არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4573
EUR
1 EUR
2.8414
RUB
100 RUB
3.8647
21-06-2018
გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას თვითგადარჩენის ინსტიქტმა მაინც უნდა უკარნახოს, რომ რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემებში ვითარების შესაცვლელად
14:24 12-06-2018
გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას თვითგადარჩენის ინსტიქტმა მაინც უნდა უკარნახოს, რომ რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემებში ვითარების შესაცვლელად საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, რამდენიმე კვირაა შიდა პოლიტიკის უმთავრეს საკითხადაა ქცეული ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოუძიებლობის თემა. ამ ტრაგიკულმა და მტკივნეულმა საკითხმა პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გაიტანა. უკანასკნელ დღეებში ბევრი რამ მოხდა, მხედველობაში მაქვს შვილმკვდარი მშობლების მიმართ საზოგადოების სოლიდარობა, აქციები რუსთაველზე, ამ პროცესში პოლიტიკური ძალების გააქტიურება. მკვლელობის გამოსაძიებლად შსს-ს გააქტიურება. თქვენ როგორ შეფასებდით უკანასკნელ დღეებში განვითარებულ პროცესებს?
- სამწუხაროდ, როგორც ჩანს, შეცდომები გამოძიების ეტაპზე იყო დაშვებული - მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ გამოძიების ხარისხი, არამედ დაზარალებულებთან კომუნიკაციის პრობლემები, რამაც საბოლოოდ საკმაოდ არასახარბიელო ვითარება შექმნა. მხედველობაში მაქვს ის, რომ საზოგადოებაში უსამართლობის განცდა გააჩინა.
ჩვენ მივიღეთ ტრაგედიის მსხვერპლი შვილმკვდარი მამა ზაზა სარალიძე. გარდა იმისა, რომ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი საპროტესტო მუხტი იყო დაგროვილი და საზოგადოებას ჰქონდა სურვილი ხელისუფლებისთვის თავისი უკმაყოფილება ეჩვენებინა, მივიღეთ ლოკალური კრიზისი.
შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო პროცესში დაუსაბუთებელი ელემენტის გაჩენამ დაასრულა ქუჩის პროცესი... მაგრამ, კვლავ აქტუალურია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ბოლომდე მიყვანის თემა

ვფიქრობ, რომ მასზე რეაგირებამაც დააგვიანა. სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან სწრაფი რეაგირება არ ყოფილა. თუმცა, მერე და მერე, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება საკმაოდ ადეკვატური იყო. გადადგა გარკვეული ნაბიჯები და საბოლოო ჯამში ვიხილეთ პროცესის მინელება.
მანამდე, ვიდრე წინა პლანზე წამოწეული იყო ამ კონკრეტულ მკვლელობაზე სამართლიანობის აღდგენის თემა, დაზარალებული ზაზა სარალიძის მიმართ სოლიდარობა იყო საკმაოდ მაღალი. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ამ საქმეში პოლიტიკამ დაიწყო დომინირება, მასში საზოგადოების აქტიურობამ იკლო.
მას შემდეგ, რაც წინა პლანზე წამოიწია შსს-ს მინისტრ გახარიას გადადგომის თემამ, საპროტესტო პროცესში საზოგადოების აქტიურობამ იკლო. პრინციპში, ეს მოთხოვნა არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა, რადგან გაფუჭებულ საქმეზე მასზე პასუხიმგებლობის დაკისრება გაუგებარი იყო. მან ხომ რამდენიმე დღეში მაქსიმუმი გააკეთა. სწორედ ამის გამო დაემსგავსა ეს მოთხოვნა ხელოვნულ პოლიტიკურ მოთხოვნას. ეჭვი მაქვს, რომ ეს მოთხოვნა არ იყო მხოლოდ “ნაცმოძრაობის” დაკვეთა და ამის მსურველები „ქართულ ოცნებაშიც“ იყვნენ.
შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო პროცესში დაუსაბუთებელი ელემენტის გაჩენამ დაასრულა ქუჩის პროცესი. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაზარალებულ ზაზა სარალიძის მიმართ ხალხს სოლიდარობის გრძნობა აღარ აქვს. ანუ, კვლავ აქტუალურია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ბოლომდე მიყვანის თემა.
- ახლა, როცა ზაზა სარალიძის პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ უკავშირდება იმას, რომ მირზა სუბელიანი დანაშაულის დაფარვის მუხლითაა დაკავებული და არა გამოძიებაში ჩარევის გამო, რომლის შედეგად პრაქტიკულად განადგურებულია ნივთმტკიცებები, არ დაწყებულა გამოძიება გამოძიების გამყალბებლების წინააღმდეგ, ყველაფერი ეს არ ტოვებს იმის განცდას, რომ არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობაზე ხელახლა დაწყებული გამოძიება მკვლელობის ჩამდენების ვინაობასა და გამოძიების გამყალბებლებს დაადგენს.
- მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი მინელდა, ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ეს თემა მიიჩქმალება. თავის დროზე „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა ილუზია, რომ გირგვლიანის თემა თავისთავად გადაგორდებოდა, მაგრამ საზოგადოებაში სწორედ მაშინ გაჩენილმა პროტესტმა გაუთხარა მათ საფლავი.
ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება ხორავას ქუჩის მკვლელობის გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს... სახელმწიფოებრივად არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანაა არასწორად გამოძიებული საქმე იყოს გამოძიებული

მე ვხედავ, რომ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება ხორავას ქუჩის მკვლელობის გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს. მესმის, რომ საზოგადოებისთვის მთავარია მკვლელების დასჯა, მაგრამ სახელმწიფოებრივად ამაზე არანაკლებმნიშვნელოვანი ამოცანაა არასწორად გამოძიებული საქმე იყოს გამოძიებული.
გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს განაჩენში პირდაპირ ეწერა ის, რომ ხელისუფლებას ჰქონდა მიღებული მონაწილეობა დანაშაულის დაფარვაში. ხორავას ქუჩის მკვლელობაში სწორედ ისაა გამოსაძიებელი, ხელისუფლების რომელმა წარმომადგენლებმა და რა დოზით მიიღეს მონაწილეობა დანაშაულის მიჩქმალვაში, თუ ასეთ რამეს ჰქონდა ადგილი. აქ შეიძლება იყოს დაუდევრობა, არასაკმარისი პროფესიონალიზმი ან საქმის შეგნებულად გაფუჭება. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ყველა შემთხვევაში საზოგადოება ხელისუფლებისაგან ამ კითხვებზე ელოდება პასუხებს.
- რუსთაველზე განვითარებულმა პროცესებმა, მხედველობაში მაქვს კარვების გაშლა, გზის გადაკეტვის მცდელობა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, “ნაცმოძრაობის”ლიდერების გარიდება-გაყვანა-გატაცება რუსთაველიდან და ასე შემდეგ, უნებურად გაგვახსენა 2009 წელს ოპოზიციის აქტიურობა რუსთაველზე.
ხელისუფლებამ უფრო ფრთხილად, მაგრამ პრაქტიკულად ისევე იმოქმედა, როგორც წინა ხელისუფლებამ, ამან დატოვა განცდა, რომ „ეს კინო“ უკვე ნანახი გვაქვს და ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- შესაძლოა, ხელისუფლების მოქმედების ტექნოლოგია ჰგავდა იმას, რაც გვახსოვს, მაგრამ ახლა ხელისუფლების მოქმედება მაინც ბევრად ჰუმანური იყო. ჩვენ გვახსოვს 7 ნოემბერს თუ როგორ დაულეწეს თავ-პირი ხალხს ცალკე სპეცრაზმმა და ცალკე „ნაციონალების“ აქტივისტებმა. ჩვენ რუსთაველზე მაღაზიის სახურავზე ორი შემოდებული გვამიც გვახსოვს.
ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა სისტემამ საკმაოდ ზომიერი ძალით იმოქმედა... ხელისუფლებას სისასტიკის დემონსტრირება არ მოუხდენია

საბედნიეროდ, ახლა ამგვარ რამეს ადგილი არ ჰქონია. ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა სისტემამ საკმაოდ ზომიერი ძალით იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ემოციურად ჩვენ ბევრი რამ მართლაც არ მოგვეწონა, ვფიქრობ, რომ ეს ოპერაცია მაინც წარმატებული იყო. ხელისუფლებას სისასტიკის დემონსტრირება არ მოუხდენია.
- „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა - „ხელისუფლებამ შეცდომები თუ არ აღიარა, სიტუაცია ფეთქებადსაშიში გახდება.“ ბრძანეთ, რომ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება ბოლომდე მიიყვანოს გამოძიება, მაგრამ თქვენი აზრით, რამდენად აქვს ხელისუფლებას შეცდომების აღიარების პოლიტიკური ნება?
- ამაზე პასუხი მაშინ გვექნება, თუ მოხდება პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების გამოძიება. არა მგონია ხელისუფლებას არ ესმოდეს, რომ ამ საქმის გამოძიება მნიშვნელოვანია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის.
- ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესმა საკმაოდ ბევრი რამ დაგვანახა. თქვენი დაკვირვებით, რა დაგვანახა რუსთაველზე გამართულმა აქციებმა?
- საქართველოში მხოლოდ „ქართული ოცნების“ პრობლემა კი არ დგას, არამედ პრობლემა ისაა, რომ ქვეყნის მთელი პოლიტიკური ელიტაა გაკოტრებული. პარტიული პოლიტიკა, პარტიული აქტიურობის მოტივები ხალხისთვის მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ პროტესტი შესაძლოა იყოს მაღალი, მაგრამ როცა სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით პროცესი „ნაციონალებს“ მიჰყავდათ, ეს არა მხოლოდ არადამაჯერებელად, არამედ ცინიკურადაც კი გამოიყურებოდა.
თუ სისტემა კლავს, როგორც „ნაციონალები“ ამბობენ, ეს ის სისტემაა, რომლის შემქმნელი და დამფუძნებელი „ნაცმოძრაობაა“. ხომ წარმოუდგენელია, რომ მკვლელობის დამკვეთი მკვლელობის საქმეს იძიებდეს. ეს ხომ აბსურდია. ამიტომაცაა ძალიან ძნელი „ნაციონალებისგან“ იმ რიტორიკის მოსმენა, რომ სამართალდამცავი სისტემა ვიღაცას კლავს.
„ნაცმოძრაობის“ ორივე ფრთა ცდილობს „ქართული ოცნება“ გაასამართლოს მათ მიერვე შექმნილი სისტემის გამო. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს ტრაგიკომედიაა

სხვათა შორის, ეს ეხება „ნაცმოძრაობის“ ორივე ფრთას. იმ „ნაცამოძრაობას“, რომელიც ამ დღეებში ქუჩაში იყო და „ნაცმოძრაობის“ იმ ნაწილს, რომელსაც ახლა „ევროპული საქართველო“ ჰქვია. შესაძლოა, მათ აქვთ ილუზია, რომ ის ცოდვები, რომელიც მათ ჰქონდათ, ჩამოირეცხეს, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის. მანკიერი სისტემის შექმნაზე ბოკერია ისევეა დამნაშავე, როგორც სააკაშვილი.
ფაქტობრივად ხდება ასეთი რამ - „ნაცმოძრაობის“ ორივე ფრთა ცდილობს „ქართული ოცნება“ გაასამართლოს მათ მიერვე შექმნილი სისტემის გამო. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს ტრაგიკომედიაა. „ევროპელი დემოკრატები“ შეეცდებიან, ამისაგან რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სარგებელი მიიღონ. ახლა „ევროპელი დემოკრატები“ დაჰკითხავენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს.
- გასაგებია, მართლაც აბსურდულად გამოიყურება, რომ მანკიერი სისტემის შემქმნელები იმავე სისტემის დანგრევაზე საუბრობენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ამ საქმეში არაფერ შუაშია.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას თავად არ მოუხდენია ამ სისტემის დემონტაჟი, მეტიც, მან იგი მშვენივრად მოირგო და თავად გახდა ამავე სისტემის ნაწილი...

- დღევანდელი ხელისუფლების პრობლემა და დანაშაული არის ის, რომ მან გადაწყვიტა იმ ურჩხულის გადმობირება, რომელიც „ნაციონალების“ დროს დაიბადა. მას გაუჩნდა ილუზია, რომ მას შეეძლო ამ ურჩხულის მართვა და გაკეთილშობილება. ეს რა თქმა უნდა, სრული ილუზია იყო და საბოლოო ჯამში მივიღეთ ასეთი სურათი - სისტემა-ურჩხულმა, რომელსაც სააკაშვილი მართავდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მძევლად აიყვანა. ის, რაც ხორავის ქუჩის ამბებს უკავშირდება, ამის მხოლოდ კონკრეტული ეპიზოდია.
სისტემა-ურჩხულმა, რომელსაც სააკაშვილი მართავდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მძევლად აიყვანა. ის, რაც ხორავის ქუჩის ამბებს უკავშირდება, ამის მხოლოდ კონკრეტული ეპიზოდია

დარწმუნებული ვარ, შოთაძეს უნდოდა ამის გამოძიება, ის საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია და არა მგონია არ სცოდნოდა, რომ ეს საქმე ის ნაღმი იყო, რომელზეც ის შეიძლება აფეთქებულიყო, მაგრამ ის ხომ სიტუაციისა და ვითარების მძევალი იყო. სწორედ ამიტომ განვითარდა მოვლენები ისე, როგორც განვითარდა.
თუ ხელისუფლებამ ამ კრიზისებიდან გამომდინარე სიმართლეს თვალი გაუსწორა, მას კიდევ აქვს მცირე, მაგრამ შანსი გაწყვიტოს კონტრაქტი ურჩხულთან, განთავისუფლდეს „ნაციონალების“ მიერ შექმნილი სისტემიდან და რეალურად გავიდეს განვითარების სწორ გზაზე.
- წულუკიანის გადადგომაზე საკმაოდ ბევრი საუბარია. ამ თემაზე ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გამოთქვა საკმაოდ საინტერესო მოსაზრება - „სისტემა, რომლის დანგრევას მოითხოვს ოპოზიცია, წულუკიანს არ შეუქმნია. მის დროს პირიქით, უფრო დამოუკიდებელი გახდა პროკურატურა. გადახედეთ საკანონმდებლო ცვლილებებს. არც მინისტრს, არც საპროკურორო საბჭოს არ აქვთ მთავარი პროკურატურის საპროკურორო ან საგამოძიებო საქმიანობაში ჩარევის უფლება. გადახედეთ კანონს მთავარი პროკურატურის შესახებ. თუ მორალურ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, ეს სხვა თემაა.“
ცუდად გამოუძიებელ საქმეზე პასუხისმგებლობა რომ ხელისუფლებაზეა, ფაქტია, მაგრამ არ ჩანს, რომ ხელისუფლებას მასზე პოლიტიკური ანდა მორალური პასუხისმგებლობა აქვს აღებული...

- ამ თემაზე ორი რამ უნდა ითქვას - მეც მიმაჩნია, რომ წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა არასწორია. წულუკიანის გადადგომა პრობლემას ვერ წყვეტს. მიუხედავად იმისა, ის აიღებს თუ არა პოლიტიკურ პასუხიმგებლობას, ეს პრობლემას არანაირად არ გადაწყვეტს.
ჩვენ გვაქვს მმართველობითი სისტემის კრიზისი, რომელიც ჩამოყალიბდა „ნაციონალების“ მიერ ჩამოყალიბებულ სისტემა-ურჩხულთან თანამშრომლობის საფუძველზე. შესაბამისად, ამ კრიზისიდან გამოსვლაა საჭირო. წულუკიანის გადადგომაზე საუბარი ამ პრობლემის დავიწროება უფროა, ვიდრე რეალურად არსებული სიტემის შეცვლაზე ზრუნვა.
ჩვენ გვჭირდება მთლიანად მმართველობითი სისტემის ალგორითმის გადახედვა და რაც მთავარია სისტემასთან კონტრაქის გაწყვეტა. შესაძლოა, წულუკიანმა და სხვებმა დემოკრატიულობისკენ, ასევე სტრუქტურების ე.წ. დამოუკიდებლობისკენ ნაბიჯი გადადგეს, ანუ ფორმალურად რაღაც შეცვალეს, მაგრამ ეს სისტემა და ვერტიკალი ისევ პოლიტიკურ დაკვეთაზე მუშაობს. ეს სისტემა ხელისუფლებას სთავაზობს არა მსახურებას, არამედ პარტნიორობას.
ჩვენ გვაქვს მმართველობითი სისტემის კრიზისი, რომელიც ჩამოყალიბდა “ნაციონალების” მიერ ჩამოყალიბებულ სისტემა-ურჩხულთან თანამშრომლობის საფუძველზე

თუ კოლექტიური მურუსიძე ადრე წინა ხელისუფლების სამსახურში იყო, ახლა „ქართული ოცნების“ სამსახურშია. არის ასეთ ვითარებაზე ექსკლუზიურად პასუხისმგებელი წულუკიანი? რა თქმა უნდა, არის. როცა შენ ფორმალურად კანონმდებლობას ცვლი, მაგრამ პოლიტიკურ დანაშაულში ეჭვმიტანილ ადამიანებს ეყრდნობი, ბუნებრივია, სისტემა ვერ იქნება სამართლიანი და პროცესი სხვა მიმართულებით წავა.
წარსულის ცოდვებით დამძიმებულ ადამიანებს თავისუფლად მოქმედების რაც არ უნდა დიდი დონე ჰქონდეს, ის მაინც თამაშის იმ წესებით ითამაშებს, რომელიც მისთვის უფრო გასაგები და კარგად ნაცნობია.
- უკანასკნელ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა მთელი სიმწვავით დააყენა პროკურატურისა და მართლმსაჯულების სფეროებში სერიოზული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა, მაგრამ კიდევ ერთხელ მაინც ვიკითხავ - რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ხელისუფლება თავად მოახდენს სისტემის დემონტაჟს და ახალი და ბევრად კარგი სისტემის შენების პროცესს დაიწყებს?
- ჩემი აზრით, ხელისუფლებას სხვა გზა უბრალოდ არც აქვს. თუ ხელისუფლებას შეექმნება ილუზია, რომ ეს კონკრეტული კრიზისი გადააგორა და ყველაფერი ძველებურად დატოვა, ეს მისი მხრიდან ძალიან დიდი შეცდომა იქნება.
თუ კრიზისების დინამიკას, ინტენსივობას და მასშტაბებს დავაკვირდებით ვნახავთ, რომ ისინი აშკარად იზრდება. შესაბამისად, ხელისუფლების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.
ხელისუფლებას სხვა გზა არა აქვს და უნდა იმოქმედოს და გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია. ხელისუფლებას თვითგადარჩენის ინსტიქტმა მაინც უნდა უკარნახოს, რომ რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემებში ვითარების შესაცვლელად.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები