არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 01.12.2017
"ჯაველინების" საპასუხოდ მოსკოვი აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გვემუქრება

მანიპულაცია ციფრებით: საქართველო ეკონომიკური ზრდით რეგიონის ლიდერი არ არის

მარიხუანას დეკრიმინალიზაცია გამოიწვევს თუ არა მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას?

***
"ჯაველინების" საპასუხოდ მოსკოვი აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გვემუქრება

“აშშ-ის მიერ საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინების" გადმოცემის საპასუხოდ მოსკოვი თბილისს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ერთგვარ "გამაფრთხილებელ" მესიჯებს უგზავნის და ძალის დემონსტრირებისთვის გუშინ აფხაზეთის რუსულ ბაზაზე ასი ერთეული თანამედროვე სამხედრო ტექნიკა შეიტანა, ცხინვალის რეგიონში 4-ვე რუსულ ბაზაზე კი დაუგეგმავი მასშტაბური წვრთნები დაიწყო. ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე მოსკოვის გააქტიურება რომ "ჯაველინებზე" პასუხია, ამაში ეჭვი არ ეპარება უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ჯაველინების" საპასუხოდ მოსკოვი აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გვემუქრება

"საგულისხმოა, რომ 28 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის "ჯაველინის" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემის მიყიდვის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრთხის შემცველია თბილისისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, კონკრეტულად კი საუბარია აშშ-დან განცხადებაშ ნათქვამია, რომ ჯაველინის" მიწოდებაზე, ასევე, აშშ-ის მიერ დაგეგმილი ახალი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობასა და სამხედრო შენაერთების მომზადების პროგრამაზე. "რუსეთი მსგავს სამხედრო მხარდაჭერას განიხილავს, როგორც პირდაპირ ბიძგს თბილისისთვის რეგიონში მორიგი საშიში ავანტიურის განხორციელებისკენ," - აღნიშნავს გამოცემა

ვახტანგ მაისაიას თქმით, მოსკოვი მარტო განცხადებით არ შემოიფარგლა და ახლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან "კუნთების ჩვენებაც" დაიწყო. რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის გუშინდელი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის გადაიარაღება ხდება და 100 ერთეული ახალი სამხედრო ტექნიკა შეიტანეს. სამხედრო ბაზას გადაეცა თანამედროვე ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, მოძრავი სადაზვერვო პუნქტები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გარკვეული შეიარაღება და რადიოელექტრონული ბრძოლის ავტომატიზებული კომპლექსები. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამხედრო ტექნიკა აღჭურვილია მე-5 თაობის რადიოსადგურით, კოორდინატების განსაზღვრის სისტემებით და ა.შ“, - განაგრძობს გამოცემა

"ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულია რუსული სამხედრო ბაზა, რომლის პირადი შემადგენლობაში შედის 4 ათასი სამხედრო, მათი წვრთნებისთვის კი გუდაუთის და ნაღვალოუს სამხედრო პოლიგონები გამოიყენება. რუსეთმა პარალელურად გაააქტიურა ცხინვალის რეგიონის რუსული ბაზებიც. გუშინ 4-ვე რუსულ სამხედრო ბაზაზე მასშტაბური სწავლება დაიწყო 3 ათასი რუსი სამხედროს მონაწილეობით. როგორც ოსური მედია წერს, მასშტაბური ტრენინგის დროს სამხედრო მოსამსახურეები სწავლობენ უსაფრთხოების მოთხოვნებს ყოველდღიური და საბრძოლო მოქმედებებისას ზამთრის პერიოდში. ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ აფხაზეთში ახალი შეიარაღების შეტანაც და ცხინვალის რეგიონში საგანგებო წვრთნებიც "ჯაველინებს", აგრეთვე აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებას უკავშირდება და "ეს არის "კუნთების თამაში", ოღონდ მოდერნიზებულ სტილში. ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი პრელუდია." მაისაიას თქმით, რუსეთის თავდაცვამ სულ ახლახან შეისყიდა ახალი საბრძოლო ერთეულები, მაგალითად, აღმოსავლეთის სტრატეგიულმა სარდლობამ მიიღო 1 000 ახალი ტიპის საბრძოლო შეიარაღება, სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ, რომელშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები შედიან, მიიღო შეიარაღების 2 000 ახალი ერთეული და სწორედ ეს განათავსეს აფხაზეთის ბაზებზე. გამორიცხული არ არის, "ჯაველინების" შესყიდვაზეც იყოს ეს ერთგვარი პასუხი. ჩვენ ამერიკელებისგან შევისყიდეთ "ჯაველინების" ტიპის მეოთხე თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები და რუსებმა საპასუხოდ თავიანთი ძალაც გვაჩვენეს - ახალი ტიპის შეიარაღების ელემენტები შემოიტანეს საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის საუბარია დამრტყმელ ტანკებზე - ტე-80-უ. ეს ტანკი იმითაა ცნობილი, რომ მას აქვს დამატებითი დამცავი ჯავშანი, ელექტრონულ მართვაზეა, აქვს რადიოლოკაციური ბრძოლის ელემენტებიც, რომლის მეშვეობითაც შეუძლია, მოატყუოს კომპლექსიდან გამოსული რაკეტები“, - დასძენს გამოცემა

"მაისაიას თქმით, ასევე, საქართველოს სამხედრო-დიპლომატიურ გააქტიურებას აშშ-ის მიმართულებით უკავშირდება ცხინვალის რეგიონში წვრთნების დაწყებაც. ცხინვალის რეგიონის რუსულ ბაზებზე 5 600 სამხედროა და 3 000 ჯარისკაცის წვრთნებზე გამოყვანა არის რუსული სამხედრო შენაერთის, ფაქტობრივად, 80%. დიდი მკითხაობა არ სჭირდება, რომ ეს სწავლება არაგეგმური ტიპისაა. როგორც ჩანს, ერთგვარი უცაბედი განგაშის კონტექსტშია მოწყობილი. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა ასეთი სპეციალური, არაგეგმური ტიპის სწავლების მოდელი, რათა ბრძოლისუნარიანობის დონე შეაფასონ და გარკვეული "იქს" სიტუაციებისთვის მუდმივად მზად იყვნენ. ეს მომენტები პასუხია ჩვენი მიმართულებით. ეს არის "კუნთების თამაში", ოღონდ მოდერნიზებულ სტილში. ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი პრელუდია," - წერს სტატიის ავტორი

მანიპულაცია ციფრებით: საქართველო ეკონომიკური ზრდით რეგიონის ლიდერი არ არის


"მთავრობა ეკონომიკური ზრდის მონაცემებით მანიპულირებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოში არსებულ მდგომარეობას რეგიონში საუკეთესოდ მიიჩნევს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეეფერება. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით რეგიონის ლიდერი სომხეთია. 2017 წლის 3 კვარტალში სომხეთის ეკონომიკურმა ზრდამ 5.3%-ს მიაღწია (ოქტომბრის მონაცემები იქ ჯერ დათვლილი არ არის). რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან იანვარ-სექტემბერში მშპ-ს საშუალო ზრდა 4.7%-ია, რაც აშკარად ჩამორჩება მეზობლის მაჩვენებელს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თვეში ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა, ხოლო უშუალოდ ოქტომბერში 5,7%-იანი წინსვლა აღინიშნა. იგი ამტკიცებს, რომ საქართველო რეგიონში საუკეთესოა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით მანიპულაცია ციფრებით: საქართველო ეკონომიკური ზრდით რეგიონის ლიდერი არ არის / სომხეთის მშპ აშკარად უფრო მეტად იზრდება, ხოლო თურქეთისა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ერთნაირია

"კვირიკაშვილის თქმით, კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი, რომელიც გამოქვეყნდა, არის ის, რომ, წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბრის ეკონომიკური ზრდა 5.7% გახლავთ, 10 თვეში კი, საშუალოდ, 4.9%-იანი მატება გვაქვს. ეს არის რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგი. ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად მეტი დინამიკა შევქმნათ ეკონომიკაში. დარწმუნებული ვარ, პროექტები, რომლებსაც ხელი მოეწერა და რომელთა განხორციელება მალე იგეგმება, შექმნის გაცილებით მეტ დინამიკას და მომავალ წელს, ყველა პროგნოზით, ველით უკეთეს ეკონომიკურ ზრდას, ვინაიდან წელს მოლოდინს გადავაჭარბეთ. გაისად უნდა ვეცადოთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პროგნოზს გადავაჭარბოთ. პრემიერის მოსაზრებას ეთანხმებიან საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც. დეპუტატ ლევან კობერიძის თქმით, დღეისათვის რეგიონში ყველაზე დიდი ზრდა გვაქვს და ეს არის გააზრებული და პროფესიონალურად მართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. "კვირიკაშვილის ფაქტორი", როგორც მოიხსენიებდნენ უცხოელი ინვესტორები და პარტნიორები, რეალობაში იძლევა იმ შედეგს, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავართ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობამდე", - აღნიშნავს გამოცემა.

"2017 წლის 3 კვარტალში სომხეთის ეკონომიკურმა ზრდამ 5.3%-ს მიაღწია (ოქტომბრის მონაცემები იქ ჯერ დათვლილი არ არის). რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან იანვარ-სექტემბერში მშპ-ს საშუალო ზრდა 4.7%-ია. ოქტომბრის საუკეთესო მაჩვენებელიც რომ გავითვალისწინოთ (5,7%), ჩვენი მეზობლის შედეგს მაინც ჩამოვრჩებით, რადგან იანვარ-ოქტომბერში საქართველოში მშპ 4,9%-ით გაიზარდა. სხვათა შორის, 5%-იანი მაჩვენებელი აქვს თურქეთსაც. ეკონომისტები მთავრობის წევრთა გაბუქებულ ნათქვამს გადაუმოწმებლად ან პრესტიჟის ასამაღლებლად განზრახ ნათქვამად მიიჩნევენ. "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტ პაატა შეშელიძის აზრით, რომ არა მთავრობის პოლიტიკის ხარვეზები, ბევრად მაღალი შედეგი უნდა გვქონდეს. მათი პოლიტიკა ხელს კი არ უწყობს წინსვლას, არამედ აფერხებს მას. შეშელიძის თქმით, განცხადება ალბათ გადაუმოწმებლად ითქვა ან შეიძლება სპეციალურად, პიარისთვის. მოსახლეობაში ამას არავინ გადაამოწმებს და დაიჯერებენ, რასაც მთავრობა იტყვის. ამ ეტაპზე რეგიონში მართლაც სომხეთი ლიდერობს, ჩვენზე მაღალი მაჩვენებელი მას ნამდვილად აქვს. რაც შეეხება საქართველოს, მთავრობის ხარვეზები რომ არა, ბევრად მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს. მათი პოლიტიკა ხელს კი არ უწყობს წინსვლას, არამედ აფერხებს მას. საერთოდაც, მთავრობას არ უნდა ჩავუთვალოთ დამსახურებად მაღალი მაჩვენებელი, არამედ მისი არასწორი გადაწყვეტილებების გამო გვაქვს ასეთი შედეგი. მიუხედავად სერიოზული პრობლემებისა, ხალხი მეტ-ნაკლებად მუშაობს და რაღაცას აკეთებს ქვეყნისათვის", - განაგრძობს გამოცემა.

"დღეს არსებული ეკონომიკური ზრდა საკმარისად არ მიაჩნია ეკონომისტ გიორგი ღაღანიძეს. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, როცა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 5-6%-ის ფარგლებშია, ეს ცუდი მაჩვენებელია. საქართველო ბევრად ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს. საჭიროა უფრო მეტი ტემპი და ამისთვის შესაბამისი ზომების მიღებაა აუცილებელი. ღაღანიძის თქმით, სიმართლეა, რომ რეგიონში ჩვენზე მაღალი მაჩვენებელი სომხეთს აქვს. შესაძლოა, ინფორმაციის გადაუმოწმებლად თქვეს. საერთოდ კი, როდესაც ეკონომიკური ზრდა 5-6%-ის ფარგლებშია, საქართველოს დარი ქვეყნისთვის ცუდი მაჩვენებელია. ჩვენ ხომ ბევრად ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს. კარგია, რომ საშუალოზე ოდნავ მეტი გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, თუმცა ეს არ კმარა, გვჭირდება გაცილებით მაღალი ტემპი. განსხვავება საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უნდა შემცირდეს. ასეთი ტემპით კი, რა თქმა უნდა, ვერანაირად შემცირდება", - დასძენს გამოცემა.

"მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა მეტ-ნაკლებად შესამჩნევი გახდა, ეკონომისტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის 5%-იანი მაჩვენებელი დაბალია. თუ ქვეყანამ ამ სვლით განაგრძო განვითარება და პოლიტიკა არ შეცვალა, ერთ ადგილზე გაიყინება. გიორხელიძის თქმით, მთავრობას ამჯერად აქვს უფლება, ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბროს, შარშანდელთან შედარებით ურიგო მაჩვენებელი არ არის, თუმცა ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის ეს სასიხარულო ნამდვილად არ არის. ისიც აღსანიშნავია, რომ ქვეყანა გამოდის უმძიმესი მდგომარეობიდან და იქნებ სწორმა პოლიტიკამ უფრო სწრაფად განავითაროს. ასე თუ გავაგრძელეთ განვითარება, რა ტემპითაც დღეს მივდივართ, ვერასდროს პრობლემას ვერ გადავჭრით. 14-მილიარდიანი ეკონომიკა 4-5%-ით იზრდებოდეს, ეს ნიშნავს ერთ ადგილზე გაყინვას", - წერს სტატიის ავტორი

მარიხუანას დეკრიმინალიზაცია გამოიწვევს თუ არა მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას?


"საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა "გირჩის" სარჩელი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვდა. საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და მთავრობას ამ ცვლილებაზე მუშაობა მოუწევს, თუმცა აღნიშნა, რომ ამან შეიძლება მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს. ეკა ბესელიას თქმით, ზოგადად, ასეთი პრაქტიკაა, თუმცა, ასევე, უნდა ვიფიქროთ, ყველა იმ პრევენციულ ღონისძიებაზე, რომ მომხმარებელთა რაოდენობა იყოს რაც შეიძლება ცოტა და ამისთვის საჭირო იქნება კომპლექსური ღონისძიებების ჩართვა, როგორიცაა საგანმანათლებლო, პრევენციული სერვისები და ა.შ., იმისთვის, რომ არ იყოს ქვეყანაში ნარკოტიკებზე დამოკიდებული ბევრი ადამიანი. ჩვენი ხედვაც და მიდგომაც არის, რომ ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა გვქონდეს", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით,  როგორ ფიქრობთ, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია გამოიწვევს თუ არა მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას?

"მე ვფიქრობ, გამოიწვევს მომხმარებლის რაოდენობის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ აკრძალული ხილი უფრო ტკბილია, ახალგაზრდებისთვის ადვილი მისაწვდომობაც დიდი სატყუარა იქნება. გარდა ამისა, არსებობს მთელი რიგი პროფესიებისა და საქმიანობებისა, სადაც არ შეიძლება მისი გამოყენება. ეს არის პედაგოგი, მძღოლი, პილოტი და ა.შ. თუმცა არც იმისა მომხრე ვარ, რომ ამის გამო ციხეში გაუშვან ვინმე. ეს ძალიან ხისტი მიდგომაა. საჭიროა, რომ საზოგადოების გაკიცხვის საგანი მაინც იყოს", - აღნიშნავს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე

"მომხმარებლის რაოდენობის გაზრდას, დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოიწვევს. ის კი, ვინც მომხმარებელია, უფრო თავისუფლად მოიხმარს. სხვა მხრივ, რამდენადაც მე გამიკითხავს და ვიცი, მომხმარებლის გაზრდა მის დეკრიმინალიზაციას არსად გამოუწვევია", - აცხადებს ა/ო "საქართველო არ იყიდება" გიგა ნასარიძე

"მე ვფიქრობ, გამოიწვევს და ყველაზე მეტად მეშინია მოსწავლე-ახალგაზრდობის. იმიტომ, რომ მე 15 წლის შვილი მყავს სახლში და იმან რომ მითხრას, მაინც არ დამიჭერენ და რა მოხდა მერე, თუ მოვწიეო - ეს არ მინდა, თორემ ვინც მოიხმარს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს", - ამბობს მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე

"ჩემი აზრით, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია გამოიწვევს მისი მომხმარებლის რიცხვის გაზრდას. მეტიც, ეს გარდაუვალი მგონია", - დასძენს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რამაზ საყვარელიძე - "არაფერი არ გვიშველის, სანამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მოპარვა სამარცხვინო საქციელი არ არის"

უნდა ჩავიდეს თუ არა პრემიერ-მინისტრი პანკისში?

შეტაკებები ერევანში - დაკავებულია 300-მდე ადამიანი, დაშავდა 7, აქციები გრძელდება
"ოცნების" შერიგების ფორმულა - რა იქნება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ

"25 წლის გოგონას მკვლელი უვნებლად აიყვანეს, უდანაშაულო თემირლანს კი შუბლში ესროლეს"

თორნიკე შარაშენიძე - "საპრეზიდენტო არჩევნებამდე "ოცნება" არ დაიშლება"
"ოცნების" ძველი სახეები "კოლექტიური ზარდიაშვილების" უკან დახევას ზეიმობენ

თქვენი აზრით, ხალხმაც მადლობა უნდა გადაუხადოს ეკონომიკურ გუნდს? წარმატებულია მათი საქმიანობა?
დღეს "ოცნებაში" პოლიტიკური განაჩენი დადგება - ვინ გაიმარჯვებს - "ძველები" თუ "ახლები"

საჭიროა თუ არა ევროპაში დაწყებული მასშტაბური ანტიკრიმინალური ოპერაციის გაგრძელება საქართველოშიც?

მანქანებისა და უძრავი ქონების დალომბარდება აიკრძალება?!
სომხეთის ოპოზიცია "აზიურ-ტოტალიტარული მმართველობის" დამხობით იმუქრება

სომხეთში მიმდინარე პროცესების ფონზე, ასე სწრაფად უნდა მიელოცა თუ არა პრემიერ კვირიკაშვილს სერჟ სარგსიანისთვის?
პუტინი მსოფლიო ქაოსით იმუქრება - კრემლის პასუხს კავკასიის მიმართულებით ელოდებიან

ეთანხმებით თუ არა განცხადებას, რომ თუ ე.წ. ახალგაზრდა ლიდერები იქნებიან საპრეზიდენტო კანდიდატის თანმხლები "ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს?

შეწყალებულთა რაოდენობა, შესაძლოა, მკვეთრად შემცირდეს
მამუკა არეშიძე - "ლოკალური ომები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იფეთქებს"

მოსკოვის სირცხვილი და უკან დახევა

"ფინანსურ ბაზარზე, ფაქტობრივად, "შუა გაიკრიფა" - მალე დარჩებიან მხოლოდ ბანკები და მევახშეები"

უნდა შეიცვალოს თუ არა პატიმართა შეწყალების წესი?
რუსული ხომალდები სირიის პორტებს ტოვებენ, სირიის ნაპირებთან ამერიკული ხომალდების რაოდენობა იზრდება...

მმართველ პარტიაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფებიდან რომლის პოზიციაა უფრო მისაღები?

ბანკები მთავრობისთვის არაფრის დათმობას არ აპირებენ
"ოცნებაში" ელიან, რომ ნაჩხუბარ დეპუტატებს ივანიშვილი შეარიგებს

როდის დაიწყებს ამერიკა სირიაზე სარაკეტო შეტევას?

ეთანხმებით თუ არა კობახიძის მოსაზრებას, რომ ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედია?
"აშშ რაკეტებს უახლოეს საათებში გაუშვებს" - ნერვების ომი, რომელიც კაცობრიობას, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს

ფიქრობთ თუ არა, რომ უმრავლესობაში გავლენისთვის მიდის ბრძოლა?

"საჯარო სექტორში ხელფასებთან დაკავშირებით სრული მარაზმია"!

რუსული მედიაშეტევა - "გაზპრომმედია" საქართველოში "ენ-ტე-ვე პლუსის" ბრენდით შემოდის