არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
31 მარტი საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებისა და გადახდის ბოლო დღეა
13:10 30-03-2017
31 მარტი საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებისა და გადახდის ბოლო დღეა მოგების, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების წლიური დეკლარაციების წარდგენის ვადა რამდენიმე დღეში იწურება. ვის აქვს ვალდებულება აღნიშნული დეკლარაციების წარდგენის, რა სანქციების ვადების დარღვევის შემთხვევაში და როგორია წლიური დეკლარაციების წარდგენის სტატისტიკა წინა წელთან შედარებით, - ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან დგებუაძე ესაუბრა.

- ვის აქვს მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის, ქონების გადასახადის დეკალარაციისა და საშემოსავლო გადასახადის დეკლარირების ვალდებულება და როდის იწურება ვადა?
- 2016 წლის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების წლიური დეკლარირების ვადა 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით იწურება. მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციას წარმოადგენენ საწარმოები, რომლებსაც 2016 წლის განმავლობაში ჰქონდათ მიღებული შემოსავალი და სწორედ აქედან გამომდინარე, დაუდგათ მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულება.

რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, აღნიშნული გადასახადის დეკლარირების ვალდებულება აქვს მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც ასევე 2016 წლის განმავლობაში სამეწარმეო თუ არასამეწარმეო საქმიანობიდან რაიმე ფორმით მიღებული აქვს შემოსავალი ან სარგებელი (მაგალითად, ქონების რეალიზაციიდან მიღებული ნამეტი, ქონების იჯარით/ქირით გაცემით მიღებული შემოსავალი, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სახელოვნებო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ქონების ჩუქებით მიღებული სარგებელი და სხვა). აღნიშნული ექვემდებარება დეკლარირებას და გადახდას 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით.

საწარმო/ორგანიზაციის ქონების გადასახადის დეკლარირება ხდება არაუგვიანეს 1-ელი აპრილისა. წელს 1-ელი აპრილი შაბათია, ანუ არასამუშაო დღე და შესაბამისად, წარდგენის ვადა გადაიწევს მომდევნო სამუშაო დღეს - 3 აპრილს. ქონებასთან მიმართებაში გვაქვს გადახდის 2 ვადა - ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 1-ელი აპრილი, ხოლო მიწაზე ქონების გადასახადის გადახდა ხდება არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.

- რა ფორმითაა შესაძლებელი აღნიშნული დეკლარაციების წარდგენა?
- საქართველოში თითქმის 100% დეკლარაციების წარდგენას ელექტრონულად ახდენს. დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდიდან (www.rs.ge), რომლის მომხმარებლად რეგისტრაცია ან პაროლის აღდგენა შესაძლებელია განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერი სერვისცენტრის ან საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის (2 299-299) დახმარებით. ყველა გადამხდელს აქვს თავიანთი გვერდი და მათ შეუძლიათ მარტივად, სერვისცენტრებში მისვლის გარეშე, დეკლარაციები ელექტრონულად წარმოადგინონ.

- წინა წელთან შედარებით, როგორია დეკლარაციების წარმოდგენის სტატისტიკური მაჩვენებლი, შეინიშნება თუ არა გაუმჯობესება?
- 2015 წლის მოგების, საწარმოთა ქონების, საშემოსავლო გადასახადების წლიური დეკლარაციების რაოდენობა, რომლებიც დადგენილ ვადაში, ანუ 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით წარმოადგინეს, 284 271 იყო. რადგან ჯერჯერობით 2016 წლის წლიური დეკლარაციების წარდგენის ვადა ამოწურული არ არის, ჩვენ მიმდინარე წლის 28 მარტის ჩათვლით არსებული მონაცემები შევადარეთ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. უფრო კონკრეტულად კი, შარშან 28 მარტის ჩათვლით, წარმოდგენილი დეკლარაციების რაოდენობა 174 000 იყო, წელს კი 28 მარტის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი ჯამურად 180 000-ს აჭარბებს. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის 28 მარტს წარმოდგენილი დეკლარაციების რაოდენობა დაახლოებით, 6000-თაა გაზრდილი. თუმცა რადგან დეკლარაციების წარმოდგენა ელექტორნულად ხდება, მათი მაჩვენებელი ყოველ წამიერად იცვლება.

- აღნიშნული სტატისტიკა მოწმობს თუ არა იმას, რომ წლიდან წლამდე გადასახადის გადამხდელთა ცნობიერების ამაღლება ხდება და რამ განაპირობა ეს?
- პირველ რიგში, წარმოდგენილი სტატისტიკა მოწმობს ცნობიერების ამაღლებას და გადასახადის გადამხდელებში საგადასახადო ვალდებულებების შესრულების კეთილსინდისირებაზეც მეტყველებს. ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი, რომლითაც ხდება შეფასება იმისა, რამდენად დროულად ახდენენ დეკლარირებას გადამხდელები. ეს არის ერთ-ერთი პირველი ინდიკატორი იმისა, რამდენად გამართულად მუშაობს სისტემა, რაც არაერთ უცხოელ ექსპერტს აქვს საკუთარ დასკვნებში აღნიშნული.

- 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი. რას ცვლის ეს დეკლარაციების წარდგენის კუთხით?
- მოგების გადასახადის ახალი წესი ეხება 2017 წლის პირველი იანვრიდან საანგარიშო პერიოდს. საწარმოებს, რომელთაც შეეხო მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი რეჟიმი საანგარიშო პერიოდად განესაზღვრათ კალენდარული თვე. მაგალითად, თუ, დამფუძნებელი დივიდენდს გაიტანს საწარმოდან, მხოლოდ ამ შემთხვევაში ახდენს მოგების გადასახადის დეკლარირებას. ხოლო თუ თანხას რეინვესტირებისთვის გამოიყენებს, ამ შემთხვევაში მოგების გადასახადის დეკლარირებისა და გადახდის ვალდებულება არ უჩნდება. 2017 წლის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნებათ კომერციულ ბანკებს, სადაზღვევო ორგანიზაციებს, საკრედიტო კავშირს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ისიც 2019 წლის 1-ელ იანვრამდე.

- რა ღონისძიებებს ატარებს და რა ფორმით შეახსენებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს შესაბამისი დეკლარაციების წარდგენის ვადებს?
- ჩვენ გაქვს კომუნიკაციის ძალიან ბევრი არხი. არა მარტო თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს სერვისცენტრები, წარმომადგენლობები, სადაც გადამხდელები იღებენ შესაბამის ინფორმაციას, განმარტებებს გადახდის ვადებთან, დეკლარაციებთან და სხვა ნებისმიერ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე გაქვს საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი - 2 299-299, სადაც მათ შეუძლიათ დარეკონ და მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ისარგებლონ საკუთარ პორტალზე განთავსებული საგადასახადო კალენდრით, რომელიც აწვდის დეკლარაციის წარდგენის თარიღთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ასევე, დეკლარირების ვადებთან დაკავშირებით შესაბამისი შეტყობინება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზეცაა წარმოდგენილი. აგრეთვე, გადამხდელებს აქვთ საშუალება, მათი საქმიანობის ადგილას, მთელი ქვეყნის მასშტაბით ისარგებლონ უბნის ოფიცერთა მომსახურებით, გაეცნონ ნებისმიერ სიახლეს და მიიღონ ამომწურავი პასუხი საკითხებზე, რომელიც უკავშირდება მათ ბიზნეს საქმიანობას. პერმანენტულად იმართება საჯარო შეხვედრები „ღია კარის დღის“ ფორმატში გადასახადის გადამხდელებთან საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. აღნიშნულმა ფორმატმა მოგვცა საშუალება თითოეულ გადამხდელისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი რეჟიმის წესის შესახებ. ყველა ზემოაღნიშნული ღონისძიების შედეგი ნათლად ჩანს საგადასახადო ვალდებულებების (დეკლარირების და გადასახადის გადახდის) შესრულების ანალიზისას. კერძოდ, გაიზარდა თუ არა საგადასახადო ცნობიერება, დეკლარირების კულტურა საქართველოში.

- იმ შემთხვევაში თუ მოგების, ქონების, საშემოსავლო გადასახადების წლიურ დეკლარაციებში დაფიქსირდა რაიმე ხარვეზი, რა ვადაში უნდა მოახდინოს მისი გამოსწორება დეკლარაციის წარმდგენმა?
- რა თქმა უნდა, შეცდომისგან არავინაა დაზღვეული. გადამხდელს აქვს საშუალება მის მიერ წარდგენილი დეკლარაცია გადამოწმოს, თუ ნახავს, რომ რაიმე შეეშალა, მას თავადვე შეუძლია წარმოადგინოს დაზუსტებული დეკლარაცია. დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის ვადა არ არის მხოლოდ ერთი, ან ორი დღე, იგი საგადასახადო ხანდაზმულობის ვადით განისაზღვრება. კანონმდებლობით წელს უკვე 3 წლიანი ხანდაზმნულობის ვადა გვაქვს. როცა ის რაიმე ხარვეზს აღმოაჩენს დეკლარაციაში, შეუძლია დააზუსტოს და სწორი მონაცემები წარმოდგინოს.

- რა ბერკეტები აქვს შემოსავლების სამსახურს შეამოწმოს წარმოდგენილი დეკლარაციების სიზუსტე?
- საქართველოში ზოგიერთი პირველადი საგადასახდო დოკუმენტები ელექტრონული გაქვს. მაგალითად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, სალარო აპარატების მონაცემები ყოველდღიურად ონალაინ რეჟიმში გვეგზავნება, ანუ შემოსავლების სამსახურში მოდის, რამდენი შემოსავალი ჰქონდა გადამხდელს ყოველი დღის ჭრილში. ეს არის ის ძირითადი დოკუმენტები, რომლებიც მეტყველებს გადამხდელის შემოსავლებსა და ხარჯებზე. შესაბამისად, ჩვენ გაქვს საშუალება, რომ ერთმანეთს შევადაროთ შემოსული ინფორმაცია მათ მიერ წარმოდგენილი დეკლარაციას. ჩვენ კანომდებლობაში გაქვს ასეთი ჩანაწერი, თუ გადამხდელს არ აქვს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, მას აქვს უფლება დეკლარაცია არ წარმოადგინოს. თუ ვხედავთ, რომ დოკუმენტების საფუძველზე, მას აქვს მიღებული შემოსავალი, თუმცა მაინც არ ადეკლარირებს, ასეთი უკვე რისკის მატარებელი გადამხდელები ხდებიან და მათ მიმართ უნდა განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები საგადასახადო ორგანოს მხრიდან.

- თუ დაარღვიეს დეკლარაციების წარმოდგენის ვადები, ამ შემთხვევაში რა სანქციებს იყენებს შემოსავლების სამსახური?
- გადამხდელმა შესაძლოა დეკლარაცია დაგვიანებით წარმოადგინოს, ამ შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა გადასახდელი თანხის 5%, მინიმუმ 50 ლარი, მაგრამ არაუმეტეს გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 30%-ისა.

ნათია რუხაძე
„ინტერპრესნიუსი“
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები