არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2017
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2017 შვეიცარიელი მებაჟეები ფსოუზე და როკის გვირაბთან, შესაძლოა, უკვე დეკემბრის ბოლოს ჩადგნენ

შიდა დაპირისპირება მმართველ პარტიაში

რამდენად სამართლიანი იყო იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველზე გამოთქმული მოსაზრება?

                                                                 * * *
შვეიცარიელი მებაჟეები ფსოუზე და როკის გვირაბთან, შესაძლოა, უკვე დეკემბრის ბოლოს ჩადგნენ

"საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთის ბრუნვის მონიტორინგი შვეიცარიელებმა, შესაძლოა, წლის ბოლოდან განახორციელონ და 6 წლის შემდეგ საბოლოოდ მაინც მოხდეს იმ ხელშეკრულების აღსრულება, რომელიც 2011 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა. ყოველ შემთხვევაში, ქართულ მხარეს ამის მოლოდინი აქვს. ამ საკითხზე უფრო მეტი დეტალი კი თვის ბოლოს შვეიცარიაში გაირკვევა, სადაც სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების იმპლემენტაცია და მეზობელ ქვეყანასთან უვიზოდ მიმოსვლა - იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგ შეხვედრაზე პრაღაში 16 ნოემბერს დაისვა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით შვეიცარიელი მებაჟეები ფსოუზე და როკის გვირაბთან, შესაძლოა, უკვე დეკემბრის ბოლოს ჩადგნენ / ქართულ-რუსული მოლაპარაკების 6-წლიანი ეპოპეა დასასრულს უახლოვდება.

"შეგახსენებთ, რომ 2011 წელს გაფორმებული ქართულ-რუსული შეთანხმებით, მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ნეიტრალური დამკვირვებლები უნდა განთავსდნენ, რომლებიც საზღვარზე ტვირთის მოძრაობას დააკვირდებიან. პრაქტიკულად, ეს ოფიციალური მოსკოვის მიერ ხელმოწერილი ერთადერთი შეთანხმებაა, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. შესაბამისად, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, მის ამოქმედებას საქართველოსათვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ამასთან, როგორც ცნობილია, ქართული მხარე ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში აცხადებდა, რომ ყველა დეტალი მზად ჰქონდათ და საბოლოო პასუხს რუსეთისგან ელოდებოდნენ. როგორც 16 ნოემბერს პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ "რეზონანსს" აბაშიძემ უთხრა, ნოემბრის ბოლოს შვეიცარიაში გაიმართება სამმხრივი შეხვედრა, სადაც ხელშეკრულების ბოლო დეტალებზე იმსჯელებენ და იმედოვნებს, რომ უკვე დეკემბერში კონტრაქტიც დაიდება, არ გაჭიანურდება. კითხვაზე, წლის ბოლომდე მოხერხდება თუ არა საბოლოოდ კონტრაქტის გაფორმება წარმოდგენილ სამ მხარესთან, აბაშიძე გვპასუხობს, რომ ამის იმედი უნდა გვქონდეს. ვინ დაესწრება შვეიცარიაში ამ შეხვედრას საქართველოს მხრიდან, ჯერჯერობით უცნობია. ეკონომიკის სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ იძლევიან", - აღნიშნავს გამოცემა.

"ევროპული საქართველოს" წევრის, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძისთვის კი გაუგებარია, რამდენიმე პატარა ნიუანსს რატომ მოანდომეს ამდენი წელი. მისთვის ისიც გაურკვეველია, რა დეტალებზე შეიძლება იმსჯელონ შვეიცარიაში - "რა დეტალებზე ექნებათ საუბარი, ნამდვილად არ ვიცი. მათი უმრავლესობა ძალიან დიდი ხნის წინ იყო შეთანხმებული. ახლა რა დარჩა და რის გამო გაიწელა ამდენ ხანს, არ ვიცი. მე მგონი, ეს დეტალები არ არის და პოლიტიკური გადაწყვეტილების ამბავია როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. იქ არაფერი არ იყო დარჩენილი, რომ 5 წელი მონდომებოდა ამ ამბავს. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ოპტიმიზმით ვარ სავსე. ამ კონტრაქტის დეტალები წინა ხელისუფლების დროს იყო შეთანხმებული. ასე ვთქვათ, მანდატის არსი, ყველაფერი შეთანხმებული იყო, უბრალოდ, იურიდიულად უნდა გაფორმებულიყო. ამიტომ ჩემთვის გაურკვეველია, რა დარჩა ისეთი, ამდენი ხანი რომ ვერ დაიდო კონტრაქტი, ან რაზეა საუბარი", - განაცხადა კაპანაძემ, რომლის თქმით, "ამ ყველაფერს რამდენიმე კვირაზე მეტი არ უნდა დასჭირვებოდა" - დასძენს გამოცემა.

"რაც შეეხება რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების საკითხს, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, საქართველო-რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლას დიპლომატიური ურთიერთობის უქონლობა და უსაფრთხოების არარსებობა უშლის ხელს. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ექსპერტების განხილვის საგანია. "საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას ხელს უშლის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის უქონლობა, რომელიც თბილისმა 2008 წელს ცალმხრივად გაწყვიტა, არამედ ამ საკითხში დიდ როლს თამაშობს ასევე ამ რეგიონში უსაფრთხოების არარსებობა. საქართველოსთან ახლოს ხდება სამხედრო კონფლიქტები, ამ გზით რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შეღწევის მცდელობა. ამიტომ ეს სიტუაცია სერიოზული განხილვის და ექსპერტების ანალიზის საგანია", - განაცხადა კარასინმა. რუსეთი ბოლოს და ბოლოს ვიზებს გააუქმებს თუ არა, ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იცის აბაშიძემ. იგი ამბობს, რომ ეს რუსეთის საქმეა, რუსეთის მოქალაქეებს კი საქართველომ სავიზო რეჟიმი წლების წინ გაუუქმა", - წერს სტატიის ავტორი.

შიდა დაპირისპირება მმართველ პარტიაში

"ქართული ოცნების" შიგნით დიდი განხეთქილებაა. უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი სახალხო დამცველის მხარდაჭერისა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის კრიტიკის გამო მთელი გუნდის მხრიდან დიდი საჯარო გაკიცხვის ობიექტი გახდა. უფრო კონკრეტულად კი, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ უჩა ნანუაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი უსამართლო ომბუდსმენია, დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად გაუმართლებელი უწოდა და "ოცნებაში" დიდი აურზაური სწორედ მის ამ ერთ კრიტიკულ შეფასებას მოჰყვა. შალელაშვილმა "არაკორექტულობის", "უპასუხისმგებლობისა" და "გუნდური პრინციპების დარღვევის" გამო საჯარო საყვედური მიიღო უმრავლესობის ლიდერისგან, ჯანდაცვის მინისტრისგან, კულტურის მინისტრისგან. თავად ადრესატმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი ბრალდებას ბრალდებითვე უპასუხა და განაცხადა, რომ შალელაშვილი ერთადერთი დეპუტატია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში არ დადის, თუმცა ხელფასს მაინც იღებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით შიდა დაპირისპირება მმართველ პარტიაში.

"ეს არის 150-პირიან პარლამენტში ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის. კარგია, თუ ჩემმა განცხადებამ ის სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა. ყველა დეპუტატს, მართლაც მისგან განსხვავებით, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ, ვუსურვებ ნაყოფიერ სამუშაოს იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი ომბუდსმენი ავირჩიოთ და ის იყოს პასუხისმგებლიანი და მართლაც ამ პატივსაცემ საკონსტიტუციო ინსტიტუტს ვეღარავინ აკადროს ზედაპირულობა, ტყუილი და მიკერძოება", - განაცხადა წულუკიანმა. ამასთანავე, იგი უჩა ნანუაშვილს პოლიტიკურ დებატში იწვევს. "რაც შეეხება ბატონი უჩას საქმიანობას, მე მისი შეფასება გუშინდელი 17-წლიანი პროფესიული დაკვირვების შედეგის საჯაროდ განცხადებით არ დამისრულებია. ამ საქმიანობას კიდევ შევაფასებ, მანამ ის არის ომბუდსმენი და მერე, როცა აღარ იქნება ომბუდსმენი და თუ მისი სურვილი იქნება, როდესაც ის ომბუდსმენობას შეწყვეტს, მზად ვარ, მასთან საჯარო პოლიტიკური დებატიც გავმართო", - აღნიშნა წულუკიანმა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას თქვა, რომ "უჩა ნანუაშვილი პირველი უსამართლო ომბუდსმენია, - აღნიშნავს გამოცემა.

"წულუკიანის ამ განცხადებას ნანუაშვილმა უპასუხა იმით, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებები საქართველოს ხელისუფლებას და მის იმიჯს აზიანებს. მოგვიანებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა დაწერა, რომ ის წულუკიანის შეფასებას ემიჯნება, ნანუაშვილის საქმიანობაზე არც ერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციიდან არ გაჩენილა პრეტენზიები და მინისტრის განცხადება უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯია. "მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია "ქართული ოცნების" არც ერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის, განცხადება სახალხო დამცველის მიმართ როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯია, რომელსაც მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არც ერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით", - წერს შალელაშვილი. ამ შეფასებას მოჰყვა მისი საჯარო კრიტიკაც", - დასძენს გამოცემა.

"დეპუტატმა საჯარო საყვედური ჯერ საპარლამენტო უმრავლესობის ლოდერისგან მიიღო. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ შალელაშვილის კრიტიკა "არაკორექტულია" -"ჩვენი კოლეგის განცხადება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია. თეა წულუკიანი წლების განმავლობაში ემსახურებოდა ადამიანის უფლებების დაცვის რთულ საქმეს, იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ და იუსტიციის მინისტრის რანგში მის საქმიანობას წარმატებულად ვაფასებთ..." - განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს. პარლამენტარი ალექსანდრე ქანთარია ამბობს, რომ როგორც წულუკიანის, ისე შალელაშვილის შეფასებები მეტ-ნაკლებად გადაჭარბებულია, თუმცა დეპუტატს კრიტიკა საჯაროდ არ უნდა გამოეხატა. "როდესაც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ ასეთი უკიდურესი პოზიციის გამოხატვა ხდება, ეს დადებითი მოვლენა არ არის. შეიძლებოდა უფრო სხვა ფორმატში გამოეხატა კრიტიკა, რომ თქვენი (ჟურნალისტების) ყურადღება არ მიეპყრო. ამის გამო კრება არ მოწვეულა, თუმცა ყველამ გამოთქვა თავისი აზრი, არჩილ თალაკვაძემაც და სხვებმაც", - ამბობს ქანთარია. დადის თუ არა შალელაშვილი პარლამენტში, ამაზე პასუხი ქანთარიას არ აქვს", - წერს სტატიის ავტორი.

"ეკა ბესელიამ უარი გვითხრა ამ თემაზე კომენტარზე. თქვა მხოლოდ ის, რომ "ოცნებაში" არანაირი განხეთქილება არ არსებობს და მხოლოდ "გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა და ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება", - აღნიშნავს ბესელია. ამ საერთო გაკიცხვაში მინისტრებიც ჩაერთვნენ. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წულუკიანის შეფასებას უერთდება. მისი თქმით, არავის აქვს უფლება, არც სახალხო დამცველს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შეიტანოს და გააკრიტიკოს, "ეს, უბრალოდ, მიუღებელია". კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ წულუკიანი ყოველთვის ზუსტად აფასებს მოვლენებს და არ ცდილობს, ზედმეტი პოლიტკორექტულობის დაცვას, შალელაშვილის მხრიდან მინისტრის კრიტიკა კი "მიუღებელია გუნდურობის პრინციპებიდან გამომდინარე", - დასძენს სტატიის ავტორი.

რამდენად სამართლიანი იყო იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველზე გამოთქმული მოსაზრება?

"იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უჩა ნანუაშვილს ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველს უწოდებს. წულუკიანმა ომბუდსმენი ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოთქმული განცხადების გამო გააკრიტიკა. შეგახსენებთ, უჩა ნანუაშვილმა დეკანოზ მამალაძის საქმეზე გამოქვეყნებულ ანგარიშში უკმაყოფილება გამოთქვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საჯარო განცხადებების გამო. წულუკიანს კი მისივე თანაგუნდელი დაუპირისპირდა და უჩა ნანუაშვილის მისამართით გამოთქმულ განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ შოთა შალელაშვილის შეფასებით, წულუკიანის განცხადება სახალხო დამცველის მიმართ როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯია. "მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არც ერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით. მინდა, მოგიწოდოთ, რომ ყველამ პატივი სცეთ კონსტიტუციურ ორგანოებს, პატივი სცეთ თანამდებობის პირებს, რომლებიც კონსტიტუციით თუ სხვა სამართლებრივი აქტებით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა მათი სამართლებრივი შეფასებები. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს პარლამენტის მიერ 88 ხმით იქნა მხარდაჭერილი მოქმედი ომბუდსმენის კანდიდატურა", - აღნიშნა დეპუტატმა", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - რამდენად სამართლიანი იყო იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველზე გამოთქმული მოსაზრება?

"სახალხო დამცველის მთელ საქმიანობას არ ვიცნობ, მაგრამ, რამდენადაც ინფორმაცია მაქვს და გამიგია, მის მოღვაწეობას დადებითად მაინცდამაინც არ შევაფასებდი. ასე რომ, წულუკიანის განცხადებაში სიმართლის რაღაც მარცვალი არის. ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, უჩა ნანუაშვილი კი ყურადღებას ამაზე არ ამახვილებს. ხალხის დამცველი უნდა იყოს, მაგრამ ამის არაფერი ეტყობა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არ იყო ის სახალხო დამცველი, რომელიც ჩვენ გვყავდა თუნდაც სოზარ სუბარის სახით", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ფოტოგრაფი იური მეჩითოვი.

"თეა წულუკიანს ალბათ ჰქონდა საფუძველი, ნანუაშვილისთვის ეწოდებინა ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი. ამაში ვხედავ წულუკიანის გაბედულებასაც და ჩვენში დასამკვიდრებელი დემოკრატიის ნაპერწკალსაც. ზოგადად კი, ვფიქრობ, ძალიან ძნელია, ხელაღებით ჩაერიო სასამართლოს განჩინებაში. ჩვენ გვახასიათებს ბუზის სპილოდ გადაქცევა. ქვეყანა არ დაიქცევა, თუ წულუკიანმა, ძალიან კვილიფიცირებულმა იურისტმა, თავისი აზრი გამოთქვა", - ამბობს მწერალი რეზო მიშველაძე.

"აბსოლუტურად სამართლიანი იყო წულუკიანის განცხადება. უჩა ნანუაშვილი არის ამორალური ადამიანი, დამნაშავე, კრიმინალი", - მიიჩნევს ფილოლოგი ნოდარ ნათაძე.

"სხვათა შორის, ცოტა უცნაურად მომეჩვენა, რომ სახალხო დამცველს ასეთ რაღაცას კადრებენ. შეიძლება იმსახურებდეს, მაგრამ საჯაროდ ასეთი განცხადებები არ უნდა ისმოდეს. ამით ხალხს აღიზიანებენ. ვფიქრობ, მოსახლეობის საქმე არ არის, წულუკიანი რას ფიქრობს ომბუდსმენზე. თუ საჭიროა, დაიბაროს და ოთახში ისაუბრონ. ისედაც ყველაფერი არეულია, ხალხი გაღიზიანებულია და ესენი კიდევ ამ დაპირისპირებით უფრო აღიზიანებენ", - დასძენს მომღერალი ნუგზარ კვაშალი.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში
ხათუნა ლაგაზიძე - "2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია"

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია" - საიას ხელმძღვანელი

ლადო პაპავა - "ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან..."
ავთო სილაგაძე - "2017 წელს მოსახლეობის რეალური შემოსავალი შემცირდა"

რუსეთი საქართველოს ცაზე სამხედრო-სადამკვირვებლო ფრენას ითხოვს

სომხური ეკლესია საქართველოს მთავრობას სასამართლოში უჩივის

რამდენად სამართლიანია პოეტ ზვიად რატიანისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?