არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2017
ვინ იქნებიან პატრიარქობის მომავალი კანდიდატები

რა ვერსიები ვრცელდება 22-საათიან სპეცოპერაციასთან დაკავშირებით

ეს იყო ერთეული შემთხვევა, თუ არსებობს საფრთხე, რომ საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციები გააქტიურდნენ?

***
ვინ იქნებიან პატრიარქობის მომავალი კანდიდატები

“პატრიარქმა ილია II-ემ ქაშვეთის ტაძარში გიორგობის სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე თანამოსაყდრედ ქორეპისკოპოსი შიო მუჯირი დაასახელა და უკვე ცნობილია ისიც, რომ ეპისკოპოსი შიო პატრიარქობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი კანდიდატიც იქნება. თეოლოგები კი უკვე პროგნოზირებენ, რომ ილია II-ის რჩეულს ყველაზე დიდი შანსი აქვს, მომავალი პატრიარქი გახდეს და, დიდი ალბათობით, ასეც მოხდება. საეკლესიო კანონის მიხედვით, თანამოსაყდრედ ან მემკვიდრედ ვინმეს დასახელება არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად მომავალ პატრიარქად უნდა აირჩიონ. პატრიარქის გარდაცვალების ან გადადგომის შემთხვევაში თანამოსაყდრე პირველიერარქის მოვალეობის შემსრულებელია ახლის არჩევამდე, რაც ხდება 40 დღის შემდეგ, არაუგვიანეს 2 თვისა. სინოდის სხდომაზე სახელდება 3 კანდიდატურა და არჩეულად მიიჩნევა ის, ვინც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს. დღეს სინოდში ილია მეორის გარდა 46 მღვდელმთავარია და, ამდენად, მომავალმა პატრიარქმა 24 ხმა უნდა დააგროვოს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ვინ იქნებიან პატრიარქობის მომავალი კანდიდატები

"საპატრიარქოში რამდენიმე გავლენიანი დაჯგუფებაა და ყველა მათგანს თავისი სასურველი კანდიდატურაც ჰყავს. ამ ჯგუფებს შორის ყველაზე გავლენიანია საპატრიარქოს ე.წ. შორენა თეთრუაშვილის წრე, რომელშიც შედიან პატრიარქის ქორეპისკოპოსებიც, იაკობ იაკობაშვილი, თეოდორე ჭუაძე და გარკვეულწილად შიო მუჯირიც. თუმცა 48 წლის შიო მუჯირი, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, მაინც უფრო დამოუკიდებელ ფიგურად მოიაზრება. მისი თანამოსაყდრედ დასახელება მოულოდნელი აღმოჩნდა ეპისკოპოსებისთვის და ამაზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმე შარაშენიძემაც განაცხადა. შიო მუჯირის პატრიარქის თანამოსაყდრედ გამოცხადებას სინოდის წევრთა შორის რაიმე გამოხმაურება და მილოცვები არ მოჰყოლია, რის გამოც თეოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქორეპისკოპოსის ასე გამორჩევას ეპისკოპოსებს შორის დიდი სიხარული არ მოჰყოლია. რა ვიცით შიო მუჯირის შესახებ? თეოლოგები ამბობენ, რომ ძალიან ცოტა რამ, რადგან ქორეპისკოპოსი საზოგადოებაში აქტიური არასდროს ყოფილა და მის შეხედულებებზე არავინ არაფერი იცის. ძირითადად ცნობილია მხოლოდ ის მწირი ინფორმაცია, რაც ბიოგრაფიიდან ჩანს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი ამბობს, რომ შიო მუჯირი საჯარო სივრცეში არც ისე ხშირად ჩნდებოდა. ცნობილია, რომ დამთავრებული აქვს 53-ე სკოლა, ასევე, მუსიკალური სასწავლებელი, იყო კარგი ჩელისტი. 2001 წელს სწავლობდა რუსეთში, ტიხონის სასულიერო სასწავლებელში და შემდეგ იქ ქართული ეკლესიის წინამძღვარი იყო. ღვთისმეტყველებაში ფლობს დოქტორის ხარისხს და ამით გამორჩეულია, რადგან ქართულ ეკლესიაში თეოლოგიური განათლება ძალიან ცოტა ეპისკოპოსს აქვს. გამრეკელაშვილის თქმით, ის გამოჩნდა, როდესაც აირჩიეს დემოგრაფიის განვითარების ფონდის ერთ-ერთ მესვეურად, რომელშიც შედიან მისი თანაკლასელი და მეგობარი ლევან ვასაძე, ლაშა პაპაშვილი და სხვა ქართველი ბიზნესმენები, რომელთა ჩანაფიქრი იყო ბავშვების შობადობის ზრდისთვის ხელშეწყობა საქართველოში. გარდა ამისა, შიო მუჯირი ვიხილეთ, როდესაც მისი სასწავლებელი სენაკში კლასელებმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ლევან ვასაძემ მოინახულეს და თანადგომა გამოუცხადეს. გამრეკელაშვილის თქმით, ქორეპისკოპოსთან დაკავშირებით კითხვებს ორი რამ აჩენს, ერთი ის, რომ მოსკოვში მოღვაწეობდა და მეორე - ლევან ვასაძის ახლო მეგობარია და იდეური თანამშრომლობაც აკავშირებს. შიო მუჯირს პირადად არასდროს გამოუთქვამს აზრი დასავლურ კულტურასთან დაკავშირებით, თუმცა მისი გარკვეული იდეოლოგიური ტიპის საქმიანობა ლევან ვასაძესთან კითხვებს ბადებს. გარდა ამისა, ეპისკოპოსი შიო სწავლობდა რუსეთში, ტიხონის ჰუმანიტარულ მართლმადიდებლურ ფაკულტეტზე. 2001 წლიდან ის მოსკოვში ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი იყო, შესაბამისად, შეხება ჰქონდა რუსეთის ეკლესიის მაღალ იერარქიასთან," - განაგრძობს გამოცემა.

"მისი თქმით, მიტროპოლიტი შიო მიეკუთვნება საპატრიარქოს ცენტრალური ბორდის ჯგუფს, სადაც შედიან შორენა თეთრუაშვილი, იაკობ იაკობაშვილი, თეოდორე ჭუაძე და გერასიმე შარაშენიძე. ის ქორეპისკოპოსია და ამ პატარა კოლეგიის წევრია. თუმცა, იაკობისგან განსხვავებით, დაბალანსებული და გაწონასწორებულია, თეოდორე ჭუაძისგან განსხვავებით კი, განათებულია, გერასიმე შარაშენიძისგან განსხვავებით, დიპლომატია. ის, დიდი ხანია, პატრიარქის ქორეპისკოპოსია, რაც ნიშნავს, რომ ჩართულია მოცემულ პერიოდში არსებულ მმართველობაში და აქვს მმართველობის გამოცდილებაც. შესაბამისად, მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს თეთრუაშვილი. მისივე თქმით, მუჯირის დასახელება თანამოსაყდრედ აუცილებლად შეთანხმებული იქნება როგორც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან, ისე რუსეთთან, რადგან საქართველოს ეკლესიისთვის ყველაზე დიდი მხარდამჭერიც და პრობლემური მოკავშირეც სწორედ რუსეთია. ვინ შეიძლება დაუპირისპირდეს პატრიარქობისთვის ბრძოლაში უკვე გამორჩეულ შიო მუჯირს. მირიან გამრეკელაშვილი ამბობს, რომ სინოდის შიგნით პატრიარქობა ბევრს სურს, მაგრამ მეუფე შიოს წინ წამოწევამ დააყენა სავარაუდო კანდიდატების ტიპაჟის რაობის საკითხი. მეუფე შიოს კონკურენტი ვერ იქნება მეუფე პეტრე, რადგან ის სხვაგვარი ტიპის ადამიანია, ვერც უხეში დიმიტრი შიოლაშვილი, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, კონკურენცია მოუგოს შიო მუჯირს, მაშინ შედარებით დახვეწილი და დაბალანსებული ადამიანი უნდა იყოს. ასეთები არიან ნიქოზის ეპისკოპოსი ისაია, ბელგიისა და ნიდერლანდების ეპისკოპოსი დოსითეოსი, რომლებსაც განათლება აქვთ და ამავე დროს მშვიდები და დახვეწილები არიან. აბრაამ გარმელია წლების წინ იყო აქტუალური ფიგურა, მაგრამ ახლა ის საკმაოდ მხცოვანია და შეიძლება ძალაც არ ეყოს.“, - დასძენს გამოცემა.

"იმას, რომ შიო მუჯირის გამორჩევა, შესაძლოა, რუსეთთან იყოს შეთანხმებული, არ გამორიცხავს არც თეოლოგი ლადო ნარსია და საუბრობს იმაზე, რომ რამდენიმე კვირის წინ თბილისში ჩამოსული იყო რუსული ეკლესიის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი ილარიონ ალფეევი, რომელსაც პატრიარქი აფხაზეთის ეკლესიის საკითხზე ესაუბრა და გამორიცხული არ არის, თანამოსაყდრის თემაც ამ დროს შეთანხმდა. ნარსიას თქმით, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელ ილარიონ ალფეევის საქართველოს საპატრიარქოში სტუმრობას ეჭვის თვალით შევხედავდი და მაინც ვიტყოდი, ხომ არ ჩამოიტანა ილარიონ ალფეევმა რუსეთიდან გზავნილი, ვინაა მათთვის სასურველი კანდიდატურა. როდის დასაბუთდება ამგვარი ეჭვი და როდის გახდება ის რეალური დასაბუთებული ინფორმაცია, ამას მომავალი გვიჩვენებს. თუკი მეუფე შიო ვერ შეძლებს ეკლესიაში გაბატონებული ჯგუფების, მათ შორის შორენა თეთრუაშვილისა და მისი დაჯგუფების ჩამოშორებას ეკლესიის მართვის სადავეებიდან, თუკი ეკლესიის მართვის წესი სინოდური მმართველობის ფორმებში არ გადანაწილდება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ეს გადაწყვეტილება წავიკითხოთ, როგორც სურვილი და კარნახი გარკვეული წრეებიდან, ეს იქნება უშიშროების სამსახურებიდან, რაც ძალიან ცუდი იქნება. არაფერს ვამტკიცებ, ეს მხოლოდ ეჭვია და ვიდრე ამ პროცესებს არ აღმოვაჩენთ, მანამდე მინდა ვთქვა, რომ მეუფე შიოს ამ რთულ გზაზე წარმატებას ვუსურვებ. მისი თქმით, ძალიან ცოტა რამეა ცნობილი მიტროპოლიტი შიოს საჯარო განცხადებების შესახებ და მასზე მსჯელობა ამიტომ ჭირს. თუმცა იხსენებს, რომ შიო მუჯირმა წაიკითხა სინოდის გადაწყვეტილება მეუფე პეტრე ცაავასთვის გარკვეული სანქციების დადებაზე. მან რამდენიმე კანონი ჩამოთვალა, რომლებიც იმ სანქციასთან სრულიად დაუკავშირებელი იყო და მაშინ პირდაპირ იკითხებოდა შორენა თეთრუაშვილისა და მისი გუნდის სადამსჯელო ღონისძიება. მეუფე შიოს უნდოდა, თვალი აეხვია საზოგადოებისთვის და ეთქვა, რომ ჩამოთვლილი კანონების მიხედვით დაუწესდა გარკვეული სანქციები მეუფე პეტრეს. მაშინ ეჭვი გამიჩნდა, ზედმეტად ხომ არ განიცდიდა ის თეთრუაშვილის ჯგუფის გავლენას. მაშინ ეს არ მომეწონა, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ამ სტატუსში მეუფე შიო გავლენისგან გათავისუფლდება," - წერს სტატიის ავტორი.

რა ვერსიები ვრცელდება 22-საათიან სპეცოპერაციასთან დაკავშირებით


"ტერორიზმის საფრთხე საქართველოში, რომელი სახელმწიფო შეიძლება იყოს დაინტერესებული და ვინ არის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული სამი ეჭვმიტანილი? - სპეცოპერაციიდან მესამე დღეს ეს კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია, ხელისუფლება დუმს. ოფიციალურად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც და საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. ოფიციალური ინფორმაციით, 22-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული ეჭვიმიტანილები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჰქონდათ კავშირი, დაკავებული პირი კი რუსეთის მოქალაქეა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, რა ვერსიები ვრცელდება 22-საათიან სპეცოპერაციასთან დაკავშირებით

"შს მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საგამოძიებო მოქმედებები სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი. "პრაიმტაიმის" ცნობით, საქართველომ დახმარებისა და თანამშრომლობისთვის ავსტრიას მიმართა. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ავსტრიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ტერორისტებთან დაკავშირებული სხვა პირების დადგენასა და იდენტიფიცირებაზე. შეგახსენებთ, რომ ბინის მეპატრონე, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები აფარებდნენ თავს, ავსტრიაში იმყოფება. გარდა ამისა, ავსტრიაში ცხოვრობდა და ლტოლვილის სტატუსით სარგებლობდა "ისლამური ხალიფატის" ერთ-ერთი გავლენიანი პირი, ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური ახმედ ჩატაევი, რომლის სახელსაც სხვადასხვა წყარო თბილისში გუშინ განეიტრალებულ ტერორისტულ ჯგუფს უკავშირებს“, - აღნიშნავს გამოცემა

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულთა შორის, შესაძლოა, ახმედ ჩატაევიც იყოს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება. ამის შესახებ ცნობა პირველად ყოფილმა სამხედრო ინსტრუქტორმა დავით მაკიშვილმა გაავრცელა. მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა: "ჩემი ინფორმაციით, ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული არიან ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები..." "კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას, - ასე პასუხობს შს მინისტრი გიორგი გახარია კითხვას - გუშინდელი სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის არის თუ არა ახმედ ჩატაევი. უსაფრთხოების სამსახურში "რეზონანსის" კითხვებს ასე უპასუხეს: "რა ინფორმაციაც გავავრცელეთ, იმის მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. უახლოეს დღეებშიც თუ რამე ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, დაგიკავშირდებით აუცილებლად",- განაგრძობს გამოცემა

"ცნობისთვის, ახმედ ჩატაევი 1980 წელს ჩეჩნეთში, სოფელ ვედენოში, დაიბადა. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს მან ხელი დაკარგა. რუსეთის ძალოვნები 2003 წლიდან ეძებენ. იგი ავსტრიაში ჩავიდა, სადაც ლტოლვილის სტატუსი მიიღო. 2010 წელს ჩატაევი უკრაინაში დააკავეს. ადგილობრივმა შს სამსახურებმა მის მობილურ ტელეფონში დივერსიული საქმის ინსტრუქცია და აფეთქების შედეგად დაღუპულების ფოტოები იპოვეს. უკრაინელ ძალოვნებს მისი დოკუმენტების ნამდვილობაში, მათ შორის ავსტრიის მიერ გაცემული ლტოლვილის სტატუსის, ეჭვი შეეპარათ. ევროპულმა სასამართლომ მისი რუსეთისთვის გადაცემა აკრძალა, ამიტომაც უკრაინელებმა საქართველოს გადასცეს, სადაც გარკვეული დრო ციხეში გაატარა. შემდეგ გაათავისუფლეს, დაოჯახდა და საქართველოში საცხოვრებლად დარჩა. 2011 წლის მაისში თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე დააკავეს. ბულგარეთის სასამართლო მისი რუსეთისთვის გადაცემის პროცედურას შეუდგა, თუმცა შემდეგ სააპელაციო ინსტანციამ გადაწყვეტილება ისევ შეცვალა. შემდეგ იყო 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაცია, როცა ქართველ სამართალდამცავებსა და ბოევიკებს შორის ორმხრივი სროლის დროს დაჭრილი ჩატაევი დააკავეს, მოგვიანებით კი გაამართლეს და გაათავისუფლეს. მას შემდეგ, რაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული აიუფ ბორჩაშვილი დააპატიმრეს, ჩატაევმა საქართველოში აუდიომუქარა გამოგზავნა და ადგილობრივ მოქალაქეებსა და ქვეყანაში მყოფ ტურისტებს დაემუქრა. საქართველოს ხელისუფლებამ ჩატაევის ულტიმატუმი არ დააკმაყოფილა და ეს მიმართვა შესაბამისმა უწყებებმა აუფ ბორჩაშვილის "აი-სი-სისთან" კავშირის ერთ-ერთი მთავარ მტკიცებულებად გამოიყენეს“, - წერს სტატიის ავტორი


ეს იყო ერთეული შემთხვევა, თუ არსებობს საფრთხე, რომ საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციები გააქტიურდნენ?

"თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი და ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, დაჯგუფების წევრები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ და მათზე დაკვირვება რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. "საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით", - განაცხადა სუს-ის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა. აღსანიშნავია, რომ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი კომენტარები გავრცელდა. ფოტოზე, სადაც, სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილი გარდაცვლილი პირია ასახული, ერთ-ერთმა მომხმარებელმა, სახელით "ვაინდ ექს", შემდეგი შინაარსის კომენტარები დაწერა: "მოკლული ძმისთვის ათასებს მოგკითხავთ, მალე დავბრუნდებით"; "თავებს დაგაჭრით, ქაფირებო, მიწა ღვთისაა და არა თქვენი". ამ დროისთვის აღნიშნულ მომხმარებელს ფეისბუქზე პროფილი გაუქმებული აქვს. მიუხედავად ჩატარებული სპეცოპერაციისა და სოციალურ ქსელში გავრცელებული მუქარისა, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შიშის საფუძველი არ არსებობს", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, როგორ ფიქრობთ, ეს იყო ერთეული შემთხვევა, თუ არსებობს საფრთხე, რომ საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციები გააქტიურდნენ?

"ტერორიზმი უკვე მთელ მსოფლიოშია მოდებული და გასაკვირიც იქნებოდა, რომ საქართველოშიც არ ყოფილიყო მსგავსი შემთხვევა. მე ვფიქრობ, ეს არ არის შემთხვევითი და ყველა სამართალდამცავი ორგანო ძალიან მობილიზებული უნდა იყოს, მკაცრად გააკონტროლოს საზღვარზე შემოსვლა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული", - აღნიშნავს ჟურნალისტი ანა რატიანი

"ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ე.წ. მებრძოლები იდევნებიან სირიიდან, ერაყიდან და ა.შ., რის შედეგადაც ისინი მთელ მსოფლიოში მიმოიფანტნენ. მე ვფიქრობ, ასეთი ღია კარის პოლიტიკამ, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, არ გაამართლა. ამიტომ უნდა გამკაცრდეს კონტროლი ამ ზონებიდან შემოსული ხალხის მიმართ. უშიშროების სამსახურს დიდი საქმე აქვს გასაკეთებელი", - აცხადებს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე

"არ მგონია, რომ ვინმესთვის ამ მხრივ დიდ ინტერესს წარმოვადგენდეთ. თუმცა მთელ ევროპაში ისეთები ხდება, უკვე არაფერია გამორიცხული. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ეს იყო ერთეული შემთხვევა, რომელიც დანაკარგის ფასად, მაგრამ ძალიან კარგად და გმირულად აღკვეთეს ჩვენი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. მათ ამისთვის დიდი მადლობა, მინდა, გადავუხადო", - ამბობს მომღერალი ირმა სოხაძე

"ჩვენი გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, ეს საფრთხე ყოველთვის შეიძლება არსებობდეს, თუმცა მთავარია, სახელმწიფო იყოს მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ამ მიმართულებით პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯებს", - დასძენს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
"მთავარია, გქონდეს ფული..." - სამი კაცის დამჭრელის გამოშვების გამო საზოგადოებაში აღშფოთება არ ცხრება

სწორია თუ არა სასამართლო, როცა 3 კაცის დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გამოუშვა?

ახალი ომის კერა ჩვენს საზღვრებთან - ერდოღანი სირიელ ქურთებს იერიშით ემუქრება
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში
ხათუნა ლაგაზიძე - "2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია"

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია" - საიას ხელმძღვანელი

ლადო პაპავა - "ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან..."