არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
მეცნიერება არის საზოგადოებრივი სიკეთე და არა სახელმწიფო ფუნქცია
11:07 10-04-2017
მეცნიერება არის საზოგადოებრივი სიკეთე და არა სახელმწიფო ფუნქცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია. რეცენზენტების ვინაობა, ამიერიდან, ცნობილი იქნება.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცავს როგორც ფაქტიური ხასიათის რისკებს მეცნიერების ხარისხისათვის, ისე მეცნიერების თავისუფლებისათვის. რა რისკებს შეიცავს ეს გადაწყვეტილება მეცნიერებისათვის და რა უსიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ საგრანტო განაცხადის შეფასების პროცესში მონაწილე ექსპერტებს და სამეცნიერო საზოგადოებას?

I. რისკები


ექსპერტების ვინაობის გამხელა არ გაზრდის სამეცნიერო კვლევების ხარისხს საქართველოში. ამავე დროს, გაძლიერდება ნეპოტიზმის მცდელობა და სამეცნიერო საზოგადოებაც უფრო ნაკლებად იქნება დაცული მისი სამწუხარო რეციდივებისაგან. გასათვალისწინებელია ექსპერტზე რევანშისა და შურისძიების რისკებიც, განსაკუთრებით იერარქიულად ან სამსახურებრივად ზემდგომი კოლეგებისაგან.

განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ახალგაზრდა მკვლევარი, შედარებით „უცნობი“ სახელით, რომელიც უფრო ნაკლებად იქნება დაცული სამეცნიერო საზოგადოების „ავტორიტეტული“ და გავლენიანი ჯგუფებისაგან. მოსალოდნელია „ნეო-ფეოდალური“ მისწრაფებების გააქტიურებაც, რომელიც მიმართულია ამა თუ იმ სამეცნიერო დარგში მონოპოლიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და შესაძლო კონკურენტების განეიტრალებისაკენ.

სავარაუდოდ, ექსპერტების ნაწილი უარს იტყვის სარეცენზიო საქმიანობაზე და გართულდება ახალი, დამოუკიდებელი და კვალიფიციური ექსპერტების მოძიება. ექსპერტების ნაწილიც, ალბათ, არჩევანს უფრო „იოლი ცხოვრების“ სასარგებლოდ გააკეთებს - გაცილებით კომფორტულია გასცე დადებითი დასკვნები და კომპლიმენტები, ვიდრე კრიტიკული რეცენზია.
გარდა ფაქტიურისა, უნდა აღინიშნოს ის ფორმალურ-სამართლებრივი რისკებიც, რომელიც შესაძლოა დადგეს მეცნიერების თავისუფლებისათვის.

II. სამეცნიერო ფონდი ახორციელებს „საჯარო“, და არა „სახელმწიფო“ ფუნქციას


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ „საჯარო“ და „სახელმწიფო“ფუნქცია, არსებითად, ერთი და იგივეა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამეცნიერო ფონდი არის „...სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული და სახელმწიფო ამოცანების განმახორციელებელი „სახელმწიფო დაწესებულება“, „...სახელმწიფოს მიერ შექმნილი და მისი დაფინანსებით მოქმედი საჯარო დაწესებულება, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამეცნიერო ფონდი წარმოადგენს „სახელმწიფო დაწესებულებას“ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის.“

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მთავარი მეთოდოლოგიური პრობლემა არის სწორედ ის, რომ ერთმანეთისაგან არ გამიჯნავს ამ ორ, თვისობრივად განსხვავებულ კატეგორიას.

„საჯარო“ არ ნიშნავს „სახელმწიფოს“. კონსტიტუციური მართლმსაჯულების ევროპული პრაქტიკა (გერმანია) ერთმანეთისაგან განასხვავებს „საჯარო“ და „სახელმწიფო“ ფუნქციებს. „საჯარო“ ფუნქციის მიმართ არსებობს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, მაგრამ ის ვერ განხორციელდება კერძო ინიციატივების ფორმით. საჯარო ფუნქცია, ასევე, არ განეკუთვნება ვიწრო გაგებით სახელმწიფო ფუნქციას, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს მისივე სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით (გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, 38, 299).

მეცნიერება არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და საყოველთაო სიკეთე. სახელმწიფო (საბედნიეროდ) ვერ განსაზღვრავს, თუ რა არის „საზოგადოებრივი და საყოველთაო სიკეთე“. მეცნიერება არ არის „სახელმწიფო სიკეთე“. მეცნიერებას როგორც საერთო სიკეთეს სახელმწიფო ვერ მართავს მხოლოდ მისი, სახელმწიფო ორგანოებით. სწორედ ამიტომ ჩამოაყალიბა სახელმწიფომ სამეცნიერო ფონდი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, და არა სახელმწიფო სტრუქტურის, სახით.

ფონდის ინსტიტუციური და ფუნქციური მნიშვნელობის დაყვანა ვიწრო სახელმწიფო სტრუქტურის დონემდე ეწინააღმდეგება მეცნიერების როგორც საერთო-საყოველთაო სიკეთის არსს.

სამეცნიერო ფონდი ემსახურება მეცნიერების როგორც საერთო-საზოგადოებრივი და საყოველთაო სიკეთის განვითარებას, მაგრამ არა სახელმწიფო ფუნქციის განხორციელებას. სამეცნიერო ფონდი ასრულებს საჯარო, მაგრამ არა სახელმწიფო ფუნქციებს.

სამეცნიერო ფონდი არ მონაწილეობს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში. სამეცნიერო ფონდის იურიდიული ბუნება ნაკლებად არის დამოკიდებული დაფინანსების წყაროზეც. ის რომ ფონდის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო სახსრებით, არ ცვლის ფონდის ინსტიტუციურ ბუნებას. მთავარია არა ფინანსების წარმომავლობა, არამედ იმის განსაზღვრა თუ: 1. რა მიზნით აქვს სახელმწიფოს ეს სახსრები ფონდისთვის გადაცემული და 2. მოქმედებს თუ არა ფონდი კონსტიტუციის მე-2 თავით დაცულ სფეროში. ჩვენს შემთხვევაში დაფინანსების მიზანი არის მეცნიერება როგორც საერთო-საზოგადოებრივი სიკეთე. მეცნიერება კი არის კონსტიტუციის მეორე თავით დაცული სფერო.

III. სამეცნიერო ფონდიარის არა მხოლოდ ძირითადი უფლებების ადრესატი, არამედ სუბიექტიც

სამეცნიერო ფონდი თავის საქმიანობას ახორციელებს მეცნიერების სფეროში. მეცნიერებაარის კონსტიტუციით დაცული სფერო, რომელიც დისტანცირებულია სახელმწიფოსაგან.

როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სამეცნიერო ფონდი არის ძირითადი უფლებების ადრესატი. სამეცნიერო ფონდი შებოჭილია კონსტიტუციის მეორე თავში განმტკიცებული ადამიანის უფლებებით. ამავე დროს, სამეცნიერო ფონდი არის არა მხოლოდ ძირითადი უფლებების ადრესატი, არამედ სუბიექტიც. სამეცნიერო ფონდს აქვს არამარტო კომპეტენციები, არამედ უფლებებიც. დასანანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია ამ მიმართულებით. სასამართლომ ჩათვალა, რომ ფონდი არის „სახელმწიფო ორგანო“ და ამით იმთავითვე გამორიცხა რომ სამეცნიერო ფონდს კომპეტენციების გარდა შეიძლება ჰქონდეს კონსტიტუციით დაცული უფლებებიც.

მიუხედავად იმისა, რომ ფონდი დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ და დაფინანსებულია სახელმწიფო სახსრებით, ფონდს თვითონაც შეუძლია გამოიყენოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული უფლებები „სახელმწიფოს წინააღმდეგ“. კერძოდ, სამეცნიერო ფონდს შეუძლია დაეყრდნოს ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლების სფეროში გარანტირებულ უფლებებს. სამეცნიერო ფონდს შეუძლია „უჩივლოს“ სახელმწიფოს საკონსტიტუციო სასამართლოში, თუ ჩათვლის, რომ ხელისუფლება ზედმეტად ერევა მის საქმიანობაში. ამ თვალსაზრისით, სამეცნიერო ფონდი უნდა განვიხილოთ იმავე სიბრტყეზე როგორც უნივერსიტეტი ან საზოგადოებრივი მაუწყებელი. სახელმწიფო ქმნის და აფინანსებს უნივერსიტეტს და საზოგადოებრივ მაუწყებელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტიც და საზოგადოებრივი მაუწყებელიცკონსტიტუციით არის დაცული თავისი საქმიანობის სფეროში.

როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სამეცნიერო ფონდი უფრო ნაკლებად არის შებოჭილი კონსტიტუციის მეორე თავში აღნიშნული უფლებებით, ვიდრე სახელმწიფო ორგანო. ძირითადი უფლებები სრული მოცულობით და „მკაცრად“ მოქმედებს მხოლოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არსებითად, მოხდა სამეცნიერო ფონდის „გასახელმწიფოებრიობა“. ფონდი, რომელიც თავისი ამოცანების განხორციელებისას დისტანცირებული უნდა იყოს სახელმწიფოსაგან, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა როგორც სახელმწიფო დაწესებულება და როგორც ხელისუფლების „გაგრძელება“.

ამ გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვნად დააზარალა მეცნიერების თავისუფლების ხარისხი. საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც სახელმწიფო აფინანსებს სამეცნიერო ფონდს და, ამავე დროს, ანიჭებს მას ინსტიტუციურ თავისუფლებასაც. გარდა ამისა, სახელმწიფომ ფონდს პროგრამული თავისუფლების გარანტიებიც დაუწესა. ეს არის უდავოდ დასაფასებელი და აღსანიშნავი მოვლენა, რომელსაც გაფრთხილება და დაცვაც ჭირდება.

IV. გრანტის გაცემის წესზეუფლება არ არსებობს


კონსტიტუცია იცავს სამეცნიერო და ინტელექტუალური საქმიანობის ინსტიტუციურ გარანტიებს და მეცნიერის ინდივიდუალურ თავისუფლებასაც. ამავე დროს, კონსტიტუციით დაცულია ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება და არა გრანტის გაცემის წესი. გრანტის გაცემის წესზე უფლება არ არსებობს. მთავარია, რომ ეს წესი მიღებული იყოს დადგენილი პროცედურით და წინასწარ იყოს ცნობილი.

გრანტის გაცემის წესი უნდა აკმაყოფილებდეს საჯაროობის, ღიაობის, გამჭვირვალობის მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში, ეს სტანდარტები დაცულია. ფონდის ექსპერტების სია წინასწარ არის ცნობილი. რეცენზენტების ვინაობაც არ არის აბსოლუტურად ანონიმური- რეცენზენტის შესახებ ცნობილია ფონდის მიერ შექმნილი ორგანოსთვის, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებას გრანტის გაცემის შესახებ. ეს კი უზრუნველყოფს რეცენზენტის პასუხისმგებლობას დასკვნის სამეცნიერო ხარისხზე და მიუკერძოებლობაზე. ასევე, გათვალისწინებულია აცილების პროცედურა.
გრანტის გაცემის პროცედურის აბსოლუტურად გამჭვირვალედ განხორციელებამ, როდესაც ცნობილია დასკვნის გამცემი რეცენზენტის ვინაობა, შეიძლება სერიოზული რისკები შექმნას ფონდის საქმიანობისათვის ან გამოიწვიოს სრული ინსტიტუციური და ფუნქციონალური კოლაფსი.

V. სამეცნიერო ფონდის ფუნქცია


ფონდი გრანტებს გასცემს მეცნიერებაზე და არა მეცნიერებზე. შესაბამისად, ლეგიტიმურია, რომ საგრანტო პროექტის რეცენზენტის ვინაობა ანონიმურია.

გარდა ამისა, სამეცნიერო ფონდის ფუნქცია არ არის მხოლოდ გრანტების „გაცემა“. სამეცნიერო ფონდის ინოვაციური ძალა სწორედ მისი პროგრამული თავისუფლების ხარისხით განისაზღვრება. ფონდის მიზანია თავისუფალი სამეცნიერო, ინტელექტუალური, შემოქმედებითი და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება. ინოვაციური და ინიციატივიანი გარემოს შექმნა ფონდს უფრო შეუძლია, ვიდრე რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას. ინოვაციური პროექტების ავტორები შეიძლება იყვნენ ახალგაზრდა, სამეცნიერო საზოგადოებაში შედარებით ნაკლებად ცნობილი მეცნიერებიც. მათი დაცვა და ხელშეწყობაც არის ფონდის მიზანი.

უნდა ვივარაუდოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფერხებს ფონდის მიერ საკუთარი ინიციატივების განვითარებას. ფონდი უნდა იყოს მოქნილი, დამოუკიდებელი და ნაკლებად ბიუროკრატიული ორგანო. არც სახელმწიფოს და არც საზოგადოების ინტერესებშია „ამპუტირებული“ სამეცნიერო ფონდის არსებობა, რომელიც „ზევიდან“ წამოსული ინსტრუქციების პასიურ მოლოდინში იქნება.
სამეცნიერო ფონდს აკისრია მნიშვნელოვანი სამოქალაქო ფუნქცია- მეცნიერების დაკარგული პოზიციების აღდგენა. ფონდმა უნდა შეძლოს, რომ სოციალური ცხოვრების „პერიფერიაზე“ მყოფი მეცნიერება დააბრუნოს სამოქალაქო და სოციალური ცხოვრების ეპიცენტრში. ინსტიტუციური თავისუფლების გარეშე კი ამის მიღწევა შეუძლებელია.

VI. საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა


ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ დანიაში არ არის რეცენზენტების ვინაობა კონფიდენციალური. ამიტომ არის დანიაში ექსპერტების მოძიება პრობლემური. დანიის კვლევითი სააგენტოს ცნობით, ექსპერტების 60% უარს ამბობს პროექტების შეფასების პროცესში მონაწილეობაზე სწორედ იმ მოტივით, რომ უზრუნველყოფილი არ არის მათი ანონიმურობა.

გერმანიის უდიდეს სამეცნიერო ფონდში, DFG-ში 2004 წელს განხორციელდა პროექტების შეფასების რეფორმა, რომლის დროსაც რეცენზენტის ანონიმურობის პრინციპი უცვლელად დატოვეს.

სამეცნიერო ფონდების საქმიანობის თავისუფლებისა და ექსპერტების ანონიმურობის დაცვისკენაა მიმართული სასამართლო პრაქტიკაც. მაგალითად, ბონის სასამართლომ (2005 წ.) განსახილველად არ მიიღო ზიგენის (გერმანია) უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორის სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა გერმანიის სამეცნიერო ფონდის- DFG-ს აქტების გაცნობას.

VII. დასკვნა


ანონიმური ექსპერტიზა არ არის გამჭვირვალე და ბევრი ნაკლიც აქვს. მიუხედავად ამისა, ის მაინც უკეთესია, ვიდრე ხარისხზე კონტროლის ყველა სხვა ფორმა მეცნიერებაში. მით უფრო აქტუალურია ხარისხის უზურნველყოფის ეს ფორმა ქართულ სამეცნიერო საზოგადოებაში, სადაც „ყველა ყველას იცნობს“.

საკონსტიტუციო სასამართლომ გააიგივა „საჯარო“ და „სახელმწიფო“ ფუნქციები, სამეცნიერო ფონდი განიხილა როგორც სახელმწიფო დაწესებულება და ამით დაასუსტა მეცნიერების დაცვის გარანტიები.

საკონსტიტუციო სასამართლო დიდ სამსახურს გაუწევდა მეცნიერების თავისუფლებას, თუ სამეცნიერო ფონდს განიხილავდა არა მხოლოდ როგორც უფლებების ადრესატს, არამედ როგორც უფლებების სუბიექტს. ამით კიდევ უფრო განმტკიცდებოდა მეცნიერების დაცულობის ხარისხი ყველა შესაძლო ჩარევისაგან, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდანაც.

გია ხუბუა
პროფესორი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები