არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4478
EUR
1 EUR
2.8458
RUB
100 RUB
3.9292
16-07-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2017
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2017 ვახტანგ ძაბირაძე - დიდი სამთავრობო "გადატვირთვა"!

რუსეთი ახალ აბრეშუმის გზაზე "სარკინიგზო ომს" იწყებს

ძირითად პარტიებს + ჯიბის პარტიები = ფინანსურ მაქინაციას

* * *
ვახტანგ ძაბირაძე - დიდი სამთავრობო "გადატვირთვა"!

"მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები შესაძლოა აუცილებელიც კი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს გააზრებულად და სისტემურად, სხვა შემთხვევაში ისევ ბლეფს მივიღებთ. იმედია, ეს არ იქნება მხოლოდ ხელოვნური შეერთება და მას ექნება კარგად გააზრებული მოტივი, თორემ ასე სამინისტროების შეერთება-დაცალკევების მეტი რა ვნახეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში, თუმცა არსებითად ეს ვერაფერს ცვლიდა ხოლმე. მიმაჩნია, რომ ამ სამინისტროების შერწყმა სრულიად მისაღებია, მთავრობა უფრო მობილური გახდება, მაგრამ საინტერესოა, რა კონცეფციის ჩარჩოში მოექცევა ეს ცვლილებები, შეამცირებენ თუ არა შტატებს და ა.შ. კონცეფციაში ვგულისხმობ იმას, რომ ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდეს, რას წარმოადგენს დღეს მთავრობა ქვეყანაში? ამ ეტაპზე ჩვენი მთავრობა თითქოს ქვეყანაში პოლიტიკის განმსაზღვრელია, მაგრამ სამეურნეო ფუნქციებითაც არის აღჭურვილი, ანუ ნახევრად პოლიტიკურია და ნახევრად - ტექნიკური. თუ ისევ ეს მიდგომა დარჩა, მაშინ ამ საქმისგან არაფერი გამოვა", - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დიდი სამთავრობო "გადატვირთვა"! / "ეს უნდა მოხდეს გააზრებულად და სისტემურად, სხვა შემთხვევაში ისევ ბლეფს მივიღებთ... / "პარტიათა დაფინანსების წესმა არ უნდა აქციოს პარტიული ცხოვრება პოლიტიკური ელიტის შემოსავლის წყაროდ".

