არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4478
EUR
1 EUR
2.8458
RUB
100 RUB
3.9292
16-07-2018
საქართველო საჭიროებს „მარშს პოლიტიკური ცვლილებებისათვის“
15:54 22-06-2017
საქართველო საჭიროებს „მარშს პოლიტიკური ცვლილებებისათვის“ 90-იანი წლების შემდგომ საქართველოში მრავალი ცვლილება განხორციელდა, შეიცვალა: განათლების სისტემა, ეკონომიკური სისტემა, ვალუტის კურსი, ინფრასტრუქტურა, ფასები, შეხედულებები, მოდა. ერთადერთი უცვლელი დარჩა პოლიტიკური სისტემა და გარემო. შედეგად, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ისმის ერთი და იგივე „ძველი პოლიტიკური მელოდიები“.

არსებითია ითქვას, რომ აღმასრულებელი უწყებების პოლიტიკა და სახელმწიფო მართვის ყველა დონე ჯეროვან გავლენას ვერ ახდენს ეკონომიკის სტიმულირებაზე, ვერ ქმნის ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკას, დიდ გავლენას ვერ ახდენს ქართული ეკონომიკის მოცულობის ზრდაზე.
აღსანიშნავია არჩევნების თანმხლები უმნიშვნელო ცვლილებები, რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც „პოლიტიკური გარემოს მაკიაჟი“, ვიდრე პოლიტიკური გარემოს ტრანსფორმაცია. ფაქტია, რომ ქვეყანაში ვერ განხორციელდა საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისი პოლიტიკური სივრცის ფორმირება.

სამწუხაროდ, არსებულმა პოლიტიკურმა სისტემამ ვერ უზრუნველყო მძლავრი მმართველობითი გარემოს ჩამოყალიბება და ვერ დაძლია ის პრობლემები, რომელიც ქვეყანაში ათწლეულებია არსებობს. შესაბამისად, ფართო საზოგადოებასთან ერთად, იმ მცირე სეგმენტისთვისაც აღარ არის სასარგებლო ის პოლიტიკური რესურსი, რომელთა წყალობითაც აღნიშნულ სეგმენტს აქვს სოციალური-ეკონომიკური კეთილდღეობა მოპოვებული. ამის მიზეზს განაპირობებს შემდეგი მოლოდინი:

* ძველი პოლიტიკური რესურსით იგივე ეკონომიკური შედეგები გვექნება;
* ძველი პოლიტიკური რესურსი, რომელიც სტიმულირებს ეკონომიკას, განაპირობებს უთანასწორობას ზრდას მდიდრებსა და ღარიბებს შორის;
* ძველი პოლიტიკური რესურსი და პოლიტიკა საზოგადოებას ამყოფებს ავარიულ სიტუაციაში;
* ძველი პოლიტიკური რესურსი ახანგრძლივებს ძველი პოლიტიკის სოცოცხლისუნარიანობას, რომელთა მოქმედების რეპერტუარი
დრომოჭმული და არაეფექტიანია (გლობალური თუ ლოკალური საფრთხეებით საზოგადოებაში შიშის დანერგვა, ყურადღების გადატანა მეასეხარისხოვან პრობლემებზე, ხელოვნული პოლიტიკური მოვლენების შექმნა, სამეცნიერო და ინტელექტუალური საზოგადოების იგნორირება) ;

* ძველი პოლიტიკური რესურსით ვიღებთ იგივე ცხოვრების პირობებს, შემცირებულ შემოსავლებს, იგივე უპერსპექტივობას, ისევ ერთ ადგილზე ყოფნას და კვლავ წრეზე სიარულს;
* ძველი პოლიტიკური რესურსი ზრდის მმართველობითი პროცესების აუთსორსინგს;
* ძველი პოლიტიკური და მმართველობითი რესურსით არაპროგნოზირებადია მომავა¬ლი. ხელსაყრელი გარემო მხოლოდ ერთეული ადამიანებისათვისაა, ხოლო მთლიანი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური ფონი არახელსაყრელი და არაპროგნოზირე¬ბადია. არსებული გარემო მაინც ყველასთვის არახელსაყრელია;

ლოკალური და გლობალური პრობლემები, რომელსაც ქართული საზოგადოება აწყდება, სწრაფ გავლენას ახდენს ხალხის ცხოვრებაზე. სწრაფად ცვალებადი კლიმატი, ეკოლოგიური კრიზისი, საზოგადოების ეკონომიკური ჯამრთელობის გაუარესება, ცუდი სოციალურ-ეკონომიკური ფონი, პოლიტიკური არამდგრადობა, ფინანსური პრობლემები, გლობალური პოლიტიკის გამოწვევები საჭიროებს ოპერატიულ რეაგირებას და გადაჭრას, კიდევ უფრო უარესი შედეგების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა ამ ფონზე პოლიტიკა დაფუძნებულია ისეთ რესურსებზე, რომლის შედეგები დაბალი იქნება.
ძველი პოლიტიკური გარემო კარგი ბუნებისაა, თუმცა შეზღუდული ენერგიითა და ზღვრული შესაძლებლობებით. შესაბამისად, მათი პოლიტიკის შედეგია:

* „დახურული წრის“ შენარჩუნება. საზოგადოების გაღარიბების მიზეზია ძველი პოლიტიკურ გარემო, რომელსაც აღარ აქვთ: ადაპტირებისა და რეფორმის გატარების ძალა; არსებული გამოწვევების შესაბამისი რესურსი; რეფორმებისა და ცვლილებების უნარი; იციან, რომ რეფორმის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, შესაბამისად მათ ხელში არსებული ძველი ინსტრუმენტებით ბლოკავენ რეფორმებს და რეფორმის გამტარებელ პირებს;
* „სიღარიბის ხელფასი“. საზოგადოების დიდი ნაწილის ხელფასი „ქმნის სიღარიბეს“, ხელფასის სიდიდე იმდენია, რომ სრულფასოვანი ცხოვრება შეუძლებელია. ასეულ ათასობით ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესება არაპროგნოზირებადია; ძველი პოლიტიკური გარემოს მიერ შექმნილი ეკონომიკა მცირეა, ხოლო ცხოვრების ფასი მაღალი;
* „ზოგადი გეგმები“. პოლიტიკური გარემოს მოღვაწეობის შედეგია ეკონომიკური პოლიტიკის ზოგადი გეგმა და დაბალი ეკონომიკური ზრდა. ქვეყანაში არსებული ზოგადი გეგმების ფონზე ვერ ვაფასებთ მთავრობის ეფექტიანობას. შესაბამისად, მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობა ასევე ზოგადია. მანამ სანამ არ გვექნება კონკრეტულ გეგმებზე პასუხისმგებელი პოლიტიკური და ადმინისტრაციული გარემო, მანამ ჩვენი ცხოვრება დამოკიდებული იქნება კრედიტებზე, ვალებზე, უიმედობასა და ემიგრაციაზე.
* „ზღვარგადასული ტრაიბალიზმი“. ქვეყანაში ბატონობს პოლიტიკური სისტემა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ნეპოტიზმი, მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს ამა თუ იმ გვარების პოლიტიკურ ბატონობას;
* „აზროვნების მართვა“. დამკვიდრებული შეხედულებით თუ ძველ პოლიტიკურ სივრცეს არ შეუძლია ვერც სხვა შეძლებს. ამ მსოფლმხედველობით, პოლიტიკური რესურსი მუდმივად ინარჩუნებს არსებულ მდგომარეობას, სადაც ვერც თვითონ აკეთებენ ვერაფერს, არც სხვას აძლევენ „გასაქანს“; აღმაშფოთებელია, როდესაც ახდენენ საზოგადოების ყურადღების გადატანას „ხეებზე“, „პრეზიდენტთან უთანხმოებაზე“, გლობალურ გამოწვევებზე, ხოლო პირველხარისხოვან გამოწვევებს (ეკონომიკური პოლიტიკა, დაკარგული ტერიტორიები, ყოველდღიური ექსპანსია, მაღალი ემიგრაცია, სოციალური უიმედობა) ვერ აგვარებენ და ცდილობენ ჰერმეტულად მიჩქმალვას;

ჯამში, პოლიტიკური გარემოს ანალიზის ფონზე, ვასკვნით, რომ:

* აუცილებელია მმართველობითი და პოლიტიკური გარემოს რეფორმა, რომელიც ყველა რგოლს უნდა შეეხოს. მხოლოდ არსებული რესურსის სახეცვლილებითა და მოდიფიცირებით შედეგები უმნიშვნელო იქნება. პრაქტიკა ადასტურებს, რომ კარგი მართვითა და მცირე რესურსით შედეგი უფრო მიღწევადია, ხოლო ცუდი მართვითა და დიდი რესურსით შეუძლებელია;
* ქვეყნის წარმატებული განვითარება დამოკიდებულია: ძლიერ ლიდერულ პოზიციებზე, უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელობიდან დაწყებული; ეფექტიანი სახელმწიფო პროგრამების შეშავებასა და რეალიზებაზე; ქვეყნის განვითარებაში მეცნიერ-მკვლევართა რესურსის გამოყენებაზე; ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისათვის, ციფრული ბაზრის განვითარების მხარდაჭერაზე;
დასასრულს აღვნიშნავ, რომ არაეფექტიანი ადმინისტრაციული და პოლიტიკური მმართველობითი შედეგებისადმი ხალხის პოლიტიკური ვერდიქტია „მარში პოლიტიკური ცვლილებებისათვის“.

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
რატი აბულაძე
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები