არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
ქიმიური წარმოება საქართველოში და ექსპორტის კონტროლის საერთაშორისო ნორმები
13:06 11-05-2016
ქიმიური წარმოება საქართველოში და ექსპორტის კონტროლის საერთაშორისო ნორმები 2004 წლის სექტემბერში მსოფლიო პრესა გამოეხმაურა ჩრდილოეთ კორეაში დიდი რაოდენობით ნატრიუმის ციანიდის შეტანის ფაქტს. 107 ტონა ნატრიუმის ციანიდი დანდონის ჩინური საწარმოდან ჩინეთის მთავრობის ნებართვის გარეშე ექსპორტირებულ იქნა ჩრდილოეთ კორეაში. იმავე პერიოდში გაირკვა, რომ მალაიზიურმა კომპანიამ 40 ტონა ნატრიუმის ციანიდის ექსპორტი მოახდინა ჩრდილოეთ კორეაში. რატომ ააღელვა საეთაშორისო პრესა და საერთაშორისო საზოგადოება ამ ფაქტმა? ამის მიზეზი იყო ის, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოიპოვა ქიმიური ნივთიერება, რომლისგანაც ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური ქიმიური შენაერთი- ზარინის გაზი მზადდება. ხოლო ჩრდილოეთ კორეის ქიმიური ირაღის პროგრამის შესახებ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 60 წლებიდან იყოცნობილი, როდესაც საბჭოთა კავშირმა ქიმიური აგენტები მიაწოდა, ქიმიური მრეწველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მინერალური სასუქების მწარმოებელი კომპანია „რუსთავის აზოტი“ 1973 წლიდან აწარმოებს ნატრიუმის ციანიდს. ამ ქიმიური ნივთიერების გამოყენების ძირითად სფეროს წარმოადგენს ოქროს ციანიდური მოპოვება (ციანიდური გამოტუტვა), და ასევე ლითონის ნაკეთობების მოოქროვება და თუთიით დაფერვა. ციანიდის ნატრიუმის საფუძველზე მზადდება ციანიდის აბაზანები. რისთვისაც გაიმოყენება ცინკის ოქსიდი და კაუსტიკური სოდა. მიუხედავად, ნატრიუმის ციანიდის მაღალი ტოქსიკურობისა, ხსნარს გააჩნია მაღალი წარმადობა და დაფარვის თვისება, რაც საშუალებას იძლევა ყველაზე რთული ფორმის დეტალების თუთიით დაფერვის და მოოქროვებისა. ნატრიუმის ციანიდის გამოყენება ამავდროულად შესაძლებელია ლეთალური ქიმიური გაზის დასამზადებლად, ეს არის ზარინის გაზი. აღნიშნული გაზის გამოყენება ნერვული სისტემის პარალიზებას და უეცარ სიკვდილს იწვევს. როგორც ვხედავთ, ნატრიუმის ციანიდს ორმაგი დანიშნულება აქვს, ის გამოიყენება მრეწველობაში, მაგრამ ასევე მისგან შესაძლებელია დამზადდეს მასობრივი განადგურების იარაღი, რასაც აუნაზღაურებელი ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანებისათვის. ამგვარ მასალებს, ან პროდუქციას სტრაგეტიული ანუ ორმაგი დანიშნულების პროდუქციას უწოდებენ. ამიტომაც გამოეხმაურა შეშფოთებით საერთაშორისო პრესა 2004 წელს ნატრიუმის ციანიდის მოხვედრას ჩრდილოეთ კორეაში; ამიტომ არის საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებული იმით, თუ რა ბედი ეწევა სირიაში უკონტროლოდ დარჩენილ ნატრიუმის ციანიდის სანახებს. ისლამური სახელმწიფო ცდილობს ხელში ჩაიგდოს ზარინის გაზი.

უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის მიზნებიდან გამომდინარე ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობის სპეციალური გლობალური რეჟიმი არსებობს. რუსთავის აზოტის პროდუქცია ნატრიუმის ციანიდი ამ რეჟიმის ჩარჩოებში კონტროლდება. სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობის საერთაშორისო რეჟიმი ცალკეულ შემთხვევებზე და რისკებზე საპასუხოდ შეიქმნა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებებითა და ნორმებით რეგულირდება. განსაკუთრებული საერთაშორისო ზრუნვის საგანს წარმოდგენს ორმაგი დანიშნულების მასალების ძალადობრივი რეჟიმების ქვეყნების, ან ტერორისტული და დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ ხელში ჩადგების მცდელობების პრევენცია და აღკვეთა.

საქართველოს დასავლეთთან თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტისა და იმპროტის რეგულირების საკითხები. სწორედ, დასავლეთთან თანამშრომლობის შედეგად საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესახებ“ (ძალაში შევიდა 2014 წლის 1 ოქტომბრიდან), კანონი არეგულირებს სტრატეგიული პროდუქციის კონტროლს. რუსთავის აზოტის მიერ ნატრიუმის ციანიდის ექსპორტიც, შესაბამისად, ექვემდებარება ექსპორტის კონტროლის არსებულ რეჟიმს.

რუსთავის აზოტს ნატრიუმის ციანიდი გააქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანი, თურქეთი, ბულგარეთი, ბოსნია, მაკედონია, ინდოეთი, პაკისტანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ინდონეზია, ფილიპინები, განა, ზიმბაბვე, ტანზანია, ეგვიპტე, კოლუმბია, ბოლივია, ჩილე, ეკვადორი, გვატემალა, ჰონდურასი, პერუ, არგენტინა, მექსიკა, დომინიკის რესპუბლიკა. ნატრიუმის ციანიდის წარმოების სიმძლავრეა 40 ტონა/დღე-ღამეში. ანუ, წელიწადში (330 დღე) შესაძლებელია დაახლოებით 13 ათასი ტონა ნატრიუმის ციანიდის წარმოება, თუმცა როგორც ქარხნის წარმომადგენლები აღნიშნავენ, გასაღების პრობლემის გამო, შედარებით ნაკლების წარმოება ხდება, მაგალითად: 2013წ. – 9039 ტონა, 2014 წ. – 4964 ტონა, 2015 წ. – 6523 ტონა.

საქართველო ამ სტრატეგიული პროდუქტის წარმოებაში კონკურენციას უწევს აშშ-ს, სამხრეთკორეას, ჩინეთს, ავსტრალიას, ნიდერლანდებს, ბელგიას, იაპონიას, რუსეთსა და ბრაზილიას.2015 წლის ნატრიუმის ციანიდის მსოფლიო საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელია დაახლოებით 500 000 ტონა, რომელსაც აწარმოებს ტოპ 10 ექსპორტიორიქვეყანა, მათ შორის საქართველო.

როგორც წესი, ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობა, მათ შორის რუსთავის აზოტის მიერ წარმოებული ნატრიუმის ციანიდი, საერთაშორისო მედიის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. კონტრაქტების დეტალები ცნობილი ხდება დაინტერესებული მხარისათვის სხვადასხვა წყაროებით. სტრატეგიული პროდუქციით ვაჭრობაში ჩართულ მხარეებს გარკვეული ზომით გამჭვირვალობის ვალდებულებას აკისრებს არსებული საერთაშორისო რეგულაციები, რომელზეც შეთანხმება მიღწეულია გაეროს წევრი თითქმის ყველა სახელმწიფოს მხარდაჭერით და მონაწილეობით.

სტარტეგიულ პროდუქტებზე ექსპორტის კონტროლის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებთან მიერთებით საქართველო აღიარებს, რომ ის ხელს უწყობს გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებას, რაც გამოიხატება მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის და ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ინიციატივების მხარდაჭერით. ამავე დროს, ეროვნული ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანია აღებული საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელება, მათ შორისაა ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებები, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1540 , რომელიც გაეროს წევრ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას მიიღონ შესაბამისი და ეფექტური ზომები რომ ბირთვული, ქიმიური და ბოლოგიური იარაღი ხელში არ ჩაუვარდეთ ტეროტისტებსა და სხვა არასანდო არასახელმწიფო აქტორებს, ასევე რეჟიმებს, სადაც ადამიანის უფლებების ძალადობრივი დარღვევა ხშირად ხდება. ეს დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოთა ვალდებულებას შექმნან ეფექტური კონტროლის მექანიზმები. საქართველო, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო, ასევე კისრულობს ვალდებულებას მიუერთდეს შესაბამის საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევებში ზღუდავს შეიარაღებითა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ვაჭრობას. მაგალითისთვის, რუსთავის აზოტს არა აქვს უფლება ჩრდილოეთ კორეას ნატრიუმის ციანიდი მიყიდოს.

ამ პრინციპების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტისათვის შემდეგი პროცედურების გავლას ავალდებულებს კომპანიებს. აზოტის შემთხვევაში ეს მექანიზმებია: აუცილებელია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შპს “რუსთავის აზოტისათვის” გასცეს ექსპორტის რეკომენდაცია კონკრეტული ქვეყნის კონკრეტული კომპანიისათვის. აღნიშნული რეკომენდაციის მისაღებად, მყიდველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელთაგანაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგეს საბოლოო მომხმარებლის სერთიფიკატი. რიგ შემთხვევაში მყიდველი თავად არის ნატრიუმის ციანიდის მომხმარებელი, ხოლო რიგ შემთხვევაში - წარმოადგენს ტრეიდერს, თუმცა მის მიერ მოწოდებულ საბუთებში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს პროდუქციის საბოლოო მომხმარებელი. აღნიშნული დოკუმენტაციის (ორიგინალების) მიღების შემდეგ ხდება მათი ქართულ ენაზე თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება, ხოლო ამის შემდგომ, მათი ჩაბარება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მყიდველთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან ერთად. თავდაცვის სამინისტროში მოქმდებს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია. სამინისტროს მიერ რეკომენდაციის გაცემის შემთხვევაში, კომპანიას ენიჭება უფლება მოახდინოს პროდუქციის ექსპორტი შესაბამისი სახელმწიფოს შესაბამისი კომპანიისათვის.

საერთაშორისო ნორმებით აუცილებელია, რომ ქვეყნის შიდა რეგულაციები უზრუნველყოფდნენ ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის პროცედურების გამჭვირვალობას, ასევე ბიზნესისათვის ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესაბამისი ხარისხის დაცვას. აღნიშნულ სფეროში პრაქტიკა საქართველოში 2014 წ. უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შეიცვალა, რამაც, ბიზნესის წარმომადგენლების აზრით, ბევრად გაამარტივა, გამჭვირვალე და სანდო გახადა მთავრობის საქმიანობა. თუმცა, ეფექტური ექსპორტის კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება საკანონმდებლო ნორმების გარდა გულისხმობს კანონის ყველა ნორმის აღსრულებისათვის ეფექტური ზომების გატარებას.

შორენა ლორთქიფანიძე
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები