არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4791
EUR
1 EUR
3.0282
RUB
100 RUB
4.0254
25-04-2018
ქართული პრესის მიმოხილვა 02.01.2018
ხათუნა ლაგაზიძე - "2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია"

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია" - საიას ხელმძღვანელი

ლადო პაპავა - "ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან..."

                                                           * * *
ხათუნა ლაგაზიძე - "2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია"

"ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და ახალი წლის დადგომა მივულოცო "კვირის პალიტრის" მკითხველსა და მთელ საქართველოს. ვუსურვო უსაფრთხოება, მშვიდობა და წარმატება. ვინაიდან სადღესასწაულო დღეებია, მოდი, დავიწყოთ შარშანდელ მიღწევებზე საუბრით. უპირველესად, ეს არის ვიზალიბერალიზაცია, რომელმაც დააგვირგვინა საქართველოს განვითარების ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ეტაპი და რაშიც თანაბარი წვლილი მიუძღვის ქართველ საზოგადოებასა და საქართველოს ყველა ხელისუფლებას. ჩვენი ვალია, ეს წარმატება ეფექტიანად გამოვიყენოთ და განვიხილოთ როგორც ერთი ეტაპი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღება და ინტენსიური ურთიერთობა, რაც ამ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური აქტიურობის ფონზე მართლაც მიღწევად უნდა ჩაითვალოს. ეს გახლავთ ის ორი განსაკუთრებული წარმატება, რასაც შარშან ქვეყანამ საგარეო პოლიტიკაში მიაღწია", - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "2018 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ტერორიზმია" / "დღესაც ყველაზე დიდი საშიშროება არის არა ცალკეული განწყობები პანკისის ხეობაში, არამედ ის, თუ როგორი რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს ამ განწყობებს ჩეჩნეთში, რა გართულება გამოიწვიოს და როგორ გამოიყენოს ეს რუსეთმა" / "შეგვიძლია ვილაპარაკოთ საქართველოსთვის ახალ მოვლენაზე - მსხვილ ბიზნესინტერესთა ჯგუფებზე, რომლებიც არიან მთავრობაშიც, პარლამენტშიც..."

"სამწუხაროდ, საშინაო პოლიტიკაში ასეთი მიღწევებით ვერ დავიკვეხნით. პრობლემა კი ბევრია, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც 2018 წელსაც გაგვყვება. ეს, უპირველეს ყოვლისა, არის საშუალო ფენის, ფაქტობრივად, ჩამოშლა - ლარის გაუფასურებით გამოწვეული გაღატაკების ფორსირებული პროცესი და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი... 2017 წელს ქვეყანაში მართლაც პირველად დავინახეთ ტერორიზმი, როგორც საფრთხე; ამასთანავე, დიდი გამოწვევის წინაშე დადგა საქართველოს უსაფრთხოების სისტემაც... ვგულისხმობ იმას, რომ დღეს ქვეყანას არ ჰყავს ორგანო, რომელიც შეასრულებს სტრატეგიული ტვინის ფუნქციას და იქნება უსაფრთხოების სისტემის მაკოორდინირებელი რგოლი. ასეთი სტრუქტურები ჩვენზე ძლიერ ქვეყნებშიც კი არსებობს. იმის მიხედვით, ქვეყანა საპრეზიდენტოა თუ საპარლამენტო, ეს რგოლი ფუნქციონირებს ან პრეზიდენტთან, ან - პრემიერთან. ჩვენთან კი, როგორც იცით, კონსტიტუციის ცვლილების შედეგად უშიშროების საბჭო, რომელიც პრეზიდენტთან არსებობდა, გაუქმდა, თავდაცვის საბჭო კი მხოლოდ საომარი ვითარების დროს შეიკრიბება, რის გამოც სრულიად გაუგებარი ხდება მისი ფუნქცია - ის შორს არის უშიშროების საბჭოს რეალური არსიდან. გაუქმდა პრემიერთან არსებული კრიზისების მართვის საბჭოც... უმნიშვნელოვანესია, ჩვენისთანა ქვეყანაში არსებობდეს ქვეყნის სტრატეგიულად სააზროვნო ორგანო, რომელიც ერთი მხრივ, შეძლებს უსაფრთხოების სისტემის კოორდინირებას, მეორე მხრივ კი - რისკების, გამოწვევების სისტემატიზაციას, შეფასებას, დასახავს პრევენციულ ზომებს და ა.შ." - აღნიშნავს გამოცემის კოდესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

"წლის ბოლოს პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოთხოვნით, ამერიკელები მალე ჩამოვლენ საქართველოში და სწორედ საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მდგრადობასა და ეფექტურობას შეამოწმებენ, ანალიზის შემდეგ კი შესაბამის რეკომენდაციებსაც შეიმუშავებენ. ეს მართლაც მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციაა, მაგრამ ვიდრე მთლიანად მოშლიდნენ ამ უსაფრთხოების სისტემას, მანამდე რატომ არავის მოუვიდა ეს აზრად?.. ამ სპეცოპერაციებს მე ერთი პროცესის ორ ფაზად განვიხილავ: ჩემი აზრით, ორივე ფაზისას სპეცსამსახურების საქმიანობას სწორედ კოორდინაცია აკლდა და ამ შემთხვევაშიც მაკოორდინირებელი რგოლის არარსებობამ უარყოფითი როლი შეასრულა. რაც შეეხება ტერორიზმს, როგორც საქართველოსთვის 2018 წლის მთავარ გამოწვევას - უმთავრესია, საქართველომ შეასრულოს თავისი მოვალეობა ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში - გაცვალოს ინფორმაცია და მჭიდრო კავშირი დაამყაროს პარტნიორ ქვეყნებთან. ამასთანავე, შეძლოს საზღვრების დაცვა. ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის საზღვრების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! ჩვენ არ ვიცით, რა მოჰყვება ჩატაევის საქართველოში შემოვლას. მის ლიკვიდაციას, ანუ პირველ ფაზას, არ მოჰყოლია ისეთი მწვავე შედეგი, როგორიც მოჰყვა მეორე ფაზას, ანუ პანკისში განხორციელებულ სპეცოპერაციას. უკვე ვთქვით, რომ საქართველო, ბევრი მიზეზის გამო, აქამდე არ ყოფილა ტერორისტების სამიზნე. ისინი უფრო რეზონანსულ ქვეყნებს ირჩევენ ხოლმე, სხვა შემთხვევაში კი შურისძიების მოტივით მოქმედებენ. დღემდე საქართველოს მიმართ შურისძიების განწყობა არ არსებობდა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ახლა ჩვენი ამოცანაა, ის მაინც შევძლოთ, რომ შურისძიების მოტივი არ გავაჩინოთ. ამის ნიშნები ჩატაევის ლიკვიდაციის შემდეგ არ ჩანდა, სამაგიეროდ, ამაზე მინიშნება დაიწყო პანკისში ჩატარებული მეორე ფაზის შემდეგ. რაც ვნახეთ, იმ შეკრებების, მოწოდებების, განწყობის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, რადგან ეს შეიძლება საქართველოსთვის დიდ საფრთხედ იქცეს. არა იმიტომ, რომ პანკისში ცხოვრობენ ჩვენი მუსლიმი მოქალაქეები, არამედ, უპირველესად, იმიტომ, რომ რუსეთი ყოველთვის განსაკუთრებულ ნეგატიურ ყურადღებას უთმობდა პანკისს, ცდილობდა, ეს ხეობა საქართველოს აქილევსის ქუსლად წარმოეჩინა და ეს ქვეყნის წინააღმდეგ გამოეყენებინა. გაგახსენებთ, თავის დროზე რუსეთი სწორედ პანკისში ითხოვდა ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას, რაც, ფაქტობრივად, ახალი რუსული ბაზის ტოლფასი იქნებოდა. დღესაც ყველაზე დიდი საშიშროება არის არა ცალკეული განწყობები პანკისის ხეობაში, არამედ ის, თუ როგორი რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს ამ განწყობებს ჩეჩნეთში, რა გართულება გამოიწვიოს და როგორ გამოიყენოს ეს რუსეთმა. ჩემი აზრით, 2018 წელს საქართველოსთვის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იქნება", - მიიჩნევს ექსპერტი.

"გაგახსენებთ რამზან კადიროვის განცხადებას - `ისლამური სახელმწიფოს~ მებრძოლებმა უკვე საქართველომდე მოაღწიეს და მათი ჩეჩნეთში შემოსვლა ჩვენ არ უნდა დავუშვათო! რას ნიშნავს ეს? შესაძლოა, იმასაც, რომ საქართველოში უნდა მოხდეს მათი ნეიტრალიზება... სხვა როგორი სცენარები შეიძლება განვითარდეს, ამის ანალიზი მკითხველისთვის მიმინდვია. ვფიქრობ, ეს ძალიან საშიში მესიჯია. მთავარია, პანკისელებს სჯეროდეთ, რომ მათ უფლებებს საქართველო დაიცავს და არ დაიწყონ დამცველების ძებნა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რის თაობაზე განცხადებებს ამ დღეებში ვისმენდით... მეორე და უმნიშვნელოვანესი არის საზოგადოების ყველა ფენის მომზადება მსგავსი სიტუაციებისთვის. იმან, რაც სოციალური მედიით ხდებოდა, აჩვენა, რაოდენ გვაკლია სახელმწიფოებრივი მიდგომა... დაუშვებელია პოლიტიკური მანიპულირება, ემოციებს აყოლა და ასეთი განწყობების გამოვლენა, როცა საქმე ქვეყნის უსაფრთხოებასა და ტერორიზმის საფრთხეს ეხება. ქართველი საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს იმას, რომ შესაძლოა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტერორიზმთან სხვადასხვაგვარად დაკავშირებულ პირთა მიმართ კვლავაც მოგვიწიოს პრევენციული თუ განეიტრალების ღონისძიებების ჩატარებამ", - ამბობს ლაგაზიძე.

"ეს ის თემებია, რომლებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ახსნა-განმარტებითი მუშაობა. ჩვენ ამის გამოცდილება არ გვაქვს, ამიტომაც აუცილებელია, ხელისუფლებამ დასავლეთს სთხოვოს სპეციალისტებით დახმარება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რით შეიძლება დაზიანდეს სახელმწიფოს ინტერესები და რით - არა. ამ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთიანი პოზიცია და არა _ ისტერია, რომელიც ვიხილეთ. ასეთ დროს ხელისუფლებამ განწყობების მართვა უნდა იცოდეს და ეს ცენზურა არ არის!.. მაქსიმალური კოორდინაცია გვმართებს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით - აშშ-თან. კიდევ ერთი - რუსეთის ფაქტორი არის თემა, რომელთან დაკავშირებით, გვინდა თუ არა, რუსეთთან თანამშრომლობა მოგვიწევს. ამგვარი თანამშრომლობის მაგალითი აჩვენეს გასული წლის ბოლოს აშშ-მა და რუსეთმა, როდესაც აშშ-მა, ტრამპის განცხადებით, უმსხვილესი ტერაქტები აღკვეთა პეტერბურგში და აშშ-ის სპეცსამსახურებმა პუტინის მადლობაც კი დაიმსახურეს. ჩვენ უნდა შევძლოთ რისკების მინიმიზება. იმისათვის, რომ საქართველო არ იქცეს ტერორისტების შემოღწევისა და ნეიტრალიზების პოლიგონად, აუცილებელია საზღვრების დაცვა... ძალიან კარგია ჩვენთვის "ჯაველინების" მოყიდვა, მაგრამ ეს არ არის ის იარაღი, რომელიც საქართველოს ტერორიზმის საფრთხისგან დაიცავს; ქვეყანამ უნდა გააცნობიეროს, რა საფრთხე ემუქრება ახლა და ამ მიმართულებით სთხოვოს აშშ-ს დახმარებაც და მონაწილეობაც... ჩვენ აქამდე არ ვიყავით ტერორიზმის მაღალი რისკის ზონაში. თუ გონივრული მოქმედებით მოვახერხებთ, რომ ვითარება ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს, ეს იქნება იდეალური ვარიანტი. ტერორიზმი არ არის ის თემა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას ჯიბრში უნდა ჩაუდგნენ...", - დაასკვნის რესპონდენტი.

"ეკონომიკური საკითხების შემფასებლად ვერ გამოვდგები, თუმცა შემიძლია, სამთავრობო ცვლილებები შევაფასო... სამწუხაროდ, ეს ცვლილებები არ იყო გამოწვეული იმ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავების სურვილით, რომლებიც მოგვეძალა. აქ უფრო ხელისუფლების შიგნით სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფს შორის ბალანსის აღდგენის მცდელობა ჩანდა. ისმის კითხვა: ვის შორის? ხელისუფლების შიგნით პოლიტიკური ლიდერები არ არიან, ასეთად მხოლოდ კალაძე შეიძლებოდა მიგვეჩნია, მაგრამ ისიც თბილისის მმართველობაში გადავიდა. რადგან პოლიტიკური ლიდერები არ ჩანან, ხელისუფლების შიგნით პოლიტიკურ ინტერესთა ჯგუფებზეც ვერ ვილაპარაკებთ... მაგრამ შეგვიძლია ვილაპარაკოთ საქართველოსთვის ახალ მოვლენაზე - მსხვილ ბიზნესინტერესთა ჯგუფებზე, რომლებიც არიან მთავრობაშიც, პარლამენტშიც... უმრავლესობის ფრაქციებად დაყოფის დროს სწორედ ეს ვიხილეთ. ჯერჯერობით ლაპარაკი, რომ მათ აქვთ პოლიტიკური ინტერესები, შეცდომა იქნება. მათ უფრო მთავრობასა თუ პარლამენტში საკუთარი ბიზნესისთვის ადგილის მონიშვნის სურვილი აქვთ, ისე მაინც, რომ შიდა სახელისუფლებო ალიანსში კარგი პოზიცია დაიკავონ. როგორც ჩანს, ძვრები მოხდა და ბალანსი დაირღვა, სამთავრობო ცვლილებები კი მხოლოდ ამ ბალანსის აღდგენას ისახავდა მიზნად,", - თვლის ექსპერტი.

"ცუდი ის გახლავთ, რომ ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ მივიდა დასკვნამდე, რომ ახალი სახეებია მოსაძებნი და მთავრობას სისხლის გადასხმა სჭირდება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ეს სამთავრობო ცვლილებები სწორედ ამის მაგალითი იყო. პირველ ეტაპზე კიდევ გვქონდა იმედი, რომ ეს რეორგანიზაცია ოპტიმიზაციას მოემსახურებოდა და საბიუჯეტო სახსრები მაინც დაიზოგებოდა, მაგრამ არც ეს მოხდა. ერთი ნათელი წერტილი, რაც წლის ბოლოს გამოჩნდა, არის ის, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ დააანონსა ახალი პორტალის შექმნა, სადაც მოქალაქეთა ჯგუფებს ან ინდივიდებს შეეძლებათ თავიანთი წინადადებების განთავსება და თუკი პეტიციაზე ხელმომწერთა რაოდენობა 10 000-ს მიაღწევს, მთავრობა იკისრებს ვალდებულებას, დაიწყოს ამ საკითხის განხილვა და საზოგადოებას აცნობოს თავისი გადაწყვეტილება. კარგია, რომ ამის საჭიროება დაინახეს. ახლა ხალხს საშუალება ექნება, ხმა მიაწვდინოს ხელისუფლებას, თუმცა რამდენად შედეგიანი იქნება ეს, 2018 წელს ვნახავთ... ოპოზიციაში ჯერ არ ჩანს არავინ, ვის პერსპექტივაზეც შეიძლება ვილაპარაკოთ, სამაგიეროდ, ხელისუფლების შიგნით კახა კალაძე 2018 წელსაც დარჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა 2018 წელი მისთვისაც გამოწვევების წელი იქნება, - წინააღმდეგობები ელის არა მხოლოდ ოპოზიციისგან, არამედ საკუთარი გუნდისგანაც. საინტერესო სტარტი ჰქონდა გიორგი გახარიას. ისე გამოჩნდა, თითქოს მას ჰქონდა პოტენციალი, აეკრიფა პოლიტიკური წონა და კალაძის საპირწონედ ქცეულიყო. შს მინისტრობის პირველივე დღეებიდან ის, საკუთარი კომუნიკაბელურობით, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, სწორედ ამ პოსტზე წარმოჩნდა უფრო რეფორმატორული იდეებით. საინტერესოა, რომ მაღალ პოსტებზე მან რამდენიმე მაღალი დონის პროფესიონალი მიიწვია, რაც ნიშნავს, რომ მას, "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, პროფესიონალების არ ეშინია, რაც საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის თვისებაა", - აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებამ ბოლო დროის გახმაურებულ თემებზე აჩვენა, როგორ ცდილობს აქ დაბუდებული მცდარი სისტემა გახარიას შეცდომები დააშვებინოს და საკუთარ მძევლად აქციოს. როგორც ჩანს, ამ სისტემას მაინცდამაინც არ ესიამოვნა, მეტიც - გულზე მოხვდა გახარიას გამოცხადებული რეფორმები და ამის საპასუხო დადებითი განწყობა, მედიისა და ოპოზიციისაც კი. ვნახოთ, რამდენად არის გახარია მზად ამ მნიშვნელოვანი შერკინებისთვის. ის არჩევანის წინაშე დააყენეს. ერთი მხრივ, სისტემის გადმოსახედიდან, თუ პოლიციის მუნდირს შეეხება, სისტემა აუმხედრდება, რის მერეც ძალიან გაუჭირდება მისი მართვა; მეორე მხრივ კი, საზოგადოება, რომელიც დიდი მოლოდინით შეეგება მის მინისტრობას, აშკარად იმედგაცრუებულია და მალე მისი ეს განწყობა აგრესიაში გადაიზრდება", - დასძენს რესპონდენტი და შეკითზვაზე - "მომავალ წელს საქართველოს ისევ მოუწევს, პირდაპირი წესით აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი..." - პასუხობს:

"აქამდე ყველაზე რეალურ სახელისუფლებო კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი განიხილებოდა, თუმცა პარლამენტში მომხადარი ინციდენტის შემდეგ მისი საპრეზიდენტო შანსები აშკარად შემცირდა. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბიზნესინტერესთა ჯგუფებზე; ვფიქრობ, ისინი აუცილებლად იბრძოლებენ იმისთვის, რომ თავისიანი იხილონ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად. პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, გამარჯვების შანსი აქვს სახელისუფლებო კანდიდატს, მაგრამ თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ გამოჩნდება ლიდერი - უპარტიო კანდიდატი, რომელიც დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტსაც შეუძლია გახდეს საერთო-სახალხო ლიდერი, რომელიც შეეცდება და მოახერხებს საზოგადოების ინტერესებით მოქმედებას ყველა მნიშვნელოვანი პრობლემის წამოჭრისას, ის მოიპოვებს დიდ მხარდაჭერას და ექნება შანსი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში კი მივიღებთ დიდი პოლიტიკური ძალის პერსონას..."

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია" - საიას ხელმძღვანელი

"კორუფციის რისკი, კერძო ტელევიზიების ზარალი, გაუმჭვირვალე დასაქმების პოლიტიკა და დაბალი ნდობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ - ეს იმ შენიშვნების მცირე ჩამონათვალია, რომლის გარშემოც მედია, სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკოსები, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გაერთიანდნენ, თუმცა ცვლილებების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა უკვე მესამე მოსმენითაც დაამტკიცა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. სწორედ საკანონმდებლო პაკეტში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულება სუსტდება და კორუფციის საფრთხე იზრდება, კერძო მაუწყებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს საკანონმდებლო ცვლილებებზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდეს. "კვირის პალიტრა" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს, სულხან სალაძეს ესაუბრა", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით საია: "საზმაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია".

"მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი ნორმები ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ტელევიზიას საზოგადოებრივი მაუწყებლის არსსა და იდეას სრულად უკარგავს. განსაკუთრებით სახიფათოა რამდენიმე პუნქტი, მათ შორის, შესყიდვების გამარტივება და სტარტაპების დაფინანსების უფლება. ასეთ შემთხვევაში მენეჯმენტი ყოველგვარი რეგულირების სფეროდან გავა და საბჭოსთან შეთანხმების გარეშე სუბიექტურად შეძლებს ფინანსების განკარგვას, ანუ, თუ ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენითაც დაამტკიცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ექნებათ ბიუჯეტის თანხა მათთვის სასურველ სუბიექტსა თუ კომპანიას გადაურიცხონ, თანაც ისე, რომ სამართლებრივად ვერავინ გააკონტროლებს გარიგების კორუფციულ რისკებს. ცვლილებების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭო მხოლოდ ფორმალური ორგანო გახდება და ამას საბჭო ბევრჯერ ინანებს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სულხან სალაძე.

"თუ გავითვალისწინებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ეწინააღმდეგება სახიფათო ცვლილებებს, ვეტოს შემთხვევაში დიდია ალბათობა, პარლამენტს მისი დაძლევა გაუჭირდეს. მაშინ, როცა კომერციული ბაზარი მცირდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსება კი სულ უფრო მატულობს, თანაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი უკვე შეადგენს მთლიანი სარეკლამო ბაზრის 50%-ს, მენეჯმენტი კერძო სექტორიდან დამატებით დაახლოებით 2 მილიონი ლარის გატანას აპირებს. ასევე ითხოვს სასპონსორო უფლებამოსილების გაზრდას, რაც ასევე სერიოზული კორუფციული რისკის შემცველია - გასული წლების სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკმაოდ დიდი დრო გაყიდა სპორტული თუ სხვა გასართობი შოუების პერიოდში რეკლამის სახით, თუმცა მცირე თანხა დაილექა მის ბიუჯეტში, დანარჩენი ფული შუამავალ კომპანიებში გადანაწილდა. ამასთან, მეტი შესაძლებლობა ექნებათ ბაზარზე დემპინგური ფასებით შემოვიდნენ და პრობლემა შეუქმნან კერძო ტელევიზიებს, ეს საფრთხეა დაბალბიუჯეტიანი ტელევიზიებისთვის", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მომავალ წელს მას 53 მილიონი გარანტირებული ექნება, 2019 წელს და შემდგომ წლებში კი ეს დაფინანსებაც ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლის პროპორციულად გაიზრდება. გარანტირებული დაფინანსების ტელევიზიას როგორ უნდა გავუთანაბროთ კერძო ტელევიზიის პირობები, მათ ხომ თითოეული ლარის მოსაპოვებლად უდიდესი შრომა უწევთ? კონკურენცია არც უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მოტივაცია, მას სხვა ამოცანები აქვს საზოგადოების წინაშე. თუ თითქმის 50 მილიონით ვერ უმკლავდები გამოწვევებს, დაფინანსების მცირედით გაზრდა ვერ იქნება გარანტია, რომ ტელევიზიის რეიტინგი გაიზრდება. არაერთი ტელევიზიაა, რომელსაც ბევრად მცირე ბიუჯეტი აქვს, რეიტინგი კი ბევრად დიდია. თავიდანვე ნათელი იყო, არხი რა გეზს აიღებდა. პირველად ამის ნიშნები მაშინ გამოჩნდა, როდესაც ხელმძღვანელის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურა წარადგინეს და არჩევნებიც გაუმჭვირვალედ წარიმართა... პროცესი იმით გაგრძელდა, რომ დაანონსებული გაუგებარი რეფორმები რამდენჯერმე შეიცვალა და ათეულობით გადაცემის დახურვის შემდეგ, მაინც ვერ გავიგეთ, რა კონცეფცია აქვს არხს. მენეჯმენტის არათანამიმდევრულობა მაშინაც გამოჩნდა, როცა მაღლაფერიძემ განაცხადა, წლის ბოლოს ცალკე სპორტული არხი გვექნებაო, თუმცა გაირკვა, რომ სამეთვალყურეო საბჭოში ამაზე არც უმსჯელიათ" - მიიჩნევს საიას ხელმძღვანელი.

"პროცესის გვირგვინი იყო ბრიუსელის ბიუროში ქაოსი. ჯერ ჟურნალისტ ქეთევან ქარდავას განუცხადეს, რომ ბიურო უნდა დახურულიყო, რადგან მისი შენახვის რესურსი თურმე არ გააჩნდათ. შემდეგ კი მენეჯმენტი ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს. ჩვენი ინფორმაციით, ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი თებერვლიდან საქართველოში უნდა დაბრუნდეს, ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოში განხილულ ახალ პროექტში ბრიუსელის ბიურო არც ყოფილა გათვალისწინებული, გაუგებარია, როგორ აანონსებს მაღლაფერიძე ბრიუსელის ბიუროს გაფართოებას და თანაც, იქ მომუშავე ჟურნალისტის გარეშე. ფაქტობრივად, ბრიუსელის ბიუროს დახურვის ინიციატივა პოლიტიკური განაცხადია, რადგან ბრიუსელში ნატოსა და ევროკავშირის ცენტრალური ოფისებია, შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს ამბობს კონტაქტში იყოს ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებთან. არადა, არხს აქვს რესურსი იყოს წარმოდგენილი იქ, სადაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ გადაწყვეტილებებს იღებენ. ფინანსების უქონლობაზე გვესაუბრება არხის მენეჯმენტი მაშინ, როცა ბათუმის ოფისის მოსაწყობად მილიონი ლარი გამოყო", - დასძენს სულხან სალაძე და შეკითხვაზე - "მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ არხის ვებგვერდზე გამოქვეყნებული, ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი დამონტაჟებული ვიდეორგოლის გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს..." - პასუხობს:

"უცნაურია, რომ შსს-სგან არხმა ეს ვიდეორგოლი გამოითხოვა და მოთხოვნა იმ დღესვე დაუკმაყოფილეს, როდესაც ჩვენ წლების განმავლობაში არ გვაწვდიან საჯარო ინფორმაციას... მასალა დამონტაჟებული იყო და არ ასახავდა სრულ ვითარებას. არც სამეურვეო საბჭოს, არც გენდირექტორს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე და რა ვალდებულებას გრძნობს ამ გაუგონარი ფაქტის გამო. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს არხის სახიფათო კურსსა და სარედაქციო პოლიტიკაზე".

ლადო პაპავა - "ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან..."

"სამომხმარებლო კალათში შედის წყალიც, ელექტროენერგიაც და სხვა კომუნალური მომსახურებაც, შესაბამისად, თუ ტარიფი იზრდება, ის აისახება საერთო მაჩვენებელშიც იმ წილით, რა წილითაც არის წარმოდგენილი სამომხმარებლო კალათში და ის უშუალოდ ინფლაციაზე აისახება; ხოლო რამდენით გაიზრდება ყოველი ოჯახის დანახარჯი გაზრდილი ტარიფის გამო, ამას შესაძლოა მხოლოდ გასაშუალოებული მაჩვენებელი მივუსადაგოთ. არ არის გამორიცხული, გაზრდილი ტარიფის გამო ოჯახებმა ერთი პროდუქტის ნაცვლად მეორე მოიხმარონ", - აცხადებს პროფესორი ლადო პაპავა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან..." / "თუ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, "გუგუნებს ქვეყანა", ინვესტიციები შემოდის, რაც ვალუტის შემოტანას ნიშნავს, მაშინ რა სჭირს ლარს?" / "2018 წელს ერთი საფრთხეა მოსალოდნელი და განსაკუთრებით მინდა ჩვენი მოსახლეობა გავაფრთხილო კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ".

"ყველაზე მთავარია, ვთქვათ, რით არის ეს განპირობებული. ერთი წამითაც არ შემაქვს ეჭვი, რომ მარეგულირებელი კომისია და მისი აპარატი კომპეტენტური ადამიანები არიან, მოქმედებენ კანონიდან გამომდინარე და უნდა ვივარაუდოთ, რომ გაანგარიშებული ტარიფები და მიღებული გადაწყვეტილება მეტ-ნაკლებად სწორია. როცა ინვესტორი ამბობს, რომ მან უნდა დააბანდოს ელექტრო თუ წყალმომარაგების კომპანიაში ინვესტიცია, რა კურსით უნდა გაანგარიშდეს ლარი-დოლარი? როცა ლარის კურსი განიცდის არაპროგნოზირებად რყევას და როცა ქვეყანაში არ არსებობს ლარის კურსზე არც ერთი პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო, ინვესტორმა როგორ მოახდინოს ბიზნესის პროგნოზირება. წყლისა და დენის საფასურს ჩვენ ლარში ვიხდით, ხოლო ინვესტორმა ლარი დოლარში უნდა გადაახურდაოს, რათა განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიები შემოიტანოს. დღეს არ ვიცით, რა იქნება ერთი-ორი წლის შემდეგ, მაგრამ მოლოდინი, სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ჩამოყალიბდა. ეს კი, უწინარეს ყოვლისა, იმის ბრალია, რომ ეროვნული ბანკი, ვინც არის ამაზე პასუხისმგებელი, ამბობს, რომ მას ეს თემა არ ეხება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა.

"არა მხოლოდ ტარიფებს, დღეს ლარსაც პოლიტიკური ფასი აქვს, რომელიც დოლარშია გამოხატული - ეს ყველაზე მთავარი პოლიტიკური ფასია და აქედან გამოდის შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. ეროვნული ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან, რაშიც მას, სამწუხაროდ, კანონიც ხელს უწყობს. ლარის მშობელი ეროვნული ბანკია და არ შეიძლება ხელი დაიბანოს იმაზე, რაც მოსდის ლარს. თუ ეროვნული ეკონომიკა გაძლევს სიგნალს, რომ ლარი ვერ იქნება სტაბილური და ის უნდა გაუფასურდეს, ეროვნულმა ბანკმა ის ხელოვნურად არ უნდა დაიჭიროს, მაგრამ ეს უნდა იყოს არა ლარის ზემოთ-ქვემოთ ხტუნვით, არამედ უნდა განხორციელდეს თანდათანობითი, პროგნოზირებადი პროცესი და მაშინ ბიზნესიც, მოსახლეობაც ამას მეტ-ნაკლებად შეეგუება. თანაც ნახეთ, როდის ხტუნაობს ლარი, წინასაახალწლო პერიოდში, ადრე, ამ დროს მაინც სტაბილურად ლარის გამყარება გვქონდა ხოლმე", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ცუდია, როცა სტატისტიკური კვლევები და სტატისტიკის სამსახური პოლიტიკურ წნეხში შეიძლება იყოს. შევხედოთ ვითარებას, რომელიც ჩამოყალიბდა იმავე სიღარიბის შეფასებისთვის. იმისთვის, რომ სიღარიბე რეალურად შევაფასოთ, საჭიროა ვიცოდეთ, რამდენია რეალური საარსებო მინიმუმი. მაგალითად, 2017 წლის ნოემბრისთვის შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175,7 ლარია. დღევანდელი საარსებო მინიმუმი ჩამორჩება თუნდაც იმას, რასაც გვპირდებოდა 2012 წელს, ანუ 5 წელზე მეტი ხნის წინ ირაკლი ალასანიას პარტია, რომელიც, თავის მხრივ, "ქართული ოცნების" ბლოკში იყო. გახსოვთ, ალბათ, დაპირება 220-ლარიანი პენსიის შესახებ. როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეს საკითხები დაივიწყეს. დღეს პასუხს ვერ მოვთხოვთ ვერც ალასანიასა და ვერც მის გუნდს, რადგან ყველა მთავარი სახე თამაშგარე მდგომარეობაშია. ზოგმა გუნდი შეიცვალა და ახლა ხელისუფლებაში თანამდებობაზეა. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ მეთოდოლოგიურად არსებობს პრობლემები საარსებო მინიმუმის განსაზღვრაში. მარტივად რომ ავხსნათ, ხორცის მოხმარება საარსებო მინიმუმის ერთ-ერთი კომპონენტია. თუ შევადარებთ სომხეთისა და საქართველოს საარსებო მინიმუმის კალათებს, აღმოჩნდება, რომ ჩვენთან ხორცის კომპონენტი კალათში გაცილებით ნაკლებია. თითქოს ერთ რეგიონში ვართ, კვების კულტურაც მეტ-ნაკლებად მსგავსი გვაქვს და ასეთ ვითარებაში არ იბადება კითხვა, რატომ სჭირდება ქართველ მამაკაცს ნორმალური არსებობისთვის, სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის ნაკლები ხორცი, ვიდრე სომეხს?" - ამბობს პროფესორი.

"ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს! თუ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, "გუგუნებს ქვეყანა", ინვესტიციებიც შემოდის, რაც უცხოური ვალუტის შემოტანას ნიშნავს, მაშინ რა სჭირს ლარს? ამის მიზეზია ეკონომიკური პოლიტიკის ის პრიმიტივიზმი, რომელიც დამახასიათებელია თანამედროვე ეტაპისთვის. ადრეც მისაუბრია 4-პუნქტიანი გეგმის პრიმიტიულ მოდელზე, რომელიც ეკონომიკის რეალურ სექტორს არანაირად არ ავითარებს. შეიძლება სტატისტიკურად გიჩვენოს, რომ ეკონომიკა გაიზარდა, მაგრამ რის ხარჯზე? შემოსული ტურისტის ხარჯზე რომ ეკონომიკა გეზრდება, განა ეს კარგია? როცა აქცენტს აკეთებ ტურიზმის განვითარებაზე და არ ლაპარაკობ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე, არ ლაპარაკობ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაზე, განათლების პრიორიტეტულობაზე, ეს შეცდომაა! 2017 წელს ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ როცა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი გაქვს 4% (ეროვნული ბან­კის მისამართით ვამბობ), ის კი 7%-ს გადააჭარბებს, ეს უკვე არანაირი მიზნობრივი მაჩვენებელი აღარ არის", - მიიჩნევს პაპავა.

"ის ქვეყნები, რომლებიც იყენებენ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, ასახელებენ ქვედა და ზედა ზღვარს, შემდეგ კი ამ ამპლიტუდაში მოძრაობს ინფლაცია; ან ასახელებენ, რამდენი პროცენტული პუნქტით შეიძლება იყოს გადახრა მიზნობრივი მაჩვენებლიდან. ჩვენ კი ასე არა გვაქვს. მხოლოდ ერთი მაჩვენებელია დასახელებული, არც გადახრაა ნაგულისხმები და არც ქვედა ან ზედა ზღვარი. ეს კი ხელ-ფეხს უხსნის ეროვნულ ბანკს, თუ მიზნობრივს გასცდა ინფლაციის მაჩვენებელი, თქვას, რომ ეს დროებითი გადახრაა. ინფლაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის ერთადერთი. ინფლაციის გამომწვევი არის არა მხოლოდ მოთხოვნის ზრდა, ფულის მასის ზრდა, არამედ ინფლაციას იწვევს ხარჯების ზრდაც. ეს ის არის, რითაც, მაგალითად, საუბარი დავიწყეთ - წყალი, ელექტროენერგია. ეროვნულ ბანკს არანაირი ინსტრუმენტი არა აქვს ხარჯების ზრდით გამოწვეული ინფლაციის შესაჩერებლად. მან რომ ახლა ფულის მასა შეამციროს, ამით ინფლაციას კი შეამცირებს, მაგრამ ეკონომიკას მიაყენებს ძლიერ დარტყმას. ეს კი ნიშნავს, რომ კანონში ჩანაწერი ეროვნული ბანკის ფუნქციების შესახებ აღარ არის ქმედუნარიანი", - განმარტავს პროფესორი.

"ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული, უკვე ფიქრობს, რომ მიდგომები უნდა შეიცვალოს, რადგან როცა დიდია იმპორტის წილი, გაცვლითი კურსი თამაშობს გადამწყვეტ მნიშვნელობას. გასულ წელს გადავედით ე.წ. ესტონურ მოდელზე სრულიად გაუმართლებელი სქემით, რომლის მიხედვითაც შეღავათი შეეხო ყველაფერს და პირველ რიგში სასტუმროებს, ტურისტულ ბიზნესს, შეეხება საფინანსოსაც, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება შეღავათი. საგადასახადო შეღავათი მოგების რეინვესტირების შემთხვევაში უნდა ყოფილიყო მხოლოდ ეკონომიკის რეალურ სექტორში, თანაც პირველ რიგში იქ, სადაც მაღალტექნოლოგიური განვითარება ხდება. როცა ეს შეღავათი დააწესეს, ამან ბიუჯეტს 400 მილიონი ლარი დააკარგვინა, ამის გამო დასჭირდათ აქციზების გაზრდა. რატომ არ გაზარდეს სხვა გადასახადი? იმიტომ, რომ ბრიყვული ჩანაწერი გვაქვს ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდიდან კონსტიტუციაში, რომ თურმე რეფერენდუმით უნდა არეგულირო გადასახადის განაკვეთის ზრდა ან სხვა გადასახადის დაწესება თუ უნდათ", - დაასკვნის რესპონდენტი.

"რეფერენდუმი არ ეხება მხოლოდ აქციზებს და ამიტომაც გაზარდეს მათი განაკვეთი, რაც არაფერ კავშირშია ფულის მასასთან და ეროვნული ბანკი თამაშგარე მდგომარეობაშია. რასაც ვამბობ, სულაც არ არის გასაგებად რთული, თუ ადამიანს ექნება ორი რამ - მხოლოდ იმით არ იყოს დაკავებული, როგორ გაამართლოს დაკავებული თანამდებობა და ყურის დაგდების უნარი ჰქონდეს", დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "ერთი პოზიტიური ეკონომიკური მოვლენა მაინც არ გახსენდებათ?" - პასუხობს:

"ერთის ნაცვლად ორს გეტყვით. პირველია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება ჩინეთთან, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობებს გაუხსნის ქვეყანას გონივრული მიდგომის შემთხვევაში. მეორე არის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გახსნა, რაც, ფაქტობრივად, დიდი აბრეშუმის გზის შემდგომი ეტაპია... 2018 წელს ერთი საფრთხე არის მოსალოდნელი და განსაკუთრებით მინდა ჩვენი მოსახლეობა გავაფრთხილო კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. დიდია ალბათობა, რომ კრიპტოვალუტები, განსაკუთრებით კი ბიტკოინი "აფეთქდება", და ამაზე მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები ლაპარაკობენ. არ არის გამორიცხული ეს 2018 წელს მოხდეს. ეს ფინანსური პირამიდა რომ აუცილებლად აფეთქდება, ამას წყალი არ გაუვა, ხოლო საქართველოში საკმაოდ დიდია კრიპტოვალუტებით გატაცება. ძალიან კარგია, რომ ეროვნულმა ბანკმა ცოტა ხნის წინ გააფრთხილა მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ჯობდა, უფრო ადრე ეთქვა, უფრო მკაფიოდ, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. სხვა მხრივ, პრინციპულ ცვლილებებს ეკონომიკურ პოლიტიკაში კი არ ველოდები".

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნაკლებად სავარუდოა რევოლუციამ სომხეთის საგარეო ვექტორი შეცვალოს

უნდა გახდეს თუ არა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი?
სომხური ოპოზიცია ხელისუფლებასთან ძალაუფლების გადაცემაზე იწყებს მოლაპარაკებას

ხომ არ იჩქარა კვირიკაშვილმა სარგსიანისთვის პრემიერ-მინისტრობის მილოცვა?
რამაზ საყვარელიძე - "არაფერი არ გვიშველის, სანამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მოპარვა სამარცხვინო საქციელი არ არის"

უნდა ჩავიდეს თუ არა პრემიერ-მინისტრი პანკისში?

შეტაკებები ერევანში - დაკავებულია 300-მდე ადამიანი, დაშავდა 7, აქციები გრძელდება
"ოცნების" შერიგების ფორმულა - რა იქნება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ

"25 წლის გოგონას მკვლელი უვნებლად აიყვანეს, უდანაშაულო თემირლანს კი შუბლში ესროლეს"

თორნიკე შარაშენიძე - "საპრეზიდენტო არჩევნებამდე "ოცნება" არ დაიშლება"
"ოცნების" ძველი სახეები "კოლექტიური ზარდიაშვილების" უკან დახევას ზეიმობენ

თქვენი აზრით, ხალხმაც მადლობა უნდა გადაუხადოს ეკონომიკურ გუნდს? წარმატებულია მათი საქმიანობა?
დღეს "ოცნებაში" პოლიტიკური განაჩენი დადგება - ვინ გაიმარჯვებს - "ძველები" თუ "ახლები"

საჭიროა თუ არა ევროპაში დაწყებული მასშტაბური ანტიკრიმინალური ოპერაციის გაგრძელება საქართველოშიც?

მანქანებისა და უძრავი ქონების დალომბარდება აიკრძალება?!
სომხეთის ოპოზიცია "აზიურ-ტოტალიტარული მმართველობის" დამხობით იმუქრება

სომხეთში მიმდინარე პროცესების ფონზე, ასე სწრაფად უნდა მიელოცა თუ არა პრემიერ კვირიკაშვილს სერჟ სარგსიანისთვის?
პუტინი მსოფლიო ქაოსით იმუქრება - კრემლის პასუხს კავკასიის მიმართულებით ელოდებიან

ეთანხმებით თუ არა განცხადებას, რომ თუ ე.წ. ახალგაზრდა ლიდერები იქნებიან საპრეზიდენტო კანდიდატის თანმხლები "ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს?

შეწყალებულთა რაოდენობა, შესაძლოა, მკვეთრად შემცირდეს
მამუკა არეშიძე - "ლოკალური ომები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იფეთქებს"

მოსკოვის სირცხვილი და უკან დახევა

"ფინანსურ ბაზარზე, ფაქტობრივად, "შუა გაიკრიფა" - მალე დარჩებიან მხოლოდ ბანკები და მევახშეები"

უნდა შეიცვალოს თუ არა პატიმართა შეწყალების წესი?
რუსული ხომალდები სირიის პორტებს ტოვებენ, სირიის ნაპირებთან ამერიკული ხომალდების რაოდენობა იზრდება...

მმართველ პარტიაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფებიდან რომლის პოზიციაა უფრო მისაღები?

ბანკები მთავრობისთვის არაფრის დათმობას არ აპირებენ