საქართველოს მთავრობა და EBRD ინვესტორთა საბჭოს ქმნიან

საქართველოს მთავრობა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტორთა საბჭოს ქმნიან. შესაბამის მემორანდუმს დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს მთავრობა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებაზე ერთობლივად იმუშავებენ.

"მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო EBRD-ის პრეზიდენტს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს გავაფორმეთ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ინვესტორთა საბჭო შეიქმნება. საბჭო საქართველოს მთავრობისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით აქტიურად იმუშავებს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის მიმართულებით. ინვესტორთა საბჭო მთავრობასა და ბიზნესს შორის შექმნის დიალოგის ახალ პლატფორმას და ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობას ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, სერ სუმა ჩაკრაბარტისთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს მთავრობა მოახდენს იმ კონკრეტული სფეროების იდენტიფიცირებას, რომლებშიც საქართველოს მთავრობის მოქმედებები და ბანკის მხარდაჭერა შესაძლებელს გახდის ბიზნესგარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

"რა თქმა უნდა, ყურადღებით განვიხილავთ იმ წინადადებებს, რომლებსაც ბიზნესსექტორი შემოგვთავაზებს და მათი განხილვა მოხდება ინვესტორთა საბჭოს სხდომებზე. მოხარული ვარ, რომ მემორანდუმის ფარგლებში ბანკი მხარს დაუჭერს საქართველოს განვითარების გეგმის იმპლემენტაციასაც. ეს არის განსაკუთრებული ეტაპი ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ინვესტორთა საბჭოს საქართველოს პრემიერი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში კი შევლენ როგორც ქართული და უცხოური ბიზნესასოციაციების, ისე კერძო სექტორის განვითარების სფეროში აქტიური დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო