არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2017
ბადრი ნაჭყებია - "ვის აწყობს საქართველოში მართვადი კრიზისი?!"

რატომ მოხდა, რომ ხანძრისას დაღუპული 11 ადამიანიდან 8 ლიფტში გაიგუდა

რუსეთში მასშტაბურ რადიაციულ გაჟონვას მალავენ, რადიაციულმა ღრუბელმა საქართველოსაც გადაუარა

* * *
ბადრი ნაჭყებია - "ვის აწყობს საქართველოში მართვადი კრიზისი?!"

"რა მოხდა თბილისში მხოლოდ ვარაუდებია. ყველაზე ხშირად გვესმის ვერსია, რომ ის პირები საქართველოს ტერიტორიას სატრანზიტოდ იყენებდნენ და ის ბინა იყო ე. წ. დალუქული ბაზა, რომლის გავლითაც არაერთი ასეთი ჯგუფი გადაადგილდებოდა როგორც სირიიდან, ასევე შესაძლოა სხვა ქვეყნებიდანაც. მას მერე, რაც "ისლამური სახელმწიფოს" ბოლო ბასტიონი აიღეს, მოსალოდნელიც იყო, "ისლამური სახელმწიფო" მოქმედების ახალ ტაქტიკაზე გადავიდოდა", - აცხადებს ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში ბადრი ნაჭყებია გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ვის აწყობს საქართველოში მართვადი კრიზისი?!" / "დღეს 2-3-კაციანი თვითორგანიზებული ჯგუფები უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება იქცნენ ტერორისტებად" / "ეს ჯგუფი შეიძლება ყოფილიყო არა ტრანზიტული, არამედ უკვე ჩამოყალიბებული დაჯგუფება, რომელიც საქართველოში დარჩენასა და "გაყინვას" აპირებდა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდებოდა" / "კიდევ ძალიან მაწუხებს ის, თუ რამდენად კონტროლდებიან საქართველოში შემოსული მიგრანტები. დიდ და ძლიერ ქვეყნებსაც უჭირთ ამის გაკონტროლება, ჩვენ რა შეგვიძლია, არ ვიცი...".

"ტერორისტთა პატარ-პატარა ჯგუფები მოკლე ხანში, ალბათ, მთელ მსოფლიოში გაიფანტებიან და შეეცდებიან, ცოტა ხანს ფსკერზე დარჩნენ, არსად გამოჩნდნენ, რათა ამ ტალღამ გადაიაროს, თუმცა თანდათან მოხდება ახალი ლიდერების კონსოლიდირება და ნელ-ნელა შეეცდებიან მსოფლიო მასშტაბით ახალი ტერორისტული ტალღის აგორებას. ამ ტალღაში მოხვდება თუ არა საქართველო, ძნელი სათქმელია, იმედია, არა, მაგრამ, ვფიქრობ, ტრანზიტულ ხაზად აუცილებლად გამოიყენებენ. შესაძლოა სწორედ ამასთან გვაქს საქმე. თუმცა არსებობს სხვა ვარაუდიც: ეს ჯგუფი შეიძლება ყოფილიყო არა ტრანზიტული, არამედ უკვე ჩამოყალიბებული დაჯგუფება, რომელიც საქართველოში დარჩენასა და "გაყინვას" აპირებდა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდებოდა - თუ ამ ვერსიას მივიჩნევთ სარწმუნოდ, იარაღის რაც უფრო დიდი ბაზა ექნებოდათ, მით უფრო მომზადებულები იქნებოდნენ დასახული ამოცანების შესასრულებლად. დღეს მსოფლიოში რადიკალური ისლამის გამალებული პროპაგანდა მიდის და უკვე აშკარა ხდება, რომ ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენენ თვითორგანიზებული ტერორისტული ჯგუფები, რომელთაც მაინცდამაინც დიდი კავშირი არა აქვთ ხელმძღვანელობასთან. არ არის გამორიცხული გვქონდა სწორედ ასეთ ჯგუფთან, რომელიც გეგმავდა არა მხოლოდ საქართველოში მოქმედებას, არამედ ამიერკავკასიაშიც და იარაღის მარაგის გადანაწილებას აპირებდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ნაჭყებია.

"სამწუხაროდ, ჩვენ არა ვართ მდიდარი სახელმწიფო, მწირი რესურსების გამო ძალიან გვიჭირს საზღვრის გაკონტროლება. გაგახსენებთ, როდესაც რუსეთი პანკისის ხეობაში გვიქმნიდა პრობლემებს და ბრალდებას გვიყენებდა, თითქოს საქართველოდან მის ტერიტორიაზე შედიოდა იარაღი, ევროპაში ერთ-ერთი დებატებისას აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა საქართველო დაიცვა და განაცხადა, თუ ზესახელმწიფო რუსეთი ვერ აკონტროლებს მის საზღვრებში იარაღის შეტანას, როგორ უნდა მოახერხოს ეს პატარა საქართველომო?.. საზღვრის გაკონტროლებას სჭირდება რესურსები, რაც საქართველოს არა აქვს - მაგალითად, წელს სვანეთში ვიყავი და ყურადღება მივაქციე - სვანეთში ამხელა ჩრდილოკავკასიური საზღვარი გადის, ჩვენ კიდევ ერთი ვერტმფრენიც არა გვყავს, რომელიც რეგულარულად იფრენს და სასაზღვრო-საჰაერო სივრცეს გააკონტროლებს. მწირი ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობები ძალიან ართულებს საზღვრის დაცვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი საზღვრიდან იარაღის "გაჟონვის" შესაძლებლობა მაღალია, თუმცა გამორიცხვითაც ვერაფერს გამოვრიცხავთ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"გადავხედოთ, რას მიაღწია საქართველომ ბოლო დროს? პირველი - ეს არის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა; მეორე - ტრანსევრაზიული რკინიგზის გახსნა, რაც ეპოქალური მოვლენაა; მესამე - ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც თვალნათლივ აჩვენებს ჩინეთის საქართველოსადმი ინტერესს; და მეოთხე - აშშ-ისგან მიღებული გარანტია ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინების" გადმოცემის თაობაზე. ჩვენი საზოგადოება ბოლო წლებში აშკარად სტაბილურია, პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოში ვითარდება, უკვე ორჯერ ჩავატარეთ ნორმალური არჩევნები. ბუნებრივია, რომ გარკვეული ძალები, რომლებსაც ეს არ აწყობთ და ქვეყნის განვითარების პერსპექტივა აშფოთებთ, ეცდებიან აქ გააჩინონ დაძაბულობის კერები და ამისთვის ტერორიზმი ერთ-ერთი გზაა. ამგვარ მცდელობებს, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავთ, ამიტომაც დღეს, როგორც არასდროს, ხელისუფლებას, სპეცსამსახურებსა და საზოგადოებას სიფხიზლე და მაქსიმალურად კონსოლიდირება მართებთ", - თვლის ექსპერტი.

"ყველა ვერსია განსახილველია, თუმცა მხოლოდ ერთი ქვეყნის მიმართულებით არ უნდა ვიფიქროთ, შეიძლება სულ სხვადასხვა ჯგუფს ჰქონდეს თავისი ინტერესი. ჩვენ ირგვლივ თითქმის ყველას, ერთი სახელმწიფოს გარდა - აზერბაიჯანს ვგულისხმობ - შეიძლება აწყობს კიდეც საქართველოში მართვადი კრიზისები. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში დიდი სახელმწიფოების ინტერესები ეჯახება ერთმანეთს და არ არის გამორიცხული, დიდი სახელმწიფოები და მათ უკან მდგომი ძალები მერკანტილური მიზნების მისაღწევად ავტონომიურად მოქმედებდნენ... ამ სპეცოპერაციისას ცხადი შეიქნა, რომ ეს იყო ძალიან კარგად მომზადებული ჯგუფი. როგორც ოფიციალურად ვიცით, ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა საშუალება, მათთვის ეთვალთვალა. როგორც ჩანს, იმედი ჰქონდათ, რომ ისინი ჩაჰბარდებოდნენ და სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გაჭიანურდა სპეცოპერაციაც. მაგრამ გამოჩნდა, რომ ისინი, ფაქტობრივად, თვითმკვლელები იყვნენ, რომელთაც, სავარაუდოდ, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ სერიოზული მიზნები ჰქონდათ", - ამბობს ბადრი ნაჭყებია.

"ნეიტრალიზების ოპერაციის დროს მთავარია არ დაზიანდეს მშვიდობიანი მოსახლეობა - ამას ჩვენმა სპეცსამსახურებმა კარგად გაართვეს თავი. სამწუხაროდ, დაგვეღუპა სპეცრაზმელი, რომლის ოჯახსაც ვუსამძიმრებ. რაც შეეხება კრიტიკოსებს, გიორგი კვირიკაშვილის აზრს, რომ ამ შემთხვევაში ის ხალხი აქტიურობს, რომელთაც ტერორიზმზე წარმოდგენაც კი არა აქვთ. საქმე იქამდე მიდის, ზოგიერთი ვაიექსპერტი იმასაც ბედავს, რომ სამართალდამცავებს მიუთითოს, როგორ იმოქმედოს სნაიპერმა. რაც შეეხება მედიის მუშაობას, ექსპერტობა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ ამგვარი პროცესების დროს სიფრთხილეა საჭირო. ერთ-ერთი მედიასაშუალება ამბობდა, რომ სიუჟეტს მიმდინარე სპეცოპერაციიდან ერთი საათის დაგვიანებით უშვებდა ეთერში, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, თუ ტერორისტი ნახავდა იმ სიუჟეტს და თუნდაც ერთი საათის მერე გადაწყვეტდა, რომ ფარეხს ამოფარებული სპეცრაზმელისთვის ყუმბარა ესროლა, რა გარანტია იყო იმისა, რომ იქ სამართალდამცავები აღარ ყოფილიყვნენ?! იქნება სწორედ ასე დაგვეღუპა სპეცრაზმელი? ჯერ კიდევ შარშან ვთქვი, რომ უნდა დამკვიდრდეს ასეთ ვითარებაში სამართალდამცავი ორგანოებისა და მედიის შეთანხმებული მოქმედების სტანდარტი. ამისთვის შევისწავლე 24 ქვეყნის გამოცდილება და მიმაჩნია, რომ ავსტრალიის სტანდარტი ჩვენთვის ყველაზე მისაღებია", - დაასკვნის რესპონდენტი.

"მომავალში საფრთხის ზრდას რაც შეეხება, სამწუხაროდ, ვერაფერს გამოვრიცხავთ. საფრანგეთის ექსპრემიერმა პარიზის ტერაქტების შემდეგ განაცხადა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ტერორიზმთან თანაცხოვრებაო - ეს დღევანდელი მსოფლიოს რეალობაა. საბოლოოდ ამ სირიის კრიზისმა, არასწორმა მიგრაციულმა პოლიტიკამ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ისლამური ჯგუფების ევროპელ საზოგადოებასთან შეუმდგარმა ინტეგრაციამ და ამისგან მომავალი საფრთხეების შეუფასებლობამ, მოგვცა ის ვითარება, რაც გვაქვს. ჩვენ ძალიან რთულ პერიოდში შევდივართ. არსებობს საფრთხე, რომ ევროპულ სახელმწიფოებში ხელისუფლებაში მასობრივად მოვიდნენ მემარჯვენეები. თუმცა ასევე მიდის ამ კრიზისიდან თავის დაღწევის გზების ძიებაც. მეორე მხრივ, ევროპის ქვეყნები დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგანან. მათი მოსახლეობა მცირდება. ამ ეტაპზე ევროპას სხვადასხვა პროფესიის 22 მლნ სამუშაო ხელი სჭირდება და შევსებას სწორედ იმ საზოგადოებისგან ელის, რომლის ინტეგრაციაც ახალ დასავლურ საზოგადოებაში, ფაქტობრივად, არ ხდება. თუ ეს პრობლემა არ გადაწყდა, შეიძლება მივიღოთ საპირისპირო პროცესები და "ბრეივიკის სინდრომმა" დიდი მასშტაბი მიიღოს", - დაასკვნის ნაჭყებია და შეკითხვაზე - რამდენად ყურადსაღები შეიძლება იყოს ის მუქარის შემცველი განცხადებები, რაც სპეცოპერაციის შემდეგ გავრცელდა?" - პასუხობს:

"ნებისმიერი რამ, რაც ტერორიზმს უკავშირდება, ყურადსაღები უნდა იყოს ჩვენი სპეცსამსახურებისთვის. ვიმეორებ, დღეს 2-3-კაციანი თვითორგანიზებული ჯგუფები უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება იქცნენ ტერორისტებად. ასევე დიდ პრობლემას ვხედავ სხვაგანაც - ეს არის ქვეყანაში რელიგიური ბალანსის დარღვევის საფრთხე, რაც შეიძლება მოჰყვეს ძალიან რთულ დემოგრაფიულ ვითარებას ქვეყანაში. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით პროგნოზები ძალიან სახიფათოა. ეთნიკურად ქართველების კლების დინამიკა ასე თუ გაგრძელდა, მაშინ უდიდესი პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ".

"კიდევ ძალიან მაწუხებს ის, თუ რამდენად კონტროლდებიან საქართველოში შემოსული მიგრანტები. დიდ და ძლიერ ქვეყნებსაც უჭირთ ამის გაკონტროლება, ჩვენ რა შეგვიძლია, არ ვიცი... ვფიქრობ, განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობა გვმართებს აშშ-ის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან. მე, როგორც მკვლევარი, დავდივარ და ვაანალიზებ, თუ რა ხდება აღმაშენებლის გამზირზე არსებულ რესტორნებსა და კლუბებში, სადაც, ძირითადად, ვხედავ უსაქმურ, უმუშევარ მიგრანტებს, რომლებიც პატარ-პატარა ჯგუფებად არიან შეკრული. ამბობენ, რომ საფრანგეთში 200-მდე არალეგალური მეჩეთია, სადაც რადიკალურ ისლამს ქადაგებენ. რა ხდება ჩვენთან ამ მხრივ, ვინმე აკონტროლებს?! როცა ისლამის ამდენი მიმდევარი გაჩნდა თბილისში, თანაც, გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან მორწმუნე ხალხია, ჩნდება კითხვა, სად იკრიბებიან ეს ჯგუფები და ვინ და რას ქადაგებს?! იქნებ იმ არაბულ კლუბებში ქართველებს იმიტომაც არ უშვებენ, რომ იქ აკრძალული და რადიკალური თემები განიხილება?!" - დასძენს ბადრი ნაჭყებია.

რატომ მოხდა, რომ ხანძრისას დაღუპული 11 ადამიანიდან 8 ლიფტში გაიგუდა

"ნოემბრის ბოლო დღეები საქართველოსთვის განსაკუთრებით ტრაგიკული გამოდგა. 22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, პრაქტიკულად, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა - ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას ერთი სპეცრაზმელი შეეწირა და რამდენიმე დაიჭრა. ორი დღის შემდეგ კი ბათუმში, 22-სართულიან სასტუმრო "ლეოგრანდში", გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი შეეწირა. ბათუმის ტრაგიკული მოვლენების გამო დღეს საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დროებით დაეშვება სახელმწიფო დროშები. სასტუმრო "ლეოგრანდთან" კი მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ. "ლეოგრანდში" დაღუპულთაგან - 10 საქართველოს, 1 კი ირანის მოქალაქეა. ყველაზე მეტი, 8 გარდაცვლილი - ლიფტში, 1 - აუზში, ხოლო 2 სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში იპოვეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რატომ მოხდა, რომ ხანძრისას დაღუპული 11 ადამიანიდან 8 ლიფტში გაიგუდა / შავი ნოემბერი საქართველოში.

"ყველაფერი დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყო, როდესაც, თვითმხილველების თქმით, სასტუმროს დერეფნებში მოულოდნელად შავი კვამლი გაჩნდა. ცეცხლი არავის უნახავს, თუმცა სასტუმროს დამსვენებლებმა გადმოცემით იციან, რომ ხანძრის ეპიცენტრი სპა სალონში იყო, საიდანაც კვამლი ზედა სართულებზე გავრცელდა და ხალხში პანიკა ატყდა. ვინც შეძლო, კვამლს ვერანდაზე გასვლით დააღწია თავი, ნაწილი სასტუმროს ნომრებში გამოიკეტა და შველას იქიდან ითხოვდა, ნაწილი კი გარეთ გასვლას შიდა კიბისა და ლიფტის დახმარებით შეეცადა. ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ლიფტის შემთხვევას უკავშირდება, რადგან, რამდენიმე თვითმხილველი იხსენებს, რომ, მიუხედავად დაკვამლიანებისა, შენობიდან ლიფტის დახმარებით გამოვიდა, რადგან იცოდა, რომ ასეთ დროსაც კი პირველ სართულამდე შეუფერხებლად ჩაიყვანდა მგზავრებს. თუმცა მოულოდნელად შუქი ჩაქრა, რასაც მეორე ლიფტის გაჭედვა მოჰყვა, შიგნით შეღწეულმა კვამლმა კი 8 ახალგაზრდის გაგუდვა გამოიწვია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არც ერთ თვითმხილველს საავარიო სიგნალიზაციის ხმა არ გაუგია. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები თითქმის 9 საათის განმავლობაში ცდილობდნენ სასტუმროდან 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუირებას, რომელთაგან 21-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. დაშავებულთა შორის 1 მეხანძრე-მაშველია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულიც არ იყო, როცა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებელი პირები უმკაცრესად დაისჯებოდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასტუმრო "ლეოგრანდი" 2017 წელს სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობისა და საევაკუაციო გეგმის არარსებობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაჯარიმდა. აჭარის ტურიზის დეპარტამენტის ცნობით კი, იმავე დარღვევის გამო სასტუმრომ ვერც მათი რეკომენდაციის ნიშანი მოიპოვა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. ამავე მუხლის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით", - განაგრძობს გამოცემა.

"იყო თუ არა შენობაში სახანძრო კიბე? რატომ გაითიშა დენი მაშინ, როცა ლიფტში ადამიანები იყვნენ? რატომ არ ჩაირთო სიგნალიზაცია? ჰქონდა თუ არა სასტუმროს საევაკუაციო გეგმა? - აღნიშნულ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან ყველა შესაბამისი უწყება, პასუხისმგებელი პირი თუ დარგის სპეციალისტი გამოძიების დასრულებას ელოდება. სამაშველოს ყოფილი უფროსი თემურ გიორგაძე აცხადებს, რომ რთულია, ისაუბრო ევაკუაციის სწორად წარმართვაზე მანამდე, სანამ ყველაფერი ცნობილი არ გახდება. თუმცა აღნიშნავს, რომ, როგორც წესი, ხანძრის დროს ლიფტის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში დასაშვებია", - დასძენს გამოცემა.

"ჩემთვის ძალიან რთულია ასე საუბარი, რადგან არ ვიცი, ადგილზე რა ვითარება იყო, შენობას რა სახანძრო სისტემა აქვს, იყო თუ არა შესაბამისი ზომები დაცული და ა.შ. ყველა დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომხდარი შეაფასო. ლიფტს რაც შეეხება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ სართულზე იყო ცეცხლის კერა. ასეთ დროს ლიფტის გამოყენება რეკომენდებული არც არის, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება. გააჩნია სიტუაციას, ხანძრის მასშტაბებს, სართულს და დაკვამლიანებას. ამიტომ ჯერ უნდა გაირკვეს ყველა დეტალი, არ მინდა წინასწარ არასწორი დასკვნების დადება", - აღიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ გიორგაძე.

რუსეთში მასშტაბურ რადიაციულ გაჟონვას მალავენ, რადიაციულმა ღრუბელმა საქართველოსაც გადაუარა

"დაახლოებით 2 თვის წინ რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში, მასშტაბური რადიაციული გაჟონვა მოხდა, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც რადიაციული ღრუბელი ევროპის თავზე შენიშნეს გერმანელმა და ფრანგმა მეცნიერებმა, დასავლურ მედიაში კი დაიწერა, რომ წყარო რუსეთიდან იყო და მოსკოვი ამას მალავდა. გასულ კვირას სხვადასხვა არხით შემაშფოთებელი ცნობები გავრცელდა, რომ რუსეთში რადიაციული დასხივება 2 მილიონამდე ადამიანმა მიიღო, რომ დაბინძურებული ტერიტორიები ჩაკეტილია და მოსახლეობას საშიში ზონიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ. ევროპელმა სპეციალისტებმა გაჟონვის შედეგად "რუთენიუმ 106"-ის გავრცელების რუკა შეადგინეს, საიდანაც ჩანს, რომ გარკვეული დოზით რადიაციული დაბინძურება საქართველოსაც შეეხო. რუსი მეცნიერების ნაწილი ამ რადიაციულ გაჟონვას ჩერნობილის მსგავსი მასშტაბის კატასტროფად აფასებს, რუსეთის ხელისუფლება კი პანიკას უსაფუძვლოს უწოდებს.ევროპაში რადიაციული გაჟონვა ოქტომბრის დასაწყისში შენიშნეს. მათი ცნობით, რადიაციული ღრუბელი მეტ-ნაკლები ინტენსივობით ევროპის, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფოს თავზე შეინიშნებოდა და მისი წარმოშობის წყარო რუსეთის ტერიტორიაზე, ჩელიაბინსკის ოლქში, იყო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რუსეთში მასშტაბურ რადიაციულ გაჟონვას მალავენ, რადიაციულმა ღრუბელმა საქართველოსაც გადაუარა.

"ოფიციალური მოსკოვი ამ ბრალდებას თვენახევარი უარყოფდა, თუმცა 21 ნოემბერს "რუსჰიდრომეტცენტრმა" აღიარა, რომ 26 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე "რუთენიუმ 106"-ით "ექსტრემალური" რადიაციული დაბინძურება მოხდა და რადიაციის ნორმამ 986-ჯერ გადააჭარბა სამხრეთ ურალში, ჩელიაბინსკის ოლქის ორ სოფელში - არგაიაშსა და ნოვოგორნში, რომლებიც ბირთვული იარაღის კომპონენტების ქარხანა "მაიაკთან" ახლოს მდებარეობენ. ამის მიუხედავად, აღიარებიდან რამდენიმე საათში რუსეთის ხელისუფლებამ ყველაფერი ისევ გადაჭრით უარყო. "როსატომში" უარყოფენ, რომ გაჟონვა რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა. მათი ცნობით, რუსეთის ბირთვულ ობიექტებთან "რუთენიუმ 106"-ის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე რამდენიმე ათასჯერ დაბალია. ცნობისათვის, ხსენებულ რუსულ საიდუმლო საწარმო "მაიაკთან" დაკავშირებით ასეთი რამ პირველად არ ხდება. სწორედ ამ საწარმოდან მოხდა რადიაციის მასშტაბური გაჟონვა 1957 წლის სექტემბერში, რაც ისტორიაში უდიდეს რადიაციულ კატასტროფადაა მიჩნეული. რუსული მედიასაშუალებების აბსოლუტური უმეტესობა ამ ახალ შემთხვევაზე დუმს, თუმცა სხვადასხვა სოციალურ ქსელში თავად რუსები წერენ, რომ ჩელიაბინსკის ოლქში პანიკაა, რადიაციული ნისლია, 2 მილიონამდე ადამიანმა რადიაციული დასხივების საფრთხის შემცველი დოზა მიიღო და დაბინძურების ზონიდან გასვლის უფლებას არავის აძლევენ. ვრცელდება ფოტოებიც, სადაც ტერიტორიიდან გასასვლელები ბლოკ-საგუშაგოებითაა ჩაკეტილი", - აღნიშნავს გამოცამა

"რუსეთის ხელისუფლებაში რაიმე საშიშროებას საერთოდ გამორიცხავენ. ამბობენ, რომ საპანიკო არაფერია, რადიაციულმა ღრუბელმა უკვე გადაიარა და გამოტყორცნილი იზოტოპი ადამიანების ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. ოფიციალური განცხადებისაგან განსხვავებით, რუსეთში მოქმედი გარემოსდამცველები საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი თქმით, "რუთენიუმ 106"-ის დიდი დოზა მძიმე დაავადებებს იწვევს - კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, თუკი ადამიანმა დროზე არ მიიღო ის თანამედროვე პრეპარატები, რომლებიც დასხივების ზიანს მინიმუმამდე ამცირებს და ამიტომაც ისინი დაბინძურების ეპიცენტრიდან მოსახლეობის ევაკუაციას ითხოვენ. რუსი ეკოლოგები "უცნაურად" მიიჩნევენ "რუსჰიდრომეტცენტრის" მხრიდან ფაქტის ჯერ აღიარებას და მერე უარყოფას და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მათ ჩერნობილს ახსენებთ - მაშინაც ხელისუფლება მკაცრად დუმდა მასობრივი პანიკის შიშით. აცხადებენ, რომ ხელისუფლება მოსახლეობას პატიოსნად არ ექცევა", - განაგრძობს გამოცემა.

"საერთაშორისო სოციალურ-ეკოლოგიური კავშირის თანათავმჯდომარე ვალერი ბრინიხი მიიჩნევს, რომ პანიკა უკვე დაგვიანებულია, გაჟონვა ერთი თვის წინ მოხდა, ადამიანებმა რადიაციის დოზა უკვე მიიღეს და წყალი და საკვებიც უკვე დაბინძურებულია. მისი თქმით, ეპიცენტრიდან ადამიანების ევაკუაცია აუცილებელია, თუმცა იქ, სადაც ავარია მოხდა, გარემოს დაბინძურებისაგან სრულად გაწმენდა შეუძლებელია და ეს არის ის დოზა, რომელსაც ადამიანების მთლიანად განადგურება შეუძლია. ის არც იმას გამორიცხავს, რომ ეს გაჟონვა ჩერნობილის მასშტაბის იყოს და მთავრობა მაშინაც დუმდა. ბრინიხი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოსახლეობის სრული სამედიცინო გამოკვლევის ორგანიზება. ასევე, ყველა პროდუქტი, რომელიც სამხრეთ ურალშია წარმოებული, შემოწმდეს რადიაციულ კონტროლზე. "რუთენიუმ 106" ნივთიერება რუთენიუმის იშვიათი იზოტოპია, რომელიც ბუნებაში თავისთავად არ არსებობს. იგი წარმოიქმნება ატომური ელექტროსადგურის, ატომური გემებისა თუ წყალქვეშა ნავების ბირთვულ რეაქტორებში ურანისა და პლუტონიუმის ბირთვების გახლეჩის, ასევე, ატომური ბომბის აფეთქების შედეგად. თანამედროვე ტექნოლოგიებში "რუთენიუმ 106"-ს ძირითადად ორი მიმართულებით გამოიყენებენ - კოსმოსური თანამგზავრების გენერატორებში და მედიცინაში - თვალის სიმსივნის დროს სხივური თერაპიისას", - დასძენს გამოცემა.

"რადიაციული დონის მომატება ოქტომბრის დასაწყისში ჯერ გერმანიაში შენიშნეს, შემდეგ - საფრანგეთშიც, სადაც ბირთვულ უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანიზაციებმა დაადგინეს, რომ, სავარაუდოდ, რადიაცია ურალის სამხრეთიდან, რუსეთის ბირთვული ობიექტიდან, მოდიოდა... რადიაციული ღრუბელი მთელ ევროპას მოედო, შედარებით დიდი დოზით იტალიას, სლოვენიას, გერმანიას, ავსტრიას, ბელგიას, შვედეთს, სერბეთს და უკრაინას. მომატებულია თუ არა რადიაციის დონე საქართველოში? "რეზონანსი" შეკითხვაზე გარემოს დაცვის სამინისტრო წერილობით პასუხობს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან მათთვის ცნობილია ინფორმაცია ევროპის ქვეყნებში რადიონუკლოიდ "რუთენიუმ 106"-ის მომატებაზე, თუმცა ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც, ჰაერში არსებული რაოდენობა საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. სამინისტროს განცხადებით, "პრაქტიკულად, დღემდე არ არის დადგენილი ზუსტი გამომწვევი მიზეზი" და ოფიციალური თბილისისთვის "უცნობია, მიმდინარეობს თუ არა დამატებითი კვლევა გამომწვევი მიზეზის დასადგენად", - წერს სტატიის ავტორი.

"ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო მუდმივად არის კავშირზე აესს-თან (მათ შორის სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომელშიც ყველა წევრი სახელმწიფოა ჩართული და გამოიყენება ინციდენტების და ავარიების შესახებ ინფორმაციის გასაცვლელად) და დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ვიმოქმედებთ კანონმდებლობის შესაბამისად", - წერია სამინისტროს განცხადებაში. ცნობისათვის, ჩელიაბინსკის ოლქი ყაზახეთის საზღვართან მდებარეობს, უფრო აზიის მხარეს, მაგრამ რადიაციული ღრუბელი ევროპაში მაინც გავრცელდა, საქართველოს კი დიდი დოზით არ შეხებია. ეს ჩანს იმ რუკიდან, რომელიც საერთაშორისო ბირთვულმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს. "მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ საქართველოში მოქმედებს რადიაციული მონიტორინგის სისტემა და მეტ-ნაკლებად ვიცით, ფონი როგორია. მისივე თქმით, ჩვენში ნაკლები საშიშროებაა, რომ რადიაციამ რუსეთიდან შემოაღწიოს, რადგან კავკასიის ქედი ბუნებრივი წინაღობაა", - დასძენს სტატიის ავტორი.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
"მთავარია, გქონდეს ფული..." - სამი კაცის დამჭრელის გამოშვების გამო საზოგადოებაში აღშფოთება არ ცხრება

სწორია თუ არა სასამართლო, როცა 3 კაცის დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გამოუშვა?

ახალი ომის კერა ჩვენს საზღვრებთან - ერდოღანი სირიელ ქურთებს იერიშით ემუქრება
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში
ხათუნა ლაგაზიძე - "2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია"

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია" - საიას ხელმძღვანელი

ლადო პაპავა - "ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან..."