არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
21-01-2018
რამაზ საყვარელიძე - მანდატურზე გადაჭარბებული აქცენტი კეთდება და ზნეობის აღზრდის თემა ჩრდილში გადადის
11:30 12-12-2017
რამაზ საყვარელიძე - მანდატურზე გადაჭარბებული აქცენტი კეთდება და ზნეობის აღზრდის თემა ჩრდილში გადადის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ სამინისტროების გაერთიანების შემდეგ დაიწყება რეორგანიზაციის მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებში სამინისტროები ოპტიმიზაციის გეგმაზე იმუშავებენ, დატოვა შთაბეჭდილება, რომ მთავრობას დაწყებული რეორგანიზაცია ბოლომდე გააზრებული არ ჰქონდა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მთავრობამ გადაიფიქრა დაზვერვის სამსახურის სუს-თან მიერთება.
თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ერთი მხრივ საპარლამენტო განხილვამ და შემდეგ იმან, თუ რა შედეგი დადგება დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ?

- „ასჯერ გაზომეო“ ნათქვამია. საქართველოში ყოველთვის უჭირთ ასამდე მიღწევა. ხომ გახსოვთ, ქვაფენილებს რამდენჯერმე აგებდნენ შედეგის გაუთვალისწინებლობის გამო. ასეა ახლაც.
სამინისტროების რეორგანიზაცია ბევრი მიზეზით შეიძლებოდა მომხდარიყო. დასაწყისში, ალბათ, პიარისთვის თქვეს, რომ რეორგანიზაციის მიზანი ოპტიმიზაციაა. ეს არ უნდა თქმულიყო თუ გათვლები არ იყო გაკეთებული. ალბათ, არც დაზვერვის და სუს-ის გაერთიანების გეგმა იყო ბოლომდე მოფიქრებული.
პოზიტიური მომენტია, რომ ამ ხელისუფლებას ჯერჯერობით არ ახასიათებს შეცდომაში გაჯიუტება და დათმობის გაბედულება ჰყოფნის

ბევრი ხელისუფლება გამოვიარეთ და ამგვარი ზიგზაგები ბევრთან გვინახავს. ამდენად, ზიგზაგები ნუ გაგვაკვირვებს, გამოუცდელობას სჩვევია. პოზიტიური მომენტია, რომ ამ ხელისუფლებას ჯერჯერობით არ ახასიათებს შეცდომაში გაჯიუტება და დათმობის გაბედულება ჰყოფნის.
მომხდარი რეორგანიზაცია მხოლოდ ერთი ნაბიჯია სრულყოფილი სამთავრობო სტრუქტურის ჩამოყალიბებისკენ, დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. იქამდე, სანამ კერძო სექტორი და მისი კანონმდებლობა არ მიიღებს საბოლოო სახეს, სანამ ცხადი არ იქნება რა ფუნქციებს გამოართმევს ეს სექტორი სახელმწიფოს, მთავრობის სტრუქტურული ძიების პროცესი სულ იქნება.
- არ ცხრება კამათი და მსჯელობა საზოგადოებასა და სამთავრობო სტრუქტურებში ვაკეში სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებისას ორი ახალგაზრდის გარდაცვალებაზე.
შსს-ს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ”სამწუხაროდ, მოხდა მანდატურების სამსახურსა და შს სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა, რამაც, როგორც ჩანს, მათ შორის ურთიერთქმედების ხარისხზე იმოქმედა.”
ფაქტია, რომ მომხდარი არა მხოლოდ მანდატურებსა და შსს-ს შორის თანამშრომლობის პრობლემებს, არამედ განათლების სისტემაში სისტემურ პრობლემებს უკავშირდება.
მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, ამ თემაზე შს მინისტრის განცხადება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მანდატურების ინსტიტუტის შესუსტებით შეცდომა დაუშვა? თქვენი აზრით, მომხდარის შემდეგ მაინც თუ შეძლო ხელისუფლებამ სწორი დასკვნების გაკეთება?

- სასკოლო პოლიციის პრეცენდენტები არსებობს. მაგალითად, ის საჭიროა ამერიკის სახელმწიფო სკოლებში, სადაც ბევრი აფრო-ამერიკელი სწავლობს, რომლებიც ხშირად უგულებელყოფენ კანონს. მათ დესტრუქციულობას ხსნიან იმით, რომ აფრო-ამერიკელთა 70% უმამოდ იზრდება. რა თქმა უნდა, უფრო ადვილია სკოლაში პოლიციის შეყვანა, ვიდრე იმ ხარვეზის გამოსწორებაზე ზრუნვა, რაც უმამობამ გააჩინა ბავშვში. პოლიციური რეჟიმის შედეგად შეიძლება ბავშვი დანაშაულს არ სჩადის, მაგრამ დანაშაულის ჩამდენად მაინც იზრდება, რაც ჩანს კიდეც ამერიკის კრიმინალიზაციის ხარისხსში.
იგივე ითქმის ჩვენ მანდატურებზე - ესეც პრობლემის ადვილი, დროებითი და უხარისხო გადაწყვეტაა. გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით სწორი იყო მარგველაშვილი, როცა მან მანდატურის უფლებამოსილება შეზღუდა და მასთან ფსიქოლოგიური სამსახური დააკავშირა. ეს მიმართულება უნდა გაღრმავებულიყო, უნდა გაძლიერებულიყო აქცენტი ოჯახსა და აღზრდაზე, პედაგოგებს უნდა გასწეოდათ დახმარება, აღზრდის პიარ-ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო და სხვა ბევრი რამ უნდა მომხდარიყო, რაც არ გაკეთდა.
ნახევრად გაკეთებულ საქმეს ცუდად გაკეთებული სჯობს ხოლმე და ამიტომ ისევ ვუბრუნდებით მანდატურების იდეას, რომ სისხლი აღარ დაიღვაროს. მოტივი გასაგებია, მაგრამ სისხლისღვრისა და დანაშაულისგან საზოგადოების ყველაზე სანდო დაცვა ზნეობა და მორალია

ნახევრად გაკეთებულ საქმეს ცუდად გაკეთებული სჯობს ხოლმე და ამიტომ ისევ ვუბრუნდებით მანდატურების იდეას, რომ სისხლი აღარ დაიღვაროს. მოტივი გასაგებია, მაგრამ სისხლისღვრისა და დანაშაულისგან საზოგადოების ყველაზე სანდო დაცვა ზნეობა და მორალია.
ზნეობრივი კრიზისის დროს მოსემ ღმერთისგან ათი მცნება მიიღო და არა - მითითება მანდატური დაიხმარეთო. მე მეჩვენება, რომ მანდატურზე გადაჭარბებული აქცენტი კეთდება და ზნეობის აღზრდის თემა ჩრდილში გადადის.
გვავიწყდება ხოლმე, რომ თუ მეტი ყურადღება დაეთმობა მშობლის მშობლად და ბავშვის ბავშვად აღზრდას, საზოგადოებას ნაკლებად დასჭირდება პოლიცია და მანდატურები, მით უმეტეს - საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში. დანიის ციხეში ტუსაღები მომსახურე პერსონალზე უფრო ცოტაა. ალბათ, სჯობს ეს ავიღოთ მისაბაძ ეტალონად.
- საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით რამდენიმე დღე აშკარად უცნაურად ვითარდებოდა პროცესები უკრაინის დედაქალაქში. თავიდან რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ უკრაინის ხელისუფლება მას არ თუ ვერ აკავებდა, შემდეგ დააკავეს, ახლა იგი გათავისუფლებულია და მას საკმაოდ მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც სააკაშვილის მონაწილეობით კიევში ხდებოდა, და სავარაუდოდ, როგორ აისახება ეს პროცესები საქართველოზე?

- ამ სიშორიდან სწორი შეფასება ძნელია გაკეთდეს. მეჩვენება, რომ უკრაინაში ხელისუფლების შეცვლას ცდილობს ბევრი ძალა, რომლებიც სააკაშვილს სიტუაციის მოსასინჯად და მოსარყევად იყენებს. ამას მაფიქრებინებს ის, რომ სააკაშვილს არც უფლება და არც მხარდამჭერები ეყოფა იმისთვის, რომ თავად მოვიდეს ხელისუფლებაში. ბი-ბი-სის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებში მის პარტიას ორი პროცენტი აქვს ლიდერის სახურავზე ასვლის შემდეგაც კი. შესაბამისად, სააკაშვილი სხვის ომში იბრძვის.
უკრაინის ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, იცის ამ ძალების არსებობა და მათ უფრო უწევს ანგარიშს, ვიდრე სააკაშვილს. აგერ, მთავარ სასამართლო პროცესამდე გაანთავისუფლეს სააკაშვილი, არ ეშინიათ მისი თავისუფლების. სააკაშვილით მომქმედ ძალებზე უკრაინაში არც ისე ბევრი ვერსია არსებობს, ძირითადად, რუსეთი იგულისხმება. თავად რუსეთში სააკაშვილის უკან ამერიკას გულისხმობენ.
ვერსიების მიუხედავად მაინც ყველაზე უფრო რუსეთია დაინტერესებული სანქციების შერბილებაში და იმ ხელისუფლების შეცვლაში, ვინც უკრაინის მხრიდან სანქციებს ჯიუტად ითხოვს. ბუნებრივია, შიდა ძალების ჭიდილიც არის. ამ პროცესების მომავალი განვითარება გარე და შიდა ძალთა მიმართებაზეა დამოკიდებული, რაშიც სააკაშვილი გადამწყვეტ როლს, ალბათ, არ თამაშობს. გადამწყვეტი ხმის პატრონები უფრო მშვიდები არიან.
უკრაინაში პროცესების მომავალი განვითარება გარე და შიდა ძალთა მიმართებაზეა დამოკიდებული, რაშიც სააკაშვილი გადამწყვეტ როლს, ალბათ, არ თამაშობს. გადამწყვეტი ხმის პატრონები უფრო მშვიდები არიან

მე ახლა შეთქმულების თეორიის ვერსია გადმოვეცი, რადგან მიყვარს მოვლენებში ლოგიკის ძებნა. ამ დროს, გამორიცხული არაა, რომ ყველაფერი ულოგიკო სტიქიური პროცესების შედეგი იყოს. არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში ამ პროცესების ტალღები საქართველომდე არ მოაღწევს. უკრაინის მდგომარეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოს საკუთარი ადგილი აქვს, განსაკუთრებით, აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტში, რაც ახალი საერთაშორისო პარადიგმაა, რომელიც კავშირში არაა უკრაინასთან.
- 2017 წელი მალე დასრულდება. მიმდინარე წელს ქვეყანა რამდენჯერმე გადაურჩა ქვეყნისათვის საფრთხის შემცველი პროცესების ”გადახურებას”. მართალია, წლის დასრულებამდე ჯერ საკმაო დროა, მაგრამ ალბათ უკვე შესაძლებელია იმაზეც ვიმსჯელოთ, თუ როგორი იყო ქვეყნისთვის 2017 წელი.
თქვენ როგორ შეაფასებდით 2017 წელს, როგორი იყო იგი ქვეყნისთვის პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით?

- ზომიერი - ზომიერი მიღწევებით, ზომიერი შეცდომებით, ზომიერი სიმხურვალით და სიგრილით. ალბათ, ყველაზე მხურვალე კომპონენტი ლარი იყო, მაგრამ მის ცვლილებებსაც კალაპოტიდან გადმოსვლად არ მიიჩნევენ სპეციალისტები.
- თქვენი დაკვირვებით, 2017 წელს ხელისუფლება ქვეყნისათვის და მისთვის რომელ გამოწვევას გაუმკლავდა მეტ-ნაკლები წარმატებით, რომელს ვერა და შესაბამისად, რა შეიძლება ჩაითვალოს მისთვის საშინაო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევებად?
- ხელისუფლება წარმატებით გაუმკლავდა პოლიტიკურ პროცესებს - კონსტიტუციას და არჩევნებს. საკამათო ბევრია, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ დასახულ მიზნებს მიაღწია.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებად მიმაჩნია სახელისუფლო გუნდის განახლება, ოდიოზური ფიგურების წასვლა და კახი კალაძისა და გიორგი გახარიას გამოსვლა ახალ პოლიტიკურ ასპარეზზე

ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებად მიმაჩნია სახელისუფლო გუნდის განახლება, ოდიოზური ფიგურების წასვლა და კახი კალაძისა და გიორგი გახარიას გამოსვლა ახალ პოლიტიკურ ასპარეზზე. საშინაო პოლიტიკის მთავარი გამოწვევა კი ისევ არის ეკონომიკა.
- თქვენი აზრით, რა შეიძლება ჩაითვალოს მიმდინარე წლის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიღწევად ან მიღწევებად?
- ბევრი მნიშვნელოვანი ფორუმი მოეწყო საქართველოში და უცხოეთში ჩატარებულ ბევრ ფორუმზე წარდგა საქართველო. მე ისევ ყურადღებას გავამახვილებდი იმ მოვლენებზე, რომლებიც უკავშირდება აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტს.
- პრემიერმა გ. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრებთან ერთად, 2020 წლისათვის ევროკავშირთან დაახლოების 20 ახალი მიზანი დაისახეს. მეტიც, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკას შეიმუშავებს. გასაგებია, რომ საქართველოს ამბიციები ცდება ევროკავშირთან ასოცირების პროცესს, ჩვენ მზად ვართ ცალმხრივად უფრო მეტი გავაკეთოთ ევროპასთან ინტეგრაციის მაქსიმალური დონის მისაღწევად, მაგრამ თქვენი აზრით, რამდენად ოპტიმისტურად გამოიყურება ჩვენი საგარეო ევროპული პერსპექტივები?
- საქართველოსთვის რომ მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა, ეს აღარაა სალაპარაკო. სიახლეა ის, რომ ევროპისთვის ხდება მნიშვნელოვანი „ქართული პერსპექტივა“ - მნიშვნელოვანი ხდება დასავლეთზე ჩვენი მყარი ორიენტაციით, აღმოსავლეთთან საკომუნიკაციო დერეფნით, დემოკრატიისკენ სწრაფვით, რუსეთის გავლენების ბლოკირებით, აქამდე უცნობი კულტურის აღმოჩენით.
ჩვენი ევროპული პერსპექტივები ოპტიმისტურად გამოიყურება
ცოტაა, თუ? ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივები ოპტიმისტურად გამოიყურება.
- საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ გამოწვევად რუსეთი რჩება. ცხადია, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა ურთიერთობა იქნება აშშ-სა და რუსეთს, ევროპასა და რუსეთს შორის. ასევე, როგორ განვითარდება პროცესები რუსეთსა და უკრაინას შორის.
მიუხედავად ამისა, კითხვას მაინც ასე დავსვამდი - თქვენი დაკვირვებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ როგორი და რა ტიპის რუსული საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩდეს საქართველო?

- რუსეთი მრავალფრონტიანი ქვეყანაა და ასეთად დარჩება იგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც. დღევანდელი ეკონომიკით რუსეთს სირიის, უკრაინის და სხვა ფრონტების შენარჩუნება უჭირს, არათუ ახალი ფრონტის გახსნა.
რუსეთიდან გამორიცხული არაფერია, თუმცა კონკრეტული საფრთხეების კონტურები ახლა არ ჩანს

საქართველოს წილი რუსეთის ამჟამინდელ ინტერესებში ძალზე მცირეა. ამიტომ, ნაკლებად მოსალოდნელია ახალი საფრთხეები ჩვენი მიმართულებით, ნაკლებად... მაგრამ რუსეთიდან გამორიცხული არაფერია, თუმცა კონკრეტული საფრთხეების კონტურები ახლა არ ჩანს.
- აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა. ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებას არა მარტო ახლო აღმოსავლეთში დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვა მოჰყვა.
თქვენი დაკვირვებით, რა გავლენას იქონიებს აშშ-ს ეს გადაწყვეტილება ერთი მხრივ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, ხოლო მეორე მხრივ მსოფლიოში ისედაც გართულებულ საერთაშორისო ურთიერთობებზე?

- ამ კითხვაზე პასუხი ყველას ერთი აქვს - ტრამპის ამ ნაბიჯით მსოფლიო დაკარგავს სიმშვიდეს და გაუგებარია თუ რას მოიპოვებს ამის ფასად.
ტრამპის ამ ნაბიჯით მსოფლიო დაკარგავს სიმშვიდეს და გაუგებარია თუ რას მოიპოვებს ამის ფასად
შეიძლება ტრამპს სურს კონფრონტაციის გამწვავება და მკვეთრი დაპირისპირება ისლამურ სამყაროსთან. გაუგებარია, შეძლებს თუ არა იგი გამარჯვებას ამ დაპირისპირებაში. ვნახოთ, მომავალი წელი გვიჩვენებს.
რადგან მომავალი წელი ვახსენე, დამდეგ ახალ წელს ყველას ვუსურვებ ბედნიერებას და სიმშვიდეს, ისეთ ცხოვრებას, სადაც პოლიტიკა არც ახსენდებათ.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები