არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 26.12.2017
ამერიკელთა მომზადებული 9 ქართული ბატალიონი

საქართველოში ბიტკოინის მოპოვება ენერგოსექტორს განსაცდელს უმზადებს

ჩატარდება თუ არა ობიექტური გამოძიება პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე?

                     * * *
ამერიკელთა მომზადებული 9 ქართული ბატალიონი

"აშშ-თურქეთს შორის დაპირისპირების ფონზე, რომელიც ბოლოს გაერო-ში იერუსალიმის საკითხზე თურქეთის რეზოლუციამ კიდევ უფრო გაამწვავა, რეგიონში ვაშინგტონის საიმედო პარტნიორად თბილისი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების დაინტერესება და ფასი გაზარდოს და, პოლიტოლოგების შეფასებებით, დიდია ალბათობა, ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო კომპონენტების განთავსება მოხდეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ამერიკელთა მომზადებული 9 ქართული ბატალიონი / "ეს სრულად ამერიკულ კმაყოფაზე იქნება, შეიარაღებითაც, აღჭურვილობითაც".

"საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ ნიკა ჩიტაძის თქმით, როდესაც დღეს მსოფლიო ცივი ომის გარკვეულ რეალიებს უბრუნდება, აშშ-ს კვლავ სჭირდება სამხედრო გააქტიურება მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის, რუსეთის გარშემო, რუსეთს კი უშუალოდ აშშ-ის საიმედო პარტნიორი საქართველო ესაზღვრება. ამიტომაც, მისი თქმით, დღის წესრიგში დგას ამერიკულ-ქართული სამხედრო მომზადების ერთობლივი ცენტრის შექმნა, რაც, სავარაუდოდ, 2018-2019 წლებში გაიხსნება, თუმცა ეს საკმარისი არ არის და კარგი იქნებოდა, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში მოხდეს შეთანხმება, რომ ამერიკის სამხედრო ბაზა საქართველოში განთავსდეს. აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებას გამორიცხავს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რადგან თვლის, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთი საქართველოს გადაუვლის, თუმცა აცხადებს, რომ აშშ-მა "ჯაველინების" მოყიდვაზე უკვე თანხმობა განაცხადა, "ჯაველინებს" კი, ბუნებრივია, შემოჰყვებიან თავისი სამხედრო ინსტრუქტორები და საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის ელემენტები იქნება განთავსებული", - აღნიშნავს გამოცემა

"ამერიკელებმა რომ პირდაპირ განათავსონ სამხედრო ინფრასტრუქტურა, ეს რუსეთის პირდაპირ წყობიდან გამოყვანას გამოიწვევს. როდესაც დღეს საომარ პირობებში ვიმყოფებით, ეს წარმოუდგენელია", - ამბობს მაისაია. აღსანიშნავია ის, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის ერთგვარი დაპირისპირება გასულ წელს ერდოღანის წინააღმდეგ განხორციელებული პუტჩის შემდეგ დაიწყო. მაშინ ანკარამ თურქეთში განთავსებულ ნატო-ს ბაზა ინჯირლიკზე მყოფ ერთ-ერთ ამერიკელ გენერალს ბრალიც დასდო, რომ ამ პუტჩს ხელმძღვანელობდა და ამავე დროს, ანკარა დღემდე უშედეგოდ ითხოვს, ვაშინგტონმა მას პუტჩის იდეურ ორგანიზატორად მიჩნეული ფეთჰულა გიულენი გადასცეს. ახლა კი, ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, რასაც გაერო-ში თურქეთის მიერ ანტიამერიკული რეზოლუციის გატანა მოჰყვა, ანკარა-ვაშინგტონს შორის დაპირისპირება უფრო გაამძაფრა. ამ ფონზე შეინიშნება პოზიციების დაახლოება რუსეთსა და თურქეთს შორის მათ შორის სამხედრო სფეროში და თურქეთმა რუსეთიდან ანტისაჰაერო სისტემები "ჩ-400"-იც შეიძინა. ექსპერტების თქმით, ამ ფონზე ბუნებრივია, საქართველოს ფასი იზრდება და მთავარია, ახლა ამას როგორ გამოიყენებს თბილისი", - განაგრძობს გამოცემა.

"როდესაც ამერიკის თურქეთთან ურთიერთობები უარესდება, აშშ-ს აუცილებლად დასჭირდება გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგიონში საიმედო პარტნიორის პოვნა და ქართულმა მხარემ უნდა იაქტიუროს, რომ აშშ-მა თავისი სამხედრო კომპონენტები შემოიყვანოს. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ ხდება და, მეორე მხრივ, აშშ მხარს უჭერს ალიანსში ჩვენს გაწევრიანებას, კარგი იქნებოდა, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში მოხდეს შეთანხმება, რომ ამერიკის სამხედრო ბაზა საქართველოში განთავსდეს. ეს თბილისის ინტერესებშიც შედის და ვაშინგტონისაშიც, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველო ასევე ახლოს იმყოფება ამერიკის მეორე გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგე ირანთან. იმ დროს, როდესაც აშშ-ის ხელისუფლებაში "რესპუბლიკელები" ჭარბობენ, ამერიკის სამხედრო ყოფნის გაძლიერება საქართველოს ტერიტორიაზე აუცილებლად უნდა დაიძრას. თუ უსაფრთხოებაზე ასეთი ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდება, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების აუცილებლობაც არ იქნება. ეს საკითხი, ჯერჯერობით, დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ მე ვამბობ, რომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს საკითხი აუცილებლად უნდა განიხილებოდეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან ნიკა ჩიტაძე.

"ვახტანგ მაისაიას თქმით, თურქეთი ბოლო დროს ანტიამერიკულ ველზე თამაშობს და არ შეიძლება, ეს ნეგატიურ კონტექსტში არ დაეტყოს ამერიკა-თურთქეთის ურთიერთობას, მაგრამ, რაც არ უნდა გართულდეს ეს ურთიერთობა, ამერიკელები თურქეთიდან ბაზას მაინც არ გაიყვანენ, პენტაგონი ამას არ დათმობს. ასევე, მისი თქმით, ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება თეორიულად შესაძლებელია, რადგან ჩვენ ვართ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორები, გვაქვს სტრატეგიული ქარტია, ჩვენი კუთხით საქართველო ითვლება აშშ-ის ე.წ. ღერძული სახელმწიფოს ქვეყნად და პენტაგონს სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ელემენტების განთავსება არ გაუჭირდება, მაგრამ აქ მეორე მომენტია - სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას უმალვე რუსული აგრესია მოჰყვება და ამას ვაშინგტონში კარგად ითვალისწინებენ", - დასძენს გამოცემა.

"რუსეთის სამხედრო დოქტრინაში პირდაპირ წერია, რომ თუ ნატო ან ამერიკა რუსეთის საზღვრისპირა სივრცეზე სამხედრო ინფრასტრუქტურას განათავსებს, ეს პირდაპირ რუსეთის სუვერენიტეტის შებღალვად და სამხედრო საფრთხედ ჩაითვლება. რუსეთი საქართველოში კი არა, ბალტიისპირეთსა და სკანდინავიის სახელმწიფოებში შეჭრის გეგმას ავითარებს და ატარებს წვრთნებს და საქართველოში ამერიკული სამხედრო კომპონენტების განთავსება რომ მოხდეს, თემურ ლენგივით გადაივლის ჩვენს ტერიტორიაზე. არ გამოვრიცხავ ამერიკული სამხედრო კომპონენტების განთავსებას და ასეთი რამ უკვე მიმდინარეობს კიდეც. იმავე "ჯაველინების" გადმოცემას მოჰყვებიან სამხედრო ინსტრუქტორები და გარკვეული სამხედრო ელემენტები განთავსდება. ასევე ვაშინგტონიდან საუბარია, რომ საქართველოში მოამზადონ 9 ბატალიონი, ის სრულად ამერიკულ კმაყოფაზე იქნება, შეიარაღებითაც, აღჭურვილობითაც. შეიარაღებული ძალებისთვის ეს სერიოზული დახმარებაა. თუ ეს პროგრამა მოხდება, ეს იქნება ე.წ. ფარული ელემენტების განხორციელება, მაგრამ ღიად ამერიკელებმა აქ ბაზები რომ განათავსონ, ეს წარმოუდგენელია... შეიძლება რეგულარული სამხედრო წვრთნების პირობებში შეიქმნას ან ერთობლივი მართვის ლოგისტიკური ცენტრი, ან ერთობლივი სამხედრო მართვის ცენტრი, ან მსგავსი რამ. ეს არის მაქსიმუმი", - დაასკვნის მაისაია.

საქართველოში ბიტკოინის მოპოვება ენერგოსექტორს განსაცდელს უმზადებს

"საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მომდევნო 3 წელიწადში დაახლოებით 20%-ით მოიმატებს. მართალია, მიმდინარე პერიოდში დენის საყოფაცხოვრებო მოხმარებაც მატულობს, მაგრამ გადამწყვეტი გავლენა ამ შემთხვევაში არამწარმოებლური დარგების მოზღვავებამ იქონია, რაც ბოლო დროის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. საქართველოში დენის მოხმარების მასშტაბური ზრდა უკავშირდება ბიტკოინის მოპოვების პროცესს, რომელიც მსხვილი ორგანიზაციიდან ლამის ოჯახებშიც შევიდა და ისრუტავს დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგიას, რაც გიგანტურ ქარხნებს საწარმოო პროცესისთვის სჭირდება. როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე აღნიშნავს, ბიტკოინის საწარმოებლად მუხიანში მდებარე ერთ-ერთი ორგანიზაციისთვის ელექტროენერგიის მოხმარების დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ზე მეტია და საუბარი მიდის იმაზე, რომ ეს მაჩვენებელი 75 მგვტ-მდე გაიზარდოს (შესაძლოა, უკვე არის კიდეც ამდენი). ამ დროს ფეროშენადნობთა ქარხნის სიმძლავრე ზესტაფონში 75-80 მგვტ-მდეა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საქართველოში ბიტკოინის მოპოვება ენერგოსექტორს განსაცდელს უმზადებს / გლდანში მდებარე თითქოს პატარა საწარმოს იმდენივე დენი სჭირდება, რამდენიც ზესტაფონის ფეროს და მისი "მადა" უსწრაფესად იზრდება.

"რეალურად, რა მოცულობის ელექტროენერგიას იღებს ბიტკოინის მწარმოებელი კომპანია "ბიტფური", ჩვენთვის უცნობია. ჯერჯერობით ვიცით მხოლოდ ის, რომ ორგანიზაციას ელექტროენერგიას აწვდის თელას-ი, სადაც "ბიტფურის" მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ კომპანიაში ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად მატულობს. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წელს, სავარაუდოდ, თითქმის 20 პროცენტით მოიმატებს. 2017 წლის ბალანსის მიხედვით, მოხმარება 11,903 მილიარდ კვტ/სთ-ს შეადგენს. საპროგნოზო ბალანსის შესაბამისად, 2018 წელს მოხმარება 12,703 მილიარდი კვტ/სთ, 2019 წელს 13,376 მილიარდი კვტ/სთ, 2020 წელს კი 14,188 მილიარდი კვტ/სთ იქნება. ბალანსის მიხედვით, ყველაზე მეტად გაიზრდება პირდაპირი მომხმარებლების, ანუ მსხვილი კომპანიების ელექტროენერგიის მოხმარება. მოსალოდნელია მზარდი მოთხოვნა თელასის, "ენერგო-პრო ჯორჯიასა" და აფხაზეთის აბონენტებშიც. სახეზეა ელექტროენერგიის არნახულად მზარდი ტენდენცია, რაც არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის გასაჭირი. ამაზე წერენ ამერიკაში, ევროპაში და უკვე ჩვენთანაც საეჭვოდ იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. ეს მაშინ, როცა წარმოება ვერ ვითარდება და დასაქმების მხრივ ვითარება არ უმჯობესდება", - აღნიშნავს გამოცემა.

"რაც შეეხება ბიტკოინის მოპოვების პროცესს, რაც არის ე.წ. მაინინგი, ძალიან დიდი ოდენობით ელექტროენერგია სჭირდება. დროთა განმავლობაში ბიტკოინის მოპოვება უფრო და უფრო მეტად რთულდება, წარმატებული მაინინგისთვის კი, შესაბამისად, უფრო მეტი ელექტროენერგია არის საჭირო. სწორედ ამიტომ, ხარჯების ოპტიმიზაციისთვის, მაინერების დიდი რაოდენობის განთავსება ისეთ ქვეყანაშია გონივრული, სადაც ელექტროენერგიას დაბალი ღირებულება აქვს. კრიპტოვალუტების საოცარმა ზრდამ შექმნა უზარმაზარი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. ბიტკონის ქსელში არსებული ენერგიის ჯამური მოცულობა საათში 31 ტერავატს სცილდება - ეს მეტია, ვიდრე მსოფლიოს 150 ქვეყნის მიერ მოხმარებული ჯამური ენერგია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინი ენერგიას მთელ მსოფლიოს აცლის. 2019 წლისთვის ბიტკოინის ქსელს დასჭირდება იმაზე მეტი ელექტროენერგია, ვიდრე აშშ-ს, 2020 წლისთვის კი იმაზე მეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოს. კომპანია "ბიტფური" საქართველოში ოპერირებს და ის ბიტკოინის მაინინგის სექტორში ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ ითვლება. 2016 წლის მონაცემებით, "ბიტფური" არსებული ბიტკოინების 15%-ის მაინინგს ახორციელებდა. არსებული მონაცემით, მსოფლიოში ყველაზე მეტი ბიტკოინი ჩინეთში მოიპოვება, რის მიზეზი სწორედ ელექტროენერგიის დაბალი გადასახადია. რაც შეეხება ტოპ სამეულში მყოფ მესამე სახელმწიფოს: აშშ-ში, კალიფორნიაში, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიტკონის მაინინგის კომპანია მდებარეობ", - განაგრძობს გამოცემა.

