არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
სოსო ცისკარიშვილი - გია გაჩეჩილაძეს არასდროს სჩვევია სხვისი აზრის საკუთრად გასაღება, წარმატებულ შემომქმედებს კი ზოგჯერ ემოციები სძლევენ
12:01 16-12-2017
სოსო ცისკარიშვილი - გია გაჩეჩილაძეს არასდროს სჩვევია სხვისი აზრის საკუთრად გასაღება, წარმატებულ შემომქმედებს კი ზოგჯერ ემოციები სძლევენ საშინაო და საგარეო პრობლემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, აქტიურად განიხილება პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და გია გაჩეჩილაძეს შორის ტენდერებთან დაკავშირებით საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებები. უკვე ცნობილია, რომ ”ქართულ ოცნების” დამფინანსებლებს შორის 30-მდე ბიზნესმენია, ვინც 2012 წლამდე ”ნაციონალებს” აფინანსებდნენ. იმ მოცემულობაში, რომელშიც ვართ, ფაქტია, რომ პარტიების დამფინანსებლებსა და შემდეგ ტენდერებში გამარჯვებულების ვინაობაში კარგა ხანია არაფერი შეიცვლება. მაგრამ, როგორც პრემიერ კვირიკაშვილის, ისე გია გაჩეჩილაძის განცხადებების ტონს თუ გავითვალისწინებთ, წესით, ამ ისტორიას კიდევ ექნება გაგრძელებები.
მოგეხსენებათ, პრემიერის გადადგომას გარკვეული ძალები კარგა ხანია ითხოვენ. ახლა აქტუალური თემაა გ.გაჩეჩილაძემ მხოლოდ მისი აზრი გაახმოვანა თუ სხვისიც. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ დასრულდება ეს ისტორია?

- აღარავის უკვირს, რომ ჩვენ ქვეყანას ყოველ დილას სხვადასხვა წარმოშობის შფოთი მოეფინება ხოლმე, მაგრამ თქვენ მიერ აქცენტირებულ შფოთს ნამდვილად არავინ ელოდა.
გამაოგნებელი მოულოდნელობა გამოიწვია არა აქტიური კორუფციის თემამ, რომელსაც შეგვაჩვია ყოფილმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ რომელიც მონათლულია ტერმინით - „ტენდერი“ და რომელსაც აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ყველა მშვიდად ვაყოლებთ თვალს 2005 წლიდან დღემდე, არამედ დაპირისპირებულ პირთა ვინაობამ.
გამაოგნებელი მოულოდნელობა გამოიწვია არა აქტიური კორუფციის თემამ, რომელიც მონათლულია ტერმინით - „ტენდერი“ და რომელსაც აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ყველა მშვიდად ვაყოლებთ თვალს 2005 წლიდან დღემდე, არამედ დაპირისპირებულ პირთა ვინაობამ

როგორც ჩანს ამ თემას ისე ღრმად აქვს გადგმული ფესვები, და არც თუ ცოტა პირი აღმოჩნდება ჩართული საკუთარი უმწიკვლობის დამტკიცების სურვილით, რომ დაე იმ შესაბამისმა სტრუქტურამ თქვას სათქმელი, რომელსაც სრულიად სანდო და გამოცდილი ფინანსისტი ბატონი ნოდარ ხადური ხელმძღვანელობს და რომელიც უკვე ჩაერთო ამ ჩახლართული საკითხის შესწავლაში.
რაც შეეხება გია გაჩეჩილაძეს, მას არასდროს სჩვევია სხვისი აზრის საკუთრად გასაღება. წარმატებულ შემომქმედებს კი ზოგჯერ ემოციები სძლევენ.
- 2017 წელი მალე დასრულდება. მიმდინარე წელს ქვეყანა რამდენჯერმე გადაურჩა ქვეყნისათვის საფრთხის შემცველი პროცესების ”გადახურებას”. მართალია, წლის დასრულებამდე ჯერ საკმაო დროა, მაგრამ ალბათ უკვე შესაძლებელია იმაზეც ვიმსჯელოთ, თუ როგორი იყო ქვეყნისთვის 2017 წელი.თქვენ როგორ შეაფასებდით 2017 წელს, როგორი იყო იგი ქვეყნისთვის პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით?
- უტყუარი ფაქტია, რომ 2017 წელი 2016 წლის პირმშოა და მისი შესაბამისი გენეტიკური დაავადებებიც ამას გვიდასტურებს. გენეტიკურ ფენომენად აღიქმება აგრეთვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების და 2017 წლის ადგილობრივი მმართველობის არჩევნების დასრულების ზუსტად ორი დღის შემდეგ უპატრონო ლარის ორივეჯერ მართული სწრაფი ვარდნა.
2017 წლისთვის ყველაზე მძიმე განსაცდელი კი შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობის და შედეგების გააზრების სიმძიმის გამო იყო. 2016 წელმა თავის პირმშოსაც კი არ გაანდო ვინ, სად, როდის, რატომ მიჭირხნა არჩევნების დროს მოქმედი ქვეყნის კონსტიტუცია და არჩევნების შედეგის გამოცხადებისთანავე, ვინ, სად, რატომ, ვის იატაკქვეშ მალულ ფორმატში გადაწყვიტა, რომ ნაწილობრივ საპარლამენტო მართველობის სისტემით მართული საქართველო, რატომღაც, უეცრად მონათლულიყო სრული საპარლამენტო მმართველობის სისტემით მართულ სახელმწიფოდ. ამ კითხვაზე პასუხი კი დღესაც უკიდურესი საიდუმლოს გრიფით ინახება ქვეყნის ყველაზე ღრმა ჯიბეში.
ვინ, სად, რატომ, ვის იატაკქვეშ მალულ ფორმატში გადაწყვიტა, რომ ნაწილობრივ საპარლამენტო მართველობის სისტემით მართული საქართველო რატომღაც, უეცრად მონათლულიყო სრული საპარლამენტო მართველობის სისტემით მართულ სახელმწიფოდ?

ამასთანავე, მყისიერად გაცოცხლდა 2013 წლის ნოემბერში უცნობი ქველმოქმედის მიერ ინიცირებული მრავალკომპონენტიანი უნიკალური პროექტი - „VIVA პრემიერო, VAVA პრეზიდენტო !!!“
ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში პოლიტიკოსებისთვის ეკონომიკა მეორე ხარისხოვან თემად აღიქმება, თუმცა კერძო სექტორის და ნაწილობრივ მთავრობის აქტივობამ, აგრეთვე საერთაშორისო დახმარებამ ქვეყანა გადაარჩინა ტოტალური შიმშილისგან.
- თქვენი დაკვირვებით, 2017 წელს ხელისუფლება ქვეყნისათვის და მისთვის რომელ გამოწვევას გაუმკლავდა მეტ-ნაკლები წარმატებით, რომელს ვერა და შესაბამისად, რა შეიძლება ჩაითვალოს მისთვის საშინაო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევებად?
- ჩვენ მეხსიერებაში დიდხანს დარჩება ტერორისტული თავდასხმის რეალური საფრთხის წარმატებული განეიტრალება თბილისში. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის ყოველდღიურ დარდის თემად კი ყურებჩამოყრილი ლარი აღიქმება.
2017 წლის საშინაო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევად რჩება საჯაროდ კასტრირებული ახალი კონსტიტუცია. მიუხედავად რამდენიმე „ულტრახმოსანი“ პარლამენტარის მუდმივი მცდელობისა, რომ თურმე მათი პირმშო კონსტიტუცია „ეროვნულ ღირებებულებზე არის ორიენტირებული“, მათ არ მიაჩნიათ, რომ ჩვენ ქვეყანაში მთავარი ეროვნული ღირებულებაა ქართველი ხალხი.
2017 წლის საშინაო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევად რჩება საჯაროდ კასტრირებული ახალი კონსტიტუცია

ის ხალხი, რომელთაც კვლავ არ მისცეს კონსტიტუციური უფლება საყოველთაო რეფერენდუმის საშუალებით მიაწვდინოს ხელისუფლებას საკუთარი წარმოდგენები აქტუალურ საკითხებზე. ეს ის ხალხია, რომელთვისაც არავის უკითხავს, სურს თუ არა მას მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტის არჩევნებში.
- თქვენი აზრით, რა შეიძლება ჩაითვალოს მიმდინარე წლის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიღწევად ან მიღწევებად?
- საქართველოს საგარეო პოლიტიკა ბევრად უფრო საღი და შედეგიანია, ვიდრე საშინაო პოლიტიკა. ცხადია, რომ ობიექტური სირთულეები საგარეო პოლიტიკასაც ახლავს, მაგრამ მისი წარმატებულობა თვალსაჩინოა. მრავალწლიანი ოცნება ევროპის შენგენის სივრცეში უვიზო მოგზაურობის უფლების მოსაპოვებლად აღსრულდა.
საქართველოს საგარეო პოლიტიკა ბევრად უფრო საღი და შედეგიანია, ვიდრე საშინაო პოლიტიკა. ცხადია, რომ ობიექტური სირთულეები საგარეო პოლიტიკასაც ახლავს, მაგრამ მისი წარმატებულობა თვალსაჩინოა

სხვა სახის საერთაშორისო წარმატებების წინაპირობად კი აღიქმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, რამდენიმე მინისტრის საქმიანი და შედეგიანი ვიზიტები.
- პრემიერმა გ. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრებთან ერთად, 2020 წლისათვის ევროკავშირთან დაახლოების 20 ახალი მიზანი დაისახეს. მეტიც, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკას შეიმუშავებს. გასაგებია, რომ საქართველოს ამბიციები ცდება ევროკავშირთან ასოცირების პროცესს, ჩვენ მზად ვართ ცალმხრივად უფრო მეტი გავაკეთოთ ევროპასთან ინტეგრაციის მაქსიმალური დონის მისაღწევად, მაგრამ თქვენი აზრით, რამდენად ოპტიმისტურად გამოიყურება ჩვენი საგარეო ევროპული პერსპექტივები?
- ჩვენ ევროპულ პერსპექტივას საფუძველი ნამდვილად გააჩნია, საფრთხის შემცველი კი შეიძლება გახდეს ზოგიერთი პოლიტიკოსის და მოხელის უდიერი განწყობები ევროპული დემოკრატიის სტანდარტებზე. არავის უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენი პარლამენტის უმრავლესობა ეყრდნობა დემოკრატიის ვლადიმერ ლენინის ფორმულას - „დემოკრატია არის უმრავლესობის ბატონობა“, მაშინ როდესაც ჩვენი პრეზიდენტი ერთგულია ფრანგი ფილოსოფოსის ალბერ კამიუს ფორმულის - „დემოკრატია არის არა უმრავლესობის ძალაუფლება, არამედ უმცირესობის დაცვა“ და აშშ-ს მეორმოცე პრეზიდენტის, როლანდ რეიგანის ფორმულის - „ღმერთის გარეშე დემოკრატია დიდხანს ვერ გაძლებს“.
ჩვენ ევროპულ პერსპექტივას საფუძველი ნამდვილად გააჩნია, საფრთხის შემცველი კი შეიძლება გახდეს ზოგიერთი პოლიტიკოსის და მოხელის უდიერი განწყობები ევროპული დემოკრატიის სტანდარტებზე

ჩვენ ნორჩ ლენინელებს ვურჩევდი გადახედონ სხვა ფორმულებსაც, თუ მართლა სურთ ევროპელობა.
- საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ გამოწვევად რუსეთი რჩება. ცხადია, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა ურთიერთობა იქნება აშშ-სა და რუსეთს, ევროპასა და რუსეთს შორის. ასევე, როგორ განვითარდება პროცესები რუსეთსა და უკრაინას შორის.
თქვენი დაკვირვებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ როგორი და რა ტიპის რუსული საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩდეს საქართველო?

- რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების სიახლე მხოლოდ ის იქნება, რომ ვლადიმერ პუტინი გაემიჯნება საკუთარ პარტიას და დამოუკიდებელი კანდიტატის სტატუსით გამარჯვებული გააგრძელებს ექვსწლიან პრეზიდენტობას მეოთხე ვადით.
რუსული საფრთხეების წინაშე საქართველო იყო, არის და იქნება, მაგრამ რუსეთს საკმარისზე მეტი თავისტკივილი ელოდება ხანგრძლივი ამერიკული და ევროპული სანქციების გამო

რუსული საფრთხეების წინაშე საქართველო იყო, არის და იქნება, მაგრამ დიდი ალბათობით ამჟამად რუსეთისთვის აგრესიული ქმედების სამიზნე ქვეყნების ოცეულში საქართველოს ადგილი ნატოში გაწევრიანებამდე არ იქნება. რუსეთს კი საკმარისზე მეტი თავისტკივილი ელის ხანგრძლივი ამერიკული და ევროპული სანქციების გამო.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები