არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
ალექსანდრე თვალჭრელიძე - უკრაინის მთავრობა ან მოახერხებს სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალის დამტკიცებას, ან მას ბოგდან ხმელნიცკის დონის გმირად აქცევს
17:17 08-12-2017
ალექსანდრე თვალჭრელიძე - უკრაინის მთავრობა ან მოახერხებს სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალის დამტკიცებას, ან მას ბოგდან ხმელნიცკის დონის გმირად აქცევს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ სამინისტროების გაერთიანების შემდეგ დაიწყება რეორგანიზაციის მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებში სამინისტროები ოპტიმიზაციის გეგმაზე იმუშავებენ, დატოვა შთაბეჭდილება, რომ მთავრობას დაწყებული რეორგანიზაცია ბოლომდე გააზრებული არ ჰქონდა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მთავრობამ გადაიფიქრა დაზვერვის სამსახურის სუს-თან მიერთება.
თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ერთი მხრივ საპარლამენტო განხილვამ და შემდეგ იმან, თუ რა შედეგი დადგება დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ?

- არ გახსოვთ ჩვენს სასკოლო სახელმძღვანელოებში განთავსებული ივანე კრილოვის, სინამდვილეში კი ლა ფონტენის, იგავი „კვარტეტი“? რეფორმა რეფორმისთვის არაფრის მომცემია.
შეუძლებელია პერმანენტულ რეფორმებს ატარებდე და ხელშესახები შედეგი მიიღო. ისე, მთავრობის სტრუქტურა სტრატეგიული გეგმიდან უნდა გამომდინარეობდეს, ხოლო განვითარება არა სტრუქტურული ცვლილებებით, არამედ მთავრობის ეფექტურობითა და პროფესიონალიზმით მიიღწევა.
შეუძლებელია პერმანენტულ რეფორმებს ატარებდე და ხელშესახები შედეგი მიიღო. ისე, მთავრობის სტრუქტურა სტრატეგიული გეგმიდან უნდა გამომდინარეობდეს

ამიტომ მე ასეთ ცვლილებებს დიდ ყურადღებას არ ვუთმობ, ვნახოთ, როგორი იქნება 2018 წელი და შემდეგ რეფორმის წარმატებებზე თუ წარუმატებლობაზე ვიმსჯელოთ. თუმცა, აქაც თავსატეხი ბევრია - მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა იმდენად ბუნდოვანია, რომ მისი განხორციელების რაოდენობრივი შეფასება ერთობ ძნელი იქნება.
ეხლა კონკრეტულად: პირველი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ენერგეტიკის სამინისტროს შერწყმა გამოუთქმელად იმაზე მოწმობს, რომ ენერგეტიკა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და თითქოს სამინისტროს სხვა ასეთივე მნიშვნელობის ფუნქცია არ გააჩნია, რაც ერთობ ცუდია.
მეორე, - 90-იანი წლების დასაწყისიდან ვკივი, რომ ერთი ქოლგის ქვეშ ბუნებით სარგებლობისა და გარემოს დაცვის ფუნქციების განთავსება გადაუჭრელ ინტერესთა კონფლიქტს იწვევს. ამიტომ ასეთი ფუნქციების დაყოფას, რა თქმა უნდა, მიველსამები. მაგრამ აქ უკვე მეორე ინტერესთა კონფლიქტი ჩნდება - სოფლის მეურნეობაც ხომ ბუნებით სარგებლობაა? ასე, რომ უის გავეყარეთ და ვაის შევეყარეთ.
მესამე, - მდგრადი განვითარება, რომლის ცნება საერთაშორისო მწვანეთა მოძრაობამ შემოიღო, სამი კომპონენტისგან შედგება - ეკონომიკის სფერო, სოციალური სფერო და ეკოლოგიური სფერო. ამ სამი კომპონენტის განვითარება სინქრონულად, არაწინააღმდეგობრივად და ერთმანეთთან შერწყმულად უნდა ხორციელდებოდეს.
მეჩვენება, რომ მთავრობის რეფორმა ნაჩქარევია და მსოფლმხედველურად ბოლომდე გააზრებული არ არის. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე

ეხლა ამიხსენით, როგორ უზრუნველყოფს ახლად რეფორმირებული სამინისტრო მდგრად განვითარებას, როცა მას აკლია ერთ-ერთი, სინამდვილეში უმთავრესი, სფერო - ადამიანი და საზოგადოება. რა ვქნათ? ამ სამინისტროში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვაც განვათავსოთ რეფორმების ახალ ეტაპზე? ხომ არ გეჩვენებათ, რომ სამინისტროს უბრალოდ ფორმალურად მოდური სახელწოდება მიანიჭეს? მით უმეტეს, რომ მდგრადი განვითარების სამმართველო რიგითი სამმართველოა 35 სტრუქტურულ ქვეგანაყოფს შორის.
აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით მეჩვენება, რომ მთავრობის რეფორმა ნაჩქარევია და მსოფლმხედველურად ბოლომდე გააზრებული არ არის. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე.
- არ ცხრება კამათი და მსჯელობა საზოგადოებასა და სამთავრობო სტრუქტურებში ვაკეში სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებისას ორი ახალგაზრდის გარდაცვალებაზე.
შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ”სამწუხაროდ, მოხდა მანდატურების სამსახურსა და შს სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა, რამაც, როგორც ჩანს, მათ შორის ურთიერთქმედების ხარისხზე იმოქმედა”.
ფაქტია, რომ მომხდარი არა მხოლოდ მანდატურებსა და შსს-ს შორის თანამშრომლობის პრობლემებს, არამედ განათლების სისტემაში სისტემურ პრობლემებს უკავშირდება.
მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, ამ თემაზე შსს-ს მინისტრის განცხადება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მანდატურების ინსტიტუტის შესუსტებით შეცდომა დაუშვა? თქვენი აზრით, მომხდარის შემდეგ მაინც თუ შეძლო ხელისუფლებამ სწორი დასკვნების გაკეთება?

- პრობლემა გაცილებით უფრო ღრმა და ტრაგიკულია, ვინაიდან ის ჩვენი ეროვნული მენტალიტეტის ხარვეზებს, უფრო ზუსტად კი „კაი ბიჭის“ დამახინჯებულ ცნებას ეხება.
მე საკმაოდ ბევრი წელი ვიცოცხლე და როდესაც ვაკის სასაფლაოზე ბაბუისა და დედ-მამის საფლავების მოსანახულებლად მივდივარ, გზაზე ახალგაზრდა ვაჟკაცის საფლავზე აღმართულ ძეგლს ვუყურებ. ეს ახალგაზრდა მხოლოდ იმიტომ მოკლეს წინა საუკუნის ორმოცდაათიან წლებში, რომ კანონიერმა ქურდმა იგი ზარში წააგო და იგი პირველი სათვალეებიანი ჭაბუკი იყო, რომელსაც აღვირახსნილი ბანდიტები გადაეყარნენ.
ყველამ ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი ახალგაზრდობის მანკიერი მენტალიტეტი უნდა შევცვალოთ

შეიცვალა ხარისხობრივად ეს მენტალიტეტი? რას გაფიქრებთ თუნდაც ის ფაქტი, რომ მრავალმა ასეულმა ადამიანმა მკვლელების გადამალვა სცადა, ოღონდ კი დამსმენის დაღი არ დასდებოდათ. პოლიტიკური ნიშნით დასმენა მართლაც ყოვლად უზნეო საქციელი იყო ტოტალიტარულ სახელმწიფოში, მაგრამ ჩვენ ხომ ოცდახუთ წელზე მეტია, რაც დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ჩვენ ხომ გვინდა ძლიერი და სამართლიანი სახელმწიფო ავაშენოთ თუ საქართველო მხოლოდ სუფრაზე შეზარხოშებულებმა უნდა გავიხსენოთ?
ეს ურთულესი სოციალური პრობლემაა, რომელიც მხოლოდ განათლებით, აქცენტების სწორი დასმით, ხანგრძლივი სახელმწიფო პოლიტიკითა და არა მანდატურების ინსტიტუტის რეფორმირებით შეიძლება გადაიჭრას. ამ პრობლემას მყისიერი გადაჭრა შეუძლებელია,
თუმცა ის არასოდეს მოგვარდება, თუ უმოკლეს ვადაში მრავალ ათეულ წელზე გათვლილი ძალიან პროფესიული და ჭკვიანური პროგრამა არ შემუშავდება. და ამ პროგრამის შემუშავებაში მთელმა სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მიიღოს მონაწილეობა - მასწავლებლებმაც, მშობლებმაც, „თეთრმა საყელოებმაც“, არასამთავრობო სეაქტორმაც და უბრალოდ გონიერმა ადამიანებმაც. ყველამ ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი ახალგაზრდობის მანკიერი მენტალიტეტი უნდა შევცვალოთ.
- საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით აშკარად უცნაურად ვითარდება პროცესები უკრაინის დედაქალაქში. ხელისუფლებამ მას საკმაოდ მძიმე ბრალდებები წაუყენა, მასზე ძებნაც კია გამოცხადებული, მაგრამ ფაქტია, სააკაშვილს ხელისუფლება არ თუ ვერ აკავებს. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა სააკაშვილის მონაწილეობით კიევში ხდება და სავარაუდოდ, როგორ ეს აისახოს საქართველოზე?
- საინტერესოდ მიმდინარეობს ეს ძებნა. სპეცსამსახურები ყველა მიმართულებით მიხეილ სააკაშვილს ეძებენ, ხოლო ეს უკანასკნელი ქალაქში თავისუფლად გადაადგილდება, მრავალ საათს კარავში ატარებს, აწყობს მიტინგებს, ცდილობს სასტუმროში შესვლას შხაპის მისაღებად...
ასე რომ, ან ბატონი ლადო პაპავაა სწორი და უკრაინა არშემდგარი სახელმწიფოა და სპეცსამსახურები იმდენად კორუმპირებულია, რომ ძებნილთან გარიგებაში შედიან და პროკურატურის ბრძანებებს არ ასრულებენ ან კიდევ უკრაინის ხელისუფლება ჩემთვის გაუგებარ პოლიტიკას ეწევა.
ან ბატონი ლადო პაპავაა სწორი და უკრაინა არშემდგარი სახელმწიფოა და სპეცსამსახურები იმდენად კორუმპირებულია, რომ ძებნილთან გარიგებაში შედიან და პროკურატურის ბრძანებებს არ ასრულებენ ან კიდევ უკრაინის ხელისუფლება ჩემთვის გაუგებარ პოლიტიკას ეწევა

საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მოქალაქეობის ჩამორთმევის, საზღვრის უკანონო გადალახვისა და მთავრობის შემდგომი ქმედებების ჩათვლით, თითიდან გამოწოვილი პრობლემაა და მთლიანად პრეზიდენტ პოროშენკოსა და მისი მთავრობის არასწორი, მაპატიეთ სიხისტისთვის, უგუნური პოლიტიკითაა გაპირობებული.
არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. ალტერნატივა ერთია. ან მთავრობა მოახერხებს წაყენებული ბრალის დამტკიცებას და მიხეილ სააკაშვილს დააკავებს ან კიდევ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ეროვნულ, ბოგდან ხმელნიცკის დონის გმირად აქცევენ.
- 2017 წელი მალე დასრულდება. მიმდინარე წელს ქვეყანა რამდენჯერმე გადაურჩა ქვეყნისათვის საფრთხის შემცველი პროცესების ”გადახურებას”. მართალია, წლის დასრულებამდე ჯერ საკმაოდ დროა, მაგრამ ალბათ უკვე შესაძლებელია იმაზეც ვიმსჯელოთ, თუ როგორი იყო ქვეყნისთვის 2017 წელი.
თქვენ როგორ შეაფასებდით 2017 წელს, როგორი იყო იგი ქვეყნისთვის პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით?

- ჩვეულებრივი წელი იყო. ეხლა ასეთ პასუხს დავჯერდები, რომ შემდგომ კითხვებს უფრო დეტალურად ვუპასუხო.
- თქვენი დაკვირვებით, 2017 წელს ხელისუფლება ქვეყნისათვის და მისთვის რომელ შიდა გამოწვევას გაუმკლავდა მეტ-ნაკლები წარმატებით, რომელს ვერა და შესაბამისად, რა შეიძლება ჩაითვალოს მისთვის საშინაო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევებად?
- საერთოდ, მსოფლიოსთვის და რასაკვირველია, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა ტერორიზმია. ამ თვალსაზრისით საქართველოს მთავრობამ, შეიძლება ითქვას, გამოცდა საკმაოდ მაღალი ქულით ჩააბარა.
ტერორისტული აქტების პრევენცია და ტერორისტული დაჯგუფებების განადგურება წინმსწრებად, ტერორისტული აქტის ჩატარებამდე, ურთულესი პრობლემაა და ის ვერც აშშ-ში, ვერც საფრანგეთში, ვერც გერმანიაში, ესპანეთსა თუ ბელგიაში ვერ გადაჭრეს. ამ თვალსაზრისით, როგორც რიგით მოქალაქეს და ამ სფეროში სრულიად გაუცნობიერებელ ადამიანს, მე ჩვენი სპეცსამსახურების ქმედებების არ მცხვენია არც შინ და არც საზღვარგარეთ. ამას უნდა დავუმატოთ ხანძრებთან ეფექტური გამკვლავებაც, რასაც მე, დილეტანტური თვალთახედვით, ტერორიზმთან ბრძოლას მივუსადაგებდი.
- თქვენი აზრით, რა შეიძლება ჩაითვალოს მიმდინარე წლის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიღწევად, ან მიღწევებად?
- რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაცია. აქაც ჩვენ, საქართველოს მოსახლეობამ, გონიერება გამოვიჩინეთ, გამოცდა კარგად ჩავაბარეთ და უკრაინასა თუ მოლდოვასთან შედარებით გაცილებით უფრო კარგი შედეგები ვაჩვენეთ.
მთავარი საგარეო მიღწევა რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაციაა. საქართველოს მოსახლეობამ, გონიერება გამოვიჩინეთ, გამოცდა კარგად ჩავაბარეთ... მეჩვენება, რომ მომავალს ოპტიმისტური თვალით შეგვიძლია ვუყუროთ

აქედან გამომდინარე, მეჩვენება, რომ მომავალს ოპტიმისტური თვალით შეგვიძლია ვუყუროთ.
- პრემიერმა გ. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრებთან ერთად, 2020 წლისათვის ევროკავშირთან დაახლოების 20 ახალი მიზანი დაისახეს. მეტიც, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკას შეიმუშავებს. გასაგებია, რომ საქართველოს ამბიციები ცდება ევროკავშირთან ასოცირების პროცესს, ჩვენ მზად ვართ ცალმხრივად უფრო მეტი გავაკეთოთ ევროპასთან ინტეგრაციის მაქსიმალური დონის მისაღწევად, მაგრამ თქვენი აზრით, რამდენად ოპტიმისტურად გამოიყურება ჩვენი საგარეო ევროპული პერსპექტივები?
- დღეს ევროპა განსაცდელშია. სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილთა მძლავრ ნაკადს თურქეთთან და აშშ-სთან გართულებული ურთიერთობები დაემატა. ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ჩვენ ევროკავშირის შემადგენლობაში შევალთ. მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ.
ეჭვი მეპარება, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ჩვენ ევროკავშირის შემადგენლობაში შევალთ. მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ

ამ მიმართულებით ჩვენი მთავრობა მიზანმიმართულად და სწორად იქცევა და თანდათან ქმნის ისეთ გარემოებას, როცა ევროპა ჩვენს გარაშე ვერ იარსებებს. არ მინდა მოვკვდე, სანამ ამ პოლიტიკის ხელშესახებ შედეგებს არ ვნახავ.
- არავის ეპარება ეჭვი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ გამოწვევად რუსეთი რჩება. ცხადია, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა ურთიერთობა იქნება აშშ-სა და რუსეთს, ევროპასა და რუსეთს შორის. ასევე, როგორ განვითარდება პროცესები რუსეთსა და უკრაინას შორის.
მიუხედავად ამისა, კითხვას მაინც ასე დავსვამდი - თქვენი დაკვირვებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ როგორი და რა ტიპის რუსული საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩდეს საქართველო?

- რუსეთის პოლიტიკა ივანე მრისხანეს ხანის შემდეგ არ შეცვლილა - მხოლოდ წინ, არც ერთი ნაბიჯი უკან. სხვა სიტყვებით, რუსეთის პოლიტიკა ექსტენსიურია და არა ინტენსიური, იგი ფსონს სივრცეზე და არა ეფექტურობაზე დებს.
რუსეთის პოლიტიკა ივანე მრისხანეს ხანის შემდეგ არ შეცვლილა... - ამიტომ არა მგონია, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა შეიცვალოს - საფრთხეები პერმანენტულად იგივე დარჩება

ამიტომ არა მგონია, რომ არჩევნების შემდეგ რუსეთის პოლიტიკა შეიცვალოს - საფრთხეები პერმანენტულად იგივე დარჩება.
- აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა. ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებას არა მარტო ახლო აღმოსავლეთში დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვა მოჰყვა.
თქვენი დაკვირვებით, რა გავლენას იქონიებს აშშ-ს ეს გადაწყვეტილება ერთი მხრივ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, ხოლო მეორე მხრივ მსოფლიოში ისედაც გართულებულ საერთაშორისო ურთიერთობებზე?

- ტრამპმა ალექსანდრე მაკედონელის ნაცად ტექნოლოგიას მიმართა: მან გადაწყვიტა გორდიას კვანძი მახვილის ერთი მოქნევით გადაეჩეხა, ვიდრე ნელ-ნელა განეკვანძა.
იერუსალიმთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილება საფრთხეს შემცველია, 2018 წელი კიდევ უფრო დაძაბული იქნება

ასეთი პოლიტიკა დიდი საფრთხეების შემცველია, რაზეც უკვე გამოთქმული მოსაზრებები მეტყველებს. მეჩვენება, რომ აქედან გამომდინარე, 2018 წელი კიდევ უფრო დაძაბული იქნება.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რა არის ბიო რძე?
მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების