დავით უსუფაშვილი - დიაგნოსტიკა იმისა, თუ რა გვჭირს, მარტივია, ერთი და იმავე მოჯადოებულ წრეზე სიარულს ვხედავთ

ჩვენ ვხედავთ ერთი და იმავე მოჯადოებულ წრეზე სიარულს, როდესაც გვაქვს მრავალპარტიული შეჯიბრი ერთპარტიულობისათვის, ეს არ არის არაფერი სხვა, გარდა ნეობოლშევიზმისა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ”საქართველო დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პირისპირ: პერსპექტივები და გამოწვევები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უსუფაშვილმა ისაუბრა პანელზე ”პარტიული პოლიტიკა და დემოკრატიზაცია”.

”დიაგნოსტიკა იმისა, თუ რა გვჭირს, მარტივია, ალბათ, იმიტომ რომ ვხედავთ ერთი და იმავე მოჯადოებულ წრეზე სიარულს, როდესაც გვაქვს მრავალპარტიული შეჯიბრი ერთპარტიულობისთვის. სამწუხაროდ, ასე განვითარდა ჩვენი პოლიტიკური სისტემა. რა ჰქვია ამას, ეს არ არის არაფერი სხვა, გარდა ნეობოლშევიზმისა. მისწრაფება იმისკენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მმართველი პარტია დაეუფლა ჭეშმარიტებას და ყველა დანარჩენი ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, ეს ლამაზად არ ჩანს და ამიტომ იწყება გარკვეული შეფუთვა იმ საკანონმდებლო და არა მხოლოდ საკანონმდებლო ღონისძიებების, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ახალი ბოლშევიკური ხელისუფლების კეთილდღეობა.

”ამას მივყავართ მეორე ცნობილ პრობლემამდე, რომელსაც საძალაუფლებო ფუნდამენტალიზმს უფრო დავარქმევდი, ვიდრე რაიმე სხვას, როდესაც მმართველი პარტია ექცევა ასეთი გავლენის ქვეშ, რომ მას გადაეცა არა მხოლოდ სახელმწიფო ძალაუფლება რაღაც ვადით, არამედ მთლიანად სახელმწიფო”, - განაცხადა უსუფაშვილმა.