არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2017
მამუკა არეშიძე - "რატომ აიფეთქა თავი აჰმედ ჩატაევმა?!"

"ოცნება" ნარკოტიკების მოხმარების სრულ დეკრიმინალიზაციას გეგმავს

რუსეთში ანტისომხური ისტერია დაიწყო

                                   * * *
მამუკა არეშიძე - "რატომ აიფეთქა თავი აჰმედ ჩატაევმა?!"

"ჩემი აზრით, ჩატაევის საქართველოში ყოფნა აქამდე არსებულ მოცემულობაში ბევრს აღარაფერს ცვლის, რადგან აქამდეც ცხადი იყო, რომ "ისლამური სახელმწიფოს" სერიოზულმა ჯგუფმა შემოაღწია საქართველოში და აქ თითქმის ორი თვის განმავლობაში დაყო. ამ ჯგუფის მომზადების დონე და სერიოზულობა გამოჩნდა იმ წინააღმდეგობაშიც, რაც მათ სამართალდამცავებს გაუწიეს. უმთავრესი უპასუხო კითხვა არის ის, თუ რა მისიით შემოვიდა ეს ხალხი საქართველოში", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "რატომ აიფეთქა თავი აჰმედ ჩატაევმა?!" / "ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ ქართული მხარის ჩატარებული ოპერაცია, მე ვხედავ, რომ ის იყო დიდი საერთაშორისო სპეცოპერაციის ფრაგმენტი" / "დაკავებული დუდაევი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ლაფანყურის სპეცოპერაციისას გადარჩა და ქართულმა სპეცსამსახურებმა ვალეს სასაზღვრო პუნქტიდან გაამგზავრეს თურქეთში" / "არ არის გამორიცხული, რომ ის, ვინც ჩატაევს ეპატიჟებოდა, სპეცსამსახურებისგან ყოფილიყო დამუშავებული" / "ამ დღეებში კახეთის ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელში, რომელშიც არის სერიოზული ვაჰაბიტური ჯგუფი, ჯამაათს მომხდარის ასეთი ვერსია გააცნეს - რომ ეს სპეცოპერაცია მოაწყო თურქეთმა ქართული სპეცსამსახურების ხელით".

"სხვა ყველაფერი მნიშვნელოვანი დეტალებია, მათ შორის ის, თუ როგორ გადმოლახეს საზღვარი, როგორ მოახერხეს იარაღის შეგროვება და შეტანა ამ სახლში, როგორ უთვალთვალებდნენ მათ და ა.შ. მრჩება შთაბეჭდილება, მეტიც - მაქვს ირიბი ინფორმაციები, რომ მათ საქართველოში ჰქონდათ კონტაქტები და სხვადასხვა დროს ვიღაცები მიდიოდნენ მათთან ამ ბინაში. თუ ვიმსჯელებთ, რომ წარმოუდგენელია, იარაღით გადმოელახათ საქართველოს საზღვარი ან ქალაქში ევლოთ ამხელა არსენალით, ჩნდება ვარაუდი, რომ ეს იარაღი მათ ბინაში სხვა ადამიანებმა მიუტანეს. არ არის გამორიცხული, ეს ხალხი იყოს მათი სავარაუდო რეზერვი, რაც ძალიან სახიფათო ტენდენციაზე მიგვანიშნებს. ბოლოს და ბოლოს, ამ ბინის პოვნაში ხომ დაეხმარათ ვიღაც, ბინისა, რომელიც აქამდეც იყო გახვეული უსიამოვნებებში და მის მფლობელებთანაც სერიოზული კითხვები არსებობს... საფუძვლიანი ეჭვია ქვეყანაში რადიკალურ-ექსტრემისტული ისლამის მიმდევრების ქსელი არსებობდეს. მით უფრო, რომ ჩემთვის ცნობილი გახდა - ამ სპეცოპერაციამდე ერთი კვირით ადრე "კავკასიის იმარატთან" დაახლოებულმა ერთ-ერთმა პირმა, კერძოდ, აჰმედ უმაროვმა - დოკუ უმაროვის ძმამ - განაცხადა, რომ მოხდა რეანიმაცია "კავკასიის იმარატის", ორგანიზაციის, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში, თითქმის გამქრალი იყო ასპარეზიდან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"როგორც ვიცი, სპეცოპერაციამდე ორი თვით ადრე, ჩატაევი საქართველოში კონკრეტულ ადამიანებს დაუკავშირდა და ცდილობდა გაერკვია, ღირდა თუ არა აქ შემოსვლა. ზოგიერთი მას არწმუნებდა, რომ აქ ხიფათი არ ელოდა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს სატელეფონო საუბრები არ ისმინებოდა, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ის, ვინც ჩატაევს ეპატიჟებოდა, სპეცსამსახურებისგან ყოფილიყო დამუშავებული. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩატაევი იმ კატეგორიის ადამიანი არ გახლდათ, ვისი იოლად მოტყუებაც შეიძლებოდა. არ არის გამორიცხული, ჩატაევს აქ ჩამოსვლამდე დაცვის რამდენიმე "სარტყელი" შეექმნა. ის ამ სატელეფონო ზარებს დაჰყვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ჰქონდა თავისი მიზანი, ამოცანა და დამატებითი გარანტია. მე ამას ე.წ. შეთქმულების თეორიის დონეზე არ ვამბობ, უბრალოდ, არის ზოგი რამ, რის თაობაზეც მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ჯერჯერობით ეს ხმამაღლა არ ითქმის. მოკლედ, ბევრი ვერსია არსებობს, მაგრამ მთავარი - რა მიზნით შეიძლება ჩატაევი აქ შემოსულიყო, არ ჩანს..." - განაგრძობს რესპონდენტი.

"აქვე ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვაც: რამდენად საინტერესო გახდა საერთაშორისო ტერორიზმისთვის საქართველო და რაში მდგომარეობს ეს ინტერესი? შესაძლოა, ეს არის ზურგის ფორმირება "კავკასიის იმარატისთვის", ან მომავალში კავკასიაში იატაკქვეშა ისლამური რადიკალიზმის გააქტიურებისთვის ბაზის შექმნა. ყველაფერი კარგად უნდა გაირკვეს და ქვეყანამ მიიღოს შესაბამისის ზომები. თუ საქართველოში ჩატაევის ჩამოსვლის მიზანი იყო, აქ მოეწყო ტერორისტული თავდასხმა, მაგალითად, ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, როგორიც იყო გასულ კვირას გამართული "აბრეშუმის გზის ფორუმი", ან განეხორციელებინა შეტევები აქაურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, ესეც ამომწურავადაა გასარკვევი...", - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - "ბევრი დღეს შექმნილ ვითარებას ლაფანყურის სპეცოპერაციას ადარებს..." - პასუხობს:

"გარკვეულ პარალელებს მეც ვხედავ. ჯერ ერთი ის, რომ ერთი და იგივე პირები მონაწილეობდნენ ორივე შემთხვევაში - ჩატაევი და დაკავებული დუდაევი. დაკავებული დუდაევი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ლაფანყურის სპეცოპერაციისას გადარჩა და ქართულმა სპეცსამსახურებმა ვალეს სასაზღვრო პუნქტიდან გაამგზავრეს თურქეთში. მეორე პარალელი არის ის, რომ ისეთივე გაურკვეველი ვითარებაა, საქმის რეალური მდგომარეობა არ ვიცით და იძულებული ვართ, ვიმარჩიელოთ... სხვა პარალელებიც შეიძლება გავავლოთ, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკისგან თავს შევიკავებ...

"ორიოდე სიტყვით მინდა, შევეხო ჩატაევის ფიგურას და რამდენიმე ამბავი გავიხსენო... ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ, რომ ის "ხალიფატისთვის" მნიშვნელოვანი პირი იყო. კი, ნამდვილად ასეა, თუმცა მის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არასდროს ყოფილა... საინტერესოა, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ ევროპაში მყოფმა ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრა მოითხოვეს, რადგან ჰქონდათ კითხვები და მიიჩნევდნენ, რომ ჩატაევი ლაფანყურის ოპერაციისას არასწორად მოიქცა. ჩატაევი ამ შეხვედრაზე არ მივიდა. მას მერე მის მიმართ სულ იყო ეჭვიანი თუ არა, ორჭოფული დამოკიდებულება მაინც... ამის მიუხედავად, ჩატაევმა მაღალ რანგს მიაღწია "ისლამური ხალიფატის" რიგებში. ის იყო საბრძოლო დანაყოფის, "იარმუკის" ხელმძღვანელი, მაგრამ ფიზიკური მდგომარეობის გამო საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას ვერ იღებდა. სამაგიეროდ, ძალიან აქტიური იყო იდეოლოგიურ ფრონტზე - ის იყო "ისლამურ ხალიფატში" კავკასიის მიმართ იდეოლოგიური ტერორის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი; პასუხისმგებელი სოციალურ ქსელებზე; შესაბამის ლიტერატურასა და ემისრების - ე.წ. მოლაპარაკე თავების - მომზადებაზე, რომლებიც ჩადიოდნენ კონკრეტულ რეგიონში და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფზე იდეოლოგიურ გავლენას ახდენდნენ", - ამბობს მამუკა არეშიძე.

"შურისძიების საფრთხეს ვერ ვხედავ. ტერორისტული ორგანიზაციების ლოგიკა ასეთია: ისინი მოქმედებენ მიზანშეწონილობიდან და არა ემოციებიდან გამომდინარე. თუ დასჭირდათ, ტერაქტს მოაწყობენ. შესაძლოა, ეს შურისძიების საფარველითაც შეფუთონ, თუმცა სინამდვილეში სხვა მოტივი ექნებათ. როდესაც ხარ ისეთი ორგანიზაციის წევრი, როგორიც "ხალიფატია", იქ შენი სურვილით დავალების შესრულებაზე უარს ვერ იტყვი. ერთადერთი თარხან ბათირაშვილი იყო, ალბათ, რომელიც დავალებაზე უარსაც იტყოდა და პროცესსაც გააჩერებდა, მაგრამ არა - ჩატაევი. მისი რანგი არ იყო ამისთვის საკმარისი... მაქვს ეჭვი, რომ ჩატაევს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მისია, რომელიც ვერ შეასრულა და ამიტომაც აიფეთქა თავი. რა იყო მისი მისია - სწორედ ეს უნდა დადგინდეს უპირველესად. ერთი რამ უნდა ითქვას: ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ ქართული მხარის ჩატარებული ოპერაცია, მე ვხედავ, რომ ის იყო დიდი საერთაშორისო სპეცოპერაციის ფრაგმენტი. მართალია, აქ მას ქართველები ატარებდნენ, მაგრამ სხვაგანაც ხდებოდა რაღაც ანალოგიური", - დაასკვნის რესპონდენტი.

"... ჩემი ინფორმაციით, ქობულეთის გარდა, სპეცსამსახურმა დიდძალი იარაღი ნახეს ბათუმშიც. ამიტომაც გაასმაგებული სიფრთხილე მართებს ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც. ყველა ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ. აუცილებელია, გაირკვეს ჩატაევის ჯგუფის შემოსვლის გზა და ყველამ, ვინც პასუხისმგებელი იყო საზღვრის დაცვაზე, პასუხი აგოს! ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ საქართველო არ არის პოლიტიკური ისლამის სამიზნე, თუმცა სატრანზიტოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებას აუცილებლად ეცდებიან. შეიძლება საქართველო გარკვეულ ბაზადაც მოიაზრებოდეს. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი "ისლამური ხალიფატისა" და სხვა ასეთი რადიკალური ჯგუფების მუშაობის შედეგად, ფაქტობრივად, იდეოლოგიურად დაკარგული გვყავს. მათ ჯერ ავტომატები არ უჭირავთ, მაგრამ ხვალ რას გააკეთებენ, არავინ იცის..." - თვლის არეშიზე.

"მომხდარის ძალიან საინტერესო შეფასებები მესმის იმ ადამიანების მხრიდან, ვინც რადიკალური ისლამის იდეოლოგიას წარმოადგენენ საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით სახელმწიფოს მიმართ ლოიალურად იქცევიან. ერთ მაგალითს მოგიყვებით: ამ დღეებში კახეთის ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელში, რომელშიც არის სერიოზული ვაჰაბიტური ჯგუფი, ჯამაათს მომხდარის ასეთი ვერსია გააცნეს - რომ ეს სპეცოპერაცია მოაწყო თურქეთმა ქართული სპეცსამსახურების ხელით, რადგან ეს ჯგუფი, რომელიც აქ იყო შემოსული, თურმე მომავალი წლის გაზაფხულზე თურქეთში გეგმავდა ტერაქტს და რომ თითქოს გარკვეულ ძალებთან ერთად ამისთვის აქ ემზადებოდნენ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ შეკრებაზე ჩატაევი მოღალატედ გამოაცხადეს, რადგან მუსლიმანურ თურქეთზე გეგმავდა თავდასხმასო... ვფიქრობ, ეს არის იდეოლოგიური სვლა იოლად დამჯერი მოსახლეობის ცნობიერებაში ამ აზრის ჩასანერგად და იქაურების ნააზრევი ნამდვილად არ არის. როგორც ჩანს, მოვიდა შესაბამისი მესიჯი შესაბამისი ცენტრიდან...", - დასძენს ექსპერტი.


"ოცნება" ნარკოტიკების მოხმარების სრულ დეკრიმინალიზაციას გეგმავს

"მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შემდეგ მისი მცირე რაოდენობით მოხმარებისთვის მოქალაქეებს ციხეში ჩაჯდომა აღარ მოუწევთ, თუმცა ადმინისტრაციული ჯარიმა მაინც დაეკისრებათ. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, მომავალ კვირას პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ეხება. მისი მიღებით ასევე გაუქმდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მუხლი ყველა ნარკოტიკთან მიმართებით და მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი დარჩება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნება" ნარკოტიკების მოხმარების სრულ დეკრიმინალიზაციას გეგმავს.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია. სასამართლომ განიხილა გივი შანიძის სარჩელი, რომელსაც სამართლებრივ დახმარებას ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" უწევდა. მოსარჩელე ითხოვდა, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების "ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება" იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას მარიხუანას მოხმარებისთვის. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. მოსარჩელის აზრით კი, მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა მის ამ უფლებას ზღუდავს", - აღნიშნავს გამოცემა.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება, თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს. ამასთან, ვინაიდან მარიხუანას მოხმარებით ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს გარკვეული ზიანი, სასამართლომ აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებად მიიჩნია ისეთი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა, მაგალითად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და სხვა", - აცხადებს სასამართლო და აღნიშნავს, რომ "მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ან აბსტინენციის მდგომარეობაში ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს". ამის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანას მოხმარების ინდივიდუალური შემთხვევების დასჯადობა ვერ იქნება განხილული, როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ვარგისი საშუალება. შესაბამისად, 30 ნოემბერს არაკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. თუმცა ის ფაქტი, რომ მარიხუანას მოხმარება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი აღარ იქნება, სამართლებრივად ამ ქმედების ლეგალიზებას არ ნიშნავს, რადგან საკითხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არეგულირებს"- განაგრძობს გამოცემა.

"როგორც იურისტები განმარტავენ, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პირებს, რომლებსაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული, სანქცია უნდა გაუქარწყლდეთ. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის შემდეგ ადამიანს შეუძლია, პირველ რიგში, ნასამართლეობის გაქარწყლება, ასევე, აღიდგინოს ავტომობილის მართვის, იარაღის ტარების, საადვოკატო, საექიმო და სხვა კონკრეტული საქმიანობის ჩამორთმეული უფლება და ა.შ. როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი გიორგი გოცირიძე აცხადებს, ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას არ დაასახელა მისი ძალაში შესვლის დრო, ნიშნავს, რომ იგი უკვე აქტიურია. "საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში და საერთო სასამართლოები ვალდებულნი არიან, იხელმძღვანელონ ყოველგვარი დამატებითი საკანონმდებლო ცვლილების მიღებისა და ლოდინის გარეშე", - განაცხადა გოცირიძემ. მისივე თქმით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება და მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს, რომ მოწევა დასჯადი ქმედება აღარ არის. მცირე რაოდენობით, ანუ დაახლოებით 70 გრამამდე მარიხუანას აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეს აღარ დაიჭერენ, თუმცა მას ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება", - დასძენს გამოცემა.

"ყველა შემთხვევაში ეს იქნება ადმინისტრაციული წესის დარღვევა. საკონსტიტუციო სასამართლოს არ გაუუქმებია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით. ეს მუხლი ისევ ძალაშია. გააუქმა სისხლის სამართლის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც, ერთი წლის განმავლობაში მარიხუანას განმეორებით მოხმარება დაკავებას ითვალისწინებდა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ის არგუმენტაცია, რაც მან წარმოადგინა, მომავალში შესაძლებელს ხდის, თუკი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე შევა სარჩელი, საკონსტიტუციომ ესეც გააუქმოს. დღეის მდგომარეობით, მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებაა მარიხუანას მოხმარებისთვის. პოლიცია არ აჯარიმებს, ის მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმს ადგენს. პოლიციამ უნდა შეადგინოს ოქმი, ხოლო ჯარიმას სასამართლო აკისრებს. ეს ადმინისტრაციული პროცესები კი მანამდე გაგრძელდება, სანამ მარიხუანას ლეგალიზება არ მოხდება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გოცირიძე.

"აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არცთუ მართებული ქმედებაა - "მე პირადად ვფიქრობ, რომ შეცდომაა დაშვებული. სამართლებრივადაც მგონია, რომ არ არის მთლად გამართული გადაწყვეტილება და საფრთხის შემცველია. კანონი, რასაკვირველია, უნდა შესრულდეს, მაგრამ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს პროპაგანდას ნარკოტიკული თრობის წინააღმდეგ და მე მგონი, მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს რიგი შეზღუდვები, მაგალითად, სამსახურში ან ავტომობილის მართვის დროს. საკონსტიტუციომ დააკანონა 70 გრამამდე მარიხუნას ჯიბეში ტარების კანონიერება და ესეც, მგონი, შეუსაბამობაა ჩვენს რეალობასთან. უნდა შემოვიდეს ალბათ რეგულაციები და მეტი ანტინარკოტიკული პროპაგანდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება მისასალმებელია საპარლამენტო ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარისა და "ქართული ოცნების" წევრ აკაკი ზოიძისთვის", - წერს სტატიის ავტორი.

"მომავალ კვირას საკანონმდებლო პაკეტს განვიხილავთ, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ეხება. მარიხუანასთან მიმართებით რა გადაწყვეტილებაც სასამართლომ მიიღო, პრაქტიკულად, აქამდეც არსებობდა - საპატიმრო სასჯელი არ გამოიყენებოდა, ახლა ნასამართლობაც უქმდება. ეს არის შედეგი, რომელიც ისედაც დადგებოდა, როცა კანონპროექტს მივიღებდით. მეტიც, კანონპროექტის მიღების მერე - ერთი წლის შემდეგ ასევე უქმდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მუხლი ყველა ნარკოტიკთან მიმართებით და მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი რჩება", - განაცხადა აკაკი ზოიძემ და იქვე განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს მარიხუანას ლეგალიზაციას", - დასძენს სტატიის ავტორი.

რუსეთში ანტისომხური ისტერია დაიწყო

"რუსულ მედიაში ბოლო დღეებში დიდი ანტისომხური კამპანია მიმდინარეობს, რის გამოც რუსეთში სომხური სათვისტომო იძულებული გახდა, სპეციალური განცხადება გაევრცელებინა და რუსეთის ხელისუფლებისთვის ეთხოვა, სატელევიზიო ეთერიდან ჩამოაშორონ "მოსყიდული ჟურნალისტები", "ფსევდო პოლიტიკოსები" და "მარგინალი ექსპერტები", რომლებიც "ორ მოძმე - რუს და სომეხ ხალხსა და ქვეყანას შორის განხეთქილებას აღვივებენ". რუსული მედიისა და ექსპერტების ნაწილი სომხეთს მოღალატედ ნათლავს. მიზეზი 24 ნოემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებაა, რითაც ერევანმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკება დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ გაჩაღდა ანტისომხური ისტერია რუსეთის ყველაზე ნაციონალისტურად განწყობილ ნაწილში. დაიწყო საუბარი, რომ სომხეთის კურსი ისეთივე ხდება, როგორსაც ატარებენ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, რაც ერევნის პოლიტიკური ვექტორის ცვლილება და მოკავშირე რუსეთისა და ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნების ღალატია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რუსეთში ანტისომხური ისტერია დაიწყო.

"ამ კამპანიის გამო სომეხთა კავშირმა რუსეთში სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და სომხეთს შორის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ატეხილი ანტისომხური ისტერიის მიზანია, დაიძაბოს სომხურ-რუსული ურთიერთობა და ამ ორ მოკავშირე ქვეყანას შორის განხეთქილება მოხდეს. განცხადებაში წერია, რომ "ამ შეთანხმებას საერთო არაფერი აქვს იმასთან, რასაც ევროკავშირთან უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ მოაწერეს ხელი. ეს შეთანხმება ხელმოწერილია იმ გარანტიით, რომ სომხეთი ინარჩუნებს მოკავშირეებთან ყველა ვალდებულებას, არ ითვალისწინებს ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში სომხეთის შესვლას და არ უქმნის რაიმე საფრთხეს ევრაზიული კავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ მოლაპარაკების დროს სომხეთის მხარემ მოკავშირეები საქმის კურსში ჩააყენა მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე და არ ყოფილა რაიმე შედავება რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან", - წერია მიმართვაში, სადაც ხაზგასმულია - "ეს დასტურდება იმითაც, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სტრუქტურების მხრიდან განცხადებები არ გაკეთებულა", - აღნიშნავს გამოცემა.

"რუსეთის სომეხთა სათვისტომო აცხადებს, რომ ამ უაღრესად უპასუხისმგებლო ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მოქმედებამ გამოიწვია საერთო აღშფოთება როგორც სომხეთში, ისე რუსეთში არსებულ მრავალმილიონიან სომხურ სათვისტომოში და ესაა ორ ქვეყანას შორის პრობლემებისა და რუსული საზოგადოების თვალში სომხების უარყოფითი იმიჯის შექნის მცდელობა. სათვისტომო აღნიშნავს, რომ სომხეთი ერთ-ერთი ქვეყანაა ევრაზიული კავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელიც თანმიმდევრულად უჭერს მხარს რუსეთს როგორც ყირიმში, ასევე საგარეო პოლიტიკის მთელ რიგ სხვა ძალიან მგრძნობიარე საკითხებში და ამიტომაც სომეხთა კავშირი "ძალაუფლების მქონე სტრუქტურებს" მიმართავს, რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირის შესახებ დამახინჯებული ინფორმაციის გამავრცელებლებმა საინფორმაციო ტრიბუნა არ მიიღონ - "მედიამ შეწყვიტოს ამ ჟურნალისტების, ფსევდოპოლიტიკოსებისა და მარგინალი ექსპერტების გამოსვლები, რომელთა პოზიციაც რუსული საზოგადოების აზრის გამომხატველი არ არის, რადგან მათი დატოვება დამღუპველია, პირველ რიგში, თავად ამ მედიისთვის, საიდანაც ხდება უვიცობისა და გამიზნული დეზინფორმაციის ტირაჟირება, რითაც ჩვენს ორ მოძმე ხალხსა და ქვეყანას შორის უთანხმოებას თესავს", - ნათქვამია მიმართვაში. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, რუსეთში ანტისომხური ისტერია რუსების გარკვეულ სეგმენტში ატყდა, იმ ნაწილში, რომელიც რადიკალურად ნაციონალისტურია", - განაგრძობს გამოცემა.

"სომხეთის პრეზიდენტი არანაირ ნაბიჯს არ გადადგამდა ისეთს, რომელიც კრემლისთვის სიურპრიზი იქნებოდა. ანტისომხური ისტერია ატყდა პროიმპერიულ, "დერჟავნიკული" იდეოლოგიის მატარებელ სეგმენტში და, აი, "რეგნუმში" რომ ამას დაწერდნენ და, მაგალითად, დუგინი იყვირებდა, ეს პროგნოზირებადი იყო. რუსეთის უკიდურესად მემარჯვენე ნაწილი, ნაციონალისტური ნაწილი, რომელსაც უნდა, რომ ერთი წუთითაც კი არ გაიხედოს არავინ დასავლეთისკენ, აღშფოთდა, თუმცა სომხეთი არსად წამსვლელი არ არის და ეს მოსკოვში კარგად იციან", - ამბობს ცინცაძე. მისი თქმით, კრემლში ერევნის სურვილი, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია მიიღონ, არ აწუხებთ, რადგან მთელი სომხეთი "ჯიბეში აქვთ", - დასძენს გამოცემა.

"კრემლი ან ეგუება სომხეთის სურვილს, ვიზალიბერალიზაცია მიიღოს, რომელიც, ჯერ არავინ იცის, შესრულდება თუ არა, ან კრემლის თანხმობით გადაიდგა ეს პატარა ნაბიჯი. კრემლში ერევნის სურვილი არ აწუხებთ, რადგან, უხეშად რომ ვთქვათ, სომხეთი რუსეთის ხელშია. რუსეთის ხელშია ისეთი გარანტია, როგორიცაა სომხეთში რუსული სამხედრო ბაზა. ლამისაა 100 000-იანი არმია ჰყავთ, ჯერ 60 ათასი იყო და ჩუმ-ჩუმად კიდევ იზრდება. რუსეთის გავლენისგან სომხეთი რომ ვერ გამოვა, ეს რუსეთმაც იცის. უხეშად რომ ვთქვათ, რუსეთს სომხეთის მთელი ეკონომიკა ჯიბეში აქვს ჩადებული. მხოლოდ პატარა სუპერმარკეტებია სომხეთის მმართველობის ქვეშ. ერთი დიდი სამრეწველო ობიექტიც არ არის სომხების ხელში, ყველა რუსებისაა. სომხური ეროვნული სიამაყე, კონიაკის ქარხანაც კი რუსეთის საკუთრებად იქცა და წარმოუდგენელია ახლა ლაპარაკი რაიმე ცვლილებაზე. თუკი რამე ორგანიზაცია დააარსა პუტინმა, სომხეთი ყველას წევრი გახდა. სამხრეთ კავკასიაში არაფერი შეიცვლებ, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2018
ქართველთმოძულე სეპარატისტთა საველე მეთაური, რომელიც ქართულ სოფლებს ატერორებდა აფხაზეთს "ენგურჰესის" დენი დეკემბერშივე აღარ ეყო ახდენს თუ არა სასამართლოზე ზეგავლენას საზოგადოებაში არსებული განწყობები?
"მთავარია, გქონდეს ფული..." - სამი კაცის დამჭრელის გამოშვების გამო საზოგადოებაში აღშფოთება არ ცხრება

სწორია თუ არა სასამართლო, როცა 3 კაცის დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გამოუშვა?

ახალი ომის კერა ჩვენს საზღვრებთან - ერდოღანი სირიელ ქურთებს იერიშით ემუქრება
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში