არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3913
EUR
1 EUR
2.8107
RUB
100 RUB
4.0489
23-08-2017
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2017
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2017 დათო მაღრაძე - "სურთ, ჩვენი სახელმწიფოც ასე ამოაყირაონ და ცეცხლს მისცენ..."

კიდევ ერთი ჩამორთმეული უფლება - პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ვეღარ წარადგენს

დავით უსუფაშვილი - "ბათუმის მოვლენების "ნაციონალებზე" ჩამოკიდება მცდარი ნაბიჯი იქნება"

* * *
დათო მაღრაძე - "სურთ, ჩვენი სახელმწიფოც ასე ამოაყირაონ და ცეცხლს მისცენ..."

"ბოლო დროის ტენდენციად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში გამოიკვეთა ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობა. ისევე, როგორც თავის დროზე ამას ცდილობდნენ ფაშიზმის თუ ბოლშევიზმის დროს, დღეს ამის ავანგარდში აგრესიული ლიბერალიზმი მოგვევლინა. ალტერნატიულ რეალობაში ვგულისხმობ იმას, როდესაც იწყება მარადიული ღირებულებების გადაფასება. ამას შეიძლება ათი მცნების რევიზიაც ვუწოდოთ", - აცხადებს პოეტი დათო მაღრაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სურთ, ჩვენი სახელმწიფო ამოაყირაონ და ცეცხლს მისცენ..." / "შესაძლოა, ვინმეს ეგონა, რომ ვანდალური ფაქტი, რაც მოხდა ბათუმში, გამოდგებოდა ხალხის მასშტაბურად ქუჩაში გამოყვანისთვის. არ გამართლდა მათი მოლოდინი! არ უნდა საქართველოს მოსახლეობას არეულობა!" / "ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ატარებს ჩვენი ეროვნული იდენტიფიკაციის ნიშანს, რაც უნდა გვახსოვდეს ყველას და ეს კრიზისი დიდი განწმენდის დასაწყისად ვაქციოთ" / "ახლა სწორედ აღსარების დროა და არა ამ პრობლემატიკის ფერადი ბაფთებით შეფუთვისა და მიჩქმალვისა".


"გენიალური ფილოსოფოსი იმანუელ კანტი ამბობს, ორი რამ მაოცებს ქვეყანაზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზემოთ და ზნეობრივი კანონი ჩემშიო, აი, სწორედ ამ "ზნეობრივი კანონის" გადაფასებას ვარქმევ ალტერნატიული რეალობის შექმნის ფუჭ მცდელობას. ფუჭი კია, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე შედეგებით მთავრდება ამ ალტერნატიულ რეალობასთან ბრძოლა. ასე იყო ფაშიზმსა და ბოლშევიზმთან ბრძოლისას. დღეს პოლიტკონიუნქტურის შენიღბული დიქტატურა გამოაშკარავდა და ადამიანს უწევს ფიქრი იმაზე, როგორ მოერიოს ამ ახალ სახადს, რომელიც ძალიან ბევრი ნიღბით მოვიდა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე ჩვენს სამშობლოში. ჩემთვის აშშ თავისუფლების ხარისხით ნომერი პირველი ქვეყანაა. საერთოდაც, მისი მოქალაქეა თავისუფლება და არ არის მოულოდნელი, რომ ამ დიქტატურასთან ბრძოლაშიც ის პირველია. პირველმა სწორედ ამ სახელმწიფომ იგრძნო ის საფრთხე, რაც ადამიანს დაემუქრა... ეს დაადასტურა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა და ტრამპის გამარჯვებამ, როდესაც ამერიკის მოქალაქემ ამ საფრთხეს დაუპირისპირა თავისი მტკიცე ნება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დატო მაღრაძე.

"ალტერნატიული რეალობაა, როდესაც ცდილობენ, სამშობლოს პარალელურად შეგიქმნან "სამშობლო 2", დანომრონ დედ-მამა და დაარქვან "მშობელი 1" და "მშობელი 2" და ა.შ. საქართველოშიც დიდხანს ცდილობდნენ "საქართველო 2"-ის შექმნას, ამის კარგი მაგალითია "რუსთავი 2" და მისი საქმიანობა. იმ დროს, როდესაც ბათუმში მანქანები დაწვეს და სხვა ვანდალური დანაშაულები ჩაიდინეს, აჭარაში, შუახევში იმართებოდა პოეზიის ფესტივალი, რომელშიც ქართველი პოეტები მონაწილეობდნენ, ხვდებოდნენ აჭარელ მკითხველს, აცნობდნენ საკუთარ შემოქმედებას და საზოგადოება ამ მოვლენით ბედნიერი იყო - აი, სწორედ ეს არის ნამდვილი აჭარა, ხოლო, რაც ბათუმში ვნახეთ, ეს იყო ალტერნატიული "აჭარა 2"-ის შექმნის უბადრუკი მცდელობა. პოლიციის ამოყირავებული და ცეცხლმოკიდებული მანქანა არის სიმბოლო იმისა, რაც ამ ხალხს სურს, დამართოს საქართველოს. სურთ, ჩვენი სახელმწიფოც ასე ამოაყირაონ და ცეცხლს მისცენ...", -განაგრძობს რესპონდენტი.

"გამოძიებას არ დავასწრებ, მაგრამ გამოიკვეთა, ვინც არიან... ხომ ყველამ ვნახეთ, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იბრძოდნენ დიდი სულისკვეთებით იქ, ბათუმში, და ვინ უცხადებდა მათ სოლიდარობას. საქართველოს მოქალაქემ იმ ღამეს დაინახა, რომ მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც სრულიად ადეკვატურად მოქმედებდა. აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მტკიცე პოზიციაც, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მოქალაქემ კი დაინახა, რომ ჰყავს მთავრობა, მაგრამ ახლა საბოლოოდ უნდა დარწმუნდეს მის არსებობაში, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი ამისთვის. არავის გამოუვა ალტერნატიული სამშობლოს შექმნა, სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი დღეს რაფიელ ერისთავის სიტყვები: "როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!" - ამბობს პოეტი.

"საქართველოს მოსახლეობამ გამოიჩინა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სიბრძნე და არ აჰყვა პროვოკატორების მცდელობას... შესაძლოა, ვინმეს ეგონა, რომ ვანდალური ფაქტი, რაც მოხდა ბათუმში, გამოდგებოდა ხალხის მასშტაბურად ქუჩაში გამოყვანისთვის. არ გამართლდა მათი მოლოდინი! არ უნდა საქართველოს მოსახლეობას არეულობა! კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართველი საზოგადოება იმსახურებს ღირსეულ ხელისუფლებას. ის არც პროვინციულ შურისმაძიებლურ ვნებებს შეეგუა, არც გახრწნილ კორუფციას, არც აღმოსავლური დესპოტიის მსგავს რეჟიმს... მაქვს საფუძვლიანი იმედი იმისა, რომ ეს ხელისუფლება მოახერხებს და დაგვიმტკიცებს, რომ ღირსეულია და ნამდვილად იმსახურებს ქვეყნის სათავეში ყოფნას", - მიიჩნევს დათო მაღრაძე.

"ისევ შეერთებულ შტატებს რომ დავუბრუნდე, ის არის დღევანდელი სამყაროსთვის ტენდენციის მიმცემი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და ჩვენთვის. მაგრამ რაც ბოლო დროს საქართველოში აშშ-ის ელჩ იან კელის განცხადებებს მივადევნე თვალი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას უმალავენ დონალდ ტრამპის გამარჯვებას, ან შეიძლება მხოლოდ "რუსთავი 2"-ს უყურებს და იქ რაღაცას ატყუებენ. ზემოთ ნახსენები პოლიტკონიუნქტურის ტენდენციის მიმდევრებს შემონახული ჰყავდათ ოდესელი უმუშევარი, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რომელიც უკრაინაშიც აღარავის სჭირდება და მით უფრო არავის დასჭირდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, აშშ და ა.შ. რატომ ჰყავდათ შემონახული, რა ეგონათ, არ ვიცი... რადგან ალტერნატიულ რეალობაზე ვლაპარაკობ, აქვე უნდა გავიხსენო, რომ ამ ცოტა ხნის წინ "ერთსულოვნება 2"-იც ვნახეთ, როდესაც წმინდა სინოდმა მეუფე პეტრე ტელევიზიის დირექტორობიდან გადააყენა. როგორც სააკაშვილის პროკურორი, ისე იდგა თანამშრომლებთან ერთად მღვდელმსახური, რომლის სახელიც არ ვიცი, და სინოდის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა"- დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "როგორ აფასებთ ეკლესიის წიაღში განვითარებულ მოვლენებს, რისი მოწმენიც ბოლო დროს გავხდით..." - პასუხობს:

"სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა ძალიან უარყოფითი რეალობა დაგვანახა. ზედაპირზე ამოვიდა სატკივარი, რომელიც არსებობს საპატრიარქოში და არა ეკლესიაში. ალბათ, შეუძლებელია არ არსებულიყო, რადგან საზოგადოებაში არსებულ ცოდვასა და მადლს ირეკლავს საპატრიარქო. ჩვენი საზოგადოების წევრები არიან ღვთისმსახურებიც... ვფიქრობ, ეს კრიზისი უნდა გადაიზარდოს კათარზისში. ჩემი აზრით, ახლა სწორედ აღსარების დროა და არა ამ პრობლემატიკის ფერადი ბაფთებით შეფუთვისა და მიჩქმალვისა. ეკლესიის წიაღში არაერთი გულწრფელი მღვდელმსახურია, და როგორც ჩანს, საპატრიარქოში მართვისა და ადმინისტრირების პრობლემაც არის. გარკვეულწილად განახლებაც აუცილებელია. რაც არ ექვემდებარება განახლებას, ეს ღვთის სიტყვაა, დანარჩენი ყველაფერი შეიძლება განახლდეს. სამწუხაროდ, კრიზისის ნიშნები აქამდეც ჩანდა, დროდადრო კი განსაკუთრებით იჩენდა ხოლმე თავს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო როლანდ ახალაიას დაჯილდოებაც კმარა ამის მაგალითად... მე მაქვს პატრიარქის სიბრძნის იმედი და იმ მონასტრებში მცხოვრები ბერებისა, რომელთა ლოცვასაც უდიდესი ძალა აქვს. ჩემი აზრით, ახლა ამ სატკივრის დაძლევა ერისა და ბერის ერთობლივი საქმეა, ვინაიდან ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ატარებს ჩვენი ეროვნული იდენტიფიკაციის ნიშანს, რაც უნდა გვახსოვდეს ყველას და ეს კრიზისი დიდი განწმენდის დასაწყისად ვაქციოთ".

კიდევ ერთი ჩამორთმეული უფლება - პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ვეღარ წარადგენს

"პრეზიდენტს კიდევ ერთი უფლებამოსილება ჩამოერთმევა. საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს. როგორც საკონსტიტუციოს წევრები აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებით მათ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინეს. კომისიამ არ გაიზიარა იმ წევრთა აზრი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ პრეზიდენტს ეს ფუნქცია არ უნდა ჩამორთმეოდა, არამედ უნდა დამატებოდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მოსამართლეთა ორწვეროვანი დანიშვნა სამწვეროვანი გამხდარიყო, რაც პრეზიდენტის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის ერთობლივ ჩართულობას გულისხმობდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით კიდევ ერთი ჩამორთმეული უფლება / პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ვეღარ წარადგენს.

"უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინა წარმომადგენელი მინდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ კომისიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს დემოკრატიის განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია - "მე მომეჩვენა, რომ ამ საქმეზე არსებობდა როგორც ფორმალური, ისე არსებითი საფუძველი საიმისოდ, რომ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიღებულიყო. ორ რამეს მოგახსენებთ. პირველი - ვენეციის კომისიამ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია და მან უპირატესობა მიანიჭა იმ მოდელს, რომლის მიხედვითად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარადგინოს და არა პრეზიდენტმა. ეს არის ფორმალური საფუძველი, რომელიც რეალურ მოსაზრებებს ემყარება", - ამბობს უგრეხელიძე, რომლის მტკიცებით, არსებითი საფუძველი ფართო მკითხველისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც სპეციალისტები არ არიან, მარტივი გასაგები იქნება, რადგან "ჩვენ ვისწრაფვით დემოკრატიისკენ და თითოეული ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი სწორედ დემოკრატიის განვითარებისა და გაღრმავებისკენ უნდა იყოს მიმართული", - აღნიშნავს გამოცემა.

"შესაბამისად, რა უფრო დემოკრატიული იქნება - მოსამართლის კანდიდატურის ერთი ადამიანის მიერ არჩევა თუ ჯგუფის მიერ არჩევა, რომელშიც ერთიანდებიან როგორც მოსამართლეები, ისე მეცნიერები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები? მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, ამ საკითხზე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, მე მეშინია, არ იფიქრონ, რომ ეს დაკავშირებულია პრეზიდენტისადმი უარყოფით დამოკიდებულებასთან. პირადად მე მასთან და მის ოჯახთანაც ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ აქ საკითხი საქართველოს იურიდიული ინსტიტუტის განვითარებას შეეხება და, ამ თვალსაზრისით, სჯობს, ეს გაკეთდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მინდია უგრეხელიძე.

"საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის უფლებების სავარაუდო შეზღუდვასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებების განხორციელება, სავარაუდოდ, "ქართული ოცნება" სურვილი იქნებოდა. "საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. როგორც ჩანს, ეს არის მმართველი გუნდის პოზიცია. მე ვისურვებდი, რომ სასამართლოების დამოუკიდებლობისთვის უფრო მეტი გარანტიები შექმნილიყო და უფრო მეტად გაღრმავებულიყო, ვიდრე შეკვეცილიყო", - აღნიშნა ჩიხრაძემ. კომისიის გადაწყვეტილებისგან განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს, რომლის იდეის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის წარდგენის უფლება პრეზიდენტს კი არ უნდა ჩამორთმეოდა, არამედ მასთან ერთად იგი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა შეერჩია. თუმცა, როგორც "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, მისი იდეა უმცირესობაში მოჰყვა და კომისიამ არ გაიზიარა", - წერს სტატიის ავტორი.

"ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ აღნიშნული ცვლილება კონსტიტუციაში ჩაწერილიყო და ქმედითი უფელებამოსილებით ჩართულიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რაც საკონსტიტუციო კომისიამ გაიზიარა და პრეზიდენტი ჩაანაცვლა იუსიტიციის უმაღლესმა საბჭომ. მე ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებაზე უკეთესი გამოსავალი იქნებოდა, რომ დღევანდელ მოდელს დამატებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო და დღეს მოქმედი ორწვეროვანი დანიშვნა - პრეზიდენტი პლუს პარლამენტი - შეცვლილიყო სამწვეროვანით. მგონია, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო გადაწყვეტილება. თუმცა, სამწუხაროდ, ჩემი პოზიცია უმცირესობაში აღმოჩნდა", - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახუშტი მენაბდე.


დავით უსუფაშვილი - "ბათუმის მოვლენების "ნაციონალებზე" ჩამოკიდება მცდარი ნაბიჯი იქნება"

"სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს მეოთხე არჩეული ხელისუფლებაც წინამორბედთა მსგავსად ვერ ახერხებს ქვეყნის მართვას სახელმწიფო ინსტიტუტებითა და სახელმწიფოებრივი მიდგომებით. "ქართული ოცნება" იყო ქვეყნის "მაშველი რგოლი", რომელიც ”მარყუჟად” გადაქცევის გზას დაადგა. ჩვენივე "მდიდარი" გამოცდილება კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ განვლილი გზის გაგრძელება აღარ შეიძლება - ძველებურად მორიგი დარაზმვა მორიგი ხელისუფლის შესაცვლელად მორიგ ჩიხამდე მიგვიყვანს", - აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით უსუფაშვილი: "ნუ მივიყვანთ საქმეს უკიდურესობამდე, თორემ..." / "ქართული ოცნება" ­ იყო მაშველი რგოლი, რომელიც "მარყუჟად" გადაქცევის გზას დაადგა" .