"ამასთან, როგორც "ონ.გე" წერს, საქართველოში დაფუძნებული "ბიტფური" ბიტკოინის მაინინგის ბიზნეს-სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. ის ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. ენერგეტიკოსი გია არაბიძე განმარტავს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა დიდწილად უკავშირდება სწორედ ბიტკოინის საწარმოო პროცესს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი და არის სხვა გარემოებებიც, რომელთა გამოც ქვეყანაში დენის მოხმარება კატასტროფულად მაღალია. "სოკოებივით იზრდება ბიტკოინების ქსელი საქართველოში. მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ კომპანია "ბიტფური", რადგან ბოლო დროს ელექტრონული ვალუტის დასამზადებლად აპარატურა სახლში აქვთ დამონტაჟებული და გარკვეულ მანიპულაციებს შინიდან გაუსვლელადაც აკეთებენ. მუხიანში არის ეს საწარმო და რამდენადაც ვიცი, მისი დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ზე მეტია და საუბარი მიდის იმაზე, რომ 75 მგვტ-მდე გაიზარდოს (შესაძლოა, უკვე არის კიდეც ამდენი). ამ დროს ფეროშენადნობთა ქარხანა ზესტაფონში 75-80 მგვტ-ის სიმძლავრისაა", - ამბობს არაბიძე, რომლის თქმით, გარდა ამისა, "ბიტფურის" მეორე დატა-ცენტრი გორშიც არსებობს", - დასძენს გამოცემა.

"ამდენად, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მატულობს, სწორედ ეს არის. ამას ემატება სახლებში განთავსებული დანადგარები მაინინგისთვის. სხვა საქმეა, რომ ორგანიზაცია არსებობს და პარალელურადაც სახლებშიც მუშაობენ უკვე. ზუსტად იმავე საქმეს აკეთებენ, რაც ბიტკოინის მწარმოებელ ორგანიზაციაში ხდება. უზარმაზარი ციფრული ოპერაციები უკვე საცხოვრებელი ბინებიდან ხორციელდება. ეს არ ეხება მხოლოდ ბიტკოინს, რომლის გარდა უამრავი დასახელების ვირტუალური ვალუტები შემოდის. ამით რეალურად იზრდება ენერგომოხმარების მასშტაბი ქვეყანაში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია არაბიძე.

"დენის მოხმარება ასევე უკავშირდება ტურიზმის განვითარებას, რის გამოც ჩვენ გვაქვს ზაფხულის პიკი. არადა, წელიწადის ამ პერიოდში ყოველთვის მინიმალური იყო მოხმარება. ახლა ვითარება შეიცვალა. რა თქმა უნდა, სჯობდა, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაზე გავლენა ეკონომიკურ ფაქტორს მოეხდინა, მაგრამ ასე არ არის, თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო ცვლილებას, რომელიც იგრძნობა მცირე საწარმოების გააქტიურებიდან. ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი 2020 წლისთვის 17 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამის მიზეზი მარტო ბიტკოინი არ არის, მაგრამ ნამდვილად ერთ-ერთი შემადგენელი ფაქტორია. ანაკლიის პროექტის შემდეგ მასშტაბურად გაიზრდება დენის მოხმარება და დროზე თუ არ დავიწყეთ გენერაციის ობიექტების მშენებლობა, ელექტროენერგიის მიღებისა და მიწოდების მხრივ შეიძლება დეფიციტი შეგვექმნას. წელს დენის იმპორტი 1,2 მლრდ კვტ/სთ-ია, როცა 3 წლის წინ 400 მლნ კვტ/სთ იყო, ანუ 3-ჯერ მეტი დაგვჭირდა, ვიდრე შარშანწინ. მოხმარება მატულობს და გენერაცია ჯეროვნად ვერ მიჰყვება ამ პროცესს", - დაასკვნის გია არაბიძე.

"დენის მოხმარების მასშტაბურ ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა, რომელიც ამ პროცესში ინფრასტრუქტურული განვითარების ნიშნებს ხედავს, რასაც ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია - "დენის მოხმარება საყოფაცხოვრებო სექტორშიც გაზრდილია, თუმცა ყველაზე მეტი გავლენა გვაქვს ინფრასტრუქტურული განვითარების შედეგად, რაც გარკვეულწილად ეკონომიკურ პროცესებსაც უკავშირდება. მცირედით, მაგრამ მაინც წარმოების ზრდა შეინიშნება. საერთაშორისო პრაქტიკით მიღებულია, რომ 1%-ით შემოსავლების ზრდა იწვევს 0,3%-ით მოხმარების ზრდას. მთავარია, რომ ჩვენი სისტემის მოწყობისა და მისი მდგრადობის საკითხი არის გადასახედი და შესაცვლელი. მოთხოვნა უნდა იყოს ისეთ დანადგარებზე, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად იქნება თანაზიარი. აუცილებელია მცირე ელექტროსადგურების აშენება, მაგრამ გლობალური ამოცანაც უნდა გადაიჭრას, რაც ეკონომიკის განვითარების უზრუნველყოფაა. ეს დამოკიდებულია ზამთრის ენერგიაზე, რასაც გარანტირებულ ელექტროენერგიას ვუწოდებთ. ეს იქნება თბოსადგურები, წყალსაცავიანი და სხვა სადგურები - მაგალითად, ნახშირი", - ამბობს ჭითანავა, რომლის თქმით, ესენი სამომავლოდ უნდა აშენდეს", - წერს სტატიის ავტორი.

ჩატარდება თუ არა ობიექტური გამოძიება პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე?

"პოეტი ზვიად რატიანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანით სახლიდან ე.წ. ძველი რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს. "ზვიად რატიანი გადაიყვანეს ე.წ. ძველი რკინიგზის საავადმყოფოში. ის თავს შეუძლოდ გრძნობდა, ვერ გადაადგილდებოდა, აქვს ტვინის შერყევა, რის გამოც გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. მეტ ინფორმაციას არ ვფლობ. სახლიდან გადაიყვანეს. სხეულზე აღენიშნება დაზიანებები", - განაცხადა ადვოკატმა. სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციული წესით 24 დეკემბერს დააკავეს. რატიანის ინფორმაციით, დაკავების დროს მას პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ზვიად რატიანის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. თავის მხრივ, პროკურატურამ რატიანის მიმართ პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - ჩატარდება თუ არა ობიექტური გამოძიება რატიანის საქმეზე?

"ალბათ, ჩაატარებენ ფორმალურ გამოძიებას. ამის გამო თავს არ შეირცხვენენ, მაგრამ ზოგადად, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ფერმწერი გია ბუღაძე.

"მგონია, რომ არა. როგორც ასეთ შემთხვევებში არაერთხელ მომხდარა, ახლაც არ მგონია, ობიექტური გამოძიება ჩატარდეს. ამჯერადაც ვინც არის რეალური დამნაშავე, არ მიიღებს იმ პასუხს, რაც მას ეკუთვნის", - ამბობს კინომცოდნე ლელა ოჩიაური.

"თუ ობიექტური გამოძიება არ ჩატარდება, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ჩატარდება", - მიიჩნევს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

"ობიექტური გამოძიება იმას გულისხმობს, რომ გამომზეურებული და გამოყენებული იქნება ის ჩანაწერები, რომელთაც პოლიციელები იღებდნენ. ამ ბოლო დროს საეჭვოდ ქრება ეს ჩანაწერები, თუმცა მგონია, რომ ობიექტური გამოძიება მაინც უნდა მოხდეს. გახარია ისე მოტივირებულია, მოიშოროს უღირსი პოლიციელები, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ობიექტური გამოძიება ჩატარდება. ადამიანს ისე სცემეს, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს", - დასძენს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
"მთავარია, გქონდეს ფული..." - სამი კაცის დამჭრელის გამოშვების გამო საზოგადოებაში აღშფოთება არ ცხრება

სწორია თუ არა სასამართლო, როცა 3 კაცის დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გამოუშვა?

ახალი ომის კერა ჩვენს საზღვრებთან - ერდოღანი სირიელ ქურთებს იერიშით ემუქრება
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში
ხათუნა ლაგაზიძე - "2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია"

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია" - საიას ხელმძღვანელი

ლადო პაპავა - "ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან..."