რიო-დე-ჟანეიროში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე ავთანდილ ჭრიკიშვილი იქნება

რიოს 2016 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი იქნება. გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომაზე მიიღეს.

აღმასკომის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი სეოკ-ის პრეზიდენტის, XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის ლერი ხაბელოვის წინადადებას ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშედ ავთანდილ ჭრიკიშვილის დამტკიცების შესახებ.

ასევე გადაწყდა, რომ ოლიმპიური ფიცის დადების და დელეგაციის საზეიმო გაცილების ცერემონია გაიმართება 23 ივლისს დიღომში, ახალი ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე. იმავე დღეს ქართველ ოლიმპიელებს უმასპინძლებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის მორიგი სხდომა მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებს და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სამზადისს მიეძღვნა.

რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები 5-21 აგვისტოს გაიმართება.