"მსოფლიო უწესრიგობის ეპოქის დადგომით დასრულდა ის ეპოქაც, როდესაც ქვეყანა მსოფლიო პროცესების დინებას იყო მინდობილი. დადგა საკუთარი ქვეყნის საკუთარი ძალებით პატრონობის დრო, რისთვისაც არც სახელმწიფო ინსტიტუტებია მზად და არც პოლიტიკური­ სისტემა. ჩვენი სახელმწიფოებრიობა დიდწილად პირობითობაა, რომელიც სასწრაფოდ შინაარსითაა შესავსები. საჭიროა საზოგადოების გამოყვანა პოლიტიკური აპათიიდან და მისი ფოკუსირება ეროვნულ-სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა აზრი და შანსი კვალიფიციური და უნარიანი პოლიტიკური პარტიის ფორმირებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სათავეში ჩაუდგება კოალიციურ მთავრობას და დაუდებს სათავეს დემოკრატიული ინსტიტუტებით მმართველობას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპსონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.

"სწორედ ამ ხედვითა და თანამიმდევრობით შევუდექი პროცესს, რომელიც არც იწყება და არც დაიყვანება პოლიტიკური პარტის შექმნამდე. მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ნაკლებად ვზრუნავ იმ ხალხის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე, ვისაც მხოლოდ ის აინტერესებს, "ვინ" გამოვჩნდებით და "ვის" შევერკინებით. მაინტერესებს და ანგარიშს ვუწევ იმ ხალხის კითხვებს, რჩევებს და მოლოდინს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რა, "რისთვის" და "როგორ", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვას - "რაც შეეხება სხვა მიმდინარე საკითხებს. რა კონკრეტული ფაქტების საფუძველზე ავითარებთ ვერსიას, რომ ბათუმში ვანდალური დარბევა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ორგანიზებული იყო?" - პასუხობს:

"ვთქვი და ვიმეორებ, ამ მოვლენების "ნაციონალებზე" ჩამოკიდება მცდარი ნაბიჯი იქნება და კვლავ ვერ მოგვარდება ის შიდასახელისუფლებო სისტემური პრობლემები, რომლებიც ამ შემთხვევაშიც მკაფიოდ გამოვლინდა. "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა სცადეს არეულობის ცეცხლზე ნავთის დასხმა, რაც დასაგმობია, მაგრამ თუ "ოცნების" უმრავლესობიდან ვინმე სერიოზულად ამტკიცებს, რომ ამ მოვლენების განვითარების ჯაჭვის ყველა რგოლი "ნაცმოძრაობის" შემოქმედებაა, მაშინ იგი იმასაც სერიოზულად ამბობს, რომ აჭარას (და არა მარტო) კვლავ "ნაცმოძრაობა" მართავს".

"ვაფასებ პრემიერისა და კიდევ არაერთი მინისტრის თუ პარლამენტის წევრის თავდადებას, შრომას და ბრძოლასაც, მაგრამ ამის გამო ვერ იცვლება ის ჯიუტი რეალობა, რაც ბათუმის კრიზისმა სააშკარაოზე გამოიტანა. მეტიც, მასირებული მცდელობა იმისა, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მოქმედებები კარგად გააზრებულ ტაქტიკად თუ გეგმად წარმოჩნდეს, კიდევ უფრო ამძიმებს მძიმე რეალობას. შესაძლოა, ჩემმა ყოფილმა კოლეგებმა "ოცნებიდან" მკითხონ, ისევ აქ, ჩვენ გვერდით რომ იყო, იმავეს არ შეეცდებოდიო? ჩემი გულწრფელი პასუხი იქნებოდა: კი, ალბათ, რამე მაგდაგვარს ვიტყოდი, რათა "მეფის სიშიშვლე" ცოტა მიგვეჩქმალა იმ იმედით, რომ მალე რაღაცებს როგორმე მივალაგ-მოვალაგებდით", - განმარტავს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

"თუმცა სანაცვლოდ ჩემი ყოფილი კოლეგებისგანაც ასეთივე გულწრფელ პასუხს ველი კითხვაზე - "ახლა აქ, ჩემ გვერდით რომ იდგეთ, რას იტყოდით?" დარწმუნებული ვარ, იტყოდნენ, რომ ამჯერად ბედმა გაგვიღიმა და უფრო დიდ უბედურებას შემთხვევით გადავრჩით არა ხელისუფლების გამჭრიახობის, არამედ სახელისუფლებო სისტემის პარალიზებულობის გამო. იტყოდნენ, რომ ვიხილეთ თავგზააბნეული ხელისუფლება; იტყოდნენ, რომ ვერ ვიხილეთ სპეციალურად ასეთი ვითარებისთვის შექმნილი და აღჭურვილი სპეციალური უწყების, კრიზისების მართვის ცენტრის მოქმედების კვალიც კი; იტყოდნენ, რომ პატრულის მიერ აჭარლების შეურაცხყოფის თაობაზე აგორებული კამპანია ან თავად სპეცსამსახურების შემოქმედებაა, ან მათი წაყრუების გარანტიით მოქმედი სხვა ძალის. კიდევ ბევრ რამეს იტყოდნენ, რასაც ახლა არ ვიტყვი იმ იმედით, რომ მთავრობა თავად არ დაიჯერებს იმას, რასაც ჩვენ გვეუბნება, და გააკეთებს იმას, რაც იქნებ ჯერ კიდევ შესაძლებელია", - დაასკვნის დავით უსუფაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.08.2017
სოსო ცინცაძე - "ოცნების" ყველაზე დიდი ტრაგედია: ივანიშვილის სახით დაკარგა გამარჯვების გარანტია"

საქართველო ცეცხლის ალში - რატომ იწვის სავაჭრო ცენტრები და ტყეები

"გაისროლე-დაივიწყე-მოარტყი" - მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მნიშვნელობა საქართველოსთვის

ზაფხულის პერიოდში საწვავის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა
ხათუნა ლაგაზიძე - "უბარიერო სისტემა პარლამენტს დიდ ქარვასლად აქცევს"

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკება ჩიხში შედის

ალეკო ელისაშვილი - "ქართული ოცნების" ტყუილები ყელში ამოგვივიდა, გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ!"
საკონსტიტუციო ცვლილებების ციებ-ცხელება თავიდან - ვინ რა დათმობაზე წავა

რამდენად რეალურად მიგაჩნიათ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება?

5 წელიწადში საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთის 35-მა მოქალაქემ მიიღო
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2017
ვახტანგ ძაბირაძე - "მეორე ტურში გასვლის ყველაზე მეტი შანსი ელისაშვილს აქვს"

100-ათასიანი რუსული არმია ნატოს საზღვრებთან და უკრაინული სცენარის მოლოდინი ბელარუსში

ელექტროენერგიის გაძვირების საკითხს მთავრობა პრინციპულად არ ეშვება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2017
თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგი არჩევნებამდე 2 თვით ადრე

არის თუ არა მთავრობა პასუხისმგებელი "ჯემ-ფესტის" მოვლენებზე?

რკინიგზის "პიარის" განცხადებამ პროფკავშირი აღაშფოთა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.08.2017
დაითვალეთ დეციბელები - ხმაურისთვის დაჯარიმების კანონი ამოქმედდა

სამშენებლო კომპანიების 25% გაკოტრდა!

შეძლებენ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმების მიღწევას?
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2017
რუსი ”პრანკერების” აუდიოჩანაწერი - სპეცოპერაცია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ

არის თუ არა მისაღები მომავალი საპარლამენტო არჩევნებისას ბარიერის გაუქმება?

რეგიონებში 6 ადამიანიდან 5 დაუსაქმებელია
გია ხუხაშვილი - "ხელისუფლებამ ძალიან დაბეჯითებით უნდა აგვიხსნას, რა ხდება, ნარკობარიგები ციხეში უნდა ვნახოთ!"

შედგება თუ არა  ქუცნაშვილის დაანონსებული საკადრო გადაადგილება და რომელ მინისტრებს შეეხება ცვლილებები

ლადო პაპავა - "კომბლედან" ვაშლამდე მისული მინისტრი სასაცილო აღარ არის, ის უკვე მავნეც ხდება"
სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს სასამართლო მოუგო

მასშტაბური ქართულ-ამერიკული საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა ოფიციალურად იწყება

როგორ აფასებთ სკოლებში ვაშლების დარიგების გადაწყვეტილებას?
რითია განპირობებული გუბერნატორების მასობრივი ცვლილება?

დიდი ომის უკუათვლა დაიწყო

საცალო ქსელში საწვავმა გაძვირება დაიწყო