არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2017
დამცირება, დაცინვა, ფიზიკური შეურაცხყოფა - სკოლებში ძალადობა მომატებულია

გია ხუხაშვილი - "ჩატაევს და მის ჯგუფს ვიღაც უსაფრთხოების გარანტიას აძლევდა"

გაზის ხარისხი უარესდება, მომხმარებელს "ზედმეტის" გადახდა წელსაც მოუწევს

                                                * * *
დამცირება, დაცინვა, ფიზიკური შეურაცხყოფა - სკოლებში ძალადობა მომატებულია

"საჯარო სკოლებში ძალადობის შემთხვევები მომატებულია - უფლებადამცველები ამის ერთ-ერთ მიზეზად საკუთარი უფლებების დასაცავად მოსწავლეების აქტივობას ასახელებენ. სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, ომბუდსმენის აპარატმა 30 საჯარო სკოლაში ჩაატარა მონიტორინგი სკოლებში ძალადობის საკითხებზე, რის საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გავრცელებულია მასწავლებლების მხრიდან ძალადობრივი და დამამცირებელი დამოკიდებულება მოსწავლეთა მიმართ. ამასთან, თვალსაჩინოა მოსწავლეთა შორის არსებული ბულინგის ფართო მასშტაბები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2008 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული ბავშვების 80%-მა თანატოლების მხრიდან ერთხელ მაინც განიცადა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დამცირება, დაცინვა, ფიზიკური შეურაცხყოფა - სკოლებში ძალადობა მომატებულია.

"მოსწავლეთა მიმართ ძალადობის ფაქტებს ავლენს და ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში გადაამისამართებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური. რეფერირების პროცედურაზე პასუხისმგებელი სუბიექტი არის სწორედ მანდატური, ხოლო იმ სკოლებში, სადაც მანდატურის სამსახური არ ფუნქციონირებს - დირექტორი ან დირექტორის მოადგილე. უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, მცირეა იმ სკოლების რიცხვი, სადაც მოვალეობას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ასრულებს. 2016 წლის მონიტორინგის მიხედვით, საქართველოში 2083 საჯარო სკოლაა, თუმცა იმ სკოლების რიცხვი, სადაც მანდატურები არიან, მხოლოდ 444-ია. მონიტორინგმა გამოავლინა მოსწავლეთა შორის ბულინგი, რაც არასრულწლოვანთა ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა. ფოკუსჯგუფებისა და შევსებული კითხვარების მიხედვით ირკვევა, რომ სკოლაში ხშირია მოსწავლის დამცირება, მეტსახელის დარქმევა, დაცინვა, ჭორების გავრცელება, გარიყვა, ფიზიკური შეურაცხყოფა, პირადი ნივთების გადამალვა ან დაზიანება, კიბერბულინგი. მონიტორინგის შედეგებიდან ირკვევა, რომ სკოლის დირექციის, ისევე, როგორც პედაგოგებისა და რიგ შემთხვევაში მანდატურებისთვისაც გამოწვევად რჩება სავარაუდო ბულინგისა და ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება. ისინი მოსწავლეთა შორის ბულინგის შემთხვევებს ბავშვურ ხუმრობად და ერთჯერად შელაპარაკებად აღიქვამენ", - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. არასამთავრობო ორგანიზაციის - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში ბავშვის აქტიურობა არ არის მხარდაჭერილი. ის მოზარდები, რომლებიც საკუთარი უფელებების დაცვას ცდილობენ, ხშირად არ მოსწონთ სკოლის მასწავლებლებს. ამ ფაქტმა გარკვეულ შემთხვევებში სიტუაციის გამწვავება გამოიწვია", - აღნიშნავს გამოცემა.

"სკოლებში ძალადობის შემთხვევები ნამდვილად არ არის შესუსტებული, პირიქით, შემიძლია გითხრათ, რომ მომატებულიც კია. ამას არაერთი მიზეზი აქვს, მათ შორის, ერთ-ერთი ის არის, რომ ბავშვები, რომლებმაც გაიგეს საკუთარი უფლებების შესახებ და გარკვეულ სიტუაციებში პროტესტი უჩნდებათ, თავიანთი აქტიურობის გამო ხშირად გამხდარან მეორადი ძალადობის მსხვერპლნი. ის მოსწავლეები, რომლებსაც ესმით საკუთარი უფლებების შესახებ მედიიდან, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებიდან და გარკვეული აქტივობებით ამ უფლებების დაცვას ცდილობენ, ხშირად უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩენილან, ვინაიდან ეს მათი დასჯის ან კიდევ უფრო მეტი ძალადობის მიზეზი გამხდარა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანა არგანაშვილი.

"რაც შეეხებ ბულინგს, ამის ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, ვინაიდან განათლების სამინისტროს თავისი ინიციატივით დღემდე არც ერთი კვლევა არ ჩაუტარებია, ხოლო ყველა სხვა კვლევა არის ფრაგმენტული. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ბულინგის სტატისტიკა, მაგრამ ვიცით, რომ საგანგაშოდ მაღალია. ამასთან, მასწავლებლის მოსწავლისადმი დამოკიდებულება ხშირად გამხდარა იმის მიზეზი, რომ ამ მოსწავლეს შემდგომ სხვა მოსწავლის მიმართ გასჩენოდა აგრესია. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მასწავლებლები ვერ აცნობიერებენ თავიანთ დამოკიდებულებას მოსწავლისადმი, რაც შემდგომ მისი ჩაგვრის მიზეზი ხდება. მაგალითად, ძალიან დიდი ხანია, ვცდილობთ, ავხსნათ, რომ პედაგოგის მიერ რომელიმე მოსწავლის ფავორიტად დასახელება აუცილებლად გამოიწვევს მის სხვა მოსწავლეებთან უთანხმოებას და დიდია ალბათობა, იგი ჩაგვრის მსხვერპლი გახდეს. ასევე, უამრავი შემთხვევაა, როცა მასწავლებელი გაუცნობიერებლად აძლევს მოსწავლეს ისეთ შენიშვნას, რის შემდგომაც ის ავტომატურად ხდება ბულინგის მსხვერპლი. ეს შეიძლება იყოს შენიშვნა მოსწავლის გარეგნობაზე, ვარცხნილობაზე, ოჯახზე და ა.შ", - განმარტავს რესპონდენტი.

"აღსანიშნავია ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ორგანიზებით 2016 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტი ""ხელისუფლების კომპრომისი ბავშვთა ძალადობის მიმართ", სადაც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ბავშვთა სხეულებრივი დასჯის გამოყენების პრობლემური პრაქტიკაა მიმოხილული. ბავშვთა სხეულებრივი დასჯა გულისხმობს იმგვარი სხეულებრივი ან ფიზიკური სასჯელის გამოყენებას, რომელიც ბავშვს აყენებს ტკივილს ან უქმნის დისკომფორტს, თუმცა ინტენსივობით არის ფიზიკურ ძალადობაზე უფრო მსუბუქი ხასიათის"- დასძენს გამოცემა.

"სხეულებრივი დასჯა დღესდღეობით საქართველოში ბავშვთა აღზრდისა და დისციპლინის სწავლების ბუნებრივ ნაწილად მიიჩნევა. ზრდასრულები მას მიიჩნევენ აღზრდის ტრადიციულ მეთოდად, ვინაიდან სახელმწიფოს არც ერთი უწყება არ უზრუნველყოფს ბავშვთა პოზიტიური აღზრდის მეთოდების სწავლებას. ბავშვების წამორტყმა, ხელისკვრა, შეჯანჯღარება, იძულებით კვება და დასჯის სხვა ფორმები დანაშაულად არ განიხილება, შესაბამისად, არც შედეგების რეაბილიტაცია ხდება. შედეგები აისახება ბავშვების, როგორც ადამიანის უფლებების სუბიექტების, უგულებელყოფასა და საზოგადოებაში ძალადობის კვლავწარმოებაში. შესაბამისად, ბავშვთა სხეულებრივი დასჯა ჯერაც მოუგვარებელი საკითხია საქართველოში", - ნათქვამია კვლევაში, რომლის მიხედვითაც, "სამწუხაროდ, ჯერ არ მომხდარა ამ მოვლენის, როგორც ადამიანის უფლების დარღვევის, იდენტიფიცირება და არც მის აღმოსაფხვრელად არ დაწყებულა მუშაობა არც ერთი მიმართულებით", - წერს სტატიის ავტორი.


გია ხუხაშვილი - "ჩატაევს და მის ჯგუფს ვიღაც უსაფრთხოების გარანტიას აძლევდა"

"ვერ ვიტყვით, რომ ხორავას ქუჩაზე რაც მოხდა, საქართველოსთვის პირველია. ასეთი გარჩევები და შემთხვევები ყოველთვის ხდებოდა. დღეს ვიღაცისკენ თითის გაშვერა, არ მგონია, კორექტული იყოს. თუმცა ჩვენ მუდმივად უნდა ვფიქრობდეთ საგანმანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხოებაზე. უმთავრესი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, მოქალაქეობრივი თვითშეგნებაა. აქ სერიოზული პრობლემაა დუმილის უფლების გამოყენება მოწმეების მხრიდან. ეს ჩვენი მენტალური პრობლემაა და რაც განათლების სამინისტროს შეუძლია, არის ამის გარღვევა", - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ "რეზონანსთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ჩატაევს და მის ჯგუფს ვიღაც უსაფრთხოების გარანტიას აძლევდა" / გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც წყვეტდნენ მათი ბინისა და კომუნიკაციის საკითხებს.

"სამართალდამცავი უწყებებისთვის ჩვენების მიცემა ჩვენს მენტალობაში "არ მოსულა", სინამდვილეში კი ეს ყველას მოქალაქეობრივი ვალია. პირველ რიგში, სწორედ ეს უნდა დავნერგოთ ახალგაზრდებში. თუ ყველას ეცოდინება, რომ დანაშაულის მოწმე იტყვის ყველაფერს და არ დამალავს დანაშულს, ამით თვითონ დანაშაულის რაოდენობაც შემცირდება. დღეს ბევრი დამნაშავე ხშირ შემთხვევაში იმის იმედად აშავებს საჯაროდ, რომ დარწმუნებულია, ირგვლივ მყოფები მას არ გათქვამენ და არავინ მოაწერს ხელს მოწმედ ჩვენების მიცემაზე. ეს კრიმინალური მენტალიტეტი უფრო ფართომასშტაბიანი პრობლემაა და ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს ბავშვებს, რომ დანაშაულის არგათქმა დანაშაულში მონაწილეობისა და თანამზრახველობის ტოლფასია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან იმის გაკეთება, რომ მათ სასათბურე პირობები შეიქმნან რეკლამის განთავსების ან სპონსორებისთვის, არის თავხედობა. ისინი ამით ანგრევენ კერძო ბიზნესს და ამის დაშვება არ შეიძლება, ეს უტიფრობაა. ამასთან, მათ ყველაზე დიდი შემოსავალი აქვთ, რაც აბსოლუტურად არაადეკვატურია ტელევიზიის რეიტინგისა და არც მისი გამოსწორების პერსპექტივა ჩანს. საზოგადოებრივი მაუწყებელი არც უნდა იყოს რეიტინგზე და რეკლამაზე ორიენტირებული, მან აბსოლუტურად სხვა საქმე უნდა შეასრულოს. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ძირითადად მისაღებია ყველაფერი. ერთადერთი, კითხვის ნიშნებს ბადებს გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება. ეს არ არის დრამატული საშინელება, მაგრამ ინტერესთა კონფლიქტის ელემენტებს შეიცავს, მით უმეტეს, ეს მსოფლიოში არსებული ტენდენციების საპირისპიროდ კეთდება. მეჩვენება, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს თემაც არ არის კარგად დამუშავებული. არის არგუმენტებიც და კონტრარგუმენტებიც, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"22 ნოემბრის სპეცოპერაციის პირველ ეტაპზე ხელისუფლებამ ვერ ააწყო კომუნიკაცია და ამით ისევ თავად დაზარალდა, რადგან ძალიან ბევრი სპეკულაცია წამოვიდა. შემდგომ თითქოს დაიწყო კომუნიკაცია, მაგრამ ძალიან მწირი ინფორმაცია გასცა, რაც, ფაქტობრივად, ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო. იმედი გაგვიჩნდა, რომ გააგრძელებდნენ, თუმცა შემდგომ მოხდა ეს ტრაგედია და ამ ამბავმა, შეიძლება ითქვას, გადაფარა სპეცოპერაციის თემა. მაგრამ ხელისუფლებას თუ იმის იმედი აქვს, რომ ეს საკითხი ამით დასრულდება, ასე არ იქნება და ვურჩევდი, რომ საზოგადოება მუდმივად ჰყავდეს საქმის კურსში, რათა ისევ არ დაიწყოს სპეკულაციები. მე მეჩვენება, რომ ეს არის საკმაოდ მძიმე საქმე, რადგან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ სამი ადამიანის ირგვლივ იყო გარკვეული ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, გამოძიება უნდა გაფართოვდეს, მათ შორის გადამოწმებული უნდა იყოს ჩატაევის ყველა კონტაქტი 2013 წლიდან მოყოლებული, როდესაც ის ციხიდან გათავისუფლდა. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ მას უსაფრთხოების გარანტიას ვიღაც აძლევდა. არადამაჯერებელია, რომ მწვანე ზონით შემოვიდა ინვალიდი ადამიანი. რბილად რომ ვთქვათ, ასე არ არის", - განაგრძობს რესპონდენტი.

"იყვნენ ადამიანები, რომლებიც წყვეტდნენ მათ უსაფრთხოებას, ბინისა და კომუნიკაციის საკითხებს. ვინ არიან ეს ადამიანები? - არ გამოვრიცხავ, ისინი იყვნენ ძალოვანი სისტემის დღევანდელი ან ყოფილი თანამშრომლები, რადგან ამ ტიპის გარანტიის მიცემა მხოლოდ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ. თუ მთელი წრე არ იქნება პასუხისგებაში მიცემული, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ადამიანებმა, შესაძლოა, ხვალ და ზეგ სხვებს შეუქმნან იგივე გარემო. ვფიქრობ, ეს არის შსს-სთვის სერიოზული გამოწვევა. ეს საფრთხე არ უნდა ჩაიფარცხოს, რადგან მომავალში არსებულ რისკებს კიდევ უფრო გაამძაფრებს"- დასძენს გია ხუხაშვილი.

გაზის ხარისხი უარესდება, მომხმარებელს "ზედმეტის" გადახდა წელსაც მოუწევს

"ზამთარში გაზის ხარისხი წელსაც გაუარესდება და მოსახლეობას "გაზრდილი" გადასახადის დაფარვა მოუწევს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბუნებრივი აირის ხარისხი ერთადერთი მიზეზია, რის გამოც მოსახლეობა ცივ დღეებში უფრო მეტს მოიხმარს და, შესაბამისად, ხარჯიც მატულობს. ასეთი პრობლემის წინაშე მოქალაქეები სწორედ შარშან ამ დროს აღმოჩნდნენ და გაზგამანაწილებელი კომპანიები მაქინაციებში დაადანაშაულეს კიდეც. ეჭვი, რომ საქართველოში შემოსულ ბუნებრივ აირს "სხვა ნივთიერებებს" ურევენ, ეჭვად დარჩა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე გაზის მომხმარებლები მიმდინარე სეზონზეც აღმოჩნდებიან. ამის მიზეზი, მათი თქმით, არც მეტი, არც ნაკლები, გაზის დაბალი კალორიულობაა, რის გამოც მისი თბოუნარიანობა ეცემა და საბოლოოდ ხარისხი მომხმარებლის დანახარჯზე აისახება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გაზის ხარისხი უარესდება, მომხმარებელს "ზედმეტის" გადახდა წელსაც მოუწევს / "ტემპერატურის დაცემასთან ერთად ჭაბურღილიდან უფრო დაბალკალორიული აირი ამოდის".

"გვახსოვს, რომ წინა წელს სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა ქვითრების ფოტოები გაავრცელეს. ისინი გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას იმის თაობაზე, რომ შარშან დეკემბერში ბუნებრივი აირის დანახარჯმა საგრძნობლად მოიმატა. სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებებით თუ ვიმსჯელებთ, დღესაც ბევრს მიაჩნია, რომ საქართველოში შემოსულ ბუნებრივ აირს ჰაერს ურევენ, რაც მრიცხველის უფრო სწრაფად დატრიალებას იწვევს და გადასახადიც ამიტომ იმატებს. თუმცა, როგორც სპეციალისტებმა "ბიზნეს-რეზონანსს" განუმარტეს, ეს მხოლოდ ვარაუდია და სინამდვილეში გადასახადი მოსახლეობას გაზის ხარისხის გამო გაეზარდა. საწვავის ხარისხის ექსპერტი, კომპანია "აირბალონის" წარმომადგენელი ნოდარ რამიშვილი ამბობს, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე მომხმარებლები მიმდინარე ზამთრის თვეებშიც აღმოჩნდებიან. მას შემდეგ კი, რაც ქვეყანას ტრანზიტული გაზის მიღების საშუალება არ ექნება, ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა მასშტაბური გახდება", - აღნიშნავს გამოცემა.

"მოსახლეობაში გავრცელებულია ხმები, თითქოს გაზგამანაწილებელი კომპანიები ბუნებრივ აირს ზოგჯერ ჰაერს ან სხვა გაზს ურევენ, რათა გაზარდონ მოხმარებული გაზის მოცულობა და კალორიულობა შეამცირონ. რატომღაც ჰგონიათ, რომ ამით მეტი გაზი დაიწვება და ნაკლები ენერგია გამოიყოფა, საბოლოოდ კი მეტის გადახდა მოუწევთ, მაგრამ ეს ყველაფერი ტექნიკურად შეუძლებელია. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გამორიცხულია, ჰაერს უშვებდნენ გაზში, რადგან ეს ძალიან სარისკოა და შეიძლება აფეთქების მიზეზიც გახდეს, რაზეც არც ერთი კომპანია არ წავა. 5-დან 15%-მდე გაზის ჰაერში შერევა თვითაალებას იწვევს, თვითმკვლელობის ტოლფასია და გამორიცხულია, ამ რისკზე ვინმე წავიდეს", - ამბობს რამიშვილი და დასძენს, რომ ზამთარში გაზის ხარისხის პრობლემა ხშირადაა და მისი შემჩნევა გაზის წვის პროცესზე უბრალო დაკვირვებითაც არის შესაძლებელი.

"ზამთარში, ტემპერატურის დაცემასთან ერთად, ჭაბურღილიდან უფრო დაბალკალორიული აირი ამოდის. წესით, 1 კუბ/მ გაზზე 7600 კილოკალორიაა მიღებული. კალორიულობას განსაზღვრავს 4 ძირითადი ნივთიერების შემადგენლობა: მეთანი, ეთანი, პროპანი და ბუტანი. გარდა ამისა, იგი 13-მდე სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ გაზის ხარისხი იზომება მეთანის შემადგენლობით, რომელიც მისი ძირითადი კომპონენტია. მეთანის წილი 70-75%-მდეა. წესით, ხარისხიანი გაზი მოლურჯო-მოიისფროა, მაგრამ ზოგჯერ მოწითალო ელფერი დაჰკრავს, რაც ნიშნავს, რომ მისი თბოუნარიანობა (კილოკალორიულობა) ეცემა, ამიტომ იხარჯება მეტი. სითბოს ეფექტის მისაღებად მომხმარებელს სულ უფრო მეტი გაზი სჭირდება, შესაბამისად, გადასახადიც მეტი მისდით. ეს ბუნებრივი პროცესია, გაზს ზამთარში არ აქვს ის ეფექტი, რაც სხვა პერიოდში. ეს პროცესი წინა წლებში ნაკლებად შესამჩნევი იყო, რადგან მოხმარება არ იყო დიდი. როგორც კი მოხმარებამ იმატა (გამრიცხველიანების პროცესიდან გამომდინარე), პრობლემამ უფრო იჩინა თავი. კიდევ ერთხელ ვამბობ. გამორიცხულია, ვინმე ჰაერს უშვებდეს მილებში, ასეთ რისკზე წასვლა თვითმკვლელობის ტოლფასია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნოდარ რამიშვილმა.

"საჭიროა, რომ ყოველი კონკრეტული შემთხვევა სპეციალისტებმა შეამოწმონ და დარწმუნდნენ, რამდენად გამართულად მუშაობს მათი მრიცხველი ან გაზის გაყვანილობაში ხომ არ არის რაიმე დაზიანება. დაბალკალორიულობა ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, მაგრამ მომავალ წლებში ეს პრობლემა გაცილებით მასშტაბური იქნება, რადგან არ გვექნება რუსეთიდან სატრანზიტო გაზის მიღების საშუალება. აქამდე მას ნატურით ვიღებდით, მაგრამ სამომავლოდ ფულადი სახით აგვინაზღაურდება. ამდენად, მხოლოდ აზერბაიჯანულ აირზე ვიქნებით დამოკიდებული, რაც დაბალხარისხიანია და მისი კალორიულობა განსაკუთრებით ზამთარში იქნება არადამაკმაყოფილებელი", - განმარტავს რამიშვილი. გაზის დაბალკალორიულობის პრობლემა კარგად ნაცნობია საწვავის ხარისხის ექსპერტ დიმიტრი შენგელიასთვის. მისი თქმით, ბუნებრივი აირის ხარისხის შეცვლა, თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ტექნიკურად დიდ სირთულეს უკავშირდება", - დასძენს გამოცემა.

"გაზს ჰაერს რომ უმატებენ, კალორიულობა მცირდება. ეს ვიცით, მაგრამ რამდენად ხდება ასეთი ფაქტი, ძნელი სათქმელია, თუკი კონკრეტული კვლევა არ ჩატარდება და ხარისხს არ შეამოწმებენ. ბუნებრივი აირის ხარისხის შეცვლა არ არის შეუძლებელი, თეორიულად, დასაშვებია, მაგრამ ამ პროცედურის ჩატარების ტექნიკური საშუალება ჩვენს ქვეყანაში, სავარაუდოდ, არ არსებობს. საქართველოში იმპორტირებულ გაზს აკონტროლებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, სხვა ორგანიზაციების მხრიდან მასშტაბური შემოწმება არ მომხდარა. არადა, ძალიან მარტივადაა გადასამოწმებელი, უნდა გადაანგარიშდეს ნახშირწყალბადების რაოდენობა და კალორიულობასთან შეაჯამონ. არც ის არის გამორიცხული, რომ ქვითრებზე ასახული შედარებით მეტი გადასახადი გაზის დაბალკალორიულობას უკავშირდებოდეს, რაც შეიძლება ცივი ამინდების დროს ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდას გამოეწვია. რეალურად, შეიძლება ასე იყოს, მაგრამ ესეც უნდა დადასტურდეს, რომ კითხვის ნიშნები მოიხსნას", - ამბობს გამიცემასთან საუბრისას დიმიტრი შენგელია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში
ხათუნა ლაგაზიძე - "2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია"

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია" - საიას ხელმძღვანელი

ლადო პაპავა - "ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან..."
ავთო სილაგაძე - "2017 წელს მოსახლეობის რეალური შემოსავალი შემცირდა"

რუსეთი საქართველოს ცაზე სამხედრო-სადამკვირვებლო ფრენას ითხოვს

სომხური ეკლესია საქართველოს მთავრობას სასამართლოში უჩივის

რამდენად სამართლიანია პოეტ ზვიად რატიანისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?