ლადო პაპავა - მიდგომა, რომელზეც მიკრობიზნესთან დაკავშირებით ხელისუფლება საუბრობს, გამართლებული არ არის

საგადასახადო და საბაჟო კოდექსებში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ "ინტერპრესნიუსი" ეკონომიკური საკითხების ექსპერტს, ლადო პაპავას ესაუბრა.

_ ბატონო ლადო, არჩევნების დასრულებისთანავე ხელისუფლებამ საგადასახადო და საბაჟო კოდექსებში ცვილელების შესახებ გვამცნო. როგორ შეფასებდით იმ ცვლილებებს?

_ ჯერ შეფასება რთულია, მაგრამ ის, რომ ხელისუფლებას საგადასახადო სისტემის გამარტივება, იქ ჩაწერილი მუხლების ორმაგი და სამმაგი გაგების გამორიცხვა სურს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. კონკრეტულად რა ტიპის ცვლილებებს გეგმვს ხელისუფლება, ამაზე საუბარი ნაადრევია, ვიდრე ამ დოკუმენტს მთავრობა პარლამენტში არ წარადგენს.

ჯერ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რაც ვიცით, ანუ ხელისუფლების მიერ მიკრობიზნენის ცნების შემოღებაზე და მისი გადასახადებისგან გათავისუფლებაზე. ჩემთვის ასეთი მიდგომა პრინციპულად მიუღებელია. თუ მიკრობიზნესში მოიაზრებენ მზესუმზირის გამყიდვლებს, გაუგებარია, მზესუმზირის გამყიდველმა ვისი ხარჯით, როგორ უნდა იყიდოს სალარო აპარატი. წარმოუდგენელია წლიური 30-ათასიანი ბრუნვის დათვლა, რომლის მიხედვითაც უნდა შეფასდეს მიკრობიზნესის ესა თუ ის გადამხდელი, რომ შემდეგ მასზე გავრცელდეს საგადასახადო შეღავათების მექანიზმები. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ მზესუმზირის გამყიდველს ჰქონდეს სალარო აპარატი.

ველოსიპედს გამოგონება არ სჭირდება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრს, მათ შორის მეც, ხშირად გვქონია საზღავარგარეთ ყოფნის შესაძლებლობა და ყველაზე განვითარებული ქვეყნების ქალაქებში, ვაშინგტონშიც კი გვინახავს, როგორ ხდება სალარო აპარატის გამოყენება. ვაშინგტონის ქუჩებში იყიდება ქალის ჩანთები, პარფიუმერია, ვერცხლის ნაკეთობები და სხვა ნივთები, მაგრამ ვაშინგტონში თითქმის ერთწლინი ყოფნის დროს მათთვის სალარო აპარატები არ შემიმჩნევია. ამ ტიპის მეწარმეებისთვის უნდა მოხდეს ფიქსირებული გადასახადის შემოღება. გადასახადის დაწესება ბევრად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ სად წარმოებს ყიდვა-გაყიდვა, ქალაქში თუ - სოფლად, ქალაქის ცენტრში თუ - გარეუბანში, ხალხმრავალ, უკაცრიელ ადგილას, სავაჭრო ცენტრში თუ - საცხოვრებელ რაიონში.

სალარო აპარატების შემოღების იძულება არა მიკრობიზნესის სუბიექტებისთვის, არამედ ამ აპარატების ბიზნესისთვის ხელშეწყობას ნიშნავს, რაც, რა თქმა უნდა, ისევ ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული. როცა ყველას აიძულებენ, სალარო აპარატის შეძენას, მერე ამ აპარატებს პერიოდულად ხომ სჭირდება ტექნიკური გამართვა, ქაღალდის, საღებავის შეძენა, ეს ყველაფერი საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია.

_ ხელისუფლება ხშირად საუბრობს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშეწყობაზე, თქვენი ინფორმაციით, საგადასახადო და საბაჟო კოდექსში ცვლილებები რაიმეთი მაინც თუ წაადგება მცირე და საშუალო ბიზნესს?

_ ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, ვინაიდან სავარაუდო ცვლილებები არც მე და ალბათ ბევრ პარლამენტარს არ უნახავს. ვიდრე მთავრობა საგადასახადო და საბაჟო კოდექსში ცვლილებებს პარლამენტს არ წარუდგენს, ამაზე საუბარი ნაადრევია. ერთი რამ ცხადია, მიდგომა, რომელზეც მიკრობიზნესთან დაკავშირებით საუბრობს ხელისუფლება, ჩემი აზრით გამართლებული არ არის. ჩემს სურვილზე რომ იყოს, სალარო აპარატებს მოთხოვნას საერთოდ მოვხსნიდი და ფიქსირებულ გადასახადს დავაწესებდი, მოვახდენდი ფიქსირებული გადასახადის დიფერენცირებას იმ პარამეტრების მიხედვით, რომელზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

_ ანუ, კოდექსებში სავარაუდო ცვლილებები ეკონომიკურ პოლიტიკაში რაიმე ახალ გააზრებას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას არ უკავშირდება?

_ როგორ არა, აკი მოგახსენეთ კიდეც. ჩანს და კარგადაც ჩანს სალარო აპარატების ბიზნესის მხარდაჭერა. სხვათა შორის, სალარო აპარატების შემოღება ზურაბ ნოღაიდელს უკავშირდება. დღეს ნოღაიდელი ხელისუფლებაში აღარ არის, ოპოზიციაშია და ხელისუფლებას უპირისპირდება. ღმერთმა ნოღაიდელი კარგად ამყოფოს, მაგრამ ეტყობა, როგორ ლენინზე იტყოდნენ, იგი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი საქმეები ცოცხლობენ.

_ არჩევნების შემდეგ როგორია ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება? ამბობენ, არჩევნებზე იმდენი ფინანსური რესურსი დაიხარჯა, რომ თვითმმართველობის ორგანოები სახსრებს კარგა ხანს ვეღარ მიიღებენო...

_ თუ რამდენი დაიხარჯა არჩევნებში, ამ ინფორმაციას არ ვფლობ, რადგანაც ადგილობრივი ორგანოების ბიუჯეტში და მათთვის გამოყოფილ ტრანსფერებში ჩახედული ნამდვილად არა ვარ. მაგრამ ერთი რამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა _ არჩევნებს ეკონომიკური კუთხით აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. დადებითია ის, რომ არჩევნებზე დიდი ფული იხარჯება, ეს ფული აჩენს დამატებით მოთხოვნას და ეს ფინანსები საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. მაგრამ ამას აქვს უარყოფითი მხარეც _ თუ ამ მოთხოვნამ არ მიიღო ეკონომიკის განვითარებაში სწრაფი რეალიზაცია, მაშინ მან შეიძლება ხელი შეუწყოს ინფლაციას.

საარჩევნოდ ბევრი, საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტი განხორციელდა, რაც ეკონომიკის განვითარებისთვის პოზიტიურია. მაგრამ, იმავდროულად, თუ ამ მოთხოვნას ეკონომიკის განვითარების რეაქცია არ მოჰყვა, ეს მოთხოვნა მხოლოდ და მხოლოდ ინფლაციურ ტვირთში გადაიზრდება. იმისთვის, რომ შექმნილ ვითარებას ეკონომიკამ რეაქცია მისცეს, საჭიროა, სახელმწიფო ნაკლებად ერეოდეს ეკონომიკაში, მთავრობა ნაკლებად ატერორებდეს ეკონომიკას. ასეთ შემთხვევაში ეკონომიკა ყოველთვის უპასუხებს გაზრდილ მოთხოვნას. წინასაარჩევნოდ ბევრი ისეთი პროექტები განხორციელდა, რომელთაც ეკონომიკისთვის ინფლაციური დატვირთვა აქვთ, ანუ ეკონომიკისთვის უპერსპექტივოა. ასეთია, მაგალითად გმირთა მოედანზე აგებული დაბალი გემოვნების მემორიალი. არანაირი გარანტია არ არის, რომ მას რამდენიმე ხანში, თუნდაც ერთ წელიწადში დემონტაჟს ისევე არ გაუკეთებენ, როგორც ეს იმავე მოედანზე შადრევნის შემთხვევაში მოხდა. ფაქტია, რომ ამ არჩევნებზე ბევრი ფუჭი ხარჯები იქნა გაწეული, მხედველობაში მაქვს თუნდაც ის ბილბორდები, რომლებშიც თითქმის მთელი ქალაქი იყო გახვეული.

_ ფაქტია, რომ არჩევნების შემდეგ ლარის კურსი დაეცა, თქვენი აზრით რა ემართება ლარს?

_ არჩევნებამდე ლარის კურსის ვარდნა არ უნდა ყოფილიყო 1, 8-სთან მიახლოებული. არჩევნები ჩატარდა და უკვე საუბარია იმაზე, რომ ლარის დოლართან შეფარდება 1, 82-ზე მეტია, რაც ჩემი აზრით, ეროვნულ ბანკს ამ ეტაპზე არ უნდა გაეკეთებინა.

ეროვნულ ბანკს საკმარისი რეზერვები ჰქონდა, რომ ლარის გაუფასურება სექტემბრისთვის გადაედო. თავისთავად გაუფასურება შეუძლებელია გამოირიცხოს, რადგან ქვეყანა კრიზისში იმყოფება, მაგრამ სჯობდა, რომ 1,8-ის ფსიქოლოგიური ბარიერის დაძლევა შემოდგომაზე მომხდარიყო. როცა ეროვნული ვალუტის კურსი ეცემა, ეს უშუალოდ აისახება იმპორტულ საქონელზე, ხოლო ჩვენს სამომხმარებლო კალათაში 80% უჭირავს სწორედ იმპორტულ საქონელს.

ინფლაციის შემოდგომისთვის გადადება იმის გამოც სჯობდა, რომ შემოდგომა წელიწადის ის დროა, როდესაც ქართულ ბაზარზე ჩნდება კვების ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, რაც რეალურად უწყობს ხელს იმას, რომ ინფლაცია მაღალი არ იყოს. ამიტომ არის, რომ კურსის ნებისმიერი დაცემა ჯობია, შემოდგომაზე ხდებოდეს. დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეროვნული ბანკი ზაფხულში ისეთ შეცდომას არ დაუშვებს, რაც მიმდინარე წლის იანვარში დაუშვა, როცა ერთ თვეში 5 თეთრით გააუფასურა ლარი, რამაც ქართულ ბაზარზე ლამის პანიკა გამოიწვია.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს