არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2017
ყოველი მეორე ოჯახი თვეში 200-400 ლარის იმედზეა

უნდა გამოისყიდოს თუ არა მერიამ "ლაღიძის წყლები"?

სპეცოპერაცია ქალაქში ბრძოლის ელემენტებით / ქართული "ჯაველინები" რეალობა ხდება / სანაპირო დაცვის ერთობლივი სწავლებები / სპეცოპერაციის მონაწილის მონაყოლიდან / ელგუჯა მეძმარიაშვილი - "საჰაერო-კოსმოსური თავდაცვისთვის საინფორმაციო-მზვერავი თანამგზავრი გვჭირდება" / ოფიცერთა შუალედური სამხედრო განათლება

* * *
ყოველი მეორე ოჯახი თვეში 200-400 ლარის იმედზეა

"საქართველოს ყოველი მეორე ოჯახი მიზერული შემოსავლის ამარაა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგმა საშუალო თვიური ხელფასის ამსახველი სტატისტიკა თავდაყირა დააყენა. საბოლოოდ დადასტურდა, რომ ოჯახების შემოსავლების სავალალო მაჩვენებელი ოფიციალური უწყების მეთოდოლოგიასთან აშკარა წინააღმდეგობაშია. "საქსტატის" მონაცემით, 2017 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1106 ლარით განისაზღვრა. სპეციალისტების გაანგარიშებით კი, მეთოდოლოგიის შეცვლის შემთხვევაში ეს ნიშნული რეალობას მიუახლოვდება და რამდენიმე ასეული ლარით შემცირდება. ამ დროს დიამეტრულად განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს იგივე "საქსტატი" სხვა კვლევის საფუძველზე..." - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ყოველი მეორე ოჯახი თვეში 200-400 ლარის იმედზეა / ოფიციალურმა სტატისტიკამ დაადასტურა, რომ საშუალო ხელფასის ზრდა მითია და მეტი არაფერი.

"ოფიციალური მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს მასშტაბით ოჯახების 46,7%-ის საშუალო ყოველთვიური ფულადი შემოსავალი 101-დან 400 ლარამდეა. ასეთი შემოსავალი ქალაქში მცხოვრებთა - 35,9%-ს, ხოლო სოფლად მცხოვრებთა 61,6%-ს აქვს. შედარებით მაღალი, 401-800 ლარი ოჯახების 24,3%-ს აქვს. ქალაქში ამ ოდენობის შემოსავალი ოჯახების 26,9%-ს აქვს, ხოლო სოფლად - 20,8%-ს. ოჯახების შედარებით მცირე ნაწილის - 13,6% - შემოსავალი ყოველთვიურად 801-1500 ლარს შეადგენს, 1500 ლარზე მეტს კი ყოველთვიურად ოჯახების 5,9% იღებს. განსაკუთრებით საგანგაშოა ფაქტი, რომ ყოველთვიურად ყველაზე მცირე შემოსავალი - 100 ლარი და ნაკლები ოჯახების 4%-ს აქვს. ამ ოდენობის შემოსავალი ქალაქში მცხოვრები ოჯახების - 2,3%-ს, ხოლო სოფლად მცხოვრებ 6,3%-ს აქვს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით სპეციალისტებს უარყოფითი დამოკიდებულება ყოველთვის ჰქონდათ. ისინი ამბობენ, რომ მაღალი თანამდებობისა და დაბალშემოსავლიან პირთა ხელფასების ერთ კალათაში მოქცევა არასწორია", - აღნიშნავს გამოცემა.

"მაღალი თანამდებობის პირების, ვთქვათ, საჯარო მოხელეების, ტოპმენეჯერებისა და სხვათა და დაბალშემოსავლიანთა ანაზღაურება უნდა გაიმიჯნოს. შედარებისთვის, ამერიკაში მეთოდოლოგიის მიღმაა მენეჯერების, მსახიობების, ცნობილი ადვოკატებისა და სხვათა ხელფასები, რაც საქართველოშიც გასათვალისწინებელია. ზოგს იმდენად მაღალი შემოსავალი აქვს, განსაკუთრებით კომერციულ სექტორში, რომ ერთი კაცი ვერც კი დახარჯავს. ამ კატეგორიის პირთა წლიური შემოსავალი მილიონზე მეტია. საერთო კალათაში მაღალშემოსავლიანთა ხელფასის გაუთვალისწინებლობა სტატისტიკას მნიშვნელოვნად შეცვლის. თანაც 20%-იან საშემოსავლო გადასახადის წილსაც თუ გამოვაკლებთ, მაშინ ეს 1106-ლარიანი თვიური საშუალო ხელფასი რამდენიმე ასეული ლარით შემცირდება", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.

"რაც შეეხება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, იგი რეალობასთან ძალიან ახლოსაა და იმავდროულად მძიმეც - "ხელფასების მიმღებთა კონტინგენტი არც ისე ბევრია საქართველოში. ყოველ 1000 კაცზე ხელფასს 2-ჯერ ნაკლები ადამიანი იღებს, ვიდრე 90-იანი წლების დასაწყისში. ამ ხნის განმავლობაში ხელფასების მიმღებთა რაოდენობა შემცირდა 3-ჯერ, როცა მოსახლეობა შეგვიმცირდა მხოლოდ 1/3-ით. ეს მანიშნებელია იმისა, თუ რატომ მოხდა მიგრაციის ზრდა. ამასთან, მაღალია დიფერენცირება მოსახლეობის შემოსავლების მიხედვით და ძალიან ბევრ ადამიანს არსებობის საშუალებაც კი არ აქვს მიზერული შემოსავლის გამო. დამწვარზე მდუღარე დაასხესო, ასეა ჩვენი საქმე ლართან დაკავშირებითაც. დევალვაცია უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობის შემოსავლებზე და ეს ბუნებრივია. ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით, საქართველო გაცილებით მეტად არის დამოკიდებული იმპორტზე, ვიდრე აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი და სხვა. არაფერს ვამბობს ევროპის წამყვან ქვეყნებზე. ცხადია, ეს უარყოფითად მოქმედებს მოქალაქეების განწყობასა და მოლოდინზე. რამდენად ადეკვატურად ან სრულად იძლევიან ოჯახები შემოსავლებზე ინფორმაციას, ესეც გასათვალისწინებელია, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ხელფასის წილი დაახლოებით 45-50%-ის ფარგლებში მერყეობს შინამეურნეობათა შემოსავლებში, რაც სხვა ქვეყნებში გაცილებით მაღალია", - დაასკვნის არჩვაძე.

"ეკონომისტების შეფასებით, ამის მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე და სტაგნაციაა, რაშიც ხალხი სავალუტო კრიზისის გამო აღმოჩნდა. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ხალხს დანაზოგის გადადების საშუალება არ აქვს, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ელემენტარული საშუალებაც არ გააჩნია, რომ ყოველდღიური ხარჯი გასწიოს. აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, საქართველოში ახლა ის მდგომარეობაა, როცა მოსახლეობა ხარჯავს მეტს და ყიდულობს ნაკლებს. ეს სიტუაცია ლარის დევალვაციამ გამოიწვია და აბსოლუტურ უმრავლესობას ამ პრობლემასთან გამკლავება უჭირს -"დევალვაციის შემთხვევაში მსყიდველუნარიანობა მცირდება, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ცხადია, თუ არ აქვს ადამიანს, ვერ დახარჯავს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ხარჯავს იმავეს და ყიდულობს ნაკლებს. ეს არის ყველაზე ცუდი", - ამბობს სილაგაძე, რომლის თქმით, "ფულის გადანახვის ხარჯზე მცირეშემოსავლიანი ადამიანი ვერ იცხოვრებს", - განაგრძობს გამოცემა.

"ვინც უცხოეთიდან იღებენ გზავნილებს, მხოლოდ ისინი არიან უკეთეს სიტუაციაში, რადგან დევალვაციის პერიოდში მეტი ლარის შესყიდვა შეუძლიათ, მაგრამ მეტ საქონელს ვერც ისინი ყიდულობენ. თუმცა მათი მდგომარეობა არსებითად არ არის გაუარესებული იმ კატეგორიასთან შედარებით, ვისაც შემოსავალი ლარში აქვსლარის დევალვაციის გამო სერიოზული პრობლემა აქვთ შინამეურნეობებს, რომელთაც საბანკო ვალდებულებების გადახდა უწევთ. ძალიან დიდი თანხა გადის ქვეყნიდან ამ ვალების მომსახურებაზე როგორც ძირითადი თანხის სახით, ასევე პროცენტებიც. თავისთავად ეს ფაქტორი შინამეურნეობების განვითარებას ხელს უშლის, რადგან დოლარს ყიდულობენ ლარის მეშვეობით და გაცილებით მეტი ფულის ხარჯვა უწევთ. ასეულ მილიონობით დოლარის ვალზეა საუბარი უახლოესი პერიოდის განმავლობაში, რაც ეკონომიკისთვის ძნელი ასაწევია. ბევრი შეკითხვა ისმის, რა უნდა ვქნათ. ერთხელ და საბოლოოდ უნდა გაეცეს პასუხი ამ შეკითხვას, რადგან საზოგადოება უფლებამოსილია, იცოდეს, ვინ იღებს ამ სესხებს, რა შემოსდის სახელმწიფოს და რა მოიგო მსესხებელმა", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთო სილაგაძე.

უნდა გამოისყიდოს თუ არა მერიამ "ლაღიძის წყლები"?

"რუსთაველის გამზირზე, შესაძლოა, ლაღიძის წყლები და ცნობილი სახაჭაპურე აღდგეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მისი სურვილის შესახებ რუსთაველზე ახალი სავაჭრო ცენტრის, "გალერეას" გახსნის ცერემონიაზე განაცხადა და თბილისის მერს მიმართა, რომ ეს ბიზნესის უფლებების სრული დაცვით უნდა მოხდეს. ლაღიძის წყლების გამოსყიდვის იდეამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კარგი იდეაა, ნაწილს კი სულაც არ სურს მის მიერ ბიუჯეტში შესული ფული მთავრობამ მსგავს პროექტებზე დახარჯოს. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებას რუსთაველზე ისტორიული ლაღიძის წყლებისა და სახაჭაპურის დაბრუნებასთან დაკავშირებით თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ის იღებს ამ დავალებას და მის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს: "ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ღირსშესანიშნაობა დედაქალაქს დავუბრუნოთ. ამისთვის ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ. ზუსტად ასეთი შენობა-ნაგებობებით თბილისი ძალიან მალე გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი. დედაქალაქის მერიისა და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური თანადგომა იქნება, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას," - აღნიშნა დედაქალაქის მერმა", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - უნდა გამოისყიდოს თუ არა მერიამ "ლაღიძის წყლები"?

"მე ამის პირველი მომხრე ვარ. რამდენი წელია, ამ საკითხზე გაბრაზებული ვარ. როგორ მოხდა, რომ დაიწვა ეს ტერიტორია, ვინ გაბედა, შეხებოდა თბილისელებისთვის ერთადერთ კოლორიტულ ადგილს?! ამას ასე, ხმამაღლა ვაცხადებ. ძალიან დიდი მალდობა კვირიკაშვილსა და კალაძეს ამ ინიციატივისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ადგილი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მუსიკოსი ნუცა ჯანელიძე.

"ეს არის ქალაქის ტრადიცია და აუცილებლად უნდა იყოს "ლაღიძის წყლები", თუმცა ვინ უკეთ მოუვლის მას, კერძო კომპანია თუ სახელმწიფო, ამას ვერ გეტყვით", - ამბობს ისტორიკოსი გია ანჩაბაძე.

"აუცილებლად უნდა გამოისყიდოს. ეს იქნება ძალიან კარი საქმე. თავის დროზე მისი გაყიდვა და მოშლა დიდი დანაშაული იყო", - მიიჩნევს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

"თავისთავად, როგორც თბილისელს, მინდა, რომ დაბრუნდეს ლაღიძის წყლები. რა თქმა უნდა, მას ის გემო აღარ ექნება, რადგან მიტროფანე ლაღიძე აღარ არის ცოცხალი და მე მგონია, რომ მისი შემცვლელი არ არსებობს, თუმცა პრეცედენტის დაშვებისაც მეშინა, რომ სახელმწიფომ კერძო ბიზნესი დააზარალოს"- დასძენს ხელოვნებათმცოდნე გია ბუღაძე.

