არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
19-01-2018
თომ გრემი - მოგეთხოვებათ დიდი დიპლომატია თქვენ ჩრდილოელ მეზობელთან მიმართებაში, უფრო დახვეწილი, ვიდრე დიდ ქვეყნებს ესაჭიროება
17:05 12-07-2017
თომ გრემი - მოგეთხოვებათ დიდი დიპლომატია თქვენ ჩრდილოელ მეზობელთან მიმართებაში, უფრო დახვეწილი, ვიდრე დიდ ქვეყნებს ესაჭიროება ინტერვიუ საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმა "კისინჯერ ესოშიეითის" მმართველ დირექტორ თომ გრემთან (2008 წელს ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მრჩეველი)

- დღეს მსოფლიოში გლობალური ცვლილების მომსწრენი ვართ. თქვენი აზრით, როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს ამ არაპოგნოზირებადი მოვლენების პირობებში ისეთმა პატარა ქვეყნებმა როგორიც მაგალითად საქართველოა?
- თუ თქვენ თითქოსდა მარტივი კითხვა დამისვით, მეც მარტივად გიპასუხებთ. ისეთ რაღაცებზე ვილაპარაკებ, რაც თქვენთვისაც ძალიან კარგად არის ცნობილი – დღევანდელ დღეს ჩვენ სწრაფი და ძირეული ცვლილებების პერიოდში ვცხოვრობთ. იცვლება გლობალურ ძალთა გადანაწილება, წინა პლანზე გამოდის ჩინეთი, გვაქვს ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც სრულიად ახალ რეალობას ქმნიან, ქმნიან სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ. მომდევნო წლებში სრულიად ფანტასტიკური ცვლილებების მომსწრენი გავხდებით: მაგ. ხელოვნური ინტელექტი, რობოტიზაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ყველაფერი ეს დრამატულად ცვლის სიტუაციას. ამ ცვლილებების გამო, ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება ძალთა გადანაწილება. სახელმწიფო აღარ არის ყველაზე ძლიერი ერთეული. ტექნოლოგიების განვითარების გამო, გაძლიერდნენ ცალკეული ინდივიდები, ზენაციონალური და ტრანსნაციონალური ჯგუფები. ამ ყველაფერს აქვს როგორც ბევრი დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. საფრთხეს წარმოადგენს ტერორიზმი მთელ მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთში, თუნდაც კავკასიაში. დღეს მთელი რიგი გამოწვევებია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ თვალი მივადევნოთ იმ ცვლილებებს, რომლებსაც აქვს ადგილი და გავერკვიოთ თუ რა ხდება, რა ტენდენციებია იმისთვის, რომ ადეკვატურად ვიმოქმედოთ. იცვლება აგრეთვე წარმოების, ინტელექტუალური, ფიზიკური და ფინანსური კაპიტალის კონცენტრაციის არეალი და პატარა ქვეყნებზე ეს დიდ გავლენას ახდენს. პატარა ქვეყნები დიდი ქვეყნების ფეხდაფეხ იღებენ ამ გამოწვევებს და რეაგირებენ მათზე. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, ჩემი აზრით, იმისთვის, რომ იგი იყოს მოწინავეთა შორის, დოქტრინის უმნიშვნელოვანესი ამოცანა უნდა იყოს განათლება, ახალგაზრდა თაობის განათლება, რომ ამ თაობას ჰქონდეს ისეთი კონკურენტული უნარ-ჩვევები, რომელიც მათ გლობალურ სამყაროში ეფექტური ინტეგრირების და ტექნოლოგიური განვითარების პროცესებში ჩართვის საშუალებას მისცემს. ამის კარგი მაგალითია ისრაელი, რომელიც პატარა ქვეყანაა და სულაც არ არის მდიდარი რესურსებით, მაგრამ ინტელექტუალურად ძალიან განვითარებულია. ლიდერია მთელ რიგ სპეციფიურ დარგებში და მას მთელ მსოფლიოში უწევენ ანგარიშს და პატივს ცემენ, რაც მისი ფინასური და ეკონომიკური წინსვლის საფუძველია უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. საქართველოსთვის, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კონცენტრაციის მოხდენა ქვეყნის შიდა აღმშენებლობაზე, წარმატებული და განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. მე ვთვლი, რომ საქართველოს ევროპული საფუძველი და ძირი აქვს და თქვენი ადგილი უნდა იპოვოთ ევროპულ სამყაროში. როგორ განახორცილებთ ამ რთულ ამოცანას? ეს არის თქვენთვის დიდი გამოწვევა და მოგეთხოვებათ დიდი დიპლომატია თქვენ ჩრდილოელ მეზობელთან მიმართებაში. უფრო დახვეწილი, ვიდრე დიდ ქვეყნებს ესაჭიროება. თქვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, ისევ ვიმეორებ, თქვენი ახალგაზრდობის განათლებას, და იფიქროთ თქვენ შესაძლებლობაზე. ეს პოლიტიკური საკითხია და ძალზედ მნიშვნელოვანია.

- ჩვენ აქ ამერიკის შეერთებილ შტატებში ვართ და ძალზედ თვალში საცემია, რომ მედიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს რუსეთის ჩართულობის საკითხი თქვენ საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?
- ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ახლახან ვილაპარაკეთ დიდი ტექნოლოგიური ცვლილებების შესახებ და მათ გავლენაზე ჩვენ ცხოვრების ყველა სფეროში. მათ შორის, მეტად მნიშვნელოვანია კიბერ უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ძალზედ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, თუ როგორ არის დაცული პოლიტიკური, დემოკრატიული პროცესები ამ ღია გარემოში, კომპიუტერების და ინტერნეტის პირობებში. პრობლემის ფოკუსირება ხდება რუსების ჩარევაზე ამ პროცესში. მე ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ რუსები ცდილობდნენ ჩარევას, მაგრამ არა მგონია ამან დიდი გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე, მაგრამ ეს არის გაფრთხილება ჩვენთვის. მე ვფიქრობ, ეს უფრო ფართო პრობლემაა. ასეთი ჩარევა საარჩევნო პროცესებში შეიძლება სხვა ქვეყნებმაც განახორციელონ. რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი გამოძიების წარმართვა და პასუხის გაცემაა საჭირო. ჩვენ გვმართებს განვახორციელოთ ორი მნიშვნელოვანი რამ: პირველი – მუშაობის გაუმჯობესება კიბერ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენი ელექტრონული სისტემების დასაცავად, და მეორე, რაც დიდი გამოწვევაა თანამედროვე საზოგადოებისათვის – დღეს ხშირად გვესმის ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესახებ. ზოგადად, დღეს არის ნდობის დაკარგვის პრობლემა იმ ინსტიტუტების მიმართ, რომლებსაც ჩვენ ვენდობოდით, იმ ინდივიდების გათვალისწინებით, რომლებიც ამ პროცესებში მონაწილეობენ. რადგანაც დღევანდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობები იძლევა დიდი რაოდენობით ინფორმაციის მიღების საშუალებას. მნიშვნელოვანია, თუ როგორ იღებ შენ ამ ინფორმაციას, როგორ აანალიზებ, როგორ ასხვავებ – ეს არის რეალური ინფორმაცია, თუ ვიღაც შენ მანიპულირებას ცდილობს. ესეც განათლებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდა თაობას, როგორ უპასუხოს ამ გამოწვევას და როგორ დაიცვას თავი ამ პრობლემისგან. დღეს ეს არის დიდი გამოწვევა ღია საზოგადოებისთვის. თუ რუსეთის საკითხს დავუბრუნდებით, ვიმეორებ, მნიშვნელოვანია ამ საკითხის გამოძიება და ჩვენი კიბერ უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

- კიდევ ერთი შეკითხვა ქართველებისთვის მეტად მტკივნეულ საკითხს ეხება – 2008 წლის შეირაღებულ კონფლიქტს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე ძლიერი გავლენა იქონია. საინტერესოა ისიც, როგორ აფასებთ მიხეილ სააკაშვილის როლს ამ კონფლიქტში?
- ეს საკმაოდ რთული საკითხია. სააკაშვილი ძალიან წინააღმდეგობრივ ფიგურად აღიქმება როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყველგან. ამ პერიოდში მე ბუშის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი. ჩემი აზრით, მან არჩევანი გააკეთა არა იმაზე, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური გზით გადაეჭრა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციის საკითხი, უზრუნველყო ეკონომიკური და სოციალური აღმავლობა და განვითარება საქართველოს იმ ნაწილისა, რომელსაც თბილისი აკონტროლებდა, არამედ მისი არჩევანი შეჩერდა სხვა, სამხედრო საშუალებებზე და რა მოიტანა ამან? საქართველოს რეაქციამ რუსების ქმედებებზე სიტუაცია უფრო დაძაბა და შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიიყვანა. სააკაშვილმა არასწორედ აღიქვა ის მხარდაჭერა, რომელიც მას ჰქონდა ვაშინგტონში რეფორმების განხორციელებისას. შეერთებული შტატები არასოდეს განიხილავდა კონფლიქტის შეიარაღებული გზით გადაჭრის შესაძლებლობას. გულახდილად რომ გითხრათ, ის ხაფანგში გაება და მან დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც საქართველოსთვის კატასტროფული შედეგით დამთავრდა. დღევამდელი გადასახედიდან რომ შევხედოთ, შეერთებული შტატები და ევროპა მიესალმებოდა არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით გადაჭრას. მე მაშინ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი და ჩვენ საკმაოდ კრიტიკულად ვიყავით მისი ქმედებების მიმართ განწყობილი, მკაცრად ვაფრთხილებდით მას დაეოკებინა თავისი ამბიციები და ძირითადი აქცენტი გაეკეთებინა ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ წარმატებაზე, რომ ამ ორი რეგიონის რეინტეგრაცია მომხდარიყო. სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობები გაშვებულ იქნა და დღეს თქვენ უფრო რთულ სიტუაციაში ხართ, ვიდრე ეს იყო ცხრა წლის წინ.

თამარ კიკნაძე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი

ხათუნა ჩარკვიანი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი, ჟურნალისტიკის დოქტორი
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, რომელიც 29 მაისს თბილისში გაიმართა, საქართველოს