არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7137
EUR
1 EUR
3.1897
RUB
100 RUB
4.6071
24-11-2017
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2017
მიწის მორატორიუმმა საპარლამენტო უმრავლესობა ორ ჯგუფად გახლიჩა

მეორე ტურის ყველაზე ცხელი წერტილები

უნდა უჩივლოს თუ არა თბილისის მერიამ "სიტი პარკს" სასამართლოში?

* * *
მიწის მორატორიუმმა საპარლამენტო უმრავლესობა ორ ჯგუფად გახლიჩა

"მიწის მორატორიუმთან დაკავშირებით ბანკებისთვის გამონაკლისის დაშვების საკითხის განხილვა პარლამენტმა შეაჩერა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ამბობს, რომ მასში კიდევ შევა გარკვეული ცვლილებები, რაზეც მსჯელობა მიმდინარეობს. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ პარლამენტი მიწების მორატორიუმზე ბანკების კატეგორიულ მოთხოვნას ასე ადვილად ვერ გაიტანს. საპარლამენტო უმრავლესობამ საკითხის განხილვა სექტემბრის დასაწყისში დაჩქარებული წესით დაიწყო, თუმცა პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ პროცესი აღარ გაგრძელებულა. საკითხს მმართველი გუნდი არც არჩევნების შემდეგ განახლებული მოსმენის ფარგლებში დაბრუნებია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მიწის მორატორიუმმა საპარლამენტო უმრავლესობა ორ ჯგუფად გახლიჩა / "ბოლო წლებში კომერციული ბანკების მიმართ საეჭვოდ იჩენენ ზედმეტად ლოიალურ დამოკიდებულებას".

"საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მასში, შესაძლოა, კიდევ შევიდეს ცვლილებები, რაც მსჯელობის საგანია. "საკითხს ვნებათაღელვა მოჰყვა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. გარკვეულმა ძალებმა ისე გაიგეს, თითქოს საზოგადოების საწინააღმდეგოდ კეთდებოდა. ასეთი ფონი რომ არ შექმნილიყო, დამატებითი კითხვები არ გაჩენილიყო და ყველასთვის დეტალურად აგვეხსნა, საკითხის განხილვა დროებით შეჩერდა. სწორედ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, საკითხს დარეგულირება აუცილებლად სჭირდება", - განაცხადა ოხანაშვილმა. დეპუტატი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, როდის დაუბრუნდება პარლამენტი კანონპროექტის განხილვას, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ პროექტის მიღება წლის ბოლომდე მოხდეს. "რეზონანსის" ინფორმაციით, მიწის კანონთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი ბანკებზე გამონაკლისის დაშვებას ეწინააღმდგება, ხოლო მეორე ჯგუფი ბანკების ლობისტად არის ქცეული. აგრარული კომიტეტის წარმომადგენელთა უმეტესობა არსებული ფორმით კანონპროექტის განხილვაზე უარს ამბობს. მათ მიაჩნიათ, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი განსხვავებული მიდგომა დაუშვებელია და არ უნდა არსებობდეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"აგრარული სფეროს სპეციალისტები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, რომ მიწა საფინანსო ორგანიზაციებზე გასხვისდეს. აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება, ბანკი მიწის მესაკუთრე გახდეს, მთავრობამ ასეთი პრეცედენტი არ უნდა დაუშვას. "წარმოუდგენელია, გირაოში ჩადებული მიწა კომერციულ ბანკს საკუთრებად გადაეცეს - მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. კიდევ რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით კანონი ძალაში შევა პრეზიდენტის ახალი უფლებამოსილების აღიარების შემდეგ, ანუ 2018 წლის ნოემბერში. ბანკების საკითხს პარლამენტი დაუბრუნდება, მაგრამ ასე ადვილად ვერ გაიტანს, როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია. ადრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსაც კი მისცეს მიწის ყიდვის უფლება, რაც იყო აბსურდი. ჩვენი წინააღმდეგობის შემდეგ ეს თემა უკუაგდეს, ასევე მოხდება ბანკების მიმართაც", - აცხადებს კოღუაშვილი. სპეციალისტები ამბობენ, რომ მათი მხრიდან ამდენი ხნის "ბრძოლას" არ ექნება აზრი, თუკი კომერციულ ბანკებს მიწის დასაკუთრების საშუალებას მისცემენ, რითაც, ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის რესურსს ჩაუგდებენ ხელში. პროფესორ ჯუმბერ ფაჩულიძის აზრით, მთავრობა თუკი გადაწყვეტილებას საფინანსო ორგანიზაციების სასარგებლოდ მიიღებს, ქვეყნის ინტერესების საზიანოდ წავა", - განაგრძობს გამოცემა.

"გადაწყვეტილებას იღებენ ისე, რომ ბოლომდე არ იხსნებიან. რატომ გაკეთდა ასე, ჩემთვის გაუგებარია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდათ, მოასწრონ და ქვეყნის ყველაზე მთავარი რესურსი ბანკებს ჩაუგდონ ხელში. ბოლო წლების განმავლობაში კომერციული ბანკების მიმართ საეჭვოდ იჩენენ ზედმეტად ლოიალურ დამოკიდებულებას. საინტერესოა, ვინ ლობირებს საბანკო სექტორს ქვეყანაში? ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და ახლა მიწას მიადგნენ. ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, ძალისხმევა არ დავიშურეთ, რომ მიწის მორატორიუმისთვის მიგვეღწია, რათა სასოფლო-სამეურნეო მიწა არ გაყიდულიყო უცხოელებზე და ახლა მთელი შრომა წყალში ჩაგვეყრება, თუკი ეს საკითხი ისევ დადგება დღის წესრიგში. ასე არ შეიძლება! ქართული მიწა საქართველოს და ქართველი ხალხის კუთვნილებაა. მორატორიუმი გამონაკლის შემთხვევებს არ უნდა ცნობდეს, მით უმეტეს, ბანკებთან დაკავშირებით. ხალხს უარს ვერ ეუბნებიან, ვერ წავიდნენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ახლა ბანკების საშუალებით ცდილობენ ჩვენი მიწის უცხოელებზე გასხვისებას. რეალურად არაფერი იცვლება, საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება მოჩვენებითი მორატორიუმი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯუმბერ ფაჩულიძე.

"პარლამენტში სექტემბერში დარეგისტრირდა და, ბიუროს გადაწყვეტილებით, დაჩქარებული წესით დაიწყო "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვა, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე და, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არ გავრცელდება. კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან ორი წლის ვადაში ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე გაასხვისონ. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, ასევე, გათვალისწინებულია მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა შესაბამისი არგუმენტაციით უნდა მიმართოს დარგში პოლიტიკის განმახორციელებელი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელიც შესწავლის შემდგომ საკითხს განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას წარუდგენს. პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ილია წულაია", - წერს სტატიის ავტორი.

მეორე ტურის ყველაზე ცხელი წერტილები

"ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, ქუთაისი, ოზურგეთი და მარტვილი - ის ქალაქებია, სადაც მერის არჩევა 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ვერ მოხერხდა და ხვალ მეორე ტური იმართება. არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანში "ოცნებას" ძალაუფლების დათმობა მოუწიოს და მოვლენები თიანეთის ანალოგიური სცენარით განვითარდეს, სადაც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა არჩევნები 1 ხმით წააგო. ყველაზე ცხარე ბრძოლა ოზურგეთსა და ბორჯომშია მოსალოდნელი, სადაც კონკურენტები ერთმანეთს სხვადასხვა ბრალდებას უყენებენ. ამასთან დაკავშირებით უწყებათაშორის კომისიაში არაერთი საჩივარია შესული. აღსანიშნავია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. ჩამოთვლილი 6 ქალაქიდან 2-ში - ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურში სწორედ მათი წარმომადგენლები უნდა დაპირისპირებოდნენ "ოცნების" კანდიდატებს. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტეს, ბოიკოტირება არაფერს ცვლის და ბიულეტენებში ჩვეულებრივ დაიბეჭდება კანდიდატის სახელი და გვარი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გაიმარჯვა, მას შეუძლია, დაწეროს განცხადება და უფლებამოსილება მოიხსნას, ან ჩვეულებრივ შეუდგეს მერის საქმიანობას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მეორე ტურის ყველაზე ცხელი წერტილები.

"შეგახსენებთ, რომ ამ 6 ქალაქში პირველ ტურში ასეთი შედეგებია: ყაზბეგი: "ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი - 44,62%, "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" კანდიდატი სანდრო ყამარაული - 26,85%; ხაშური: "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი - 42,24%, დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე - 18,48%; ბორჯომი: "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან ლიპარტია - 40,35%, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე - 40,15%. ოზურგეთი: "ქართული ოცნების" კანდიდატი ბეგლარ სიორიძე - 43,35%, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე - 41,86%; მარტვილი: "ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა - 49,76%; "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მამუკა დანელია - 35,81%; ქუთაისი: "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი ჭიღვარია 48,75%, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე - 26,89%. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, უწყებათაშორის კომისიაში ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად განიხილავენ მეორე ტურის წინ ოზურგეთში არსებულ სიტუაციას", - აღნიშნავს გამოცემა.

"იგი მოუწოდებს ყველა იმ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობისა თუ მერობის კანდიდატს, სადაც არჩევნების მეორე ტური იმართება, იმოქმედონ დემოკრატიული პრინციპებით და არჩევნები ჩაატარონ კონკურენტულ და მშვიდობიან გარემოში - "მე, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, ვისურვებდი, ვისურვებდი, რომ ოზურგეთში და ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური ტარდება, პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის მთავარ ეროვნულ ინტერესს, რომელიც გულისხმობს მშვიდობიან, თანასწორ და კონკურენტულ პირობებში არჩევნების ჩატარებას. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კანდიდატებმა უნდა უზრუნველყონ, რომელი პარტიის წარმომადგენელიც უნდა იყოს ის", - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე ორი დღის განმავლობაში აცხადებდა, რომ მისი შტაბის წარმომადგენელი გიორგი როყვა გაუჩინარდა, რაშიც ბრალს სდებდა ოზურგეთის მერობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან" ბეგლარ სიორიძეს. ორდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცავებმა როყვა ქობულეთში იპოვეს. როგორც მან თქვა, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ იყო დასასვენებლად გასული და მასზე არანაირი ზეგავლენა არ ყოფილა. საპირისპიროს ამტკიცებს მისი თანაგუნდელი, შარაშენიძის ოზურგეთის რაიონის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი სირაძე, რომელიც იმ "ესემესებს" აქვეყნებს, გიორგი როყვა გაუჩინარებამდე რომ სწერდა და შველას სთხოვდა", - დასძენს გამოცემა.

"რეზონანსი" ცდილობდა გიორგი როყვასთან დაკავშირებას, თუმცა ტელეფონი გამორთული აქვს. ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ კი მოუცლელობის გამო ჩვენთან კომენტარი არ ისურვა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში მისი კონკურენტი კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის ყოფილი გამგებელი და "ქართული ოცნების" ყოფილი წევრია. სხვა რეგიონებში არჩევნების მეორე ტურის წინ მსგავსი მძიმე ინციდენტი არ მომხდარა, თუმცა წინასაარჩევნო დაძაბულობა მეტ-ნაკლებად მაინც იგრძნობა. ბორჯომში ახლა მეტოქეები, მანამდე კი თანაგუნდელები ერთმანეთს აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე ზეგავლენაში ადანაშაულებენ - "ჩემს მხარდამჭერებზე საშინელი ზეგავლენა ხდება. თბილისიდან მთელი ძალოვნები არიან ჩამოსული... სამუშაო საათებში ყველა მასწავლებელი "ოცნების" შტაბში როგორ იკრიბება", - ამბობს "პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე. "ქართული ოცნების"" კანდიდატი ლევან ლიპარტია კი, პირიქით, კონკურენტს პარტიის წევრებსა და აქტივისტებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაში ადანაშაულებს", - წერს სტატიის ავტორი.

"კანდიდატის მხარდამჭერზე ზემოქმედების ერთი ფაქტი გახმაურდა ხაშურშიც. არასამთავრობო ორჰანიზაციის "სამართლიანი არჩევნები" ინფორმაციით, მათ დაუკავშირდნენ დამოუკიდებელი კანდიდატის - რამაზ ნოზაძის შტაბის წევრები და კომპანია "სავანეში" მომუშავე გიორგი ზღუდაძის მიმართ მუქარის შესახებ შეატყობინეს. მან ორგანიზაციის წარმომადგენლებს პირად საუბარში უთხრა, რომ მას სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, თუ "ქართული ოცნების" კანდიდატ გიორგი გურასპაშვილის სასარგებლოდ არ იმუშავებს", - დასძენს სტატიის ავტორი.

უნდა უჩივლოს თუ არა თბილისის მერიამ "სიტი პარკს" სასამართლოში?

"თბილისის მერი კახი კალაძე "სიტი პარკთან" სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს. მისი თქმით, კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება შესასწავლია. "სიტი პარკი ძალიან უხეშად ექცევა ადამიანებს, რაც გამაღიზიანებელია", - აცხადებს კალაძე. თბილისის აწ უკვე ყოფილი მერის - დავით ნარმანიას განცხადებით კი, "სიტი პარკთან" ხელშეკრულება სამართლებრივ ნაწილში იმდენად კაბალურია, რომ მას ეჭვი ეპარება, რომ მისმა თანაგუნდელმა ამაში წარმატებას მიაღწიოს. "ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ "სიტი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება გახდებოდა საჯარო. გრიფი მოვხსენით და დღესაც მერიის საიტზე დევს ეს ხელშეკრულება. ეს არის კაბალური ხელშეკრულება, რომლის მოშლის შემთხვევაში თბილისის ხელისუფლებას, მინიმუმ, 25 მილიონი უნდა გადაეხადა. ჩვენ ყველა სამართლებრივი გზით და მოლაპარაკებით ვეცადეთ, რომ ისინი გონივრულ მოლაპარაკებაზე წამოგვეყვანა და არაერთხელ შევთავაზეთ ხელშეკრულებაში ცვლილებები. რამდენიმე ძალიან ცხარე კამათი და შეხვედრა იყო პირადად ჩემთანაც, ვერ მივაღწიეთ მოლაპარაკებას. ადმინისტრაციულად რამდენჯერმე იყვნენ დაჯარიმებული, თუმცა სამართლებრივ ნაწილში ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, რაღაც სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ყოველი შემთხვევისთვის კარგია, რომ კიდევ უფრო მეტი რამის ცდა მოხდება", - განაცხადა ნარმანიამ, რომლის აზრით, "ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რომ "სიტი პარკის" მტაცებლური პოლიტიკა რამენაირად შეიცვალოს", - მიმართავს "გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - უნდა უჩივლოს თუ არა თბილისის მერიამ "სიტი პარკს" სასამართლოში?

"ეს დაპირება წინა მერსაც ჰქონდა, თუმცა არაფერი გაუკეთებია. "სიტი პარკი" მართლაც მოუშორებელი ჭირია, ამიტომ დიდი მოლოდინი არ მაქვს. თუმცა, ვფიქრობ, ამ საქმეს მერიამ აუცილებლად უნდა მიხედოს"", აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი.

"აუცილებლად და რაც უფრო მალე იზამენ ამას, მით უკეთესი", - მიიჩნევს რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი.

"სასამართლო თუ უშველის - კი, მაგრამ გამოიღებს ეს შედეგს?! მარტო კალაძე არ უნდა დარჩეს ერთი-ერთზე. "სიტი პარკი" არის ნამდვილი მონსტრი, მას ასე ადვილად კალაძეც ვერ მოერევა. ამიტომ საჭიროა სხვა სახის მექანიზმების გამოყენებაც. სიტი პარკი", დიდი ხანია, რაც მოსაშორებელია. დავით ნარმანიამ ვერ მოიშორა, თუმცა ნამდვილად ცდილობდა, მქონდა ამ საკითხზე მასთან საუბარი. ამ ხელშეკრულებაში ისეთი რაღაცებია ჩადებული, რომ ვერაფერს შვრებიან. ამიტომ კალაძე მოერევა თუ არა, ეჭვი მეპარება. ზოგადად კი, მერობის ასე დაწყება რამდენად კარგია, არ ვიცი. მე მგონი, სხვა რაღაცაა მოსაფიქრებელი", - ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

"ამის სამართლებრივი მხარე, დარწმუნებული ვარ, ქალაქის მერს უკეთ მოეხსენება. რადგან ამბობს, ეტყობა ამის საფუძველი აქვს. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი რიგზე რომ არ არის "სიტი პარკთან" და საერთოდ პარკირებასთან დაკავშირებით, ფაქტია, კითხვის ნიშნები რომ ჩდება, სრულიად ბუნებრივია. ეს სამართლებრივ სიბრტყეში გადავა თუ არა, ამაზე ვერ გიპასუხებთ", - დასძენს მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი გია ბაღაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2017
კვამლი თბილისის თავზე

თვლით თუ არა, რომ სპეცოპერაცია წარმატებით ჩატარდა?

"ენგურჰესი" მთლიანად სეპარატისტებმა "გადაიბარეს"?!
"ჯაველინები" მხოლოდ დასაწყისია - კიდევ რა იარაღს ელიან თბილისში აშშ-ისგან

შეძლებს თუ არა მერია ელიავას ბაზრობის პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარებას?
ბრალის დამტკიცება ექსტრადიციისათვის

რა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული საქართველოს მოქალაქეების უკრაინიდან დეპორტაცია?

დენის გაძვირებამდე რამდენიმე დღე დარჩა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.11.2017
ხათუნა ლაგაზიძე - "ოცნებას" კიდევ მოუწევს უფრო რედიკალური სამთავრობო ცვლილებების გატარება"

აზარტულ მოთამაშეთა ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოთი მოითხოვონ მათთვის თამაშის აკრძალვა

"კანონიერი ქურდები" დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2017
შვეიცარიელი მებაჟეები ფსოუზე და როკის გვირაბთან, შესაძლოა, უკვე დეკემბრის ბოლოს ჩადგნენ

შიდა დაპირისპირება მმართველ პარტიაში

რამდენად სამართლიანი იყო იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველზე გამოთქმული მოსაზრება?
ლარი 2.50-მდე დიდხანს ვერ ჩამოვა!

გჯერათ თუ არა, რომ მთავრობა შეძლებს ლარის ვარდნასთან დაკავშირებულ პრობლემასთან გამკლავებას?

მე-7 საუკუნის ძეგლიდან - ატენის სიონიდან 15 მეტრში მშენებლობა მიდის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2017
ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებს

ხალხი ყოველდღე ლარის დასამარებას უყურებს - "ასე თუ გაგრძელდა, ქვეყანაში სოციალურ ამბოხსაც მივიღებთ"

მისაღებია თუ არა სამინისტროებში საკადრო შემცირებები?
მორიგი საკადრო "ბიძინიადა" - ივანიშვილის ორი ყველაზე სანდო კადრი

თქვენი აზრით, ვინ უნდა აგოს ლარის კატასტროფულ გაუფასურებაზე პასუხი?

მსუბუქ მანქანებს 2019 წლამდე ტექდათვალიერება არ შეეხება
დიდი ოპტიმიზაცია

წყლის გაძვირება სულ უფრო რეალური ხდება!

თქვენი აზრით, რითი არის სამთავრობო ცვლილებები განპირობებული?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2017
ვახტანგ ძაბირაძე - დიდი სამთავრობო "გადატვირთვა"!

რუსეთი ახალ აბრეშუმის გზაზე "სარკინიგზო ომს" იწყებს

ძირითად პარტიებს + ჯიბის პარტიები = ფინანსურ მაქინაციას