სპეცოპერაცია ქალაქში ბრძოლის ელემენტებით / ქართული "ჯაველინები" რეალობა ხდება / სანაპირო დაცვის ერთობლივი სწავლებები / სპეცოპერაციის მონაწილის მონაყოლიდან / ელგუჯა მეძმარიაშვილი - "საჰაერო-კოსმოსური თავდაცვისთვის საინფორმაციო-მზვერავი თანამგზავრი გვჭირდება" / ოფიცერთა შუალედური სამხედრო განათლება

"21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი დრამატული მოვლენები სერიოზულ გაფრთხილებად უნდა იქცეს როგორც ხელისუფლებისთვის, ისე საზოგადოებისთვის - მსოფლიოსთვის ასე აქტუალური საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე არც საქართველოსთვის ხდება უცხო... ქართულ სპეცსამსახურებს პირველად მოუწიათ ოპერაციის ჩატარებამ იმ ტიპის შეიარაღებულ ჯგუფთან, რომელიც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდა. სამკაციანი შეიარაღებული ჯგუფის ლიკვიდირება 20 საათზე მეტხანს გაჭიანურდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ სპეცოპერაციამ დაწყებამდე დაკარგა მოულოდნელობის ეფექტი - საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მყოფი სამი პირი კარგად მოემზადა მას შემდეგ, რაც მათი მეოთხე მეგობარი სამართალდამცავებმა ქალაქში რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და ძნელი მისახვედრი არ იქნებოდა, რომ მათაც მიაკითხავდნენ. სამივეს დასამალავად დროც ჰქონდა და საშუალებაც, მაგრამ დარჩენა და იარაღით წინააღმდეგობის გაწევა არჩიეს", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (N12, დეკემბერი, 2017) სათაურით სპეცოპერაცია ქალაქში ბრძოლის ელემენტებით.

"თავდაპირველად, სპეცსამსახურის წარმომადგენლებს ისინი, სავარაუდოდ, ნაკლებად სახიფათოდ მოეჩვენათ, ამიტომაც დაუკაკუნეს და კარის გაღება მოსთხოვეს. ბუნებრივია, კარი არ გააღეს. ამიტომაც მის გასაღებად სამართალდამცავებმა ტექნიკური საშუალებების გამოყენება სცადეს, რის შემდეგაც ბინაში გამაგრებულებმა ცეცხლი გახსნეს და დაიწყო... სამართალდამცავების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სადარბაზოს მობინადრეების ევაკუაცია მოასწრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი მსხვერპლი იქნებოდა, რადგან ბერი სალოსის გამზირზე დაპირისპირება ქალაქში ბრძოლის სრულ ანალოგად იქცა. ოთახებში ბრძოლის ტაქტიკას შავნაბადის კონტრტერორისტული დანაყოფი წლების განმავლობაში გადის, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციას ჰქონდა რამდენიმე ნიუანსი, რის გამოც გაძნელდა და ამასთან, გაჭიანურდა სამკაციანი შეიარაღებული ჯგუფის დროულად ლიკვიდირება. სპეცოპერაციის სასწრაფოდ დამგეგმავებმა შეიძლება არც იცოდნენ, რომ კორპუსის განაპირა სადარბაზოს მეორე სართულის კარს უკან ჩაკეტილ შეიარაღებულ პირებს ერთი მნიშვნელოვანი ტაქტიკური უპირატესობა ჰქონდათ - სადარბაზოში გამოსვლისა და კიბით სარგებლობის გარეშე მეორიდან მესამე სართულზე გადაადგილების საშუალება, რადგან ბინის მეპატრონეს ეს ორი სართული ოთახიდან კიბით ჰქონდა შეერთებული! ის ფაქტი, რომ ამ პირებმა სწორედ დუპლექსის ტიპის ბინა დაიქირავეს, შეიძლება შემთხვევითი სულაც არ არის. მაგალითად, სირიასა და ერაყში მებრძოლები კორპუსის ბინებში იატაკს ამტვრევდნენ, რათა ბრძოლის დროს სასროლი პოზიციები სართულებზეც სწრაფად შეეცვალათ", - აღნიშნავს გამოცემა.

"დაახლოებით ამგვარი რამ მოხდა თბილისშიც - როდესაც მოიერიშე ჯგუფი შეტევას იწყებდა, მათ ავტომატების ცეცხლს მხოლოდ კონკრეტული ბინიდან კი არა, მეორე და მესამე სართულის სხვადასხვა ბინის ფანჯრებიდანაც უხსნიდნენ და ხელყუმბარებსაც ყრიდნენ. თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ სამი კაცი ახერხებდა კორპუსის სამ - წინა, უკანა და გვერდით მხარეებზე ცეცხლის ისე სწრაფად გადატანას, რომ საიერიშო ჯგუფების შეტევები შეეჩერებინა. სავარაუდოდ, თავდაპირველად, სპეცოპერაციის ხელმძღვანელებს არ სურდათ ვითარების უფრო დაძაბვა და სროლის ინტენსივობის გაზრდა, მაგრამ მოლაპარაკებამ იარაღის დაყრისა და დანებების მოთხოვნით ნაყოფი არ გამოიღო. ამასთან, დაიჭრა რამდენიმე სპეცრაზმელი, რომელთაგან ერთი, მოგვიანებით გარდაიცვალა. ამასობაში დრო გადიოდა და არ იყო გამორიცხული ვითარების გამწვავება (თუნდაც თბილისში მყოფი მათი თანამზრახველის მიერ იარაღით პროვოკაციის მოწყობა სპეცოპერაციის რაიონში). მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დამატებითი ძალებისა და ჯავშანტექნიკის ჩართვის შესახებ", - განაგრძობს გამოცემა.

"ოთხმა ჯავშნიანმა "კობრამ" კორპუსის ახლოს პოზიციები დაიკავა. მათი ჯავშანკორპუსები ერთგვარად ფარი იყო იმ სპეცრაზმელებისთვის, რომლებსაც მეორე-მესამე სართულის კონკრეტული ფანჯრები მიზანში ჰქონდათ ამოღებული და დროდადრო ცეცხლს ხსნიდნენ. მაგრამ შეიარაღებული ჯგუფის წევრები ვერც ჯავშნიანი "კობრების" გამოჩენამ დააფრთხო, მეტიც, ავტომატების ცეცხლით სადარბაზოს შესასვლელთან მდგარ "კობრას" მარჯვენა ბორტის ორივე საბურავი ჩაუფუშეს. საიერიშო ჯგუფების ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 5,56 მმ-იანი მცირეკალიბრიანი ტყვიები უძლური აღმოჩნდა კორპუსის სქელ კედლებს ამოფარებულების გასანადგურებლად, ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების გამოყენების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამას შეიძლებოდა სადარბაზოს ნგრევა გამოეწვია. სხვა გამოსავალი აღარ ჩანდა, მით უმეტეს, რომ შეიარაღებული პირები უკვე სადარბაზოს კიბეზეც გამოვიდნენ, სწრაფად იცვლიდნენ საცეცხლე პოზიციებს და სხვადასხვა სართულიდან ისროდნენ. ”ერ-პე-გე”-7 და ”ერ-პე-გე”-22 ტიპის ხელის ყუმბარსატყორცნების ცეცხლმა მაინც ვერ გატეხა ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა ახლოს აუფეთქდა და ერთიანად დაფლითა, დანარჩენმა ორმა ბრძოლა განაგრძო", - დასძენს გამოცემა.

"ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების შემდეგ მათ რეაქტიული ცეცხლსატყორცნი "შმელიც" ესროლეს, რამაც ხანძარი გააჩინა და ერთ-ერთი შეიარაღებული, რომელმაც ვეღარ გაუძლო ცეცხლის სიმხურვალეს, სადარბაზოდან გამოვარდა ავტომატის სროლით, მაგრამ იქვე გააცივა სპეცრაზმელების ტყვიებმა. მას ხელში "იერიქოს" პისტოლეტიც ეჭირა. ის ბოლო გადარჩენილიღა იყო (მეორის გვამი სარდაფში იპოვეს) და კარგად იცოდა, რომ სადარბაზოდან იარაღით გამოვარდნილს იქვე ჩაცხრილავდნენ, მაგრამ ჩაბარებას ბრძოლაში სიკვდილი არჩია. აი, დაახლოებით ის სცენარი, თუ როგორ გათამაშდა ტრაგიკული მოვლენები 21-22 ნოემბერს თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში. რა თქმა უნდა, ამ სცენარში შეიძლება უზუსტობებიც იყოს და ბევრი რამ აკლდეს, მაგრამ იმის ფონზე, როდესაც ოფიციალური წყაროები ისევ დუმილს ამჯობინებენ, ერთგვარ სურათს მაინც უხსნის მკითხველს", - წერს სტატიის ავტორი.

"დააკვირდებოდით, რომ ჩვენ თავი შევიკავეთ სიტყვა "ტერორისტების"ხსენებისგან. წესით, ვისაც საცხოვრებელ სახლში ავტომატები, პისტოლეტები და ხელყუმბარები აქვს შენახული და სამართალდამცავებს თითქმის "მესამე მსოფლიო"ომს უწყებს, ტერორისტია, აბა, ვინ არის?! მეორე მხრივ, მათ არ დაუწყიათ სროლა მანამდე, სანამ სპეცოპერაცია არ დაიწყო და რაც საგულისხმოა, არც მძევლები აუყვანიათ, თუმცა, სავარაუდოდ, ამის საშუალება ჰქონდათ, როდესაც სადარბაზოს მობინადრეების ევაკუაცია მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ფანჯრებიდან მხოლოდ ქვემოთ ისროდნენ, სპეცრაზმელების მიმართულებით, და არ დაუცხრილავთ მეზობლად მჭიდროდ განთავსებული კორპუსების ფანჯრები, რასაც მოსახლეობაში შეიძლება დიდი მსხვერპლი მოჰყოლოდა. მაინც რისთვის ემზადებოდნენ და რა ჰქონდათ მათ ჩაფიქრებული, როდესაც ამხელა არსენალს ინახავდნენ?", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"სხვათა შორის, მათ მანქანის ძრავის გამოყენებული ზეთით სავსე ბიდონში ჰქონდათ ჩაწყობილი ავტომატის ვაზნები. ასე ის მებრძოლები იქცევიან, რომლებიც დიდი ხნით აპირებენ საბრძოლო მასალის შენახვას და არ სურთ ვაზნების დაჟანგვა. მათ ბინა ორიოდე თვით ადრე დაიქირავეს და ის ბიდონი, მასში ჩასხმულ ზეთში ჩაწყობილი ვაზნებით, შეიძლება რომელიმე სამალავიდან წამოიღეს. ფაქტია, ბრძოლაც იცოდნენ და თავის გამწირველებიც იყვნენ. ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა, დედაქალაქის რომელიმე ცენტრალურ, ხალხმრავალ ადგილას რომ მათ ტერორისტული აქტი მოეწყოთ? ამ ფაქტმა ცხადყო, რომ საქართველოც არ ყოფილა დაზღვეული იმ უდიდესი საფრთხისგან, რისი ტრაგიკული შედეგები ევროპამაც და ამერიკამაც არაერთხელ იწვნია", - დაასკვნის სტატიის ავტორი.

"ჯაველინი" მესამე თაობის გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსია, რომელიც მოქმედებს პრინციპით "გაისროლე-დაივიწყე-მოარტყი~, ანუ მის თბოვიზურ სამიზნეში მოწინააღმდეგის ტანკის სილუეტის "ჩაჭერის" შემდეგ ოპერატორი უშვებს რაკეტას, მის შემდგომ მართვაში აღარ მონაწილეობს და შეუძლია სასწრაფოდ დატოვოს სტარტის ადგილი, რათა არ მოექცეს მოწინააღმდეგის საპასუხო ცეცხლში. სტარტაღებული რაკეტა ისეთი ტრაექტორიით მიფრინავს, რომ სამიზნე ტანკს ზემოდან, სახურავის მხრიდან მოხვდეს, სადაც ტანკის შეჯავშნის დონე ბევრად ნაკლებია, ვიდრე შუბლაჯავშნისა, რაც ტანკის აფეთქების ძალიან დიდ ალბათობას იძლევა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო თანამშრომლობის სააგენტო აპირებს, სამთავრობოშორისი სამხედრო გაყიდვების ხაზით საქართველოს მიჰყიდოს გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი FGM-148 Javelin-ები. 75 მლნ დოლარის ღირებულების კონტრაქტი ითვალისწინებს 72 ცალი სამეთაურო-გამშვები ბლოკის (მათგან ორი სათადარიგო ნაწილებად გამოიყენება), 410 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის, 10 სავარჯიშო სამეთაურო-გამშვები ბლოკისა და 70 სავარჯიშო რაკეტის გადმოცემას", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით ქართული ”ჯაველინები” რეალობა ხდება / როგორ "ჯაველინებს" და რამდენად ვყიდულობთ.

"ჯაველინების” კომპლექსებს ამერიკული არმიის საწყობებიდან შეარჩევენ, რის შემდეგაც მათ გაყიდვისწინა გამოცდას მათი მწარმოებელი Raytheon-ი და Lockheed Martin-ი ჩაუტარებენ. "ჯაველინებს" საქართველოში მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებიც ჩამოჰყვებიან. აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოს მიჰყიდოს მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის "ჯაველინის" პარტია, მარტო წმინდა სამხედრო მნიშვნელობა როდი აქვს. ამ პროცესით დაირღვევა გამოუცხადებელი ემბარგოს რეჟიმი, რის გამოც აგვისტოს ომის შემდგომ აშშ-ის ორივე პრეზიდენტის, ბუში-უმცროსისა და ობამას ადმინისტრაციები საქართველოსთვის ლეტალური მოქმედების შეიარაღების მიყიდვა-გადაცემისგან ცხრა წელი თავს იკავებდნენ. რა თქმა უნდა, არც თეთრ სახლში და არც პენტაგონში ოფიციალურად ამას არავინ აღიარებდა, მაგრამ ფაქტია, სწორედ კრემლის მესვეურთა გაღიზიანების შიშით ვაშინგტონი თბილისს არ აწვდიდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად (მით უმეტეს, აგვისტოს ომის შემდგომ პირველ პერიოდში) ასე საჭირო ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის შეიარაღებას. იმედია, "ჯაველინები" პირველი მერცხლებია, რომლებსაც მალე, წესით, საზენიტო "სტინგერებიც" უნდა მოჰყვეს, რაც ნაწილობრივ მაინც გააძლიერებს ქართული არმიის ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჯაველინი", რა თქმა უნდა, პანაცეა არ არის და ერთბაშად ყველა პრობლემას ვერ მოგვიგვარებს, მაგრამ ცხინვალის მე-4 და აფხაზეთის მე-7 საოკუპაციო ბაზებში განთავსებული დაახლოებით ასი მოდერნიზებული T-72B3 ტიპის ტანკების ეკიპაჟებს ეცოდინებათ, რომ ზემოდან მოხვედრილი ქართული "ჯაველინები" გადარჩენის შანსს მოუსპობს, რაც მათ საბრძოლო სულისკვეთებას ბრძოლის დაწყებამდე დიდ ბზარს გაუჩენს. წელს, აგვისტოში, ვაზიანის პოლიგონზე გამართულ ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო სწავლებაზე "ღირსეული პარტნიორი-2017" ამერიკული არმიის მე-2 საკავალერიო პოლკმა "ჯაველინები" პირველად გაისროლა ქართულ მიწაზე. სავარაუდოდ, ნაყიდი "ჯაველინებით" უპირველესად იმ ცხრა ქართული ბატალიონის ტანკსაწინააღმდეგო ოცეულები აღიჭურვება, რომლებიც მომავალი წლის გაზაფხულიდან სწორედ ვაზიანში დაიწყებენ "საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით" გადამზადებას ამერიკელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით", - დასძენს გამოცემა.

"საქართველოს პორტებში მეგობრული ქვეყნების სამხედრო ხომალდების ვიზიტები პოლიტიკური მხარდაჭერისა და სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამ მხრივ ნოემბერი საკმაოდ დატვირთული გამოდგა. 3-6 ნოემბერს ბათუმს მესამედ ეწვია ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო მე-2 ჯგუფი NATO Mine Countermeasure Group-ი (SNMCMG2), რომლის სახომალდო შემადგენლობა დროდადრო იცვლება. ამჯერად აჭარის დედაქალაქში იმყოფებოდნენ: სარაკეტო ფრეგატი F-221 Regele Ferdinand-ი (რუმინეთი), მტრალავები - F-25 Lt. Lupu Dinescu (რუმინეთი), M-261 Edremit-ი (თურქეთი) და 62 Shkval-ი (ბულგარეთი). ტრადიციული ქართული დახვედრის შემდეგ ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა ერვი ბლეჟონმა საქმიანი ვიზიტები და შეხვედრები გამართა აჭარის მთავრობასა და საქართველოს შსს-ს ხელმძღვანელობასთან. ვიზიტის ბოლოს ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო მე-2 ჯგუფის ხომალდებმა და საქართველოს შსს-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავმა საშუალებებმა ერთობლივი სწავლება ჩაატარეს", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით სანაპირო დაცვის ერთობლივი სწავლებები.

II რანგის კაპიტან ალექსანდრე ქუთათელაძის ხელმძღვანელობით, P-24-მა "სოხუმმა”, P-103-მა "ბათუმმა" და P-109-მ "ფაზისმა" ნატოს ხომალდებთან ერთობლივად შეასრულეს საზღვაო მანევრები,"საეჭვო გემის" შეჩერება-დაკავების ოპერაცია, რასაც "საეჭვო გემზე" სწრაფსვლიანი კატარღით ქართული სააბორდაჟო გუნდის გადასხმა და მის ბორტზე მყოფი პირების შემოწმება მოჰყვა. 23 ნოემბერს ბათუმის პორტში ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო ფრეგატი F714 Guepratte შემოვიდა. ფრანგულ ხომალდს ბათუმში დახვდნენ საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის წევრები. ფრანგული ხომალდის მეთაური ჟაკ მალარი და საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და დაგეგმილი ერთობლივი სწავლებების დეტალები განიხილეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"26 ნოემბერს ფრანგი მეზღვაურებისა და საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის მონაწილეობით ჩატარდა ერთობლივი სწავლებები პირველად სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე, ხომალდზე ცეცხლსა და წყალთან ბრძოლის ტექნიკაზე, ღია ზღვაში სააბორდაჟო და ძებნა-გადარჩენის ერთობლივ მოქმედებებზე. ფრანგული ფრეგატი La Faye-ს სერიის ბოლო მე-5 ხომალდია და 2001 წლის 27 ოქტომბრიდან დაცურავს. 2014 წლის ივლისში ბათუმს იმავე სერიის F711 Surcouf-ი ესტუმრა. "ლაფაიეტის” სერიის ხომალდებში ფართოდ არის გამოყენებული სტელსის ტექნოლოგიები, რის ხარჯზეც ხომალდების შემჩნევადობა გაუარესებულია და მისი ზღვაში პოვნა ადვილი არ არის. ხუთივე ფრეგატი აღჭურვილია თანამედროვე, კომპაქტური სარაკეტო სისტემებით, რომლებითაც ეფექტიანად ებრძვის სხვადასხვა სახის საჰაერო, წყალზედა თუ წყალქვეშა მოწინააღმდეგეს. შეუძლია, თანამედროვე საფრთხეებს - მეკობრეობასა და საზღვაო ტერორიზმს გაუმკლავდეს, რისთვისაც ბორტზე სწრაფსვლიანი კატარღები და საზღვაო სპეცრაზმელთა დანაყოფია განთავსებული შესაბამისი ეკიპირებითა და შეიარაღებით", - დასძენს გამოცემა.

"22 ნოემბერს თბილისში, ბერ გაბრიელ სალოსის გამზირზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები. სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდნენ შს მინისტრი გიორგი გახარია, შს მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე და შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია. სპეცოპერაციის დროს დაიჭრა ოთხი სპეცრაზმელი, ორი მათგანი შს სამინისტროს თანამშრომელია, ორი კი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის. ოთხივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლი, 41 წლის ვანო გოლოშვილი. "არსენალი" დაუკავშირდა დაღუპულის თანამებრძოლსა და მეგობარს, რომელიც სპეცოპერაციაში თავადაც მონაწილეობდა", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით სპეცოპერაციის მონაწილის მონაყოლიდან.

"ჩვენ, მე და ჩემი რანგის ადამიანები, ბრძანებებს ვასრულებდით. დანარჩენს რაც შეეხება - სტრატეგია, როგორ დაიგეგმა, როგორ განხორციელდა და რა შედეგით დასრულდა, ჩემი შეფასების კომპეტენციას სცდება... ჩვენ იქ ღამე მივედით. იმ დროისთვის პოლიციას კორპუსებიდან მობინადრეები უკვე გამოჰყავდა. შექმნილ ვითარებას მოსახლეობა შეგნებულად და ადეკვატურად მიუდგა, არავითარი პანიკა არ ყოფილა. იმ ღამეს კიდევ ერთხელ მივხვდი, როგორ უყვარს და ეიმედება პატრული მოსახლეობის დიდ ნაწილს. ჩვენ მოსახლეობასთან, თითქმის არ გვქონდა შეხება, თუ არ ჩავთვლით, იმას, რომ სპეცოპერაციის ტემპის შენელების ე.წ. გადაჯგუფების პროცესში მათ ჟესტიკულაციით ვანიშნებდით, რომ ფანჯრებთან არ - ასეთი შემთხვევებიც იყო, რადგან მეზობელ კორპუსში იყო ხალხი დარჩა. მათ უსაფრთხოებაზე პატრული ზრუნავდა, რომელსაც პერიმეტრი შემოსაზღვრული ჰქონდა და გამომსვლელებს აცილებდა... რაც შეეხება ჩვენს დავალებას, ვფიქრობ, საკმაოდ რთული სპეცოპერაცია იყო და კარგად გავართვით თავი. ვითარება რთული იყო და უჩვეულო; შიგნით 3 კაცი იყო, რომლებიც სართულებს შორის მოძრაობდნენ და მათი განეიტრალება ადვილი არ იყო. თან ეტყობოდათ, რომ კარგი შეიარაღება ჰქონდათ. ხელყუმბარებითა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით. ამასთან, გამოცდილები ჩანდნენ და ნებისმიერი შეცდომას შეიძლებოდა, ცუდი შედეგი გამოეწვია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სპეცოპერაციის მონაწილე.

"ნებისმიერი ბოროტმოქმედი არაპროგნოზირებადია და მით უფრო, ტერორიზმში ეჭვმიტანილები, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელი არიან. ამიტომაც საყვედურები და შენიშვნა, რატომ გაჭიანურდა ამდენ ხანს მათი აყვანის ოპერაცია და რატომ შეუშვეს იქ მედია, რომელიც ლამის პირდაპირ რეჟიმში აშუქებდა სპეცოპერაციას, ჩვენთვის მიუღებელია. იქ ჩემი მეგობრები დაიჭრნენ და ახლა რომ ვიხსენებ, რაც იქ ხდებოდა, თუ იქ გმირულად დაღუპულ ვანოს არ ჩავთვლით, ვხვდები, რომ კიდევ კარგად გადავრჩით... ვანო ძალიან კარგი პროფესიონალი იყო, ძალიან სწრაფი, გონიერი და მოხერხებული... არ ვიცი, რა დროს დაიჭრა, სხვადასხვა პოზიციაზე ვიყავით. ბიჭებმა თქვეს, გოლოშვილი გაიყვანესო. არ გვეგონა, თუ ასე მძიმედ იქნებოდა დაჭრილი. ამაზე ფიქრისა და განსჯისთვის ვის ეცალა. შემდეგ, საღამოს 17 საათის მერე, გადამწყვეტი იერიში დაიწყო და როდესაც ყველაფერი დასრულდა, გავიგეთ, რომ გარდაცვლილა", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "ახლა, ყველაფრის დასრულების შემდეგ, რა საფრთხეების გამოყოფა შეგიძლიათ?" - პასუხობს:

"იმ დროს, როცა კორპუსებში ორმხრივი სროლაა, ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობა არ დაზარალდეს. სამართალდამცველები მკაცრად აკონტროლებდნენ მოქალაქეების გადაადგილებას და საპატრულო პოლიცია მოსახლეობის უსაფრთხოებისკენ იყო მიმართული. ამის მიუხედავად, ვიღაცები შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შესვლასა და ახლომდებარე კორპუსებში დარჩენილ ოჯახის წევრთან მისვლას მაინც ცდილობდნენ. ეს კი, ძალიან სახიფათოა, რადგან მოწინააღმდეგე ყოველთვის ცდილობს, მშვიდობიან მოსახლეობას შეერიოს და თავს უშველოს. საბედნიეროდ, 20 საათზე მეტხანს მიმდინარე სპეცოპერაციის დროს არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა".

"თანამედროვე ომებში სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მიღწევის ყველაზე სწრაფ და ეფექტიან გზად საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის საშუალებათა ფართო გამოყენება ითვლება. ამის ძალიან კარგი მაგალითებია ახლანდელი სირიის ომი და 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია, როცა აგრესორმა ქვეყანამ საქართველოს წინააღმდეგ ავიაციასთან ერთად რამდენჯერმე "მიწა-მიწა" კლასის რაკეტა გამოიყენა. საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის საშუალებებისგან თავდაცვა ძვირად ღირებულ თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს მოითხოვს და ამის მიუხედავად, სრული გარანტია არ არის, რომ მოწინააღმდეგის საფრენმა აპარატებმა ან რაკეტებმა მისი დაძლევა შეძლონ. ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნების წინაშე დგას. შეზღუდული ფინანსურ-ეკონომიკური რესურსების გამო, როცა მეზობელი სახელმწიფოები საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის ნაირ-ნაირი საშუალებებით შეიარაღებას განაგრძობენ, ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ურთულეს ამოცანად რჩება", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით რა გვჭირდება საჰაერო კოსმოსური თავდაცვისთვის?

"მაღალეფექტიანი საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების არსებობის მიუხედავად, საჰაერო-სარაკეტო თავდასხმის საშუალებებისგან ქვეყნის ტერიტორიის სრული დაცვა შეუძლებელია. ეს ამოცანა კიდევ უფრო რთულდება იმ ქვეყნებისთვის, ვისაც მწირი ეკონომიკური და სამხედრო რესურსები აქვს. მათ რიცხვშია საქართველოც. შესაძლო მოწინააღმდეგის საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის საშუალებებისგან დღეისათვის საქართველო მხოლოდ ცალკეული ობიექტების დაცვას თუ შეძლებს. ამიტომ პატარა ქვეყნებისთვის თავდაცვის ეფექტიანობის გაზრდის ოპტიმალურ გადაწყვეტილებად ვთვლი საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ერთ-ერთი ელემენტის ლოკალური თანამგზავრული სისტემის ფორმირებას, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს საინფორმაციო და უზრუნველყოფის სხვა სისტემათა ამოქმედებას, რომლებიც მოწინააღმდეგის საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის საშუალებათა ეფექტიანობას მინიმუმამდე შეამცირებენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი.

"რადგან საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის მთლიანი, მრავალელემენტიანი სისტემის ფორმირება რთული, ხანგრძლივი და ძვირად ღირებული პროცესია, უმჯობესია საკუთარი პრიორიტეტული ამოცანების განსაზღვრით თავდაცვის შედარებით გამარტივებული კონცეფცია მომზადდეს. მისი საფუძველი იქნება გეოსტაციონარულ ორბიტაზე განთავსებული საინფორმაციო-მზვერავი თანამგზავრი, რომელიც, საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ნაწილობრივ ფუნქციებთან ერთად, კომერციულ საკომუნიკაციო დანიშნულებასაც შეითავსებს. დღეს ჩვენი ქვეყანა მოკლებულია საკუთარი რესურსებით საჰაერო სივრცის, ზღვის და ხმელეთის უწყვეტ რეჟიმში კონტროლს, ანუ არ ვიცით, ჩვენს მეზობლად რა ხდება. თანამგზავრის საშუალებით შევძლებთ სამეზობლოში სამხედრო ხასიათის მოვლენებს ხანგრძლივად დავაკვირდეთ და შესაბამისი ინფორმაცია უწყვეტ რეჟიმში მივიღოთ. მოგეხსენებათ, ჩვენ ორ მეზობელ ქვეყანას შორის რთული ურთიერთობაა და მათი არმიების შეიარაღებაში კი სხვადასხვა სიშორეზე მფრენი რაკეტები შედის. ომის განახლების შემთხვევაში, რა გარანტიაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რაკეტა არ ჩამოვარდება, ქვეყანას კი ამისგან თავდაცვის საშუალება არა აქვს. თანამგზავრის არსებობის შემთხვევაში გვექნება მოსალოდნელ საჰაერო-კოსმოსურ თავდასხმაზე წინმსწრები ინფორმაცია, რითაც შევძლებთ წინასწარ მივიღოთ თავდაცვითი ზომები და მინიმუმამდე შევამციროთ მოსალოდნელი ზარალი", - განმარტავს ელგუჯა მეძმარიაშვილი.

"საქართველო, როგორც პატარა და შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე სახელმწიფო, ასეთ სისტემაში ერთ გეოსტაციონარულ თანამგზავრს გამოიყენებს. აპარატი უნდა აღიჭურვოს დიდი ზომის რეფლექტორული ანტენით, მცირე რეფლექტორული ანტენით, ორი ოპტიკურ-ელექტრონული ფოტოაპარატით დღისა და ღამით გადაღებებისთვის, სპირალური ანტენით და სხვადასხვა ტელემეტრიული მოწყობილობით. თანამგზავრს უნდა ჰქონდეს დიდი ენერგეტიკული რესურსი და სასურველია, ის მოკავშირე სახელმწიფოთა ერთიან თანამგზავრულ სისტემაში იყოს ჩართული. ჩვენ გვაქვს უნიკალური სასტენდო კომპლექსი კოსმოსური დიდგაბარიტიანი კონსტრუქციების, დიამეტრით 30 მ-ის გასაშლელი რეფლექტორების შესაქმნელად და საქართველო ამ მიმართულებით ევროპაში აღიარებულ ლიდერად ითვლება. გასაშლელი რეფლექტორის ბაზაზე შესაძლებელია მთელი კოსმოსური კომპლექსის აწყობა, რომელზეც, დედამიწაზე დაკვირვების ინსტრუმენტებთან ერთად, განთავსდება კოსმოსური აპარატის ბლოკები, ნაწილები, ელემენტები, აპარატურა, მზის ბატარეები და რაც მთავარია, რეაქტიული ძრავები, კოსმოსში ამ ნაგებობის მართვა-სტაბილიზაციისთვის", - მიიჩნევს აკადემიკოსი.

"თუ გასაშლელი რეფლექტორული ანტენის დიამეტრი 12-15 მ-მდე შემცირდება, მაშინ მისი კონფიგურაცია შეიცვლება და არქიტექტურით არსებულ კოსმოსურ კომპლექსებს უფრო დაუახლოვდება. გარდა ამისა, საქართველოს აქვს მიწისზედა რადიოტექნიკური საინჟინრო კომპლექსების აგების გამოცდილება, რომელიც ასევე საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სისტემის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. მისი მეშვეობით ხდება თანამგზავრის მართვა, ინფორმაციის გაცვლა-მიღება და ა.შ. - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "რა ხარჯებთან არის დაკავშირებული საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ასეთი კომპლექსის შექმნა? " - პასუხობს:

"ჩვენ 2001 წელს ხელიდან გავუშვით საკუთარი ტექნოლოგიების გამოყენებითა და საერთაშორისო კორპორაციით ორბიტაზე გაგვეყვანა მაღალი კლასის ქართული სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი, რომელიც კოლოსალურ მოგებას მოგვიტანდა. იმ დროს თანამგზავრები თურქეთსა და აზერბაიჯანს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ. არადა, საინტერესო რამ ხდება მეზობელ აზერბაიჯანში, სადაც 2013 წლის 7 თებერვალს გეოსტაციონარულ ორბიტაზე სატელეკომუნიკაციო თანამგზავრ Azerspace-1-ის გაყვანა შეძლეს, რაც ფინანსური რესურსებისა და სახელმწიფო შეკვეთების ხარჯზე 202 მლნ დოლარი დაჯდა. თანამგზავრი 15-წლიან ფუნქციონირებაზეა გათვლილი და სახელმწიფოს დაგეგმილ 600 მლნ მოგებას მოუტანს. სხვათა შორის, თანამგზავრის მომხმარებელი ქართული კომპანიებიც არიან. ისიც მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის კოსმოსური სააგენტო ჯერ მეცნიერებათა აკადემიის, ამჟამად კი თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაშია. ქართული სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი უნდა აიგოს დიდი გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორის ბაზაზე. რადგან ის ახალი პრინციპებით უნდა აიგოს, სავარაუდოდ, 255-285 მლნ დოლარი დაჯდება, მაგრამ მას გაცილებით მაღალი ხარისხისა და ტევადობის ინფორმაციის მიღება-გადაცემის უნარი ექნება".

"სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსი შეიარაღებული ძალების ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წარმოადგენს შუალედური სამხედრო განათლების საფეხურს, რომელიც ტაქტიკურ-ოპერატიულ დონეზე ოფიცრების (მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი) მომზადებას უზრუნველყოფს. შემდგომში ამ ოფიცრებს კარიერული წინსვლის საშუალება ექნებათ და შეძლებენ ბატალიონის (ბრიგადის) მეთაურობას, ზემდგომ შტაბებში სამსახურს. სამეთაურო-საშტაბო კურსი 2009 წელს ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით დაარსდა. საწყის ეტაპზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების იმდროინდელი მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა საპილოტე სასწავლო პროგრამა, რომელიც პირველად 2011 წელს განხორციელდა", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით ოფიცერთა შუალედური სამხედრო განათლება / ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსი.

"ამჟამად სამეთაურო-საშტაბო კურსი წარმოადგენს სამხედრო პროფესიული განათლების უმაღლეს საფეხურს და უზრუნველყოფს პროფესიული და ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორც სამხედრო ხელოვნებასა და მეცნიერებაში, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. არსებული სასწავლო პროგრამა მსმენელებს საშუალებას აძლევს, მიიღონ თანამედროვე სამხედრო განათლება, რათა განივითარონ სამეთაურო-საშტაბო უნარ-ჩვევები ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებზე და მოხდეს მათი ფამილარიზაცია ომის სტრატეგიულ დონესთან. სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში ფუნქციონირებს სამეთაურო-საშტაბო კურსი და "თავდაცვის ანალიზის" სამაგისტრო პროგრამა. შესაბამისად, სამეთაურო-საშტაბო კურსზე ჩარიცხულ ოფიცრებს სწავლის პერიოდში შეუძლიათ თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამისთვის დააგროვონ კრედიტების გარკვეული რაოდენობა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამ ეტაპზე სამეთაურო-საშტაბო პროგრამა მოიცავს შემდეგ სასწავლო კურსებს: ლიდერობა და მენეჯმენტი მსმენელებს საშუალებას აძლევს გაეცნონ სამხედრო ლიდერობისა და ხელმძღვანელობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, რაც მათ დაეხმარება ლიდერის წინაშე არსებული გამოწვევების ორგანიზაციულ დონეზე გაგებასა და გაანალიზებაში. გარდა ამისა, მსმენელები სტრატეგიულ დონეზე ეუფლებიან რესურსებისა და თავდაცვის მენეჯმენტის საფუძვლებს; სამხედრო ოპერაციების პრინციპები მსმენელებს ეხმარება ტაქტიკური დონის სამანევრო ქვედანაყოფის მეთაურისა და შტაბის ოფიცრების როლში შეისწავლონ ოპერაციების დაგეგმვა, მომზადება და ჩატარება, რათა შეძლონ საბრძოლო ოპერაციების ბატალიონისა და ბრიგადის დონეებზე დაგეგმვა-განხორციელება. გარდა ამისა, მსმენელები ეუფლებიან ომის ოპერატიულ დონეს ლეტალური, არალეტალური, კომბინირებული, გაერთიანებული და უწყებათაშორისი ოპერაციების დროს წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, რისი გამოყენებითაც მსმენელები ეცნობიან სტრატეგიულ დონეზე გადაწყვეტილების მიღებას; ომის თეორიისა და სამხედრო ხელოვნების ისტორიის კურსის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, ომების თეორიული საფუძვლების, მსოფლიოს ისტორიული მაგალითების შესწავლისა და გამოცდილების ანალიზის საფუძველზე მსმენელებს ჩამოუყალიბოს პრობლემასთან კრიტიკული მიდგომის, შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და განუვითაროს ომის ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეებზე აზროვნება. მსმენელები ეცნობიან სამხედრო ხელოვნების განვითარების ისტორიულ კანონზომიერებებს - ტექნოლოგიური, ორგანიზაციული და დოქტრინული ინოვაციების როლს ომების, საომარი კამპანიებისა და სამხედრო ოპერაციების წარმოების წესებში; თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კურსი მსმენელებს საშუალებას აძლევს, მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ, ასევე გაეცნონ დემოკრატიული მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების კანონზომიერებებს და ჩამოუყალიბდეთ ზოგადი წარმოდგენა თუ როგორ იქმნება სახელმწიფო პოლიტიკა;" - დასძენს გამოცემა.

"სამეთაურო-საშტაბო კურსის განმავლობაში სულ ექვსი გამოშვება შედგა. სამეთაურო-საშტაბო კურსი წარმატებით 185-მა უფროსმა ოფიცერმა და 3-მა სამოქალაქო პირმა დაამთავრა, გარდა ამისა, კურსი გაიარა 3-მა უფროსი რანგის სერჟანტმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრიდან. ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსის სამომავლო განვითარებისა და დახვეწის მიზნით დამატებით დაგეგმილია თავდაცვის უმაღლესი კურსის ამოქმედება, რომელიც განკუთვნილი იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი და უმაღლესი სამხედრო პერსონალისთვის. კურსი ოფიცრებს დაეხმარება ომის ოპერაციებისა და სტრატეგიულ დონეზე უნარ-ჩვევების გაღრმავებაში", - წერს სტატიის ავტორი.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში
ხათუნა ლაგაზიძე - "2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია"

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია" - საიას ხელმძღვანელი

ლადო პაპავა - "ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან..."
ავთო სილაგაძე - "2017 წელს მოსახლეობის რეალური შემოსავალი შემცირდა"

რუსეთი საქართველოს ცაზე სამხედრო-სადამკვირვებლო ფრენას ითხოვს

სომხური ეკლესია საქართველოს მთავრობას სასამართლოში უჩივის

რამდენად სამართლიანია პოეტ ზვიად რატიანისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?