არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
მოქალაქეობასთან დაკავშირებული საერთაშორისო-სამართლებრივი საკითხები
14:41 31-07-2017
მოქალაქეობასთან დაკავშირებული საერთაშორისო-სამართლებრივი საკითხები მოქალაქეობასთან მიმართებაში საერთაშორისო სამართლის გაგება გულისხმობს პირის სამართლებრივ კავშირს სახელმწიფოსთან, რაც ერთობლიობაში გამოხატავს მათ ურთიერთ უფლებებსა და მოვალეობებს.

მოქალაქეობის ინსტიტუტი შედარებით მოგვიანებით ჩაისახა და ჩამოყალიბდა. ისტორიულად მისი წინამორბედი იყო „ქვეშევრდომობის“ ინსტიტუტი, რომელიც დღესაც არის შენარჩუნებული მონარქიული მმართველობის სახელმწიფოებში. პირველად ცნება „მოქალაქე“ ფორმალურად დაფიქსირდა 1789 წლის 26 აგვისტოს მიღებულ ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში, საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში.

სამართლებრივი კვალიფიკაციის თვალსაზრისით, მოქალაქეობა უნდა განვიხილოთ, როგორც საერთაშორისო სამართლის ცალკე ინსტიტუტი, რომელიც ერთდროულად რეგულირდება საერთაშორისო და ეროვნული სამართლის ნორმებით. ამავდროულად, მოქალაქეობა წარმოადგენს ცალკეული პირის სუბიექტურ უფლებას. ამ თვალსაზრისით, მოქალაქეობა უნდა განვიხილოთ, როგორც მოქალაქეობის უფლება. მოქალაქეობის ამგვარი ინტერპრეტირების გასამყარებლად შეგვიძლია მოვიხმოთ ზოგიერთი საერთაშორისო შეთანხმების დებულება, კერძოდ, 1948 წლის ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია; 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი, რომელთა მიხედვით „თითოეულ ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება“.

მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია დაბადებით (ფილიაცია), ნატურალიზაციის გზით, საერთაშორისო შეთანხმების მეშვეობით, რეინტეგრაციის (აღდგენა) გზით და მინიჭებით.

დაბადებით მოქალაქეობის მიღება ყველაზე ხშირად ხდება და ის ასახულია ზოგიერთ საერთაშორისო-სამართლებრივ აქტში. მათ შორის: 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი და ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის კონვენცია. მასში განსაზღვრულია დებულება, რომლის თანახმად, ბავშვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს პირი, რომელსაც არ ექნება მოქალაქეობა (აპატრიდი).

დაბადებით მოქალაქეობის მიღება ეფუძნება ორ პრინციპს: „სისხლისმიერი უფლება“ (jussanguinis) და „უფლება დაბადების ადგილის მიხედვით“ (jussoli). „სისხლისმიერი უფლების“ პრინციპიდან გამომდინარე, ბავშვი იღებს მშობლების მოქალაქეობას, განურჩევლად მისი დაბადების ადგილისა. ეს პრინციპი, კანონმდებლობის თანახმად, მოქმედებს ევროპის უმეტეს ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.

„უფლება დაბადების ადგილის მიხედვით“ პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ბავშვი იღებს იმ სახელმწიფოს მოქალაქეობას, რომლის ტერიტორიაზეც ის დაიბადა და არ არის დამოკიდებული მშობლების მოქალაქობაზე. ეს პრინციპი მოქმედებს ლათინური ამერიკის უმეტეს სახელმწიფოში.

„უფლება დაბადების ადგილის მიხედვით“ არ ვრცელდება დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლების შვილებზე, რაც გათვალისწინებულია 1961 წლის დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის კონვენციის და 1963 წლის საკონსულო ურთიერთობების ვენის კონვენციის ფაკულტატურ ოქმებში, დავების სავალდებულო გადაწყვეტის შესახებ.

მოქალაქეობის მიღება ნატურალიზაციის გზით. არსებობს ინდივიდუალური ნატურალიზაცია (განცხადების საფუძველზე) და ნატურალიზაცია სამართალმემკვიდრეობით. ინდივიდუალური ნატურალიზაცია გულისხმობს პირის ნებაყოფლობით გამოხატულ სურვილს, მიიღოს კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეობა. ნატურალიზაციისთვის სავალდებულოა სახელმწიფოს მხრიდან თანხმობა. საერთაშორისო სამართლის თანახმად, სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქეობის იძულებით მიღებასთან, ითვლება ძალადაკარგულად.

სახელმწიფოები, საკანონმდებლო წესით განსაზღვრავენ მოთხოვნებს იმ პირებისთვის წარსადგენად, რომლებიც მოქალაქეობას იღებენ ნატურალიზაციის გზით. ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა - ბინადრობის (დომიცილია) ცენზის დაცვა. სხვადასხვა სახელმწიფოში ეროვნული კანონმდებლობა ადგენს მუდმივი ბინადრობის სხვადასხვა ვადას (შვეიცარია და ესპანეთი - 10 წელი, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ - 5 წელი, დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია - 7 წელი). ეს პირობა აგრეთვე ატარებს საერთაშორისო-სამართლებრივ ხასიათს. გაერო-ს 1961 წლის კონვენციაში მოქალაქეობის არქონის შემცირებასთან დაკავშირებით, შეიცავს დებულებას, რომლითაც უპირატესობა ენიჭება ბინადრობის ცენზს, ხუთიდან ათ წლამდე ვადით.

არსებობს ასევე მოქალაქეობის მიღების დამატებითი პირობები, ნატურალიზაციის წესით. მათ განეკუთვნება: სახელმწიფო ენის ცოდნა, გარკვეული ასაკის მიღწევა, მუდმივი შემოსავლის წყაროს ქონა, სახელმწიფოსადმი ერთგულების ფიცის დადება (აშშ, დიდი ბრიტანეთი).

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე, სახელმწიფოების პრაქტიკაში გამოიყენებოდა დებულება იმის შესახებ, რომ „ქალი იღებს თავისი მეუღლის მოქალაქეობას“. თუმცა, 1957 წლის კონვენციაში ქორწინებაში მყოფი ქალის მოქალაქეობის შესახებ და 1979 წლის კონვენციაში ქალების მიმართ ყველანაირი სახის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ, განსაზღვრულია დებულებები იმის შესახებ, რომ ქალს აქვს უფლება, სხვა ქვეყნის მოქალაქეზე ქორწინების შემთხვევაში, შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა ან მიიღოს მეუღლის მოქალაქეობა.

ზოგიერთი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით მოქალაქეობის შესახებ, განსაზღვრულია ნატურალიზაცია, კანონის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს პირის მიერ სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებას, როდესაც მის მიმართ ვრცელდება შვილად აყვანის ინსტიტუტი, მეურვეობის დაწესება, მამობის აღიარება და სხვ.იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოები დებენ საერთაშორისო შეთანხმებებს ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით (ახალი სახელმწიფოების წარმოშობა, გაერთიანების საფუძველზე, სახელმწიფოს დაშლის შედეგად), დგება იმ პირების მოქალაქეობის საკითხი, რომლებიც ცხოვრობენ ახლად წარმოქმნილი სახემწიფოების ტერიტორიებზე. ასეთ შემთხვევაში, პირები იღებენ ახალი სახელმწიფოს მოქალაქეობას, ამავდროულად, ისინი გამოხატავენ მდუმარე თანხმობას, ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების ფაქტთან დაკავშირებით.

საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე მოქალაქეობა მიიღება ტერიტორიის ნაწილის გადაცემისას ერთი სახელმწიფოდან მეორე სახელმწიფოს შემადგენლობაში (ცესია), ასევე, ტერიტორიების ნაწილის გაცვლისას ორ სახელმწიფოს შორის. სახელმწიფოს ტერიტორიული ცვლილებების დროს, შესაძლებელია მოქალაქეობის ნებაყოფლობით არჩევა (ოპტაცია) ან მისი ავტომატურად შეცვლა (ტრანსფერტი).

მოქალაქეობის დაკარგვის საშუალებას მიეკუთვნება: ექსპატრიაცია და დენატურალიზაცია. ექსპატრიაცია ნიშნავს მოქალაქეობის ნებაყოფლობით დათმობას. მოქმედებს თავისუფალი და ნების დართვით ექსპატრიაცია. პირის უფლება მოქალაქეობის თავისუფლად დათმობასთან დაკავშირებით, განსაზღვრულია ზოგიერთ საერთაშორისო შეთანხმებაში. მათ შორის: 1930 წლის ჰააგის კონვენცია, რომელიც არეგულირებს მოქალაქეობის შესახებ კანონების კოლიზიებთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებს. მე-6 და მე-7 მუხლებში გათვალისწინებულია, რომ: „სახელმწიფოს თავისუფლების შელახვის გარეშე, მიენიჭოს უფრო ფართო უფლებები, საკუთარი მოქალაქეობის დათმობის შესახებ, პირს, რომელსაც გააჩნია ორი სახელმწიფოს მოქალაქეობა, მისი მხრიდან რაიმე ნებაყოფლობითი ქმედების გარეშე, შეუძლია დათმოს რომელიმე მათგანი, იმ სახელმწიფოს ნებართვით, რომლის მოქალაქეობის დათმობაც სურს მას“; აგრეთვე, ევროპის 1963 წლის კონვენცია მრავლობითი მოქალაქეობის შემთხვევების შემცირების შესახებ.როგორც აჩვენებს მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობის პრაქტიკაში გამოყენება, ბევრი სახელმწიფო განაპირობებს ექსპატრიაციის თავისუფლებას, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებით.

დენატურალიზაცია წარმოადგენს, კანონის ძალით, მოქალაქეობის იძულებით ჩამორთმევას. ეს შესაძლოა მოხდეს ავტომატურად, მოქალაქის განუსაზღვრელი ხანგრძლივი ვადით საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში, ნატურალიზაციის დროს განზრახ მცდარი მონაცემების შეტყობინების შემთხვევაში, მოქალაქის ვალდებულებების დარღვევით და ა.შ. ამჟამად დენატურალიზაცია იშვიათად ხდება, თუმცა, მისი გამოყენება გათვალისწინებულია კანადის, ვენესუელის, უკრაინის, ბულგარეთის და რიგი სხვა სახელმწიფოების კანონმდებლობით. ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირი განიხილება ეროვნული სამართლის შესაბამისად, ერთდროულად ორი ან მეტი სახელმწიფოს მოქალაქედ, მას უწოდებენ ორმაგი მოქალაქეობის (ბიპატრიდი) მქონე პირს. მრავლობითი მოქალაქეობის წარმოშობის შემთხვევებს წარმოადგენს: სახელმწიფოს ტერიტორიული ცვლილება, მოსახლეობის საერთაშორისო მიგრაცია, მოქალაქეობის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის კოლიზიები, უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ქორწინება, უცხოელი მოქალაქის შვილად აყვანა, ნატურალიზაცია, მანამდე არსებული მოქალაქეობის შენარჩუნებით და სხვ. მრავლობითი მოქალაქეობის ინსტიტუტი აღიარებულია ზოგიერთ სახელმწიფოში (ინგლისი, ბანგლადეში, ბელორუსი, გერმანია, ისრაელი, რუსეთი, ტაჯიკეთი, საფრანგეთი. ლათინური ამერიკის ქვეყნები). ბიპატრიზმი ნიშნავს იმას, რომ პირს ერთდროულად გააჩნია უფლებები და ვალდებულებები ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელთა მოქალაქეობაცმას აქვს. ამ ინსტიტუტის არსებობის ისტორია ადასტურებს, რომ ორმაგი მოქალაქეობა იწვევს გარკვეულ ნეგატიურ სამართლებრივ შედეგებს, რაც გარკვეულწილად ართულებს საერთაშორისო ურთიერთობებს ბიპატრიდის მოქალაქეობის სახელმწიფოებს შორის. მათ განეკუთვნება ბიპატრიდის დიპლომატიური და საკონსულო დაცვის უზრუნველყოფის საკითხები, მესამე ქვეყნების ტერიტორიების ან მოქალაქეობის კუთვნილების, ერთ-ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ძალიან ხშირად დგება საკითხი იმის შესახებ, მოქალაქეობის კუთვნილების რომელი სახელმწიფოს სამხედრო ვალდებულია მრავლობითი მოქალაქეობის მქონე პირი. ნებისმიერი მოქალაქე არის გადასახადების გადამხდელი და ვალდებულია გადაიხადოს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები და მოსაკრებლები. ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში, ჩნდება კანონზომიერი კითხვა, თუ რომელი სახელმწიფოს გადასახადების გადამხდელია ბიპატრიდი.

სწორედ ზემოთ აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად იქნა მიმართული სახელმწიფოების საერთაშორისო თანამშრომლობა. მე-20 საუკუნეში მათ მიერ დაიდო რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმება, რომლებიც არეგულერებს ორმაგი მოქალაქეობის ინსტიტუტის ზოგიერთ ნეგატიურ შედეგს. მათ შორის: 1930 წლის ჰააგის კონვენცია, რომელიც არეგულირებს მოქალაქეობის შესახებ კანონების კოლიზიებთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებს, ევროპის 1963 წლის კონვენცია მრავლობითი მოქალაქეობის შემთხვევების შემცირების შესახებ. ამ შეთანხმებების ძირითად დებულებას წარმოადგენს ის, რომ მრავლობითი მოქალაქეობის მქონე პირი განიხილება იმ სახელმწიფოს მოქალაქედ და მას აქვს ვალდებულებები იმ სახელმწიფოს მიმართ, რომლის ტერიტორიაზეც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

მოქალაქეობის არქონა (აპატრიზმი), საერთაშორისო სამართალში ნიშნავს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, როდესაც ის არ განიხილება რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქედ, მისი ეროვნული უფლების ძალით. აპატრიდების სტატუსის სამართლებრივი დარეგულირებისთვის, 1954 წლის 28 სექტემბერს, ნიუ-იორკში, მიღებული იქნა კონვენცია აპატრიდების სტატუსის შესახებ. სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება, რომ: „ისინი გამოიყენებენ კონვენციის დებულებებს აპატრიდებთან მიმართებაში, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, მათი რასობრივი, რელიგიური ნიშნით ან მათი წარმოშობის ქვეყნის მიხედვით“. კონვენცია არეგულირებს აპატრიდების სამართლებრივი მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტს და უზრუნველყოფს ძირითადად ეროვნულ სამართლებრივ რეჟიმს, კონვენციით დადგენილი უფლებებით სარგებლობასთან მიმართებაში.

1961 წელს, გაერო-ს ეგიდით შემუშავდა და მიღებული იქნა მოქალაქეობის არქონის შემცირების კონვენცია, რომელიც ძალაში შევიდა 1975 წლის 31 დეკემბერს. აღნიშნული საერთაშორისო შეთანხმების ძირითად მიზანს წარმოადგენს ხელსაყრელი პირობების შექმნა მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეობის მისაღებად, რომლის ტერიტორიაზეც ისინი დაიბადნენ და სხვაგვარად მათ არ ექნებოდათ მოქალაქეობა და აგრეთვე, იმ პირობების ჩამოყალიბება იმისთვის, რომ ექსპატრიაციის დროს, მოქალაქეებს არ მიენიჭოთ აპატრიდის სტატუსი. კონვენციის თანახმად, აპატრიდების შვილებს ენიჭებათ იმ სახელმწიფოს მოქალაქეობა, სადაც ისინი დაიბადნენ, „უფლება დაბადების ადგილის მიხედვით“ პრინციპის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოები დადებენ საერთაშორისო შეთანხმებას ტერიტორიების გადაცემის შესახებ, მასში გათვალისწინებული უნდა იყოს გარანტიები შესაძლო მოქალაქეობის არქონის შესახებ.

მოქალაქეობა, გარკვეულწილად, წარმოადგენს სახელმწიფოებრივი კუთვნილების პრობლემას.ის მსგავსია სამართლებრივი კატეგორიებისა, რომლებიც შეეხება ტერიტორიულ სუვერენიტეტს.

მოქალაქეობა მიუთითებს იმაზე, რომ პირს, რომელსაც ის მიენიჭა, შეუძლია ისარგებლოს უფლებებით და იკისროს ვალდებულებები, რომლებსაც ითვალისწინებს მოცემული სახელმწიფოს კანონმდებლობა თავისი მოქალაქეებისთვის. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მოქალაქეობა მიეკუთვნება სახელმწიფოს შიდა იურისდიქციას.

ამგვარად, თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მოქალაქეობის საკითხი, პრინციპში, მიეკუთვნება სახელმწიფოს ექსკლუზიურ იურისდიქციას“. როგორიც არ უნდა იყოს საერთაშორისო პრაქტიკის მიერ წამოწეული დებულების, როგორც ასეთის, ნამდვილი მნიშვნელობა და ღირებულება, მისი გავლენა დამოკიდებულია მის ინტერპრეტირებაზე, რომლის აზრით, მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების ექსკლუზიური კონტროლი ეკუთვნის სახელმწიფოებს.

დავით გეფერიძე
საერთაშორისო სამართლის დოქტორი


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, რომელიც 29 მაისს თბილისში გაიმართა, საქართველოს