არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2017
სანდრო თვალჭრელიძე - "კმარა ევროკავშირისა თუ იბიარდის გრანტების შემყურედ ცხოვრება"

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, შესაძლოა, "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადოს

რაში დასჭირდა სააკაშვილს პოროშენკოსთან შერიგება
                                                             * * *

სანდრო თვალჭრელიძე - "კმარა ევროკავშირისა თუ იბიარდის გრანტების შემყურედ ცხოვრება"

"2017 წელი აუცილებლად შევა ქვეყნის ისტორიაში უმთავრესი მიღწევით - ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებით. საინტერესოა, რომ უვიზო მიმოსვლის შემდეგ ძალიან ცოტა საქართველოს მოქალაქე დარჩა ევროპაში არალეგალურად, რაც ასევე მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, მე ამას ვვარაუდობდი, როცა ვამბობდი, რომ ვისაც წასვლა და იქ დარჩენა უნდოდა, უკვე წასული იყო. რაც შეეხება ნაკლოვანებებს, სამწუხაროდ, ეს კვლავაც ბევრია. ერთ-ერთია დაუხვეწავი კანონმდებლობა, მათ შორის - სისხლის სამართლის კანონმდებლობაც, თუმცა უმთავრესი პრობლემა მაინც ეკონომიკა და ამ სფეროს არასწორი თუ არასათანადო მართვაა", - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "კმარა ევროკავშირისა თუ იბიარდის გრანტების შემყურედ ცხოვრება" / "იყო დრო, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოში საუკეთესო 400 უნივერსიტეტს შორის იხსენიებოდა, ახლა 5 000-შიც ძლივს შევდივართ. ეს სამარცხვინოა..." / "ისიც უნდა ითქვას, რომ მოქმედი მინისტრის კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა უხერხულია" / "ამგვარი ცვლილებები ძალიან დააზარალებს მედიასივრცეს. გაუგებარია, ისედაც მწირი სარეკლამო ბაზრის წილი რატომ უნდა გაუნაწილდეს "საზმაუწყებელს", რომელსაც 50-მილიონიანი დაფინანსება აქვს..."

"ამიტომაც ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი ძალიან ნელია, 4-5%-ით ვამაყობთ, როცა 30% მაინც უნდა იყოს... ქვეყნის ეკონომიკური ზრდა თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა, სამუდამოდ ღარიბ ქვეყნად დავრჩებით. სტაგნაცია თვალსაჩინოა და საიმედო ბევრი არაფერი ჩანს. კარგია, რომ ქვეყანაში ტურიზმი ვითარდება და საქართველოში ქვეყნის მოსახლეობაზე ორჯერ მეტი სტუმარი ჩამოდის, მაგრამ მარტო ტურიზმითა და სოფლის მეურნეობით ფონს ვერ გავალთ. დააკვირდით საბერძნეთს - ტრადიციულად ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ქვეყანაა, მაგრამ იქ მასშტაბური კრიზისია; ნახეთ პორტუგალია თუ ესპანეთი - სადაც მრეწველობა არ ვითარდება, ყველგან ეკონომიკური პრობლემებია. არადა, საქართველო საბჭოთა კავშირის დროს, ეკონომიკური და სამრეწველო თვალსაზრისით, ერთ-ერთი განვითარებული რესპუბლიკა იყო. ჩვენთან ნოვატორული ტექნოლოგიები იყო დანერგილი, მაგალითად, სტაბილური იზოტოპებით ლამის მთელ მსოფლიოს ვამარაგებდით. საქართველოში ფუნქციონირებდა ქარხანა "მიკროძრავა", ახლა კი ბაზარი სავსეა ჩინური ელექტროძრავებით. თუ გვინდა, ევროპის ღარიბი მეზობლები ვიყოთ, ასე უნდა გავაგრძელოთ, თუ გვაქვს ღირსება და გვინდა, ევროპული ოჯახის თავმოყვარე წევრებად ვიქცეთ, მაშინ ეკონომიკურად უნდა განვვითარდეთ. კმარა ევროკავშირის, იბიარდისა თუ მსოფლიო ბანკის გრანტების შემყურედ ცხოვრება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

"სახელმწიფოს მართვა ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი პრობლემა იყო და არის კვლავაც. არ შეიძლება იყო პერმანენტული რეორგანიზაციის პროცესში. უნდა გქონდეს სტრატეგიული გეგმა, მიზანი და წარმოდგენა მაინც მისი განხორციელების გზებზე. სწორედ აქედან უნდა აიგოს მთავრობის სტრუქტურა. პერმანენტული რეორგანიზაცია კი მიანიშნებს, რომ ჩვენ მიზანიც კი არ გვაქვს კარგად განსაზღვრული. რეორგანიზაციით კი არ უნდა ფასობდეს მთავრობა, არამედ მიღწეული შედეგებით... სამ თვეში გამოჩნდება, რა შედეგებს­ მოიტანს ეს ცვლილებები და სერიოზული ანალიზიც მაგ დროით გადავდოთ. ერთადერთი, რასაც მინდა შევეხო, განათლებისა და მეცნიერების სფეროს უმძიმესი მდგომარეობაა. იყო დრო, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოში საუკეთესო 400 უნივერსიტეტს შორის იხსენიებოდა, ახლა 5 000-შიც ძლივს შევდივართ. ეს სამარცხვინოა. განათლება ჩვენი უდიდესი პრობლემაა. ვნახოთ, ბატონი მიხეილ ჩხენკელი რას იზამს. მე მას დიდ პატივს ვცემ, როგორც ძალიან კარგ მეცნიერს, მაგრამ ასეთი უვარგისი კანონმდებლობის პირობებში რას გახდება, არ ვიცი... მე წარმატებას ვუსურვებ!" - განაგრძობს რესპონდენტი.

"თვითმმართველობის არჩევნების წინ მე ვამბობდი, რომ ეს ყველაზე უინტერესო არჩევნები იქნებოდა, რომელშიც ძალიან ცოტა ამომრჩეველი მიიღებდა მონაწილეობას. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეს ნათქვამი ახდა... ამ არჩევნებმა კვლავაც აჩვენა, რომ რომელიმე პარტიას კი არ ვაძლევთ ხმას, არამედ რომელიღაც პარტიის წინააღმდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას. "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვა, რომ უკეთესი არავინ იყო... რომ გამოჩნდეს ახალი ადამიანი, რომელსაც ექნება სუფთა წარსული და საარჩევნო ფული, ის მოახერხებს ძლიერი პარტიის შექმნასაც და არჩევნების მოგებასაც, ახლანდელ პოლიტიკურ სპექტრში კი "ქართული ოცნება" უალტერნატივოა... რაც თბილისის არჩევნებს, გულახდილად გეტყვით, მე კალაძისთვის ხმა არ მიმიცია, რადგან მიმაჩნია, რომ თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს, თუმცა ვხედავ მის ძალისხმევას, შეცვალოს რაღაც დედაქალაქში", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ცხადია, კალაძეს აქვს უფრო დიდი გეგმები, რაც მერობას სცდება და ძალიან კარგად ესმის პიარის ძალა, მაგრამ არის ძალიან ბევრი პრობლემა ქალაქში, რაც მან არ იცის. ეს არის გეოდინამიკური უსაფრთხოება. ქალაქის ცენტრი - რუსთაველის გამზირი, ძველი ქალაქი, კალა - პირდაპირ ფუღუროზე ზის. გრუნტის წყლებმა ამორეცხა ეს ტერიტორია. როცა ვანო ზოდელავასთან მივედით გეოლოგების ჯგუფი და, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ შევთავაზეთ გეოფიზიკური სკრინინგი, მხარდაჭერა ვერ მივიღეთ, არადა, ეს არის მიწისქვეშა შრეების ტომოგრაფია - 50 მეტრამდე სიღრმის შრე-შრე შესწავლა შესაძლებელია.... გრუნტისა და სანიაღვრე წყლებს, რომლებიც ძველ ქალაქში იღვრება, მართვა სჭირდება. თბილისის ერთ-ერთი მერი სახლში იჯდა, დეტექტივებს კითხულობდა და ტელეფონით გასცემდა ბრძანებებს... უკვე ჩანს, რომ კალაძე მას არ დაემსგავსება", - თვლის ექსპერტი.

"პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და გია გაჩეჩილაძეს შორის ტენდერებთან დაკავშირებით საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებებს მე დაპირისპირებას არ დავარქმევდი. ვფიქრობ, სხვადასხვა წონით კატეგორიაში არიან "უცნობი" და გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც ერთხელ უპასუხა და მასთან საჯარო პოლემიკა დაამთავრა. კონკრეტულად რა ხდება გია გაჩეჩილაძის სიძის კომპანიასთან დაკავშირებით, არ ვიცი. ვფიქრობ, ტენდერებში იქნება შეცდომებიც და მიზანმიმართული გადაცდომებიც, თუმცა მეეჭვება, ამაში ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იყოს გარეული... როგორც გაირკვა, გაჩეჩილაძის სიძის კომპანია "სიტროენ ჯორჯია" ახალი შექმნილია და ტენდერში მონაწილე ერთ კომპანიას კი არა, ყველას უჩივის, არადა, შესყიდვების სააგენტოს განცხადება წავიკითხე, რომლის მიხედვით მას სამი ტენდერი ჰქონდა მოგებული და ვერც ერთს თავი ვერ გაართვა. დეტალების გარკვევა რთულია, იმედია, სასამართლო მალე დაადგენს ყველაფერს", - მიიჩნევს თვალჭრელიძე.

"სიმართლე გითხრათ, ფორმა, როგორც ეს პროცესი წარიმართა, არ მომწონს. ბიზნესმენებმა მშვენივრად იციან, რომ შავი პიარით და სატელევიზიო განცხადებებით სამართალი არ იპოვება. ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო პირადი მიმოწერის საქვეყნოდ კითხვა... ასევე, ისიც უნდა ითქვას, რომ მოქმედი მინისტრის კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა უხერხულია. სამწუხაროდ, ტენდერები ყველა ხელისუფლების "აქილევსის ქუსლი" იყო და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზულ რყევებს მივიღებთ, განსაკუთრებით რეგიონებში. მთავარი კი ის არის, თუ სახელმწიფო გვქვია, კატეგორიულად მიუღებელია, რომ მაღალჩინოსანი ტენდერებზე ახდენდეს გავლენას ან მტყუან-მართალს არკვევდეს. ამისთვის არსებობს სასამართლო", - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - "რას ფიქრობთ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე?" - პასუხობს:

"სააკაშვილს ან დაუმტკიცებენ ბრალს, ან არადა, მას ეროვნულ გმირად აქცევენ. ბრალის დამტკიცება უნდა ემყარებოდეს უაღრესად დამაჯერებელ არგუმენტებს, ისე, რომ კითხვები არ გაჩნდეს, სხვაგვარად, ციხეში რომც ჩასვან, მაინც პოლიტიკურ პატიმრად და გმირად იქცევა, რაც ძალიან ცუდი იქნება უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც. არ გამოვრიცხავ, საფრთხე ემუქრებოდეს მის სიცოცხლეს, რადგან ყველა ვითარებიდან აშკარად გაძლიერებული გამოდის და მისი რეიტინგიც იზრდება. ღმერთმა ნუ ქნას, რადგან ის აუცილებლად იქცევა დესტაბილიზაციის წყაროდ... მეეჭვება, ეს მოხდეს, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკრაინაში აღძრეს და კანონის მიხედვით, იქვე უნდა გაასამართლონ".

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, შესაძლოა, "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადოს

"საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტს, შესაძლოა, ვეტო დაადოს. იგი ამ საკითხით დაინტერესდა და დღეს ტელევიზიების ხელმძღვანელებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლას და პრეზიდენტს თავისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებენ. აზრთა სხვადასხვაობაა თავად უმრავლესობაშიც. აქედან გამომდინარე, ვეტოს დაძლევის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუმცა, ცხარე დებატების მიუხედავად, მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით დაამტკიცა და მიმდინარე კვირაში მესამედაც უყრის კენჭრს, რის შემდეგაც პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად. ამ ცვლილებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება, კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისებაზე, ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის ინოვაციურ განვითარებასა და მაუწყებლობის გარემოს ხელშეწყობაზე მიმართოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პრეზიდენტი კიდევ ერთ ვეტოს ამზადებს / საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამჯერად, შესაძლოა, ვეტოს დაძლევა აღარ მოხდეს.

"გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. ამასთან, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალებისა და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა - 12 წუთს. საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალების დროს. პროექტით, იმიჯნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის სამსახურისა და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და მასვე შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება, მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგინებით იქნება შესაძლებელი. ამასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, უახლოეს მომავალში გამოჩნდება", - აღნიშნავს გამოცემა.

"მას შემდეგ, რაც დოკუმენტი ხელმოსაწერად გადაეგზავნება, მარგველაშვილს საკუთარი პოზიციის გამოსახატად 10-დღიანი ვადა აქვს. მანამდე კი ტელევიზიების ხელმძღვანელებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლას. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძის განცხადებით, "მაუწყებლის შესახებ" კანონში შემავალი ცვლილება ეხება ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს - მედიას, გამოხატვის თავისუფლებასა და ობიექტური მაუწყებლის არსებობის საკითხს - "ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გამოითქვა ბევრი კრიტიკა და შენიშვნა. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, შეხვდეს ყველა იმ მხარეს, ვინც ეს მოსაზრებები გამოთქვეს - მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ჩამოვყალიბდეთ იმ კრიტიკულ, ან ნაკლებად კრიტიკულ ასპექტებზე, რომლებსაც პარლამენტი იხილავს", - განაცხადა ანა დოლიძემ. შეხვედრას, დიდი ალბათობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, ყველა სხვა ტელევიზიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამ კანონპროექტს", - განაგრძობს გამოცემა.

"ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის - ნიკა გვარამიას თქმით, "პირველი არხი" სარეკლამო ბაზარს გააფუჭებს, რაც დიდ ტელევიზიებს ზიანს მიაყენებს, პატარებს კი საერთოდ გააქრობს. ამიტომ იგი პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს. "სარეკლამო ბაზარი ისედაც შავ დღეშია და ახლა კიდევ მაუწყებელი თავის წილს ითხოვს. თან ამ კომპანიამ რატომ უნდა წაიღოს ბაზრის წილი ცალკე, როცა ისედაც ჩვენი ჯიბეებიდან ფინანსდება?! მაშინ აღარ დაფინანსდნენ სახელმწიფოსგან, იყვნენ ჩვენთან კონკურენციაში. მაშინ კი, ბატონო. ამ ტელევიზიის ბიუჯეტი ყველა ტელევიზიის ბიუჯეტზე დიდია, მათ შორის "რუსთავი 2"-ზეც. შესაბამისად, სარეკლამო ბაზარზე დემპინგური ფასებით შემოვლენ. ამ ვითარებაში ეს არის უზარმაზარი დარტყმა კერძო ტელევიზიებისთვის იმიტომ, რომ ჩვენი შემოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბაზარი. რეალურად, ეს არის სირთულეების შექმნა დიდი ტელევიზიებისთვის, პატარა ტელევიზიები კი გაქრებიან, ვეღარ იარსებებენ", - ამბობს გვარამია. მის აზრს იზიარებს "ტვ პირველის" კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან კანონის ინიცირებას ახირებას უწოდებს", - დასძენს გამოცემა.

"ამასთან დაკავშირებით არაერთხელ ვისაუბრე, მათ შორის საკომიტეტო მოსმენის დროს. ტელევიზიამ, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რეკლამების წილი აღარ უნდა აიღოს. მთავარ კონკურენციას გაუწევს პატარა ტელევიზიებს და მათ სარეკლამო წილში ჩაჯდება. თან რეკლამებთან ერთად ითხოვს სასპონსორო უფლებასაც, რაც ყოვლად მიუღებელია. ეს ორი მილიონი, რომელზეც ასე აგდებით და ქილიკით საუბრობენ ხოლმე, ოთხ არხზე რომ განაწილდეს, უამრავი რაღაცის გაკეთება იქნება შესაძლებელი და კიდევ უფრო გადავასწრებთ რეიტინგით საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამიტომ მათი მხრიდან ეს ახირებას უფრო ჰგავს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნანა აბურჯანიძე.

"პრეზიდენტის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოც გამოეხმაურა - "საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო მზად არის პირადად პრეზიდენტს განუმარტოს მაუწყებლის პოზიცია და არგუმენტები... მზად ვართ, დეტალურად ვესაუბროთ ჩვენს პრობლემებზე, გამოწვევებზე... მხოლოდ ასეთი შეხვედრის შემდეგ, თუ ბატონ პრეზიდენტს კიდევ დარჩება კითხვები, მზად ვიქნებით, ვისაუბროთ შეხვედრის სხვა ფორმატზე. მანამდე კი ნებისმიერ შერეულ ფორმატში მონაწილეობა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან, ჩვენი აზრით, ასეთი ფორმატი არ იძლევა საკითხში გარკვევის რეალურ შესაძლებლობას... იმის გამო, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, განზრახ არასწორად განმარტონ კანონის კონკრეტული მუხლები და სრულად დაამახინჯონ კანონის ზოგადი სულისკვეთება, მათთან კამათი მიუღებლად მიგვაჩნია, ჩვენი პრინციპებიდან და მაუწყებლის ინტერესებიდან გამომდინარე... ჩვენ ველოდებით, რომ ბატონი პრეზიდენტი დათანხმდება შეხვედრის ჩვენ მიერ შეთავაზებულ ფორმატს და გულწრფელად შეეცდება, გაერკვეს "პირველი არხის" წინაშე მდგარ გამოწვევებში, რომელთა გადაჭრა საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე შეუძლებელია", - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში", - წერს სტატიის ავტორი.

"იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა ვეტო დაადო, კანონი პარლამენტს უკან დაუბრუნდება, მაგრამ შემდგომ რა ბედი ეწევა, უცნობია. ამ კანონპროექტს მოწინააღმდეგეები ჰყავს თავად საპარლამენტო უმრავლესობაშიც. "ამ კანონპროექტთან დაკავშირებით "ოცნებაში" განსხვავებული მოსაზრებებია, ამიტომ გამიჭირდება წინასწარ პროგნოზი. ვერ გეტყვით, მოხდება თუ არა ვეტოს დაძლევა. მე პირადად ამ კანონის მიღებას მხარს ვუჭერ. ჩემი დაცვის ობიექტია მაყურებელი, მოქალაქე და არა კერძო ტელევიზია", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომლის განმარტებით, "მოქალაქის გადასახედიდან" იხელმძღვანელა, როცა კანონპროექტის მიღებას დაუჭირა მხარი", - დასძენს სტატიის ავტორი.

რაში დასჭირდა სააკაშვილს პოროშენკოსთან შერიგება

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის - მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსადმი რიტორიკის შეცვლასა და შეთანხმების მიღწევაზე საუბარს პოლიტოლოგთა ნაწილი დასავლეთის დასანახად გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, ნაწილი კი ექსტრადირების საკითხის გააქტიურებას უკავშირებს. მიხეილ სააკაშვილმა ტელევიზია "ნიუს პირველთან" განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეთანხმების მიღწევა აუცილებელია. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ პოროშენკოს არ ადანაშაულებს მტრისთვის ხელის შეწყობაში. "ჩვენ ყველამ უნდა შევინარჩუნოთ ერთი მხარე და აღნიშნულთან დაკავშირებით ვისაუბროთ. ამავე დროს ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რათა ქვეყანა არ გავანადგუროთ", - განაცხადა სააკაშვილმა. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი რეგულარულად აკრიტიკებდა პოროშენკოს ადმინისტრაციას, მათ გადაყენებასა და ქვეყნის პირველი პირის იმპიჩმენტს მოითხოვდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რაში დასჭირდა სააკაშვილს პოროშენკოსთან შერიგება.

"უკრაინის ხელისუფლებაც ცდილობს, ოდესის ყოფილი გუბერნატორი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს. ამ მიზნით ის ორჯერ დააპატიმრეს - პირველად 5 დეკემბერს დააკავეს, თუმცა მხარდამჭერებმა მიკროავტობუსიდან დაიხსნეს. მიუხედავად ამისა, 8 დეკემბერს ისევ დააკავეს და უშიშროების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მის წინააღმდეგ საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით აღიძრა, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარებასა და მათი დანაშაულებრივი ქმედების დაფარვას გულისხმობს, თუმცა 11 დეკემბერს სასამართლომ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლა. როგორც "რეზონანსთან" საუბარში პოლიტოლოგები აცხადებენ, მათ სააკაშვილის რიტორიკის ასეთი უეცარი ცვალებადობის არ სჯერათ და ამას გარკვეულ მიზეზებს უკავშირებენ. მათ შორის მისი საქართველოში შესაძლო ექსტრადირებაც მოიაზრება", - აღნიშნავს გამოცემა.

"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ სააკაშვილის მხრიდან პოროშენკოსთან შეთანხმების მიღწევაზე საუბარი დროებითია. სააკაშვილის რიტორიკის შეცვლას საქართველოში მისი ექსტრადირების შესაძლებლობის წამოჭრას უკავშირებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. ხოლო პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს განსხვავებული მოსაზრება აქვს. მისი თქმით, სააკაშვილის შემრიგებლური რიტორიკა დასავლეთის დასანახად გადადგმული ნაბიჯი უფროა, ვიდრე პოროშენკოსთვის", დასძენს გამოცემა.

"ალბათ სააკაშვილი ხვდება, რომ ის მარტო ვერ შეძლებს ტემპერატურის აწევას, რასაც აქციებით ცდილობდა. შეიძლება ითქვას, უკრაინის მოსახლეობა მზად არ არის მესამე მაიდნისთვის. ამასთან, გაურკვეველია მისი სტატუსიც. რამდენჯერმე გაისმა სააკაშვილის ექსტრადირების საკითხიც და შესაძლოა, მისი ახლანდელი განცხადებების მიზეზი სწორედ ეს იყოს, რადგად არ მგონია, სააკაშვილსა და პოროშენკოს მსგავსი ინტერესები ჰქონდეთ. ამასთან, სააკაშვილმა, დიდი ხანია, დაწვა პოროშენკოსთან თანამშრომლობის გზა, რადგან ის იმ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რასაც პოროშენკოს ხელისუფლება მფარველობს, იქნება ეს კორუფცია თუ სხვა. რაიმე სახის თანამშრომლობა და შეთანხმება რომც მოხდეს, არ მგონია, ეს დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა ძალიან საეჭვოა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა სააკაშვილი რადიკალური განცხადებებით გამოდის, პიროვნულად ეხება პოროშენკოს და პირდაპირ ურტყამს მის ავტორიტეტს", - აცხადება გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

"უკრაინის პოლიტიკურ სივრცეში სააკაშვილი საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ თუ აქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მოხდეს საქართველოში მისი ექსტრადირება, რაც უნდა ილაპარაკოს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს მისთვის მისაღები სცენარი მაინც არ არის. ვარაუდის დონეზე შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინის პროკურორის განცხადება სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, იყოს ერთგვარი მიზეზი იმისა, რომ მან პოროშენკოსადმი დამოკიდებულება შეცვალა", - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"პოლიტიკაში ხდება ასეთი რამ, როცა მაქსიმალური რიტორიკიდან მოლაპარაკებაზე გადადიხარ. ასე რომ, არ მგონია, ამან სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს. როგორც მე ვატყობ, მან უკვე გაუშვა გზავნილი, რომ ის მზად არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ადგილის დასაკავებლად, რაც სიტუაციის განვითარების ერთ-ერთი ვარიანტია, თუმცა სააკაშვილის გაპრემიერება მეეჭვება, რადგან სისტემისთვის ძალიან დიდი საფრთხეა. პოროშენკო არ არის მარტო, ეს არის დიდი სისტემა. შესაბამისად, მას არ აქვს იმის საშუალება, რომ თავის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილებები. პოროშენკოს აქვს ვალდებულებები პარტნიორებთან. ასე რომ, მოვლენების ასეთ განვითარებას მე ვერ ვხედავ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის მხრიდან შემრიგებლური რიტორიკა იმდენად პოროშენკოზე არ არის გათვლილი, რამდენადაც დასავლეთზე. იგი ამით დასავლეთს აჩვენებს, რომ მზად არის კომპრომისისთვის, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ასეთ სიტუაციაში მათი მოთხოვნა ყოველთვის კომპრომისია. ასე რომ, ეს არის პოლიტიკური თამაში, რის უკანაც ყოველთვის ის არ დგას, რაზეც პოლიტიკოსები საუბრობენ", - დასძენს გია ხუხაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ახალი პრეზიდენტი "პრეზიდენტის სასახლეში" აღარ შევა

"ბავშვების ბაღებსა და სკვერებში ჩაყვანაც უკვე საგანგაშოა!"

ტყიბულის ტრაგედიის გამო ორ თანამდებობის პირს დააკავებენ?!
პუტინის ულტიმატუმი საქართველოს - რა გველის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში

"რეალურია, "ოცნებამ" პრეზიდენტობა შესთავაზოს სალომე ზურაბიშვილს"
რაზე მოილაპარაკეს ტრამპმა და პუტინმა

მინდელის შახტის აფეთქებათა საიდუმლო - ერთ წელში 12 გარდაცვლილი

"ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი"

თბილისში ავტოავარიის ყველაზე მაღალი რისკის უბნები - ბელიაშვილის ქუჩა, საბურთალოს გზაჯვარედინები და ზოოპარკის ტერიტორია
მამუკა არეშიძე - "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სისტემაზე არ ითქვა უარი"

"პრეზიდენტობა ივანიშვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია"

ლია მუხაშავრია - "პროკურატურაში ასფეხა ურჩხულია დაბუდებული"
"მამაკაცს ორჯერ ვესროლე 2 მეტრიდან, ბავშვს, ზუსტად მახსოვს, ერთხელ" - მწყემსის ჩვენება

წავიდა თუ გააგდეს კვირიკაშვილი

ნაავარიები, ჩანაძირი და 20 წელზე ასაკოვანი მანქანების შემოყვანა უნდა აიკრძალოს!
"ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში..."

მმართველი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლე აღმოჩნდა

"უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა..." - რას ჰყვებიან მწყემსები საზარელ დანაშაულზე

ქართველებს თურქეთში ინფლაციისა და კრიზისის გამო აღარ დაედგომებათ
ერთიანი კანდიდატის იდეა საბოლოოდ ჩავარდა - ოპოზიცია მეორე ტურის იმედადაა

ხუხაშვილი: "თუ მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღო, "ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს"
ვინ დარჩება და ვინ წავა - დღეს ბახტაძის კაბინეტის 11 მინისტრი დასახელდება

ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი იწვევს

შეიძლება ნატო-ში მაპ-ის გარეშე მიგვიღონ?
ცივი ომის შემდეგ ნატო-ს არც ერთ სამიტს არ გამოუწვევია ასეთი შიშნარევი მოლოდინი
ახალი შენობების 70% არაეკოლოგიურია
ვახტანგ ძაბირაძე - თუ წლის ბოლომდე "ოცნება" სიტუაციას ვერ შემოაბრუნებს, ცუდი პროცესები დაიწყება"

"კუდიანებზე დევნა" კვირიკაშვილის გუნდის წევრებში

"დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით საკუთარ თავს დაიცავს"