არქივი
«« მაისი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4416
EUR
1 EUR
2.6701
RUB
100 RUB
4.2768
01-05-2017
2016 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგები და 2017 წლის პერსპექტივები
10:27 30-12-2016
2016 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგები და 2017 წლის პერსპექტივები 2016 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებსა და 2017 წლის პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს, პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილსა და პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით ქვეყნისა და ხელისუფლებისათვის 2016 წელს?

ზაზა ფირალიშვილი - 2016 წელს სათავე დაედო ბევრ ისეთ მოვლენას, რომელთა შედეგების კონტურებიც მხოლოდ მომავალში თუ გამოჩნდება

ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებისათვის 2016 წელი იყო წარმატებული, ვგულისხმობ ვიზალიბერალიზაციასა და საპარლამენტო არჩევნებს, ხოლო ქვეყნისათვის - უფრო წარუმატებელი, თუნდაც ლარის ინფლაციის გამო

სოსო ცისკარიშვილი - 2016 წელს განსაკუთრებული წარმატების მოლოდინი უსაფუძვლო იქნებოდა, რაც არაერთხელ დაგვიდასტურეს ევროპული ვიზალიბერალიზაციის მადიდებელმა ოდამ და სამამულო ეკონომიკამ

რამაზ საყვარელიძე - ამ წელს მოულოდნელობების წელს დავარქმევდი, ზოგისთვის უსიამოვნო და ზოგისთვის სასიამოვნო სიურპრიზებისას
___________________________________________________________________

ზაზა ფირალიშვილის
- აზრით, ”2016 წელს სათავე დაედო ბევრ ისეთ მოვლენას, რომელთა შედეგების კონტურებიც მხოლოდ მომავალში თუ გამოჩნდება.”

ვახტანგ ძაბირაძის
შეფასებით კი ”ხელისუფლებისათვის მიმდინარე წელი იყო წარმატებული, ვგულისხმობ ვიზალიბერალიზაციასა და საპარლამენტო არჩევნებს, ხოლო ქვეყნისათვის - უფრო წარუმატებელი, თუნდაც ლარის ინფლაციის გამო

სოსო ცისკარიშვილის თქმით,
ნაკიან, თანაც მაიმუნის ”2016 წელს განსაკუთრებული წარმატების მოლოდინი უსაფუძვლო იქნებოდა, რაც არაერთხელ დაგვიდასტურეს ევროპული ვიზალიბერალიზაციის მადიდებელმა ოდამ და სამამულო ეკონომიკამ.”

რამაზ საყვარელიძე - ”ამ წელს მოულოდნელობების წელს დავარქმევდი, ზოგისთვის უსიამოვნო და ზოგისთვის სასიამოვნო სურპრიზებისას” .
მისი განმარტებით, ქვეყნის მოსახლეობა არჩევნებამდე თვლიდა, რომ „ნაცმოძრაობის“ თემა აღარ იყო აქტუალური, რადგან სააკაშვილი უკრაინაში წავიდა და ბევრი პარტია შევიდოდა პარლამენტში. ”ბევრი წამყვანი პოლიტიკოსი „წავიდა სახლში“, ზოგი სცენას დაუბრუნდა, ზოგი თანაპარტიელებს დაუპირისპირდა. მმართველი პარტიისთვის დიდი უპირატესობით გამარჯვება სასიამოვნო, მაგრამ მაინც სურპრიზი იყო.”- აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

რას მიიჩნევდით ამ წლის მთავარ მოვლენად და რატომ?

ზაზა ფირალიშვილი - ბრექსიტმა და აშშ-ში დონალდ ტრამპის არჩევამ სერიოზულად შეცვალა საერთაშორისო ცხოვრების რეჟიმი

ვახტანგ ძაბირაძე - საპარლამენტო არჩევნების შედეგები და მიღებული ვიზალიბერალიზაცია

სოსო ცისკარიშვილი - მთავარ და ხანგრძლივი ზეგავლენის მოვლენებად განსხვავებული შეფასებების მქონე უტიფარ საპარლამენტო არჩევნებსა და ქართული ლარის ცრემლიან ტრაგედიას” ასახელებს.

რამაზ საყვარელიძე - არჩევნების შედეგად უხარისხო საღებავით დახატული სურათივით ჩამოიშალა ქართული პარტიული სპექტრი”.
__________________________________________________________

ზაზა ფირალიშვილი - საშინაო ასპარეზზე უმთავრესი მნიშვნელობის ფაქტად საპარლამენტო არჩევნებსა და ვიზალიბერალიზაციის მოახლოებას მიიჩნევს. მისივე აზრით, არჩევნების შედეგად “ხელისუფლებას დღეს ტოტალური პასუხისმგებლობა ეკისრება. აქედან სულ ერთი ნაბიჯია მარცხამდე”. ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე - ”ბრექსიტმა და აშშ-ში დონალდ ტრამპის არჩევამ სერიოზულად შეცვალა საერთაშორისო ცხოვრების რეჟიმი.”

ვახტანგ ძაბირაძე
წლის უმთავრეს მოვლენებად საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს, რომლის ლეგიტიმაცია, შინ თუ გარეთ, ყველა ნეიტრალურმა დამკვირვებელმა აღიარა და ასევე ვიზალიბერალიზაციას.
მისივე მტკიცებით, - ”პირველი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი გრძელდება, შესაძლოა, არა იმ ტემპით, როგორიც ჩვენ გვსურს, მაგრამ მაინც. ხოლო მეორე, საშუალებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით - ახალგაზრდებს, იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში და საკუთარი თვალით ნახონ, თუ რას ნიშნავს დემოკრატია ყოველდღიურ ცხოვრებაში”.

რამაზ საყვარელიძე
2016 წლის არჩევნებს მიიჩნევს 2016 მთავარ მოვლენად - ”ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან ბევრ რამეზე დაფიქრების საბაბს იძლევა იმ ფონზე, რომ ქვეყანას გაუჩნდა ახალი კონსტიტუციის იოლად მიღების შანსი. ამ ერთი არჩევნების შედეგად უხარისხო საღებავით დახატული სურათივით ჩამოიშალა ქართული პარტიული სპექტრი.” მისივე თქმით, ”არჩევნები მნიშვნელოვანი მოვლენააა, ოღონდ, თუ არჩევნები არაფერზე არ დაგვაფიქრებს, რისი ნიშნებიც უკვე არის, მაშინ, ბუნებრივია, იგი უმნიშვნელო, რიგითი მოვლენა იქნება”.

თქვენი დაკვირვებით, რა თავისებურებებით ხასიათდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკური რეალობა?

ზაზა ფირალიშვილი - გვყავს ხელისუფლება რეალური ოპონენტის გარეშე

ვახტანგ ძაბირაძე - ”ქართულ ოცნებას” და ”ნაცმოძრაობას” მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „ხელისუფლება“ და „ოპოზიცია
____________________________________________________________________

ზაზა ფირალიშვილის აზრით, ”გვყავს ხელისუფლება რეალური ოპონენტის გარეშე” პარლამენტს ბევრი აკლია საიმისოდ, რომ რეალურად იყოს ორპოლუსიანი. ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთხელ განმეორდა მავანისათვის ძალაუფლების სრული გადაცემის სცენარი ”არადა, 2012 წლის არჩევნებმა მეც და კიდევ ბევრს გაგვიჩინა იმედი, რომ ეს აღარ მოხდებოდა.” მისივე მტკიცებით, ”ხელისუფლებას დღეს ტოტალური პასუხისმგებლობა ეკისრება, ვინაიდან სულ ერთი ნაბიჯია მარცხამდე.”

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ გარკვეული თვალსაზრისით, ჩვეულ რეალობას დავუბრუნდით - პარლამენტში ფაქტიურად ორი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი - „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“. „პატრიოტთა ალიანსი“ მცირერიცხოვნების გამო პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს.
მისივე განმარტებით, - ”ქართულ ოცნებას” და ”ნაცმოძრაობას” მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „ხელისუფლება“ და „ოპოზიცია“, რადგან, მათ არა თუ კონსენსუსის ძიების, ურთიერთთანამშრომლობის სურვილიც კი არ გააჩნიათ.” მისივე დაკვირვებით, შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტი ორ მტრულ ბანაკადაა გაყოფილი, ისევე, როგორც მათი ელექტორატი.

რით განსხვავდება 2016 წლის ”ქართული ოცნება” 2012 წლის ”ქართული ოცნებისაგან” და რას მიიჩნევდით 2016-2020 წლებში მმართველი გუნდის მთავარ პრობლემებად?

ზაზა ფირალიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავრობის მთავარ სტრატეგიად ისევ ”ნაციონალებთან” დაპირისპირება და მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი რჩება

ვახტანგ ძაბირაძე - „ქართული ოცნება“ სრულად აკონტროლებს ხელისუფლებას როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში, მაგრამ მისადმი მოსახლეობის მხარდაჭერა კრიტიკულ მინიმუმამდეა დასული

სოსო ცისკარიშვილი - ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია ‘‘ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა გაუთავებელი კინკლაობა და ერთმანეთის დამცირების ჟინი

რამაზ საყვარელიძე - კონსტიტუიციაზე მუშაობა იქნება მმართველი გუნდის მთავარი პრობლემა და გამოწვევა
_______________________________________________________________________

ზაზა ფირალიშვილი თვლის, რომ ”ოცნების“ ამჟამინდელი საპარლამენტო წარმომადგენლობა ნამდვილად უკეთესია. ნაკლებად არიან „ხალხური“ ტიპები, რომელთაც თავისი როლი ჰქონდათ 2012 წლის მოვლენების დროს. მეტია კარგი პროფესიონალი. თუმცა, ჯერაც სუსტი ჩანს გადაწყვეტილებათა მიღების მექანიზმები. მისივე თქმით, ”საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავრობის მთავარ სტრატეგიად ისევ ”ნაციონალებთან” დაპირისპირება და მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი რჩება.”

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ფუნდამენტური განსხვავება 2012 წლის „ქართულ ოცნებასა“და 2016 წლის „ქართულ ოცნებას“ შორის არის ის, რომ 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავდა, ვიდრე არჩევნების შედეგების მიხედვით მიღებული მანდატების რაოდენობა იყო, ხოლო 2016-ში უფრო მეტი მანდატები მიიღო, ვიდრე ამომრჩევლის მხარდაჭერა ჰქონდა.
მისივე აზრით, ამჟამად ”ქართული ოცნება“ სრულად აკონტროლებს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში, მაგრამ მისადმი მოსახლეობის მხარდაჭერა კრიტიკულ მინიმუმამდეა დასული, რაც ქმნის რეალურ საფრთხეს რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით შეეცდება და არა მოსახლეობაში მხარდაჭერის მოპოვებით.

სოსო ცისკარიშვილი თვლის რომ 2016 წლის „ქართული ოცნება“, თავისი შედარებით ახალგაზრდა შემადგენლობით, წინამორბედისგან განსხვავდება ახალ სახეთა დაუოკებელი მოტივაციით და ჯანსაღი პატივმოყვარეობით, რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად გაართვან თავი ახალ გამოწვევებს.
იგი არ გამოვრიცხავს შესაძლებლობას, რომ შემდეგი შემოდგომისთვის „ქართულ ოცნებაში“ ჩამოყალიბდეს ვირტუალური, შინაარსობრივად დაპირისპირებული ორი ფრაქცია - „წარსულის ფრაქცია“ და „მომავლის ფრაქცია“, რომელნიც კონკურენტულ გარემოში, დასახულ კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული პროცესის წარმატებულობაზე იქნება გათვლილი. იმედოვნებს, რომ მეოცნებეთა „მომავლის ფრაქციაში“ აღმოჩნდება მათი სრული სიის ორი/მესამედი, „წარსულის ფრაქციაში“ კი თავს კომფორტულად იგრძნობს სრული სიის ერთი/მესამედი. “
”რაც შეეხება მმართველი გუნდის მთავარ პრობლემას, შესაძლოა ასეთი რამდენიმეც იყოს, მაგრამ ყველაზე გამაღიზიანებელია ‘‘ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა გაუთავებელი კინკლაობა და ერთმანეთის დამცირების ჟინი. გამომდინარე იქიდან, რომ მმართველ პარტიას უფრო მაღალი პასუხისმგებლობის ვალდებულება გააჩნია პარლამენტში მიმდინარე პროცესების აკადემიურ, კორექტულ რეჟიმში წარმართვაში, მისი წევრები არ უნდა ტკბებოდნენ ოპონენტების მუდმივი კონტრდამცირებით.”- დასძენს სოსო ცისკარიშვილი

რამაზ საყვარელიძის აზრით, განსხვავებით 2012 წლისგან 2016 წლის „ქართული ოცნება“ უფრო მრავალწახნაგოვანი, პროფესიული და გაბედული გახდა კვირიკაშვილის პრემიერობის პირობებში.
”2012-ში „ოცნებას“ საბრძოლო ერთიანობა სჭირდებოდა, ახლა ესაჭიროება პროფესიონალიზმი და გაბედულება ყველა დონეზე, მათ შორის - კონსტიტუციაზე მუშაობაში. ”კონსტიტუიციაზე მუშაობა იქნება მმართველი გუნდის მთავარი პრობლემა და გამოწვევა”- დასძენს რამაზ საყვარელიძე.

რამდენად აქვს მმართველ გუნდს თქვენს მიერ აღნიშნული პრობლემების დაძლევის რესურსი?

ზაზა ფირალიშვილი - დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში პიროვნებების დეფიციტია და შედეგად საგრძნობლად მანკიერ სურათს ვიღებთ

ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებამ 4-პუნქტიანი გეგმა სრულად რომ განახორციელოს, რიგითი მოქალაქის რეალური შემოსავალი ამით არ შეიცვლება

სოსო ცისკარიშვილი - მმართველ გუნდს რესურსი ნამდვილად აქვს, სურვილის კი, რა მოგახსენოთ...

რამაზ საყვარელიძე - მმართველ გუნდში ჩანს სერიოზული პრობლემების გადაჭრის რესურსი

_____________________________________________________________

ზაზა ფირალიშვილი
თვლის, რომ ”დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში პიროვნებების დეფიციტია და შედეგად საგრძნობლად მანკიერ სურათს ვიღებთ”.
მისივე თქმით, პრემიერის თანამდებობაზე გ.კვირიკაშვილის გამოჩენამ გარკვეული იმედები გააჩინა, თუმცა კი იმთავითვე გაჩნდა კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად ფლობს იგი მართვის რეალურ ბერკეტებს. „ოცნებაში“ არიან ისეთებიც, ვისთვისაც კვირიკაშვილი მხოლოდ საზოგადოებისათვის მისაღები და ამით მოხერხებული ფასადია. ისინი შეეცდებიან, მისი მდგომარეობა ნომინალური იყოს და მთელი პასუხისმგებლობა და უზენაესი არბიტრის როლი კვლავ ბიძინა ივანიშვილს გადააბარონ. აქედან უკვე ერთი ნაბიჯია გადაწყვეტილებათა დაბლოკვამდე, პასიურობამდე, გადაწყვეტილებების მიღების უუნარობამდე, საბოლოოდ - კონცეპტუალურ სიღატაკემდე. ”ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში ასეთი უზენაესი არბიტრის როლში აღმოჩნდნენ ხან ზვიად გამსახურდია, ხან ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, ახლა კი ბიძინა ივანიშვილი.”- დასძენს ზაზა ფირალიშვილი

ვახტანგ ძაბირაძის
აზრით, მოსახლეობისათვისაც და, ზოგადად, ქვეყნისათვისაც უმთავრესი პრობლემა ეკონომიკური და სოციალური სიდუხჭირეა. ამიტომ, ხელისუფლების განაცხადი „სწრაფი ეკონომიკური განვითარების“ შესახებ, ნამდვილად ეხმიანება საზოგადოების მოთხოვნებს. მაგრამ, საკითხავია, რამდენად შეძლებს ხელისუფლება არსებულ გარემოში, არსებული სახელმწიფო სტრუქტურებით, მექანიზმებით ეკონომიკის სწრაფ განვითარებას?
”არსებულ ვითარებაში, რომ მოხდეს სასწაული და ხელისუფლებამ 4-პუნქტიანი გეგმა სრულად განახორციელოს, რიგითი მოქალაქის რეალური შემოსავალი ამით არ შეიცვლება.” - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე, ვინაიდან მისივე აზრით, ერთი უცნაურობა შეინიშნება - ყველა თანხმდება, რომ სამუშაო ადგილებს სწრაფად და დიდი რაოდენობით ქმნის მცირე და საშუალო ბიზნესი. აქედან გამომდინარე, თითქოსდა ლოგიკური უნდა იყოს მცირე და საშუალო ბიზნესისადმი ხელშეწყობა. სინამდვილეში, ხელისუფლება ხელს უწყობს მსხვილი ბიზნესის განვითარებას. შედეგად ხდება ბიზნესსექტორების მონოპოლიზება, რაც იწვევს მცირე და საშუალო ბიზნესის შემცირებას.
”იქმნება შთაბეჭდილება, რომ სადღაც კვლავ ცოცხლობს საქართველოს სინგაპურიზაციის იდეა, ოღონდ, თუ ადრე მ. სააკაშვილი მის რეალიზებას რეპრესიული მეთოდების გამოყენებით ცდილობდა, ამჟამად იგივეს მონოპოლიური ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბებით ცდილობენ.”- დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, - მმართველ გუნდს რესურსი ნამდვილად აქვს, სურვილის კი, რა მოგახსენოთ...

რამაზ საყვარელიძე
თვლის რომ ”ქართულ ოცნების” გუნდს საინტერესო ახალგაზრდები შეემატა ამ გუნდს. თუ მათაც და უფროს თაობასაც განვითარების პირობები ექნებათ, ”მმართველ გუნდში ჩანს სერიოზული პრობლემების გადაჭრის რესურსი”.

თქვენ რას მიიჩნევდით საშინაო პოლიტიკის უმთავრეს პრობლემად

ზაზა ფირალიშვილი - ხელისუფლებას რეალური ოპონენტი არ ჰყავს

ვახტანგ ძაბირაძე - სახელმწიფო სისტემის ფუნდამენტური რეფორმირება იყო და არის როგორც ხელისუფლების, ასევე ჩვენი საზოგადოების უმთავრესი გამოწვევა

სოსო ცისკარიშვილი - „ქართული ოცნებაც,“ როგორც ადრე „ნაცმოძრაობა,“ ჯერ ისვრის და მერე იწყებს დამიზნებას, ოღონდ ”ნაციონალებისგან” განსხვავებით, იგი მაშინვე ცდილობს თავის მართლებას

რამაზ საყვარელიძე - ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პრობლემა ისევე ძველია, როგორც უმუშევრობის სოციალური პრობლემა, იგი 25 წელია თან გვდევს. ვერ ხერხდება საკითხების თამამად დასმა

__________________________________________________________________

ზაზა ფირალიშვილი
მიიჩნევს, რომ ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ”ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა ამა თუ იმ ხარისხით სტაბილური პოლიტიკური სპექტრი”. ეს კი, ალბათ, იმის ნიშანია, რომ თავად ჩვენს საზოგადოებას არა აქვს სტაბილური სტრუქტურა და ინტერესების ჯგუფები. პარტიებში, უმალ, ფეოდალური იერარქიაა, ვიდრე - დემოკრატიული. ყველაფერი ამის დაძლევას დრო უნდა. ჯერაც სუსტია საზოგადოებრივი კონსესუსის მიღწევის მექანიზმები, რის გამოც ექსტრემიზმი იოლად იკიდებს ფეხს. პროგრესის ნიშანი საქართველოში ის იქნება, თუ რამდენად შევძლებთ შევიმუშავოთ რაციონალური საზოგადოებრივი დიალოგისა და თანხმობის უნარი - ყალბი ნაციონალ-მისტიკური თუ ფსევდო-ლიბერალური მეტაფორებისა და რიტორიკის გარეშე. ”პრობლემა ისაა, რომ პარლამენტი რეალურად არ არის ორპოლუსიანი და ხელისუფლებას რეალური ოპონენტი არ ჰყავს. ჩვენ ეს უკვე რამდენჯერმე გამოვცადეთ, რა შედეგები შეიძლება ამან მოიტანოს, ვიცით” - დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძი
ს აზრით, თავიდათავი ჩვენი ყველა უბედურებისა, რაც გვჭირდა და გვჭირს, არის ის, რომ ვერ შევძელით თანამედროვე ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. თავი ვერ დავაღწიეთ ავტორიტარიზმს მორგებულ მართვის სახელმწიფო სისტემასა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გარემოს. ვერ მოვახერხეთ ისეთი საარჩევნო კოდექსისა და ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანდა არჩევნებზე სახელმწიფო რესურსების გამოყენებას, ამომრჩევლის მოსყიდვას, სხვადასხვაგვარი ე.წ. „კარუსელების“ მოწყობას და ა.შ..
ვერ განვახორციელეთ ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი, ცენტრალური ხელისუფლებისაგან კომპეტენციით გამიჯნული და ფინანსურად დამოუკიდებელი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების ჩამოყალიბება. ვერ შევქმენით მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა პოლიტიკაში ახალი სახეების თავისუფალ შემოდინებას, ხელს შეუწყობდა რეგიონული მასშტაბის ლიდერების ჩამოყალიბებასა და მათ გამოყვანას ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე.
”ამდენად, სახელმწიფო სისტემის ფუნდამენტური რეფორმირება იყო და არის როგორც ხელისუფლების, ასევე ჩვენი საზოგადოების უმთავრესი გამოწვევა.”- მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

სოსო ცისკარიშვილს
რჩება შთაბეჭდილება, რომ „”ქართული ოცნებაც,“ როგორც ადრე „ნაცმოძრაობა,“ ჯერ ისვრის და მერე იწყებს დამიზნებას, ოღონდ ”ნაციონალებისგან” განსხვავებით, იგი მაშინვე ცდილობს თავის მართლებას.”

რამაზ საყვარელიძის აზრით, ”ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პრობლემა ისევე ძველია, როგორც უმუშევრობის სოციალური პრობლემა, იგი 25 წელია თან გვდევს. ვერ ხერხდება საკითხების თამამად დასმა.” ასევე მათი გადაჭრის სხვადასხვა კონცეფციების წამოყენება, ხშირია სტერეოტიპების ამოჩემება, შემოქმედებითობის და სიახლის გაუბედავობა. ეს პრობლემები დგას როგორც სახელმწიფოს მართვის, ასევე პარტიების მართვის დონეზე.

რა ხდება ”ნაცმოძრაობაში” და სავარაუდოდ, რით დასრულდება ”ნაციონალებში” შიდაპარტიული დაპირისპირება?

ზაზა ფირალიშვილი - ”ნაცმოძრაობაში,” სავარაუდოდ, განხეთქილებას თუ არა, მნიშვნელოვანი ჯგუფის ჩამოშორებას უნდა ველოდეთ

ვახტანგ ძაბირაძე - ალბათობა იმისა, რომ ყრილობის შემდგომ „ნაცმოძრაობა“ ერთიანობას შეინარჩუნებს, თითქმის ნულის ტოლია

სოსო ცისკარიშვილი - მოუწოდებ სააკაშვილს შეინარჩუნოს სიმშვიდე და ძველი მითების გაავებულ გმირთა მსგავსად, გულში არ გაივლოს საკუთარ პირმშო ”ნაცმოძრაობაზე” შურისძიება

რამაზ რაყვარელიძე - ”ნაციონალების” დაშლა გარდაუვალია, მაგრამ ამაში კატასტროფას ვერ ვხედავ

_____________________________________________________________________________

ზაზა ფირალიშვილის
აზრით, ”ნაცმოძრაობა” დღეს მძიმე მდგომარეობაშია. მასში არიან ადამიანები, ვინც მიიჩნევს, რომ სააკაშვილთან იდენტობა პარტიას პოლიტიკურ მომავალს უკარგავს. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისთვისაც სააკაშვილი უპირობო ლიდერია. დღეს სწორედ მათ დაპირისპირებას ვადევნებთ თვალს.
”ნაცმოძრაობაში, სავარაუდოდ, განხეთქილებას თუ არა, მნიშვნელოვანი ჯგუფის ჩამოშორებას უნდა ველოდეთ. - აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი, რომლის აზრითაც, პარტიის ბევრი წარმომადგენელი დღეს უკვე ცდილობს გაიაზროს, თუ რამ გამოიწვია მათი მარცხი ზედიზედ რამდენიმე არჩევნებზე და რომ 2012 წელი მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის ირაციონალური ემოციური აფეთქების შედეგი არ იყო. მისივე მტკიცებით, ”ჯერ კიდევ შორია იმ დანაშაულებათა აღიარებამდე, რომელიც ამ მოძრაობის სახელით იქნა ჩადენილი. აუღიარებლობა კი, მოგეხსენებათ თანამონაწილეობის თანაზომადია”-დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე თვლის რომ, „ნაცმოძრაობაში“ მომდინარე პროცესი განსხვავდება სხვა პარტიებში განვითარებული მოვლენებისაგან. ამ შემთხვევაში დაპირისპირების რეალური მოტივი პარტიაში ძალაუფლებისათვის ბრძოლაა და არა არჩევნების შედეგები. როგორც ჩანს, ბოკერია-ბაქრაძის გუნდმა სწორად შეაფასა სიტუაცია და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. სააკაშვილის წინადადების მიღება, ანუ პარლამენტში არშესვლა, მისადმი უსიტყვო მორჩილებასა და გაურკვეველ პოლიტიკურ მომავალს ნიშნავდა. ამიტომ უარყო მ. სააკაშვილის წინადადება, რამაც შიდაპარტიული დაპირისპირება გამოიწვია.
ვახტანგ ძაბირაძის მტკიცებით, როგორც წესი, შიდაპარტიული ბრძოლა ყოველთვის ბელადის ან მისი იდეების დაცვის მოტივით მიმდინარეობს, ამიტომ, ”ალბათობა იმისა, რომ ყრილობის შემდგომ „ნაცმოძრაობა“ ერთიანობას შეინარჩუნებს, თითქმის ნულის ტოლია.” მისივე აზრით, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე, ყრილობაზე უმრავლესობის მხარდაჭერას მ. სააკაშვილი და მისი მომხრეები მოიპოვებენ. სხვათა შორის, მოვლენათა ამგვარი განვითარება, მისაღებია ხელისუფლებისათვისაც.

სოსო ცისკარიშვილი ”ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს მოულოდნელობად არ მიიჩნევს, რადგან ამ პოლიტიკური მონსტრის შემქმნელი, გამზრდელი და დღემდე აზრთა გამრიგე, მიუხედავად მისი მდგრადი ენთუზიაზმისა, კარგა ხანია გარიყულია საქართველოს კონსტიტუციური სივრცისგან.
”მიუხედავად პრეზიდენტის მიმართ მრავალწლიანი დაუნდობელი კრიტიკისა, გულწრფელად ვურჩევდი გაიაზროს და გაითავისოს ქართული სიბრძნე - „დრონი მეფობენ და არა მეფენი“, შეინარჩუნოს სიმშვიდე და ძველი მითების გაავებულ გმირთა მსგავსად, გულში არ გაივლოს საკუთარ პირმშოზე შურისძიება.”- აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ დაპირისპირება ”ნაციონალებში” იმ შემთხვევაშიც გარდაუვალი იყო, მათ რომც გაემარჯვათ 2012-ში. მისივე აზრით, ახლა ნაციონალებში” შიდაპარტიული ომია. საჯარო კრიტიკა, ალბათ, უფუნქციო არაა. მათ სურთ, რომ საზოგადოებამ მათი პოზიცია დაინახოს. ”ნაციონალების” დაშლა გარდაუვალია, მაგრამ ამაში კატასტროფას ვერ ვხედავ.” - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე და სავარაუდოდ, რა პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ ძველ აქტორებს? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება? თუ - კი, სავარაუდოდ, რა ტიპის პოლიტიკური ძალა შეიძლება აღმოჩნდეს იგი?

ზაზა ფირალიშვილი - მომდევნო წელს შეიძლება შეიქმნას მდგომარეობა, როდესაც ადამიანები ხელისუფლების რეალურ ალტერნატივაზე დაიწყებენ ფიქრს

ვახტანგ ძაბირაძე - თვითგამორკვევის პროცესი ძირითადად იმ პარტიებში დაიწყო, რომლებიც მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტაციით, ლიბერალური ღირებულებების დეკლარირებითა და მეტნაკლებად გუნდური მმართველობით გამოირჩევიან

სოსო ცისკარიშვილი - მხოლოდ მომავალი გაზაფხულის დამლევს დაფიქსირდება გულგატეხილი პარტიების ცნობილი პოლიტიკოსების პოზიციები და ახალ საარჩევნო კარუსელის სტარტსაც ვიხილავთ

რამაზ საყვარელიძე - არ გამოვრიცხავ „ნაცმოძრაობის“ ახალი ტიპის პარტიად დაბადებას, რომელიც ნულიდან დაიწყებს მოქმედებას

ზაზა ფირალიშვილს უახლოესი თვეების განმავლობაში ახალი სერიოზული პოლიტიკური ძალის გაჩენის მოლოდინი არ აქვს. თუმცა, მისივე თქმით, სიტუაცია სწრაფად იცვლება. ლარის გაუფასურება მოსახლეობაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. ”მომდევნო წელს შეიძლება შეიქმნას მდგომარეობა, როდესაც ადამიანები ხელისუფლების რეალურ ალტერნატივაზე დაიწყებენ ფიქრს” - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი, რომლის აზრითაც სწორედ მაშინ გამოჩნდებიან და გაქრებიან სიტუაციური ლიდერები, სანამ რომელიმე მათგანი არ შეძლებს პოლიტიკურ მოვლენათა ცენტრში მოექცეს. მისივე მტკიცებით, იგი ასეთ ლიდერს დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ვერ ხედავს ”მიუხედავად იმისა, რომ არიან უნარიანი და გამოცდილი პოლიტიკოსები, მაგრამ ”ლიდერი მაინც სხვა კატეგორიაა.”
”მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოკვეთილად პუტინისტურმა ძალებმა მიიღეს იმაზე გაცილებით ნაკლები მხარდაჭერა, ვიდრე ამას ჯერ კიდევ შარშან ველოდით. აშკარაა, რომ ჩვენი მოქალაქე სხვა ტიპის კონსერვატიზმს ელის და არა ასეთს.”-
აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, როგორც ჩანს, არჩევნების შედეგები მარტო ჩემთვის არ აღმოჩნდა მოულოდნელი. ოპოზიციის ასეთ კატასტროფულ მარცხს არც თავად პოლიტიკოსები ელოდნენ და არც საზოგადოება. სრულიად ნათელი გახდა, რომ იმ ფორმით და იმ რესურსებით, რაც დამარცხებულ პარტიებს გააჩნდათ, არჩევნებში მონაწილეობა აზრს კარგავდა. ამ ფაქტის გაცნობიერებამ პოლიტიკურ ელიტაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და თვითგამორკვევის პროცესის დაწყებას შეუწყო ხელი. ”ნიშანდობლივია, რომ თვითგამორკვევის პროცესი ძირითადად იმ პარტიებში დაიწყო, რომლებიც მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტაციით, ლიბერალური ღირებულებების დეკლარირებითა და მეტნაკლებად გუნდური მმართველობით გამოირჩევიან” - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე, რომლის აზრითაც ხმაურიანი განცხადებებისა და გადაჯგუფებების მიუხედავად, ოპოზიციური ფრთის ფორმირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ვფიქრობ, გაზაფხულისთვის სურათი უფრო გამოიკვეთება. ”რა ფორმას მიიღებს ოპოზიცია და როგორ გადაჯგუფდება ან რა როლს შეასრულებენ ძველი თუ ახალი აქტორები, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები, გახდება თუ არა ქუჩა პროცესის ნაწილი და ხელისუფლებასთან დაპირისპირების არენა.” - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

სოსო ცისკარიშვილის აზრით, მისთვის მოულოდნელი იყო არჩევნებში მარცხისგან ნირწამხდარი „თავისუფალი დემოკრატების“ ჯგუფური დემარში. მისივე თქმით, განსხვავებული იყო ირაკლი ალასანიას და დათო უსუფაშვილის გამოსათხოვებელი რეპლიკების ჟღერადობა- ”ირაკლისგან ჩამესმა „მე მივდივარ“, დათოს იგივე ფრაზა კი მენიშნა - „მე მოვდივარ.“ მოგვიანებით, პაატა ბურჭულაძემაც პოლიტიკოსობას ისევ საოპერო სცენები არჩია.
”დიდი ალბათობით, მხოლოდ მომავალი გაზაფხულის დამლევს დაფიქსირდება გულგატეხილი პარტიების ცნობილი პოლიტიკოსების პოზიციები და ახალ საარჩევნო კარუსელის სტარტსაც ვიხილავთ.”- დასძენს სოსო ცისკარიშვილი.

რამაზ საყვარელიძე თვლის რომ ქართულ პარტიებს იგივე პერსპექტივა აქვთ, რაც ყოველ ადამიანს გარდამავალ ასაკში - ზრდის პერსპექტივა. მისივე თქმით, გარდამავალი ასაკის მტკივნეული ტრანსფორმაცია ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა „ნაცმოძრაობის“ პროცესებში. ”არ გამოვრიცხავ „ნაცმოძრაობის“ ახალი ტიპის პარტიად დაბადებას, რომელიც ნულიდან დაიწყებს მოქმედებას. ეს მისთვის ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ თუ წარსულისგან მოწყვეტას და ახალი პლატფორმის შექმნას შეძლებს, მან შეიძლება შეინარჩუნოს ადგილი პოლიტიკურ სცენაზე. მეტ-ნაკლები ხარისხით განახლების ამგვარი ამოცანა ყველა პარტიას უდგას.”- დასძენს რამაზ საყვარელიძე.

თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-სა და ევროპაში მიმდინარე პროცესებს? და სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები საერთაშორისო ასპარეზზე?

ზაზა ფირალიშვილი - ელიტებისგან მიტოვებულმა იდეოლოგიურმა იატაკქვეშეთმა დონალდ ტრამპი შვა... როგორც ჩანს, გადავდივართ ფაზაში, როდესაც ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმის დიქოტომიაში მოგვიწევს არსებობა

ვახტანგ ძაბირაძე - ერთი ნაბიჯიღა რჩება გამალებული შეიარაღების პროცესის დაწყებამდე. ასეთ ვითარებაში კი უაღრესად მნიშვნელოვანია თუ რა საზოგადოებრივ-პილიტიკური ვითარებაა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, იქნება ეს აშშ თუ ევროპა

სოსო ცისკარიშვილი - უდიდესი მნიშვნელობა ექნება ამერიკის შეერთებული შტატების ხედვას და ქმედებას, პრაქტიკულად ყველა ახალი გამოწვევის მიმართ

რამაზ რაყვარელიძე - კონსერვატიზმის გამარჯვება გაამყარებს პუტინის პოლიტიკას და შემცირდება დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის
______________________________________________________________________

ზაზა ფირალიშვილის
განმარტებით, მსოფლიო პოლიტიკა ხასიათს იცვლის იმ ჩიხის შემდეგ, რომელშიც ლიბერალური კონსენსუსი აღმოჩნდა თავისი მიგრანტთა პოლიტიკითა და პოლიტკორექტულობით. საყოველთაო მშვიდობის ნაცვლად ევროპის კულტურული რელიეფის შეცვლა და ტერორისათვის ხელსაყრელი ნიადაგი მივიღეთ. ”ლიბერალური შტურმი არ აღმოჩნდა კაცობრიობის პრობლემათა მოგვარების უნივერსალური იარაღი.”- აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი, რომლის თქმითაც, ევროპის ელიტურმა ლიბერალურმა წრეებმა ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალეს ის რიგითი ესპანელი თუ ფრანგი ადამიანები, ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ რომ გამოვიდნენ ქუჩებში. ყური არ დაუგდეს იმ ევროპელ ინტელექტუალებსაც, ვინც ”ლიბერალურ ჟანდარმერიასა” და ”ლიბერალურ ტერორზე” საუბრობდა.
”როდესაც თუნდაც უკეთილშობილესი იდეა მასობრივი მოხმარების ზერელე პროდუქტად იქცევა, დგება მომენტი, როდესაც შემთხვევით ადამიანებს ის თავის “ლოგიკურ დასასრულამდე“ მიჰყავთ და მისივე გროტესკად აქცევენ. ასე მოუვიდა ქრისტიანობას კუდიანთა დევნის ეპოქაში. ასე მოუვიდა სოციალიზმს ბოლშევიზმის დროს და იგივე ემართებოდა ლიბერალიზმს პოლიტკორექტულობის ხანაში. გულახდილები ვიყოთ: ის, რაც ესპანეთში მოხდა, როდესაც პარლამენტმა არ გაითვალისწინა ქუჩაში გამოსული მილიონამდე ადამიანის აზრი და მაინც დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინება, სრულიადაც არ წარმოადგენდა თავისუფლების იდეის ზეიმს და, უმალ, იყო ლიბერალიზმი დემოკრატიის გარეშე - ანუ ვითარება, როდესაც ლიბერალური ელიტა უარს ამბობს საზოგადოებასთან დიალოგზე და მთელს უზენაეს კომპეტენციას კისრულობს.”- აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი.

”ელიტებისგან მიტოვებულმა იდეოლოგიურმა იატაკქვეშეთმა დონალდ ტრამპი შვა... როგორც ჩანს, გადავდივართ ფაზაში, როდესაც ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმის დიქოტომიაში მოგვიწევს არსებობა”
- აცხადებს ზაზა ფირალიშვილი. მისივე მტკიცებით, არჩევნებამდე ტრამპი თავის რიტორიკაში „ერთსართულიან ამერიკას“ მიმართავდა. ინაუგურაციის შემდეგ მისი რიტორიკის ადრესატი იცვლება და მოუწევს, ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის ანგარიშის გაწევა.
”ძნელი წარმოსადგენია, ამერიკის პრეზიდენტმა ვერ დაინახოს, თუ რა საფრთხეს უქმნის რუსეთი მისი ქვეყნის გლობალურ ინტერესებს. პუტინმა უკვე მოახდინა „რუსული სამყაროსა“ და ”რუსული ცხოვრების წესის“ პოზიციონირება, როგორც დასავლურის ალტერნატივისა გლობალურ მასშტაბებში და ესეც ძნელია, შეუმჩნეველი დარჩეს”- დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს რომ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული რეალობა უკვე შეიცვალა, თანაც რამდენჯერმე. პირველად მაშინ, როდესაც რუსეთმა თვითნებურად, საერთაშორისო თანამეგობრობასთან შეუთანხმებლად 2008 წლის აგვიტოში ჯერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მეორედ, ასევე საერთაშორისო საზოგადოების იგნორირებით, როდესაც 2014 წელს ყირიმის ანექსია განახორციელა.
”ამჟამად სახეზეა თითქმის ყველა პარამეტრი, რაც „ცივი ომის“ პერიოდისათვის იყო დამახასიათებელი: შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და ახალი სამხედრო ტექნიკით აღჭურვა, ევროპის საზღვრებთან სარაკეტო სისტემების განლაგება, დიქტატორული რეჟიმებისადმი სამხედრო მხარდაჭერა და ა. შ. სანაცვლოდ, დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები.”- აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე, რომლის აზრითაც ერთი ნაბიჯიღა რჩება გამალებული შეიარაღების პროცესის დაწყებამდე. ასეთ ვითარებაში კი უაღრესად მნიშვნელოვანია თუ რა საზოგადოებრივ-პილიტიკური ვითარებაა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, იქნება ეს აშშ თუ ევროპა, რადგან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ძირითადად, მათი მხარდაჭერა განაპირობებს.
”ტრამპს რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება უნდა, ბუნებრივია, მაგრამ ასეთივე მცდელობა ჰქონდა მის ორ წინამორბედ პრეზიდენტს, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან თავად რუსული იმპერიული პოლიტიკა არ იძლევა ამის საშუალებას. რაც შეეხება საქართველო - აშშ-ს ურთიერთობებს, არც ამ მიმართულებით იქნება რაიმე კარდინალური ცვლილებები, გაგრძელდება პარტნიორული თანამშრომლობა როგორც სტრატეგიული, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.- დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

სოსო ცისკარიშილის აზრით, დაუნდობელი ტერორიზმისგან გავარვარებული ჩვენი პლანეტა მეტ სიმშვიდეს და ყურადღებას იმსახურებს მისი თითოეული მცხოვრებისგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „ცივი ომი“ შესაძლოა შვებად მოგვევლინოს, კარს მომდგარი „ცხელი ომის“ საფრთხის პირობებში.
”რასაკვირველია, უდიდესი მნიშვნელობა ექნება ამერიკის შეერთებული შტატების ხედვას და ქმედებას, პრაქტიკულად ყველა ახალი გამოწვევის მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის პერსპექტივა მაშინ იქნება გარანტირებული, თუ პრეზიდენტ ტრამპში მისი თანამემამულენი ამოიცნობენ „რონალდ რეიგან მეორეს“ - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ თანამედროვე მსოფლიოში იზრდება კონსერვატიზმის გავლენა ლიბერალიზმის გავლენის შემცირების ხარჯზე. მისივე აზრით, ეს ტენდენცია მკაფიოდ გამოჩნდა ტრამპის გაპრეზიდენტებაში და მოსალოდნელია, რომ ანალოგიური პროცესები განვითარდეს ევროპაშიც. ”კონსერვატიზმის გამარჯვება გაამყარებს პუტინის პოლიტიკას და შემცირდება დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის. სავარაუდოა, რომ ეს ყოველივე ძალთა ახალ გადანაწილებას გამოიწვევს, რაც მოგვიანებით მნიშვნელოვან პრობლემებს გაუჩენს ამერიკას. ალბათ, ახალ პოლიტიკურ პასიანსში თავისი ადგილის მოპოვებას ეცდება ჩინეთიც - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

თქვენ როგორ შეაფასებდით საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საგარეო პოლიტიკას? რას მიიჩნევდით ჩვენი საგარეო პოლიტიკის დიდ წარმატებად და თვალშისაცემ წარუმატებლობად?

ზაზა ფირალიშვილი - ქვეყნის აშკარა წარმატებაა ვიზალიბერალიზაციის მოახლოება. თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ევროპულ სივრცესთან

ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში მუდმივად უნდა ცდილობდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემის აქტუალიზაციას

სოსო ცისკარიშვილი - რაიმე სახის უიმედობის საფუძველი არ გვაქვს, ვეცდებით მხოლოდ უფრო ხშირი და მრავლის მომცემი იყოს ჩვენი პარტნიორული კომუნიკაციები

რამაზ საყვარელიძე - დასავლეთთან ინტეგრაციისთვის იდგმება ნაბიჯები ისე, რომ ამის საზღაურის გადახდა არ გვიწევს რუსეთისათვის
_________________________
_____________________________________________

ზაზა ფირალიშვილი ქვეყნის აშკარა წარმატებად მიიჩნევს ვიზალიბერალიზაციის მოახლოებას. თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ევროპულ სივრცესთან და ბევრ ჩვენს მოქალაქეს მისგან სიუცხოვის განცდას მოუხსნის. ამით ეს, უთუოდ, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა.
”აშკარა წარუმატებლობაა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემების მიკარგვა საერთაშორისო ურთიერთობებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.” - დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძის
აზრით, ჩვენი საგარეო პოლიტიკა სამ ძირითად სექტორს მოიცავს: ევროიტეგრაცია, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა. მისივე თქმით, აქედან ყველაზე წარმატებული ევროინტეგრაციის მიმართულებაა - გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება და დასრულდა ვიზალიბერალიზაციის პროცესი. გარკვეული წინსვლაა უსაფრთხოების მიმართულებით - ორმხრივი თანამშრომლობა ნატოს წევრ ქვეყნებთან და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები აშშ-სთან. ”ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამ, კრემლში გარკვეული მოლოდინები გააჩინა. რამდენად რეალურია ეს მოლოდინები, მომავალი გვიჩვენებს”- დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
მისივე აზრით, რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ამ მხრივ სიტუაცია ფაქტობრივად უცვლელია. გასაგებია, რომ ეს პრობლემა უშუალოდ რუსეთთან ურთიერთობას უკავშირდება, მაგრამ ”ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში მუდმივად უნდა ცდილობდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემის აქტუალიზაციას”. - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.

სოსო ცისკარიშვილი
მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა შეძლებისდაგვარად წარმატებულია თავისი მდგრადობით, თანამიმდევრობით, გულწრფელობით და პროფესიონალიზმით. ”ამავე დროს, გულსატკენია, რომ დღემდე, ჩვენი კეთილი მეგობარი დიპლომატებიც კი ვერ იღებენ შესაბამის ინფორმაციას თბილისი-სოხუმის და თბილისი-ცხინვალის კონფლიქტების წარმომქნელ ისტორიულ, ეთნიკურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტერიტორიულ და სხვა მახასიათებელთა განსხვავებულობის შესახებ, რის გამოც რუსული მიდგომის შესაბამისად, ცხინვალს და სოხუმს ხშირად ტყუპებად აღიქვამენ.”- აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობილი ევროატლანტიკური სივრცე იმედის მომცემია როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში და შესაბამისი შედეგების შემოთავაზებებითაც. ”რამე სახის უიმედობის საფუძველი არ გვაქვს, ვეცდებით მხოლოდ უფრო ხშირი და მრავლის მომცემი იყოს ჩვენი პარტნიორული კომუნიკაციები.”- შენიშნავს სოსო ცისკარიშვილი.

რამაზ საყვარელიძე - საქართველოს საგარეო პოლიტიკის დიდი წარმატებაა ის, რომ დასავლეთთან ინტეგრაციისთვის იდგმება ნაბიჯები ისე, რომ ამის საზღაურის გადახდა არ გვიწევს რუსეთისათვის

როგორ შეაფასებდით რუსეთში მიმდინარე პროცესებს და საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის აქტიურობას?

ზაზა ფირალიშვილი - მისტიკური ნაციონალიზმი და გეოპოლიტიკური მითოლოგია დღევანდელი რუსეთის ნიშნებია

ვახტანგ ძაბირაძე - რუსეთი ცდილობს იზოლაცია გაარღვიოს და ამისათვის სირიის კონფლიქტი გამოიყენოს, თუმცა ჯერჯერობით მიზანს ვერ აღწევს

სოსო ცისკარიშვილი - ქვეყანა, რომელიც ერთდროულად სამ ქვეყანაში აჟღარუნებს მომაკვდინებელ იარაღს, ვერ აღიქმება ვერც სანდო პარტნიორად და ვერც სასურველ მეზობლად

რამაზ საყვარელიძე - საეჭვოა, რომ არსებული საგარეო კონტექსტის და შიდა ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში რუსეთმა საერთაშორისო პოლიტიკაში დომინირების შენარჩუნება მოახერხოს

მტკიცებით, რუსული ხელისუფლება ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, რომ ამერიკაშიც და ევროპაშიც პროცესები მისი სცენარით მიმდინარეობს. მისივე მტკიცებით, ცხადია, ეს გადაჭარბებულია, თუმცა თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმაზე, რომ ”პუტინი საკმაოდ ოსტატურად სარგებლობს დასავლეთის სისუსტეებით.” მას დიდი სამსახური გაუწია დასავლური ელიტების რწმენამ, თითქოს ცხოვრების უნივერსალურ მოდელს მიაგნეს და რომ ეს მოდელი ბუნებრივი გარემო იქნებოდა ყველა სხვა კულტურის წარმომადგენლისათვის. ისტორიის ლიბერალური დასასრულის იდეამ მოადუნა ევროპის „პოლიტიკური კუნთები“ და პუტინმა ისარგებლა ამით - და არა მხოლოდ პუტინმა. დღევანდელი ევროპა ხალხთა დიდი გადასახლების დროინდელ რომის იმპერიას დაემსგავსა, რამაც, საბოლოოდ, ამ უკანასკნელის კრახი გამოიწვია.
”მისტიკური ნაციონალიზმი და გეოპოლიტიკური მითოლოგია დღევანდელი რუსეთის ნიშნებია”
- აცხადებს ზაზა ფირალიშვილი, რომლის მტკიცებითაც, რუსეთის მმართველები არც კი ფიქრობენ სხვებთან რეალურ დიალოგზე, თუმცა კი ამგვარი დიალოგის ილუზიას ქმნიან.”

ვახტანგ ძაბირაძის
აზრით, რუსეთში არანაირი პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს. ამიტომ ლაპარაკი შეიძლება იყოს მხოლოდ კრემლის პოლიტიკაზე და ისიც საერთაშორისო ასპარეზზე.
მისივე განმარტებით, ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებიდან გარკვეულად იზოლირებული აღმოჩნდა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. დაიშალა დიდი რვიანი და დაუწესდა ეკონომიკური სანქციები. რუსეთი ცდილობს ეს იზოლაცია გაარღვიოს და ამისათვის სირიის კონფლიქტი გამოიყენოს, თუმცა ჯერჯერობით მიზანს ვერ აღწევს. აშშ-ში დ. ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამ, კრემლში გარკვეული მოლოდინები გააჩინა. რამდენად რეალურია ეს მოლოდინები, მომავალი გვიჩვენებს.
”ერთი რამ ცხადია, სანამ კრემლი ცდილობს დასავლეთთან დიალოგში ყირიმის ანექსიის საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღოს, ეკონომიკური სანქციები მოხსნას და აშშ-სთან ურთიერთობები დაალაგოს, მისგან რაიმე ხიფათი მოსალოდნელი არ არის”- დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

სოსო ცისკარიშვილის განმარტებით, მისთვის რუსეთი და კრემლი განსხვავებული ფასეულობებია. რუსეთს და რუსებს გააჩნია მდიდარი გამოცდილება ჰუმანიზმის, გულუხვობის და სიკეთის დათესვისა, მაგრამ რუსული „დემოკრატიის“ დღევანდელი სტანდარტები ძნელად მისაღებია რეალური დემოკრატიით განებივრებული საზოგადოებებისთვის. ”ქვეყანა, რომელიც ერთდროულად სამ ქვეყანაში აჟღარუნებს მომაკვდინებელ იარაღს, ვერ აღიქმება ვერც სანდო პარტნიორად და ვერც სასურველ მეზობლად. სწორედ ამიტომ, რეალური „ქართული ოცნება“ არა პარლამენტში დაბინავება, არამედ საკუთარი სამეზობლოს დემოკრატიზაციაა”- დასძენს სოსო ცისკარიშვილი.

რამაზ საყვარელიძის აზრით, რუსეთის საკითხი თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია, რაც უკვე არის რუსეთის წარმატება. მისივე თქმით, ”დასავლეთის ბევრი ანალიტიკოსი მიუთითებს, რომ ეკონომიკურად სუსტმა რუსეთმა მოახერხა შეუსაბამოდ მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება მსოფლიო პოლიტიკაში.” მაგრამ საეჭვოა, რომ მანევრირების ამ უნარმა რუსეთს შეუქმნას მყარი პერსპექტივა სამომავლოდ. ”რუსეთი პოტენციური მტრებითაა გარშემორტყმული და საკმარისია წაიფორხილოს, მას ბევრი მხრიდან შეუტევენ. საეჭვოა, რომ არსებული საგარეო კონტექსტის და შიდა ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში რუსეთმა საერთაშორისო პოლიტიკაში დომინირების შენარჩუნება მოახერხოს.”

რა ტიპის საფრთხეები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს რუსეთისაგან?

ზაზა ფირალიშვილი - საფრთხეების ხასიათი ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა ახალი კონსესუსი ჩამოყალიბდება შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და ევროკავშირს შორის

ვახტანგ ძაბირაძე - სანამ კრემლი ცდილობს დასავლეთთან დიალოგში ყირიმის ანექსიის საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღოს, ეკონომიკური სანქციები მოხსნას და აშშ-სთან ურთიერთობები დაალაგოს, მისგან რაიმე ხიფათი მოსალოდნელი არ არის

სოსო ცისკარიშვილი - რუსეთის უკიდეგანო მზაკვრობის შემაჩერებელი მხოლოდ ერის გონი, უფრო მეტი გონი და ერთსულოვნებაა

რამაზ საყვარელიძე - საქართველოსთვის რუსეთის საფრთხე გაიზრდება, თუ რუსეთს თავისი ამბიციების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცე დარჩება

_________________________
____________________________________________________

ზაზა ფირალიშვილის
განმარტებით, ”საფრთხეების ხასიათი ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა ახალი კონსესუსი ჩამოყალიბდება შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და ევროკავშირს შორის”. მისივე მტკიცებით, რუსული იმპერიალიზმის ამოცანაა არა ჩვენი გეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა, არამედ ჩვენი, როგორც სახელმწიფოებრიობის იდეის მატარებელი ერის განადგურება. ამაზე ღიად საუბრობენ რუსი გეოპოლიტიკოსები და თავის პროექტებში მათ უკვე დიდი ხანია საქართველო დაანაწილეს რვა თუ ათ ნაწილად. ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს.

ვახტანგ ძაბირაძე
მიიჩნევს, რომ ”სანამ კრემლი ცდილობს დასავლეთთან დიალოგში ყირიმის ანექსიის საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღოს, ეკონომიკური სანქციები მოხსნას და აშშ-სთან ურთიერთობები დაალაგოს, მისგან რაიმე ხიფათი მოსალოდნელი არ არის”

სოსო ცისკარიშვილის
მტკიცებით, რუსეთის ჩანაფიქრების გამოცნობის მცდელობა დროის კარგვაა. მისივე აზრით, ”ფაქტია, რომ ზოგადად, უკიდეგანო მზაკვრობის შემაჩერებელი მხოლოდ ერის გონი, უფრო მეტი გონი და ერთსულოვნებაა”

რამაზ საყვარელიძის
თქმით, რაც უფრო გაიზრდება რუსეთის მოქმედების არეალი, მით ნაკლებად მოიცლის ის პატარა საქართველოსთვის. ”საქართველოსთვის რუსეთის საფრთხე გაიზრდება, თუ რუსეთს თავისი ამბიციების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცე დარჩება. სანამ რუსეთი ევროპისა და ამერიკის პოლიტიკაშია ჩართული, ახლო აღმოსავლეთში ათამაშებს კუნთებს და ცდილობს ურთიერთობა ააწყოს ჩინეთსა და იაპონიასთან, საქართველოსთვის მას არ ეცლება. ამ პერიოდში ჩვენ შეგვიძლია რუსეთის შიშის გარეშე გავიმაგროთ პოზიციები მსოფლიოში.” - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”

stdClass Object
(
    [id] => 413115
    [title] => 2016 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგები და 2017 წლის პერსპექტივები 
    [alias] => 2016-tslis-sashinao-da-sagareo-politikis-shedegebi-da-2017-tslis-perspeqtivebi
    [title_alias] => 
    [introtext] => 
    [fulltext] => 
2016 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებსა და 2017 წლის პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს, პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტ სოსო	 ცისკარიშვილსა და პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს	რამაზ	 საყვარელიძეს ესაუბრა. 

[state] => 1 [sectionid] => 2 [mask] => 1 [catid] => 48 [created] => 2016-12-30 06:27:14 [created_by] => 124 [created_by_alias] => [modified] => 2016-12-30 07:47:13 [modified_by] => 3559 [checked_out] => 0 [checked_out_time] => 0000-00-00 00:00:00 [publish_up] => 2016-12-30 06:27:14 [publish_down] => Never [images] => [urls] => [attribs] => big_image=../photo/2015_02/0-0DEKEMB-2015/politika.jpg multicategory=| video_file= video_image= video_type=1 show_title= link_titles= show_intro= show_section= link_section= show_category= link_category= show_vote= show_author= show_create_date= show_modify_date= show_pdf_icon= show_print_icon= show_email_icon= language= keyref= readmore= ext_link= galerycategory=0 [version] => 5 [parentid] => 0 [subscriber] => 0 [ordering] => 7 [metakey] => [metadesc] => [access] => 0 [hits] => 1647 [metadata] => robots= author= [popup] => 1483079313 [corrected] => 1 [topic_id] => -1 [facebook_share_count] => 0 [facebook_like_count] => 0 [facebook_comment_count] => 0 [google_plus_count] => 0 [aplication_title_type] => 0 [video] => [arch] => 0 [visible] => 1 [author] => Maka Chaganava [usertype] => Super Administrator [category] => თვალსაზრისი [section] => REPORTER [slug] => 413115:2016-tslis-sashinao-da-sagareo-politikis-shedegebi-da-2017-tslis-perspeqtivebi [catslug] => 48:thvalsazrisi [groups] => Public [sec_pub] => 1 [cat_pub] => 1 [audio] => [image] => [sec_access] => 0 [cat_access] => 0 [topic_title] => [rating_count] => 0 [rating] => 0 [text] => 2016 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებსა და 2017 წლის პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს, პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილსა და პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

[parameters] => JParameter Object ( [_raw] => show_noauth=0 show_title=1 link_titles=1 show_intro=1 archivelimit=5 archivename=არქივის სხვა სტატიები archivecatname=ამ კატეგორიის არქივი notfoundtext=სტატიები არ მოიძებნა. show_section=0 link_section=0 show_category=1 link_category=1 show_author=0 show_create_date=1 show_modify_date=0 show_item_navigation=0 show_readmore=1 show_vote=0 show_icons=1 show_pdf_icon=0 show_print_icon=1 show_email_icon=0 show_hits=0 feed_summary=0 filter_tags= filter_attritbutes= archcats=39|6|10|9|13|5|7|12|11|8|14|82 archtoday=0 hour=09:00 autoarchive=1 autoarchivereset=1 [_xml] => [_elements] => Array ( ) [_elementPath] => Array ( [0] => /var/www/html/ge/libraries/joomla/html/parameter/element ) [_defaultNameSpace] => _default [_registry] => Array ( [_default] => Array ( [data] => stdClass Object ( [show_noauth] => 0 [show_title] => 1 [link_titles] => 1 [show_intro] => 1 [archivelimit] => 5 [archivename] => არქივის სხვა სტატიები [archivecatname] => ამ კატეგორიის არქივი [notfoundtext] => სტატიები არ მოიძებნა. [show_section] => 0 [link_section] => 0 [show_category] => 1 [link_category] => 1 [show_author] => 0 [show_create_date] => 1 [show_modify_date] => 0 [show_item_navigation] => 0 [show_readmore] => 1 [show_vote] => 0 [show_icons] => 1 [show_pdf_icon] => 0 [show_print_icon] => 1 [show_email_icon] => 0 [show_hits] => 0 [feed_summary] => 0 [filter_tags] => [filter_attritbutes] => [archcats] => Array ( [0] => 39 [1] => 6 [2] => 10 [3] => 9 [4] => 13 [5] => 5 [6] => 7 [7] => 12 [8] => 11 [9] => 8 [10] => 14 [11] => 82 ) [archtoday] => 0 [hour] => 09:00 [autoarchive] => 1 [autoarchivereset] => 1 [show_description] => 0 [num_desc_words] => 10 [show_description_image] => 0 [num_leading_articles] => 1 [num_intro_articles] => 4 [num_columns] => 2 [num_links] => 4 [anable_ads] => 0 [zone] => 49 [url] => http://videoads.ambebi.ge/ [advertpos] => 0 [advertstatus] => 0 [oadvertpos] => 0 [oadvertstatus] => 0 [multi_column_order] => 0 [show_pagination] => 2 [show_pagination_results] => 1 [show_feed_link] => 1 [show_page_title] => 1 [menu_image] => -1 [secure] => 0 [page_title] => თვალსაზრისი [page_description] => საინფორმაციო სააგენტო, საინფორმაციო სააგენტო - ინტერპრესნიუსი,ახალი ამბები, საქართველო და მსოფლიო, პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება, სამართალი, ინფორმაცია რეგიონებიდან, ექსკლუზივი, ფოტო-ვიდეო სიახლეები [big_image] => ../photo/2015_02/0-0DEKEMB-2015/politika.jpg [multicategory] => Array ( [0] => [1] => ) [video_type] => 1 [galerycategory] => 0 [popup] => 0 ) ) ) [_errors] => Array ( ) ) [readmore_link] => /ge/thvalsazrisi/413115-2016-tslis-sashinao-da-sagareo-politikis-shedegebi-da-2017-tslis-perspeqtivebi.html [event] => stdClass Object ( [afterDisplayTitle] => [beforeDisplayContent] => [afterDisplayContent] => ) )
მასალის გამოყენების პირობები
სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი "მეგალაინი
იყიდება ორთაჭალაში ბინა 90 კვ.მ ახლადა
იყიდება ნუცუბიძეს 3 - 4 მ/რ -შორის (ნუცუბი
იყიდება ბინა დოლიძის ქ.-ზე, ფასში შედი
სხვა სიახლეები