არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2017
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2017 გია ხუხაშვილი - "არც საქართველოს ხელისუფლებას და არც ჩვენ აქ არაფერში გვჭირდება მიხეილ სააკაშვილი არც ციხეში და არც გარეთ"

ორაზროვანი ტექსტები სახელმძღვანელოებში, რომლებიც ბავშვმა შეიძლება "სხვანაირად გაიგოს"?!

გახდება თუ არა სასამართლო დავის საფუძველი იაშვილის კლინიკაში პაციენტის "გაწეწვის" ახალი მეთოდი?!

* * *
გია ხუხაშვილი - "არც საქართველოს ხელისუფლებას და არც ჩვენ აქ არაფერში გვჭირდება მიხეილ სააკაშვილი არც ციხეში და არც გარეთ"

"იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ მოვლენები, უკრაინაში შექმნილი ვითარება უფრო ფართოდ უნდა განვიხილოთ. ქვეყანაში რთული პროცესი დაიწყო. სააკაშვილის ოდისეაც ერთ-ერთი კომპონენტია იმ სახელმწიფოებრივი კრიზისისა, რაც უკრაინაში ვითარდება. ჩემი აზრით, ამ ყველაფერში უმწვავესი ელემენტია ის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დასავლეთის მთავარი მოთხოვნა, გაეტარებინა ეფექტიანი ანტიკორუფციული ღონისძიებები, არ და ვერ შეასრულა. ამ ქვეყანაში სისტემა წლებია ღრმად კორუმპირებულია და იანუკოვიჩიდან პოროშენკომდე, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა - ერთი ინტერეს-ჯგუფი ახალმა ინტერეს-ჯგუფმა ჩაანაცვლა და დღესაც ზუსტად ისევე ხრავენ ქვეყანას, როგორც იანუკოვიჩის ოლიგარქია ხრავდა. ამით დასავლეთი ძალიან უკმაყოფილოა", - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "რუსეთი შესაძლოა, სააკაშვილის ფაქტორს უკრაინაში დესტაბილიზაციისთვის იყენებს" / "პოროშენკო სააკაშვილის წინააღმდეგ აკეთებს იმავეს, რასაც თავის დროზე სააკაშვილი აკეთებდა ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, თავის ვიდეო-აუდიოჩანაწერებით, ფულის გადაცემით" / "იერუსალიმისთვის ბრძოლა მსოფლმხედველობრივი ბრძოლაა, რომელშიც რაციო არ ერთვება და ამიტომაც ასეთ მსოფლმხედველობრივ შეტაკებაში ჩართვა ძალიან სახიფათოა".

"სწორედ სააკაშვილის ბოლო "გმირობის", მისი პირველი დაკავებისა და გათავისუფლების წინ, განსაკუთრებით გამწვავდა დაპირისპირება ანტიკორუფციულ ბიუროსა და უკრაინის გენპროკურატურას შორის. მოგეხსენებათ, ანტიკორუფციული ბიურო ამერიკული პროექტია, ისინი აფინანსებენ. მოხდა ისე, რომ უკრაინის გენპროკურატურამ ამ ბიუროს, ფაქტობრივად, სახელმწიფო უწყებებში ჩანერგილი ყველა აგენტი გაუშიფრა და იქით დაუწყეს შედავება. ამას მოჰყვა სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე განცხადება, რომელშიც დაუფარავად ითქვა, რომ უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლით იმედგაცრუებული არიან. ამის მეორე დღეს დაიწყო სააკაშვილსა და პოროშენკოს ხელისუფლებას შორის კატათაგვობანას მორიგი რაუნდი, რაც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესია და არა სამართლებრივი. პოროშენკოს ხელისუფლება ჯერ კიდევ ორ რამეზე დგას: პირველი - ანტირუსული განწყობის გამო საზოგადოების კონსოლიდაცია, ანუ უკრაინელი საზოგადოება რუსული საფრთხიდან გამომდინარე ერიდება დიდ რყევებს; მეორე - აშშ-ის მხარდაჭერის იმედი. ფაქტობრივად, ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაპირისპირების შემდეგ აშშ-ის მხარდაჭერა შესუსტდა. მიხეილ სააკაშვილი, როგორც წესი, მშვენივრად გრძნობს ხოლმე განწყობასა და მომენტს, როდესაც საკუთარი აგრესიული მოქმედებებით უჩნდება შანსი მოხვდეს უმნიშვნელოვანესი პროცესების ეპიცენტრში და მაშინ ის დიდ რისკზე მიდის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"არა მაქვს ილუზია, რომ ის აშშ-ის დავალებით მოქმედებს, მაგრამ აშკარად ცდილობს ისე იაქტიუროს, რომ დასავლეთის წინაშე თავი წარმოაჩინოს როგორც ლიდერმა, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს პოროშენკოს ალტერნატივად. არა მგონია, ამის რეალური შანსი ჰქონდეს, თუმცა უკრაინაში არიან გავლენიანი პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღემდე თავს იკავებდნენ სააკაშვილის მხარდაჭერისგან, მაგრამ თუ დაინახეს, რომ მან მოახერხა მძლავრი საპროტესტო მუხტის აგორება, მაშინ აუცილებლად მხარში ამოუდგებიან. ეს იცის პოროშენკომაც და გარდა იმისა, რომ სააკაშვილისადმი დასავლეთის დამოკიდებულებაზე ეჭვიანობს, ეშინია შიდა დაპირისპირების გაღრმავებისაც. ამიტომაც ცდილობს იმოქმედოს ფრთხილად, თუმცა ამითაც სულ უფრო და უფრო იძირება ჭაობში. მან იფრთხილა საზღვარზე, როდესაც სააკაშვილი პოლონეთიდან, ფაქტობრივად, შეიჭრა უკრაინაში; ფრთხილობდა პირველი დაკავების მცდელობის დროსაც - თუმცა ამით მხოლოდ ის წარმოჩნდა, თუ რაოდენ სუსტია პოროშენკოს ხელისუფლება. სააკაშვილი მარტო არ არის, მას ზურგს უკრაინის გარედანაც უმაგრებენ. თუ გაამახვილეთ ყურადღება სააკაშვილის პირველი დაკავების მცდელობისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე, შეამჩნევდით, რომ ქვეყნის ხელისუფლება და სააკაშვილი ლამის ერთ სიბრტყეშია განხილული, ორივე მხარეს ერთნაირად მოუწოდებდნენ, არ გასულიყვნენ სამართლებრივი და კანონიერი ჩარჩოდან", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ამ მხარდაჭერის ბრალია, რომ აქამდე ვერ გაბედეს მისი დაჭერა და ახლაც, შეიძლება ითქვას, რომ სანახევროდ გაბედეს. ეს ყველაფერი ფარსად იქცა - მაშინ როცა ასეთ მძიმე ბრალდებებს უყენებენ, პროკურატურისგან შინაპატიმრობის ან სპეციალური სამაჯურით გადაადგილების მოთხოვნა, სასაცილოა და მეტი არაფერი. ტრაგიკომიკური ამ ყველაფერში ისიც არის, რომ დღეს მოსწავლე მასწავლებლის წინააღმდეგ იყენებს იმ სქემას, რაც მისგან ისწავლა - ანუ პოროშენკო სააკაშვილის წინააღმდეგ აკეთებს იმავეს, რასაც თავის დროზე სააკაშვილი აკეთებდა ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, თავის ვიდეო-აუდიოჩანაწერებით, ფულის გადაცემით და ა.შ. დღეს ზუსტად ისე იკერება სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე, როგორც საქართველოში 2007 წელს. შეიძლება ვთქვათ, რომ სააკაშვილს ცოდვებმა უწია. სხვათა შორის, იმ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მეც ვიყავი, დამატარებდნენ მთავარ პროკურატურაში, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში ვცხოვრობდი. ყველაზე კომიკური ის არის, რომ ის პროკურორები, ვინც მაშინ ამ საქმეს კერავდნენ და თითხნიდნენ, ახლაც პროკურატურაში მუშაობენ. თუმცა ის საქმე უკვალოდ გაქრა და ვფიქრობ, იგივე ელის სააკაშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ საქმესაც" - ამბობს ექსპერტი.