"ჩვენთან ცვლილებები, ძირითადად, იმის მიხედვით ხორციელდება, რომელიღაც მინისტრმა საზოგადოების წყრომა თუ დაიმსახურა, ან ვიღაცისთვის მიუღებელი გახდა და მათ ახალი ფავორიტით ცვლიან. ასეთი ჩანაცვლებები არაფრის მომცემი არ იქნება. თითქოსდა გაერთიანებული სამინისტროების ახალ თავკაცებად ამ ადამიანების დასახელება მაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი უფრო ტრადიციულ კარუსელს ჰგავს. სტრუქტურული ცვლილებები მხოლოდ მინისტრთა კაბინეტში კი არ არის აუცილებელი, არამედ ამას საჭიროებს მთელი აღმასრულებელი რგოლი. იმედია, ეს ახალი გადაადგილებები ახალი იმპულსის მიმცემი იქნება. თუ ჯეჯელავაზეა ლაპარაკი, მან ერთწლიანი მინისტრობისას იმდენი `სიბრძნე~ დაახვავა, რომ არ არის გასაკვირი, თუ მისი ჩანაცვლება მოუნდათ. კარგი იქნება, ხელისუფლებამ გააკეთოს განმარტებები: რატომ მოგვიტანს ეს ცვლილებები სასიკეთო შედეგს, რა შეიცვლება?" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"ნარმანიამ რთულ ვითარებაში ჩაიბარა მერის თანამდებობა. უპირველესად, ვგულისხმობ იმას, რომ იმხანად წინა ხელისუფლების დროს დაწყებული არაერთი პროექტი ახალი ხელისუფლების მიერ, არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ ზოგადადაც, შეჩერდა. თავი დავანებოთ იმას, ეს პროექტები რამდენად სწორი და გამართლებული იყო, ფაქტი ერთია, ისინი უკვე ძალიან გახმაურებული იყო და მათი შეჩერება, ფაქტობრივად, ნარმანიას დაჰბრალდა, "ოცნებაში" თითქოს აწყობდათ კიდეც, რომ დარტყმები ნარმანიასკენ მიმართულიყო. პიარის თვალსაზრისით, მისთვის ასევე ძალიან წამგებიანი გამოდგა მილიონი ხის დარგვის დაპირება, რაც, ფაქტობრივად, ფანტასტიკის სფერო იყო. ამას დაერთო ისიც, რომ მერისა და, ზოგადად, ახალი ხელისუფლების ძალიან სუსტი პიარი იყო. გარდა ამისა, კი გაიცა მისი მერობის დროსაც მშენებლობის ნებართვები, მაგრამ ბევრ შემთხვევაში სწორედ წინა ხელისუფლების მიერ არასწორად გაცემული ნებართვების აღსრულება იწვევდა საზოგადოების უკმაყოფილებას, თუმცა საბოლოოდ ამ უკმაყოფილების სამიზნე ისევ ნარმანია ხდებოდა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ნარმანიამ საკმაოდ ბევრი გააკეთა ქალაქისთვის. ის იყო უფრო ტექნიკური მერი, რომელმაც ვერ შეძლო საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რაც კეთდებოდა. იმ დაგებულ გზებზე, აშენებულ საბავშვო ბაღებზე, ფაქტობრივად, დასრულებულ ქალაქის ახალ გენგეგმაზე და ა.შ. არ შეიძლება თვალის დახუჭვა. თბილისი სამართავად ურთულესი ქალაქია. ფუტკარივით ჩუმად შრომა და მხოლოდ საქმის კეთება საკმარისი არ არის. მოსახლეობამდე ამ ყველაფრის მიტანაა საჭირო, თუმცა პიარის დროსაც ზომიერებაა დასაცავი. ფაქტია, რომ ნარმანიამ შესაძლებლობების ფარგლებში კარგად იმუშავა, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობა ვერ შეძლო, რისი თვალსაჩინო მაგალითია ის, თუ როგორ გაექცა სიტყვა ერთ-ერთი შეხვედრისას და მისი "მაიმუნო, ვირიშვილო" იქცა მის წინააღმდეგ ლამის მთავარ კომპრომატად. შეცდა ივანიშვილი, რომელმაც ნარმანია მხოლოდ იმ ნიშნით შეარჩია, რომ ის კარგი მეურნეა. სხვას რომ თავი დავანებოთ, როცა გადაწყვეტილებებს იღებ, საჭიროა ამისთვის საზოგადოების შემზადება. ამისთვისაა აუცილებელი სწორედ პოლიტიკოსის გამოცდილება", - მიიჩნევს ექსპერტი.

"კალაძეს თუ მართლა სურს ქალაქში რამეს რეალურად შეცვლა, ბევრი არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს... რაღა დაგიმალოთ და, მაინცდამაინც სასიამოვნოდ არ მომჩვენებია კალაძის თავდაპირველი აქტიურობა და არა მხოლოდ იმის გამო, რომ არ აცალა ნარმანიას თანამდებობაზე ყოფნის ამოწურვა. რა თქმა უნდა, კალაძეს შეეძლო, მოეცადა როგორმე ერთი კვირაც და როდესაც შეუწყდებოდა დავით ნარმანიას უფლებამოსილება, მერე ჩასულიყო მეტროში, მიწისქვეშა გადასასვლელებში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს აღნიშნავდა ნარმანიას წარმატებებს, მისი კრიტიკისას რამდენჯერმე აშკარად გაექცა სიტყვა, რაც ასევე არ იყო სასიამოვნო. მაგრამ მე სხვა რამ უფრო მაწუხებს - პიარშიც ზომიერების დაცვაა საჭირო. ცოტა სახიფათოდ მეჩვენება ამ თვალსაზრისით კალაძის აქტიურობა, არის საფრთხე, რომ მან პიარში გადააჭარბოს - ასევე ის აქტივობები, როგორც მან დაიწყო საქმიანობა, ცოტა არ იყოს, გაცვეთილია. არა მგონია, მაინცდამაინც ახლა უნდა ჩასულიყო მეტროში ან ავტობუსით ემგზავრა, მით უფრო, ტელეკამერებთან ერთად. ჩემი აზრით, ეს ძალიან იაფფასიანი პიარია", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

"ვნახოთ, რას იზამს კალაძე. მას აქვს დიდი ამბიცია, რაც აშკარაა. ასევე აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, თუმცა, რას როგორ გაართმევს თავს, ეს მალე გამოჩნდება. ის უნდა ეცადოს და მაქსიმალურად დამოუკიდებლად მოახერხოს გადაწყვეტილებების მიღება. საქმე ის არის, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდში არის სხვადასხვა ფრთა და დარწმუნებული იყავით, რომ მისი წარმატების შემთხვევაში მთელი "ქართული ოცნება" ნამდვილად არ იქნება ბედნიერი. მას საკმაოდ ბევრი ინტრიგისა და ფეხის დადების დაძლევაც მოუწევს. კალაძე, დარწმუნებული ვარ, ნარმანიასავით არ მოიქცევა და ყველა ამ ინტერესის გათვალისწინებას არ შეეცდება, ამიტომაც მოუწევს ოპტიმალური გზების მონახვა, თან ისე უნდა გაართვას ამ ინტერესებს თავი, რომ საქმე არ დააზარალოს", - დაასკვნის რესპონდენტი.

"რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეფორმებს, საქართველოში ერთბაშად ყველა ევრორეგულაციის გადმოტანა შესაძლოა ქვეყნისთვის პრობლემების შექმნის წყარო გახდეს და განვითარების ნაცვლად, შეაფერხოს. ეს პროცესი ჩვენშიც, ისევე როგორც ევროპაში, ნელ-ნელა უნდა განვითარდეს, თითოეული რეგულაცია კარგად უნდა მოერგოს არსებულ მდგომარეობას. რას ვგულისხმობ? მაგალითად, დღეს დიდი განხილვის საგანია ავტომობილების ტექდათვალიერება, რაც სწორედ ევროასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი საკითხია. ჩვენ ყველაფერი ბრმად, რა თქმა უნდა, არ უნდა გადმოვიღოთ, უპირველესად, უნდა შევისწავლოთ, ამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა რომ ხდება, რამდენია მასში ტექნიკური პრობლემების ბრალი. სწორედ ამგვარი გზით უნდა წავიდეთ ნებისმიერი სხვა რეფორმის გატარებისასაც. როდესაც ვლაპარაკობთ ევრორეგულაციებზე, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მათი შემოღება უნდა მოხდეს ქვეყანაში ცხოვრების დონის ამაღლებასთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ", - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - "მოსკოვში კიდევ ერთხელ ჩავიდა ნინო ბურჯანაძე..." - პასუხობს:

"რა თქმა უნდა, კრემლი ყოველთვის შეეცდება, გამოძებნოს საქართველოში ჯგუფები, რომლებსაც აშკარად ან ფარულად დაუჭერს მხარს და თავის საქმეს გააკეთებინებს. რაც შეეხება ვიზიტებს მოსკოვში, რუსეთთან ლაპარაკი საჭიროა, მაგრამ აქ საკითხი ასე დგას: ვინ უნდა ელაპარაკოს? - რა თქმა უნდა, უნდა ელაპარაკოს ხელისუფლება და არა ოპოზიცია. აბა, ერთი რომელიმე ქვეყნის ოპოზიციას გაებედა ომის დროს თუ მის მერე, ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან დიალოგი, ნახავდნენ, რა შედეგი მოჰყვებოდა. თუ ვინმეს უნდა რუსეთთან ლაპარაკი, უპირველესად, ამაზე უნდა ელაპარაკოს ქართველ ხალხს, მერე მოვიდნენ არჩევნებით ხელისუფლებაში და ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ. დღეს ოპოზიციის წარმომადგენლების კრემლთან ლაპარაკი მუშაობს რუსეთის სასარგებლოდ და საქართველოს საწინააღმდეგოდ. თუ ამდენს ვერ ხვდება ადამიანი, მისი პოლიტიკოსობა ძალიან საეჭვოა".

რუსეთი ახალ აბრეშუმის გზაზე "სარკინიგზო ომს" იწყებს

"ორი კვირა არ გასულა, რაც ბაქო-თბილისი-ყარსის სატრანზიტო მაგისტრალი საზეიმოდ გაიხსნა და რუსეთის პრეზიდენტმა ყაზახეთის გავლით ალტერნატიული რკინიგზის მაგისტრალის შექმნა დააანონსა. ამით მოსკოვმა ევროპა-აზიის დამაკავშირებელ "ახალ აბრეშუმის გზაზე" ერთგვარი შეჯიბრი თუ სარკინიგზო-გეოპოლიტიკური ომი გამოაცხადა. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ იწყება ჩინეთი-ყაზახეთი-რუსეთის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა და ამ მაგისტრალით აზიასა და ევროპას შორის ტვირთის ტრანზიტი უნდა მოხდეს. რუსული მედია აქტიურად წერს, რომ ეს არის "აბრეშუმის გზის" ჩრდილოეთის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელმაც დიდი კონკურენცია უნდა გაუწიოს და გეოპოლიტიკურ ჩიხში უნდა მიიმწყვდიოს "აბრეშუმის გზის" სამხრეთის, იგივე კავკასიური, სარკინიგზო მაგისტრალი - ბაქო-თბილისი-ყარსი, რადგანაც, რუსი ექსპერტების თქმით, მოსკოვის გვერდის ავლით გადაწყდა დიდი სარკინიგზო დერეფნის პროექტის რეალიზაცია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რუსეთი ახალ აბრეშუმის გზაზე "სარკინიგზო ომს" იწყებს / პუტინი და ნაზარბაევი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ალტერნატივის შექმნაზე შეთანხმდნენ.

"პუტინმა რამდენიმე დღის წინ ჩელიაბინსკში გამართულ რუსეთ-ყაზახეთის რეგიონული თანამშრომლობის ფორუმზე ჩინეთიდან ევროპამდე რკინიგზის მშენებლობას ამბიციური და მასშტაბური პროექტი უწოდა და განაცხადა, რომ ის დიდ გავლენას მოახდენს მრეწველობისა და ლოგისტიკის განვითარებაზე. მისი ამ განცხადების შემდეგ დაიწყო რუსულ მედიაში აქტიურად იმის განხილვა და ერთგვარი შეჯიბრი, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არის ბაქოს მცდელობა, თურქეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმავოს და ამით სამხრეთ კავკასიაში დომინანტური პოზიცია მიიღოს, რაც ირანისა და რუსეთის ინტერესებს აზიანებს. ასევე იწერება, რომ სამხრეთის მაგისტრალი გეოპოლიტიკურად არასტაბილურ ზონაშია და ამიტომაც პეკინის პრიორიტეტი რუსეთის მიერ შეთავაზებული ჩრდილოეთის მაგისტრალი ხდება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 30 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა და ამ ღონისძიებაზე ყაზახეთის პრეზიდენტიც იმყოფებოდა. ამ მაგისტრალის საბოლოო მიზანი სწორედ აზია-ევროპის სარკინიგზო დაკავშირებაა, ტვირთმა უნდა იმოძრაოს მარშრუტზე - ჩინეთი, ყაზახეთი, კასპიის ზღვა, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და შემდეგ ევროპა. მის საპირწონედ კი რუსეთი ჩინეთს ევროპასთან დამაკავშირებელ ახალ მარშრუტს სთავაზობს: ჩინეთი, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი და ევროპა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ჩრდილოეთის სარკინიგზო მარშრუტი და ჩვენი, სამხრეთკავკასიური მარშრუტი კონკურენტებია. ეს კონკურენცია დიდი ხნის წინ დაიწყო და გრძელვადიანი სტრატეგიის საკითხია. მისი თქმით, ამ კონკურენციაში ე.წ. ჩრდილოეთის მიმართულება უფრო მარტივია, რადგან რუსეთი ერთ ყაზახეთს მოელაპარაკება და პრობლემა არ არის; ჩვენი, სამხრეთის სარკინიგზო მარშრუტი კი, უფრო რთულია, ბევრად მეტი ქვეყანაა მონაწილე. ამას ემატება კასპიის ზღვაზე გადაზიდვისთვის საჭირი გემების აშენებაც, რაც უზარმაზარი ინვესტიციის ჩადებას გულისხმობს; ასევე სატარიფო პოლიტიკა ყველა მხარესთანაა შესათანხმებელი, რაც პროექტს აძვირებს და, შესაბამისად, კონკურენტული შესაძლებლობებიც არ არის დიდი- "ჩრდილოეთის მარშრუტი ყოველთვის კონკურენტი იყო ჩვენი მიმართულებისა. ახლა უფრო გააქტიურებულია ეს პროცესი, რადგან ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობა ბოლო პერიოდში ძალიან გაღრმავდა და რუსეთის ამბიციაც გაიზარდა ამ ლოგისტიკური მიმართულებით. თემა ახალი არ არის, მაგრამ ინტენსივობა უფრო გაზრდილია, რუსეთი ცდილობს, ჩრდილოეთის მიმართულება განავითაროს", - ამბობს ხუხაშვილი, რომლის თქმით, "სამწუხაროდ, საქმე კარგად არ არის იმიტომ, რომ, ჩრდილოეთის მარშრუტისგან განსხვავებით, ჩვენი მარშრუტი მრავალკომპონენტიანია", - დასძენს გამოცემა.

"იმისათვის, რომ ევროპაში მოხვდე, ტრანსპორტი რამდენჯერმეა შესაცვლელი. საბორნე გადასასვლელი კასპიის ზღვაზე ამ გზას ძალიან აძვირებს. გარდა ამისა, უფრო მრავლკომპონენტიანია, ანუ რამდენიმე ქვეყანაა ჩართული, რამდენიმე საზღვრის გადაკვეთაა საჭირო, რაც კონკურენტუნარიანობის თვალსაზისით საკმაოდ პრობლემურია. ეს არის სტრატეგიული კონკურენცია გეოპოლიტიკური ფუნქციის თვალსაზისით და გასაგებია, რუსეთი რომ ამას აკეთებს. სხვა საკითხია, ჩვენ რას ვაკეთებთ და რას გავაკეთებთ სამომავლოდ. ჩვენ შეგვიძლია, მაქსიმალურად ვეცადოთ რაღაცას, მაგრამ მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. დამოკიდებულია აზერბაიჯანზე, დამოკიდებულია, რამდენად განვითარდება გადაზიდვის ინფრასტრუქტურა კასპიის ზღვაზე და რამდენად ითანამშრომლებენ ჩვენთან ყაზახეთი იქნება თუ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები. ეს კომპლექსურადაა გადასაწყვეტი და მრავალმხრივი სატარიფო კოორდინირებული პოლიტიკის გატარების საკითხია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"გრძელვადიანი რისკები ყოველთვის გასათვალისწინებელია. ჩვენი სამხრეთის მარშრუტი იმუშავებს, მაგრამ შეზღუდული მოცულობით. ანუ ჩინური მხარე ამ კავკასიურ მარშრუტს როგორც ალტერნატივას ისე განიხილავს, რათა ფორსმაჟორის შემთხვევაში ტვირთის ბლოკირება არ მოხდეს, მაგრამ როგორც სრულფასოვანი ალტერნატივა, ვფიქრობ, ჩვენი შანსი დაბალია. შანსია, რომ უფრო სარეზერვო ალტერნატივად ვიქნებით განხილული და არა სრულფასოვან ალტერნატივად", - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

ძირითად პარტიებს + ჯიბის პარტიები = ფინანსურ მაქინაციას

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მოქალაქეების გადასახადიდან ოთხი პარტია აღარ დაფინანსდება, ესენია: რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, კონსერვატიული პარტია და "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", თუმცა ორი საარჩევნო სუბიექტი მაინც დაემატა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები კვალიფიციური სუბიექტების სიას - ედპ და "თავისუფალი საქართველო". ლოგიკურადაც იკითხავთ, რატომ მიიღეს ამ პარტიებმა დაფინანსებაო. ედპ-ს სახელმწიფო ბიუჯეტი იმიტომ დააფინანსებს, რომ არჩევნებში "ნაცმოძრაობასთან" ერთად ბლოკად დარეგისტრირდა, "თავისუფალი საქართველო" კი "ევროპულ საქართველოსთან" ერთად მონაწილეობდა არჩევნებში. 2018 წლის ბიუჯეტში ჯერ არ დათვლილა, პარტიების დასაფინანსებლად რამდენი მილიონი გამოიყოფა, თუმცა 2017 წელს 20 ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი მოქალაქეებმა 9.687.096 ლარით დავაფინანსეთ", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "ძირითად პარტიებს + ჯიბის პარტიები=ფინანსურ მაქინაციას".

"სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან კვალიფიციური სუბიექტები, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში ხმების, მინიმუმ, 3% აიღეს და ინარჩუნებენ შემდეგ არჩევნებამდე. ყოველწლიური დაფინანსება სპეციალური ფორმულით განისაზღვრება, რომლის თანახმადაც, საბაზო დაფინანსება 300.000 ლარს შეადგენს, ამას ემატება პარლამენტში მიღებული მანდატებისა და არჩევნებში მიღებული ხმების შესაბამისად დამატებითი თანხები. თუ პარტიამ ხმების 6% აიღო, მაშინ ის საბაზო დაფინანსების ორმაგ ოდენობას, 600.000 ლარს იღებს ყოველწლიურად. თუ პარტია საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სისტემით ხმების, მინიმუმ, 5%-ს მიიღებს, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად უნაზღაურდება საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯი არა უმეტეს მილიონი ლარის ოდენობით. საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსება ასევე მილიონი ლარია, თუმცა სუბიექტმა 10%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. საკრებულოების არჩევნების შემთხვევაში ბარიერი 3%-ს შეადგენს, ხოლო დაფინანსება არა უმეტეს 500.000 ლარს. პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს, თუ წარდგენილ საარჩევნო სიაში დაცულია გენდერული ბალანსი (სულ მცირე, 30%-ით), მიიღებს დამატებით დაფინანსებას, საბაზო დაფინანსების 30%-ს, ანუ 90.000 ლარს. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ, ასევე, შეუძლიათ მიიღონ მიზნობრივი დაფინანსება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისგან. თანხა გაიცემა კვლევების, კონფერენციების, მივლინებების, ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო განათლების პროექტის ფარგლებში", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ლევან ალაფიშვილი.

"პოლიტიკოსებმა საქართველოში ბიუჯეტისგან მაქსიმალური ფინანსების გამოსაზიდად საკუთარი არითმეტიკული ფორმულა შეიმუშავეს - ძირითად პარტიებს ჰყავთ ე.წ. ჯიბის პარტიები, ბლოკს ქმნიან მათთან და ამ გზით ფინანსებთან ერთად, ახერხებენ კომისიებში დამატებითი წარმომადგენლების უზრუნველყოფას, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრების ანაზღაურების გაზრდას - ყველა პარტია ბიუჯეტის ხარჯზე უხდის ხელფასს საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირებს და ა.შ. დიახ, ეს არის ბიზნესი და ბევრს ამისთვის თანხის ხარჯვაც უღირს იმ იმედით, რომ უფრო მეტს მიიღებს როგორც სახელმწიფოსგან, ისევ სხვა გზებით. ალბათ, გახსოვთ რამდენიმე სკანდალიც, როდესაც პარტიის წევრები ლიდერს უჩიოდნენ, ფინანსები გაფლანგა და ჩვენ ხელფასიც კი არ მოგვცაო. დღეს სწორედ ლიდერზეა დამოკიდებული პარტიის ფინანსების ხარჯვითი პოლიტიკაც. პოლიტიკური ბიზნესის ნაწილია სიის ფორმირებაც. ხშირად პარტიის წევრებმაც კი არ იციან, ვინ არის მათ გვერდით სიაში - პოლიტიკური ვაჭრობა საარჩევნო სიაში მოხვედრისთვისაც აპრობირებული მეთოდია ქართულ პოლიტიკაში", - განაგრძობს ექსპერტი.

"სწორედ ეს კორუფციული სისტემა და მისი განვითარებისთვის სასათბურე გარემოს შექმნა კანონმდებლობით მართლაც ქმნის საფუძველს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი საკანონმდებლო დონეზე შეიცვალოს და სახელმწიფომ მხოლოდ მინიმალური დანახარჯების ანაზღაურება უზრუნველყოს პარტიებისთვის, მათ შორის, ოფისისა და საარჩევნო კამპანიისთვის პლაკატები და ა.შ. თუმცა, ვიმეორებ, მინიმალურ დონეზე. ამ შემთხვევაში გამოირიცხება ფინანსების პერსონალურ დონეზე გამოყენების პრეცედენტები", - დასძენს ალაფიშვილი და შეკითხვაზე - "ოპოზიციამ რომ საკანონმდებლო შესაძლებლობებით ისარგებლა, ეს გამოჩნდა ორი პარტიის შემთხვევაში, თუმცა თავად ხელისუფლება როგორ იყენებს მას სათავისოდ?" - პასუხობს:

"მარტივად. "ქართულმა ოცნებამ" "მრეწველებს" წელიწადში 600 ათასზე­ მეტი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მისცა მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიამ ერთი მაჟორიტარი შეიყვანა პარლამენტში და ფრაქცია თავად შეუქმნა იმით, რომ ხუთი დეპუტატი საკუთარი ფლანგიდან `მრეწველების~ ფრაქციაში გადაისროლა. სახელისუფლებო პარტიასაც უამრავი შესაძლებლობა აქვს, რომ მისთვის ნაკლებად მტკივნეული პარტიების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზრუნველყოს - სწორედ ამიტომაა სისტემის გონივრულად შეცვლა აუცილებელი, თუმცა იმედია, "ქართული ოცნება" საბოლოოდ ბევრად მძიმე მოდელს არ შემოგვთავაზებს".

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, გვჭირდება რეალურად კონკურენტუნარიანი გარემო და არა მანიპულირებული მოქმედებები, რაც პოლიტიკას მცირე და საშუალო ბიზნესად აყალიბებს - "წესრიგი უნდა დამყარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად მოგვიწევს იმ პარტიების შენახვა, რომლებიც ქართული პოლიტიკისთვის ბალასტად იქცნენ, ტივტივებენ და, ფაქტობრივად, მცირე ბიზნესად გადააქციეს პოლიტიკური აქტივობა", - ამბობს ხუხაშვილი, რომლის თქმით, "ასეთი პარტიები ხან ვის მიეკედლებიან და ხან ვის, თუმცა საბოლოოდ ხელის მოთბობას ისევ გაღატაკებული ხალხის ხარჯზე ახერხებენ", - წერს სტატიის ავტორი.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა არეშიძე - "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სისტემაზე არ ითქვა უარი"

"პრეზიდენტობა ივანიშვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია"

ლია მუხაშავრია - "პროკურატურაში ასფეხა ურჩხულია დაბუდებული"
"მამაკაცს ორჯერ ვესროლე 2 მეტრიდან, ბავშვს, ზუსტად მახსოვს, ერთხელ" - მწყემსის ჩვენება

წავიდა თუ გააგდეს კვირიკაშვილი

ნაავარიები, ჩანაძირი და 20 წელზე ასაკოვანი მანქანების შემოყვანა უნდა აიკრძალოს!
"ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში..."

მმართველი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლე აღმოჩნდა

"უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა..." - რას ჰყვებიან მწყემსები საზარელ დანაშაულზე

ქართველებს თურქეთში ინფლაციისა და კრიზისის გამო აღარ დაედგომებათ
ერთიანი კანდიდატის იდეა საბოლოოდ ჩავარდა - ოპოზიცია მეორე ტურის იმედადაა

ხუხაშვილი: "თუ მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღო, "ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს"
ვინ დარჩება და ვინ წავა - დღეს ბახტაძის კაბინეტის 11 მინისტრი დასახელდება

ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი იწვევს

შეიძლება ნატო-ში მაპ-ის გარეშე მიგვიღონ?
ცივი ომის შემდეგ ნატო-ს არც ერთ სამიტს არ გამოუწვევია ასეთი შიშნარევი მოლოდინი
ახალი შენობების 70% არაეკოლოგიურია
ვახტანგ ძაბირაძე - თუ წლის ბოლომდე "ოცნება" სიტუაციას ვერ შემოაბრუნებს, ცუდი პროცესები დაიწყება"

"კუდიანებზე დევნა" კვირიკაშვილის გუნდის წევრებში

"დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით საკუთარ თავს დაიცავს"
მთავარ პროკურორად წულუკიანის ნათელმირონს ნიშნავენ?

რუსეთი ლარსზე პრობლემებს სპეციალურად ქმნის

კატასტროფა - მაისიდან მოყოლებული, ორ დღეში საშუალოდ ერთი ადამიანი იხრჩობა
რას გადაურჩა სვანეთი - ნენსკრაჰესის მშენებლობა შეჩერდება მარგველაშვილი "ოცნების" წინააღმდეგ - დაპირისპირება ამჯერად აჭარაში იწყება
ორი ყველაზე რეალური კანდიდატი 21 პრეტენდენტიდან

დიდი საკადრო წმენდა მმართველ გუნდში: რომელი გუბერნატორი დატოვებს თანამდებობას

გია ყანჩელის იდეა - საქართველოს ჰიმნი უნდა შეიცვალოს