არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
კონფლიქტის ფასი, საქართველო და სეპარატისტული რეგიონები
09:50 26-05-2016
კონფლიქტის ფასი, საქართველო და სეპარატისტული რეგიონები ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში არასტაბილურობის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. ერთი შეხედვით, სტაბილურობა რეგიონის ყველა მოთამაშის ინტერესში უნდა შედიოდეს, თუმცა, სინამდვილეში საქმე არც ისე მარტივადაა, თუნდაც იმიტომ, რომ რეგიონში ტერიტორიულად უდიდესი, ეკონომიკურად და სამხედრო პოტენციალით უძლიერესი ქვეყანა - რუსეთი, უკვე 25 წელია დესტაბილიზაციის ძირითად ფაქტორად გვევლინება.

რუსეთი თავისი პირდაპირი თუ ირიბი ქმედებებით საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მასზე ტერიტორიულად 20-ჯერ მცირე საქართველოს, არამედ საკუთარ რეპუტაციას, საერთაშორისო ნდობას და ეკონომიკურ პერსპექტივებს. კონფლიქტის შედეგად საქმე გვაქვს მილიარდობით დოლარის ღირებულების მატერიალური ზარალთან, ფუჭად დახარჯულ ძვირფას დროსთან და მდგრადი განვითარების დაკარგულ შესაძლებლობასთან.

უმუშევრობის ზრდა, ეკონომიკური განვითარების ნაცვლად ბიუჯეტის სოციალურ მოთხოვნებზე მორგება, მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობა, ეროვნული უსაფრთხოების დონის შემცირება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ბაზების განლაგებით გამოწვეული არასტაბილურობა - ასეთია ბოლო 25 წლის განმავლობაში მომხდარი ომების შედეგად, საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების „მოკრძალებული“ ჩამონათვალი. ამის ფონზე, ბოლო პერიოდში საქართველოს მიღწევები ორმაგად უფრო შთამბეჭდავია და გაცილებით მეტ პატივისცემას იმსახურებს. რაც მთავარია, ამტკიცებს, რომ ქვეყანას წარმატების მიღწევის დიდი პერსპექტივა და უფლება აქვს.

მსოფლიოში არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც კონფლიქტური ტერიტორიების მქონე და მუდმივ დაძაბულობაში მყოფმა პატარა ქვეყნებმა (მაგ. ისრაელი, სამხრეთ კორეა) - საერთაშორისო ურთიერთობების სწორად წარმართვის გზით შეძლეს საკუთარი გეოპოლიტიკური მდებარეობის კეთილგონივრულად გამოყენება. ამგვარად, ამ ქვეყნებს, რომლებიც რამდენიმე ათწლეულის წინ არაფრით გამოირჩეოდნენ (ისრაელის ძირითადი საექსპორტო პროდუქტი გახლდათ - ფორთოხალი; კორეა კი მსუბუქი მრეწველობით ირჩენდა თავს), დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერესი ეკონომიკები აქვთ.

მცირე ტერიტორიისა და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, რომელსაც ერთდროულად ორ ტერიტორიულ კონფლიქტთან უწევს გამკლავება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოსებსა და აფხაზებთან მოქმედების სწორ ტაქტიკას. აშკარაა (განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ), რომ სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობის დადებითი დამოკიდებულების მოპოვების გარეშე ამ ორი კონფლიქტური ტერიტორიის ინტეგრაცია პრაქტიკულად გამორიცხულია. მეტიც, ეს ერთობლივი სახელმწიფოს შექმნის მინიმალური და ამავდროულად არასაკმარისი მოთხოვნაა.
საინტერესოა თუ რა არის საქართველოს მიერ გაღებული კონფლიქტის ფასი და რა „სარგებელი“ მიიღო მან ბოლო მეოთხედ საუკუნეში:

ა. თავდაცვაზე გაღებული ხარჯები.
ბოლო 10 წლის განმავლობაში (2006-2015 წწ.) თავდაცვის მაღალი პოტენციალის შესანარჩუნებლად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად საქართველოს ხელისუფლებამ $7 მილიარდამდე დახარჯა (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო), რაც საშუალოდ ქვეყნის წლიური მშპ-ის 5,3%-ს შეადგენს. კერძოდ: 2007 წელს - 9,2%, 2008 წელს 8,5%, 2009 წელს - 5,6%. შედარებისთვის, 2014 წელს ევროპული ქვეყნების საშუალო დანახარჯი თავდაცვაზე მშპ-ს 1,5%-ს შეადგენს და (ავსტრია - 0,7%, გერმანია 1,2%, საფრანგეთი - 2,2%). თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის სტანდარტი 2.1%-ია. 2007 წელს თავდაცვაზე გაღებული ხარჯები კი - სახელმწიფო ბიუჯეტის 40%, სრულიად გაუმართლებელი იყო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ხარჯმა ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი კი არ შეამცირა, არამედ გაზარდა კიდევაც. მინიმალური გათვლებით თავდაცვაზე გაღებულმა ჭარბმა დანახარჯებმა (საშუალო ევროპულთან შედარებით) - $5 მილიარდს გადააჭარბა.

ბ. იძულებით გადაადგილებული პირების დანაკარგები
საქართველოში კონფლიქტის რამდენიმე ტალღის შედეგად, კერძოდ, 1992-93 და 2008 წლებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 450 ათასს შეადგენდა, რაც წარმოუდგენელი გამოწვევა იქნებოდა არა მხოლოდ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის, არამედ ნებისმიერი დიდი ევროპული სახელმწიფოსთვისაც. თუ ცალკეული ოჯახების (საშუალოდ 4 ადამიანი) ქონებას $20 000-ად შევაფასებთ, გამოდის, რომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების ჯამური დანაკარგი სულ მცირე $2 მილიარდს შეადგენს.

გ. მთავრობის მიერ განხორციელებული მხარდამჭერი პროექტები
2015 წლის მარტის მონაცემებით საქართველოში 263 598 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს (მოსახლეობის 7%). მათ შორის 122 383 მამაკაცია და 141 215 ქალი. მათი უმეტესობა თბილისსა (39%) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (32%) რაიონში ცხოვრობს. კომპაქტური დასახლებების საერთო რაოდენობა 2000 ობიექტს აერთიანებს - მათ შორის ყველაზე დიდია წეროვანი (6421 ადამიანი). აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის სახით იძულებით გადაადგილებულ პირთა მხოლოდ 7%-ს გადაეცათ ახალი ბინები საკუთრებაში ან კომპენსაცია $10 ათასის ოდენობით, ჯამურად პროექტის ღირებულებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, იძულებით გადაადგილებულ პირთა ¼-ს მფლობელობაში გადაეცათ მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართები. შესაბამისად, დარჩენილი იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება საქართველოს მთავრობას დამატებით $100-150 მილიონი დაუჯდება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ” კანონის თანახმად ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს ენიშნება დახმარება 45 ლარის ოდენობით (თუ მათი ყოველთვიური ხელფასი 1250 ლარს არ აღემატება), რომელიც 4-ჯერ ნაკლებია საარსებო მინიმუმზე. თუმცა, პროექტის ჯამურმა დანახარჯმა დღემდე მაინც სოლიდურ თანხას მიაღწია - $600 მილიონამდე.

დ. ბიუროკრატია.
ავტორი აბსოლუტურად იზიარებს კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვან პრობლემად შეიძლება წარმოჩინდეს, ერთსა და იმავე საკითხზე მომუშავე უამრავი სახელმწიფო სტრუქტურების არსებობა, რაც იწვევს ფუნქციების დუბლირებას, ართულებს კოორდინაციას, რიგ შემთხვევებში განაპირობებს უწყებათა შორის კონკურენციას და, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება დასახულ მიზნებზეც. და, რაც მთავარია, ეს ძვირადღირებული ფუფუნებაა. უშუალოდ კონფლიქტებზე და მისი შედეგების აღმოფხვრაზე მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუციათა ჩამონათვალში შედიან: 1. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (მუშაობს 40-მდე ადამიანი, წლიური ბიუჯეტი - 1,6 მილიონი); 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (308 თანამშრომელი, წლიური ბიუჯეტი - 70 მილიონი); 3. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია (წლიური ბიუჯეტი 3.5 მილიონი); 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭო (დაახლოებით 600 თანამშრომელი, წლიური ბიუჯეტი 13.4 მილიონი). ამას დამატებული სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ასევე მუშაობენ კონფლიქტებზე, ან კონფლიქტები მათ ყოველდღიურ საქმიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ: საგარეო საქმეთა სამინისტრო; თავდაცვის სამინისტრო; ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია; ეროვნული უშიშროების საბჭო; უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო; სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; სახალხო დამცველის ოფისი.

