არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
19-01-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 27.12.2017
"პანკისელები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო მათ წინააღმდეგ მუშაობს"

სავაჭრო ქსელებში მომხმარებლების მოტყუების ფაქტები ძალიან გახშირდა

* * *
"პანკისელები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო მათ წინააღმდეგ მუშაობს"

"ბოლო 1 თვეში უკვე მეორე სპეცოპერაცია. თბილისის შემდეგ ამჯერად გვიან ღამით სპეცოპერაცია პანკისის ხეობის ორ სოფელში ჩატარდა. დაკავებულია 5 ადამიანი, მათგან ერთი მართვით სუნთქვაზეა. დაკავებულებს ახმედ ჩატაევის საქართველოში უკანონოდ შემოყვანა ბრალდებათ. პანკისის სოფლებში - დუისსა და ომალოში 60-მდე სპეცრაზმელმა 4 კაცი დაიჭირა. მათგან ერთი, თემირლან მაჩალიკაშვილი, მძიმედ დაიჭრა. კიდევ ერთი, დუისელი ხიზირ მარგოშვილი, თბილისში აიყვანეს. დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სპეცოპერაციას დადგმულს უწოდებენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. აღნიშნავენ, რომ მათ სახლში იარაღი არ უპოვიათ და გავრცელებული ინფორმაცია ხელყუმბარის გახსნაზე ტყუილია. ისინი ამტკიცებენ, რომ მაჩალიკაშვილს არანაირი კავშირი არ აქვს არც ახმედ ჩატაევთან და არც რომელიმე სხვა ტერორისტთან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "პანკისელები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო მათ წინააღმდეგ მუშაობს" / რა გამოხმაურება მოჰყვა ხეობაში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას.

"ჩატაევთან აკავშირებენ იმიტომ, რომ სად რა ხდება, მაგის შნო, მაგის ძალა, მაგის ენერგია თქვენს მთავრობას არ გააჩნია, ვიღაც უნდა გაიწიროს, აი, რა ხდება", - განაცხადა მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა. თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ის მართვით სუნთქვაზეა. მისი მდგომარეობა გუშინ ღამით კრიტიკული იყო. მას ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. პანკისელი ჟურნალისტის - სულხან ბორძიკაშვილის განცხადებით, "ამ ბიჭისთვის სროლის ფაქტი იწვევს განსაკუთრებულ აღშფოთებას. დანარჩენი მეტ-ნაკლებად გასაგებია - ჩატარდა სპეცოპერაცია და თუ ვინმე დასაჭერია, დაიჭირონ. საუბარია, რომ მისი ცოცხლად აყვანა არ უნდოდათ და მოკვლის მიზნით ესროლეს. ამ ადამიანებს აქვთ თუ არა "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირი, არ ვიცი, თუმცა არც გამორიცხვა შემიძლია. ასე უბრალოდ არ მგონია, რომ ჩატარებულიყო სპეცოპერაცია. გაუწია თუ არა წინააღმდეგობა, არ ვიცი. ეს ეცოდინებათ მათ, ვინც შევიდნენ და თავად იმ ბიჭს", - ამბობს ბორძიკაშვილი. მისივე თქმით, პანკისელები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო მათ წინააღმდეგ მუშაობს, ამიტომ ფიქრობს, რომ ეს სპეცოპერაცია კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამ ბოლო პერიოდში სხვადასხვა თემაზე ისედაც იყო უკმაყოფილება და ეს კიდევ უფრო ართულებს ვითარებას. სახელმწიფო მათ წინააღმდეგ მუშაობს - ეს აზრი არსებობს პანკისში, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს ვითარებას", - თქვა ბორძიკაშვილმა. აღსანიშნავია, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მოგვიანებით ბრიფინგი გამართა უსაფრთხოების სამსახურმა. მათი განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა - "თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა, წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისათვის. კერძოდ, უნდოდა, მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება", - განაცხადა სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა. მისი თქმით, დაკავებულები დაკავშირებული არიან თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან", - განაგრძობს გამოცემა.

"გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდეგ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა, ასევე, უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში, - ამბობს გიორგობიანი. სუს-ის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდნენ. ამის შესახებ ჩატაევის კომპიუტერიდან და სხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან ამოღებული ჩანაწერებიდან გახდა ცნობილი", - დასძენს გამოცემა.

"ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულებისა და დაკავებულის ვინაობა დადგენილია. ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი მოქმედებებით სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუკები, რაციები და სხვა მტკიცებულებები. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა. იგი რუსეთის მოქალაქე შოიაფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა, რომლის თქმით, ესენი არიან რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი", - წერს სტატიის ავტორი.

სავაჭრო ქსელებში მომხმარებლების მოტყუების ფაქტები ძალიან გახშირდა

“სუპერმარკეტებში მომხმარებლებს თვალსა და ხელს შუა ატყუებენ. პრობლემა ყველაზე ხშირად ფასს უკავშირდება. ხშირად სარეალიზაციო პროდუქტი გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე დახლზე მითითებული ფასია. მსგავსი ფაქტები ბოლო დროს უკვე მასობრივად ხდება. ცალკე პრობლემაა სასწორის უზუსტობა, ეტიკეტების ხარვეზი და სხვა დარღვევები, რასაც მომხმარებელი ლამის ყოველდღიურად აწყდება. მყიდველებს პრობლემა აქვთ "უნივერსამში", "ორ ნაბიჯში", "სპარში". სავარაუდოდ, სხვა სუპერმარკეტებშიც, თუმცა დასახელებულ მაღაზიებში ყურადღება გავამახვილეთ იმ დარღვევებზე, რაც ჩვენმა თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. ცხადია, გამოვკითხეთ სხვა მომხმარებლებიც, რომლებმაც დაგვიდასტურეს, რომ სუპერმარკეტების მაქინაციების გამო ფინანსურად დაზარალდნენ”, - წერს გაზეთი რეზონანსი სტატიაში სათაურით სავაჭრო ქსელებში მომხმარებლების მოტყუების ფაქტები ძალიან გახშირდა / "ყველა ტყუის, მაღაზიის მფლობელიც და გამყიდველიც, თუმცა ბოლოს ამ უკანასკნელს აწმენდენ ხელს"

"მომხმარებლების მხრიდან საკუთარი უფლებების არცოდნა სავაჭრო ქსელების მფლობელებს მათ მოტყუებას კიდევ უფრო უადვილებს, რის გამოც მოქალაქეები ადვილად შედიან შეცდომაში. ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეიძლება დაზარალებულებმა მიმართონ, შემოსავლების სამსახურია, თუმცა ამის შესახებ მათ არ იციან და საკუთარი უფლებების დაცვას ვერ ახერხებენ. "უნივერსამს", რომელიც გლდანის ტერიტორიაზე სულ რამდენიმე ხნის წინ გაიხსნა და "დაბალი ფასებით" იზიდავს მომხმარებელს, სინამდვილეში მყიდველი შეცდომაში შეჰყავს. ზოგიერთი ამას მხოლოდ სალაროსთან ხვდება, როდესაც საყიდლად შერჩეულ ნივთში თანხის გადახდა უწევს. უმეტესობა ვერც ამჩნევს სხვაობას და "იაფ პროდუქტს" სინამდვილეში ძვირად ყიდულობს. "რეზონანსის" ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ტყუილში გამოჭერილმა გამყიდველმა თავი იმით გაიმართლა, რომ კომპიუტერში შეტანილი მონაცემებით ყიდის პროდუქტს და დახლებზე მითითებულ ციფრებთან არაფერი აქვს საერთო“, - აღნიშნავს გამოცემა

"ზუსტად ასეთი შემთხვევის მომსწრე აღმოჩნდა თავად ამ სტატიის ავტორი: სუპერმარკეტში შევიძინე შოკოლადი, რომელზეც ფასი 12.30 ლარი იყო მითითებული. თანხის გადახდისას აღმოჩნდა, რომ 14.80 ლარი ღირდა სინამდვილეში. როცა უკმაყოფილება გამოვთქვი, მოლარემ მიპასუხა, რომ ლამის წუთობრივად იცვლება ფასი და მყისიერად ვერ ასწორებენ დახლზე. თავი იმართლა მენეჯერმაც, რომელსაც ჩემი პრეტენზია რატომღაც არ გაჰკვირვებია. თითო-ოროლა ნივთის შეძენისას ტყუილი აშკარავდება, მაგრამ სუპერმარკეტის თანამშრომლები ხშირად აქეთ გადმოდიან თავდასხმაზე და ცდილობენ, მაღალი ფასი გაამართლონ. ეს ინციდენტი ორიოდე დღის წინ შემემთხვა გლდანში, მეტრო "ახმეტელთან" მდებარე "უნივერსამში" და გავოგნდი, როცა რამდენიმე საათში იგივე განმეორდა "სპარშიც", სადაც 4,5 ლარად მითითებული ტკბილეულის ფასი დახლთან 11 ლარზე მეტი აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, საკუთარ თავს თუ არ დავიცავთ, პრობლემას ვერაფრით მოვაგვარებთ და მუდმივად შეეცდებიან ჩვენს მოტყუებას. მსგავსი შემთხვევა მოხდა მოსკოვის გამზირზე მდებარე "ორი ნაბიჯის" ერთ-ერთ სუპერმარკეტში, სადაც მომხმარებელმა თამარ მუკბანიანმა მარილიან ჩხირებში, მითითებულ ფასთან შედარებით, 20 თეთრით მეტი გადაიხადა. თეო ცირდავას თქმით, პრობლემაა, რომ გვატყუებენ და არ ვიცით, რეალურად რა ფასად ვყიდულობთ ჩვენ მიერ შერჩეულ პროდუქტს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ფასიანია ან 20 თეთრით მეტს გადავიხდით თუ 2 ლარით ვიზარალებთ, ერთიც და მეორეც სუპერმარკეტის დანაშაულებრივი ქმედებაა, რის გამოც დღეს არავინ ისჯება და ამიტომ ბედავენ ამდენს! ყველაზე მეტად კი სავაჭრო ქსელების წარმომადგენელთა, დაბალი რანგის თანამშრომელთა დამოკიდებულებაა გამაოგნებელი, რომელთაც ცოტა მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ კლიენტებთან ურთიერთობისას. როცა უკმაყოფილება გამოვთქვი, მაღაზიის მოლარემ უტიფრად მომიგო, რომ 20 თეთრი თუ არ მაქვს, ეს თურმე ჩემი პრობლემაა და არა სუპერმარკეტის! იმაზე კი არავინ იხდის ბოდიშს, რომ გვატყუებენ. როცა მგონია, რომ 11 ლარის პროდუქტს ვყიდულობ, დახლთან მოულოდნელად 13 ლარი აღმოჩნდება, ხანაც 20 ლარი სალაროსთან 25 ლარი "ხდება" და ა.შ. როდესაც რამდენიმე დასახელების პროდუქტს ვყიდულობ, ამ სხვაობას ვერც ვამჩნევ, შეიძლება უსირცხვილოდ მომატყუონ. გამოდის, რომ დღეში ასობით მომხმარებელს ატყუებენ", - განაგრძობს გამოცემა

"აღნიშნულთან დაკავშირებით "რეზონანსი" მომხმარებელთა უფლებების დამცავ ასოციაცია "ეტიკს" დაუკავშირდა. კომპანიის ხელმძღვანელ ამირან შენგელიას თქმით, თბილისში მომხმარებლების მოტყუების ფაქტები ბოლო დროს ძალიან გახშირდა, რისი მიზეზიც სავაჭრო ქსელების კონტროლის შესუსტებაა. ამირან შენგელიას თქმით, ბევრი ადამიანი წინასწარ ვერ ანგარიშობს, რა ღირებულების პროდუქტი აქვს შერჩეული. ფასს სალაროსთან იგებს და მოლარის მიერ დასახელებულ თანხას უსიტყვოდ იხდის. ეს პროცესი როგორმე უნდა გააკონტროლოს შემოსავლების სამსახურმა. იგი ერთადერთი ორგანოა, რომელსაც დაზარალებულებმა უნდა მიმართონ და მოითხოვონ დანაკარგის ანაზღაურება. ყველა ტყუის, მაღაზიის მფლობელიც და გამყიდველიც, თუმცა ბოლოს ამ უკანასკნელს აწმენდენ ხელს. უხეშად რომ ვთქვათ, ყველა ასეთი დანაშაული სავაჭრო ქსელების მფლობელების ნამაიმუნარია და ამის გამო მათ პასუხი უნდა აგონ. მისი განმარტებით, ნებისმიერ მსგავს სიტუაციაში მომხმარებელს აქვს უფლება, რომ გამყიდველს დანაკლისი პროდუქციის შევსება მოსთხოვოს, რათა ზარალი აუნაზღაურდეს. ეს უკანასკნელი ვალდებულია, ცდომილება თავად გამოასწოროს ან გადახდილი თანხა დააბრუნოს“, - წერს სტატიის ავტორი.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2018
ქართველთმოძულე სეპარატისტთა საველე მეთაური, რომელიც ქართულ სოფლებს ატერორებდა აფხაზეთს "ენგურჰესის" დენი დეკემბერშივე აღარ ეყო ახდენს თუ არა სასამართლოზე ზეგავლენას საზოგადოებაში არსებული განწყობები?
"მთავარია, გქონდეს ფული..." - სამი კაცის დამჭრელის გამოშვების გამო საზოგადოებაში აღშფოთება არ ცხრება

სწორია თუ არა სასამართლო, როცა 3 კაცის დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გამოუშვა?

ახალი ომის კერა ჩვენს საზღვრებთან - ერდოღანი სირიელ ქურთებს იერიშით ემუქრება
მიშა ექსტრადიციის ზღვარზე

ელოდებით თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას?

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა
მამუკა არეშიძე - "საქართველო სერიოზულ ხიფათს გადარჩა, თუმცა, დროებით..."

პრეზიდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ერთი ვეტო

როგორ მუშაობს პრობლემური სესხების ამოღების მექანიზმი

თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ჩატარდება მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება?
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?

ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს

ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2018
მაჩალიკაშვილის საქმე - რა მოხდება პანკისში

უნდა დაისაჯოს თუ არა ის სპეცრაზმელი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა?

მომხმარებელს 2018 წელი საწვავის გაძვირებით დაამახსოვრდება

აზერბაიჯანის ოპოზიცია ყრილობას თბილისში ჩაატარებს?!
ცხინვალი "საბაჟოს" გვიხსნის და ხორცპროდუქტებზე "ემბარგოს" გვიწესებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თავის დროზე ჩეჩნეთში განვითარებული პროცესები შეიძლება პანკისში გაგრძელდეს"

გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას?
მამულაშვილი: "ქართული ლეგიონი" დასაღუპად გაწირეს

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოძიება ობიექტურად წარიმართა?

ქართველი სამხედრო ქალების ავღანური ახალი წელი / ომის ვეტერანებს ახალ სასახლეში ელიან / სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა სამხედრო განათლებაში / რამდენი სეტყვის ღრუბელი დაშალა “დელტამ” / ამბავი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილზე / სოხუმიდან ქობულეთში 24 წლის შემდეგ “დაბრუნებული”.
ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?
პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში