თბილისის აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა

დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა.

თბილისის საკრებულოში დღეს განიხილებოდა საკითხი თბილისის ეროპორტისათვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების შესახებ. სხდომაზე ამ საკითხს 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი თავი შეიკავა. სულ საკითხის გატანის დროს რეგისტრაცია 36-მა დეპუტატმა გაიარა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების საკითხმა სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ფრაქცია ნაციონალური მოძარობის თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას ითხოვდა. სევდია უგრეხელიძის თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა აეროპორტებს ძირთადად სახელმწიფო მოღვაწეების სახელები ჰქვია. სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კი ითხოვდა, რომ საკითხი დეპუტატებს ნაჩქარევად არ მიეღოთ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე რიმა ბერაძემ განაცხადა, ბედნიერია, რომ მიიღო მონაწილეობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის მსოფლიოში ცნობილი შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების პროცედურაში. მისივე თქმით, იყო სხვადასხვა ვერსიები სახელის შერჩევის პროცესში. ბერაძემ დასძინა, რომ დავით აღმაშენებლის სახელი მინიჭებული აქვს ქუთაისი აეროპორტს, თამარ მეფის მესტიის აეროპორტს. ბერაძე მიიჩნევს, რომ შოთა რუსთაველის სახელს ალტერნატივა არ გააჩნია.