არქივი
«« აპრილი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
21-04-2018
“საიქს-პიკოს” დასასრული თუ ახლო აღმოსავლეთის ახალი პოლიტიკური გეოგრაფია?
13:58 18-05-2016
“საიქს-პიკოს” დასასრული თუ ახლო აღმოსავლეთის ახალი პოლიტიკური გეოგრაფია? 2016 წლის 16 მაისს შესრულდა ასი წელი მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა შეათანხმეს ერთმანეთთან მათი სახელით მოქმედი დიპლომატების სერ მარკ საიქსისა (Sir Mark Sykes) და ფრანსუა ჟორჟ პიკოს (François George-Picot) მიერ მომზადებული საიდუმლო შეთანხმება ოსმალეთის იმპერიის ძირითადად არაბებით (აგრეთვე ქურთებით) დასახლებული ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიის (ფაქტობრივად, დასავლეთ აზიის) გაყოფის შესახებ. საიქსი და პიკო ლონდონში მდებარე საფრანგეთის საელჩოში თითქმის ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდნენ და ფერადი ფანქრებით ხაზავდნენ ახლო აღმოსავლეთის რუკას, სანამ თავიანთ მთავრობებს მოუმზადებდნენ შეთანხმების ტექსტს, რომელიც მათი სახელით შევიდა ისტორიაში.
ორმა დიპლომატმა შემოხაზა სხვადასხვა ხალხებით დასახლებული მიწის მონაკვეთები, სადაც უცხო ძალას დიდი ხნით, შესაძლოა სამუდამოდაც, უნდა განესაზღვრა მომავალში შესაქმნელი პოლიტიკური ერთეულების ბედი. ტერიტორიების გამიჯვნისას მათ არ გაუთვალისწინებიათ მოსახლეობის არც ეთნიკური, არც რელიგიური სხვაობები; სრულებით უგულვებელყოფილი იყვნენ ქურთები, იმდროინდელი მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი; მოსულის ვილაიეთის საფრანგეთისათვის მიკუთვნება მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ დიდ ბრიტანეთს არ უნდოდა, რომ მის სამფლობელოებს უშუალო შეხება ჰქონოდათ რუსეთის იმპერიის მომავალ (ასე მიაჩნდათ მაშინ) საზღვართან.

გარკვეულად, “საიქს-პიკო” იქცა სხვა ქვეყნების ხარჯზე იმპერიალისტების ფარული გარიგების საზოგადო სახელად.

1916 წელს უკვე ორი წელი მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ომი ევროპაში. მსოფლიო ომის ერთ-ერთი საომარი ველი ახლო აღმოსავლეთშიც იყო, სადაც რუსეთის იმპერიისა და ბრიტანეთის არმიები ოსმალეთს ებრძოდნენ.

”საიქს-პიკოს” შეთანხმების ტექსტი ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გადასცეს თავისი მოკავშირე რუსეთის იმპერიის მთავრობას, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი საზონოვმა რუსეთისთვისაც მოითხოვა წილი და ანატოლიის ოსმალეთის აზიური ნაწილის საკმაო ფართობი შემოხაზა, რომელსაც ის ომში გამარჯვების შემთხვევაში მიიღებდა. ამიტომაც შეთანხმებას ხანდახან “საიქს-პიკო-საზონოვის” სახელითაც მოიხსენიებენ.

გარკვეულ ტერიტორიას ანტანტის ქვეყნები მოკავშირე იტალიასაც პირდებოდნენ, თუმცა ის გარიგებაში არ მონაწილეობდა.

საიქს-პიკოს შეთანხმება საიდუმლოდ დარჩა სულ წელიწადნახევრის განმავლობაში. როდესაც ბოლშევიკებმა 1917 წლის 7 ნოემბერს (ძველი სტი¬ლით 25 ოქტომბერს) მოაწყეს რევოლუცია პეტროგრადში და ხელთ იგდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივი, მათ მაშინვე გამოაქვეყნეს ყველა საიდუმლო შეთანხმება, იმისათვის, რომ ემხილებინათ ანტანტის ქვეყნებისა და რუსეთის ცარიზმის იმპერიალისტური, რეაქციული, მზაკვრული სახე (სხვა საქმეა, რომ მალე თავად ბოლშევიკებიც დაადგნენ იმპერიალისტურ გზას).

”საიქს-პიკოს” ფარული გარიგება მალევე საყოველთაოდ გახდა ცნობილი. ბუნებრივია, ოსმალეთის მთავრობა თავისი დაუძინებელი მტრებისაგან უკეთესს არც ელოდა. განსაკუთრებული აღშფოთება კი გარიგებამ გამოიწვია არაბულ საზოგადოებაში, რომელმაც შეიტყო, რომ მის ზურგსუკან ხდება მისი ისტორიული მიწების დანაწილება. შეშფოთდნენ არაბი პოლიტიკური ლიდერებიც, განსაკუთრებით ჰიჯაზში, სადაც მდებარეობს ისლამის წმინდა ქალაქები მექა და მედინა.

უფრო ადრე, 1916 წელს, დიდი ბრიტანეთის მთავრობა საიდუმლო მიწერ-მოწერის მეშვეობით დაპირდა მექის შარიფს (მემკვიდრეობით მმართველს, რომელიც წინასწარმეტყველ მუჰამადის შორეულ შთამომა-ლად იყო მიჩნეული) ჰუსაინ ბინ ალი ალ-ჰაშიმის ერთიანი არაბული სახელმწიფოს (ფაქტობრივად – სახალიფოს) შექმნას, თუკი ის ოსმალეთს არაბებს აუჯანყებდა და ანტანტის მხარეს იბრძოლებდა. ომში დაპირისპირებული მხარეები ყოველთვის ეძებენ ხოლმე თავისთვის სასარგებლო ადგილობრივ მოკავშირეს მტრის ტერიტორიაზე, ისე, რომ მისი მომავალი ბედი არც აწუხებთ. I მსოფლიო ომის დროს რუსეთის იმპერიამ მოკავშირედ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები სომხები გამოიყენა (რაც, საბოლოოდ, ამ უკანასკნელთათვის დიდი უბედურების მომტანი აღმოჩნდა). ბრიტანულმა დიპლომატიამ იმავე მიზნით არაბების გამოყენება და გეგმა.

1916 წლიდან არაბების ნაწილი უკვე ებრძოდა ოსმალეთის მთავრობას და მისი არმიების დამარცხებაში ბრიტანელებს ერთგვარი დახმარება აღმოუჩინა. სამხედრო ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ დახმარებას ომის შედეგზე გადამწყვეტი გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ ის მაინც საგრძნობი იყო.
მაინც რაზე თანხმდებოდნენ დიპლომატები?

საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი აცხადებდნენ მზადყოფნას ეცნოთ და დაეცვათ დამოუკიდებელი არაბული სახელმწიფო ანდა არაბული ქვეყნების კონფედერაცია ერთ-ერთი არაბი ლიდერის სიუზერენიტეტის ქვეშ. მაგრამ თანდართულ რუკაზე მითითებული იყო ოსმალეთის იმპერიის ის ნაწილები, სადაც საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი პირდაპირი ან არაპირდაპირი ადმინისტრაციისა ან კონტროლის დაარსების უფლებას ანიჭებდნენ ერთი-მეორეს. ფაქტობრივად, მომავალ “არაბულ სახელმწიფოს” საკუთრად მხოლოდ არაბეთის ნახევანკუნძულის უდაბურ ნაწილებს უტოვებდნენ (მაშინ ჯერ არ იყო ცნობილი იქ ნავთობის საბადოების არსებობა), ხოლო უფრო ჩრდილოეთით მდებარე და მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიები ინგლისური და ფრანგული კონტროლის ან გავლენის ზონა უნდა გამხდარიყო.

InterPressNews.Geნახ.
“ოსმალეთის მემკვიდრეობის” დანაწილების გეგმა
საიქს-პიკოს შეთანხმების თანახმად

• ლიბანი, სირიის სანაპირო რაიონები და დღევანდელი თურქეთის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის ნაწილი საფრანგეთის უშუალო კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა (“ლურჯი ზონა”), ხოლო შიდა სირია და მოსულის ვილაიეთი (დღევანდელი ერაყის ჩრდილოეთი ნაწილი) ფრანგული გავლენის ზონა უნდა გამხდარიყო (ზონა ”A”);
• დიდი ბრიტანეთის უშუალო კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა ცენტრალური და სამხრეთ ერაყი და ქუვეითი (“წითელი ზონა”), ხოლო დღევანდელი იორდანია და დასავლეთ ერაყი ბრიტანული გავლენის ზონად უნდა ქცეულიყო (ზონა “B”);

• პალესტინის შესახებ შეთანხმდნენ, რომ მისი დიდი ნაწილი იერუსალიმითურთ (“ყავისფერი ზონა”) უნდა დაქვემდებარებოდა საერთაშორისო ადმინისტრაციას, რომლის სტატუსი უნდა შეთანხმებულიყო რუსეთის იმპერიასთან, ანტანტის სხვა მოკავშირეებთან და მექის შარიფის წარმომადგენლებთან კონსულტაციის გზით. პალესტინაში მდებარე ხაიფას და აკრას (აკოს) ნავსადგურებს ბრიტანეთი თავისთვის ითხოვდა.
”საიქს-პიკოს” გაყოფის სქემა მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა.

როდესაც სირია და ლიბანი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთის სამანდატო ტერიტორიებად იქცა, ფრანგებმა არ დაუშვეს მათი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება, მაშინ როცა დამასკოში დიდხანს მიაჩნდათ, რომ ლიბანი სირიის ნაწილია.

ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორიებად იქცა მათი “წითელი ზონა” და “გავლენის ზონა “B”, სადაც საბოლოოდ ერაყი და იორდანია ჩამოყალიბდა.
სულ ესაა “საიქს-პიკოს” წმინდა პოლიტიკურ-გეოგრაფიული მემკვიდრეობა.

რეალურად, ”საიქს-პიკოს” შეთანხმება ზუსტად არ შესრულებულა. არც არაბული კონფედერაცია შექმნილა, არც მოსულის ვილაიეთი დარჩათ ფრანგებს (ის ბრიტანელებმა ერაყს მიაკუთვნეს), არც ანატოლიის (აზიური თურქეთის) ნაწილები მიიღეს საფრანგეთმა, რუსეთმა ან იტალიამ.

პალესტინაში, რომელიც საიქს-პიკოს შეთანხმებით საერთაშორისო კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა, სულ სხვა პოლიტიკურ-გეოგრაფიული ვითარება შეიქმნა. ომის დროს ის ბრიტანელებმა დაიპყრეს და 1922 წელს ერთა ლიგისაგან პალესტინა მიიღეს, როგორც “სამანდატო ტერიტორია” (ეს ცნება 1916 წელს არ არსებობდა).

გარდა ამისა, უკვე 1917 წლის 2 ნოემბერს ბრიტანეთის მთავრობა ღიად დაპირდა მსოფლიო სიონისტურ ორგანიზაციას ებრაელთათვის “ეროვნული კერის” დაფუძნებას პალესტინაში, იმ პირობით, რომ არ შეილახებოდა იქ მცხოვრები სხვა რელიგიური თემების უფლებები. ეს დაპირება “ბალფურის დეკლარაციის” სახელითააა ცნობილი, რადგან მას ხელს აწერდა დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანი (საგარეო საქმეთა მინისტრი) ლორდი ართურ ბალფური. “ბალფურის დეკლარაციამ” განსაკუთრებით აღაშფოთა არაბები, რადგან ისინი პალესტინას არაბულ მიწად მიიჩნევდნენ და იმ დროს იქ მართლაც შეადგენდნენ მოსახლეობის დიდ უმრავლესობას.

”საიქს-პიკოს” გარიგების გეოპოლიტიკური სულისკვეთება კი შენარჩუნდა. არაბები მას დღემდე იხსენებენ, როგორც მათ მიმართ დასავლეთელი იმპერიალისტების მიერ ჩადენილი უსამართლობის თვალსაჩინო მაგალითს.

მეორე მხრივ, მრავალი არაბული სახელმწიფოს წარმოშობას “მტაცებელ ევროპელ იმპერიალისტებთან” ერთად საკუთრივ არაბმა ლიდერებმაც შეუწყვეს ხელი. მაგალითად, იმავე ჰუსაინ ბინ ალის ვაჟებმა ფაისალმა და აბდულამ (ჰაშიმიანებმა) საკუთარი სამფლობელოები მოითხოვეს და მიიღეს კიდეც. ფაისალმა ჯერ სირიის მეფედ გამოაცხადა თავი დამასკოში, საიდანაც ის ფრანგებმა გააძევეს. სამაგიეროდ ბრიტანელებმა ფაისალი ერაყის მეფედ “აარჩევინეს” და მისი მემკვიდრეები ამ სახელმწიფოს 1958 წლამდე მართავდნენ. აბდულას ტრანსიორდანიის საამირო ხვდა წილად, რომლის ბაზაზეც იორდანიის ჰაშიმიანთა სამეფო არსებობს და მისი შთამომავალი იქ ახლაც მეფობს.

არსებობს ისეთი თვალსაზრისიც, რომ დასავლეთ აზიის “თავის ნებაზე მიშვება” მსოფლიო ომში გამარჯვებულ ანტანტას პოლიტიკური თვალსაზრისით არ შეეძლო. ასეთ შემთხვევაში რეგიონში დაიწყებოდა შინაომები, მოხდებოდა ე.წ. “ბალკანიზაცია”, ანუ წარმოიქმნებოდა მრავალი სამეფო, საამირო, საშეიხო. მერე კი რომელიმე მუსლიმი ლიდერი შეეცდებოდა ბრძოლით გაეერთიანებინა ტერიტორია, ხალიფად გამოეცხადებინა თავი და გეოპოლიტიკური საპირწონე შეექმნა ბრიტანეთისათვის, რომელსაც აწუხებდა თავის კოლონია ინდოეთში მცხოვრები მრავალრიცხოვანი მუსლიმის შესაძლო რადიკალიზაცია. ასეთი რამ რეალურად არ მომხდარა.

სპარსეთის ყურის უდაბური, ხალხმცირე და ღატაკი საშეიხოები (ბაჰრეინი, კატარი, ქუვეითი, შეთანხმებითი ომანი მომავალი გაერთიანებული არაბული საამიროები), რომლებიც საოცრად გამდიდრდნენ მხოლოდ 1950-იანი წლებიდან იქ აღმოჩენილი ნავთობის წყალობით, ბრიტანეთმა საიქს-პიკოს შეთანხმებამდე ბევრად ადრე წმინდა გეოპოლიტიკური მიზნით აქცია თავის პროტექტორატებად. მათ მმართველებს კი ბრიტანული დახმარება მართლაც დასჭირდათ არაბეთის ნახევარკუნძულის მთლიანად გაერთიანების მოსურნე აბდალაზიზას საუდისაგან თავის გადასარჩენად. რომ არა ბრიტანელები, აბდალაზიზი, ბუნებრივია, შეიხებს (მომავალ ამირებსა და მეფეებს) არ დაინდობდა, როგორც 1924 წელს არ დაინდო და მექადან განდევნა ბრიტანელების მსოფლიო ომისდროინდელი მოკავშირე ჰუსაინ ბინ ალი.

1932 წელს აბდალაზიზმა უდაბნოებში მდებარე თავის სამეფოს “საუდის არაბეთი” დაარქვა სახელად, იმავე წელს, როდესაც იქ დიდი ნავთობი აღმოაჩინეს.

საკუთრივ “საიქს-პიკოს გარიგება” მკვდარია. კარგა ხანს ცოცხლობდა მისი პოლიტიკურ-გეოგრაფიული მემკვიდრეობა: ეს იყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ქვეყნები, რომელთა არსებობასაც მსოფლიო მიეჩვია. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, “ცივი ომის” პირობებში, მეტოქეობის მიუხედავად აშშ და საბჭოთა კავშირი დაინტერესებულნი იყვნენ შეენარჩუნებინათ მყიფე წონასწორობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ვერ დაარღვია ვერც ებრაული სახელმწიფოს შექმნამ უპირატესად ისლამური სამყაროს შიგნით (ისრაელ-არაბთა ომების შედეგი იყო ისრაელის აღიარება მისი მოწინააღმდეგეების ეგვიპტისა და იორდანიის მიერ), ვერც ერაყის აგრესიულმა მოქმედებამ ირანისა და ქუვეითის მიმართ.

მაგრამ 21-ე საუკუნეში წონასწორობა დაირღვა. 2001 წლის 11 სექტემბერს ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაცია “ალ-კაიდას” მიერ ნიუ იორკსა და ვაშინგტონზე განხორციელებულმა თავდასხმამ გამოიწვია დასავლეთის, უპირველესად აშშ-ის მძაფრი რეაქცია, რომელიც მსოფლიოში მთლად რაციონალურად ვერ შეფასდა. თუმცა “ალ-კაიდას” ტერორისტები საუდის არაბეთისა და ეგვიპტის მცხოვრებნი იყვნენ, სამაგიეროს გადახდის ობიექტად ერაყი იქნა შერჩეული, რომელსაც მართავდა მართლაც სისხლიანი დიქტატორი სადამ ჰუსეინი. მაგრამ არც ერაყის მთავრობა და არც მისი მოსახლეობა საერთაშორისო ტერორიზმში შემჩნეული არ ყოფილა. სისხლიანი დიქტატორები კი სხვაგანაც არიან და რესპექტაბელური ლიდერები მათ ხელსაც კი ართმევენ! ერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის გამოგონილი საბაბით დასავლეთის ქვეყნების კოალიციამ, ძირითადად აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა, მოახდინა ერაყის დესტაბილიზაცია, რასაც მოჰყვა მძაფრი შიდა დაპირისპირება სუნიტებსა და შიიტებს, არაბებსა და ქურთებს შორის.

2011 წელს ჩრდილოეთ აფრიკაში, კერძოდ, თუნისში დაწყებული ე.წ. “არაბული გაზაფხული” დემოკრატიული რევოლუციის მცდელობა მალე გადაედო სხვა არაბულ ქვეყნებსაც. მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ სირიაში ის გადაიზარდა სამოქალაქო ომში, რომელიც მეხუთე წელია მძვინვარებს და მასში მეზობელი და არამეზობელი ქვეყნებიც ჩაერიენ (თურქეთი, ირანი, რუსეთი, ნატო-ს ქვეყნები, ლიბანი, საუდის არაბეთი, კატარი და ა.შ.).
2014 წელს, სწორედ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ასი წლით ადრე საიქსი და პიკო ფერადი ფანქრებით საზღვრავდნენ, და სადაც ამ დროისათვის ცენტრალური ხელისუფლება დასუსტდა, გაჩნდა ე.წ. “ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო” (მას ხშირად მოიხსენიებენ არაბული აბრევიატურით “დაი’იშ”). რადიკალმა ისლამისტებმა, რომლებმაც ისარგებლეს ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე მეთოდებით, აგრეთვე სადამ ჰუსეინის დროინდელი ერაყის დაშლილი არმიის უმუშევრად დარჩენილი ოფიცრების გამოცდილებით, ძალიან მალე დაიპყრეს დიდი ტერიტორია ახლო აღმოსავლეთში. მსოფლიო მედია აივსო დაი’იშის მებრძოლების სისასტიკის, ისტორიული ძეგლების ვანდალური განადგურების ამსახველი ინფორმაციით. მაგრამ ამან კი არ შეაჩერა, არამედ გაზარდა მსოფლიოში გაფანტული რადიკალური ისლამისტების სწრაფვა და’იშისაკენ. დასავლეთის ქვეყნების პასიურმა, გაუბედავმა მოქმედებამ ახლო აღმოსავლეთში შეჭრისა და იქაურ პოლიტიკაში ჩართვის საშუალება მისცა რუსეთის ფედერაციას. თუნდაც მოხერხდეს დაი’იშის მიერ დაპყრობილი დიდი ქალაქების განთავისუფლება და მისი ზოგიერთი ლიდერის განადგურება, “ისლამური სახელმწიფოს” იდეა ადვილად არ გაქრება.

ის, რასაც გვერდი აუარეს საიქსმა და პიკომ, ახლა სულ უფრო დიდ პოლიტიკურ დატვირთვას იძენს. მხედველობაში მაქვს ქურთების პრობლემა. პირველ მსოფლიო ომამდე ქურთები ორ სახელმწიფოში ცხოვრობდნენ ოსმალეთსა (თურქეთში) და ირანში. ახლა ისინი ოთხ სახელმწიფოში არიან განაწილებული თურქეთში, ირანში, ერაყსა და სირიაში. უკანასკნელ ათწლეულებში მათი ეროვნული თვითშეგნება მკვეთრად ამაღლდა, ტომობრივ დაყოფას ინტრაეთნიკური კონსოლიდაცია ცვლის.

ამ მხრივ ყველაზე წინწასულია ერაყის ქურთისტანი ყოფილი მოსულის ვილაიეთის ტერიტორიაზე. საიქს-პიკოს შეთანხმება მოსულის ვილაიეთს საფრანგეთს აკუთვნებდა, მასზე პრეტენზია ჰქონდა თურქეთის რესპუბლიკას, მაგრამ საბოლოოდ, 1926 წელს ბრიტანელებმა იმარჯვეს და “ერთა ლიგის” დადგენილებით მოსული თავიანთ სამანდატო ტერიტრიას, ერაყს, შეუერთეს. მიზეზი ტრივიალური იყო: იქ ნავთობის მდიდარი საბადოები აღმოჩნდა. ახლა კი ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ოთხ მილიონამდე ქურთმა საკუთარი პროტოსახელმწიფო შექმნა. მას აქვს სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი თითქმის ყველა თვისება (მაგალითად, არმია, სამინისტროები, ბიუჯეტი, საზღვარგარეთ წარმომადგენლობებიც კი), გარდა საკუთარი პასპორტისა და ვალუტისა. მას ფაქტობრივ დახმარებას უწევს დასავლეთი და ისრაელი. მაგრამ აშშ არ ჩქარობს ქურთისტანის დამოუკიდებლობის ცნობას, რადგან არ უნდა არც ერაყის ახალი რეჟიმის და არც თავისი ძველი მოკავშირის, თურქეთის განაწყენება.

თურქეთში კი სამჯერ მეტი ქურთი ცხოვრობს და მათი სწრაფვა ჯერ კულტურული, შემდეგ კი ტერიტორიული ავტონომიისაკენ შესაძლოა გადაიზარდოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაში.

სირიაში, თურქეთის სამხრეთ საზღვრის გასწვრივ მცხოვრებმა ქურთებმა (1,5-2 მილიონი) დაამტკიცეს, რომ ისინი ყველაზე ეფექტიანად ებრძვიან დაი’იშს და მათაც დაიწყეს პროტოსახელმწიფოს ფორმირება. ამერიკა ეხმარება სირიელ ქურთებს, რაც თურქეთის ხელისუფლების მძაფრ უკმაყოფილებას იწვევს.

ახლო აღმოსავლეთი ახალი პოლიტიკურ-გეოგრაფიული ძვრების წინაშე დგას. გარეშე ძალების ჩარევა ხან ახალისებს და ხანაც აჩერებს ცვლილებებს პოლიტიკურ რუკაზე.

როგორ განვითარდება მოვლენები? როგორ შეიცვლება ინტერესთა ბალანსი? ამის ცოდნა და მოსალოდნელი შედეგების წინასწარი გათვლა საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლო აღმოსავლეთი უშუალოდ ჩვენ გვერდითაა.

რევაზ გაჩეჩილაძე
პროფესორი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები