეთილი ნებით, იდგმება სათანადო ნაბიჯები და რეალურია იმის პერსპექტივა, რომ ”ნაცმოძრაობის” მიერ რეპრესირებული განწყობის ფსიქოლოგიური სკოლა უახლოეს ხანში აღდგება, დაიბრუნებს თავის ადგილს მეცნიერების საერთაშორისო ორბიტაზე, ისევ ჩადგება ქვეყნის სამსახურში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების სისტემის ფეხზე დადგომაში.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები