არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 08.11.2017
ვის აირჩევს ივანიშვილი პრეზიდენტად 2018-ში?

რამდენად პერსპექტიულია სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის ასეთი ფორმულირებით მიღება?

თანამედროვე ტექნიკამ მოზარდებს უამრავი დაავადება შეჰყარა

***
ვის აირჩევს ივანიშვილი პრეზიდენტად 2018-ში?

“მომავალ ოქტომბერს პრეზიდენტს მოსახლეობა ბოლოჯერ აირჩევს არა 5, არამედ 6 წლის ვადით და "ქართულ ოცნებაში" სავარაუდო კანდიდატებზე მსჯელობა-განხილვა კულუარებში უკვე დაიწყეს კიდეც. "ოცნებაში" ყველა დარწმუნებულია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს, თუმცა მანამდე გუნდის შიგნით რამდენიმე კანდიდატურა განიხილება და საუბარია იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და თბილისის მერ კახა კალაძეს შორის ერთგვარი შიდა კლანური შეჯიბრია იმაზე, ვინ შეძლებს ივანიშვილის დარწმუნებას, რომ კანდიდატად მისი ფრთის წარმომადგენელი დაასახელოს. ამ ეტაპზე მომავალ პრეზიდენტობის კანდიდატად არცთუ ცოტა გვარი განიხილება და საუბარია, რომ მომავალ თვეებში განხილვა-გაანალიზების შემდეგ ამ გვარებიდან მოხდება შერჩევაც. მაგალითად, მედიაში გავრცელდა, რომ ე.წ. კვირიკაშვილის გუნდიდან სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატად შესაძლოა, დასახელდეს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. ასევე ითქვა, რომ კახა კალაძის ე.წ. გუნდიდან სურვილია დასახელდეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, თუმცა თალაკვაძეს ასაკი უშლის ხელს, ის მხოლოდ 34 წლისაა და დღეს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ვის აირჩევს ივანიშვილი პრეზიდენტად 2018-ში?

"ასაკის პრობლემა არ აქვს და საუბარია, რომ ივანიშვილმა შესაძლოა, მომავალ პრეზიდენტად დაასახელოს 2 წლის წინ მთავრობის მეთაურობის პოსტიდან მოულოდნელად გადამდგარი ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტის კანდიდატად დაასახელოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილიც. პოლიტოლოგების პროგნოზით, მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატის მთავარი კრიტერიუმი აუცილებლად იქნება სრული ერთგულება და ის, რომ მისგან თუნდაც უმცირესი სიურპრიზის მოლოდინი არ უნდა არსებობდეს. პლუს, რადგანაც კონსტიტუციით პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, კანდიდატი საგარეო საკითხებში უნდა იყოს გარკვეული. ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ვარაუდობს, რომ ივანიშვილი აუცილებლად განიხილავს: ერთ კანდიდატად - ღარიბაშვილს, რადგან ის იყო მისი სურვილების უსიტყვო შემსრულებელი, რომელსაც "ორჯერ განმეორება არ სჭირდებოდა" და თან, ერთგვარ დამნაშავედაც გრძნობს თავს, რადგან ამ ერთგულების მოუხედავად, მოულოდნელად გადააყენა თანამდებობიდან, მეორე კანდიდატად - სალომე ზურაბიშვილს, რომელიც მართალია, მისი პარტიის წევრი არ არის, მაგრამ "ქართული ოცნების" ნებისმიერ გადაწყვეტილებას თუ სურვილს აქტიურად უჭერს მხარს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ცისკარიშვილის მტკიცებით, საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდება არა "ოცნების" შიგნით არსებული რომელიმე კლანის მიერ მოწონებული კანდიდატი, არამედ უშუალოდ ის, ვისაც ივანიშვილი მოიწონებს. ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი, სახელსა და გვარს მნიშვნელობა არ აქვს. მოთხოვნილებები სრულიად მკაფიოა: პირველი - მან უნდა დატოვოს პრეზიდენტის სასახლე, მეორე - არანაირი მცდელობა არ უნდა ჰქონდეს რეალური ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა, არ უნდა იყოს პრინციპული, იმდენად ჯიუტი, რომ მისი პრივატიზაცია ვერ მოხდეს, რისი სურვილიც დღევანდელმა პრეზიდენტმა ვერ გაუმართლა ჩვენს "მეოცნებეებს. ჩამონათვალი ძალიან მწირი იქნება, რადგან ჩვენ კადრებთუხუცესს არ ჰქონდა საშუალება, ფართო საზოგადოებასთან ხანგრძლივი ურთიერთობა ჩამოეყალიბებინა. დიდი ალბათობით, ამ თანამდებობაზე შეიძლება ვიხილოთ ქალბატონი, რომელსაც პრაქტიკულად არ ექნება შესაბამისი უფლებები, ის იქნება იმდენად მორჩილი, რომ ვერანაირ კრიტიკულ ხმას ვერ გავიგონებთ. ცისკარიშვილის თქმით, ჩვენ ერთი და იმავე ფორმულით ვადევნებთ თვალს არჩევნებს და ფაქტია ის, რომ თუ მაჟორიტარს "მეოცნებეების" მხარდაჭერა არ აქვს, ის წარმატებული ვერ ხდება და სალომე ზურაბიშვილის კანდიდატად განხილვა გამოსარიცხი არ არის. ასევე არ გამოირიცხება, რომ უახლოეს პერიოდში გალაღებული რომელიმე ელჩად მყოფი ქალბატონიც ვნახოთ განსახილველთა შორის. ასევე, ძალიან დიდი მოულოდნელობა იქნება, თუ ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად არ განიხილა მისი ყველაზე უფრო სანდო პირი - ბატონი ღარიბაშვილი, რომლის მიმართაც თავს დამნაშავედ თვლის, რადგან მას მოუწია, მოულოდნელად გადაეყენებინა პრემიერ-მინისტრობიდან იმის გამო, რომ მისი გამოსვლა საკუთარი საქმიანობის 2 წლის შედეგების გაჟღერებისას მიუღებელი იყო კრემლის მწყემსისთვის. ეს ის პერიოდია, როდესაც პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უვიზო რეჟიმს შემოიღებდა, ღარიბაშვილმა კი შემაჯამებელ გამოსვლაში რუსეთი საერთოდ არ ახსენა. ამის შემდეგ არ ყოფილა არც ერთი საჯარო გამოსვლა, სადაც კადრებთუხუცესს არ შეექო მის მიერ მოულოდნელად გაბითურებული პრემიერ-მინისტრი და ამიტომაც, თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი განსახილველი კანდიდატი ღარიბაშვილი იქნება“, - განაგრძობს გამოცემა.

"პოლიტოლოგ და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, ვინ შეიძლება განიხილებოდეს, თუმცა თვლის, რომ "ოცნება" პრეზიდენტად ისეთ ადამიანს შეარჩევს, ვინც რაიმე სიურპრიზს არ შესთავაზებს და ასევე "თუ იმისდა მიხედვით ვიმსჯელებთ, რა გამოცდილებაც ანახა მარგველაშვილის პრეზიდენტობამ, ახალგაზრდა და ენერგიით სავსე ადამიანი ცოდვაა ამ თანამდებობისთვის, რადგან პრეზიდენტი ვერანაირ გადაწყვეტილება ვერ იღებს. საყვარელიძის თქმით, ამ ადგილისთვის ჯანელიძე ცოდვაა, რადგან ის საკმაოდ პროდუქტიულად მუშაობს, მის ხელში სამინისტრომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და მოწყვიტო მუშაობას და მოლოდინის რეჟიმში დასვა, ეს გამართლებული არ იქნება. თუმცა გამართლებულია იმ თვალსაზრისით, რომ პრეზიდენტი მაინც უფრო საგარეო სფეროში ფიგურირებს და ჯანელიძე ყველაზე უფრო კომპეტენტური იქნება ამ მხრივ. ღარიბაშვილის კანდიდატურაც ცოდვაა, ენერგიული რომ არის, ვნახეთ და მგონია, რომ ვერ ჩაეტევა იმ ფარგლებში, რასაც კონსტიტუცია პრეზიდენტისთვის იძლევა. მგონია, რომ შეეცდება ეს ფარგლები გაარღვიოს. ასევე არ მგონია, რომ თალაკვაძე იყოს დასახელებული, ისიც ახალგაზრდა კაცია და მას მგონი, ასაკიც არ უწყობს ხელს. მისი თვალსაზრისით, "ოცნების" კრიტერიუმებია, რომ არ იყოს ძალიან ახალგაზრდა, არ იყოს მოლოდინი მისგან რაიმე სიურპრიზისა და ასევე საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილების მქონე იყოს, ასეთად მას თედო ჯაფარიძე წარმოუდგენია“, - დასძენს გამოცემა.

"საყვარელიძის თქმით, მეჩვენება, რომ თედო ჯაფარიძე საგარეო ურთიერთობების პატრიარქია დღევანდელ საქართველოში, მას ამ ურთიერთობებში გამოცდილებაც აქვს და მისი კანდიდატურა მისაღები იქნება. საგარეო ურთიერთობების ანალოგიური პატრიარქია ირაკლი მენაღარიშვილი, ის დღეს გამდგარია საერთოდ პოლიტიკისგან, თუმცა შეიძლება, მისი ეს განდგომა გამოიყენოს ადამიანმა. საყვარელიძის თქმით, ივანიშვილი დაასახელებს თუ არა კანდიდატს, ეს არ იცის, რადგან ბოლო ხანებში ის აშკარად ცდილობს, პოლიტიკას თავი აარიდოს. კალაძესა და კვირიკაშვილს შორის კი შესაძლოა, კალაძე უფრო გავლენიანი იყოს, რამდენადაც, კალაძე ახალი და ენერგიული ფიგურაა და თან ის ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსია. კვირიკაშვილი კი პარტიის მიერ მიღებული ხმებითაა და მისი გადაყენებაც ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე - კალაძისა, ამიტომაც პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში, დიდი ალბათობაა, კალაძის კანდიდატურა დასახელდეს. ამბობს, რომ ზაფხულამდე ალბათ არ დასახელდება კანდიდატი, მაგრამ მომავალი წლის ადრეული გაზაფხულიდან უკვე შეგვეძლება ვიგრძნოთ, ვის დასახელებას აპირებს მმართველი ძალა, რადგან სავარაუდო კანდიდატი ამ დროიდან გააქტიურდება და პოლიტიკურ პროცესებშიც უფრო წინა პლანზე გადმოვა. წარდგენას რაღაც უვერტიურა ექნება და ალბათ ვიგრძნობთ, საით უბერავს ნიავი," - წერს სტატიის ავტორი.

რამდენად პერსპექტიულია სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის ასეთი ფორმულირებით მიღება?

"ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა პეტიცია განიხილა, რომლის მთავარი მოთხოვნაა, სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვა და დასჯად ქმედებად განსაზღვრა. პეტიციას ათასი მოქალაქე აწერს ხელს, რომელთა განცხადებით, პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს ცვლილებები შრომის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში. "საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება, ასევე - სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა. სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში, უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნით დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა. სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობასა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას," - ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ პეტიციაში. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პარლამენტში წარდგენილი პეტიციის განხილვა მიზანშეწონილად ჩათვალა და შემდგომი მსჯელობისთვის გენდერულ საბჭოს გადაუგზავნა", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, რამდენად პერსპექტიულია სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის ასეთი ფორმულირებით მიღება?

"ჩემი აზრით, ეს ჩანაწერი გადამწყვეტი არ იქნება ამ პრობლემის მოსაგვარებლად. თვითონ საზოგადოება უნდა იყოს იმ შეგნების, რომ ამ სახის შევიწროებას ადგილი არ ჰქონდეს, თორემ მარტო კანონით ამის დარეგულირება შეუძლებელი იქნება", - აღნიშნავს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე

"ამ საკითხზე სულ ვფიქრობ მას შემდეგ, რაც საშინელი სკანდალები აგორდა ამასთან დაკავშირებით. სულ მიჩნდება კითხვა, ტყუილად ხომ არ დევნიან-მეთქი იმ კაცს, ყველა უფროსი და პროდიუსერი სექსუალური მანიაკი როგორ აღმოჩნდა? აქამდე ხმას რატომ არ იღებდნენ?! მერე ისე არ მოხდეს, რომ ეს გახდეს ადამიანების დევნის საფუძველი. ამის მეშინია, რის გამოც ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ამ კანონის ამოქმედებას.", - მიიჩნევს ხელოვნებათმოცოდნე დოდო ხურცილავა

"კანონში თუ ჩაიწერება, ძალიან კარგია, თუმცა ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, ისეთი აგრესიულია სექსუალური შევიწროების საკითხების მიმართ, რომ ძალიან მეეჭვება, იმოქმედოს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც", - აცხადებს პოეტი მიხეილ ღამიშაშვილი

"არა მგონია, ამ კანონმა იმოქმედოს იმიტომ, რომ ვისაც უნდა სექსუალურად ვინმეს შევიწროება, ამას მაინც გააკეთებს და ვისაც უნდა ამის მსხვერპლი იყოს, ის მაინც მსხვერპლი გამოვა. ამიტომ, არა მგონია, ამ კანონის ამოქმდებას რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს", - დასძენს მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე

თანამედროვე ტექნიკამ მოზარდებს უამრავი დაავადება შეჰყარა

"თანამედროვე ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულობა ცუდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, განსაკუთრებით კი - მოზარდებზე. ფსიქოლოგებისა და მეცნიერების დაკვირვებით, ბავშვები საუბარზე ადრე პლანშეტისა და კომპიუტერის ხმარებას სწავლობენ, ეს კი მათი კომუნიკაციის უნარს აქვეითებს. ამასთან, სამეცნიერო კვლევა უმოძრაობას, ხანგრძლივ ჯდომასა და ქრონიკულ დაავადებებს შორის არსებულ კავშირს ადასტურებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის 60-დან 85 პროცენტამდე ფიზიკურად არააქტიურია და მათი ცხოვრების სტილი თანდათან უფრო მჯდომარე ხდება. ორგანიზაცია იმასაც ამბობს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 2 მილიონი ადამიანის დაღუპვა სწორედ მათ უმოძრაობას უკავშირდება. აღნიშნული გარემოება სიკვდილის ან უნარშეზღუდულობის გამომწვევ 10 მთავარ მიზეზს შორის სახელდება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით თანამედროვე ტექნიკამ მოზარდებს უამრავი დაავადება შეჰყარა / ბავშვებს დეგრადირებული აქვთ ხერხემალი, დაქვეითებული - მხედველობა, მეტყველება და აზროვნებაც კი

"უმაძრაობას ადამიანი პატარა ასაკიდანვე ეჩვევა. ბავშვებისა და მოზარდების კომპიუტერთან გატარებულმა დიდმა დრომ შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს როგორც ფსიქიკურად, ასევე ჯანმრთელობის კუთხით. თეკლა მაისურაძე ერთ-ერთი მშობელია, რომლის შვილსაც, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების გამო, მეტყველების პრობლემა შეექმნა: თეკლა მაისურაძის თქმით, მას სამ-ნახევარი წლის ბიჭი ჰყავს. ძალიან აქტიური ბავშვია ფიზიკურად, თუმცა სერიზული პრობლემები აქვს მეტყველების მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ მალე ოთხის გახდება, ჯერ არაფერს ამბობს. ერთი წლის იყო, როდესაც დამოუკიდებლად დაიჭირა პლანშეტი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ იმის შემდეგ ნიკოლოზის საყვარელი ნივთი გახდა. მის გარეშე აღარც ჭამს და აღარც იძინებს, შესაბამისად, იძულებული ვიყავი, მის ახირებას დავმორჩილებოდი, რომ ბავშვი მშიერი არ დარჩენილიყო. ახლა კი ვხვდები, სერიოზული პრობლემის წინაშე ვარ. ფაქტობრივად, ისეა მიჯაჭვული პლანშეტს, რომ ჩვენთან კომუნიკაციას არც კი ცდილობს. მისთვის ყველაფერი საინტერესო იმ ეკრანზე ჩანს. როდესაც ბაღში მივიყვანე, იქ მასწავლებლებმა მითხრეს, რომ უფრო მეტად აქტიურობს და ცდილობს რაღაც სიტყვების თქმას. ჩემი შეცდომა აღარ უნდა გაიმეორონ ახლბედა მშობლებმა და არ მისცენ პატარებს იმის საშუალება, ასე გახდნენ დამოკიდებულები ტექნიკაზე, რადგან ეს მათ ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. აჯობებს, ბავშვმა არ ჭამოს, იტიროს და არ დაიძინოს, ვიდრე მეტყველების უნარი დაკარგოს და მომავალშიც ხერხემლის პრობლემები გაუჩნდეს კომპიუტერთან ჯდომის გამო", - აღნიშნავს გამოცემა

"ინგლისელი ფსიქოლოგების კვლევის საფუძველზე, მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ შვილს სერიოზული საფრთხე ემუქრება, ვინაიდან კვლევებმა ცხადყო, რომ კომპიუტერისაკენ სწარფვამ შესაძლოა, 10 წლამდე ასაკის ბავშვის განვითარება შეაფერხოს და დათრგუნოს მოძრავი თამაშის, თანატოლებთან ურთიერთობის ინტერესი. ფსიქოლოგიური პრობლემის გარდა, ხშირია აშკარად შესამჩნევი ჯანმრთელობის პრობლემებიც. მოზარდებში ძალიან იმატა მხედველობის პრობლემამ. უკვე ყოველი მესამე ბავშვი სათვალეს ატარებს, გაზრდილია ხერხემლის სხვადასხვა ტიპის დაავადებები. პედიატრი ქეთინო გოგოლაძე სწორედ ამ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას: ქეთინო გოგოლაძის თქმით, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ხშირდება ისეთი ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც მხედველობის სერიზული პრობლემები აღენიშნებათ. სქოლიოზი უკვე სათვალავში აღარ მიიჩნევა, რადგან ყოველ მეორე ადამიანს აქვს. პრობლემა უფრო მეტად მშობლებშია, ვიდრე ბავშვებში. რთულია, იყო მოზარდი და არ გაგექცეს თვალყური საინტერესო ინტერნეტთამაშებისკენ. ყველაფერი კარგია დოზირებულად, თუმცა გადაჭარბებით როცა ხდება, ეს უკვე მშობელმა უნდა გააკონტროლოს. როგორ შეიძლება, 2 წლის ბავშვი ისე ვერ დაიმორჩილო, რომ დღე და ღამე კომპიუტერთან იჯდეს?! როდესაც ექიმთან სისხლის ანალიზებზე დაჰყავთ, მაშინაც კი პლანშეტით ხელში მოდიან და ასე აკავებენ ბავშვებს, რადგან არ სურთ, ორი წუთი მათი ტირილი აიტანონ, შემდგომ რისკფაქტორებზე კი არავინ ფიქრობს“, - დასძენს გამოცემა

"გოგოლაძის თქმით, მშობლებმა აუცილებლად უნდა დაიმახსოვრონ, რომ ჯანმრთელობის გაუარესება ეკრანთან გატარებული დროის პირდაპირპროპორციულია. მოზარდებში ძალიან გახშირებულია ნეკნოვანი კუზი, რომელსაც ასევე იწვევს დიდი ხნით ჯდომა. ამ ყველაფრის გამოსწორებას კი საათობრივი ვარჯიში და, პირველ რიგში, სწორი განრიგი სჭირდება. დღეში სამი საათი მაქსიმუმია, რისი გატარებაც შეუძლია მოზარდს კომპიუტერთან. ამ დროის გადანაწილება კი მშობელმა საჭიროებისამებრ უნდა მოახერხოს. რაც შეეხება უკვე მიღებული პრობლემების დაძლევას, ეს მიიღწევა მხოლოდ სწორი მკურნალობითა და აქტიური სპორტული ცხოვრებით. სქოლიოზის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ექიმები მოზარდებში სწორედ კომპიუტერთან ჯდომას ასახელებენ. გარდატეხის ასაკი და წინარე პერიოდი ის დროა, როდესაც ხერხემალი იწყებს ჩამოყალიბებას. ეს ძალიან რთული გადასატანია ორგანიზმისთვის და ამ დროს საჭიროა ზუსტად შერჩეული სპორტის სახეობა, რათა ბავშვებმა დროის უმეტესი ნაწილი კომპიუტერთან ჯდომას არ დაუთმონ“, - წერს სტატიის ავტორი
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
"მთავარია, გქონდეს ფული..." - სამი კაცის დამჭრელის გამოშვების გამო საზოგადოებაში აღშფოთება არ ცხრება

სწორია თუ არა სასამართლო, როცა 3 კაცის დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გამოუშვა?

ახალი ომის კერა ჩვენს საზღვრებთან - ერდოღანი სირიელ ქურთებს იერიშით ემუქრება
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში
ხათუნა ლაგაზიძე - "2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია"

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია" - საიას ხელმძღვანელი

ლადო პაპავა - "ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან..."