2. კონფლიქტიდან მიღებული „სარგებელი”.

ა) საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება
საერთაშორისო დონორების 2008 წლის კონფერენციაზე საქართველოს მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის 67-მა ქვეყანამ და ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომლებმაც მომდევნო 3 წლის განმავლობაში საკუთარ თავზე აიღეს საქართველოსთვის $4,5 მილიარდის მოცულობის დახმარების გაწევა (აშშ - $1 მილიარდი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი - 750 მილიონი, ევროკომისია - $650 მილიონი, იაპონია - $200 მილიონი.). თანხა გამოყენებული უნდა ყოფილიყო იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სოციალურ-ეკონომიკური სტანდარტების გასაუმჯობესებლად, საბანკო სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილების, ინფრასტრუქტურული პროექტების გაუმჯობესებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სტაბილიზაციისათვის. აღსანიშნავია, რომ მოცემული თანხის 60% - დაბალპროცენტიანი სესხია, რომლის დაბრუნებაც საქართველოს გარკვეული პერიოდის შემდეგ მოუწევს. დარჩენილი 40% - გრანტებია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მოცემული $2 მილიარდი საქართველოს მიერ კონფლიქტის შედეგად მიღებულ „სარგებელს” წარმოადგენს.

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციები და პროექტები

1992-დან 2008 წლამდე, სანამ რუსეთი გაეროს ეგიდით განხორციელებულ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას დაბლოკავდა (გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში - UNOMIG), ხსენებულმა მისიამ საქართველოში $397 მილიონის მოცულობის ხარჯი გაიღო. თანხის ძირითადი ნაწილი, ცხადია, თავად მისიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დაიხარჯა და არა იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე; თუმცა, ფინანსურ დახმარებასთან ერთად აღნიშნულმა მისიამ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა გაუწია.
მას შემდეგ, რაც UNOMIG-მა არსებობა შეწყვიტა, 2008 წლის 1 ოქტომბერს ევროპის ქვეყნების ლეგიტიმაციით საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებლები შემოვიდნენ (EUMM - დღეს 200-მდე დამკვირვებელი). თუმცა, ჩვენი აზრით, EUMM-მა ვერ შეძლო UNOMIG-ის სრულფასოვნად ჩანაცვლება; ფინანსური თვალსაზრისით, ევროკომისიის მონაცემების მიხედვით მისიამ საქართველოში განხორციელებულ პროექტზე უკვე დაახლოებით 150 მილიონი ევრო დახარჯა (დაახლ. $200 მილიონი), რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.

