არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4791
EUR
1 EUR
3.0282
RUB
100 RUB
4.0254
25-04-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 25.11.2017
რუსეთის მოქალაქე ს.დ. და "დიდი რაოდენობით ფეთქებადი ნივთიერება" ბერი გაბრიელის ქუჩაზე

უნდა გაასაჯაროოს თუ არა ხელისუფლებამ სპეცოპერაციისას დაღუპულთა ვინაობა და საქმის დეტალები?

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, შესაძლოა, ორ წელიწადში გაეხსნას

                                                               * * *
რუსეთის მოქალაქე ს.დ. და "დიდი რაოდენობით ფეთქებადი ნივთიერება" ბერი გაბრიელის ქუჩაზე


"ვინ არის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული სამი ეჭვმიტანილი, არის თუ არა მათ შორის ახმედ ჩატაევი და რა კავშირი აქვს ამ სპეცოპერაციას 2015 წელს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ აიუფ ბორჩაშვილთან - ამ საკითხზე ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. არაოფიციალურად კი ამ ვერსიას აქტიურად განიხილავენ და არგუმენტად ახმედ ჩატაევის ვიდეომუქარა მოჰყავთ, სადაც იგი "ოცნების" ხელისუფლებას ბორჩაშვილის გათავისუფლებას სთხოვდა. ისანში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ოფიციალურად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც და საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. ოფიციალური ინფორმაციით, 22-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული ეჭვიმიტანილები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჰქონდათ კავშირი, დაკავებული პირი კი რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მისი ვინაობა უცნობია. პროკურატურამ გუშინ მხოლოდ დაკავებულის ინიციალები გაავრცელა - ს.დ." - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რუსეთის მოქალაქე ს.დ. და "დიდი რაოდენობით ფეთქებადი ნივთიერება" ბერი გაბრიელის ქუჩაზე.

"პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ს.დ. სამ თანამზრახველთან ერთად თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა, სადაც ის და მისი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ, ტერორისტული მიზნით შეძენილ დიდი რაოდენობით ფეთქებად ნივთიერებას, საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ მოწყობილობებსა და ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდნენ. მოგვიანებით დაკავებულის სავარაუდო ვინაობაც გავრცელდა - სუხო დუდაევი, თუმცა, დაკავებულის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სუხო დუდაევი არ არის. შს მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საგამოძიებო მოქმედებები სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი. დაღუპულების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულთა შორის, შესაძლოა, ახმედ ჩატაევიც იყოს, მაგრამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამის შესახებ ცნობა პირველად ყოფილმა სამხედრო ინსტრუქტორმა დავით მაკიშვილმა გაავრცელა. მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა: "ჩემი ინფორმაციით, ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული არიან ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები". ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ორი ვერსია აქვს "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" პრეზიდენტ ზაალ კასრელიშვილს. იგი ფიქრობს, რომ სამართალდამცავი უწყებები სწორ გზაზე დგანან. "კრიტიკა არც ხელისუფლებას და არც ძალოვნებს აკლიათ, მაგრამ ამ სიტუაციაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ძალოვნები სწორ გზაზე დგანან. სანამ არ ვნახავთ ოფიციალურ სამედიცინო დასკვნას და არ მოვისმეთ სახელმწიფოს ოფიციალურ განცხადებას, მანამდე თავს შევიკავებთ რაიმე კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებისგან. ამიტომ ვერ გეტყვით, ლიკვიდრებულებს შორის არიან თუ არა ჩატაევი ან მისი თანაგუნდელები", - ამბობს კასრელიშვილი, რომლის თქმით, სპეცსამსახურებს აქვთ ინფორმაცია სად იმყოფებოდა ბოლოს ჩატაევი", - განაგრძობს გამოცემა.

"რაც შეეხება მომხდარს, უფრო მგონია, რუსეთის ტერიტორიაზე გასვლა უნდოდათ და ამას მოჰყვებოდა ძალიან სერიოზული დაპირისპირება. ანუ, ტრანზიტულ დერეფნად მოხდებოდა საქართველოს გამოყენება. მეორე ვერსიით კი, ვფიქრობ, ქართულ ციხეში დაკავებული თანამოაზრის გასათავისუფლებლად ექნებოდათ რაღაც გეგმა. თუმცა დაველოდოთ ოფიციალურ პასუხს. სხვა ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა კასრელიშვილმა. ექსპერტ სულხან ბორძიკაშვილის აზრით კი, ლიკვიდირებულებს შორის, დიდი ალბათობით, ახმედ ჩატაევი არ იქნება. მისი თქმით, ანალოგიურად ფიქრობენ პანკისშიც. ამ სპეცოპერაციის კავშირს ბორჩაშვილთან კი იგი ალოგიკურად მიიჩნევს. მას ეჭვი ეპარება 2015 წელს ჩატაევის მიერ გავრცელებული აუდიომუქარის ავთენტურობაშიც. ფიქრობს, რომ ბორჩაშვილი არ იყო წონიანი ფიგურა", - დასძენს გამოცემა.

"პანკისში ოფიციალურ დონეზე გავრცელებულ ინფორმაციას ნაკლებად ენდობიან. ამბობენ, რომ ლიკვიდირებულებს შორის ჩატაევი არ იქნება. პირადად მეც ამაში ეჭვი მეპარება. თუმცა შესაძლებელია, "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფების წევრები იყვნენ, მაგრამ მათ შორის იყო თუ არა ჩატაევის გარემოცვა, არ ვიცი. არ მგონია, ამ ადამიანებს რამე კავშირი ჰქონდეთ ბორჩაშვილითან. საქართველოში ტერაქტის მოწყობის საშიშროებასაც გამოვრიცხავ, მაგრამ ტერაქტზე ეჭვის დონეზე თუ ვიფიქრებთ, მაშინ ეს უნდა მომხდარიყო საერთაშორისო შეხვედრაზე ან ფორუმზე. ზოგადად, როგორც ევროპის ქვეყანაში აწყობენ, ასეთ ტერაქტებს საქართველოში ყოველთვის გამოვრიცხავდი და ახლაც ასე ვფიქრობ. ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგებია, რომ რაც უნდა მოახდინონ, ციხეც ააფეთქონ, ბორჩაშვილს ვერ გაათავისუფლებენ. თან იგი არ იყო ისეთი ძლიერი ფიგურა, რომ მის გამოსაყვანად ჩამოსულიყვნენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სულხან ბორძიკაშვილი.

"თვითონ "ისლამურ სახელმწიფოს" უდგას ცუდი დღე. მათი ბევრი თანაგუნდელია თურქეთში დაკავებული და მაშინ იქ მოაწყობდნენ რაღაცას. ზუსტად ვიცით, რომ ეს ვიდეო ნამდვილად ჩატევს ეკუთვნოდა?! თავად ბორჩაშვილს კავშირი რომ ჰქონდა "ისლამურ სახელმწიფოსთან", გასაგებია, ამაზე თავიდანვე ვისაუბრეთ, მაგრამ, მათი ახლანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, გამოვრიცხავ ბორჩაშვილისა და სპეცოპერაციის კავშირს. "აი-სი-სი" ახლაც ისეთი ძლიერი რომ იყოს, როგორც თავის დროზე, ერთ-ერთ ვერსიად შესაძლებელია გვეფიქრა, მაგრამ ხალიფატი, პრაქტიკულად, დაინგრა, დაიშალა და ერთადერთი მათი საზრუნავი არის გადარჩენა, ყველა მხარეს გარბიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ესენიც გამოქცეულები იყვნენ. შიგნით ისეთი მდგომარეობა აქვთ, რომ ბორჩაშვილის გასათავისუფლებლად ჩამოსვლა ალოგიკურად მიმაჩნია. ჩემი ინფორმაციით, ჩატაევი საქართველოში არ არის. დამატებით სხვა ინფორმაცია არ მაქვს", - დაასკვნის ექსპერტი.

უნდა გაასაჯაროოს თუ არა ხელისუფლებამ სპეცოპერაციისას დაღუპულთა ვინაობა და საქმის დეტალები?

"გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეოპერაციის ჩატარებიდან დღემდე საზოგადოებაში არსებული კითხვები პასუხგაუცემელია. უცნობია, ვინ იყვნენ ლიკვიდირებული პირები და რა საფრთხის წინაშე იდგა საქართველო. ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაციის არარსებობის გამო მედიაში არაერთი ვერსია და მოსაზრება ვრცელდება. რაც ოფიციალურად გავრცელდა, ის არის, რომ 22-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული ეჭვიმიტანილები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჰქონდათ კავშირი, დაკავებული პირი კი რუსეთის მოქალაქეა, თუმცა პროკურატურა მის ვინაობას არ ამხელს და მხოლოდ მისი ინიციალების გაცხადებით შემოიფარგლება - ს.დ. მათივე თქმით, ჯერ არ მომხდარა ლიკვიდირებული პირების ცხედრების იდენტიფიცირება. "მოცემულ ეტაპზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ტარდება ექსპერტიზები", - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ, რომლის განმარტებით, "ამ ეტაპზე გარდაცვლილი პირების ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - უნდა გაასაჯაროოს თუ არა ხელისუფლებამ სპეცოპერაციისას დაღუპულთა ვინაობა და საქმის დეტალები?

"ვფიქრობ, უნდა გაასაჯაროოს ეს ინფორმაცია ხელისუფლებამ. საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვა და დიდი ინტერესია. მიმაჩნია, რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა ხდება და ამაში არავითარი სახელმწიფო საიდუმლოება არ არის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი.

"ვფიქრობ, რაღაც დეტალები უნდა გაასაჯაროოს ხელისუფლებამ. თუ იმის თქმა არ შეიძლება, ვინ არიან ეს პირები, ის მაინც უნდა გაიგოს საზოგადოებამ, რატომ გახდა ასეთი მასშტაბური ოპერაციის ჩატარება აუცილებელი და, ზოგადად, რასთან გვქონდა საქმე. კი, ბატონო, ნუ იტყვიან ყველაფერს, მაგრამ გარკვეული დეტალები, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გახდეს საჯარო", - მიიჩნევს ისტორიკოსი გია ანჩაბაძე.

"ზოგადად, ბევრ კითხვას ბადებს ეს ოპერაცია. გაურკვეველია, რატომ არ ვიცით დაღუპულთა ვინაობა; თუკი ამდენი ხანი იგეგმებოდა ოპერაცია, რატომ გაგრძელდა 22 საათი და ა.შ. საზოგადოებაში ბევრი კითხვაა და ვფიქრობ, სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს. ეს შეიძლება არ იყოს ყველა არსებულ შეკითხვაზე პასუხი. სახელმწიფოს აქვს გარკვეული ვალდებულება, არ გაასაჯაროოს რაღაც დეტალები, თუმცა, ვფიქრობ, რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს ის, რისი თქმაც შესაძლებელია საჯაროდ", - ამბობს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი.

"გარკვეული დროის განმავლობაში, შესაძლოა, ბევრი ინფორმაცია, მათ შორის ვინაობა, არ გასაჯაროვდეს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მეტი ინფორმაცია უნდა მივიღოთ. თუ ლიკვიდირებულები არ არიან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ რატომ უნდა ვინერვიულოთ, რას გვაძლევს მათი ვინაობა?! უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ ჩვენს უსაფრთხოებაზე. გავაანალიზოთ ხარვეზები და გამოვასწოროთ. თუმცა გონივრულ ვადაში ლიკვიდირებულთა ვინაობა ცნობილი უნდა გახდეს", - დასძენს ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, შესაძლოა, ორ წელიწადში გაეხსნას

"ბრიუსელში გამართული "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი დასრულდა და საბოლოო დეკლარაციაში ისევ არ ჩაიწერა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც თბილისის მთავარი ამოცანა იყო და რასაც ბოლო ორი სამიტია, ხელისუფლება უშედეგოდ ელოდება. დეკლარაციის მე-10 პუნქტში ჩაიწერა, რომ "სამიტის მონაწილეები აღიარებენ პარტნიორი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს გაწერილია ასოცირების ხელშეკრულებაში". "ევროპული პერსპექტივის" ჩაწერა ნიშნავს ევროკავშირის დაპირებას იმის შესახებ, რომ ოდესმე ქვეყანა გაერთიანების წევრი აუცილებლად გახდება. თუმცა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირმა ეს დაპირება ისევ არ მისცა და ახალ დოკუმენტში ჩაიწერა ის, რაც უკვე ეწერა 2015 წლის რიგის სამიტის დეკლარაციაში", - წერს გაზეთი "რეზონანსი" - სტატიაში სათაურით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, შესაძლოა, ორ წელიწადში გაეხსნას.

"გუშინ, 24 ნოემბერს, ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მე-5 სამიტი გაიმართა. სამიტში ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი - ლიდერები მონაწილეობდნენ. სამიტზე წელს პირველად პერსონალურად მიწვეული იყო ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და ერთ-ერთი ინტრიგა სწორედ ეს იყო, რადგან ერთი, რომ მისი ჩასვლა რუსეთის წინააღმდეგ დემონსტრაციულ ნაბიჯად ჩაითვლებოდა და მეორეც, ბელარუსის ლიდერის მისამართით ევროკავშირში კითხვები არსებობს ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო და მის მოწვევას ისედაც ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი აპროტესტებდა. საბოლოო ჯამში, ბელარუსის ლიდერი სამიტზე არ ჩავიდა და ინტრიგაც არ შედგა. სამიტის ფარგლებში სიახლე იყო ის, რომ სომხეთმა "პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულება გააფორმა, რითაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკება დაიწყო. სამიტის მონაწილეებმა გუშინ შეაჯამეს რიგის 2015 წლის სამიტიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯები და დაისახა სამომავლო გეგმები", - აღნიშნავს გამოცემა.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში ევროკავშირი გვთავაზობს 20 ამოცანის შესრულებას 2020 წლისთვის. ეს ძირითადად ეხება ეკონომიკის განვითარებას, დემოკრატიის განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოების მეტ ჩართულობას, მეტ დემოკრატიზებას. მთავარი აქცენტი პოლიტიკური ასოცირების დაჩქარებასა და ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციაზე გაკეთდა. ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი ფორმატი უფრო მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ახალი ადამიანების დასაქმებაზე, სტარტაპებზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ამ ქვეყნებში ეკონომიკის გაძლიერებაზე. დეკლარაციაში სულ 21 პუნქტია და მეტი ყურადღება ეთმობა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან, იმ სამ ქვეყანასთან უფრო მეტ თანამშრომლობას, რომლებთანაც ევროკავშირს "ასოცირების ხელშეკრულება" აქვს გაფორმებული. ასევე, ნათქვამია, რომ სამიტის მონაწილეები კვლავ ვალდებულებას იღებენ, გააძლიერონ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლება", - განაგრძობს გამოცემა.

"ევროკავშირი მხარს უჭერს პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. სამიტის მონაწილეები კვლავ ადასტურებენ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წინა სამიტის დეკლარაციაში გაწერილ პრინციპებსა და ვალდებულებას იღებენ, წინა სამიტზე მიღებული ვალდებულებები განახორციელონ. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს რეფორმებს ამ ქვეყნებში და ფინანსური დახმარებები მიმართოს უფრო მიზანმიმართულად. დეკლარაციაში ჩაიწერა პუნქტი, სადაც საუბარია, რომ უნდა განახლდეს ძალისხმევა კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით და, როგორც უკრაინული მედია წერს, ეს ჩანაწერი უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გაკეთდა. საქართველოდან დელეგაციის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო, რომელიც სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა", - დასძენს გამოცემა.

"ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და, როგორც მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, საქართველომ ამ ქვეყნების მხარდაჭერა მიიღო. კვირიკაშვილი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს და, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მან "საქართველოს განსაკუთრებულ პროგრესს" გაუსვა ხაზი, განაცხადა, რომ "საქართველო სამაგალითო პარტნიორია". სამიტის დაწყებამდე თბილისის მთავარი ამოცანა და, ამდენად, მედიის მთავარი კითხვა იყო, გაკეთდებოდა თუ არა ჩანაწერი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და პირდაპირ თუ ირიბად ითქვა, რომ ჯერ ამისთვის მზად არც ევროკავშირია და არც საქართველო. ზოგადად, ევროკავშირის წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უფრო პოზიტიურად არიან განწყობილი, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მოხდეს, განსხვავებით დასავლეთ ევროპის ლიდერებისგან", - წერს სტატიის ავტორი.

"ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში ევროპულ პერსპექტივას მხარს არასდროს დაუჭერენ და წევრობის განხილვა უფრო ცალკე ფორმატში უნდა მოხდეს, ისე, როგორც ეს ხდება ბალკანეთის ქვეყნების - ალბანეთის, მაკედონიის, სერბეთისა და ჩერნოგორიის შემთხვევაში, რომლებიც გაწევრიანების რიგში დგანან და მოლაპარაკებას ინდივიდუალურად მართავენ. ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებაში იოჰანეს ჰანმა თქვა, რომ ამჟამად ევროკავშირში გამოწვევებია მიგრაცია, ბრექსიტი, ფინანსური პრობლემები და ის, რომ 2-3 წელიწადში ევროკავშირში გაწევრიანება რეალისტური არ არის. ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ხავიერ ბეტელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ჯერჯერობით ახალი წევრები არ უნდა მიიღოს, "ახლა ამის დრო არ არის", რადგან ჯერ შიდა პრობლემებია მოსაგვარებელი. ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდამ განაცხადა, რომ ის, რასაც საქართველო აკეთებს და ახორციელებს, აღტაცებას იწვევს, თუმცა, ასევე თქვა ისიც, რომ ევროკავშირში მისაღებად ფანჯარა ჯერ გახსნილი არ არის, ეს შეიძლება მოხდეს ადრე ან გვიან და როდესაც ეს მომენტი დადგება, საქართველო ადამიანის უფლებების, დემოკრატიის კუთხით წინ უნდა იყოს", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"საგულისხმოა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის სურვილი აქვს იმ სამ ქვეყანას, რომლებთანაც "ასოცირების ხელშეკრულებაა" გაფორმებული. გუშინდელ სამიტზეც საქართველოს მთავარი ამოცანა იყო, რომ საბოლოო დოკუმენტაციაში ჩაწერილიყო საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც არ მოხდა. მიუხედავად ამისა, ქართული მხარე ამბობს, რომ შედეგებით და მიღებული დეკლარაციით კმაყოფილია. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ, მართალია, სამიტზე ეს ჩანაწერი არ გაკეთებულა, თუმცა "ბატონ ტუსკთან შეხვედრის დროს მან განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, ორი წლის შემდეგ ეს ჩანაწერი გაკეთდეს". "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, ამ სამიტზე რაიმე გარღვევა არ ყოფილა და ეს მოსალოდნელი არც იყო", - დასძენს სტატიის ავტორი.

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსპერტი აჟიტირებული იყო და ევროპული პერსპექტივის ჩაწერის მოლოდინი ჰქონდათ, ეს მოსალოდნელი არც ყოფილა, რადგან ევროპის თვალთახედვით სტრატეგიულად არაფერი შეცვლილა ამ ბოლო წლების განმავლობაში. ევროპის შიგნით პრობლემებს თუ გავითვალისწინებთ, იგივე ბრექსიტს, მიგრაციას, ფინანსურ პრობლემებს, დღეს ევროკავშირის ლიდერები მზად არ არიან, რაიმე ახალი საკითხები განიხილონ. ერთი სიახლე ისაა, რომ ამ სამიტზე იყო მცდელობა და დეკლარაციაში აისახა კიდეც, რომ სამი ქვეყანა - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გამოცალკევდეს და ამათზე მეტი ყურადღება და აქცენტებია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნაკლებად სავარუდოა რევოლუციამ სომხეთის საგარეო ვექტორი შეცვალოს

უნდა გახდეს თუ არა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი?
სომხური ოპოზიცია ხელისუფლებასთან ძალაუფლების გადაცემაზე იწყებს მოლაპარაკებას

ხომ არ იჩქარა კვირიკაშვილმა სარგსიანისთვის პრემიერ-მინისტრობის მილოცვა?
რამაზ საყვარელიძე - "არაფერი არ გვიშველის, სანამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მოპარვა სამარცხვინო საქციელი არ არის"

უნდა ჩავიდეს თუ არა პრემიერ-მინისტრი პანკისში?

შეტაკებები ერევანში - დაკავებულია 300-მდე ადამიანი, დაშავდა 7, აქციები გრძელდება
"ოცნების" შერიგების ფორმულა - რა იქნება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ

"25 წლის გოგონას მკვლელი უვნებლად აიყვანეს, უდანაშაულო თემირლანს კი შუბლში ესროლეს"

თორნიკე შარაშენიძე - "საპრეზიდენტო არჩევნებამდე "ოცნება" არ დაიშლება"
"ოცნების" ძველი სახეები "კოლექტიური ზარდიაშვილების" უკან დახევას ზეიმობენ

თქვენი აზრით, ხალხმაც მადლობა უნდა გადაუხადოს ეკონომიკურ გუნდს? წარმატებულია მათი საქმიანობა?
დღეს "ოცნებაში" პოლიტიკური განაჩენი დადგება - ვინ გაიმარჯვებს - "ძველები" თუ "ახლები"

საჭიროა თუ არა ევროპაში დაწყებული მასშტაბური ანტიკრიმინალური ოპერაციის გაგრძელება საქართველოშიც?

მანქანებისა და უძრავი ქონების დალომბარდება აიკრძალება?!
სომხეთის ოპოზიცია "აზიურ-ტოტალიტარული მმართველობის" დამხობით იმუქრება

სომხეთში მიმდინარე პროცესების ფონზე, ასე სწრაფად უნდა მიელოცა თუ არა პრემიერ კვირიკაშვილს სერჟ სარგსიანისთვის?
პუტინი მსოფლიო ქაოსით იმუქრება - კრემლის პასუხს კავკასიის მიმართულებით ელოდებიან

ეთანხმებით თუ არა განცხადებას, რომ თუ ე.წ. ახალგაზრდა ლიდერები იქნებიან საპრეზიდენტო კანდიდატის თანმხლები "ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს?

შეწყალებულთა რაოდენობა, შესაძლოა, მკვეთრად შემცირდეს
მამუკა არეშიძე - "ლოკალური ომები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იფეთქებს"

მოსკოვის სირცხვილი და უკან დახევა

"ფინანსურ ბაზარზე, ფაქტობრივად, "შუა გაიკრიფა" - მალე დარჩებიან მხოლოდ ბანკები და მევახშეები"

უნდა შეიცვალოს თუ არა პატიმართა შეწყალების წესი?
რუსული ხომალდები სირიის პორტებს ტოვებენ, სირიის ნაპირებთან ამერიკული ხომალდების რაოდენობა იზრდება...

მმართველ პარტიაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფებიდან რომლის პოზიციაა უფრო მისაღები?

ბანკები მთავრობისთვის არაფრის დათმობას არ აპირებენ