"პოროშენკო ამ საქმეში რუსული კვალის შემოტანით უკრაინელი საზოგადოების ანტირუსული განწყობით მანიპულირებას ცდილობს. როგორც კი მას შეუტევენ კორუფციის ან სხვა რეალური მიზეზის გამო, აცხადებს, რუსეთი ცდილობს უკრაინაში ვითარების არევას და ვინც ახლა ჩემს წინააღმდეგ გამოდის, ის პუტინის წისქვილზე ასხამს წყალსო. თუ პოლიტიკური ოპონენტების დევნას იწყებ, უკრაინაში დღეს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აუცილებლად რუსული კვალი როგორმე უნდა გამოაჩინო. თუმცა სააკაშვილი და რუსული სცენარი ძალიან არადამაჯერებელია, მით უფრო დასავლეთში არავინ დაიჯერებს, რომ სააკაშვილი პუტინთან თანამშრომლობს კრემლთან, თუმცა ის, რომ რუსეთი მის ფაქტორს იყენებდეს და ირიბად მის წახალისებას ცდილობდეს, ამაში არაფერია გასაკვირი. მათი ამოცანა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა კი არ არის, არამედ დესტაბილიზაცია, თორემ სააკაშვილი კრემლისთვის კიდევ უფრო მიუღებელია, ვიდრე პოროშენკო. პოროშენკოსთან, როგორც კორუმპირებულ მმართველთან, გარიგება ყოველთვის შეუძლიათ. სააკაშვილს რომც გაურიგდნენ, მშვენივრად იციან, რომ მისი ნდობა არ შეიძლება, რადგან დიდი ალბათობით, რაღაც ეტაპზე გადააგდებს", - მიიჩნევს ხუხაშვილი.

"პოროშენკოს ხელისუფლებას არანაირი პერსპექტივა არა აქვს, მან დაკარგა ყოველგვარი შანსი გაატაროს უკრაინისთვის საჭირო რეფორმები. სისტემურად მისი ხელისუფლება დასრულებულია, დანარჩენი დროის ამბავია, თუ როდის დაიწყება კრიზისი, რაც გარდაუვალია. ამ გაგებით პოროშენკოს დღეები დათვლილია, არ ვგულისხმობ კალენდარულ დღეებს. ეს იცის სააკაშვილმა და ამიტომაც მიდის ასეთ რისკებზე. იცის, რომ როგორც კი ამ ხელისუფლებას წერტილი დაესმება, ის ათმაგად გაძლიერებული გამოვა ამ თამაშიდან. მას არ შეუძლია სტაბილური პოლიტიკური თამაში. ის არის ექსტრემალური ტიპის, შეიძლება ითქვას, კრიზისის პოლიტიკოსი. მოკლედ, რაც იცის, იმას აკეთებს. ბრალდებებიდან გამომდინარე, თითქოს მისი ექსტრადიციისკენ გზა მოიჭრა, თუმცა არაფერია გამორიცხული. თუ ეს მოხდა, პირადად მე არ ველოდები აპოკალიფსურ მოვლენებს. თუმცა მისი აქ ჩამოსვლა გარკვეული დესტაბილიზაციის ფაქტორი მაინც იქნება. მოქალაქეობის არმქონე და სადღაც მოხეტიალე სააკაშვილი პოლიტიკურად ბევრად კომფორტულია ხელისუფლებისთვის, ვიდრე თუნდაც ქართულ ციხეში. რეალურად, არც საქართველოს ხელისუფლებას და არც ჩვენ აქ არაფერში გვჭირდება მიხეილ სააკაშვილი არც ციხეში და არც გარეთ", - თვლის რესპონდენტი.

"... რაც შეეხება მოზარდების სისასტიკეს, უპირველესად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და აქვე ვიტყვი, რომ დანაშაული არასრულწლოვანთა შორის ყოველთვის იყო განსაკუთრებული რისკის ზონაში და ამას აქვს თავისი მიზეზები, უპირველესად კი მოქალაქეობრივ-აღმზრდელობითი სისტემის არარსებობა. ის, რომ თანატოლების მკვლელობის შემდეგ დანაშაულის თვითმხილველი მოზარდები არ თანამშრომლობდნენ სამართალდამცავებთან, ცხადყოფს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაოდენ არასწორად არის ჩამოყალიბებული მოქალაქეობრივი აზროვნება. თინეიჯერული დანაშაულის რომანტიზმის საბურველში გახვევა, არჩაშვების, ე.წ. ომერტას პრინციპის გამოყენება და ამით ვაჟკაცობის დამტკიცება, არ არის მხოლოდ ჩვენი დროის პრობლემა, წლებია ეს პრობლემები არსებობს და სამწუხაროდ, არც სახელმწიფო და არც საზოგადოება ამის აღმოფხვრაზე არ ზრუნავენ. ამ ყველაფერს რომანტიზმის საბურველი უნდა ჩამოეხსნას. მოზარდი, რომელიც დანით დადის, გარდა იმისა, რომ ამით ლიდერად დამკვიდრებას ახერხებს, მის გარშემო არსებული მიკროსამყაროს აღტაცებითაც სარგებლობს. აი, ამ მიკროსამყაროშია შესაცვლელი ვითარება", - დაასკვნის ექსპერტი.

"თუ ფაქიზი მიდგომით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეფექტიანად ვიმოქმედებთ, ვფიქრობ, მოხერხდება ამ მიკროსამყაროს შეცვლით მოზარდების დანაშაულის მნიშვნელოვანწილად პრევენციაც. ბავშვმა ადრეული ასაკიდან უნდა იცოდეს, რომ დანაშაულზე უპირველესი რეაგირება შეტყობინების გაგზავნაა; რომ სამართალდამცავებთან თანამშრომლობა სირცხვილი კი არა, აუცილებლობაა. ეს ევროპულ ქვეყნებში საათივით მუშაობს. ამის მიღწევას ვაშლებზე ლაპარაკი კი არ უნდა, არამედ საგანმანათლებლო სისტემაში სწორი სტრატეგიის შემუშავება. უმნიშვნელოვანესია ოჯახის როლი. ვიცი მამები, რომლებიც საკუთარი ხულიგნობის ამბებს შვილებს რა სიამაყით უყვებიან. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ძალადობისკენ თვითონ უბიძგებენ შვილებს. აი, ეს მენტალიტეტია შესაცვლელი. სამწუხაროდ, ეს უცებ არ მოხდება, მაგრამ თუ ყველა ერთად შევეცდებით, მაშინ ამის დაძლევას შევძლებთ!", - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - /;აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, რომ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი უნდა გამოცხადდეს, უკიდურესად მწვავე რეაქცია გამოიწვია მუსლიმანურ სამყაროში...?" - პასუხობს:

"ტრამპის ეს გადაწყვეტილება აჩენს ძალიან დიდ ტაქტიკურ რისკებს, რაც პირველივე დღეებში გამოჩნდა, როდესაც მთელი მუსლიმანური სამყარო ყალყზე დადგა. არა მგონია, რომ ამერიკელები ასეთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად იღებდნენ. ვფიქრობ, მათ აქვთ სტრატეგიული გეგმა და ახლა რაღაც გამბიტს ათამაშებენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მრავალსვლიანი თამაში იქნება, რომელიც წარმატებით ".

"ამ თამაშში საქართველოს ადგილს მაინცდამაინც ვერ ვხედავ, უპირველესად იმიტომ, რომ არ ვიცით, ეს რა თამაშია. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა გავყვეთ იმ პოზიციებს, რასაც გამოხატავს ევროპა. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც ძალიან მოზომილი და სწორი იყო. ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ავდგეთ და აშშ-ის მერე პირველებმა მივიღოთ აღიარების გადაწყვეტილება. ამას ვამბობ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მიუხედავად ჩემი ემოციური დამოკიდებულებისა. რა დასამალია, ჩემი ოცნებაა, რომ იერუსალიმი მართლაც გამოცხადდეს ისრაელის დედაქალაქად. სააკაშვილზე ვლაპარაკობდით და, ძალიან გაგვიმართლა, რომ ის არ არის ახლა საქართველოს პრეზიდენტი, თორემ ტრამპის განცხადებას პირველი ის დაუჭერდა მხარს... თუ მაინცდამაინც უნდა ვაღიაროთ, ალბათ, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, თუ აღიარება მასშტაბური იქნება. ტრამპის გადაწყვეტილება სიმბოლური განაცხადია და ამით რეალურად ბევრი არაფერი იცვლება, მაგრამ საქმე ის არის, რომ სამყაროში ყველაზე სასტიკი მსოფლმხედველობრივი ომებია. იერუსალიმისთვის ბრძოლა სწორედ ასეთი ბრძოლაა, რომელშიც რაციო არ ერთვება და მხოლოდ შიშველი ემოციები მართავს ყველაფერს. ამიტომაც ასეთ მსოფლმხედველობრივ შეტაკებაში ჩართვა ძალიან სახიფათოა", - განმარტავს გია ხუხაშვილი.

ორაზროვანი ტექსტები სახელმძღვანელოებში, რომლებიც ბავშვმა შეიძლება "სხვანაირად გაიგოს"?!

"სკოლის სახელმძღვანელოებში საკმაოდ ბევრი ხარვეზიანი ტექსტი თუ დავალებაა, რომლებიც პრობლემებს გენდერული, ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი თვალსაზრისით ქმნიან. ამასთან, როგორც განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე აღნიშნავს, სკოლები კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობას განიცდიან, რაც კიდევ უფრო სარისკოს ხდის სკოლებში ორაზროვანი ტექსტების სწავლებას, რაც ასე უხვად არის სასკოლო პროგრამაში. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა მეორე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში შეტანილ ერთ-ერთ ლექსს, რომელიც პოეტ ცირა ქიტიაშვილს ეკუთვნის", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ორაზროვანი ტექსტები სახელმძღვანელოებში, რომლებიც ბავშვმა შეიძლება "სხვანაირად გაიგოს"

"ამ ლექსის ნაწყვეტი ერთ-ერთმა მშობელმა სატელევიზიო გადაცემაში წაიკითხა, მისი თქმით, მის მეორე კლასელ შვილს ჰქონდა დავალება ცირა ქიტიაშვილის ლექსის -
"თუნდ იყოს ასჯერ ნაცემი, ბიჭი არ არის გამცემი,
ბიჭობა სასურველია, ბიჭობა სანატრელია,
მისგან დიდ საქმეს ელიან, ეს ნათქვამი კი ძველია,
ბიჭობა ძალზე ძნელია".
"შემდეგ არის კითხვები, რომელზეც ბავშვმა უნდა უპასუხოს წერილობით - ლექსის მიხედვით, რას ნიშნავს ბიჭობა? შესწავლილი ნაწარმოებებიდან დაასახელეთ "ნამდვილი ბიჭები" და დაასაბუთეთ მათი ბიჭობა, რატომ არის ძნელი ბიჭობა? რა მოეთხოვება ბიჭს და რატომ არის ბიჭობა სანატრელი? ანუ მე უნდა დავმჯდარიყავი და ჩემი გოგო შვილისთვის ამეხსნა მისი მეორეხარისხოვანი როლი ბიჭებთან შედარებით. ასევე მეთქვა, რომ ბიჭი, რომელიც ენას მიუტანდა მასწავლებელს, არ იქნებოდა ნამდვილი ბიჭი. მე ეს ლექსი ჩემს შვილს არ ვასწავლე. მესმის, რომ ეს არის 2011 წლის გრიფირებული სახელმძღვანელო, მაგრამ განათლების სამინისტრომ უნდა გადახედოს ასეთ გაპარულ ხარვეზებს და გამოასწოროს", - აცხადებს მშობელი. აღნიშნული ლექსის ორაზროვნებაზე დაწყებითი კლასების პედაგოგებიც საუბრობენ. მათი ნაწილი ამ ლექსს საერთოდ არ ასწავლის და მის მაგივრად მოსწავლეებს მასალას დამხმარე ლიტერატურიდან აწვდიან", - აღნიშნავს გამოცემა.

"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძე აღნიშნავს, რომ დღეს სკოლის უმთავრესი პრობლემა კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობა უფროა, ვიდრე სახელმძღვანელოებში არსებული ხარვეზები. "როცა მასწავლებელი მაღალკვალიფიციურია, სახელმძღვანელოში რაც უნდა პრობლემური ტექსტები იყოს, იგი შეძლებს ამ ნაწარმოებების სასარგებლოდ გამოყენებას. როცა ვაღიარებთ, რომ ჩვენ გვაქვს კვალიფიციური პედაგოგების პრობლემა, მაშინ ასეთი ტიპის ტექსტები, რომელთაც, შესაძლებელია, ორაზროვანი გაგება ჰქონდეთ, სარისკოა. "... ასჯერ ნაცემი, ბიჭი არ არის გამცემი" - ეს სამშობლოს ერთგულებასა და გმირობას უკავშირდება, თუ "ჩაშვების" ინსტიტუტსა და ენის არმიტანას, ამის ინტერპრეტაცია შესაძლებელია. საზოგადოებამ აქ "ჩაშვების" ინსტიტუტს გაუსვა ხაზი. რა თქმა უნდა, ავტორს ეს იდეა არ აქვს გადმოცემული, თუმცა ასეთი ინტერპრეტაციის საფრთხე არსებობს", - მიიჩნევს შალვა ტაბატაძე, რომლის თქმით, "არის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა - ტექსტი დაუბალანსებელია გენდერული თვალსაზრისით", - განაგრძობს გამოცემა.

"მათ შორისა კითხვები, რომლებიც მოსდევს ამ ლექსს. ასეთი ტიპის ლექსები მეორე კლასის მოსწავლეებისთვის, მით უმეტეს, იმ დავალებებით, რაც მას მოჰყვება, ვფიქრობ, სჯობს, არ იყოს. აღსანიშნავია, რომ აქ საუბარი არ არის, რამდენად ღირებულია ეს ლექსი და რა იდეა ჩადო მასში ავტორმა. საუბარია, რომ ეს ლექსი იძლევა ძალიან ცუდი ინტერპრეტაციის საშუალებას, ჩვენი მასწავლებლების პირობებში კი არავინ იცის, როგორი იქნება ეს ინტერპრეტაცია", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას განათლების ექსპერტი შეკითხვაზე - "რამდენად ხშირია სახელმძღვანელოებში ასეთი ტიპის ორაზროვანი ტექსტების გაპარვა და, ზოგადად, შეცდომები?" - პასუხობს:

"სახელმძღვანელოებში საკმაოდ ბევრი ხარვეზიანი ტექსტი თუ დავალებაა, რომლებიც სხვადასხვა თვალსაზრისით ქმნიან პრობლემებს, მათ შორის გენდერული, ეთნიკური, რელიგიური და ა.შ. ეს კი გრიფირების იმ სისტემიდან გამომდინარეობს, რომელიც განათლების სამინისტროს აქვს. როცა ავტორებს სახელმძღვანელოების შესადგენად 3-4-თვიანი ვადა აქვთ, წარმოუდგენელია, შეიქმნას ხარისხიანი სახელმძღვანელო. ამასთან, გრიფირების პროცესში არიან ისეთი ადამიანები, რომელთა კვალიფიკაცია ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ერთობლიობაში კი ეს ყველაფერი იმას იწვევს, რასაც ვხედავთ".

"რეზონანსი" დაინტერესდა, რამდენად ახდენს ასეთი ტიპის ტექსტები გავლენას მოსწავლეების ცნობიერებაზე და არის თუ არა სკოლის ბრალი თუნდაც ის ფაქტი, რომ მოზარდების უმეტესობა უარს ამბობს სამართალდამცავებთან კომუნიკაციაზე. ამის დასტურად კი ისიც საკმარისია, ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების დაპირისპირების შედეგად მომხდარი ტრაგედია გავიხსენოთ, როდესაც შს მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 150 დაკითხულიდან, რომელთა უმრავლესობა მოსწავლე იყო, უწყებასთან თანამშრომლობის სურვილი ძალიან მცირე რაოდენობამ გამოთქვა. ამასთან დაკავშირებით განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე აცხადებს, რომ სამართალდამცავებისადმი ნდობის არქონაში სკოლის დადანაშაულება დაუშვებელია", - წერს სტატიის ავტორი.

"ნდობა რომ არ არსებობს, ამაში მხოლოდ სკოლას ვერ დავადანაშაულებ. მესმის, რომ სკოლა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსწავლეთა ღირებულებების ჩამოყალიბებაში, მაგრამ ის, რომ სამართალდამცავებთან თანამშრომლობა "ჩაშვებაა", არის პრობლემის ძალიან მცირე ნაწილი. რეალურად, სკოლასთან ერთად პრობლემა არის თავად საგამოძიებო უწყებებში, პროკურატურაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში ნდობას არ იწვევს და სადამსჯელო ინსტრუმენტად არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სწორედ ამის გამო არ აქვთ ნდობა ახალგაზრდებს. მხოლოდ სკოლის დადანაშაულება ამ საკითხში არასწორია"", - დაასკვნის შალვა ტაბატაძე.

გახდება თუ არა სასამართლო დავის საფუძველი იაშვილის კლინიკაში პაციენტის "გაწეწვის" ახალი მეთოდი?!

სამედიცინო სფეროში ფინანსური მანიპულაციები რომ სიახლეს არ წარმოადგენს, ეს არც ისე დიდი ხნის წინ დაადასტურა პარლამენტის წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ, რომლის განცხადებითაც, საყოველთაო ჯანდაცვა საავადმყოფოებისთვის გამდიდრების წყაროდ იქცა. ამ განცხადებიდან ცოტა ხანში სახელმწიფო დაზღვევის პირობები შეიცვალა კიდეც, თუმცა, ჩნდება ეჭვი, კლინიკებმა ახალი ფინანსური სქემები შექმნეს - პაციენტებს ისეთი სტანდარტებით უთვლიან მკურნალობის ხარჯებს, რომ გამოუვალ მდგომარეობაში აგდებენ და აიძულებენ, ფინანსური დახმარებისთვის მიმართონ სახელმწიფო ორგანოებს. სავარაუდოდ, ამ მეთოდს კლინიკები იმ სახელმწიფო სახსრების კომპენსაციისთვის იყენებენ, რომელიც მათ სახელმწიფო დაზღვევის პირობების შეცვლის შედეგად ჩამოაკლდათ. ორი თვის წინ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის მოადგილე ლია იაკობაშვილი სამედიცინო დაწესებულების მიერ ფინანსური მანიპულაციების ეპიცენტრში აღმოჩნდა და დეტალებზე თავად გვიყვება", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით პაციენტის "გაწეწვის" ახალი მეთოდი?! / როგორ დაუანგარიშა იაშვილის კლინიკამ 16 წლის მოზარდს სამდღიან სამედიცინო მომსახურებაში 1785 ლარი / "რატომ ითხოვს იაშვილის კლინიკა გასამმაგებულ თანხებს პაციენტის მკურნალობაში და რომელი სტანდარტით დგინდება მოგების ასეთი მარჟა? ეს არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სტანდარტი?!"

"2017 წლის 25 სექტემბერს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის დედათა და ბავშვთა ცენტრიდან თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 16 წლის ნანა ეშმაკურაშვილი გადმოიყვანა. მოზარდი თავბრუსხვევასა და წონასწორობის დაკარგვას უჩიოდა. ნანას ბებიას კლინიკის მისაღებშივე სთხოვეს შეხვედრა მენეჯერთან, რომელმაც აუხსნა, რომ პაციენტს 3-4 დღე დააკვირდებოდნენ, ჩაუტარებდნენ მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას და ამ სამედიცინო პროცედურების ღირებულება 645 ლარი იქნებოდა. შეშინებული ბებია, რომელიც ნანიკოსთან ერთად უდედოდ დარჩენილ კიდევ ორ შვილიშვილს ზრდის, დათანხმდა, მით უმეტეს, აუხსნეს, რომ მოზარდს, შესაძლოა, სიმსივნური დაავადება ჰქონდა და თავბრუსხვევაც ამით ყოფილიყო გამოწვეული. ნანას იქვე სისხლის ანალიზი გაუკეთეს - ეს იყო ერთადერთი პროცედურა, რომელიც მას სამი დღის განმავლობაში ჩაუტარდა. მეორე დილით ბებია მენეჯერმა დაიბარა, გადასცა ე.წ. ფორმა N 100 და გამოუცხადა, რომ 1785 ლარი და 60 თეთრი უნდა გადაეხადა. პაციენტის პატრონს მისცეს შესაბამისი ანგარიშფაქტურაც (N5180) და კალკულაცია, რომელიც მოიცავდა მხოლოდ 25-26 სექტემბრის ხარჯებს და არ იყო მითითებული, რაში რა დაიხარჯა იმ ორ დღეში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის მოადგილე ლია იაკობაშვილი.

"შეშფოთებულმა ბებიამ იკითხა, წინა საღამოს მისაღებში მენეჯერმა ხომ 645 ლარი მითხრა, ახლა რა შეიცვალა ან ამდენი­ ფული საიდან უნდა მოვიტანოო, რაზეც მენე­ჯერმა ცინიკურად უპასუხა: რა პრობ­ლემაა?! თუ არა გაქვთ, მიდექ-მოდექით, მიაკითხეთ სახელმწიფო უწყებებს და დაგაფინანსებენო. ამ საუბარს ბავშვიც შეესწრო და, ნერვიულობისგან აკანკალებული, ბებიას ბოდიშს უხდიდა, ასეთ მძიმე მდგომარეობაში რომ ჩააგდო. კლინიკამ ფაქტობრივად გასამმაგებული თანხა რატომ მოითხოვა, სწორედ ამის გარკვევას ვითხოვ უკვე ორ თვეზე მეტია და კლინიკისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე. ეშმაკურაშვილების ოჯახს 2008 წლიდან ვიცნობ. ისინი ე.წ. საზღვრისპირა სოფელ ფხვენისში ცხოვრობენ. "აგვისტოს ომის" დროს კი, დევნილობისას, ჰოლდინგ "პალიტრამედიის" გვერდით, სხვა დევნილებთან ერთად, სკოლის შენობაში დააბინავეს. მაშინ ჩვენი სამსახური შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა დევნილებს, მათ შორის, ეშმაკურაშვილების ოჯახს. სწორედ მას შემდეგ მოქალაქეობრივ ვალად მივიჩნევ მათ გვერდით დგომას. მით უმეტეს, რომ ეშმაკურაშვილების ოჯახის ერთ-ერთი ბავშვის ნათლიაც ვარ. ნანას ბებიამ იაშვილის კლინიკაში მისვლიდან მეორე დღეს შეშფოთებულმა დამირეკა, თბილისში ვართ, ნანიკო საავადმყოფოში დავაწვინეო...", - განაგრძობს ლია იაკობაშვილი.

