არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
დადგება ისტორიული პერსპექტივის მომენტი და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი
19:11 27-05-2016
დადგება ისტორიული პერსპექტივის მომენტი და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ნატო და საქართველო: რეალობა და პერსპექტივები.

ვარშავის ნატოს სამიტის მოახლოებასთან ერთად (რომელზეც აუცილებლად დაფიქსირდება საქართველოს პროგრესი და შემოთავაზებული იქნება სიღრმისეული თანამშრომლობის ახალი პაკეტი) ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკური სპექტრის გარკვეულ ნაწილში, მათ შორის პარლამენტში, კვლავ განახლდა დისკუსიები საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ავკარგიანობის შესახებ. ჩემი პირადი მოსაზრების გამოთქმამდე, მსურს აღვნიშნო, რომ, ბოლო დროს, საერთაშორისო თანამეგობრობა, განსაკუთრებით კი ნატო უფრო მეტ ყურადღებას აქცევს შავი ზღვის რეგიონს. ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი სტრატეგიული ინტერესი ამ რეგიონთან მიმართებაში, რაც, ბუნებრივია, პირდაპირ აისახება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებზე.
მოგეხსენებათ, საქართველო-ნატოს ურთიერთობებთან დაკავშირებული დისკუსიები ყოველთვის განასაკუთრებულ ყურადღების ობიექტი იყო. მინდა დავიწყო იმით, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არსებულ შიდა თუ საგარეოპოლიტიკურ კონიუნქტურას ხშირად თავისი პირადი პრობლემების გადაწყვეტისთვის იყენებს. პოლიტიკოსები თუ პარტიები ცდილობენ მის მიბმას საკუთარ პოლიტიკური ამბიციებისა თუ გეგმებზე ან, უბრალოდ საკუთარ პოპულარობასა თუ რეიტინგზე. ამ დროს გვავიწყდება უმთავრესი რამ - საერთაშორისო კონტექსტი, რომლის ადექვატური გაცნობიერების გარეშე საქართველო, როგორც სახელმწიფო, ვერ იარსებებს. სწორედ მასზეა დამოკიდებულია ქვეყნის წარმატება თუ წარუმატებლობა ჩვენი სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე.
საქართველოს უკვე დიდი ხანია, საჯაროდ აქვს დეკლარირებული სტრატეგიული არჩევანი და საგარეოპოლიტიკური ვექტორი, რაც ჩვენს ზუსტად ჩამოყალიბებულ და გათვლილ ნაციონალურ ინტერესებს ეფუძნება. ამიტომ, შავი ზღვის რეგიონში განვითარებულ ზემოთ აღნიშნულ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროცესებში, საქართველო, არათუ აქტიურად უნდა იყოს ჩართული, არამედ ერთ-ერთი მთავარი როლიც უნდა ითამაშოს თავის სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად. ამასთანავე, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ დავიკავოთ პრაგმატული, კომპრომისული ხასიათის რაციონალური პოზიცია ჩვენი ოპონენტების მიმართ (რა თქმა უნდა, არა ჩვენი ინტერესების დათმობის ხარჯზე!). შესაბამისად, სწორედ ამ ურთულეს პერიოდში სჭირდებათ საქართველოსა და მის პარტნიორებს ურთიერთთანამშრომლობა, ხოლო ჩვენ, პოლიტიკოსებს, ამ საკითხებისადმი უფრო მეტად კონსოლიდირებული მიდგომა. ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს ფასეულობები, პრინციპები და პოზიციები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს უფრო ძლიერსა და მიმზიდველს გახდის.
ახლა მინდა კონკრეტულად საქართველო-ნატოს ურთიერთობებს შევეხო. საქართველო დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს აღნიშნავს. მოდით გავიხსენოთ, რომ ნატოსკენ მიმავალი გზა ჯერ კიდევ 1994 წელს დაიწყო პროგრამით - „პარტნიორობა მშვიდობისთვის“. სწორედ მის განხორციელებაში უნდა ასახულიყო ქართველი ხალხის ისტორიული მისწრაფება პროგრესისკენ, დასავლური ცივილიზაციისკენ, დემოკრატიული იდეალებისა და ღირებულებებისკენ. ნატო ხომ არა მხოლოდ სამხედრო ალიანსია, არამედ ის არის განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფოების პოლიტიკური გაერთიანებაც, რომელიც, პირველ რიგში, ზემოთ აღნიშნულ საზიარო დემოკრატიულ ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნება. თავად ამ კავშირში ინტეგრაციის პროცესი უაღრესად მოგებიანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც უმკაცრესი სტანდარტების დაცვის გზით, მ.შ. პოლიტიკური ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პრაქტიკის, განმტკიცებით, სურს გაატაროს რეფორმები და გახდეს თანამედროვე ლიბერალური დემოკრატია. სწორედ ეს მიზანი დაისახა საქართველომ და თანმიმდევრულად მიიწევს ამ მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ პირველი ოფიციალური განაცხადი საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 1997 წლის მაისში იტალიის პარლამენტში გააკეთა და რამდენიმე დღის შემდეგ იგივე გაიმეორა ჰააგაში ნიდერლანდების პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას. შევარდნაძის თქმით, 2005 წლისთვის „საქართველო ნატოს კარზე მიკაკუნებას აპირებდა.“ ბევრს მაშინ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის რომანტიკულ ამბიციად მოეჩვენა, თუმცა, ამ მიმართულებით საქართველოს თანმიმდევრულმა და შეუქცევადმა სვლამ კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებამდე მიგვიყვანა: ნატოსათან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, დღეს საქართველო უსაფრთხოების მომხმარებლიდან უსაფრთხოების გლობალურ მიმწოდებლად გადაიქცა; ამერიკელი და ევროპელი ინსტრუქტორები ჩვენს ჯარისკაცებს ამზადებენ; ქართველი მებრძოლები გმირულად მსახურობენ ნატოს ყველაზე მძიმე მისიებში; დასავლური სამყარო საქართველოს სანდო და თანასწორ პარტნიორად აღიქვამს; ნატოს ქვეყნები, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პირობებში, გვეხმარებიან ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში. ამის მაგალითია საფრანგეთის მიერ ჩვენთვის თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გადმოცემა, რაც, თავისთავად, უკვე ეჭვქვეშ აყენებს, ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე საუბრისას, პარიზის სკეპტიკოსთა რიგებში მოხსენიებას. 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მტკიცე და მშვიდობიანმა პოლიტიკამ საშუალება მოგვცა, მნიშვნელოვანი შეღავათები მიგვეღო იმ სახელმწიფოებისგანაც კი, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ მსგავსი თანამშრომლობისგან თავს იკავებდნენ. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ, პირველ რიგში, ასეთი თანამშრომლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მაღალია დემოკრატიის ხარისხი და მდგრადობა პარტნიორ სახელმწიფოში.
მოდით დავსვათ შეკითხვა: აქვს თუ არა საქართველოს დასავლურ განვითარებას სხვა ალეტერნატივები? ნატოს ოპონენტები ასახელებენ ორ გზას: რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას ან ნეიტრალიტეტს. რას გვთავაზობს რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი? მოსკოვი ამბობს: „ან ჩვენთან, ან ჩვენ წინააღმდეგ“ და ამ გზავნილში ყველაზე მეტად ბუნდოვანია ის, თუ რას ნიშნავს „მათთან ყოფნა“? რას გვთავაზობს რუსეთი ურთიერთობების ამ პარადიგმაში? კონფლიქტების მოგვარებას? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? არც ერთს და არც მეორეს. მეტიც, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელები ვერც შემოგვთავაზებენ ამას ერთი მარტივი მიზეზის გამო. კრემლის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში სრულ დისონანსშია ქართველი ხალხის ნებასთან, რომელმაც სამუდამოდ თქვა უარი ტოტალიტარულ და ავტორიტარულ პოლიტიკურ სისტემაში ცხოვრებაზე. ეს კარგად ესმით მოსკოვში და ეს უნდა გააცნობიეროს ზოგიერთმა ჩვენმა პოლიტიკოსმაც. რაც შეეხება მესამე ვარიანტს - ნეიტრალიტეტს, ის მიიღწევა მხოლოდ კონკრეტულ სამეზობლო გარემოცვაში, როდესაც პატარა ნეიტრალური პოლიტიკის გატარების მსურველი სახელმწიფოს მოსაზღვრე დიდი სახელმწიფოები ერთმანეთში თანხმდებიან, რომ მოცემული სახელმწიფოს ტერიტორია არ გამოიყენონ ერთმანეთის წინააღმდეგ. არა მგონია, ამ ეტაპზე, ნებისმიერმა ევროპულმა სახელმწიფომ, თუნდაც მთლიანად ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თურქეთმა, ირანმა და რუსეთმა ასეთ შეთანხმებას მიაღწიონ, განსაკუთრებით მათ შორის არსებული მტრული ურთიერთობების ფონზე.

ამგვარად, საქართველოს არჩევანი ნატოსთან მიმართებით არის ერთად-ერთი ლოგიკური გამოსავალი. ეს კარგად გაცნობიერებული, ფილოსოფიური, ეგზისტენციალური, გრძელვადიანი ხასიათის არჩევანია, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი პატარა და ტანჯული ქვეყნის თავდაცვის პოტენციალის გასაძლიერებლად იქნა მიღებული, არამედ, პირველ რიგში, მის დემოკრატიული განვითარების მიზანს ემსახურება.
ამიტომ, აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ ნატოსკენ მიმავალი გზა და ალიანსის წევრობა არ ნიშნავს შიდა პრობლემების, მათ შორის ტერიტორიული საკითხების ავტომატურად გადაწყვეტა-მოგვარებას და ჩვენმა პარტნიორებმა კარგად იციან, რომ საქართველო არ აპირებს საკუთარი პრობლემების გადაჭრას ნატოს პოტენციალის გამოყენებით. ეს არჩევანი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით, გავხდეთ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სასარგებლო და საჭირო ქვეყანა, ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფო და საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი.
კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც ჩვენს დიდ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობებს უკავშირდება: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გახლავთ რეალური, პრაგმატული პოლიტიკის მომხრე და სწორედ ამიტომ აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან. ამ კონტაქტებს მიესალმებიან და მხარს უჭერენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამასთანავე, ჩვენ არასოდეს გადაგვიკვეთავს „წითელი ზოლი“ და ვიტოვებთ უფლებას, თავად ავირჩიოთ ქვეყნის განვითარების ვექტორი. ჩვენ არასდროს დავთმობთ სუვერენიტეტის ძირეულ პრინციპებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. დიახ, მოსკოვს ეს ან არ ესმის, ან არ სურს, გაიგოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკურ წრეებში დაუსრულებლად განიხილებოდეს თემები, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დიდი ხანია მიიღეს სტრატეგიული ხასიათის გადაწყვეტილება, როგორც ჩვენი ქვეყნის შიდა განვითარებასთან, ისე საგარეოპოლიტიკურ თუ უსაფრთხოების ვექტორებთან დაკავშირებით. მეტიც, დარწმუნებული ვარ, თუკი, დავუშვათ, ჩვენ ზურგს შევაქცევთ ნატოსა და ევროპას, გადავუხვევთ ჩვენს ევროპულსა თუ ჩრდილო-ატლანტიკურ კურსს და გადავალთ ე.წ. „ევრაზიულ“ ტრაექტორიაზე, ამით ჩვენი პრობლემები ვერ გადაწყდება. თანამედროვე პოლიტიკა მექანიკურ კულბიტებს არ ცნობს.
ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, ნატო არასოდეს მიგვიღებსო. ვერ დავეთანხმები მათ. ჯერ ერთი, დადგება ისტორიული პერსპექტივის მომენტი და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ამას თითქმის ყოველწლიურად ადასტურებს ალიანსის „ღია კარის პოლიტიკა“. და მეორე: როგორც უკვე აღვნიშნე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების სტანდარტებთან საქართველოს დაახლოების პროცესს ძალიან დიდი, მე ვიტყოდი, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მომავლისათვის. ეს პროცესი არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის ზრდისა და განვითარებისთვის და ეს შესაძლებლობა ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ნატო (და, რა თქმა უნდა, ევროკავშირი) ჩვენთვის სახელმწიფოებრივი განვითარების მოდელის შემადგენელს წარმოადგენს. ჩემი აზრით, რუსეთთან კონფლიქტი მხოლოდ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას არ უკავშირდება. ბევრ სხვა ფაქტორებთან ერთად, ის არის შედეგი იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს განვითარების სხვადასხვა მოდელები აქვთ არჩეული. საქართველომ ინსტიტუციურ დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს მოდელი აირჩია და ამ უაღრესად კომპლექსურ, შიდა და გარე ფაქტორებით დახუნძლულ პროცესში მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. ეს არის ურთულესი გზა, მაგრამ ეს ჩვენი არჩევანია და ჩვენი ვალია, ის ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ. ეს არ ეხება კონკრეტულად ნატოს წევრობას. საუბარია დემოკრატიულ მომავალზე ქვეყნისა, სადაც ჩვენი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები იცხოვრებენ. ჩვენ რეფორმებისა და მოქმედების გზაზე ვდგავართ და, უპირველეს ყოვლისა ეს გზა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების გასავლელია. ნატოს, ევროკავშირს, შეერთებულ შტატებსა თუ ევროპის სახელმწიფოებს შეუძლიათ მხოლოდ დაგვეხმარონ, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი თავად ჩვენ უნდა ვაკეთოთ.
არსებობს თუ არა სხვა გზა? მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს: ამ დღეებში რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ვალერი ზორკინმა გულახდილად აღიარა, რომ რუსეთი ჯერ კიდევ არ არის სრულად სამართლებრივ-დემოკრატიული სახელმწიფო, რადგანაც კვლავ გაისმის მოწოდებები - „ვიცხოვროთ სიმართლით და არა კანონით“. ხოლო საქართველოსა და მის მოქალაქეებს სურთ იცხოვრონ კანონით! სხვათა შორის, რუსეთიც უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ საქართველოს სახით ჰყავდეს სტაბილური და პროგნოზირებადი მეზობელი, რადგან ეს თვით რუსეთის ინტერესებშია!
ძალიან კარგია, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს დისკუსიები სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე: ღია და გულახდილი დებატებიც ხომ დემოკრატიის ხარისხის ნიშანია. უბრალოდ, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამ განაპირობა საქართველოს არჩევანი საგარეო პრიორიტეტების დასახვისას. მესმის, რომ ჩვენ მიერ არჩეული გზა მარტივი არაა და რომ წინ უამრავი სირთულე და გამოწვევა გველის.
და ბოლოს, ვბრუნდები იქ, საიდანაც დავიწყე. ცალსახაა, რომ ჩვენი რეგიონისკენ სულ უფრო მეტად იქნება მომართული საერთაშორისო ყურადღება. ამიტომ, აუცილებელია, რომ ჩვენ, საქართველოს პოლიტიკოსები, დიპლომატები, პარლამენტარები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ძალიან აქტიურები ვიყოთ რეგიონული თანამშრომლობის ყველა ფორმატში, როგორც შავი ზღვის, ასევე, ევროპულ დონეზე. არც იმის თქმას მოვერიდები, რომ ახალი, ცივილიზებული სამყაროს გამაერთიანებელი იდეების შემუშავებასა და განხორციელებაში სწორედ ჩვენ უნდა ვიყოთ ლიდერები. ეს იქნება ურთულესი მისია და მისი დაძლევა მხოლოდ შინაგანად ძლიერ, დემოკრატიულ საქართველოს ხელეწიფება.



თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები