არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7137
EUR
1 EUR
3.1897
RUB
100 RUB
4.6071
24-11-2017
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2017
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2017 "საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმის ჩატარებას "ოცნება" არ დაუშვებს"

უნდა გაუქმდეს თუ არა ეროვნული უშიშროების საბჭო?

ვახტანგ ძაბირაძე - "მმართველ გუნდს ეძლევა დიდი ფორა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს"

* * *
"საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმის ჩატარებას "ოცნება" არ დაუშვებს"


"ქართული ოცნება" კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვას 2 კვირაში დაიწყებს, თუმცა პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ აუცილებელია დღის წესრიგში რეფერენდუმის ან პლებისციტის საკითხი დადგეს და ამომრჩეველმა ოფიციალურად დააფიქსიროს სურს თუ არა "ოცნების" მიერ შემოთავაზებული შეცვლილი კონსტიტუცია. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კონსტიტუციის პროექტს ყველა ოპოზიციური პარტია მიუღებლად მიიჩნევს და საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს უცხადებს. პლიუს, ექსპერტებისა და არასამთავრობოების დიდი ნაწილიც დიდი კრიტიკით გამოდიან და შაბათს კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე პროექტისთვის ხმის მიცემას არ გეგმავენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე / "ოცნება" არ დაუშვებს რეფერენდუმის ჩატარებას, რადგან მშვენივრად იციან როგორი განწყობებია საზოგადოებაში".

"პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, როდესაც პოლიტიკური პარტიები არ მონაწილეობენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში და მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტია ერთპიროვნულად წყვეტს ყველა საკითხს, რაც ქვეყნის უზენაეს კანონს ეხება, რეფერენდუმის ჩატარება აუცილებელია, თუმცა ამბობს იმასაც, რომ მმართველი პარტია ამას არაფრით დათანხმდება. "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებელი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ არც მმართველ პარტიას და არც ოპოზიციას არ აძლევს რეფერენდუმის ჩატარება - "ქართული ოცნება" არ დაუშვებს რეფერენდუმის ჩატარებას, რადგან მმართველ პარტიაში მშვენივრად იციან როგორი განწყობებია საზოგადოებაში, ოპოზიცია კი არ შეეცდება საკონსტიტუციო ცვლილების რეფერენდუმზე გატანა მოითხოვოს, რადგან მას ხელს აძლევს ხელისუფლება საზოგადოებასთან დაპირისპირებაში შევიდეს და ამით "ცოტათი მაინც გაცოცხლდეს ნახევრად მკვდარი ოპოზიცია"... პოლიტოლოგების თქმით, ხალხს საკუთარი პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილება არ მოსწონს, უკვე დაფიქსირებული აქვს - აპრილის დასაწყისში "აირაის" კვლევა გამოქვეყნდა, სადაც გამოკითხულთა 92%-მა თქვა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით, ხალხის მიერ არჩევას ემხრობა და ეს ერთი საკითხის მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩეველს "ოცნების" მიერ დაწერილი კონსტიტუციის პროექტი არ მოსწონს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ როდესაც "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს, ის შეეცდება კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებები შეიტანოს, რომელიც ერთ კონკრეტული პარტიის ინტერესებს მოერგება. აქედან გამომდინარე, რეფერენდუმის ჩატარება ძალიან კარგი იდეაა, რადგან თითოეულ მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. მისი თქმით, რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობაც არსებობს, თუ 200 ათასი ადამიანის ხელმოწერა მოგროვდება, თუმცა რამდენად დათანხმდება ამას "ქართული ოცნება", ეს სხვა საკითხია. "როცა გამოკითხულთა 92% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა, უკვე აშკარაა, რომ მოსახლეობა უფრო "ოცნებისგან" განსხვავებულ იდეებს დაუჭერს მხარს და ამიტომაც "ოცნების" ინტერესებში არ შედის რეფერენდუმი. დემოკრატიულ ქვეყნებში ამის მაგალითია შვეიცარია, სადაც პლებისციტი და რეფერენდუმი მუდმივად ტარდება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ეს იქნება საგარეო პოლიტიკა თუ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხები", - ამბობს ჩიტაძე, რომლის თქმით, "იგივე რეფერენდუმით გადაწყდა ევროკავშირში გაწევრიანებაც და ჩვენ ასეთ დემოკრატიულ ქვეყნების მაგალითს მივბაძოთ", - განაგრძობს გამოცემა.

"საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებელი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ რეფერენდუმი და პლებისციტი ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ ამას "ქართული ოცნება" არ დაუშვებს - "კონსტიტუციის დამკვეთი ხალხია და წესით, პოლიტიკური ელიტა, როგორც ხალხის მსახური, ამ დაკვეთებს უნდა ასრულებდეს. ხელისუფლება კი ჯიუტად ცდილობს, რომ ამის საპირისპიროდ მოიქცეს. ბუნებრივია, პლებისციტის ან რეფერენდუმის ინიცირებაც ხელისუფლების მხრიდან უნდა მოხდეს და ისინი ამას არ დაუშვებენ, რადგან მშვენივრად იციან, როგორი განწყობებია საზოგადოებაში. ისინი კი ამბობენ, რომ არ ენდობიან კვლევებს, მაგრამ კვლევა შეიძლება მახინჯდებოდეს 5-7%-ით, ხოლო როდესაც 92% გეუბნება, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული, შენ კი ჯიუტად მაინც შენსას იძახი, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციაში დაინტერესებული არ ხარ, ხალხის აზრი არ გაინტერესებს", - ამბობს ხუხაშვილი, რომლის თქმით, ისინი სინამდვილეში არანაირ სახალხო განხილვებს არ აპირებენ. იმიტომ, რომ ხალხის განწყობა უკვე დაფიქსირებულია", - დასძენს გამოცემა.

"პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება შეეცდება ვითომ საერთო-სახალხო განხილვა დაიწყოს, შეკრიბოს თავისი აქტივისტები დარბაზებში და "იაფფასიანი სპექტაკლები გვაჩვენონ". ხუხაშვილი ამბობს იმასაც, რომ არც ოპოზიცია შეეცდება საკონსტიტუციო ცვლილების რეფერენდუმზე გატანა მოითხოვოს. "ოპოზიციას ბევრჯერ დაუქადნია და არ გაუკეთებია. თან ვთვლი, რომ ოპოზიციას პოლიტიკურად ხელს აძლევს კიდეც ხელისუფლებამ რაც შეიძლება მახინჯი კონსტიტუცია დადოს. ეს ოპოზიციას პოლიტიკური პროცესის გამწვავების, კრიზისის შექმნის გარკვეულ პერსპექტივას შეუქმნის. პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, რაც უფრო მეტ შეცდომებს დაუშვებს ხელისუფლება დღეს, ნახევრად ცოცხალი ოპოზიციისთვის ის უკეთესია, მისთვის ეს გაცოცხლების შანსია. ხელისუფლების საზოგადოებასთან დაპირისპირება ოპოზიციას აძლევს ხელს. სხვა საკითხია, მოახერხებენ ამა თუ არა ტემპერატურის აწევას" - განმარტავს ხუხაშვილი, რომლის აზრით, როდესაც ხელისუფლება უპირისპირდება არა მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას, არამედ ხალხის განწყობას, ეს ცეცხლთან თამაშია", - წერს სტატიის ავტორი.

უნდა გაუქმდეს თუ არა ეროვნული უშიშროების საბჭო?

"საკონსტუტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომლის ნაცვლად მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს ჩამოყალიბდება ეროვნული თავდაცვის საბჭო. მას საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. ეროვნული თავდაცვის საბჭო საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე იფუნქციონერებს. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის განცხადებით, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და რუსეთის ფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ მუდმივად ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, უშიშროების საბჭოს გაუქმება სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია. მისი განცხადებით, ასეთ ვითარებაში ქვეყანა 24 საათის განმავლობაში უნდა ზრუნავდეს უსაფრთხოებაზე. "დარწმუნებული ვარ, საზოგადოება, რომელიც მიუხედავად იმასა, ის არის თუ არა დეტალებში ჩართული, ნათლად დაინახავს იმ საფრთხეს, რომელიც ამ ცვლილებიდან მოდის და შესაბამის სიტყვას იტყვის", - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა. უნდა გაუქმდეს თუ არა ეროვნული უშიშროების საბჭო? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" ტრადიციულ რუბრიკაში მოსაზრებები.

"არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუქმდეს. ძალიან მყარი და სისტემური სტრუქტურაა. ძალიან დიდი პროცენტია იმისა, რომ აღნიშნული საბჭოს გაუქმებამ, საფრთხის შემთხვევაში, ქვეყნის უსაფრთხოებაში სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. არაფრით არ უნდა დაუშვან და არ მესმის, ასეთი გადაწყვეტილება რატომ არის მიღებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბედის ანაბარა ვრჩებით", აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კინომცოდნე ლელა ოჩიაური.

"ეროვნული უშიშროების საბჭო ამჟამად რა ფუნქციას ასრულებს - ფაქტობრივად, იკრიბებიან და მსჯელობენ იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში დგას. არსებობს ორი საბჭო. ერთი პრეზიდენტთანაა, მეორე პრემიერ-მინისტრთან. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ახალი სტუქტურა შეიქმნას. ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ, თუ დიდი რისკ-ფაქტორები წარმოიქმნება, კოორდინაციის ფორმატი შეიძლება სხვა არსებობდეს, რომელიც პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, თავდაცვის მინისტრს და უშიშროების მინისტრს შორის უნდა იყოს", - აღნიშნავს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

"ვფიქრობ, რომ უშიშროების საბჭო არ უნდა გაუქმდეს. ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტის პრაქტიკულად გაუქმებასთან გვაქვს საქმე. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროცესების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ის, რომ ერთპიროვნული მმართველი იყოს ქვეყანაში. ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ აღმოსავლურ-რუსული ტიპის დიქტატურულ სახელმწიფოდ არ ჩამოვყალიბდეთ. დემოკრატიულ საქართველოს მსგავსი კონსენსუსის მიღება ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს. იმდენად მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანას ცდილობენ, რომ აღნიშნული საკითხი, მათ შორის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის საკითხი, უნდა იქნას რეფერენდუმზე გატანილი. ხალხმა გადატყვიტოს როგორი სახელმწიფო უნდათ", - მიიჩნევს ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი.

"ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი, თავდაცვის საბჭო რამდენად საჭიროა და რას აკეთებს. ზოგადად ის ცვლილებები, რაც შემოაქვთ, რატომ კეთდება, ვერ ვხვდები. არ მესმის. არავინ ამას არ ხსნის. თქვეს, სახალხო მჯელობა იქნებაო, მაგრამ არ არის", - ამბობს მომღერალი ირმა სოხაძე.

"ჩემი აზრით, არ უნდა გაუქმდეს. ეროვნული უშიშროების საბჭოს აქვს ისეთი დატვირთვა, რომელიც ქვეყანაში უნდა არსებობდეს. საჭიროა არსებობდეს - მით უმეტეს, გეოპოლიტიკურ სიტუაციას და ქვეყნის მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ. ამ სტრუქტურამ სწორად უნდა იფუნქციონიროს. ზოგადად ყველაფრის გაუქმებას არ მივესალმები", - დასძენს იურისტი ქეთი ბექაური.

ვახტანგ ძაბირაძე - "მმართველ გუნდს ეძლევა დიდი ფორა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს"

"ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. ეს პარტიები ყველა უკლებლივ თავიდან ასახელებდა მიზეზს, თუ რატომ არიან საკონსტიტუციო კომისიაში - ეს იყო საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესი. არც ერთი საკითხი არ იქნა გადაწყვეტილი, როგორც ითხოვდნენ. ყველამ იცოდა, რომ ასე იქნებოდა... უბრალოდ, ზოგმა ჩათვალა, რომ პირველს უნდა გაეჯახუნებინა კარი, ვიღაცამ კი ჩათვალა ბოლომდე ჩავყვებით და არ ექნება ხელისუფლებას სათქმელი - დატოვეს და ამიტომ ვერ გავითვალისწინეთ მათი აზრიო... ამ ქვეყანაში კონსტიტუციას მუდამ ქმნიდა ერთი პარტია. დღესაც ვერ ავცდით იგივეს - მმართველი ძალა ეცადა ყველაფერი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა", - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მმართველ გუნდს ეძლევა დიდი ფორა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს" / ვახტანგ ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებები საკუთარ თავზე მოსარგებად სჭირდება.

"არ ვიტყოდი, რომ პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის გაძლიერება ხდება. უბრალოდ, მმართველ პოლიტიკურ გუნდს ეძლევა დიდი ფორა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ლეგიტიმურად, ანუ კონსტიტუციის გზით. რა თქმა უნდა, საპარლამენტო რესპუბლიკა მისაღებია და ვთვლი, რომ ასეთი მმართველობა უნდა იყო ქვეყანაში ჩვენთან კონცეპტუალურად არასდროს არ ხდება კონსტიტუციის შეცვლა. ყველამ იცის, რომ ხელისუფლებას ეს ცვლილებები სჭირდება იმიტომ, რომ საკუთარ თავზე მოირგოს. იმდენი ითქვა, რომ შერეული სისტემა არის უვარგისი, მისი დატოვება უკვე თავისთავად იქნებოდა წამგებიანი. ამიტომ გადავედით ვითომ პროპორციულზე, რომელიც შედეგის თვალსაზრისით, შერეულისგან დიდად არ განსხვავდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"საპარლამენტო მმართველობამ პირველ რიგში უნდა გამოიწვიოს ოპოზიციის გაძლიერება. პარლამენტში ერთი და ორი პარტიის კი არა, მრავალი პარტიის წარმოჩენას უნდა შეუწყოს ხელი. თუ ეს არ ხდება, მაშინ გნებავთ სპარლამენტო დაარქვით, გნებავთ სხვა რამე. საპარლამენტო მმართველობის ხიბლი ისაა, რომ ოპოზიციამ პარლამენტიდან აკონტროლოს ხელისუფლება. ხელისუფლება ამბობს, რომ საარჩებნო სისტემა სჭირდება იმიტომ, რომ იყოს სტაბილური ხელისუფლება. მე კიდევ ვთვლი, რომ ქვეყნის პრობლემა ისაა, რომ ყოველთვის გვყავდა სტაბილური ხელისუფლება, რომლის შეცვლასაც ვერ ვახერხებდით, რომ არა რევოლუცია - სტაბილური ხელისუფლება არ ნიშნავს პოლიტიკურ სტაბილურობას. ჩვენ რა გვინდა - სტაბილური ხელისუფლება თუ ქვეყანა? ეს ორის სხვადასხვა რამეა, ხელისუფლებას კი ამის ერთად წარმოჩენა უნდა", - დაასკვნის ანალიტიკოსი.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2017
კვამლი თბილისის თავზე

თვლით თუ არა, რომ სპეცოპერაცია წარმატებით ჩატარდა?

"ენგურჰესი" მთლიანად სეპარატისტებმა "გადაიბარეს"?!
"ჯაველინები" მხოლოდ დასაწყისია - კიდევ რა იარაღს ელიან თბილისში აშშ-ისგან

შეძლებს თუ არა მერია ელიავას ბაზრობის პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარებას?
ბრალის დამტკიცება ექსტრადიციისათვის

რა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული საქართველოს მოქალაქეების უკრაინიდან დეპორტაცია?

დენის გაძვირებამდე რამდენიმე დღე დარჩა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.11.2017
ხათუნა ლაგაზიძე - "ოცნებას" კიდევ მოუწევს უფრო რედიკალური სამთავრობო ცვლილებების გატარება"

აზარტულ მოთამაშეთა ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოთი მოითხოვონ მათთვის თამაშის აკრძალვა

"კანონიერი ქურდები" დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2017
შვეიცარიელი მებაჟეები ფსოუზე და როკის გვირაბთან, შესაძლოა, უკვე დეკემბრის ბოლოს ჩადგნენ

შიდა დაპირისპირება მმართველ პარტიაში

რამდენად სამართლიანი იყო იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველზე გამოთქმული მოსაზრება?
ლარი 2.50-მდე დიდხანს ვერ ჩამოვა!

გჯერათ თუ არა, რომ მთავრობა შეძლებს ლარის ვარდნასთან დაკავშირებულ პრობლემასთან გამკლავებას?

მე-7 საუკუნის ძეგლიდან - ატენის სიონიდან 15 მეტრში მშენებლობა მიდის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2017
ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებს

ხალხი ყოველდღე ლარის დასამარებას უყურებს - "ასე თუ გაგრძელდა, ქვეყანაში სოციალურ ამბოხსაც მივიღებთ"

მისაღებია თუ არა სამინისტროებში საკადრო შემცირებები?
მორიგი საკადრო "ბიძინიადა" - ივანიშვილის ორი ყველაზე სანდო კადრი

თქვენი აზრით, ვინ უნდა აგოს ლარის კატასტროფულ გაუფასურებაზე პასუხი?

მსუბუქ მანქანებს 2019 წლამდე ტექდათვალიერება არ შეეხება
დიდი ოპტიმიზაცია

წყლის გაძვირება სულ უფრო რეალური ხდება!

თქვენი აზრით, რითი არის სამთავრობო ცვლილებები განპირობებული?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2017
ვახტანგ ძაბირაძე - დიდი სამთავრობო "გადატვირთვა"!

რუსეთი ახალ აბრეშუმის გზაზე "სარკინიგზო ომს" იწყებს

ძირითად პარტიებს + ჯიბის პარტიები = ფინანსურ მაქინაციას