3. სამომავლო შესაძლებლობები

ა) SGS-ს (Société Générale de Surveillance) სატრანზიტო ვაჭრობა
90-იან წლებში სოხუმისა და ცხინვალის თბილისის კონტროლიდან გასვლის შემდეგ, საქართველოს პრაქტიკულად არანაირი მექანიზმი აღარ დარჩა შემავალი და გამავალი ტვირთის ნაკადების აღსარიცხად. 2012 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან გარკვეული დათმობების სანაცვლოდ საქართველო, ამ უკანასკნელის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) შესვლას დასთანხმდა (როგორც მინიმუმ, ეს ასე იყო წარმოჩენილი საქართველოს იმდროინდელი მთავრობის მიერ). რუსეთის მხრიდან დათმობა იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოს კონფლიქტურ ტერიტორიებზე სასაქონლო ბრუნვაზე დაკვირვების შესაძლებლობა მიეცა, ე.წ. SGS-ის მექანიზმის საშუალებით. გამომდინარე იქიდან, რომ დამკვირვებლები საქართველოს და რუსეთის ტერიტორიებზე განლაგდნენ და არა უშალოდ კონფლიქტურ რეგიონებში, რუსეთმა ამ საკითხის პოზიციონირება თავის გამარჯვებად (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არაღიარება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მხარდაჭერად), ხოლო საქართველომ კი თავისად გამოაცხადა (გორი და ზუგდიდი, ისეთივე საქართველოა როგორც კონფლიქტური რეგიონებიო). თავის მხრივ, SGS-ს არ გააჩნია კონფლიქტის დარეგულირების შესაძლებლობა, თუმცა, ის მჭიდრო კონტაქტის დამყარებისა და რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, ყველა სახის სამართლებრივი ნორმების გათვალისწინების შემთხვევაში, მთლიანად საქართველოს (კონფლიქტური რეგიონების ჩათვლით) ეს დამატებით სატრანზიტო შემოსავალს და ტურისტული სექტორის განვითარების შესაძლებლობას მოუტანს.

ბ) უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან

ცხადია, საქართველოს ტერიტორიული პრობლემები არც ერთ შემთხვევაში არ აისახება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმისა (2016 წლის მეორე ნახევრიდან) და თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივაზე. თუმცა, ევროკავშირისთვის ეს აშკარა შანსია, რომ მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებაში დადებითი იმპულსი შეიტანოს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმებას არ მოიაზრებს, იგი ბიზნესმენებისა და საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის ცალსახად დადებითი ბიძგი იქნება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA) ხელის მოწერა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ეფექტის გაუმჯობესების, საშუალო ხელფასის ზრდის და ტექნოლოგიური პროგრესის შესაძლებლობებს იძლევა. გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია საქართველოს მშპ-ს 4,3%-ით, ექსპორტის მოცულობის 7,5%-ით და ხელფასების 3,6%-ით ზრდა, სამომხმარებლო ფასების 0,6%-ით შემცირება და ევროკავშირიდან საინვესტიციო ნაკადების ზრდას, რომელიც დღეისთვის ისედაც შეადგენს ჯამური უცხოური ინვესტიციების 40%-ზე მეტს. ეს შედეგები თანამშრომლობის პირობებში დადებით ეფექტს მოახდენს მთელს საქართველოზე (კონფლიქტური რეგიონების ჩათვლით).

დასკვნა
საქართველოს მიერ კონფლიქტზე გაღებული დანახარჯების მხოლოდ ზემოთ მოყვანილი ოფიციალური მონაცემები, მისი ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ცხადყოფს რომ ის ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე.
მეორე მხრივ, 2008 წლის ომის მიერ საქართველოსთვის მოტანილი „სარგებელი” საკმაოდ დიდია, თუმცა, კონფლიქტის შედეგად მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურება მაინც ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, შეკითხვები მოზიდული სახსრების სწორ გადანაწილებაზე დღესაც არსებობს.
აფხაზეთის რეგიონთან და სამხრეთ ოსეთთან / ცხინვალის რეგიონი, დაკავშირებული პრობლემების დარეგულირების შემთხვევაში მოკლევადიან პერსპექტივაში საქართველოს ფინანსური სარგებელი მცირეა. თუმცა, გრძელვადიან ჭრილში მას ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური ეკონომიკური ეფექტების მოტანა შეეძლება.

პ.ს. აღნიშნულ სტატიაში არ არის გათვალისწინებული ერგნეთის ბაზრობით ან/და აფხაზეთის რეგიონთან ვაჭრობით მიღებული სარგებელი ან/და ზარალი, რადგანაც ის მთლიანად არალეგალურ ვაჭრობაზე და არაოფიციალურ სტატისტიკაზეა დამყარებული, თუმცა მსგავსი კვლევები ავტორს წარსულში აქვს განხორციელებული.

ვახტანგ ჭარაია, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები