არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
2017 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგები და 2018 წლის პერსპექტივები
09:52 27-12-2017
2017 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგები და 2018 წლის პერსპექტივები როგორ შეაფასებდით 2017 წელს, როგორი იყო იგი ქვეყნისთვის პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით?

ზაალ ანჯაფარიძე - პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრითაც 2017 წელი იყო მყიფე წონასწორობის შენარჩუნების წელი

ალექსანდრე თვალჭრელიძე - მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა იმდენად ბუნდოვანია, რომ მისი განხორციელების რაოდენობრივი შეფასება ერთობ ძნელია

რამაზ საყვარელიძე - 2017 წელი იყო ზომიერი - ზომიერი მიღწევებით, ზომიერი შეცდომებით, ზომიერი სიმხურვალით და სიგრილით

სოსო ცისკარიშვილი - ვინ, სად, რატომ, ვის იატაკქვეშ მალულ ფორმატში გადაწყვიტა, რომ ნაწილობრივ საპარლამენტო მართველობის სისტემით მართული საქართველო, რატომღაც, უეცრად მონათლულიყო სრული საპარლამენტო მმართველობის სისტემით მართულ სახელმწიფოდ

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრითაც 2017 წელი იყო მყიფე წონასწორობის შენარჩუნების წელი. ქვეყანამ, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთად მოახერხეს და სახიფათო პროცესებს არ მისცეს გადახურების საშუალება და ქვეყანა კატაკლიზმები ააცილეს.
”რამე სერიოზულ ეკონომიკურ გაუმჯობესებაზე, სამწუხაროდ, ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მორიგი ტალღის მიუხედავად, არც ეკონომიკური კრიზის წინაშე დავმდგარვართ.”- აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, 2017 წელს მნიშვნელოვანი იყო ახალი კონსტიტუციის მიღება, მაგრამ სამწუხაროდ, საკონსტიტუციო პროცესი, სერიოზული ხარვეზებით წარიმართა, იგულისხმება არაა თავად დოკუმენტის იურიდიულ შინაარსი, არამედ თავად პროცესის პოლიტიკურ ასპექტს.
ზაალ ანჯაფარიძის განმარტებით, განვლილმა წელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მყიფე დემოკრატიის და დემოკრატიის ხანგრძლივი ტრადიიციის არარსებობის პირობებში, თუნდაც დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებით მოპოვებული ერთპარტიული მმართველობა, გარკვეულ რისკებს შეიცავს დემოკრატიული და ურთიერთბალანსზე დამყარებული მმართველობის კუთხით.
”2017 წელმა კიდევ ერთხელ და თვალნათლივ წარმოაჩინა პოლიტიკური ოპოზიციის, განსაკუთრებით ლიბერალური ორიენტაციის პარტიების სრული პოლიტიკური და ზნეობრივი პროსტრაცია”- აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე, . რომლის თქმითაც 2017 წელმა ვერც ახალი და ქმედითი პოლიტიკური ძალის გამოჩენის პერსპექტივა დაგვანახა. მისივე დაკვირვებით, ქართული ლიბერალური ოპოზიციის მდგომარეობა მას აგონებს რუსეთის ლიბერალური ოპოზიციის მდგომარეობას, რომელმაც რუსულ საზოგადოებაში საყრდენი ვერ იპოვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძის აზრით, ”2017 წელი ჩვეულებრივი წელი იყო.” მისივე თმით, ხელისუფლება შეეცდა მთავრობაში განეხორციელებინა სტრუქტურული ცვლილებები, მაგრამ შეუძლებელია პერმანეტულად რეფორმებს ატარებდე და ხელშესახები შედეგი არ გქონდეს.
”ჯერჯერობით მეჩვენება, რომ მთავრობის რეფორმა ნაჩქარევია და მსოფლმხედველურად ბოლომდე გააზრებული არ არის.” - აღნიშნავს ალექსანდრე თვალჭრელიძე
მისივე განმარტებით, ”მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა იმდენად ბუნდოვანია, რომ მისი განხორციელების რაოდენობრივი შეფასება ერთობ ძნელია.”

რამაზ საყვარელიძე - ”2017 წელი იყო ზომიერი - ზომიერი მიღწევებით, ზომიერი შეცდომებით, ზომიერი სიმხურვალით და სიგრილით.” მისივე განმარტებით, 2017 წელს ალბათ, ყველაზე მხურვალე კომპონენტი ლარი იყო, მაგრამ მის ცვლილებებსაც კალაპოტიდან გადმოსვლად არ მიიჩნევენ სპეციალისტები.

სოსო ცისკარიშვილის აზრით, უტყუარი ფაქტია, რომ 2017 წელი 2016 წლის პირმშოა და მისი შესაბამისი გენეტიკური დაავადებებიც ამას გვიდასტურებს. მისივე თქმით, გენეტიკურ ფენომენად აღიქმება აგრეთვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების და 2017 წლის ადგილობრივი მმართველობის არჩევნების დასრულების ზუსტად ორი დღის შემდეგ უპატრონო ლარის ორივეჯერ მართული სწრაფი ვარდნა.
”ვინ, სად, რატომ, ვის იატაკქვეშ მალულ ფორმატში გადაწყვიტა, რომ ნაწილობრივ საპარლამენტო მართველობის სისტემით მართული საქართველო, რატომღაც, უეცრად მონათლულიყო სრული საპარლამენტო მმართველობის სისტემით მართულ სახელმწიფოდ.”- აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.

თქვენი დაკვირვებით, 2017 წელს ხელისუფლება ქვეყნისათვის და მისთვის რომელ შიდა გამოწვევას გაუმკლავდა მეტ-ნაკლები წარმატებით, რომელს ვერა და შესაბამისად, რა შეიძლება ჩაითვალოს მისთვის საშინაო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევებად?

ზაალ ანჯაფარიძე - საშინაო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევებად შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჯერჯერობით ვერ მოაქვს შედეგები

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი სპეცსამსახურების ქმედებების არ მცხვენია არც შინ და არც საზღვარგარეთ

რამაზ საყვარელიძე - ხელისუფლება წარმატებით გაუმკლავდა პოლიტიკურ პროცესებს - კონსტიტუციას და არჩევნებს. საკამათო ბევრია, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ დასახულ მიზნებს მიაღწია

სოსო ცისკარიშვილი - 2017 წლის საშინაო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევად რჩება საჯაროდ კასტრირებული ახალი კონსტიტუცია

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ხელისუფლებამ მეტ-ნაკლები წარმატებით მოახერხა ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება, არაერთხელ იდგა საფრთხის ქვეშ, მაგრამ ამ გამოწვევებს ხელისუფლება გაუმკლავდა.
”საშინაო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევებად შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჯერჯერობით ვერ მოაქვს ის შედეგები, რასაც ხელისუფლება პირდებოდა მოსახლეობას, ხელისუფლების წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებები, მათ შორის საკადრო, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში უკმაყოფილებას იწვევს” - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე, რომელიც თვლის, რომ გამოწვევებს შორის იგი გამოყოფდა უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო კონტროლის სისუსტეს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების არასრულყოფილ მექანიზმს და მასში არაუფლებამოსილი სტრუქტურების ჩარევას.

ალექსანდრე თვალჭრელიძი
ს აზრით, მსოფლიოსთვის და რასაკვირველია, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა ტერორიზმია. ამ თვალსაზრისით საქართველოს მთავრობამ, შეიძლება ითქვას, გამოცდა საკმაოდ მაღალი ქულით ჩააბარა.
ტერორისტული აქტების პრევენცია და ტერორისტული დაჯგუფებების განადგურება წინმსწრებად, ტერორისტული აქტის ჩატარებამდე, ურთულესი პრობლემაა და ის ვერც აშშ-ში, ვერც საფრანგეთში, ვერც გერმანიაში, ესპანეთსა თუ ბელგიაში ვერ გადაჭრეს.
”ამ თვალსაზრისით, როგორც რიგით მოქალაქეს და ამ სფეროში სრულიად გაუცნობიერებელ ადამიანს, მე ჩვენი სპეცსამსახურების ქმედებების არ მცხვენია არც შინ და არც საზღვარგარეთ. ამას უნდა დავუმატოთ ხანძრებთან ეფექტური გამკლავებაც, რასაც მე, დილეტანტური თვალთახედვით, ტერორიზმთან ბრძოლას მივუსადაგებდი”, - აღნიშნავს ალექსანდრე თვალჭრელიძე

რამაზ საყვარელიძის აზრით, ”ხელისუფლება წარმატებით გაუმკლავდა პოლიტიკურ პროცესებს - კონსტიტუციას და არჩევნებს. საკამათო ბევრია, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ დასახულ მიზნებს მიაღწია.”
მისივე აზრით, მას ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებად მიმაჩნია სახელისუფლო გუნდის განახლება, ოდიოზური ფიგურების წასვლა და კახი კალაძისა და გიორგი გახარიას გამოსვლა ახალ პოლიტიკურ ასპარეზზე. ”საშინაო პოლიტიკის მთავარი გამოწვევა კი ისევ არის ეკონომიკა.”- დასძენს რამაზ საყვარელიძე.

სოსო ცისკარიშვილის აზრით, ჩვენს მეხსიერებაში დიდხანს დარჩება ტერორისტული თავდასხმის რეალური საფრთხის წარმატებული განეიტრალება თბილისში. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის ყოველდღიურ დარდის თემად კი ყურებჩამოყრილი ლარი აღიქმება.
”2017 წლის საშინაო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევად რჩება საჯაროდ კასტრირებული ახალი კონსტიტუცია” - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი, რომლის განმარტებითაც, მიუხედავად რამდენიმე „ულტრახმოსანი“ პარლამენტარის მუდმივი მცდელობისა, რომ თურმე მათი პირმშო კონსტიტუცია „ეროვნულ ღირებებულებზე არის ორიენტირებული“, მათ არ მიაჩნიათ, რომ ჩვენ ქვეყანაში მთავარი ეროვნული ღირებულება ქართველი ხალხია.

რა შეიძლება ჩაითვალოს მიმდინარე წლის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიღწევად, ან მიღწევებად?

ზაალ ანჯაფარიძე - საგარეო პოლიტიკის მიღწევაა, რომ საქართველომ ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა, ასევე ის, რომ დაიწყო საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის, ასე ვთქვათ, მატერიალიზაცია

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ წარმატება, რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაციის მიღებაა

რამაზ საყვარელიძე - რუსეთიდან გამორიცხული არაფერია, თუმცა, საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტული საფრთხეების კონტურები ახლა არ ჩანს


სოსო ცისკარიშვილი - 2017 წელს მრავალწლიანი ოცნება ევროპის შენგენის სივრცეში უვიზო მოგზაურობის უფლების მოსაპოვებლად აღსრულდა

ზაალ ანჯაფარიძი აზრით, ალბათ საგარეო პოლიტიკის მიღწევაა, რომ საქართველომ ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა, ასევე ის, რომ როგორც ჩანს, დაიწყო საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის, ასე ვთქვათ, მატერიალიზაცია. ”აშშ ჩვენს ქვეყანას თავდაცვის პოტენციალის გასაძლიერებლად 100 მლნ დოლარს აძლევს, რომლის ფარგლებში საქართველოს შესაძლოა თავდაცვითი ლეტალური იარაღი მიეწოდოს. ეს უკვე ურთიერთობების ახალ დონეზე ასვლის მაუწყებელი იქნება.” - დასძენს ზაალ ანჯაფარიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე
მიიჩნევს, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ წარმატება, რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაციის მიღებაა. ”ჩვენ, საქართველოს მოსახლეობამ, გონიერება გამოვიჩინეთ, გამოცდა კარგად ჩავაბარეთ და უკრაინასა თუ მოლდოვასთან შედარებით გაცილებით უფრო კარგი შედეგები ვაჩვენეთ” - აღნიშნავს ალექსანდრე თვალჭრელიძე, რომლის თქმითაც, მომხდარის გამო მეჩვენება, რომ მომავალს ოპტიმისტური თვალით შეგვიძლია ვუყუროთ.

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ 2017 წელს ბევრი მნიშვნელოვანი ფორუმი მოეწყო საქართველოში და უცხოეთში ჩატარებულ ბევრ ფორუმზე წარდგა საქართველო.
”მე ისევ ყურადღებას გავამახვილებდი იმ მოვლენებზე, რომლებიც უკავშირდება აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტს.”- აღმიშნავს რამაზ საყვარელიძე.

სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ბევრად უფრო საღი და შედეგიანია, ვიდრე საშინაო პოლიტიკა.” მისივე თქმით,, რომ ობიექტური სირთულეები საგარეო პოლიტიკასაც ახლავს, მაგრამ მისი წარმატებულობა თვალსაჩინოა. ”2017 წელს მრავალწლიანი ოცნება ევროპის შენგენის სივრცეში უვიზო მოგზაურობის უფლების მოსაპოვებლად აღსრულდა.” - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.

თქვენი აზრით, რამდენად ოპტიმისტურად გამოიყურება ჩვენი საგარეო ევროპული პერსპექტივები?


ალექსანდრე თვალჭრელიძე - ეჭვი ეპარება, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ჩვენ ევროკავშირის შემადგენლობაში შევალთ, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ

რამაზ საყვარელიძე - ვთვლი, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივები ოპტიმისტურად გამოიყურება

სოსო ცისკარიშვილი - ჩვენ ევროპულ პერსპექტივას საფუძველი ნამდვილად გააჩნია, საფრთხის შემცველი კი შეიძლება გახდეს ზოგიერთი პოლიტიკოსის და მოხელის უდიერი განწყობები ევროპული დემოკრატიის სტანდარტებზე

ალექსანდრე თვალჭრელიძის განმარტებით, იმის გამო, რომ დღეს ევროპა განსაცდელშია. სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილთა მძლავრ ნაკადს თურქეთთან და აშშ-სთან გართულებული ურთიერთობები დაემატა მას ”ეჭვი ეპარება, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ჩვენ ევროკავშირის შემადგენლობაში შევალთ, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ.”
მისივე აზრით, ევროპული მიმართულებით ჩვენი მთავრობა მიზანმიმართულად და სწორად იქცევა და თანდათან ქმნის ისეთ გარემოებას, როცა ევროპა ჩვენს გარაშე ვერ იარსებებს და მას ისე არ უნდა მოკვდეს, ვიდრე ამ პოლიტიკის ხელშესახებ შედეგებს არ ნახავს.

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა რომ მნიშვნელოვანია, ეს აღარაა სალაპარაკო. ”სიახლეა ის, რომ ევროპისთვის ხდება მნიშვნელოვანი „ქართული პერსპექტივა“ – მნიშვნელოვანი ხდება დასავლეთზე ჩვენი მყარი ორიენტაციით, აღმოსავლეთთან საკომუნიკაციო დერეფნით, დემოკრატიისკენ სწრაფვით, რუსეთის გავლენების ბლოკირებით, აქამდე უცნობი კულტურის აღმოჩენით.” იგი თავად სვამს რიტორიკულ კითხვას - ცოტაა, თუ? და თავადვე პასუხობს ”ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივები ოპტიმისტურად გამოიყურება.”- დასძენს რამაზ საყვარელიძე.

სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს - ”ჩვენ ევროპულ პერსპექტივას საფუძველი ნამდვილად გააჩნია, საფრთხის შემცველი კი შეიძლება გახდეს ზოგიერთი პოლიტიკოსის და მოხელის უდიერი განწყობები ევროპული დემოკრატიის სტანდარტებზე”.
მაშინ როდესაც ჩვენი პრეზიდენტი ერთგულია ფრანგი ფილოსოფოსის ალბერ კამიუს ფორმულის - „დემოკრატია არის არა უმრავლესობის ძალაუფლება, არამედ უმცირესობის დაცვა“ და აშშ-ს მეორმოცე პრეზიდენტის, როლანდ რეიგანის ფორმულის - „ღმერთის გარეშე დემოკრატია დიდხანს ვერ გაძლებს“, სოსო ცისკარიშვილი მმართველი გუნდის ”ნორჩ ლენინელებს” ურჩევს გადახედონ სხვა ფორმულებსაც, თუ მართლა სურთ ევროპელობა.


საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ გამოწვევად რუსეთი რჩება. თქვენი დაკვირვებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ როგორი და რა ტიპის რუსული საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩდეს საქართველო?

ზაალ ანჯაფარიძე - საქართველოსადმი რუსული საფრთხეების ტიპი და მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი იქნება რუსეთში საქართველოდან მომავალი საფრთხის განცდა

ალექსანდრე თვალჭრელიძე - რუსეთის პოლიტიკა ივანე მრისხანეს ხანის შემდეგ არ შეცვლილა... - ამიტომ არა მგონია, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა შეიცვალოს - საფრთხეები პერმანენტულად იგივე დარჩება

რამაზ საყვარელიძე - რუსეთიდან გამორიცხული არაფერია, თუმცა კონკრეტული საფრთხეების კონტურები ახლა არ ჩანს.

სოსო ცისკარიშვილი - რუსული საფრთხეების წინაშე საქართველო იყო, არის და იქნება, მაგრამ რუსეთს საკმარისზე მეტი თავის ტკივილი ელის ხანგრძლივი ამერიკული და ევროპული სანქციების გამო

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი პრაქტიკულად ყველამ წინასწარ იცის. ამავე დროს ვიცით ისიც, რომ ამ დროისათვის რუსეთს კიდევ უფრო მძიმედ დააწვება ახალი დასავლური სანქციების წნეხი, რასაც ძალიან უარყოფითი ზეგავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე. ”არჩევნების შემდეგ რუსეთის ძირითადი საზრუნავი არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება და დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება იქნება, რის გაკეთებასაც პუტინი დღემდე წარუმატებლად ცდილობს”- აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თმით, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი კვლავ გამძაფრებულად რეაგირებს საქართველოს და ევროატლანტიკური სტრუქტურების თანამშრომლობის ზრდაზე. შესაბამისად, ”საქართველოსადმი რუსული საფრთხეების ტიპი და მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი იქნება რუსეთში საქართველოდან მომავალი საფრთხის განცდა, რომელზედაც ისინი ჩათვლიან, რომ რეაგირება უნდა მოახდინონ” - მიიჩნევს ზაალ ანჯაფარიძე

ალექსანდრე თვალჭრელიძის აზრით, რუსეთის პოლიტიკა ივანე მრისხანეს ხანის შემდეგ არ შეცვლილა - მხოლოდ წინ, არც ერთი ნაბიჯი უკან. სხვა სიტყვებით, რუსეთის პოლიტიკა ექსტენსიურია და არა ინტენსიური, იგი ფსონს სივრცეზე და არა ეფექტურობაზე დებს..
”რუსეთის პოლიტიკა ივანე მრისხანეს ხანის შემდეგ არ შეცვლილა... - ამიტომ არა მგონია, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა შეიცვალოს - საფრთხეები პერმანენტულად იგივე დარჩება”- აღნიშნავს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

რამაზ საყვარელიძე თქმით, რომ რუსეთი მრავალფრონტიანი ქვეყანაა და იგი ასეთად დარჩება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც. დღევანდელი ეკონომიკით რუსეთს სირიის, უკრაინის და სხვა ფრონტების შენარჩუნება უჭირს, არათუ ახალი ფრონტის გახსნა.
”საქართველოს წილი რუსეთის ამჟამინდელ ინტერესებში ძალზე მცირეა. ამიტომ, ნაკლებად მოსალოდნელია ახალი საფრთხეები ჩვენი მიმართულებით, ნაკლებად... მაგრამ რუსეთიდან გამორიცხული არაფერია, თუმცა კონკრეტული საფრთხეების კონტურები ახლა არ ჩანს.”- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

სოსო ცისკარიშვილის აზრით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების სიახლე მხოლოდ ის იქნება, რომ ვლადიმერ პუტინი გაემიჯნება საკუთარ პარტიას და დამოუკიდებელი კანდიტატის სტატუსით გამარჯვებული გააგრძელებს ექვსწლიან პრეზიდენტობას მეოთხე ვადით.
”რუსული საფრთხეების წინაშე საქართველო იყო, არის და იქნება, მაგრამ რუსეთს საკმარისზე მეტი თავისტკივილი ელის ხანგრძლივი ამერიკული და ევროპული სანქციების გამო.”- დასძენს სოსო ცისკარიშვილი.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რა არის ბიო რძე?
მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების