არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2017
2 წელში საქართველომ ევროკავშირის წევრობა უნდა მოითხოვოს

იგორ კვესელავა - "დარჩეს გარემოს დაცვის სამინისტრო და პირიქით, მას მიუერთონ სოფლის მეურნეობის სამინისტრო"

ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში შეტაკებები უკვე დაიწყო

                                            * * *
2 წელში საქართველომ ევროკავშირის წევრობა უნდა მოითხოვოს

"რამდენად შესაძლოა, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2019-2020 წლებში შეიტანოს იმის მიუხედავად, მიანიჭებენ თუ არა ქვეყანას "ევროპულ პერსპექტივას" - ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე "ევროპულ პერსპექტივაზე" მორიგი უარის მიღების შემდეგ ამ შესაძლო გზაზე საუბარი ექსპერტების ერთ ნაწილში აქტიურად დაიწყო და, ასევე, გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ეს გეგმა ხელისუფლებამაც გაიზიაროს. უფრო კონკრეტულად კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ექსპერტებთან შეხვედრაზე გაცხადდა, რომ მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკაზე მუშაობის დაწყებას გეგმავს პარლამენტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ოფიციალური თბილისის ეს მიზანი ფორმალურად ცნობილია ყველასთვის ევროკავშირში და საქართველოს მოსახლეობაც უჭერს მხარს, თუმცა წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანაზე ხელისუფლება უარს ამბობს მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო მას ოპოზიცია აკრიტიკებს და პოლიტოლოგების დიდი ნაწილიც ამბობს, რომ წევრობაზე განაცხადი უნდა შევიდეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 2 წელში საქართველომ ევროკავშირის წევრობა უნდა მოითხოვოს.

"რატომ არ შეაქვს ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი? მთავრობის არგუმენტია, რომ უახლოეს წლებში საქართველოს არავინ მიიღებს ევროკავშირში, ამიტომაც საქართველო ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მაშინ შეიტანს, როცა ქვეყანა ამისთვის მზად იქნება. პოლიტოლოგები თანხმდებიან, რომ უახლოეს წლებში ევროკავშირში გაწევრიანება რეალური არ არის, ხელისუფლების მიდგომას კი, რადგან არავინ მიგვიღებს ხვალ, ამიტომ განაცხადი საჭირო არ არის, მათი ერთი ნაწილი იზიარებს. ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ განაცხადის გაუაზრებლად და პოლიტიკური საფუძვლების მოუმზადებლად შეტანამ, შესაძლოა, განუსაზღვრელი ვადით გადადოს ან საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოს ევროპული მომავალი. "ევროპული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელ კახა გოგოლაშვილის თქმით, წევრობაზე განაცხადის შეტანა ნაადრევია იმიტომ, რომ ნამდვილად ვიცით, უარს გვეტყვიან და "კონტექსტიდან ამოვარდნილები ვიქნებით", რაც "ჩვენს პერსპექტივაზე უარყოფითად იმოქმედებს". იგი მიიჩნევს, რომ ბრიუსელში ჯერ რომელიმე დოკუმენტში "ევროპული პერსპექტივა" უნდა ჩაიწეროს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჯერ ამისთვის არ მიგვიღწევია და ევროკავშირში აპლიკაცია რომ შევიტანოთ, ეს იმას ნიშნავს, ევროკომისიას ამ აპლიკაციის განხილვა, შემდეგ კი უარყოფითი დასკვნის დაწერა მოუწევს, რაც დააზიანებს მცდელობას, რომ ამ ეტაპზე ევროპული პერსპექტივა მივიღოთ", - ამბობს გოგოლაშვილი. ექსპერტთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ განაცხადის შეტანა შესაძლებელია ბრიუსელიდან "ევროპული პერსპექტივის" აღიარების გარეშეც და ამით არაფერი შავდება, პირიქით, ამით ევროკავშირი დაინახავს, რომ ჩვენი განცხადებები და მისწრაფება რეალურია. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია ამბობს, რომ განაცხადზე შეზღუდვა არ არსებობს და ეს ქვეყანას არც არაფერს ავნებს, თუმცა არც რაიმეს მოუტანს. ეს იქნება წმინდა სიმბოლური ნაბიჯი. მას არ უკვირს, რომ ხელისუფლება ამ ეტაპზე თავს იკავებს და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ევროკავშირში ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები გვირჩევდნენ, ამ ეტაპზე ეს ნაბიჯი გადავდოთ", - განაგრძობს გამოცემა.

"ეს მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილებაა, როდის სჯობს ასეთი ფორმალური ნაბიჯის გადადგმა, რადგან არაფორმალურად, დეკლარაციის დონეზე ეს ჩვენ უკვე ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი", - აცხადებს ნოდია. "საქართველოს რეფორმების ასოციაციამ" გამოაქვეყნა კვლევა, სადაც საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წევრობაზე განაცხადის შეტანისგან ახლა თავი უნდა შეიკავოს, მაგრამ 2-3 წელში შესაძლებელია. თუმცა მანამდე ამისთვის პოლიტიკური საფუძვლები უნდა მომზადდეს, საქართველოს მთავრობამ დაიწყოს და შეიმუშაოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა, რომელშიც უნდა აისახოს ყველა ის ძირითადი ამოცანა, საქმიანობა და ეტაპი, რაც ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება გაიაროს ევროპის კავშირში გაწევრიანებამდე. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად 2020 წლისთვის ასოცირებისა და ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიც წარმატებით უნდა შესრულდეს. ასევე, საქართველომ ცალმხრივად უნდა შეავსოს კითხვარი, რომელსაც გაწევრიანების განაცხადის შემდეგ წევრობის მსურველ ქვეყნებს ევროკავშირი უგზავნის, რათა წინმსწრებად შეფასდეს პოლიტიკური, ეკონომიკური და ადმინისტრაციული კრიტერიუმების მიმართ ქვეყნის მზადყოფნა", - დასძენს გამოცემა.

"სასურველია, რომ ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებამ უახლესი, მაგალითად, ბოსნიის კითხვარით იხელმძღვანელოს; საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაააქტიუროს ძალისხმევა "ევროპული პერსპექტივის" მისაღებად. გარდა ამისა, მთავრობამ უნდა გაააქტიუროს მუშაობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და თანაც საქართველოს ნაბიჯები კოორდინირებული უნდა იყოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ან მხოლოდ მოლდოვასთან, რადგან ერთი რეგიონიდან მხოლოდ საქართველოს გამორჩევა და პოტენციური კანდიდატის სტატუსის მხოლოდ მისთვის მინიჭება არარეალური მიზანი შეიძლება აღმოჩნდეს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს შესაძლებლობის ერთგვარი ფანჯარა 2019-2020 წლებში, დიდი ალბათობით, ექნება, რაც გონივრულად უნდა გამოიყენოს. როგორც კვლევაში აღნიშნულია, "ამ ეტაპზე საქართველო ასოცირების შეთანხმების დიდი ნაწილის დამასრულებელ ეტაპზე იქნება და გაწევრიანების კრიტერიუმების გაცილებით უფრო მეტი მოთხოვნა ექნება დაკმაყოფილებული. 2019 წელსვე იცვლება ევროპული კომისიის შემადგენლობა და იწურება კომისიის მიერ გაფართოებაზე დაწესებული ერთგვარი მორატორიუმიც", - წერს სტატიის ავტორი.

იგორ კვესელავა - "დარჩეს გარემოს დაცვის სამინისტრო და პირიქით მას მიუერთონ სოფლის მეურნეობის სამინისტრო"

"ქართულ სინამდვილეში ქვეყნის განვითარებისთვის გარემოს დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოს დაცვის სამინისტროს არსებობა იმაზე მნიშვნელოვანიც კი არის, ვიდრე სოფლის მეურნეობის სამინისტროსი, ვინაიდან ის კერძო სისტემაში შედის. ზოგიერთ ქვეყანაში არც არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თუმცა გარემოს დაცვა სახელმწიფო მნიშვნელობისაა და სამინისტრო აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ასეთ სიტუაციაში მე მხარს ვუჭერ, რომ დარჩეს გარემოს დაცვის სამინისტრო და პირიქით, მას მიუერთონ სოფლის მეურნეობის სამინისტრო", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კვესელავა: პროცესები უარესობისკენ წავიდა - საბანკო სისტემა თავზე დააჯდა მთელ საქართველოს.

"მთავრობის გადაყენებაზე საუბარი კვირიკაშვილის მოსვლიდან სამიოდე თვეში დაიწყო და მას შემდეგ გრძელდება. თუმცა გადაყენების საკითხი კი არ დგას. თავად მთავრობამ უნდა გააანალიზოს, რომ ვერ მიიღო ისეთი შედეგები, როგორიც სურდა, ვერ მიაღწია სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და პროცესები უარესობისკენ წავიდა. თქვენ ხედავთ, საბანკო სისტემა თავზე დააჯდა მთელ საქართველოს და ამ ყველაფერს უნდა დაბალანსება. ასეთ სიტუაციაში არაერთ ქვეყანაში თავად მთავრობის ლიდერები გამოდიან განცხადებით გადადგომის, წასვლის შესახებ და გზას სხვა ადამიანებს უთმობენ, რომლებიც მათზე უკეთ წაუძღვებიან საქმეს... მოარულ ხმებზე აქცენტს ვერ გავაკეთებ, თუმცა ყველაფერი მოსალოდნელია. მაგრამ ჩვენი მიზანი არა მთავრობის გადაყენება, არამედ ის უფრო არის, რომ მთავრობა მიხვდეს, არსებული შედეგების გამო თავად მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება და გადადგეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.

"უკრაინასთან დაკავშირებით მაქვს მოსაზრება, რომ ამ პროცესებთან კავშირი აქვს ამერიკას. ის, რაც უკრაინაში მოხდა, მაიდნიდან დაწყებული, დღევანდელ პროცესებამდე, ყველაფერში ურევია ამერიკის ხელი. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გადაწყდა, რომ უკრაინაში არსებულმა ხელისუფლებამ დადებითი როლი ვერ შეასრულა, რადგან ქვეყანაში ძალიან მაღალია კორუფციის დონე. აქედან გამომდინარე, ამერიკისთვის მისაღები არ არის უკრაინის პრეზიდენტი და ის უნდა წავიდეს. თუმცა ხალხის მიერ არჩეული პირველი პირის ასე გადაყენება მარტივი არ არის. ამიტომ ვფიქრობ, მიშა ამ შემთხვევაში გამოყენებულია იმისთვის, რომ პოროშენკომ თანამდებობა დატოვოს. მიუხედავად იმისა, რომ არც მიხეილ სააკაშვილისადმი არიან დადებითად განწყობილი, ვინაიდან მისი პოლიტიკური ცხოვრება უკვე დამთავრებულია, ის ამ შემთხვევაში იარაღად არის გამოყენებული", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ამ ეტაპზე უკრაინაში არ ჩანს ისეთი პოლიტიკური ძალა ან პიროვნება, რომელიც პოროშენკოს წინ აღუდგება და რომელსაც საზოგადოების ფართო მხარდაჭერა აქვს. ამიტომ ისევ და ისევ ეს ძალა მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, არც მისთვის დამთავრდება ეს ყველაფერი დადებითად. არც ის და არც პოროშენკო უკრაინას არ სჭირდება. სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლების სათავეში ვერანაირად ვერ მოვა თუნდაც მისი ქართველობის გამო. ახლა მთელი უკრაინის პოლიტიკური სპექტრი დუღილის პროცესშია, თუმცა ვერ გამოჩნდა ისეთი ძალა, რომელიც ხელში აიღებდა სადავეებს და ძალაუფლებას. უკრაინაში ამჟამად არ არის ასეთი პოლიტიკური ძალა და სწორედ მის ძიებაშია ამერიკის შეერთებული შტატები ახლა"- მიიჩნევს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - "თქვენი აზრით, რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ, ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შემდგომ?" - პასუხობს:

"ეს არის ურთულესი საკითხი. ისრაელმა ძალიან კარგად იცის, რომ ამერიკის გარეშე ვერაფერს მიაღწევს, რადგან შემორტყმულია არაბული სამყაროთი, რომელიც მას შეჭამს. იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება მთელი მაჰმადიანური სამყაროს წინააღმდეგობას გამოიწვევს და კიდევ უფრო მიგვაახლოვებს ცივ ომთან. ჩვენ, პრაქტიკულად, ვდგავართ ცივი ომის დასაწყისში და მე მიმაჩნია, რომ თუ ვინმეს არ უნდა ამ ომის დაწყება, ეს ამერიკა უნდა იყოს, რადგან იგი არასდროს ყოფილა ომის დამწყები, თუმცა იყო წამქეზებელი და შემდგომ პროცესებზე ხელის მომთბობი. ეს ამერიკის ცნობილი პოლიტიკაა. მას ახლა სჭირდება პოლიტიკური ავტორიტეტი მსოფლიოში, რადგან ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ეს სტატუსი შეელახა".

ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში შეტაკებები უკვე დაიწყო

"აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებამ ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ ექსტრემისტებს შორის შეტაკებები გამოიწვია. მუსლიმების თქმით, გადაწყვეტილება "რეგიონისთვის ანთებულ ასანთს" და დიდი დაპირისპირების დასაწყისს ნიშნავს. ამის პარალელურად კი ისრაელი აშშ-ის მადლობას უხდის და საქართველოს მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას სთხოვს. ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უკვე მიმართა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს, რასაც თურქეთსა და სხვა მუსლიმურ ქვეყნებში პროტესტი მაშინვე მოჰყვა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში შეტაკებები უკვე დაიწყო.

"ასობით მოქალაქე გამოვიდა ანკარაში, სტამბოლსა და თურქეთის სხვა დიდ ქალაქებში და აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმო. არეულობა აღმოსავლეთ იერუსალიმში, იუდეასა და სამარიას ზოგიერთ ქალაქში კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპის გადაწყვეტილების გამო პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებები გაისმა. საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ - "იერუსალიმი პალესტინაა", "მოვკვდებით ალ-აქსასთვის" და პოლიციელებს ქვებს ესროდნენ. სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გადაწყვეტილებას გმობს და აცხადებს, რომ ამ საკითხზე სატელეფონო მოლაპარაკებას გააგრძელებს როგორც ტრამპთან, ისე დასავლელ ლიდერებთან და რომის პაპთანაც. "ასევე, ვისაუბრებ ამ თემაზე ვლადიმერ პუტინთან. ეს თემა მხოლოდ მუსლიმებს არ ეხება. ეს თემა ქრისტიანებსაც ეხება", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მისი თქმით, "აშშ-მ გათელა იერუსალიმის შესახებ გაერო-ს 1980 წლის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არავის დაურღვევია", - აღნიშნავს გამოცემა.

"შეუძლებელია იმის გაგება, რისი თქმა სურდა ტრამპს ამ გადაწყვეტილებით. ის ახლა მიქსერის როლს ასრულებს და მთლიანად ანჯღრევს რეგიონს. ისრაელი წმინდა ადგილია მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისა და ებრაელებისთვის. ამგვარი ნაბიჯი განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია. ლიდერებმა არა კონფლიქტების პროვოცირება მოახდინონ, არამედ მშვიდობა უნდა დაამყარონ", - დასძინა ერდოღანმა. იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის დასასრულად მიიჩნევს პალესტინური რადიკალური ორგანიზაცია "ჰამასის" ლიდერი ისმაილ ხანია და პალესტინელ ხალხს ისრაელის წინააღმდეგ ახალი აჯანყებისკენ ("ინტიფადა") მოუწოდებს. "ჩვენ მოვუწოდებთ პალესტინის თავისუფალ ხალხს, პარასკევს "მრისხანების დღეზე" გამოვიდნენ და ახალი ინტიფადას დაწყება გამოაცხადონ. ჩვენი ხალხის აჯანყება დაიწყება ოკუპაციის წინააღმდეგ და დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ჩვენი წმინდა მიწის გათავისუფლებით დასრულდება", - განაცხადა "ჰამასის" ლიდერმა. მისი თქმით, "ერთიანი იერუსალიმი მთლიანად პალესტინის დედაქალაქია და "ჰამასის" ყველა დანაყოფისთვის ბრძანებაა გაცემული, რომ ნებისმიერი საფრთხე მოიგერიონ", - განაგრძობს გამოცემა.

"ამ პროცესში თავისთავად ჩართული აღმოჩნდა საქართველოც. "ისრაელის სახლის" დამფუძნებელმა იციკ მოშემ საქართველოს მთავრობას უკვე მიმართა, რომ ოფიციალურმა თბილისმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს. იციკ მოშეს განცხადებით, ეს არის ისტორიული გარდატეხის მიჯნა, როდესაც საქართველოს, როგორც აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორსა და ისრაელის მეგობარ ქვეყანას, ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, ერთ-ერთი პირველი იყოს ამ ეპოქალურ პროცესში. რაც შეეხება ქართული მხარის პოზიციას, უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად", - დასძენს გამოცემა.

"ამერიკის შეერთებულ შტატებს საკმაოდ მძლავრი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას, ჩვენ კი ვიდრე რაიმე მსგავს ნაბიჯს გადავდგამთ, უნდა დავფიქრდეთ, მით უმეტეს, ასეთ ცხელ წერტილთან მიმართებით", - განაცხადა ვოლსკიმ. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე კი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარს ღიად უჭერს. მისი თქმით, თუ სათანადო საგარეო პოლიტიკური პირობები შეიქმნება და პოლიტიკური პროცესები პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილების სასარგებლოდ განვითარდება, საქართველო პროცესებს არ უნდა ჩამორჩეს და მას მხარი უნდა დაუჭიროს. პარლამენტის წევრი შოთა შალელაშვილი აცხადებს, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს ხელისუფლებას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ტრამპის გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებენ ქართველი ებრაელებიც, რომლებიც ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ეს ისტორიული მოვლენაა, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ", - წერს სტატიის ავტორი.

"ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებამ ახლო აღმოსავლეთში, სადაც სიტუაცია ისედაც არასტაბილურია, შეიძლება დამატებითი მადესტაბილიზირებელი როლი შეასრულოს აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი ვარაუდობს, რომ დიდი ომის საფრთხე რიგი ფაქტორების გამო გამორიცხულია, თუმცა ისრაელისა და თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობა სერიოზულად გადაიხედება - "გარკვეული ტერორისტული რადიკალური ჯგუფებისთვის შეიძლება ეს იყოს სიგნალი, რომ შეტევები განახორციელონ როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მის დიპლომატიურ ან სამხედრო წარმომადგენლობებზე სხვა ქვეყნებში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ამავე დროს, შეიძლება ისრაელთან ურთიერთობის გადახედვაც მოხდეს. მაგალითად, თურქეთ-ისრაელის. ერდოღანმა როგორც აღნიშნა, დიპლომატიური ურთიერთობაც კი შეიძლება გაწყვიტოს ისრაელთან, რაც ისრაელისთვის არცთუ მეორეხარისხოვანი იქნება, რადგან თურქეთი ერთ-ერთი ქვეყანაა რეგიონში, ვისთანაც მეტ-ნაკლებად ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა აქვს," - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა, რომლის განმარტებით, შეიარაღებული კონფლიქტისა და დიდი ომის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში არ არსებობს, რადგან ამ რეგიონში მთავარი დაპირისპირებული აქტორები კვლავ ირანი და საუდის არაბეთი არიან და მესამე ქვეყანასთან საბრძოლველად მათი გაერთიანება ნაკლებად წარმოსადგენია", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"აღსანიშნავია, რომ დღეს, 8 დეკემბერს, გაერო-ს უშიშროების საბჭო აშშ-ის მიერ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე სხდომას გამართავს. სხდომაზე ანგარიშით გამოვა გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში, რომელიც აცხადებს, რომ იერუსალიმის სტატუსის საკითხი მხოლოდ ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას", - დასძენს სტატიის ავტორი.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში
ხათუნა ლაგაზიძე - "2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია"

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია" - საიას ხელმძღვანელი

ლადო პაპავა - "ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან..."
ავთო სილაგაძე - "2017 წელს მოსახლეობის რეალური შემოსავალი შემცირდა"

რუსეთი საქართველოს ცაზე სამხედრო-სადამკვირვებლო ფრენას ითხოვს

სომხური ეკლესია საქართველოს მთავრობას სასამართლოში უჩივის

რამდენად სამართლიანია პოეტ ზვიად რატიანისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?