არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
24-06-2018
ევრონესტის კომიტეტებმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, არაფორმალური შრომითი ურთიერთობებისა და ტუბერკულოზის დაძლევის საკითხები განიხილეს
22:55 13-02-2018
ევრონესტის კომიტეტებმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, არაფორმალური შრომითი ურთიერთობებისა და ტუბერკულოზის დაძლევის საკითხები განიხილეს პარლამენტში მეორე დღეა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომები მიმდინარეობს. დღეს გაიმართა ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების კომიტეტისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკურმა კომიტეტმა, მთავრობის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, განიხილა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პერსპექტივები ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

სხდომის თავმჯდომარე კლერ მუდმა ზოგადად ისაუბრა ცალკეული ქვეყნისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაზე და იმ პოლიტიკაზე, რომელიც ქვეყნებმა უნდა გაატარონ იმისათვის, რომ შექმნან საინტერესო საინვესტიციო კლიმატი პოტენციური ინვესტორებისთვის.

მოლდოვის პარლამენტის წევრმა ოლეგ რეიდმანმა სხდომაზე წარმოადგინა ანგარიში „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რომელიც მისივე თანაავტორობით მომზადდა. მომხსენებელმა ისაუბრა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის და აღნიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გარდა იმისა, რომ აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას, მთავრობებს აიძულებს შექმნას საინტერესო საინვესტიციო გარემო, ჩამოაყალიბოს ლიბერალური საგადასახადო სისტემა, მოახდინოს ეკონომიკის ტრანსფორმაცია და უზრუნველყოს პოლიტიკური სტაბილურობა, რაც ძალიან მნიშნელოვანია ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის.

ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა კარლო ნატალემ ისაუბრა ზოგადად ქვეყნების ეკონომიკებისათვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაზე და ასევე რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ევროკავშირის გეგმებსა და პროექტებზე - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში ევროკავშირს დაგეგმილი აქვს გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაზრდას“, - განაცხადა კარლო ნატალემ.

მომხსენებელმა ასევე, ისაუბრა ევროკავშირის ინიციატივაზე/რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს პარტნიორი ქვეყნების საინვესტიციო პოტენციალის გამოყენებას. როგორც მან აღნიშნა შეხვედრები არის დაგეგმილი საქართველოშიც, სადაც საუბარი გაიმართება იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირის საინვეტიციო გეგმის უტილიზაცია.
როგორც კარლო ნატალემ აღნიშნა 2016 წელთან შედარებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გაზრდილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რაც თითოეული ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
სხდომაზე საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკის ზოგადი მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა წარადგინა. „საქართველოს აქვს ძალიან საინტერესო საინვესტიციო გარემო და პოტენციალი - კორუფციის დაბალი დონე, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი/სისტემა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები“, - აღნიშნა მომხსენებელმა. მან ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის იმ საერთაშორისო რეიტინგებს, რომლებზეც საქართველო პოზიციონირებს. „სწორედ ეს მონაცემები არის საინვესტიციო პოლიტიკის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი და ქვეყნის მიღწევა, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდ ტენდენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2017 წლის სამი კვარტლის მონაცემებით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 3%-ით გადააჭარბა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ 2017 წლის სამი კვარტლის მანძილზე ევროკავშირიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 6%-ით აღემატება 2016 წლის პირველი სამი კვარტლის მაჩვენებელს.
გიორგი ჩერქეზიშვილმა ისაუბრა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საფინანსო სექტორზე და აღნიშნა, რომ ეს მიმართულებები საქართველოსთვის სწრაფად მზარდ სექტორებს წარმოადგენს და რომ მათი განვითარება საქართველოს ეკონომიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საინვესტიციო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა სტეფან ტომსონმა წარმოადგინა პრეზენტაცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) საუკეთესო პრაქტიკისა და რეგულირების მექანიზმების შესახებ. მომხსენებელმა ქვეყნის ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს და მოქნილი და მარტივი საინვესტიციო კლიმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გარკვეულწილად, ქვეყნებისათვის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ბარომეტრს წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას.
ტომსონმა ასევე ისაუბრა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ საინვესტიციო პოლიტიკებზე და რეგულაციებზე. „საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებით არსებული კარგი საკანონმდებლო ნორმები უმეტესად არ არის საკმარისი ინვესტორებისთვის, ვინაიდან გამართული საინვესტიციო კანონმდებლობის გარდა ქვეყნას უნდა ჰქონდეს ლიბერალური საგადასახადო სისტემა, ღია ეკონომიკა, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები და ა.შ“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მომხსენებელმა ასევე, ხაზი გაუსვა ქვეყნის ზოგადი რეპუტაციის მნიშვნელობას. მან ასევე აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო შეთანხმებები. „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საინვესტიციო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი/განმსაზღვრელი ასპექტია“ - აღნიშნა ტომსონმა.
მომხსენებელმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქვეყნის იმიჯისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია არსებული ინვესტორების შენარჩუნება და მათი ხელშეწყობა, ვიდრე ახალი ინვესტიციების მოზიდვა. „ინვესტორი კმაყოფილი უნდა იყოს და არ დატოვოს ქვეყანა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება ძალიან ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე“ -აღნიშნა ტომსონმა.
მომხსენებლის განცხადებით ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი კომუნიკაცია როგორც არსებულ, ასევე პოტენციურ ინვესტორებთან. იმის გამო, რომ ინვესტორები ძალიან დამოკიდებულები არიან ქვეყნის გეგმებზე, ქვეყნის განვითარების ვექტორებზე, მათი ჩართულობა და ინფორმირებულობა მათ აძლევთ გარკვეულწილად გრძელვადიანი დაგეგმვისა და სტაბილურობის გარანტიებს, რაც სწორი საინვესტიციო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტია.
სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის სხდომაზე, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დასაქმებულთა სოციალური დაცვის გაძლიერებაზე და არაფორმალური და არადეკლარირებული შრომის შემცირებაზე იმსჯელეს.
როგორც პარტნიორებმა აღნიშნეს, არაფორმალური სამუშაო ურთიერთობები საჭიროებს რეგულირებას. მათივე თქმით, არადეკლარირებული და არალეგალური შრომითი ურთიერთობების დასაძლევად საჭიროა მუშაობის გაგრძელება როგორც ევროკავშირში, ისე მის საზღვრებს მიღმა.
აღნიშნულ თემაზე რეზოლუციის პროექტი მომზადდება სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის და ევროპარლამენტის თანაავტორობით. თანაავტორების მიერ აღინიშნა რომ სოციალური გარანტიების შექმნა ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ევროკავშირი დიდ დახმარებას უწევს პარტნიორებს შრომითი უფლებების დაცვისთვის, არალეგალური შრომის და არაფორმალური შრომითი ურთიერთობების დასაძლევად.
„ევროკავშირი მზადაა გააძლიეროს სოციალური დიალოგი და მიიღოს საჭირო ზომები, რომლებიც შრომითი უფლებების დაცვისთვის და მეტი სოციალური გარანტიების შექმნისთვის არის საჭირო როგორც ევროკავშირში ისე აღმოსავლეთ ევროპაში“, -განაცხადა ევროპარლამენტის წარმომადგენელმა ანდრეი მამიკინსმა.
შრომითი უფლებების თემაზე, ევროკომისიის დასაქმების დირექტორატის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს, რომლებმაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო ამ ეტაპზე მუშაობს იმ ინსტიტუციების აღდგენაზე, რომელიც გაუქმებული იყო და ეს ეხება როგორც შრომის ინსპექციას ასევე, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების დაცვის საკანონმდებლო რეგულაციებს. „თითოეულ ინსტიტუციას აქვს თავისი როლი, ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთი ინსტიტუციების დაარსება ევროკავშირის ნორმების მიხედვით“, - განაცხადა მომხსენებელმა.
პარტნიორებისთვის პრიორიტეტულ საკითხზე ისაუბრა ექსპერტმა, პაატა ბელთაძემ, მისი თქმით, არაფორმალური ეკონომიკა არის კომპლექსური ფენომენი, რომელზეც ზეგავლენას ახდენს ეკონომიკური, კულტურული, სოციალური, ინსტიტუციური თუ სხვა ფაქტორები და რომლებიც თითოეულ ქვეყანაში ცვალებადია. მისივე თქმით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დასაქმებულები დასაქმების კანონით და სამუშაო ადგილების უსაფრთხოებით არ არიან დაცულნი.

მომხსენებელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არაფორმალურად დასაქმებულებთან დაკავშირებით არსებული სტატისტიკურ მონაცემებზეც გაამახვილა ყურადღება და პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ საკუთარი ხედვა წარადგინა.

სხდომაში ასევე, მონაწილეობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მაიკლ ნიუსონი, რომელმაც დელეგაციის წევრებს შრომითი მიგრაციის მართვის სტრატეგია გააცნო. ისაუბრა არალეგალური შრომითი მიგრაციის გამომწვევ მიზეზებსა და მისი დამარცხებისთვის საჭირო კომუნიკაციის საშუალებები მიმოიხილა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა სხდომაზე საქართველოში ამ მიმართულბით მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ინიცირებულ საპენსიო სისტემის გეგმაზე, რომელიც მისივე თქმით, პერსონალურ დანაზოგზე შეიქმნება. „ეს არის საუკეთესო გამოსავალი იმისთვის რომ თავი ავარიდოთ არაფორმალურ მუშაობას. არაფორმალური გზით შემოსავლების მიღება და არადეკლარირებული შრომის შესამცირებლად უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გუგული მაღრაძემ აღნიშნა, ვიზის ლიბერალიზაციამ საქართველოსთვის, წარმატების შესაძლებლობა შექმნა თუმცა, მისივე თქმით, ეს თავის მხრივ არის გამოწვევა, ვინაიდან გარკვეული ადამიანი ბოროტად იყენებს ვიზის ლიბერალიზაციის პირობებს და რჩებიან ევროპის ქვეყნებში, როგორც არალეგალური სამუშაო ძალა. დეპუტატი დაინტერესდა ჩვენი მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის კვოტირების საკითხით, თუ რა სტადიაშია ეს ინიციატივა, რადგან მისივე თქმით, ქვეყანას ჰყავს პროფესიონალი კადრები, რომლებიც შესაძლოა გარკვეული ვადით ლეგალურად სამუშაოდ წავიდნენ საზღვრებს გარეთ.

სხდომაზე მორიგ საკითხად ტუბერკულიოზის გავრცელების პრევენციაზე და აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს.

როგორც აღინიშნა, ტუბერკულიოზი დღემდე რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად, ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაძლიერდეს.

„ჩვენ გვჭირდება გადამჭრელი გზები და გაერთიანებული ძალისხმევა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე იმისთვის, რომ ბოლო მოვუღოთ ტუბერკულოზს 2035 წელს. ეს არის ამბიციური მიზნები. ტუბერკულოზით გარდაცვლილთა მონაცემები უნდა შემცირდეს 95%-ით, უნდა მოხდეს ტუბერკულოზის დაფინანსება ადგილობრივ დონეზე. დაავადებებისთვის საზღვრები არ არსებობს. აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა არის საჭირო იმისთვის, რომ რეაგირება მოვახდინოთ ამ დაავადების შესამცირებლად. იმისთვის, რომ დავამარცხოთ ტუბერკულოზი ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა და ინვესტიციების შემოტანა“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

სხდომების ფარგლებში განხილულ სამუშაო დოკუმენტებზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება და მას საბოლოოდ, ივნისში, ბრიუსელში გამართული ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია დაამტკიცებს.

კომიტეტის სხდომები საქართველოს პარლამენტში ორი დღეა მიმდინარეობს. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის საქართველოს პარლამენტს ევროპარლამენტის, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთის საპარლამენტო დელეგაციები ეწვია. სხდომებში მონაწილეობა მიიღეს მთავრობისა, ევროკომისიის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.






InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
 პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტში დღეს პროექტ „სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ეტაპი გაიმართება
საქართველოს პარლამენტში დღეს პროექტის - „სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ეტაპი გაიმართება.
 არჩილ თალაკვაძე- ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს
რაზეც ყველანი ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ
„გირჩის“ ახალი თავმჯდომარე - მოდით, გავერთოთ დღევანდელ დღეს, "გირჩის" გეგმები რაც იქნება, ერად შევიმუშავებთ სხვა დროს, როდესაც ამის განწყობაზე ვიქნებით
"გირჩის" თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს. კენჭისყრა და "გირჩის" ყრილობა გუშინ არაფორმალურ გარემოში ჩატარდა. წარდგენილ კანდიდატებს შეკრებილები
 ირაკლი კობახიძე - ახალ სახეებზე გუნდში მსჯელობა გრძელდება
ახალ სახეებზე გუნდში გრძელდება მსჯელობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის ფორმირებასა და სამთავრობო
„გირჩის“ ყრილობა მწვადის შეწვისა და მუსიკის ფონზე ჩატარდა
თან მწვადს ვწვავთ, თან ყრილობა გვაქვს, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ პარტიის ოფისში განაცხადა, სადაც ყრილობა არაფორმალურ
ირაკლი კობახიძე - ინიციატივაზე, რომლითაც დისციპლინური დევნა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც უნდა გავრცელდეს, მსჯელობა არ ყოფილა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილის ინიციატივაზე, რომლითაც დისციპლინური დევნა
ირაკლი კობახიძე მარათონს “თბილისი“ შეუერთდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 24 ივნისს მარათონს - “თბილისი“ შეუერთდება.
გია გაჩეჩილაძე - ეკონომიკური ზრდის პირობებში გამოთავისუფლებული თანხები ღარიბი ოჯახების ბავშვების დაფინანსებას მოხმარდება
ეკონომიკური ზრდის პირობებში გამოთავისუფლებული თანხები ღარიბი ოჯახების ბავშვების დაფინანსებას მოხმარდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის