არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
2017 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგები და 2018 წლის პერსპექტივები
09:30 29-12-2017
2017 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგები და 2018 წლის პერსპექტივები პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, მაგრამ ფაქტია, რომ პარლამენტში ”ქართული ოცნებამ” ფუნქციონირება შეწყვიტა და უმრავლესობამ სამი ფრაქცია შექმნა. რა ხდება სახელისუფლებო გუნდში?

ხათუნა ლაგაზიძე - „ოცნების“ შიგნით მყოფი ფიგურებიდან ნაკლებად მგონია, რომ რომელიმეს რესურსი ჰქონდეს ისეთივე მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშოს, როგორითაც წლების წინ „მოქალაქეთა კავშირიდან“ „ნაცმოძრაობა“ მივიღეთ. თუმცა, არასოდეს თქვა - არასოდეს

ზაზა ფირალიშვილი - მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორი და ”ნაციონალების” სიძულვილი დიდხანს ვერ იქნება პოლიტიკური ერთიანობის განმსაზღვრელი. კიდევ დიდხანს გაძლეს ერთად იმ ადამიანებმა, ვისი ერთად ყოფნაც იმთავითვე პარადოქსი იყო


ხათუნა ლაგაზიძე არ გამორიცხავს, რომ ტრადიციულ წრეზე წავიდეთ, როცა ახალი პოლიტიკური პარტიები ხელისუფლების წიაღში ისახება, შემდეგ ოპოზიციურ ფლანგზე გადადის და მოგვიანებით თავის მშობელ პარტიას ანაცვლებს ხელისუფლებაში.
”შეიძლება დღეს თავადაც არ გეგმავდნენ, მაგრამ პერსპექტივაში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ დაანონსებული დაშლა, სწორედ ამ პროცესის დასაწყისად იქცეს. მით უფრო, რომ დღეს პარლამენტში რამდენიმე მსხვილი ფინანსური ჯგუფია წარმოდგენილი და მათ შორის კონკურირების პროცესები, ჯერჯერობით ბიზნესის ფლანგზე, უკვე აშკარაა.”- მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.
უფრო მცირე ალბათობით, მაგრამ პროცესების განვითარების მეორე ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება, რომ „ოცნების“ შიგნით წარმოქმნილ პოლიტიკურ გუნდებს რეალური დამოუკიდებლობის ამბიცია გაუჩნდეთ.
„ოცნების“ შიგნით მყოფი ფიგურებიდან ნაკლებად მგონია, რომ რომელიმეს რესურსი ჰქონდეს ისეთივე მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშოს, როგორითაც წლების წინ „მოქალაქეთა კავშირიდან“ „ნაცმოძრაობა“ მივიღეთ. თუმცა, არასოდეს თქვა - არასოდეს”. - აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე, ვინაიდან 3%-იანი ბარიერის სათავისოდ გამოყენების შანსი, ხელისუფლებას უფრო აქვს, ვიდრე უკიდურესად სუსტ ოპოზიციას. ”ოღონდ, ეს დაშვებაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი კატეგორიულად მოითხოვს საქართველოში დამკვიდრებულ ხელისუფლებათა ცვლის ტრადიციის დაცვას.” - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.


ზაზა ფირალიშვილის აზრით, მმართველ გუნდში ალბათ, ხდება ის, რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ასეთი ეკლექტური იდეოლოგიური და პოლიტიკური კონგლომერატი დიდხანს ვერ გაძლებდა. ”მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორი და ”ნაციონალების” სიძულვილი დიდხანს ვერ იქნება პოლიტიკური ერთიანობის განმსაზღვრელი. კიდევ დიდხანს გაძლეს ერთად იმ ადამიანებმა, ვისი ერთად ყოფნაც იმთავითვე პარადოქსი იყო.”- დასძენს ზაზა ფირალიშვილი, რომლის განმარტებითაც იგი მმართველ გუნდში მხოლოდ კულტურულ და ინტელექტუალურ განსხვავებას არ გულისხმობს, ვინაიდან ”თანდათან იკვეთება სხვადასხვა ჯგუფების განსხვავებული ბიზნესინტერესებიც და, როგორც ჩანს, სწორედ ამან ითამასა კატალიზატორის როლი.”


პოზიციისთვის ადგილობრივი არჩევნები სავალალო შედეგებით დასრულდა. თქვენი აზრით, რა ხდება ოპოზიციაში არჩევნების შემდეგ?

ხათუნა ლაგაზიძის - სწორედ იმიტომ, რომ მათ არ და ვერ ისურვეს განახლება დღეს არსებული პოლიტიკური სუბიექტების დიდი ნაწილი პოლიტიკური სივრციდან უკანმოუხედავად უნდა გავიდნენ

ზაზა ფირალიშვილი - ოპოზიციაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ნაკლებად ჩანს იმის იმედი, რომ არსებული რესურსებით რაიმე სერიოზული კონფიგურაცია შეიძლება ჩამოყალიბდეს


ხათუნა ლაგაზიძის აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ უფრო გაამყარა ქართული პოლიტიკური სპექტრის სავალალო დიაგნოზი - დევალვირებული და ხერხემალში გადატეხილი პოლიტიკური სპექტრის უდიდეს ნაწილს ქვეყანაში რეალური ცვლილებების არანაირი რესურსი არ აქვს.
მისივე თქმით, თავის მართლების საშუალებად არ გამოდგება ის, რომ ხელისუფლება აქტიურად ახერხებს ოპოზიციის მოსყიდვასაც, დაშლასაც და განეიტრალებასაც - ყველაფერი ეს მხოლოდ თანმდევი შედეგებია ოპოზიციის უსუსურობის.
”თუმცა, ამ არჩევნებმა ორი ძალზე საინტერესო შედეგი დასვა, რომლებიც შორსმიმავალი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა: პირველი ეს გახლავთ ალეკო ელისაშვილის მეორე ადგილი თბილისში, რაც პირდაპირ მიანიშნებს თუ რამდენად დიდია მოთხოვნა ახალ ლიდერებზე საზოგადოებაში და მეორე - ოზურგეთის მაგალითი, სადაც იმუშავა ტრადიციულმა ქართულმა პრინციპმა: ყველა ერთის წინააღმდეგ. ეს შეიძლება საინტერესო უვერტიურა გამოდგეს 2020 წლის არჩევნებისთვის, როცა „ოცნების“ კანდიდატის წინააღმდეგ გაერთიანდა თავად „ოცნების“ ნაწილი და ლამის მთელი ოპოზიციური სპექტრი”- აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.
მისივე თ მით, დღეს სცენას შემორჩენილი პოლიტიკური ლიდერების უმეტესობა პოლიტიკას ხალხის ხარჯზე ფულის კეთების საუკეთესო საშუალებად აღიქვამს, ამიტომაც, ცოცხალი თავით არ უთმობს პოზიციებს სხვებს. ”სწორედ იმიტომ, რომ მათ არ და ვერ ისურვეს განახლება - დღეს არსებული პოლიტიკური სუბიექტების დიდი ნაწილი პოლიტიკური სივრციდან უკანმოუხედავად უნდა გავიდნენ.”- დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.


ზაზა ფირალიშვილის
აზრით, ”ოპოზიციაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ნაკლებად ჩანს იმის იმედი, რომ არსებული რესურსებით რაიმე სერიოზული კონფიგურაცია შეიძლება ჩამოყალიბდეს.”
მისივე თქმით, როგორც ჩანს, ისევ მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესები თუ მოახდენს რაიმე გავლენას, თუმცა ამის შემძლე ფიგურები იქაც ნაკლებად ჩანან. ”ახლანდელი მდგომარეობით, ოპოზიციას რეალურ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მისი მოქმედება თანხვედრაში იქნება რომელიმე დიდი, თუნდაც, უცხოური ძალის ინტერესებთან. აქედანაა ჩვენი მცირე პარტიების ხშირი ვოიაჟები უცხოეთში, მათი იდეოლოგიური თუ პოლიტიკური სალტო მორტალეები და ა.შ.”- დასძენს ზაზა ფირალიშვილი.
მისივე მტკიცებით, დღეს ოპოზიციაში არ ჩანს ისეთი ძალა, რომელსაც ”ნაციონალებისათვის” ინიციატივის წართმევა შეუძლია. საინფორმაციო ველს ისევ ნაციონალები ფლობენ. არადა, მათი რეიტინგი ძნელად თუ დაიძვრება მკვდარი წერტილიდან.
ექსპერტის განმარტებით, დამოუკიდებლად მოქმედება უჭირს ”შენების მოძრაობას”ა,ის მიზეზი კი მისთვის დამახასიათებელი აკადემიზმია, რომელიც გამორიცხავს იმ ავანტიურიზმსა და გარეგან ეფექტებზე გათვლილ აქციებს, რომელთა გარეშეც პოლიტიკური ცხოვრება, სამწუხაროდ, არ არსებობს. იმედი მაქვს, ისინი არ შეეგუებიან ერთგვარი „ინტელექტუალური დამატების“ როლს. ”არადა, გამოცდილებამ უკვე მრავალჯერ დაგვარწმუნა, თუ რა უბედურებაა ქვეყნისათვის სუსტი ან მმართველთა მიერ კულუარებში შექმნილი ოპოზიცია.” - აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი.


თქვენ როგორ შეაფასებდით 2017 წელს, როგორი იყო იგი ქვეყნისთვის პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით?

ხათუნა ლაგაზიძე - საკონსტიტუციური ცვლილებები ამ ხელისუფლებამაც ისევე მოირგო საკუთარ ტყავზე, როგორც ყველა წინამორბედმა, განხორციელებულმა სამთავრობო ცვლილებებმა კი, ხელისუფლების შიგნით ძალთა ახალი ბალანსი დაადგინა

ზაზა ფირალიშვილი - თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გახსნა, ანაკლიის პორტის საკითხის წამოწევა, უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემების წინა პლანზე წამოწევა, ეს ისაა, რაც 2017 წლის წარმატებებია

ხათუნა ლაგაზიძის
აზრით, იმდენი რამ მოხდა 2017 წლის მანძილზე, რომ იგი მხოლოდ ჩამონათვალით შემოვიფარგლება - ”ანტიტერორისტული ოპერაცია დასრულებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის - აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაცია, ადგილობრივი არჩევნები, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა არსებული ხელისუფლების უალტერნატივობა, რატომღაც დაკარგული ელისაშვილი და დრაივის მოყვარული თბილისის ახალი მერი კახი კალაძე, კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ამ ხელისუფლებამაც ისევე მოირგო საკუთარ ტყავზე, როგორც ყველა წინამორბედმა, წლის ბოლოს განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები, რომელმაც ძალთა ახალი ბალანსი დაადგინა ხელისუფლების შიგნით, დეპრესიული საზოგადოება და ამომრჩეველი, რომელსაც დეპრესიის კლასიკური დაღი ადევს: აღარაფრის შეცვლის სურვილი აღარ აქვს და ამიტომაც, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის საჩუქარია, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გახსნა და ანაკლიის პორტის გარშემო დატრიალებული ვნებები, „აბრეშუმის გზის“ ფორუმი, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჩინეთთან, უშიშროების საბჭოსა და კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმება და ქვეყნის დატოვება უსაფრთხოებისა და თავდაცვის მაკოორდინირებელი რგოლის გარეშე.” - ასე შთამბეწდავად გამოიყურება 2017 წლის მოვლენების ხათუნა ლაგაზიძისეული ჩამონათვალი.
მომავალი წელი უფრო დატვირთული იქნება მოვლენებითაც, კატაკლიზმებითაც და შიდასახელისუფლო შერკინებითაც” - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.


ზაზა ფირალიშვილის
თქმით, როცა წარმატებებზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ ”თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გახსნა, ანაკლიის პორტის საკითხის წამოწევა, უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემების წინა პლანზე წამოწევა, ეს ისაა, რაც 2017 წლის წარმატებებია”, და შემთხვევითი არ არის, რომ რუსულ მასმედიას მძაფრი რეაქცია ჰქონდათ რკინიგზის ამოქმედების გამო.
მისივე თქმით, წლევანდელი ადგილობრივი არჩევნები მკვეთრად განსხვავდებოდა ადრინდელებისაგან იმით, რომ ამჯერად უმეტესად ყურადღების ცენტრში სწორედ რომ ადგილობრივი პრობლემები იყო და არა გეოპოლიტიკური, მსოფლმხედველობრივი და ა.შ. უთუოდ პოზიტიური მოვლენაა, რომ თბილისის ახალი მერი არა მარტო გაცილებით მეტი ცნობადობითა და სიმპათიით სარგებლობს, არამედ უფრო ადექვატური ჩანს თავისი თანამდებობისათვის.
ზაზა ფირალიშვილს საშინაო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნია ის, რომ პატრიარქმა თავისი თანამოსაყდრე დაასახელა და ის შერჩეული იქნა არა პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ნიშნით, რის მოლოდინშიც ბევრი იყო, არამედ - თეოლოგიური კომპეტენციისა.
”ამით, პატრიარქმა ეკლესიის თეოლოგიური ფუნქციის პრიმატს გაუსვა ხაზი. როგორც ჩანს ეკლესიის შიდა ცხოვრების მომავალზე მკვეთრი გავლენა ექნება ციანიდთან დაკავშირებულ სკანდალს.”- დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

თქვენი დაკვირვებით, 2017 წელს ხელისუფლება ქვეყნისათვის და მისთვის რომელ გამოწვევას გაუმკლავდა მეტ-ნაკლები წარმატებით, რომელს ვერა და შესაბამისად, რა შეიძლება ჩაითვალოს მისთვის საშინაო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევებად?

ხათუნა ლაგაზიძე - მომავალი წლის გამოწვევებად კვლავ დარჩება: ლარი და გაძვირებული კრედიტები, საშუალო ფენის ჩამოშლა, განათლების სისტემის განადგურება, პოლიტიკური სპექტრში ალტერნატივების არარსებობა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზეც დადასტურდება, ხიდჩატეხილობა საზოგადოებასთან

ზაზა ფირალიშვილი - ჩვენმა სახელმწიფოებრივმა მანქანამ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციათ წარმატებით ჩააბარა წლევანდელი წლის ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევა


ხათუნა ლაგაზიძის მტკიცებით, ”მომავალი წლის გამოწვევებად კვლავ დარჩება: ლარი და გაძვირებული კრედიტები, საშუალო ფენის ჩამოშლა, განათლების სისტემის განადგურება, პოლიტიკური სპექტრში ალტერნატივების არარსებობა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზეც დადასტურდება, ხიდჩატეხილობა საზოგადოებასთან.”
ექსპერტის აზრით, ხელისუფლება ცდილობს მისი წევრების რიგები შეადუღაბოს და ისინი გამოკვებოს, რასაც ადასტურებს ახალი ინიციატივა საკრებულოებში ფრაქციების და შესაძლოა, კომისიის თავმჯდომარეებისთვის მოადგილეების დანიშვნის შესახებ. მოგეხსენებათ, საკრებულოს წევრებიდან ხელფასი მხოლოდ თანამდებობის პირებს აქვთ და „ქართულმა ოცნებამაც“ გამონახა მათი აქტივისტების ბიუჯეტის ხარჯზე გამოკვების საშუალება. ”ახლა ინფორმაციასაც დამალავს, რამდენს უხდის ბიუჯეტიდან საკუთარ მომხრეებსა და აქტივისტებს იმ მოტივით, რომ ეს ინფორმაცია „სახელმწიფო მნიშვნელობისაა“ და სოფელიც აშენდება”. - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

ზაზა ფირალიშვილი მიიჩნევს, რომ ”ჩვენმა სახელმწიფოებრივმა მანქანამ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციათ წარმატებით ჩააბარა წლევანდელი წლის ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევა.”
მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდა ისე, რომ მოსახლეობაც და სპეცრაზმელებიც მინიმალურად დაზარალებულიყვნენ. გარდა ამისა, ხანგძლივი მოლაპარაკებებითა და ტერორისტებთან დაკავშირებულ ადამიანებთან კონტაქტით ისიც მიღწეული იქნა, რომ ამ ოპერაციას მომავალში არ უნდა ჰქონდეს დიდი გამოძახილი.
”კავკასიელებთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი კაპიტალი დაგვიტოვეს ედუარდ შევარდნაძემაც ლტოლვილი ჩეჩნების შემოშვებით და სააკაშვილმაც ჩერქეზების გენოციდის აღიარებით. ნუ დავუკარგავთ ნურც ერთს და ნურც მეორეს ამ დამსახურებას.”- აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი.

თქვენი აზრით, რა შეიძლება ჩაითვალოს მიმდინარე წლის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიღწევად ან მიღწევებად?

ხათუნა ლაგაზიძე - გადაიდგა მომავალზე ორიენტირებული და გრძელვადიანი შედეგების მომტანი მნიშვნელოვანი ნაბიჯები: უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გახსნა და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჩინეთთან

ზაზა ფირალიშვილი - კარგია, რომ ქართულმა დიპლომატიამ გამოსავალი მოძებნა და ჩვენს წარმომადგენლობას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია

ხათუნა ლაგაზიძის
თქმით, თუ მიღწევებზე საუბრით დავიწყებთ, რა თქმა უნდა, ”გადაიდგა მომავალზე ორიენტირებული და გრძელვადიანი შედეგების მომტანი მნიშვნელოვანი ნაბიჯები: უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გახსნა და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჩინეთთან. თუმცა, საგარეო პოლიტიკაშიც, სამწუხაროდ, მხოლოდ წარმატებებით არ შემოვიფარგლეთ.”
მისივე აზრით, დავთმეთ პოზიციები ჩვენს უახლოეს მეზობლებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში და უმცროსი პარტნიორის როლს დავჯერდით, რაც კიდევ უფრო გააუარესებს საქართველოს პოზიციებს რეგიონში. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, საგარეო პოლიტიკური ფონი საგრძნობლად გაუარესდა საქართველოს გარშემო.
”პოლიტიკურად სრულად კასტრირებული ევროპის ფონზე გაჩნდნენ ”მაჩო” ლიდერები ჩვენს უშუალო სამეზობლოში: ერდოღანი, მეოთხე ვადით კენჭნაყარი პუტინი და მათი მზარდი პარტნიორობა თურქეთ-რუსეთის პრეზიდენტების ლამის ყოველთვიური შეხვედრების ფონზე.”- დასძენს ხათუნა ლაგაზიძე, რომლის თქმითაც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია თურქეთ-რუსეთ-ირანის კაოლიცია სირიის საკითხში და არა მხოლოდ, ტრამპის ბოლო „მაჩოური“ ნაბიჯი - იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება და ერდოღანის ინიციატივით, ტრამპის საპასუხოდ, თურქეთში სასწრაფო წესით შეკრებილი 57 ისლამური სახელმწიფო და მათ მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად ცნობა.
”ამ აქტით ერდოღანმა, ფაქტობრივად, აისრულა თავისი უდიდესი ოცნება - გახდეს ისლამური სამყაროს ლიდერი”. - აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე, რომლის თქმითაც, გასაგებია, რომ ისლამური სამყარო არ არის ჰომოგენური და მასში არსებული წინააღმდეგობები ერდოღანის ამ ოცნებას ფრთებს მალე შეუკვეცს, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ეს ერდოღანის, მნიშვნელოვან გამარჯვებად უნდა ვაღიაროთ და ისიც, რომ ”ამ ფონზე ჩვენ - მოკრძალებულად მიმჯდარი ვართ გათბობის წყაროს - აზერბაიჯანის უკანა ეზოში.”

ზაზა ფირალიშვილის აზრით, საგარეო პოლიტიკის საკითხებში მიღწევებია - თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გახსნა, ანაკლიის პორტის საკითხის წამოწევა, უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემების წინა პლანზე წამოწევა.
მაგრამ, მისივე თქმით, ყველაზე მწვავე გამოწვევა სწორედ წლის მიწურულში გაჩნდა. იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამერიკის დახმარების მოხსნით დაემუქრა იმ ქვეყნებს, ვინც აშშ-ს გაეროში იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით მხარს არ დაუჭერს, ”კარგია, რომ ქართულმა დიპლომატიამ გამოსავალი მოძებნა და ჩვენს წარმომადგენლობას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია”.


თქვენი აზრით, რამდენად ოპტიმისტურად გამოიყურება ჩვენი საგარეო ევროპული პერსპექტივები?

ხათუნა ლაგაზიძე - ყველაზე ცუდი, რაც ჩვენ დაგვემართა არის ის, რომ ჩვენ დავკარგეთ ამბიცია და საერთაშორისო და რეგიონალურ პოლიტიკაში „ვალოდია ჯინჭარაძეებად“ ვიქეცით. ამბიციის გარეშე კი ვერც ადამიანი, ვერც ერი და სახელმწიფო ვერ ვითარდება

ზაზა ფირალიშვილი - ჩვენი ევროპული პერსპექტივები შანსები გაზრდილია, თუმცა მისი გამოყენება საკმაოდ დახვეწილ პოლიტიკურ ტექნიკას მოითხოვს

ხათუნა ლაგაზიძის
განმარტებით, ”ყველაზე ცუდი რაც ჩვენ დაგვემართა, არის ის, რომ ჩვენ დავკარგეთ ამბიცია და საერთაშორისო და რეგიონალურ პოლიტიკაში „ვალოდია ჯინჭარაძეებად“ ვიქეცით. ამბიციის გარეშე კი ვერც ადამიანი და ვერც ერი თუ სახელმწიფო ვერ ვითარდება.”
მისივე აზრით, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ავირჩიეთ პოლიტიკა, რომ ნაკლებად მოვხვდეთ თვალში მტერს, რათა ნაკლები პრობლემა შევიქმნათ, რასაც მე ვეთანხმები, მაგრამ ამ პოლიტიკის შედეგად, მოყვარესაც ნაკლებად მოვხვდით თვალში და დღეს ჩვენი დასავლეთთან ურთიერთობა, ძირითადად, მათ მიერ გამოვლენილ იმპულსებზე გამოძახილია.
თუმცა, მისივე თქმით, ობიექტურობა მოითხოვს ვაღიაროთ, - დიდად არც ახლომხედველი და მასშტაბურ ხედვებთან მწყრალად მყოფი ტაქტიკოსი ლიდერების ამარა დარჩენილ ევროკავშირს სცალია ჩვენთვის, თავისი უამრავი პრობლემით.
მაგრამ ამისდა მიუხედავად ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს - ”ევროკავშირისკენ სვლა არის მიზანი, რომლისკენაც უნდა მივდიოდეთ მუდამ. მიზანს კი მხოლოდ თავდადებულები აღწევენ და თუ საქართველო მართლაც შეიმუშავებს გაწევრიანების საგზაო რუკას და ჯიუტად მიჰყვება მას, ერთ დღესაც შეიძლება, ჩვენთვის ჯერ ”კვერცხივით მრგვალი” ევროკავშირის კარებიც შევაღოთ.”

ზაზა ფირალიშვილის აზრით, ”როგორც ჩანს, ჩვენი ევროპული პერსპექტივა მით უფრო იზრდება, რაც უფრო შიშვლდება რუსული გლობალური პრეტენზიები და ის, რომ ეს ქვეყანა კვლავ და კვლავ განსაკუთრებული ისტორიული გზის ილუზიის ტყვეობაშია.” მისივე განმარტებით, ალექსანდრე ნეველი ეგუებოდა მონღოლებს და ებრძოდა ჯვაროსნებს, მაგრამ დღევანდელი რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტი მზად არის, აღმოსავლეთ ციმბირის ტერიტორიებზე ჩინურ დემოგრაფიულ ექსპანსიაზე თვალი დახუჭოს, ოღონდ ჩინეთის ხელმძღვანელობა ანტიევროპულ და ანტიამერიკულ ალიანსზე დაითანხმოს.
”რაციონალური დიალოგი რუსეთთან ბოლო ათწლეულების ევროპული ილუზია იყო. რაც უფრო მკაფიოდ იკვეთება რუსული იმპერიული რევანშიზმის კონტურები, მით მეტად იკლებს რუსეთთან საერთო ენის მოძებნის შანსი და მით მეტად მატულობს ჩვენი და ჩვენისთანების ევროპული პერსპექტივა. რუსეთთან რაციონალური დიალოგის გამართვის იმედმა დასავლეთს ჩვენს სატკივარზე თვალი შეიძლება დაახუჭინოს.” - აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ პუტინი უარს ვეღარ იტყვის იმ იმპერიულ დისკურსზე, რომლის გაღვიძებაზეც თავადვე ამდენი იზრუნა. ეს მისთვის პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. ”ნეოიმპერიული რიტორიკა მასაც და მის გარემოცვასაც ქვეყნის რეალური პრობლემების შენიღბვის საშუალებას აძლევს. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ჩვენი შანსები გაზრდილია, თუმცა მისი გამოყენება საკმაოდ დახვეწილ პოლიტიკურ ტექნიკას მოითხოვს.”- დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

თქვენი დაკვირვებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როგორი და რა ტიპის რუსული საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩდეს საქართველო?

ხათუნა ლაგაზიძე - რაციონალური ურთიერთობა რუსეთთან და ჩვენი უსაფრთხოების გარანტორებთან, უპირველესად აშშ-სთან მჭიდრო კონტაქტი, საქართველოში ახალი, მაგრამ რუსეთისთვის ანგარიშგასაწევი მოთამაშის - ჩინეთის ფაქტორის ეფექტური გამოყენება - არის ის ბერკეტები, რომლებიც რისკებისგან მაქსიმალურად დაგვიცავს

ზაზა ფირალიშვილი - დღევანდელი რუსული სტრატეგია ამჟამინდელი მდგომარეობის ლეგალიზების მცდელობით ამოიწურება. დღეს მათ მეტის მიღწევა შეუძლიათ საინფორმაციო ომით, მუსლიმი ტერორისტების მოქმედების არეალის განვრცობით, ეკოლოგიური დარტყმებით და ა.შ.


ხათუნა ლაგაზიძის
აზტით, რუსეთისგან მომავალი საფრთხეების ინტენსივობას, ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. მათ შორის, ამერიკის სანქციების მორიგი ფაზა, რომელსაც თებერვალში ელოდებიან, სააკაშვილის უკრაინული აქტივობები, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები, ტერორისტული საფრთხეები და ისიც, დასჭირდება თუ არა პუტინს მორიგი მსხვერპლი არჩევნებში „ტრიუმფალური“ გამარჯვებისთვის.
17 დეკემბერს დონალდ ტრამპმა აშშ-ის უსაფრთხოების ახალი ხედვა წარმოადგინა, სადაც მთავარ მეტოქეებად კვლავ ჩინეთი და რუსეთი დასახა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ არის სფეროები, სადაც მათთან თანამშრომლობა აუცილებელია და მათ შორის ტერორიზმი დაასახელა და მაგალითად მოიყვანა სულ ახლახანს ამერიკის სპესამსახურ
”რაციონალური ურთიერთობა რუსეთთან და ჩვენი უსაფრთხოების გარანტორებთან, უპირველესად აშშ-სთან მჭიდრო კონტაქტი, საქართველოში ახალი, მაგრამ რუსეთისთვის ანგარიშგასაწევი მოთამაშის - ჩინეთის ფაქტორის ეფექტური გამოყენება - არის ის ბერკეტები, რომლებიც რისკებისგან მაქსიმალურად დაგვიცავს”- დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

ზაზა ფირალიშვილს
არა ჰგონია, რომ პუტინის კიდევ ერთი არჩევით რაიმე მკვეთრად შეიცვალოს და დარწმუნებულია თუ რაღაც განსაკუთრებული გარემოება არ იქნა, რუსეთი სამხედრო ძალის გამოყენებაზე აღარ წავა, ვინაიდან უკრაინული ავანტიურის ფასი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ახალ სატკივარს აღარ გაიჩენს.
”დღევანდელი რუსული სტრატეგია ამჟამინდელი მდგომარეობის ლეგალიზების მცდელობით ამოიწურება. დღეს მათ მეტის მიღწევა შეუძლიათ საინფორმაციო ომით, მუსლიმი ტერორისტების მოქმედების არეალის განვრცობით, ეკოლოგიური დარტყმებით და ა.შ.”- აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი.
ექსპერტი გვთავაზობს ”გულმოდგინედ დავაკვირდეთ იმას თუ როგორ მოითხოვენ აფხაზები, რომ გაუქმდეს ოკუპაციის შესახებ კანონი და რომ აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიად აღარ მოვიხსენიოთ. სხვაგვარად ჩვენს შეხვედრებს აზრი ეკარგებაო. საკმარისია, ეს შეცდომა დავუშვათ, რომ უკანა პლანზე გადადის რუსეთი, როგორც დღევანდელი მდგომარეობის შემოქმედი, ხოლო აფხაზს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში გამარჯვებულის პოზიციიდან დაგველაპარაკოს. რუსეთიც ტვირთს მოიცილებს და მშვიდად განაგრძობს აფხაზების ასიმილირებას და ტერიტორიის ათვისებას.”

ზაზა ფირალიშვილის
მტკიცებით, ”დიალოგი არ არის ის, რის გამოც ნებისმიერ დათმობაზე შეიძლება წასვლა, თუნდაც ამისაკენ ვინმე მოგვიწოდებდეს და ღონისძიებებსაც გვიფინანსებდეს. კარგად თუ გავქექავთ, ამ დაფინანსების მიღმა შეიძლება ”გაზპრომის” კონტურებიც შევამჩნიოთ. მისივე აზრით, არ შეიძლება აფხაზური და ოსური საზოგადოებების წარმომადგენლებთან უფრო კომფორტული შეხვედრის პერსპექტივები მთავარ კრიტერიუმად ვაქციოთ. ასე მხოლოდ სავალალო შედეგები შეიძლება მივიღოთ. არის რაღაც ზღვარი, რომლის გადაბიჯებაც არ შეიძლება.
ექსპერტის თქმით, რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ კონკრეტულ საფრთხეს. ზოგადი საფრთხეები კი ისევ ისაა, რაც ჯერ კიდევ ამ ოციოდე წლის წინ იყო და რასაც დღეს რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი შევარქვით.
”ვერავითარი ჰიბრიდული თუ რაიმე სხვაგვარი ომი ვერაფერს დაგვაკლებდა, თავად ჩვენში რომ არსებობდეს საზოგადოებრივი კონსესუსი თუნდაც ისეთი ცხადი გარემოებების გამო, როგორიცაა სატრანზიტო გზების არსებობა. მუდმივი საინფორმაციო ქაოსი შეუძლებელს ხდის თანხმობას არა მხოლოდ კონცეფციების, არამედ ფაქტების გამოც კი” – დასძენს ზაზა ფირალიშვილი.
ვინაიდან ინტერვიუ წინასაახალწლოდ ქვეყნდება იგი აუცილებლად მიიჩნევს დაავამატოს - როგორც ჩანს, ჩვენ თანდათან ვაღწევთ თავს იმ ეგზისტენციალურ შოკს, რომელშიც 90-იანი წლების დასაწყისში აღმოვჩნდით - ჩვენ ხომ მაშინ „დავბრუნდით“ სამყაროში რომლის შესახებაც მხოლოდ შორეულად თუ რამე ვიცოდით. ჩვენი მორაგბეების, ძიუდოისტების, ლაშა ტალახაძის, ნათია თოდუას თუ უკვე საკმაოდ ბევრი მეცნიერის და სხვათა წარმატებები არ გახლავთ მხოლოდ ცალკეული ადამიანებისა თუ გუნდების მონაპოვარი.
”ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თანდათან „ვხედავთ“ ჩვენს ადგილს ამ სამყაროში, ჩვენში ის ძალები იღვიძებს, რომელთა წყალობითაც ამ რთულ, მრავალსახა და ხშირად ულმობელ სამყაროში ღირსეულ არსებობას შევძლებთ; რომ ჩვენში საკმარისი ენერგიაა საიმისოდ, თავი დავაღწიოთ ჩვენივე შინაურების აგრესიულ უმეცრებასა და ყველა სფეროში გაბატონებულ უუნარო ბომონდს; თავი შეგვიძლია დავაღწიოთ გარეულთა საუკუნეების განმავლობაში დახვეწილ იმპერიულ ხრიკებს და განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვართ, ჩვენ ვარსებობთ და ამას წინ ვერაფერი დაუდგება. ჩვენ ვერც ნაციონალისტურმა თუ პოლიტკორექტულმა დოქტრინერებმა დაგვაკლეს ვერაფერი, ასე გულმოდგინედ რომ ცდილობენ ჩვენს მოთავსებას იდეოლოგიურ პროკრუსტეს სარეცელებში.” - აცხადებს  ზაზა ფირალიშვილი.
მისივე აზრით, ცარიზმისა და ბოლშევიზმის შემდეგ ბარე ორი ხალხი ვერ გაუძლებდა ზედიზედ წაგებული ომებისა და დაკარგული ტერიტორიების, უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვების, პოლიტიკური კლასის უუნარობის, ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური სინამდვილის გამო დაბნეულობის სიმძიმეს.
”არა მხოლოდ გავუძელით, არც გავბოროტებულვართ და ისიც განვაცხადეთ, რომ ჩვენი საბინადრო მთელი სამყაროა და არა მხოლოდ ლაგერების მორალითა და კორუფციით დასნეულებული ჩრდილო მეზობლის მითიური „რუსული სინამდვილე“. - დასძენს ზაზა ფირალიშვილი.
იგი იმედი მაქვს, რომ 2018 წელს ჩვენ შევძლებთ საზოგადოებრივი კონსესუსის მიღწევას თუნდაც იმაში, რომ ჩვენს ყველა ყოფილ თუ ახლანდელ მმართველში ბოროტების გარდა, სიკეთსაც დავინახავთ და ამით საკუთარ თავს გამოვუცხადებთ მეტ პატივისცემას და ნდობას.
ამის წინაპირობა კი შესაძლოა ის იყოს, რომ რაც მთავარია, დავინახავთ, რომ ამ ოცდაათი წლის განმავლობაში ბევრი რამ დაიძრა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობასთან შედარებით, ბევრ რამეს მივაღწიეთ.
”მოკლედ, ოპტიმიზმის სერიოზული საფუძველი არსებობს. პესიმიზმი ყველა შემთხვევაში თვითმკვლელობის ტოლფასია. სანამ ცოცხალი ხარ, არ გაბედო სიკვდილიო, ამბობდნენ გალები”- აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, რომელიც 29 მაისს თბილისში გაიმართა, საქართველოს