არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
19-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 21.12.2017
დიდ ევროპულ კომპანიებს საქართველოსადმი ინტერესი უქრებათ

გზა, რომლითაც, შესაძლოა, ჩატაევი საქართველოში გადმოსულიყო

გაზრდის თუ არა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას "ჯაველინების" შეძენა?
                                      
                                          * * *
დიდ ევროპულ კომპანიებს საქართველოსადმი ინტერესი უქრებათ

"მსხვილი ინვესტორები საქართველოდან მიდიან. იმის ნაცვლად, რომ მასშტაბური კაპიტალი მოვიზიდოთ, დიდი კომპანიები ბაზარს ტოვებენ. 1 წლის წინ საბანკო სექტორს უზარმაზარი ფრანგული გიგანტი "სოსიეტე ჟენერალი" გამოაკლდა, ახლა საკომუნიკაციო ბაზარს შვედური "ტელიასონერა" ტოვებს. აშკარაა, რომ მსხვილ ევროპულ კომპანიებს საქართველოსადმი ინტერესი უქრებათ. ერთი შეხედვით, ქვეყანაში ინვესტიციები შემოდის, მაგრამ ეს არის ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან ან ოფშორებიდან შემოსული თანხა, რომლის უკან, არავინ არ იცის, რა ძალა დგას. მსხვილი გიგანტებიდან ლამის ერთადერთი კომპანია "ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი" არის დარჩენილი და რატომღაც ხელისუფლება მასაც პრობლემას უქმნის ბიზნესისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულებით", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დიდ ევროპულ კომპანიებს საქართველოსადმი ინტერესი უქრებათ / "სჯობს 1-მილიარდიანი ინვესტიცია, ვიდრე 50-მილიონიანი, თუმცა ჩვენთვის ეს უფრო რეალურია".

"რაც შეეხება კონკრეტულად "ტელიასონერას", ევრაზიის ბაზრის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მან ჯერ კიდევ 2015 წელს მიიღო. იგი ოპერირებს ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, საქართველოში, მოლდოვასა და ნეპალში. ბაზრის დატოვების სირთულეებზე კომპანიამ არაერთხელ ისაუბრა. სააგენტო "როიტერის" ცნობით, შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე აზერბაიჯანში, ყაზახეთში, საქართველოსა და მოლდოვაში საქმიანობას შეწყვეტს. ქართველი სპეციალისტების შეფასებით, მიზეზი, რის გამოც მსხვილი მოთამაშეები საქართველოს ტოვებენ, ბაზრის ოლიგოპოლიაა, რასაც ქვეყნის ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ უმკლავდება. ამასთან, ქვეყანა მსხვილი კაპიტალის მისაღებად არ არის მზად და არც ოდესმე იყო, რადგან ინვესტორებისთვის არასახარბიელო ბიზნეს გარემოა როგორც სამუშაო რესურსით, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც", - აღნიშნავს გამოცემა.

"ანალიტიკოსი გიორგი ღაღანიძე ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში ორიენტირი საქართველოსთვის მცირე და საშუალო დონის ინვესტიციები უნდა იყოს - "საქართველოში არც ტევადი შიდა ბაზარია და არც რამე ტიპის რესურსია დიდი რაოდენობით, რომ ინვესტორების ყურადღება მიიპყროს. აქედან გამომდინარე, იმაზე ლაპარაკი, რომ მსხვილი ბიზნესი მიდის, ცოტა გადაჭარბებულია. ჩვენი ამოცანა რთულია, უნდა დავაჯეროთ მსხვილი ინვესტორები, რომ საქართველოში შეიძლება შეიქმნას ისეთი პროდუქცია, რომელიც ინვესტორებისთვის საინტერესო იქნება. აქ არ არის მხოლოდ ბაზრის ფაქტორი, მნიშვნელოვანია წამყვანი სამუშაო ძალა, წვდომა ფინანსურ რესურსზე, ელექტროენერგიის საკითხები და სხვა, რითაც მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნით. როდესაც კონკურენტული უპირატესობაა, იქ შემოდის ინვესტორი", - განმარტავს ანალიტიკოსი, რომლის თქმით, ბუნებრივია, ნებისმიერ მთავრობას ექნება სურვილი, რომ მსხვილი ინვესტორი შემოიყვანოს, მაგრამ ეს რეალურად ძნელად მიღწევადია", - განაგრძობს გამოცემა.

"ელემენტარულად, ინვესტორმა უნდა იცოდეს, რაში ჩადოს დიდძალი თანხა, ამ დროს კი ბაზარი ამისთვის არ არის მზად. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა შეეცადოს ბაზრის დივერსიფიკაციას. მართალია, სჯობს 1-მილირდიანი ინვესტიცია, ვიდრე 50-მილიონიანი, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო რეალურია ჩვენს სინამდვილეში. სწორედ ამისთვის უნდა მოვემზადოთ, შედარებით ნაკლებ ინვესტიციებზე გავაკეთოთ ჯერჯერობით აქცენტი. ბევრი პრობლემაა, რაც ბარიერს ქმნის მსხვილი ბიზნესისთვის. ელემენტარულად, უსაფრთხოების საკითხი არ არის მაღალ დონეზე გადაწყვეტილი. გვერდში გვყავს კბილებამდე შეიარაღებული უზარმაზარი აგრესიული მეზობელი და ძნელია ვინმეს დარწმუნება, რომ ამ პირობებში მისი ქონება დაცული იქნება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ღაღანიძე.

"სპეციალისტების ნაწილი მსხვილი ინვესტორებისთვის პრობლემად ქვეყანაში ოლიგოპოლიის არსებობას მიიჩნევს. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე განმარტავს, რომ მდგომარეობის გამოსწორება მთავრობამ სწორედ ამ საკითხის მოგვარებით უნდა სცადოს და ბაზრის დივერსიფიკაციას შეუწყოს ხელი - "ჩვეულებრივი მოვლენაა, ინვესტიციები შეიძლება გავიდეს, მაგრამ ასევე შემოვიდეს, ეს არ არის საგანგაშო. თუმცა დღეს გარკვეულწილად ოლიგოპოლიაა საქართველოში, მათ შორის კავშირგაბმულობის სფეროში. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ არ მოხდეს ფასის ხელოვნურად ზრდა. შესაბამისი სამსახურები თუ ამუშავდება და საკუთარ ფუნქციას ჯეროვნად შეასრულებს, ბუნებრივია, ეს საკითხი მოგვარდება, მაგრამ ამის ძალისხმევა ჯერჯერობით არ იგრძნობა", - ამბობს ავთო სილაგაძე, რომლის აზრით, ხელი უნდა შევუწყოთ მეტი კონკურენტის შესვლას ბაზარზე", - დასძენს გამოცემა.

"დღეს ჩვენი პრობლემა ოლიგოპოლიური ბაზრებია, რა მდგომარეობაც არის საბანკო სექტორში, კავშირგაბმულობაში, ნავთობპროდუქტების ბაზარზე და ფარმაცევტულ ქსელებში. თუ რომელიმე კომპანია აპირებს გასვლას, შეიძლება არის შიდა პრობლემა, რომლის არსი ჩვენთვის უცნობია. თუმცა უნდა ითქვას სიმართლეც, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი ბოლო პერიოდში, რაც ბიზნესის საქმიანობას შეაფერხებს. სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, ასევე მომსახურების სფერო, რომელსაც აქვს განვითარების პოტენციალი. იქ, სადაც არის ოლიგოპოლიის ნიშნები, უნდა შემოიყვანონ მსხვილი მოთამაშეები, რათა ბაზარი გადანაწილდეს", - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ავთო სილაგაძე.

გზა, რომლითაც, შესაძლოა, ჩატაევი საქართველოში გადმოსულიყო

"რა დონეზეა დაცული საქართველოს საზღვრები, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საერთაშორისო ტერორისტ აჰმედ ჩატაევისა და მისი ჯგუფის თბილისში შემოსვლის შემდეგ აქტუალური გახდა. ექსპერტების შემდეგ შს მინისტრმაც აღიარა, რომ საზღვრების დაცვის კუთხით არსებული რეალობა კრიტიკულად დაბალ დონეზეა - "ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა საზღვრის დაცვაა და ეს გამოწვევები აშკარას ხდის, რომ დროის დაყოვნება არ შეიძლება", - ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას გიორგი გახარიამ ჩატაევის თემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გზა, რომლითაც, შესაძლოა, ჩატაევი საქართველოში გადმოსულიყო / არის თუ არა დაცული საქართველოს საზღვრები.

"უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გარემოს ყველა მიმართულება მოწყვლადია და ამ დროს ჩვენი საზღვრის დაცვა კრიტიკულ დონეზეა დასული - მთიანი სისტემა აბსოლუტურად დაუცველია, ზღვაზე აბსოლუტურად დაუცველი ვართ და ახლა აღმოჩნდა, რომ მწვანე დერეფნებიც დაუცველია. ხოლო ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით, საზღვრის დაცვის პრობლემა ყოველთვის იდგა და ალბათ კიდევ დიდხანს იქნება, განსაკუთრებით მთაგორიან რეგიონში - "მას შემდეგ, როცა გაზაფხულიდან გადასასვლელები იხსნება, ასობით გადასასვლელია კავკასიონის მთელ იმ მონაკვეთზე, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას ესაზღვრება. ჩემი ვარაუდით, ჩატაევი სწორედ ამ მიმართულებიდან თოვლის დადებამდე გადმოვიდა. ეს თემა სიახლე არ არის და სწორია, რომ, როგორც იქნა, საზღვრის დაცვა პრიორიტეტი გახდება. ვნახოთ, შს მინისტრი ამას როგორ განახორციელებს - აღნიშნავს სალუქვაძე, რომლის აზრით, "საუბარი მხოლოდ პერიმეტრების დაცვაზე არ უნდა იყოს, სისტემური ცვლილებებია საჭირო", - აღნიშნავს გამოცემა.

"გუშინ პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიებაში ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როგორ მოხვდნენ აჰმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოში. "სასაზღვრო პოლიცია დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი შს სამინისტროს სისტემაში. ის გამოწვევები, რომელსაც დღეს ვაფიქსირებთ, აშკარას ხდის, რომ ამ მიმართულებით დროის დაყოვნების საშუალება ჩვენ არ გვაქვს", - აღნიშნა გახარიამ და დასძინა, რომ საერთაშორისო კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად უკვე დაიწყო კონკრეტულ და ყველაზე მწვავე სექტორებზე მუშაობა, როგორც ინფრასტრუქტურის ნაწილში, ასევე სისტემური ცვლილებების მიმართულებით და "ყველაზე დიდი გამოწვევა პერსონალის კვალიფიკაციაა". ვახტანგ მაისაიას შეფასებით, სახელმწიფო საზღვრის დაცვა ნომერ პირველი გამოწვევაა", - განაგრძობს გამოცემა.

"ჩვენ არასტაბილურ გეოსტრატეგიულ სივრცეში ვართ და ამ დროს არაადეკვატური საზღვრის დაცვის სისტემა გვაქვს. მით უმეტეს, არის ბორდერიზაციის პრობლემა, არის "თეთრი ლაქების" ზონები, იგივე სეპარატისტული ანკლავები ცხინვალსა და აფხაზეთში; რაც ყველაზე უარესია, ჩვენ საზღვაო აკვატორიას ვერ ვაკონტროლებთ საერთოდ. საზღვაო აკვატორია, 9 000 კვადრატული კილომეტრი სივრცე, ფაქტობრივად, დაუცველი გვაქვს. ამას ემატება ისიც, რომ საქართველო მთიანი სახელმწიფოა, ძალიან ბევრი გადასასვლელია, რომელთაც საერთოდ ვერ ვაკონტროლებთ და ეს "თეთრი ლაქებია". ნებისმიერ დროს შეიძლება, ამ მთიანი ზონით გადახვიდე და გადმოხვიდე. ამ ფონზე გასაკვირიც არ არის, რომ ჩატაევი შეუმჩნევლად შემოსულიყო. თანაც, როგორც ჩანს, მაღალი დონის კორუფციაცაა უსაფრთხოების სისტემაში, რაც უსაფრთხოების გარემოს მოწყვლადობას უმატებს. ამასთან, კვალიფიკაციაც პრობლემაა. სისტემა არ არის ადეკვატური და კვალიფიციური კადრებიც, შესაბამისად, პრობლემაა. გახარიამ პრობლემა წამოწია და ამას მივესალმები", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

"შეიარაღებულ ჯგუფს თავისუფლად შეუძლია, მაგალითად, დაღესტანში გადასვლა. 2012 წელს, ლოპოტის სპეცოპერაციის დროს, იმ ჯგუფს შეეძლო გადასვლა. გარემოების მომენტი იყო, მწყემსებს რომ არ გადაჰყროდნენ და შემდეგ არ გაეშვათ ისინი, თავისუფლად გადალახავდნენ საზღვარს და ამას ძალოვანი სტრუქტურები ვერც გაიგებდნენ. სახელმწიფო საზღვრის დაცვის სისტემა ძალიან სუსტია და ამის კიდევ ერთი მაგალითი 2014 წელს იყო, როდესაც 3 ტონა თხევადი ჰეროინი აღმოაჩინეს - არა სისტემურობის გამო, არამედ შემთხვევით მოხდა მისი აღმოჩენა. როგორც ჩანს, მანამდე ტრანზიტს თავისუფლად გადიოდნენ, გამჭოლი კორიდორი იყო და შემთხვევით ჩავარდა ერთ-ერთი ტვირთი. ამხელა ტვირთს არავინ გამოუშვებდა, თუ მანამდე ეს გზა აპრობირებული არ იყო", - მიიჩნევს მაისაია.

"ჩვენთან სახელმწიფო დაცვის ამერიკული სისტემაა - საპატრულო პოლიციის მობილური ჯგუფები იცავენ სახმელეთო საზღვრებს, საზღვაო მიმართულებით კი მხოლოდ სანაპირო დაცვის კატერებია, რაც 3-5 კილომეტრს არ სცდება და, ამდენად, არც საზღვაო სივრცე კონტროლდება სრულად. დროა, მთლიანად შეიცვალოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის მოდელი. შესაძლებელია, რომ დამოუკიდებელი სასაზღვრო დაცვის სამსახური შეიქმნას, რომელსაც დაემორჩილება სპეციალიზებული გასამხედროებული ფორმირებები. სწორედ სპეცსამსახურებს დაევალებათ სახელმწიფო საზღვრის დაცვა ჰაერში, ზღვაზე და ხმელეთზე. მეორეა უ.წ. ჰიბრიდული ვარიანტი - სახელმწიფო საზღვრის დაცვის სისტემა გადავიდეს სახელმწიფო უშიშროების სისტემაში და იქ შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურები. ადრე არსებობდა ასეთი სისტემა და ეფექტურიც იყო. მესამე ვარიანტია, რომ გადავიდეს თავდაცვის სამინისტროში, როგორც იყო 1918-1921 წლებში. მე პირველ ვარიანტს ვემხრობი", - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

"ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ 100%-ით ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს საზღვრის დაცვას, თუმცა საკმაოდ მაღალი ეფექტიანობით შესაძლებელია, მათ შორის ჩვენთანაც. ამ სფეროში უპირველეს გამოწვევად კი მესაზღვრეების უმძიმეს პირობებს ასახელებს. მისივე თქმით, კვალიფიკაციის პრობლემაზე როცაა საუბარი, აქ მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიები ვითარდება და ახალი ტექნოლოგიების შემოტანას პერსონალის გადამზადება მუდმივად ესაჭიროება", - დასძენს გამოცემა.

"ეს ძალიან დიდ დანახარჯებს მოითხოვს და ერთ წელიწადში გასაკეთებელი არ იქნება. მინიმუმ, 4-5 წლიანი გეგმა უნდა შედგეს და ყოველ წელიწადს ჩვენს სასაზღვრო პერიმეტრს ახალ-ახალი აღჭურვილობა უნდა შემატოს. უამრავი საშუალებაა, როგორც სითბური კონტროლის, ასევე სხვა აღჭურვილობა. თვითონ სასაზღვრო პუნქტების რაოდენობაც საკმაოდ მცირეა და მათი უზრუნველყოფაც საკმაოდ სუსტია. ნახევარი ცხოვრება სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში გავატარე და ურთიერთობას დღესაც ვინარჩუნებ. ამიტომ ვიცი, რომ ჩვენს მესაზღვრეებს ძალიან სავალალო სიტუაციაში უწევდათ სამსახური, რთულ გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში, განსაკუთრებით ზამთარში და განსაკუთრებით მთაგორიან ადგილებში. ეს პირობები მუდმივად უმჯობესდება, მაგრამ ადამიანისათვის მისაღებ პირობებამდე ჯერ კიდევ შორსაა", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ამირან სალუქვაძე.

გაზრდის თუ არა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას "ჯაველინების" შეძენა?

"ჯაველინების" შესაძენად 2018-2019 წლებში დაახლოებით 160 მლნ ლარი გადაირიცხება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ განაცხადა. როგორც ცნობილია, საქართველო აშშ-სგან ანტისატანკო სისტემებს - "ჯაველინებს" იყიდის. როგორც იზორიამ აღნიშნა, "ჯაველინების" შეძენა ორ ეტაპად განხორციელდება. "პირველი ეტაპის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 მლნ ლარი გადაირიცხება, ხოლო მეორე ეტაპისთვის - დაახლოებით 60 მილიონი. ანუ ჩვენ ორ ეტაპად შევიძენთ 2018-2019 წლებში. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ, სუვერენიტეტის უფრო ეფექტურად დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც არ უკავშირდება სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ინტერესებს", - განაცხადა ლევან იზორიამ, რომლის განმარტებით, ეს იარაღი თავდაცვით ხასიათს ატარებს და არ არის შეტევითი ხასიათის იარაღი", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - გაზრდის თუ არა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას "ჯაველინების" შეძენა?

"რასაკვირველია, გაზრდის. ყველაფერი, რაც ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის იქნება გათვალისწინებული, თუნდაც უმნიშვნელო, მაინც კარგია. დასამალი არ არის, რომ კავკასიაში სომხეთიც და აზერბაიჯანიც შეიარაღებითა და თავდაცვისუნარიანობით ჩვენზე წინ დგანან. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა ვიღაცის ხელის შემყურენი არ ვიყოთ და იგივე არ განმეორდეს, რაც 2008 წელს მოხდა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

"ალბათ გახსოვთ, მიშა სააკაშვილს ჰქონდა თითქოს ეს შეძენილი. ომის დროს კი აღმოჩნდა, რომ რუსეთისგან იყო შესყიდული, რაც იმას ნიშნავს, რომ რომელ ქვეყანაშიც არის წარმოებული, იმ ქვეყნის საწინააღმდეგო კოდები არ დევს სისტემაში და საქართველომ ვერ გამოიყენა მაშინ ეს ტექნიკა. ამაზე პასუხიც არავის უგია. ალბათ ამ შემთხვევაში ამერიკისგან შეძენა უფრო გონივრული ნაბიჯია", - მიიჩნევს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

"წესით, ნორმალური ხელისუფლებისა და მთავრობის ხელში თავდაცვისუნარიანობა უნდა გაიზარდოს, მაგრამ, მოგეხსენებათ, ამათ საერთოდ გაანადგურეს ქართული ფლოტი, ავიაცია, ასე რომ, ეჭვი მეპარება, ეს კორუფციული გარიგება არ იყოს, ან ასე არ დასრულდეს და ვიღაცამ ხელი არ მოითბოს. რეალურად, ყველაფერ ამას ძალიან დიდი ეჭვით ვუყურებ, იმის მიუხედავად, რომ თავად ფაქტი ჩემთვის მისაღებია", - ამბობს ფერმწერი გია ბუღაძე.

"რა თქმა უნდა, დადებითად ვუყურებ. მიხარია, რომ რაღაც კარგი და დიდი საქმე კეთდება. თუმცა მეშინია, ჩვენთვის კარგი საქმე ცუდად არ შემოგვიბრუნდეს", - დასძენს მუსიკოსი ნუცა ჯანელიძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2018
ქართველთმოძულე სეპარატისტთა საველე მეთაური, რომელიც ქართულ სოფლებს ატერორებდა აფხაზეთს "ენგურჰესის" დენი დეკემბერშივე აღარ ეყო ახდენს თუ არა სასამართლოზე ზეგავლენას საზოგადოებაში არსებული განწყობები?
"მთავარია, გქონდეს ფული..." - სამი კაცის დამჭრელის გამოშვების გამო საზოგადოებაში აღშფოთება არ ცხრება

სწორია თუ არა სასამართლო, როცა 3 კაცის დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გამოუშვა?

ახალი ომის კერა ჩვენს საზღვრებთან - ერდოღანი სირიელ ქურთებს იერიშით ემუქრება
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში