
როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონალური კორესპონდენტი იტყობინება, ცუდი კლიმატური პირობების გამო, უკვე ერთი კვირაა შეუძლებელია მაღალმთიან სოფელ მუხურასთან დაკავშირება. დიდთოვლობის გამო მუხურის მთაზე გადასასვლელი გზის გაწმენდა ვერ ხერხდება. დიდთოვლობამ ასევე დააზიანა ელექტრობოძები და ელექტროსადენები, რის გამოც ერთ კვირაზე მეტია, სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამ დროისათვის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ამასთან, ტყიბულში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა და თოვლის ნალექი არ წყდება. ადგილობრივი ხელისუფლების ძალებით შიდასაქალაქო და სოფლების მიმართულებით გზები გაწმენდილია და სამუშაოები მიმდინარეობს.
მოძრაობა ტყიბული-თერჯოლა-თბილისის, ტყიბული-ქუთაისის და ტყიბული-ამბროლაურის მიმართულებით მაღალი გამავლობის ავტომანქანებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი.