არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
დედოფალ ელიზაბეთის დაბადების 90 წელთან დაკავშირებით
12:09 13-06-2016
დედოფალ ელიზაბეთის დაბადების 90 წელთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მონარქს ელიზაბეთ II-ს 2016 წლის 21 აპრილს შეუსრულდა 90 წელი. მაგრამ დედოფლის დაბადების დღე, რაც სამეფოს ოფიციალური ზეიმია, ყოველთვის იმართება ივნისის თვეში (წელს 11-12 ივნისს). ეს პრაქტიკა შემოიღეს იმისათვის, რომ სახალხო დღესასწაული კარგ ამინდში გაიმართოს ხოლმე. თუმცა, ბრიტანეთში წვიმა ყოველთვის შეიძლება მოვიდეს!

ქვემოთ წარმოდგენილია ნაწყვეტი ბრიტანეთის მონარქიის შესახებ რევაზ გაჩეჩილაძის წიგნიდან "გაერთიანებული სამეფო: სივრცე, საზოგადოება პოლიტიკა", რომელსაც მოკლე ხანში გამოსცემს თბილისის უნივესიტეტის გამომცემლობა.

* * *

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო კონსტიტუციური მონარქიაა. სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაურია დედოფალი ელიზაბეთ II უინძორი (Elizabeth II, 1926 -) რომელიც 1952 წელს, 26 წლის ასაკში, ავიდა ტახტზე მამამისის, ჯორჯ VI-ის, გარდაცვალების შემდეგ. 2015 წლის სექტემ-ბერში მან მოხსნა "ბრიტანეთში ყველაზე დიდი ხნის მეფობის რეკორდი", რომელიც იქამდე ეკუთვნოდა 64 წლის განმავლობაში ტახტზე მყოფ დედოფალ ვიქტორიას.

მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის ხელმძღვანელობა სიმამაცის მაგალითს იძლეოდა. მეფე ჯორჯ VI-მ და დედოფალმა ელიზაბეთმა უარი განაცხადეს კანადაში ევაკუაციაზე. სამეფო ოჯახი ლონდონის ბუკინგემის სასახლეში დარჩა (რომელიც ნაცისტურმა ავიაციამ დაბომბა და ნაწილობრივ დაანგრია), ხანდახან კი ახლომდებარე უინძორის ციხე-დარბაზში იმყოფებოდა. მეფე და დედოფალი თავიანთ ორ ქალიშვილთან ერთად (უფროსი მათგანი იყო ტახტის მემკვიდრე ელიზაბეთი: მას დედის სახელი ჰქვია!) მონაწილეობდნენ ნანგრევების გაწმენდასა და დაჭრილთა გამოყვანაში, სტუმრობდნენ ჯარებსა და სამხედრო ჰოს-პიტლებს, რაც ამშვიდებდა და საბოლოო გამარჯვების რწმენას განუმტკიცებდა რიგით მოქალაქეებს.

თანამედროვე გაერთიანებულ სამეფოში ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის და მონარქი არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ მექანიზმისა, რომელიც შექმნილია ხალხის ნება-სურვილის გამოსახატავად.

ფორმალურად მონარქი ერთდროულად არის სახელმწიფოს მეთაურიც, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელიც, ანგლიკანური ეკლესიის მეთაურიც და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიც. მთავრობის მინისტრები და სახელმწიფო მოხელეები "მონარქის მსახურებად" ითვლებიან. სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისას ყველა ვალდებულია მეფისადმი (ამჟამად – დედოფლისადმი) ერთგულების ფიცი დადოს. ბრიტანეთის სახელმწიფო ჰიმნი არის ერთგვარი "ოდა მეფისადმი": ის იწყება სიტყვებით "God save our gracious Queen" ("ღმერთო, დაიფარე ჩვენი კეთილი დედოფალი". როდესაც ტახტზე მამაკაცია, მაშინ ჰიმნში "მეფეს" ახსენებენ).

რეალურად ბრიტანეთის მთავარ აღმასრულებელს, პრემიერ-მინისტრს, სავსებით შეუძლია მონარქისგან დამოუკიდებლად მიიღოს ყველა გადაწყვეტილება, მაგრამ ემორჩილება საუკუნოვან ტრადიციას, რომელსაც ბრიტანელების დიდი უმრავლესობა შეეჩვია.

XVII საუკუნის ბოლოდან მომდინარე წესით მონარქი პოლიტიკის გარეთ (ან "პოლიტიკაზე ზემოთ") უნდა იდგეს. თავისი ზეობის თითქმის 65 წლის მანძილზე დედოფალი ელიზაბეთ II ზედმიწევნით მისდევს ამ წესს და ჟურნალისტების მრავალგზისი მცდელობა – "დაეჭირათ" მისი ჩარევა პოლიტიკაში – ყოველთვის წარუმატებლად მთავრდებოდა. გაერთიანებული სამეფოდან შოტლანდიის გამოყოფის საკითხზე 2014 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროსაც კი დედოფალს საჯაროდ არ გამოუხატავს თავისი პოზიცია, თუმცა, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ის სამეფოს ერთიანობის მომხრე უნდა ყოფილიყო.

სეკულარულ ევროპაში ინგლისი (ვგულისხმობ სწორედ ინგლისს და არა მთელ ბრიტანეთს) ძალიან იშვიათი ქვეყანაა, სადაც არსებობს სახელმწიფო ეკლესია. ინგლისის ეკლესიის მეთაური XVI საუკუნიდან მოყოლებული არის მონარქი. 1952 წლიდან ეკლესიის მეთაურია დედოფალი ელიზაბეთი. მაგრამ ის არ ერევა ეკლესიის მართვაში და, როგორც ჩანს, ადვილად ეგუება იმას, რომ ზოგადად ქრისტიანობისათვის უჩვეულოდ ინგლისში მღვდლები და ეპისკოპოსები კაცებთან ერთად ქალებიც შეიძლება იყონ, რაც ნამდვილი გენდერული თანასწორობაა!

მონარქს მოეთხოვება იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ანუ არც ერთი პარტიის მიმართ სიმპათია-ანტიპათიას ის არ უნდა გამოხატავდეს. ბრიტანეთის მონარქს არ შეუძლია დახარჯოს სახელმწიფო სახსრები, გამოსცეს კანონი. მონარქი მოქმედებს "თავისი მინისტრების" რჩევით. კონსტიტუციის თანახმად, მონარქს არ შეუძლია უარყოს ეს რჩევა.

მონარქი მეფობს, მაგრამ არ მართავს!

მონარქია არის ბრიტანეთის პოლიტიკურ სისტემის მუდმივი ნაწილი, მაშინ როცა პოლიტიკოსები, მათ შორის პრემიერ-მინისტრები, დროებითი ნაწილებია. ელიზაბეთ II-ის ხანგრძლივი მეფობის დროს ბრიტანეთში შეიცვალა 12 პრემიერ-მინისტრი (ერთი მათგანი ორჯერ იყო ამ პოსტზე)….
მონარქის ფუნქციებში შედის პარლამენტის დათხოვნა, მოწვევა და მისი გახსნა; თემთა და ლორდთა პალატის მიერ დამტკიცებული კანონის ასამოქმედებლად მასზე აუცილებელია მონარქის ხელისმოწერა (სამი საუკუნეა, რაც არც ერთ მეფეს არ უთქვამს უარი კანონის ხელმოწერაზე!); ოფიციალურად მონარქი ნიშნავს მინისტრებს, ანიჭებს წოდებებსა და ორდენებს, ნიშნავს ლორდებს, აძლევს სახელმწიფო ჯილდოებს. ეს ყველაფერი კეთდება, რასაკვირველია, "პრემიერ-მინისტრის რჩევით".

მონარქი ატარებს საიდუმლო საბჭოს სხდომებს. ის ახორციელებს წარმომადგენლობით ფუნქციას საერთაშორისო დონეზე, ანუ ხვდება სხვა სახელმწიფოების მეთაურებს, ნიშნავს ელჩებს და ღებულობს რწმუნებათა სიგელებს სენტ ჯეიმზის კართან (the Court of St. James: ეს ბრიტანეთის სამეფო კარის ოფიცია-ლური სახელია) დანიშნული უცხოელი ელჩებისაგან.

მონარქის უფლებაა შეარჩიოს და დანიშნოს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი. დაუწერელი შეთანხმებით პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს თემთა პალატაში წევრთა უმრავლესობის მქონე პარტიის ლიდერი. მაგრამ თუ ვერც ერთმა პარტიას ვერ მოიპოვა უმრავლესობა, ანუ შეიქმნა ე.წ. "დაკიდული პარლამენტი", ან ორმა პარტიამ ზუსტად თანაბარი რაოდენობის წევრი გაიყვანა თემთა პალატაში (რაც თეორიულად შესაძლე-ბელია), მონარქს უჩნდება პრემიერ-მინისტრის თავისუფალი არჩევის უფლება. მართალია, ასეთი რამ XX-XXI საუკუნეებში პრაქტიკულად არ მომხდარა.

ბრიტანელების უმრავლესობა მონარქიის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი. ეს, ძირითადად, დე-დოფალ ელიზაბეთის დამსახურებაა, რომელიც მაღალი ზნეობრიობის მაგალითს აძლევს თავის ხალხს. ის არ ერევა პოლიტიკაში, იმ თვალსაზრისით, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ანიჭებს უპირატესობას. ის ღირსეულად წარმოადგენს ბრიტანეთის გვირგვინს "თანამეგობრობის" 53 ქვეყანაში, რომელთაგან 15-ში იგი აღიარებულია "სახელმწიფოს მეთაურად": ელიზაბეთი არის, მაგალითად, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის დედოფალი.

ბრიტანეთის სახელმწიფო 38-40 მილიონი პაუნდის ოდენობის ყოველწლიურ გრანტს აძლევს მონარქს, რომლითაც ის ინახავს სასახლეებს, სამეფო კარის მომსახურე პერსონალს, სამეფო ოჯახის საკმაოდ მრავალ-რიცხოვან წევრებს, იხდის კომუნალურ გადასახადებს.

რეალურად, ამ მილიონებს ბრიტანელი გადასახადის გადამხდელები არ იხდიან. 1760 წელს ტახტზე ახალა-სულმა მეფე ჯორჯ III-მ სახელმწიფო ხაზინას გადასცა თავისი უძრავი ქონების დიდი ნაწილი, რომელსაც "გვირ-ვინის მამული" (Crown Estate) ეწოდა. "გვირგვინის მამული" დღემდე იმართება ხაზინის მიერ და მასვე მიაქვს მისი შემოსავალი. "გვირგვინის მამულის" კუთვნილ მიწის მრავალ ნაკვეთთა შორისაა ამჟამინდელი ცენტრალური ლონდონის ერთ-ერთი უმდიდრესი უბანი რიჯენტ სტრითის ირგვლივ, რომლის ფართობი მრავალწლიანი იჯარით აქვთ აღებული იქ განლაგებულ სავაჭრო დაწესებულებებისა და საცხოვრებელი სახლების მფლობელებს: მიწის იჯარას ისინი სახელმწიფო ხაზინას უხდიან. ასევე ქირავდება "გვირგვინის მამულის" სხვა უძრავი ქონება.

ჯორჯ III-ისა და მთავრობის გარიგების თანახმად, რომელიც დღემდე ძალაშია, სანაცვლოდ ჩამოიწერა მეფის წინამორბედების მიერ აღებული პირადი ვალები, მონარქი განთავისუფლდა პასუხისმგებლობისაგან სახელმწიფო ვალზე და მთავრობის შენახვაზე. მონარქს მიეცა ყოველწლიური გრანტი ხაზინიდან. 2011 წელს ადრე დადგენილი წესი გადაიხედა და იქიდან მოყოლებული მონარქს "სუვერენის გრანტის" (Sovereign grant) სახით ერიცხება"გვირგვინის მამულის" შემოსავლის 15 პროცენტი. 2014 წელს "სუვერენის გრანტმა" შეადგინა 38 მილიონი პაუნდი.

შოტლანდიაში მდებარე ბალმორალის მამული მონარქის პირადი საკუთრებაა, რადგან 1852 წელს დედო-ფალმა ვიქტორიამ ის 32 ათას პაუნდად იყიდა თავისი მეუღლის, პრინც ალბერტის, სახელზე. ეს მამული იქ მდებარე სასახლესთან ერთად მემკვიდრეობით გადადის ყოველ მომდევნო მონარქზე. ბალმორალში ყოფნა დედოფალს განსაკუთრებით უყვარს.

დედოფალს ასევე ეკუთვნის სასახლეები ლონდონში, უინძორში, ისტ-ანგლიაში (სანდრინგემი) და სხვაგან. ყველა მათგანის შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება და "სუვერენის გრანტი" ამას ვერ გაწვდება. ამიტომ ბევრი სასახლე ტურისტულ ატრაქციონად იქცა, იქ შესვლა და ნახატების შესანიშნავი კოლექციების დათვალიერება ფასიანია. მაგალითად, ლონდონის სამეფო რეზიდენციაში – ბუკინგემის სასახლეში, სადაც დედოფალი წლის ნახევარს ატარებს ხოლმე, ყოველი წლის ივლის-სექტემბერში, როდესაც დედოფალი შოტლანდიაში მიემგზავრება ხოლმე, ტურისტების უწყვეტი ნაკადი შედის: რიგი ნახევარ კილომეტრზე იჭიმება. ბილეთი კი არც თუ იაფია!

"სუვერენის გრანტის" გარდა, დედოფლის შემოსავალს შეადგენს მის პირად საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემისგან მიღებული თანხა. შემოსავალი მონარქის მამულებიდან და სასახლეებიდან ხაზინაში არ მიდის, ის მონარქის პირადი შემოსავალია და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით ზუსტად ისე, როგორც ბრიტანეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოსავალი.

საერთო ჯამში, ბრიტანეთის დედოფალი მსოფლიოს მონარქებს შორის უმდიდრესადაა მიჩნეული: მის ქონებას – სასახლეებს, ძვირფასი ნახატების კოლექციებს, გვირგვინებს და სხვა ძვირფასეულობას – 90 მილიარდ აშშ დოლარად აფასებენ. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ დედოფალს ასეთი თანხის განკარგვის საშუალება აქვს!

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეა დედოფლის უფროსი ვაჟი, უელსის პრინცი ჩარლზი (დაბადებული 1947 წელს). ტახტის მემკვიდრეობის რიგში მეორეა ჩარლზის უფროსი ვაჟი, კორნუოლის ჰერცოგი უილიამი (დაბადებული 1985 წელს), ხოლო მესამე – უილიამის ვაჟი ჯორჯი (დაბადებული 2013 წელს).
მონარქიას ბრიტანეთში ჰყავს კრიტიკოსები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თანამედროვე პირობებში სახელმწიფოს აურჩეველი მეთაურის არსებობა ანაქრონიზმია. მონარქიის არსებობა არადემოკრატიულია, ის დაკავშირებულია არისტოკრატიულ პრივილეგიებთან, ხელს უწყობს კლასობრივ გამიჯვნას და საზოგადოებაში მკაცრი იერარქიის შენარჩუნებას. შოტლანდიაში ფიქრობენ, რომ მონარქია უფრო ინგლისურია, ვიდრე ზოგადბრიტანული. რესპუბლიკელები, რომლებიც ჯერჯერობით უმცირესობაა, აღნიშნავენ, რომ მონარქის ფუნქციები წმინდა ცერემონიულია და უმჯობესია მონარქია შეიცვალოს არჩევითი და ნაკლებ ხარჯიანი საპრეზიდენტო ინსტიტუტით, რომელსაც არ ექნება აღმასრულებელი ფუნქცია.

მონარქიის შენარჩუნების მომხრეების არგუმენტაცია კი ის არის, რომ მონარქია პოპულარულია, მან მოახერხა შეგუება თანამედროვე მოთხოვნებთან; ის არის ეროვნული ერთიანობის სიმბოლო და კონსტიტუციის მცველი; მონარქი სტაბილურობისა და უწყვეტობის სიმბოლოა, ის პოლიტიკოსებს მეტ პრესტიჟულობას ანიჭებს; ის არ არის პოლიტიკური მანიპულაციის ობიექტი; როდესაც საერთაშორისო დონეზე ბრიტანეთს წარმოადგენს მონარქი, ის ხელს უწყობს ბრიტანეთის ძმური ურთიერთობის შენარჩუნებას იმ 14 ქვეყანასთან, სადაც ბრიტანეთის მონარქი სახელმწიფოს ფორმალური მეთაურია.
საერთო ჯამში, როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ადასტურებს, XXI საუკუნის მეორე ათწლეულში მონარქიას ბრიტანეთში მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე.

რევაზ გაჩეჩილაძე
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები