არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
ნაციონალიზმის რენესანსი ევროპაში: ახალი გამოწვევები საქართველოსთვის
12:53 24-10-2017
ნაციონალიზმის რენესანსი ევროპაში: ახალი გამოწვევები საქართველოსთვის სეპარატიზმი კატალონიაში, მემარჯვენე-ექსტრემისტული, პოპულისტური და ნაციონალისტური ძალების გაძლიერება ლიბერალური დემოკრატიის ბევრ ევროპულ ქვეყანაში (ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი, გერმანია...), იზოლაციონისტური ტენდენციები ამერიკაში: „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“- ნიშნავს თუ არა ეს ნაციონალიზმის „რენესანსს“ დასავლურ სამყაროში და რა გავლენა შეიძლება მან იქონიოს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე?

I. უკან, ეროვნული სახელმწიფოსკენ?

გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესს, ყველა პროგნოზით, უნდა დაესუსტებინა ნაციონალიზმი. თუმცა, ნაადრევი აღმოჩნდა მოლოდინი, რომ ეროვნული სახელმწიფო ისტორიის კუთვნილება და წარსულის ერთგვარი „რარიტეტი“გახდებოდა. პირიქით, ისეთი ცნებები, როგორიცაა „ლოკალური იდენტურობა“, „პატრიოტიზმი“ დღეს უკვე განსაზღვრავს პოლიტიკურ დღის წესრიგს.
ლიბერალური დემოკრატიის მოდელზე შეტევა ფართო ფრონტით მიმდინარეობს. მემარჯვენე პოლიტიკოსები წარმატებით იბრძვიან ადამიანებისათვის „დაკარგული იდენტობის დაბრუნების“ ლოზუნგით და მოურიდებლად აკრიტიკებენ ლიბერალური დემოკრატიის „სუსტ“ მოდელს.
მემარჯვენე-ნაციონალისტური რიტორიკის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ახალი სოციალური პროექტის პროპაგანდაც, რომელიც უნდა გახდეს ლიბერალური დემოკრატიის ერთგვარი ალტერნატივა. შეიწირა თუ არა ლიბერალური საზოგადოება გლობალიზაციამ?
გლობალიზაციას ბევრ სიკეთესთან ერთად რისკებიც ახლავს. ეროვნულმა სახელმწიფომ ვერ დაიცვა ადამიანები ამ რისკებისაგან. ეროვნული სახელმწიფო „პატარა“ გახდა თანამედროვე გლობალური პრობლემების გადასაწყვეტად. ამავე დროს, გლობალიზაციის პროცესს ადამიანებმა დაუკავშირეს იდენტობის კრიზისი, ლოკალური კულტურისა და სამშობლოს დაკარგვის შიში. სწორედ ამ შიშით შეიძლება აიხსნას ნაციონალისტური და სეპარატისტული ტენდენციების გაძლიერება.
შიში, საერთოდ, ირაციონალურია, ხოლო დაშინებული ადამიანები უფრო ადვილად ხდებიან ნაციონალისტების, ანარქისტებისა და სეპარატისტების მსხვერპლი.
გლობალიზაციის შედეგად მივიღეთ ისეთი სიტუაცია, როდესაც ინდივიდი ცოტ-ცოტათი „ყველგან“ არის, მაგრამ არსად არ გრძნობს თავს ისე, როგორც თავის „საკუთარ“ სახლში“ (Zippelius).ლიბერალურმა პოლიტიკურმა ძალებმა სათანადო ყურადღება არ დაუთმეს „სამშობლოს“ ძიების პროცესში მყოფ ადამიანებს, რის შედეგადაც ისინი ადვილად გახდნენ პოპულისტური და ნაციონალისტური ძალების მანიპულაციის ობიექტი.
იდენტობის კრიზისთან დაკავშირებული შიში სრულიად ლეგიტიმურია და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას, მაგრამ არა იგნორირებას. ეროვნული იდენტობის საკითხი არ უნდა მივანდოთ ექსტრემისტულ და ნაციონალისტურ ძალებს (Schmidt). ამ თემებზე მსჯელობა, ასევე, არ უნდა აღიქმებოდეს როგორც რაღაც „ძველმოდური“, „ანაქრონისტული“ ან ლიბერალური დემოკრატიის საწინააღმდეგო.

II. აუცილებელია წარსულის კრიტიკული თვითრეფლექსია


ნაციონალიზმი, სეპარატიზმი და იზოლაციონიზმი იკვებება არა მხოლოდ ეკონომიური ეგოიზმით და ფულით, არამედ სამოქალაქო ცნობიერების კრიზისით. ერთად ცხოვრების სურვილი ვერ ჩამოყალიბდება მხოლოდ ეკონომიური და ფინანსური პერსპექტივების შეთავაზებით.
ქართული სახელმწიფო ვერ იქნება მიმზიდველი აფხაზებისა და ოსებისათვის მხოლოდ იმის გამო, რომ მათ შევთავაზებთ მეტ ეკონომიკურ კეთილდღეობასა და დოვლათს. ჩვენ არც ვესწრაფვით ნდობის „ყიდვას“, არამედ პატივს ვცემთ აფხაზებისა და ოსების ეროვნული სიამაყის გრძნობას და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ღირსება ფასდაუდებელია.
ნდობის ჩამოყალიბება მომავალზეა ორიენტირებული, მაგრამ ის უნდა დავიწყოთ ჩვენი საერთო წარსულის ასევე ერთობლივი კრიტიკული გააზრებით.
ისტორიული მეხსიერებიით მანიპულაციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კონფლიქტების ესკალაციას საქართველოში. ქართველებიც, აფხაზებიც და ოსებიც ერთდროულად გავხდით იდეოლოგიზებული ისტორიის მანიპულირების ობიექტი. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი ისტორიული მეხსიერება დღესაც მხოლოდ ცუდ მოგონებებზეა ფოკუსირებული, საიდანაც ხელოვნურად არის განდევნილი თანაცხოვრების კარგი და სასიამოვნო მოგონებები, პოზიტიური მაგალითები.
ისტორიული მეხსიერება არ უნდა ამოიწურებოდეს მხოლოდ წარსულის „დამახსოვრებით“, როდესაც გაწყვეტილია კავშირი თანამედროვეობასა და წარსულის კრიტიკულ განაზრებას შორის.
ისტორიული მეხსიერება, წარსულის ცალკეული მოვლენების „ფილტრაციის“ გზით, დამახსოვრებასთან ერთად დავიწყების შესაძლებლობასაც იძლევა. ჩვენ ვახდენთ სელექციას კარგ და ცუდ მოგონებებს შორის, აღვნიშნავთ გამარჯვებას და დამარცხებასაც, მაგრამ რატომღაც გვიჭირს ბრალეულობასა და შეცდომებზე საუბარი.
დრო ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს. რაც დრო გადის, უფრო მცირდება პატიების, კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისა და თანაარსებობის შანსები. კონფლიქტურ რეგიონებში ომის თაობა თანდათან ბერდება, ხოლო ისტორიული მეხსიერება მოითხოვს მის მატარებელ ახალ სუბიექტებსა და თანამედროვე ფორმებს.
განსაკუთრებით ომის შემდეგ აფხაზეთში დაბადებულ თაობას გაუჭირდება ყალბი სტერეოტიპებისა და მითებისაგან განთავისუფლება. აფხაზების სულ უფრო მცირე ნაწილს ახსოვს „კარგი“ ქართველები და მხოლოდ „ცუდ“ ქართველს იცნობს, რომელიც გადმოცემის მიხედვით მათ ეროვნულ იდენტობას „ართმევს“. ომის შემდგომ თაობასთან უფრო რთულია ან შეუძლებელიც „მოგონებების“ გააქტიურება- მათ უბრალოდ არ ჰქონიათ შეხება ქართველებთან და საერთოდ არ გვიცნობენ ჩვენ.

წარსულის კრიტიკული თვითრეფლექსიის მაგალითი ქართველებმა უნდა მივცეთ, გამოვიჩინოთ ინიციატივა და არ მოგვერიდოს საკუთარი შეცდომების და ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღება. ამ თემაზე აქტიური, თამამი დისკუსია პირველ რიგში უნდა დაიწყოს ქართულ სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში.


III. სადისკუსიო ინტერნეტ-ფორუმი

შესაძლებელია ვიფიქროთ სადისკუსიო ინტერნეტ-ფორუმის ჩამოყალიბებაზე, სადაც მოხდებოდა აფხაზების, ოსებისა და ქართველების ისტორიული მეხსიერების შესახებ აზრებისა და პოზიციების გაცვლა ისე, რომ მის მონაწილეებს არ ექნებათ ჭეშმარიტებასა და სიმართლეზე მონოპოლიის პრეტენზია.

სადისკუსიო პლატფორმის მიზანი არ უნდა იყოს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების ობიექტური ისტორიის შექმნა. ეს იქნება ყველა შემთხვევაში სუბიექტურად დანახული ისტორია. ამავე დროს, ეს დისკუსია უნდა ემსახურებოდეს არა კოლექტიური ბრალეულობის, არამედ კოლექტიური პასუხისმგებლობის გამოკვეთას.

სადისკუსიო პლატფორმას არ უნდა დავუკავშიროთ არარეალისტური მოლოდინებიც. ამავე დროს, პლატფორმა საშუალებას მოგვცემს გამოიკვეთოს აფხაზურ, ოსურ და ქართულ საზოგადოებაში არსებული განწყობები, რომელთა გათვალისწინებაც დადებითად წაადგებოდა კონფლიქტის დაძლევას. პლატფორმა მოგვცემს საკუთარი იდენტობების, სულ მცირე, ერთმანეთთან შედარების შესაძლებლობას, გაზრდის ისტორიული მეხსიერების ინფორმირებულობის ხარისხს, რაც თავის მხრივ შეამცირებს ნაციონალისტური პროპაგანდით ახალგაზრდა თაობის მანიპულირების რისკებს.

IV. თავისუფალი ვერ იქნება ის, ვინც წარსულის ტყვეობაშია

სეპარატიზმი თითქოს ესწრაფვის „თავისუფლებას“ - თავისუფლებას ცენტრალური ხელისუფლებისაგან, განთავისუფლებას წარსული წყენებისა და ტკივილებისაგან... სინამდვილეში, ეს არის ილუზორული „თავისუფლება“. განვითარების, უსაფრთხოების, თვითგამორკვევისა და განვითარების იმედს სეპარატიზმი უკავშირებს თვითიზოლაციას, რაც აბსოლუტურად უპერსპექტივოა.
ნდობის ჩამოყალიბებას ძალიან ართულებს კონფლიქტის შედეგად არსებული ბევრი ტკივილი, წყენა და იმედგაცრუება. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია წყენაც მალე დავივიწყოთ და, ასევე, მალე ვაპატიოთ. ჩვენი ეროვნული ხასიათისათვის დამახასიათებელი ეს ფსიქო-ემოციური ნიშანი უნდა დაგვეხმაროს ომით მიყენებული ტრავმების მოშუშებაში.

V. სეპარატიზმის პათოლოგიები


სეპარატიზმი არ არის არც აფხაზური და და არც ოსური „ფენომენი“. სეპარატიზმში, საერთოდ, არაფერია არც ადამიანური და არც ეროვნული- სეპარატისტულ სულს მთლიანად განსაზღვრავს პოლიტიკოსთა ვიწრო ჯგუფის სწრაფვა ძალაუფლებისა და პირადი კეთილდღეობისაკენ.
სეპარატიზმი არ არის საზოგადოების ნორმალური მდგომარეობა, რადგანაც ის უარყოფს ადამიანებს შორის ურთიერთკავშირს, თანამშრომლობას, კომპრომისს, ნდობას... სეპარატიზმს შემთხვევით არ ახასიათებენ, როგორც ნაციონალიზმისა და ფუნდამენტალიზმის „ნახევარძმას“.
სეპარატიზმი ესწრაფვის გაამარტივოს საზოგადოების კომპლექსური სტრუქტურები, მკაფიო ფრონტის ხაზი გაავლოს „ჩვენიანსა“ და „მტერს“ შორის, გააქტიუროს წარსულის ტკივილები, წყენა, პოლიტიკური უსამართლობა, ჩაგვრა და სხვა.
სეპარატიზმი ესწრაფვის საზოგადოების ეთნიკურ „ჰომოგენურობას“, სადაც „სხვად ყოფნის“ უფლება ჩამორთმეული აქვს ყველა დანარჩენ უმცირესობას. სეპარაცია, ასევე, ყოველთვის წარმოშობს „ახალი უმცირესობების“ პრობლემას. გარდა ამისა, ერთიანის ფარგლებში მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ერთიანობის მრავალფეროვნებაში უარყოფა კარგ წინაპირობას ქმნის ავტარკიისა და ხელისუფლების პატრიარქალური სტრუქტურებისათვის.
სეპარატიზმი უარყოფს კავშირს, კოოპერაციას და უნდა „თავისთვის ყოფნა“, რაც შეუძლებელია თანამედროვე გლობალურ მსოფლიოში. შედეგად ვღებულობთ „ნეოფეოდალიზმის“ გროტესკულ მოდელებს, სადაც გაფეტიშებულია პოლიტიკური ლიდერი, ხოლო ინდივიდი და საზოგადოება განწირულია პასიური ყოფისათვის.
სეპარატისტული სული შლის და არღვევს წესრიგის იდეას. ეგოისტური თვითიზოლაცია უპირისპირდება „ყველას“ და „ყველაფერს“. სეპარატიზმი კიდევ უფრო აუტანელს ხდის ადამიანის წნეხს ჯგუფებში, ხალხებში. ინდივიდზე დომინირებს კოლექტივი, ხოლო ინდივიდუალური უფლებები უკანა პლანზეა გადაწეული. ინდივიდის ავტონომია და პიროვნული სუვერენიტეტი ეწირება კოლექტიური თვითგამორკვევის ილუზორულ იდეას.
არ შეიძლება საზოგადოების ასეთი არანორმალური მდგომარეობა იყოს აფხაზი ან ოსი ხალხის მიზანი, პირველ რიგში, ახალგაზრდა თაობის და ერის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე.
სეპარატიზმს ვერ დაუპირისპირდები მხოლოდ რაციონალური არგუმენტებით, რადგანაც ის თავისი ბუნებით ირაციონალური და გრძნობად-ემოციური აქტია. ამავე დროს, სწორედ ერის სამომავლო განვითარების პერსპექტივებად გამომდინარე უნდა ვუთხრათ უარი სეპარატისტულ იდეოლოგიას, გავთავისუფლდეთ კოლექტივიდან და ჯგუფიდან მომდინარე წნეხისაგან. მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობით მოქმედ ერს შეუძლია შეუქმნას განვითარების პირობები მომავალ თაობას.

VI. ჩვენი საერთო თავისუფლებისათვის


საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მდგომარეობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საერთაშორისო კონიუნქტურა. ამ პირობებში საკმაოდ შეზღუდულია თბილისის მოქმედების არეალიც. ამავე დროს, უმოქმედობა ვერ იქნება სახელმწიფო სტრატეგია.
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიგნალი, რაც თბილისიდან შეიძლება მოდიოდეს არის მუდმივი მზადყოფნა სიტუაციის დე-ესკალაციისათვის.
ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება მოითხოვს შეცდომების კრიტიკულ განაზრებას, დიალოგისათვის მუდმივ მზადყოფნას, ახალ ინიციატივებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
აფხაზ და ოს ეთნოსს აქვს იდენტობის დაკარგვის სრულიად ლეგიტიმური შიში. ამ შიშის განეიტრალების მიზნით აქტიურად უნდა განვიხილოთ ლოკალური იდენტობის დაცვის ფორმები. აფხაზებსა და ოსებს მუდმივად უნდა შევახსენოთ, რომ ეროვნული იდენტობის დაცვისა და განვითარების კუთხით მათ არ შეიძლება ჰყავდეთ ქართველებზე უკეთესი მოკავშირე.
სეპარატიზმის დესტრუქციული ძალა იკვებება გაუცხოებით. ხალხთან ახლოს მყოფი ქართული ხელისუფლება უნდა გახდეს ის მოდელი, რომელმაც უნდა მოიზიდოს კონფლიქტური რეგიონის მოსახლეობაც.
ადამიანური განზომილებების განმტკიცება ქართულ პოლიტიკასა და სახელმწიფოს მართვაში დადებითად იმოქმედებს ამ გაუცხოების დაძლევაში.რაც უფრო ნაკლები იქნება დისტანცია ხელისუფლებასა და საქართველოს მოსახლეობას შორის, მით უფრო ნაკლები იქნება გაუცხოება აფხაზებთან და ოსებთანაც.
ნაციონალიზმი არ არის მხოლოდ აფხაზური ან ოსური პრობლემა - ნაციონალიზმი ქართული პრობლემაცაა. ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა უნდა შევკრათ ერთგვარი ალიანსი ნაციონალიზმის ვიწრო არტახებისგან თავის დასაღწევად.
აფხაზი და ოსი უნდა გვენდოს იმიტომ, რომ ერის განვითარების პერსპექტივები არ შევწიროთ დამოუკიდებლობის ილუზიას, ეთნოკრატიის სწრაფვას ძალაუფლების, პირადი კეთილდღეობისა და პრივილეგიებისაკენ. მხოლოდ თავისუფლების სულისკვეთებით შეიძლება ემსახურო ერის მომავალს - მხოლოდ თავისუფალი ადამიანები აყალიბებენ თავისუფალ ერს.
სეპარატიზმი არის კაპიტულაცია თანამედროვე, რთული სამყაროს ასევე კომპლექსური გამოწვევების წინაშე. ქართველებს გულწრფელად გვენანება ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ამ კაპიტულაციისათვის. ამიტომ გვინდა კავშირი თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად- გაერთიანება ჩვენი საერთო თავისუფლებისათვის!

გია ხუბუა
პროფესორი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები