კახა კალაძე - აზერბაიჯანის პრეზიდენტთან "გაზპრომზე" საუბარი არ ყოფილა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე "გაზპრომზე" საუბარი არ ყოფილა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში განუცხადა.

მისი თქმით, საუბარი შეეხო სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის იმ პროექტებს, რომელსაც საქართველოში "სოკარი" ახორციელებს. "ჩვენ ალბათ ხვალ უკვე ხელს მოვაწერთ მემორანდუმს. ეს არის ელეტროენერგიის ტრანზიტი თურქეთის მიმართულებით. ანუ, შესაძლებლობა გვექნება ქვესადგურების მიერ აზერბაიჯანში გამომუშავებული ელექტროენერგიის საქართველოს გავლით თურქეთში გატანის. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე აზერბაიჯანული მხარისთვის. ეს იყო ძირითადი თემები, "გაზპრომზე" საუბარი არ ყოფილა.

მე კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო განმარტება, ის მოლაპარაკება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს "გაზპრომთან" მიმართებაში, ეს მოლაპარაკებები ხორციელდებოდა ყოველწლიურად, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც, მანამდეც, შევარდნაძის დროსაც, გრძელდება დღესაც და ალბათ მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ იმ მილსადენის, რომელიც რუსეთიდან საქართველოს გავლით გადის სომხეთის მიმართულებით, იცით, რომ ვიღებთ 10% გაზს გატარებული მოცულობის. ეს ხელშეკრულება ფორმდება ყოველწლიურად და დღეს ჩვენ გვაქვს ვადა დეკემბრამდე, რომ ანალოგიურად 1 წლით კიდევ გავაგრძელოთ ეს ხელშეკრულება", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ილჰამ ალიევის განცხადებას, რომ აზერბაიჯანს აქვს საკმარისი გაზი, ხომ არ გულისხმობდა კომერციულ გაზს, კალაძემ აღნიშნა, რომ კომერციულ გაზზე არ იყო საუბარი.

"თქვენ იცით, რომ სოციალურ გაზს მოსახლეობა იღებს, ამას აბსოლუტურად უზრუნველყოფს აზერბაიჯანი. რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, გასული წლების განმავლობაშიც ამის აუცილებლობა ყოველთვის იყო. გარდა იმისა, რომ 10% ჩვენ შემოგვქონდა იმ მილსადენიდან, რომელიც სომხეთის მიმართულებით მიდის, ჩვენ დამატებით კომერცულ გაზს ვყიდულობდით ყოველწლიურად", - განაცხადა კალაძემ.