"სასწრაფოდ კლინიკაში მივედი და პირველი, რამაც გამაოცა, მოუწესრიგებელი პალატა იყო, მაგიდას ცალი ფეხი მომტვრეული ჰქონდა და რომ არ წაქცეულიყო, ცალი კუთხით წყლის ნიჟარაზე იყო შემოდებული. არ ველოდი კლინიკას ასეთი მოუწესრიგებელი პალატა თუ ექნებოდა. ნანას გვერდით მძიმედ დაავადებული ჩვილი იწვა და შუაში ფარდა ჰქონდათ ჩამოფარებული. ერთი სიტყვით, 90-იანი წლები გამახსენდა... ჩემი პალატაში ყოფნისას ექთანი შემოვიდა და კითხვაზე, რა სამედიცინო დახმარებას უწევდნენ პაციენტს, მიპასუხა, "დიაზეპამს" ვასმევთო. გამიკვირდა, - ნანას არასდროს ჰქონია ძილის პრობლემა, არც არასდროს დასჭირვებია დასამშვიდებელი პრეპარატები-მეთქი, რაზეც ექთანმა ნერვიულად მიპასუხა, უფრო კარგად რომ დაიძინოს, "დიაზეპამის" მიღება აუცილებელიაო. მოგვიანებით დავუკავშირდი ნანას მკურნალ ექიმს, თამარ აფრასიძეს, რათა აეხსნა პაციენტის მდგომარეობა. მითხრა, რომ ნანას ზოგადი დანიშნულების სამი დასახელების წამალს ასმევენ. რაც შეეხება დიაგნოზს, მხოლოდ მას შემდეგ გახდებოდა ნათელი, რაც ნანას მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას გაუკეთებდნენ. პირველი კითხვა მაშინ გამიჩნდა, როდესაც ექიმმა მითხრა, სამი სახეობის წამალს ვასმევთო, არადა, მოზარდისთვის "დიაზეპამის" მეტი არაფერი მიუციათ; მეტიც, დაწოლიდან მეორე დღესვე ნანიკოს ბებიას მოსთხოვეს წამლის - "დიაგრამის" ყიდვა. ბუნებრივია, ბებიამ წამალი კლინიკაში მიიტანა და ექიმის მითითებით პაციენტმა ერთხელ დალია", - აღნიშნავს რედაქტორი.

"დაწოლიდან მხოლოდ მესამე დღის ბოლოს გადაიყვანეს მოზარდი მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევისთვის სხვა კლინიკაში და ტრანსპორტირების 60 ლარი ბებიას გადაახდევინეს. მან ითხოვა, ბავშვს თავად წავიყვანო, რადგან 60 ლარი მისთვის არცთუ პატარა თანხაა, მაგრამ კატეგორიულად განუცხადეს, რომ მათ უნდა უზრუნველეყოთ ტრანსპორტირება. საბედნიეროდ, ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მოზარდს სიმსივნური არაფერი აქვს და ამის რისკიც კი არ არსებობს. მეოთხე დღეს, შუადღისას, ნანიკო იმავე დიაგნოზით გაწერეს, რაც კლინიკაში დაწოლის პიველსავე დღეს დაუსვეს და ბებიას კიდევ ერთხელ შეახსენეს 1785 ლარის გადახდა. ვითარების გასარკვევად იაშვილის კლინიკის პიარსამსახურის ხელმძღვანელს, თამარ ჩეჩელაშვილს დავურეკე და ვთხოვე, მოეწოდებინა ხარჯთაღრიცხვა, თუ როგორ დაიანგარიშა კლინიკამ 1785 ლარი და რა სამედიცინო მანიპულაციები ჩაუტარდა სამი დღის განმავლობაში მოზარდს. თამარმა, ვითარებაში გავერკვევი და შეგეხმიანებითო. ორი კვირის მანძილზე რამდენჯერმე დავუკავშირდი, მაგრამ როგორც ამიხსნა, ძალიან დაკავებული იყო - გადაღებებზე დავდივარო(?!), ბოლოს კი ტელეფონსაც აღარ პასუხობდა. ჩემს ზარს მხოლოდ მას შემდეგ უპასუხა, რაც სხვა ნომრით დავუკავშირდი - მითხრა, ელექტრონული ფოსტის მისამართს გამოგიგზავნით და ოფიციალურად, წერილობით მიმართეთ ამ მისამართზე, რომ ხარჯთაღრიცხვა გჭირდებათო. მოლოდინში კიდევ ერთი კვირა გავიდა, მაგრამ ქალბატონ თამარს არანაირი მისამართი არ გამოუგზავნია და მას შემდეგ აღარც სატელეფონო ზარებს უპასუხა", - ამბობს რესპონდენტი

"როდესაც მივხვდი, რომ ტელეფონით პრობლემა არ მოგვარდებოდა, იძულებული გავხდი, კლინიკაში მივსულიყავი და პირადად მენახა ქალბატონი თამარი. ამჯერად მითხრა, რომ ვერაფრით დამეხმარებოდა, რადგან ხარჯთაღრიცხვა შეეძლო მოეწოდებინა მხოლოდ დირექტორის მოადგილე ვანიკო ჩხაიძეს, რომელიც მივლინებით მონტენეგროში იმყოფებოდა. თუმცა დამპირდა, როგორც კი დაბრუნდება, შეგატყობინებთო. იქვე დასძინა, სანამ ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებულ პრობლემას არ გაარკვევთ, გადახდის ვადას შევაჩერებთო. ეს კი ტყუილი დაპირება აღმოჩნდა, რადგან მალევე ნანას ბებიას დაუკავშირდნენ, კატეგორიულად მოსთხოვეს თანხის გადახდა და როგორც ბებია ამბობს, დაემუქრნენ კიდეც - თუ თანხას არ გადაიხდით, თქვენვე დაზარალდებითო. თამართან შეხვედრიდან კიდევ ერთი კვირა გავიდა, არც ამჯერად დამკავშირებია. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში მირჩიეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ოჯახისგან მინდობილობას ავიღებდი და ისე გავაგრძელებდი დავას. იმის გამო, რომ ბავშვს დედა არ ჰყავს, მინდობილობა მამისგან ავიღე, ისევ კლინიკაში მივედი და პირდაპირ ვანიკო ჩხაიძეს მივმართე. როგორც მან მითხრა, აბსოლუტურად არაფერი აკავშირებს ხარჯთაღრიცხვასთან, რადგან დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში და არა ფინანსური მენეჯერი" - ჰყვება ლია იაკობაშვილი.

"არ ვიცი, ეს რას დავაბრალო - პრესსამსახურის უფროსმა არ იცის, ვის რა მოვალეობა აკისრია, თუ ცდილობდა, როგორმე გაეწელა დრო, რომ იქნებ მომბეზრებოდა წინ და უკან სიარული. მოკლედ, ბატონმა ვანიკომ განმიმარტა, კანცელარიაში დაწერეთ განცხადება ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნითო და მეც კანცელარიისკენ გავემართე. რამდენიმე დღის შემდეგ კლინიკიდან დამიკავშირდნენ, შეგიძლიათ ხარჯთაღრიცხვა წაიღოთო, გახარებულმა კლინიკას მივაკითხე, თუმცა ხარჯთაღრიცხვა, რომელიც გადმომცეს, იდენტური იყო იმ ფორმა N 100-ისა, რომელიც ნანიკოს ბებიას საავადმყოფოში მისვლიდან მეორე დღეს გადასცეს, თუმცა ერთი განსხვავებით - ამჯერად მასში დამატებული იყო მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის თანხა - 236 ლარი და 25 თეთრი. ისევ კლინიკაში დავბრუნდი და შევხვდი ფინანსურ მენეჯერს, რომელმაც მშვიდად განმიცხადა, რამდენჯერაც გსურთ, იმდენჯერ დაწერეთ განცხადება, იმ ხარჯთაღრიცხვის გარდა, რაც გადმოგეცით, ჩვენგან ვეღარაფერს მიიღებთო. ორთვიანი ბრძოლა იმით დასრულდა, რომ ვერაფრით მივიღე დაწვრილებითი კალკულაცია, რა მომსახურებაში ითხოვს იაშვილის კლინიკა 1785 ლარს. ეჭვი გამიჩნდა, რომ კლინიკა დასაბუთებულ პასუხს ვერ იძლევა, რადგან რაღაც მანიპულაციასთან გვაქვს საქმე", - აგრძელებს რედაქტორი მოადგილე.

"ყველაფრის თავიდან მოძიება გადავწყვიტე: მივაკითხე გორის დედათა და ბავშვთა ცენტრს, სადაც პირველად მიიყვანეს მოზარდი, გამოვითხოვე ფორმა N100, რომლითაც გადაიგზავნა პაციენტი გორიდან თბილისში. ყოველივე ამის გაცნობამ­არათუ გამიქარწყლა, პირიქით, გამიმძაფრა ეჭვი, რადგან გორის კლინიკის მიერ გაცემული ზუსტად იგივე ფორმა N100, რომლის ასლიც გადმომცეს იაშვილის კლინიკაში, შეუიარაღებელი თვალითაც კი განსხვავდებოდა დედნისგან. იურისტებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად დადასტურდა ეს აშკარა შეუსაბამობა: გორის კლინიკის მიერ გაცემულ ფორმა 100-ში, რომლის ნომერია 5307, მითითებულია ორი დიაგნოზი შესაბამისი კოდით: "ბაქტერიული საკვებისმიერი ინტოქსიკაცია, დაუზუსტებელი - A05,9 (რომელიც ფინანსდება საყოველთაო დაზღვევით) და თავბრუსხვევა, რომელიც სხვაგვარად არ არის დადასტურებული - ღ42". იაშვილის სახელობის კლინიკის მიერ მოცემულ იმავე ფორმა N100-ში, იმავე 5307 ნომრით, მითითებულია მხოლოდ ერთი დიაგნოზი - "თავბრუსხვევა, რომელიც სხვაგვარად არ არის დადასტურებული ღ42~. გარდა ამისა, იაშვილის კლინიკის მიერ წარმოდგენილ ფორმა N100-ში, გრაფაში - დაწესებულების დასახელება, მისამართი, სადაც იგზავნება ცნობა, ხელით არის ჩაწერილი ”იაშვილის სახელობის ბ/კლინიკა”; ხოლო გორიდან გამოთხოვილ იმავე დოკუმენტში ჩაბეჭდილია `ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტო~", - განმარტავს რესპონდენტი.

"პასუხგაუცემელია შეკითხვები: რატომ განსხვავდება ეს ორი დოკუმენტი, რომლებიც აბსოლუტურად იდენტური უნდა იყოს? რატომ არის გამქრალი იაშვილის კლინიკის მიერ წარმოდგენილ ფორმა N100-ში ის დიაგნოზი და კოდი (A05,9), რომელიც საყოველთაო ჯანდაცვით ფინანსდება და დატოვებულია მხოლოდ ის, რომლის ტარიფსაც საავადმყოფო შიდა სტანდარტით ადგენს? სწორედ ამის საფუძველზე ხომ არ წარმოიშვა განსხვავება 645-სა და 1785 ლარს შორის? ამას გარდა, სხვა შეკითხვებიც მრავლადაა: თუ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში თავიდანვე გამორიცხეს ინტოქსიკაცია და ორიენტაცია აიღეს თავის ტვინის პათოლოგიაზე, რატომ არ გადაუღეს პაციენტს ტომოგრაფია კლინიკაში შესვლიდან მოკლე ხანში და ეს დიაგნოსტიკური მანიპულაცია ჩატარდა მხოლოდ სტაციონარში შეყვანიდან მესამე დღეს? რატომ არის კალკულაციაში შეტანილი სხვადასხვა სახის გადასხმების საფასური, როცა იაშვილის სახელობის კლინიკაში პაციენტს არანაირი გადასხმა არ ჩატარებია და ეს, გარდა პაციენტის ბებიის მტკიცებისა, ნათლად ჩანს მორიგე ექიმის ჩანაწერებში, სადაც მითითებულია პაციენტის მიერ მხოლოდ "დიაზეპამისა" და ორი სახეობის წვეთების მიღება. თუმცა, კიდევ ერთხელ დაჟინებით მინდა გავიმეორო, გოგონასთვის "დიაზეპამის" გარდა, არანაირი წამალი არ მიუციათ", - ამბობს ლია იაკობაშვილი.

"დაბოლოს, მთავარი: იაშვილის კლინიკის მიერ გაცემული კალკულაციის მიხედვითაც კი, თავისი გაურკვეველი და დუბლირებული თანხებით, პაციენტზე გაწეული რეალური ხარჯი შეადგენს 708 ლარსა და 42 თეთრს (ამ თანხაში შედის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევაც). მარტივი არითმეტიკით, პაციენტისთვის მოთხოვნილ 1785.6 ლარსა და 708.42 ლარს შორის სხვაობა 1077.18 ლარია. ანუ, სულ რომ ლეგიტიმური იყოს პაციენტისთვის მოთხოვნილი 1785.6 ლარი, რა გამოდის - კლინიკის მოგება 1077.18 ლარია? რომელი სტანდარტით დგინდება მოგების ასეთი მარჟა? ესაა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სტანდარტი? სამწუხაროა, რომ იაშვილის კლინიკაში არ აღმოჩნდა პირი, რომელიც ისურვებდა ამ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხი გაეცა. მეტიც, იცით, რა მითხრა იაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა? ნეტავ პაციენტის შემოსვლისთანავე გეთქვათ, რომ საქმე თქვენთან დაახლოებულ პაციენტთან გვქონდა და სხვაგვარად მოვიქცეოდითო, ანუ თუ შევატყობინებდი, რომ პრესის მუშაკი, კერძოდ, "კვირის პალიტრის" თანამშრომელი ვარ, სხვაგვარად მოიქცეოდნენ? რას ნიშნავს ეს?", - დასძენს ლია იაკობაშვილი და შეკითხვაზე - "როგორც ვიცი, თქვენ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსაც მიმართეთ" - პასუხობს:

"კლინიკის ხელმძღვანელობის უსულგულობა, შემკული ცინიზმით, გახდა სწორედ მიზეზი იმისა, რომ დახმარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის მიმემართა. საქმე ისაა, რომ ნანა ეშმაკურაშვილის ოჯახი, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულია და დღესაც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს, უარს არ ამბობს მკურნალობის თანხის გადახდაზე, მაგრამ ეს გადასახადი მკურნალობის შესაბამისი უნდა იყოს და არ უნდა ტოვებდეს უსამართლობის განცდას, მით უმეტეს, რომ პაციენტი იაშვილის კლინიკიდან ზუსტად იმავე დიაგნოზით გაწერეს, რითიც მიიღეს".

P.შ. "მასალის მომზადებისას კიდევ ერთხელ დავუკავშირდით იაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, თამარ ჩეჩელაშვილს, რომელმაც ამჯერად კითხვების გადაგზავნა გვთხოვა. თხოვნა შევასრულეთ. თამარ ჩეჩელაშვილმა ერთკვირიანი დუმილის შემდეგ ვინმე გიორგის ტელეფონის ნომერი მოგვწერა (თამარს მივწერეთ, ვეკითხებოდით, ამჯერად ვისთან გადაგვამისამართა, თუმცა პასუხი აღარ მოუწერია). თამარის მოწოდებულ ნომერზე რამდენჯერმე დავრეკეთ, თუმცა, გიორგიმ რამდენიმე დღის შემდეგ გვიპასუხა და ახლა მან გვთხოვა შეკითხვების გაგზავნა. გადავუგზავნეთ. პასუხს გაზეთის სტამბაში დასაბეჭდად გაგზავნამდე ველოდით, მაგრამ ამაოდ... ისევ პასუხგაუცემელია კითხვა, როგორ დაიანგარიშა კლინიკამ ნანა ეშმაკურაშვილის სამდღიანი სამედიცინო მომსახურების ხარჯები", - წერს სტატიის ავტორი.

"ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებით, "მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ნანა ეშმაკურაშვილის შემთხვევა იძლევა საავადმყოფოს პერსონალის თუ მენეჯმენტის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველს, რაც კონკრეტული მოკვლევის და შესაძლო სასამართლო დავის საფუძველი შეიძლება გახდეს!" - დასძენს სტატიის ავტორი.

"სახელდობრ, ეს გახლავთ: 1) არასაჭირო - ზედმეტი მომსახურების გაწევა თუ არასაჭირო წამლის გამოწერა პაციენტისათვის - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტის ინტერესებს არ იცავს არც სოციალური მომსახურების სააგენტო (საყოველთაო ჯანდაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში) და არც კერძო სადაზღვევო­ კომპანია. ანუ, როგორც ეშმაკურაშვილის შემთხვევაში, პაციენტი არ იყო კერძოდ დაზღვეული და ამ კონკრეტულ მომსახურებას არ ფარავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. 2) ჯანდაცვის სექტორში ფასების (მათ შორის წამლებზე) ერთიანი რეგულირების სისტემის არარსებობა, როგორც ეს უმეტეს ქვეყანაში ხდება. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში გაუგებარია, რის საფუძველზე ხდება ამა თუ იმ მომსახურებაზე ფასების განსაზღვრა კერძო მიმწოდებლების მიერ (საუბარია იმ სერვისებზე, რომელიც არ შედის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, სადაც ფასები წინასწარ არის დადგენილი). ეს თავის მხრივ იძლევა სხვადასხვა ფინანსური მანიპულაციების და ზემოგების მიღების შესაძლებლობას, რაც მძიმე ტვირთად აწვება პაციენტის, და ზოგ შემთხვევაში - სახელმწიფოს ჯიბეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდეტთან საუბრისას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.

"შესაბამისად, უნდა დაჩქარდეს მუშაობა ფასების რეგულირების მექანიზმების სრულყოფაზე არა მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, როგორც ახლა ხდება, არამედ მთლიანად სექტორში - ანუ იმ ფასებზეც, რომელსაც კერძო კლინიკები უწესებენ აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე ინდივიდუალურ პაციენტებს, თუ კერძო სადაზღვევო კომპანიებს. ამაზე უკვე მუშაობს სამინისტრო და მოსალოდნელია უახლოესი ერთი წლის-წელიწადნახევრის განმავლობაში კონკრეტული შედეგები; უნდა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც ოჯახის ექიმს მიანიჭებს ცენტრალურ როლს ჩვენი ჯანმრთელობის მართვაში და თავიდან აგვაცილებს ზედმეტ, არასაჭირო და ძვირად ღირებულ გამოკვლევებს თუ მკურნალობას, რომელიც გვაღარიბებს. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ასევე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტროსთვის და იმედი მაქვს კონკრეტული", - დაასკვნის აკაკი ზოიძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
"მთავარია, გქონდეს ფული..." - სამი კაცის დამჭრელის გამოშვების გამო საზოგადოებაში აღშფოთება არ ცხრება

სწორია თუ არა სასამართლო, როცა 3 კაცის დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გამოუშვა?

ახალი ომის კერა ჩვენს საზღვრებთან - ერდოღანი სირიელ ქურთებს იერიშით ემუქრება
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში
ხათუნა ლაგაზიძე - "2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია"

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია" - საიას ხელმძღვანელი

ლადო პაპავა - "ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან..."