არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
ხათუნა ლაგაზიძე - კვირიკაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესები მის ფლანგს როგორც ხელისუფლებაში, ასევე ხელისუფლების გარეთ, მორღვევით ემუქრება
13:16 19-12-2017
ხათუნა ლაგაზიძე - კვირიკაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესები მის ფლანგს როგორც ხელისუფლებაში, ასევე ხელისუფლების გარეთ, მორღვევით ემუქრება საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, აქტიურად განიხილება პრემიერ გ.კვირიკაშვილსა და გია გაჩეჩილაძეს შორის ტენდერებთან დაკავშირებით საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებები.
უკვე ცნობილია, რომ ”ქართულ ოცნების” დამფინანსებლებს შორის 30-მდე ბიზნესმენია, ვინც 2012 წლამდე ”ნაციონალებს” აფინანსებდნენ. იმ მოცემულობაში, რომელშიც ვართ ფაქტია, რომ პარტიების დამფინანსებლებსა და შემდეგ ტენდერებში გამარჯვებულების ვინაობა კარგა ხანია არაფერი შეიცვლება. მაგრამ, როგორც პრემიერ კვირიკაშვილის, ისე გია გაჩეჩილაძის განცხადებების ტონს თუ გავითვალისწინებთ, წესით ამ ისტორიას კიდევ ექნება გაგრძელებები.
მოგეხსენებათ, პრემიერის გადადგომას გარკვეული ძალები კარგა ხანია ითხოვენ. ახლა აქტუალური თემაა - გ.გაჩეჩილაძემ მხოლოდ მისი აზრი გაახმოვანა თუ სხვისიც. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ დასრულდება ეს ისტორია?

- დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო მოვლენას: ქვეყანაში არსებული მსხვილი ბიზნეს-ჯგუფების შერკინებას გავლენების გაზრდის ან შენარჩუნებისთვის, მათ შორის, ბრძოლას პრეზიდენტის პოსტისთვის.
დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო მოვლენას: ქვეყანაში არსებული მსხვილი ბიზნეს-ჯგუფების შერკინებას გავლენების გაზრდის ან შენარჩუნებისთვის, მათ შორის, ბრძოლას პრეზიდენტის პოსტისთვის

ვერც შევარდნაძის და ვერც სააკაშვილის ეპოქებში ჩვენ ამას ვერ ვიხილავდით, რადგან ასეთი მსხვილი კაპიტალის მფლობელი ინტერესთა ბიზნეს-ჯგუფები ჯერ ჩამოყალიბებული არ იყო. დღეს კი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ამ ჯგუფებს შორის ბალანსის დადგენაა, რათა ვინმეს ამბიციებმა ზედმეტად არ იძალოს, რასაც ემსახურებოდა კიდეც ახლახანს განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები.
ანუ, დღეს ჩვენ ვხედავთ არა პოლიტიკური პარტიების სამზადისს პრეზიდენტობისთვის, არამედ უპირატესად ბიზნეს-ჯგუფების დაინტერესებას მათთვის სასურველი ფიგურა იხილონ პრეზიდენტის პოსტზე.
და თუ პრეზიდენტად ხელისუფლების შიგნით არსებული რომელიმე მსხვილი ბიზნეს-ჯგუფის წარმომადგენელი ვიხილეთ, არ არის გამორიცხული, რომ ამ ბიზნეს-ჯგუფს პირდაპირი წესით არჩეული, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტის საფარქვეშ, კიდევ უფრო დიდი პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდეს.
დღეს კვირიკაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესები, რა თქმა უნდა, მის ფლანგს როგორც ხელისუფლებაში, ასევე ხელისუფლების გარეთ, მორღვევით ემუქრება, ისევე როგორც ძალზედ ამცირებს მის შანსებს, თავად ის ან მისი გუნდის წევრი გახდეს „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი.
უფრო მეტიც, თუ კვირიკაშვილის გარშემო კორუფციულ-ტენდერული სკანდალები კიდევ გაგრძელდა, ამან შეიძლება ორ-სამ თვეში არა, მაგრამ არცთუ შორეულ მომავალში, ლოგიკური დასასრული ჰპოვოს: „წვეთმა ქვა გახვრიტას“ პრინციპით - ანუ ნაბიჯ-ნაბიჯ მომწიფდეს მისი გადადგომის საკითხი.
- პარლამენტში ”ქართული ოცნება” ფუნქციონირებას წყვეტს, უმრავლესობა სამ ფრაქციას ქმნის. რა ხდება სახელისუფლებო გუნდში?
- არ გამოვრიცხოთ, რომ ტრადიციულ წრეზე წავედით, როცა ახალი პოლიტიკური პარტიები ხელისუფლების წიაღში ისახება, შემდეგ ოპოზიციურ ფლანგზე გადადის და მოგვიანებით თავის მშობელ პარტიას ანაცვლებს ხელისუფლებაში.
ერთადერთი, რის საშუალებასაც ახალი კონსტიტუცია იძლევა ისაა, რომ 2020 წელს, რაც შეიძლება ბევრმა პარტიამ გადალახოს 3%-იანი ბარიერი და ამით „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობით კვლავ მოსვლის საშუალება შეუზღუდოს.
თუმცა, მოდით სხვა კუთხით შევხედოთ: 3%-იანი ბარიერი თავად „ოცნებისთვისაც“ სამარქაფო ვარიანტია, იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი და მეტადრე, აშშ, არ ისურვებს, რომ საქართველოში დაირღვეს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნის 2 ციკლიანი ტრადიცია.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ამერიკისთვის საამოდ სახილავი არ იქნება „მეოცნებეთა“ მესამე ვადით დარჩენა საქართველოს ხელისუფლებაში, სწორედ 3%-იანი ბარიერი „ოცნებას“ საკმაოდ მრავალფეროვანი კომბინაციის საშუალებას აძლევს: დაშალოს დღევანდელი „ოცნება“ მარტივ მამრავლებად ანუ პარტიებად, შეიამხანაგოს იმ დროისთვის პოლიტიკურ სივრცეში ოპოზიციას შემორჩენილი, მისთვის კომფორტული, ერთი-ორი პარტია და უკვე პარლამენტში შექმნას კოალიცია მთავრობის ფორმირებისთვის, ისე, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვალოს ანუ ფორმით იყოს კოალიციური, ხოლო შინაარსით კვლავ - „საოცნებო“ პარლამენტი და მთავრობა.
ასე რომ, 3%-იანი ბარიერის სათავისოდ გამოყენების შანსი, ამ გადასახედიდან, ხელისუფლებას უფრო აქვს, ვიდრე უკიდურესად სუსტ ოპოზიციას. ოღონდ, ეს დაშვებაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი კატეგორიულად მოითხოვს საქართველოში დამკვიდრებულ ხელისუფლებათა ცვლის ტრადიციის დაცვას.
„ოცნების“ შიგნით მყოფი ფიგურებიდან ნაკლებად მგონია რომელიმეს რესურსი ჰქონდეს ისეთივე მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშოს, როგორითაც წლების წინ „მოქკავშირიდან“ „ნაცმოძრაობა“ მივიღეთ. თუმცა, არასოდეს თქვა - არასოდეს

შეიძლება დღეს თავადაც არ გეგმავდნენ, მაგრამ პერსპექტივაში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ დაანონსებული დაშლა, სწორედ ამ პროცესის დასაწყისად იქცეს. მით უფრო, რომ დღეს პარლამენტში რამდენიმე მსხვილი ფინანსური ჯგუფია წარმოდგენილი და მათ შორის კონკურირების პროცესები, ჯერჯერობით ბიზნესის ფლანგზე, უკვე აშკარაა.
უფრო მცირე ალბათობით, მაგრამ პროცესების განვითარების მეორე ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება, რომ „ოცნების“ შიგნით წარმოქმნილ პოლიტიკურ გუნდებს რეალური დამოუკიდებლობის ამბიცია გაუჩნდეთ.
თუმცა, „ოცნების“ შიგნით მყოფი ფიგურებიდან ნაკლებად მგონია, რომ რომელიმეს რესურსი ჰქონდეს ისეთივე მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშოს, როგორითაც წლების წინ „მოქალაქეთა კავშირიდან“ „ნაცმოძრაობა“ მივიღეთ. თუმცა, არასოდეს თქვა - არასოდეს.
- ოპოზიციისთვის ადგილობრივი არჩევნები სავალალო შედეგებით დასრულდა.
თქვენი აზრით, რა ხდება ოპოზიციაში არჩევნების შემდეგ?

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ უფრო გაამყარა ქართული პოლიტიკური სპექტრის სავალალო დიაგნოზი - დევალვირებული და ხერხემალში გადატეხილი პოლიტიკური სპექტრის უდიდეს ნაწილს ქვეყანაში რეალური ცვლილებების არანაირი რესურსი არ აქვს. თავის მართლების საშუალებად არ გამოდგება ის, რომ ხელისუფლება აქტიურად ახერხებს ოპოზიციის მოსყიდვასაც, დაშლასაც და განეიტრალებასაც - ყველაფერი ეს მხოლოდ თანმდევი შედეგებია ოპოზიციის უსუსურობის.
თუმცა, ამ არჩევნებმა ორი ძალზე საინტერესო შედეგი დასვა, რომლებიც შორსმიმავალი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა: პირველი ეს გახლავთ ალეკო ელისაშვილის მეორე ადგილი თბილისში, რაც პირდაპირ მიანიშნებს თუ რამდენად დიდია მოთხოვნა ახალ ლიდერებზე საზოგადოებაში და მეორე - ოზურგეთის მაგალითი, სადაც იმუშავა ტრადიციულმა ქართულმა პრინციპმა: ყველა ერთის წინააღმდეგ. ეს შეიძლება საინტერესო უვერტიურა გამოდგეს 2020 წლის არჩევნებისთვის, როცა „ოცნების“ კანდიდატის წინააღმდეგ გაერთიანდა თავად „ოცნების“ ნაწილი და ლამის მთელი ოპოზიციური სპექტრი.
ადგილობრივმა არჩევნებმა კიდევ უფრო გაამყარა ქართული პოლიტიკური სპექტრის სავალალო დიაგნოზი - დევალვირებული და ხერხემალში გადატეხილი პოლიტიკური სპექტრის უდიდეს ნაწილს ქვეყანაში რეალური ცვლილებების არანაირი რესურსი არ აქვს

„ოცნებაში“ დღეს მიმდინარე ძვრების ფონზე, ანალოგიური სცენარები 2020 წელს შეიძლება ბევრ მაჟორიტარულ ოლქში გამოდგეს შედეგის მომტანი, თუ რა თქმა უნდა, იმ დროისთვის, ოპოზიცია ოდნავ მაინც რესურსული იქნება და ქვეყანაში არსებულ ფინანსურ ჯგუფებს მათი დაფინანსების სურვილი „მოეძალება“.
დღეს სცენას შემორჩენილი პოლიტიკური ლიდერების უმეტესობა პოლიტიკას ხალხის ხარჯზე ფულის კეთების საუკეთესო საშუალებად აღიქვამს, ამიტომაც, ცოცხალი თავით არ უთმობს პოზიციებს სხვებს. სწორედ იმიტომ, რომ მათ არ და ვერ ისურვეს განახლება - დღეს არსებული პოლიტიკური სუბიექტების დიდი ნაწილი პოლიტიკური სივრციდან უკანმოუხედავად უნდა გავიდნენ.
- 2017 წელი მალე დასრულდება. მიმდინარე წელს ქვეყანა რამდენჯერმე გადაურჩა ქვეყნისათვის საფრთხის შემცველი პროცესების ”გადახურებას”. მართალია, წლის დასრულებამდე ჯერ საკმაო დროა, მაგრამ ალბათ უკვე შესაძლებელია იმაზეც ვიმსჯელოთ, თუ როგორი იყო ქვეყნისთვის 2017 წელი.
თქვენ როგორ შეაფასებდით 2017 წელს, როგორი იყო იგი ქვეყნისთვის პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით?

- იმდენი რამ მოხდა ამ ერთი წლის მანძილზე, რომ მე მხოლოდ ჩამონათვალით შემოვიფარგლები - ანტიტერორისტული ოპერაცია დასრულებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის - აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციით, ადგილობრივი არჩევნები, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა არსებული ხელისუფლების უალტერნატივობა, რატომღაც დაკარგული ელისაშვილი და დრაივის მოყვარული თბილისის ახალი მერი კახი კალაძე, კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ამ ხელისუფლებამაც ისევე მოირგო საკუთარ ტყავზე, როგორც ყველა წინამორბედმა, წლის ბოლოს განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები, რომელმაც ძალთა ახალი ბალანსი დაადგინა ხელისუფლების შიგნით, დეპრესიული საზოგადოება და ამომრჩეველი, რომელსაც დეპრესიის კლასიკური დაღი ადევს: აღარაფრის შეცვლის სურვილი აღარ აქვს და ამიტომაც, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის საჩუქარია, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გახსნა და ანაკლიის პორტის გარშემო დატრიალებული ვნებები, „აბრეშუმის გზის“ ფორუმი, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჩინეთთან, უშიშროების საბჭოსა და კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმება და ქვეყნის დატოვება უსაფრთხოებისა და თავდაცვის მაკოორდინირებელი რგოლის გარეშე.
მომავალი წელი უფრო დატვირთული იქნება მოვლენებითაც, კატაკლიზმებითაც და შიდასახელისუფლო შერკინებითაც

ლარით მანიპულაციები და შესაბამისად, გაქცეული ლარი, უსაშველოდ გაძვირებული საბანკო კრედიტებით, „ციანიდის საქმით“ დაწყებული ლუსტრაციის პროცესები საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში და ავტორიტეტის რყევა, შრომის, სახანძრო და უსაფრთხოების სხვა ნორმების ტოტალური დაუცველობით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები.
წლის ბოლოს გამანადგურებელი ტრაგედია ვერაზე დაღუპული ბავშვებით და შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი, რომელიც ამ ტრაგედიაზე ადექვატური რეაგირებით გამოირჩა და რომელსაც, დიდი ალბათობით, საკუთარი წონა და ხელწერა ექნება სახელისუფლო სივრცეში.
ერთი რამ ცხადად შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი წელი უფრო დატვირთული იქნება მოვლენებითაც, კატაკლიზმებითაც და შიდასახელისუფლო შერკინებითაც.
- თქვენი დაკვირვებით, 2017 წელს ხელისუფლება ქვეყნისათვის და მისთვის რომელ გამოწვევას გაუმკლავდა მეტ-ნაკლები წარმატებით, რომელს ვერა და შესაბამისად, რა შეიძლება ჩაითვალოს მისთვის საშინაო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევებად?
- მომავალი წლის გამოწვევებად კვლავ დარჩება: ლარი და გაძვირებული კრედიტები, საშუალო ფენის ჩამოშლა, განათლების სისტემის განადგურება, პოლიტიკური სპექტრში ალტერნატივების არარსებობა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზეც დადასტურდება, ხიდჩატეხილობა საზოგადოებასთან.
ხელისუფლება ცდილობს მისი წევრების რიგები შეადუღაბოს და ისინი გამოკვებოს, რასაც ადასტურებს ახალი ინიციატივა საკრებულოებში ფრაქციების და შესაძლოა, კომისიის თავმჯდომარეებისთვის მოადგილეების დანიშვნის შესახებ. მოგეხსენებათ, საკრებულოს წევრებიდან ხელფასი მხოლოდ თანამდებობის პირებს აქვთ და „ქართულმა ოცნებამაც“ გამონახა მათი აქტივისტების ბიუჯეტის ხარჯზე გამოკვების საშუალება. ახლა ინფორმაციასაც დამალავს, რამდენს უხდის ბიუჯეტიდან საკუთარ მომხრეებსა და აქტივისტებს იმ მოტივით, რომ ეს ინფორმაცია „სახელმწიფო მნიშვნელობისაა“ და სოფელიც აშენდება.
მომავალი წლის გამოწვევებად კვლავ დარჩება: ლარი და გაძვირებული კრედიტები, საშუალო ფენის ჩამოშლა, განათლების სისტემის განადგურება, პოლიტიკურ სპექტრში ალტერნატივების არარსებობა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზეც დადასტურდება, ხიდჩატეხილობა საზოგადოებასთან

წლის ბოლოს ერთი, მე ვიტყოდი, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახდა მსჯელობის საგანი: საქართველო მესამე ადგილზე ყოფილა ყველაზე პოპულარული ვირტუალური ვალუტის - ბიტკოინის წარმოებაში. ეს ბევრ რამეს ნიშნავს. კერძოდ იმას, რომ: ტექნოლოგიურ ერაში პირობითი ხდება ქვეყნის სიდიდე, მოსახლეობის რიცხოვნობა, წიაღისეული სიმდიდრეები და ა.შ. სრულიად სხვა პარამეტრებით იზომება და გაიზომება ქვეყნის მნიშვნელობა და როლი და მათ შორის, ერთ-ერთი პარამეტრი - სტაბილურობაა. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მსოფლიოს ახალი ვალუტის გლობალური ქსელის მონაწილეების ინტერესებში შედის საქართველოს სტაბილურობა, რაც კარგია; მეორე - ნიშნავს იმას, რომ საქართველო თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების ბოლოში კი არ მიჩანჩალებს, არამედ თავში დგას, რაც მისასალმებელია.
ამავდროულად, ეს ნიშნავს იმასაც, რომ საქართველო ახალი მსოფლიო ვალუტის წარმოების გლობალური ქსელის ნაწილია და იმასაც, რომ ამ გლობალური ქსელის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, საქართველოში არსებული პოლიტიკური სტატუს-ქვო დიდხანს ვერ შეიცვლება.
ჩვენ ვერ გავცდეთ კლიშეებს: რუსეთი-ამერიკა, რუსეთი-ამერიკა. ტექნოლოგიურ რევოლუციასთან ერთად მსოფლიოში მულტინაციონალური გლობალური მოთამაშეების ხანა დგება, რომლებიც განსაზღვრავენ და წარმართავენ მსოფლიოში ძირითად პოლიტიკურ-ეკონომიკურ ტენდენციებს. ამ რეალობის გათვალისწინების გარეშე ყოველგვარი შიდა თუ საგარეო პოლიტიკის ანალიზი აზრს კარგავს, მათ შორის და მით უფრო საქართველოში.
- თქვენი აზრით, რა შეიძლება ჩაითვალოს მიმდინარე წლის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიღწევად ან მიღწევებად?
- მიღწევებზე საუბრით თუ დავიწყებთ, რა თქმა უნდა, გადაიდგა მომავალზე ორიენტირებული და გრძელვადიანი შედეგების მომტანი მნიშვნელოვანი ნაბიჯები: უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გახსნა და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჩინეთთან. თუმცა, საგარეო პოლიტიკაშიც, სამწუხაროდ, მხოლოდ წარმატებებით არ შემოვიფარგლეთ.
გადაიდგა მომავალზე ორიენტირებული და გრძელვადიანი შედეგების მომტანი მნიშვნელოვანი ნაბიჯები: უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გახსნა და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჩინეთთან

დავთმეთ პოზიციები ჩვენს უახლოეს მეზობლებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში და უმცროსი პარტნიორის როლს დავჯერდით, რაც კიდევ უფრო გააუარესებს საქართველოს პოზიციებს რეგიონში. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, საგარეო პოლიტიკური ფონი საგრძნობლად გაუარესდა საქართველოს გარშემო.
პოლიტიკურად სრულად კასტრირებული ევროპის ფონზე გაჩნდნენ ”მაჩო” ლიდერები ჩვენს უშუალო სამეზობლოში: ერდოღანი, მეოთხე ვადით კენჭნაყარი პუტინი და მათი მზარდი პარტნიორობა თურქეთ-რუსეთის პრეზიდენტების ლამის ყოველთვიური შეხვედრების ფონზე.
თურქეთ-რუსეთ-ირანის კაოლიცია სირიის საკითხში და არა მხოლოდ, ტრამპის ბოლო „მაჩოური“ ნაბიჯი - იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება და რაც ჩვენთვის უფრო საინტერესოა, ერდოღანის ინიციატივით, ტრამპის საპასუხოდ, თურქეთში სასწრაფო წესით შეკრებილი 57 ისლამური სახელმწიფო და მათ მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად ცნობა. ამ აქტით ერდოღანმა, ფაქტობრივად, აისრულა თავისი უდიდესი ოცნება - გახდეს ისლამური სამყაროს ლიდერი.
დავთმეთ პოზიციები ჩვენს უახლოეს მეზობლებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში და უმცროსი პარტნიორის როლს დავჯერდით, რაც კიდევ უფრო გააუარესებს საქართველოს პოზიციებს რეგიონში

გასაგებია, რომ ისლამური სამყარო არ არის ჰომოგენური და მასში არსებული წინააღმდეგობები ერდოღანის ამ ოცნებას ფრთებს მალე შეუკვეცს, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ეს ერდოღანის, მნიშვნელოვან გამარჯვებად უნდა ვაღიაროთ. და ამ ფონზე ჩვენ - მოკრძალებულად მიმჯდარი - გათბობის წყაროს - აზერბაიჯანის უკანა ეზოში.
- პრემიერმა გ. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრებთან ერთად, 2020 წლისათვის ევროკავშირთან დაახლოების 20 ახალი მიზანი დაისახეს. მეტიც, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკას შეიმუშავებს. გასაგებია, რომ საქართველოს ამბიციები ცდება ევროკავშირთან ასოცირების პროცესს, ჩვენ მზად ვართ ცალმხრივად უფრო მეტი გავაკეთოთ ევროპასთან ინტეგრაციის მაქსიმალური დონის მისაღწევად, მაგრამ თქვენი აზრით, რამდენად ოპტიმისტურად გამოიყურება ჩვენი საგარეო ევროპული პერსპექტივები?
- ყველაზე ცუდი რაც ჩვენ დაგვემართა, არის ის, რომ ჩვენ დავკარგეთ ამბიცია და საერთაშორისო და რეგიონალურ პოლიტიკაში „ვალოდია ჯინჭარაძეებად“ ვიქეცით. ამბიციის გარეშე კი ვერც ადამიანი და ვერც ერი თუ სახელმწიფო ვერ ვითარდება.
2012 წლის შემდეგ ჩვენ ავირჩიეთ პოლიტიკა, რომ ნაკლებად მოვხვდეთ თვალში მტერს, რათა ნაკლები პრობლემა შევიქმნათ, რასაც მე ვეთანხმები, მაგრამ ამ პოლიტიკის შედეგად, მოყვარესაც ნაკლებად მოვხვდით თვალში და დღეს ჩვენი დასავლეთთან ურთიერთობა, ძირითადად, მათ მიერ გამოვლენილ იმპულსებზე გამოძახილია.
ჩვენი ხელისუფლების აქტიურობა დასავლურ ფლანგზე, რეალურად, განპირობებულია იმით, რომ გვეშინია არ დავისაჯოთ ზედმეტი პასიურობისთვის როგორც დასავლელი პარტნიორების, ასევე - ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ასე რომ, ჩვენ უარი ვთქვით პროაქტიულ საგარეო პოლიტიკაზე და რეალურად, დინებას მივყვებოდით ყველა ჩვენს დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობაში. მიმართულება, სადაც ამ ხელისუფლების წარმატებები ნამდვილად მისასალმებელი და თვალსაჩინოა - ეს არის, ძირითადად, ჩინეთთან ინტენსიური ურთიერთობები ეკონომიკური კავშირების მაქსიმალური გაღრმავების კუთხით.
ყველაზე ცუდი, რაც ჩვენ დაგვემართა არის ის, რომ ჩვენ დავკარგეთ ამბიცია და საერთაშორისო და რეგიონალურ პოლიტიკაში „ვალოდია ჯინჭარაძეებად“ ვიქეცით. ამბიციის გარეშე კი ვერც ადამიანი, ვერც ერი და სახელმწიფო ვერ ვითარდება

თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს ვაღიაროთ, - დიდად არც ახლომხედველი და მასშტაბურ ხედვებთან მწყრალად მყოფი ტაქტიკოსი ლიდერების ამარა დარჩენილ ევროკავშირს სცალია ჩვენთვის, თავისი უამრავი პრობლემით.
მაგრამ ამისდა მიუხედავად, ევროკავშირისკენ სვლა არის მიზანი, რომლისკენაც უნდა მივდიოდეთ მუდამ. მიზანს კი მხოლოდ თავდადებულები აღწევენ და თუ საქართველო მართლაც შეიმუშავებს გაწევრიანების საგზაო რუკას და ჯიუტად მიჰყვება მას, ერთ დღესაც შეიძლება, ჩვენთვის ჯერ ”კვერცხივით მრგვალი” ევროკავშირის კარებიც შევაღოთ.
- საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ გამოწვევად რუსეთი რჩება. ცხადია, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა ურთიერთობა იქნება აშშ-სა და რუსეთს, ევროპასა და რუსეთს შორის. ასევე, როგორ განვითარდება პროცესები რუსეთსა და უკრაინას შორის. თქვენი დაკვირვებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ანუ იმის შემდეგ, რაც 2018 წლის გაზაფხულზე პუტინი რუსეთის პრეზიდენტი 2024 წლამდე გახდება, როგორი და რა ტიპის რუსული საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩდეს საქართველო?
- რუსეთისგან მომავალი საფრთხეების ინტენსივობას, თქვენ სწორად ბრძანეთ, ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. მათ შორის, ამერიკის სანქციების მორიგი ფაზა, რომელსაც თებერვალში ელოდებიან, სააკაშვილის უკრაინული აქტივობები, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები, ტერორისტული საფრთხეები და ისიც, დასჭირდება თუ არა პუტინს მორიგი მსხვერპლი არჩევნებში „ტრიუმფალური“ გამარჯვებისთვის. უაღრესად ტურბულენტურ ფაზაში შევდივართ ყველა მიმართულებით.
უპირველესად, ჩვენ გვმართებს შევასრულოთ ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში აღებული ვალდებულებები: მაქსიმალურად დავიცვათ საზღვრები ტერორისტების შემოღწევისგან და უზრუნველვყოთ სათანადო ინფორმაციის გაცვლა, ერთის მხრივ, ჩვენ გვმართებს გაძლიერებული კონტროლი საქართველოდან „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლების შესაძლო დაბრუნებაზე და მეორეს მხრივ, მაქსიმალურად უნდა დავეზღვიოთ, რომ საქართველო არ გამოიყენონ ტერორისტებმა როგორც სატრანზიტო ქვეყანა ევროკავშირის ქვეყნებში ან რუსეთში შეღწევისთვის. უფრო ზუსტად, რუსეთს არ მივცეთ ამაზე საუბრის საბაბი.
რაციონალური ურთიერთობა რუსეთთან და ჩვენი უსაფრთხოების გარანტორებთან, უპირველესად აშშ-სთან მჭიდრო კონტაქტი, საქართველოში ახალი, მაგრამ რუსეთისთვის ანგარიშგასაწევი მოთამაშის - ჩინეთის ფაქტორის ეფექტური გამოყენება - არის ის ბერკეტები, რომლებიც რისკებისგან მაქსიმალურად დაგვიცავს
თორემ, ჩვენ გვახსოვს რუსეთის მოთხოვნები, მათ შორის, პანკისის ცნობილი ოპერაციის დროს, საქართველოში ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის გახსნის თაობაზე, იმ მოტივით, რომ საქართველო ვერ უზრუნველჰყოფს თავისი საზღვრების დაცულობას, მათ შორის, რუსეთის საზღვრის გასწვრივ.
17 დეკემბერს დონალდ ტრამპმა აშშ-ის უსაფრთხოების ახალი ხედვა წარმოადგინა, სადაც მთავარ მეტოქეებად კვლავ ჩინეთი და რუსეთი დასახა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ არის სფეროები, სადაც მათთან თანამშრომლობა აუცილებელია და მათ შორის ტერორიზმი დაასახელა და მაგალითად მოიყვანა სულ ახლახანს ამერიკის სპესამსახურების წყალობით პეტერბურგში წინასწარ აღკვეთეს უმსხვილესი ტერაქტი.
ასე რომ, რაციონალური ურთიერთობა რუსეთთან და ჩვენი უსაფრთხოების გარანტორებთან, უპირველესად აშშ-სთან მჭიდრო კონტაქტი, საქართველოში ახალი, მაგრამ რუსეთისთვის ანგარიშგასაწევი მოთამაშის - ჩინეთის - ფაქტორის ეფექტური გამოყენება - არის ის ბერკეტები, რომლებიც რისკებისგან მაქსიმალურად დაგვიცავს.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რა არის ბიო რძე?
მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების