ადამიანის უფლებათა ცენტრი პოლიციელის მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების გამო შეშფოთებას გამოხატავს

პოლიციის თანამშრომლებმა აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით მოქალაქე აწამეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადამიანის უფლებათა ცენტრიდან აცნობეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მე-6 განყოფილების თანამშრომელთა მიერ მოქალაქე ს.მ.-ს შესაძლო ცემის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე შეშფოთებას გამოხატავს.

„მოქალაქე ს.მ., რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს, პოლიციის თანამშრომლებმა 22 სექტემბერს დააკავეს და სოფელ დიღომში ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მე-6 განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც მოქალაქე აცხადებს, მასზე პოლიციაში მიყვანისთანავე დაიწყო ზეწოლა, რათა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია. კერძოდ, პოლიციელები სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით, აიძულებდნენ ხელი მოეწერა მათ მიერვე წინასწარ შედგენილ აღიარებით ჩვენებაზე. დაკავებულმა აღიარებაზე უარი განაცხადა და მოითხოვა ადვოკატი, რაც არ დაკმაყოფილდა. მას, ასევე, არ მიეცა დარეკვის უფლება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ს.მ. გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ინახულა. ბრალდებულს თვალნათლივ აღენიშნება ცემისა და ძალადობის კვალი სახეზე, ტანსა და კიდურებზე. მისი გადმოცემით, პოლიციის განყოფილების ერთ ოთახში, სადაც არ იყო ვიდეოსათვალთვალო კამერები, ერთ საათზე მეტხანს სასტიკად და გამეტებით ურტყამდნენ. ერთ-ერთმა ფეხსაცმლით მიაყენა მრავლობითი დაზიანება თავის არეში. ემუქრებოდნენ არასრულწლოვანი შვილის „გამწარებით“. ამის შემდეგ სხვა ოთახში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ცელოფნის პარკი ჩამოაცვეს თავზე და გუდავდნენ. სასტიკად ნაცემი და ნაწამები მოქალაქე ს.მ. იძულებული გახდა, დათანხმებოდა და ხელი მოეწერა წინასწარ შედგენილ აღიარებით ჩვენებაზე. პოლიციელებმა ამის შემდეგ შეადგინეს ამოცნობის, დათვალიერებისა და სხვა ოქმები. ნაცემმა და დაშინებულმა დაკავებულმა ყველა დოკუმენტზე მოაწერა ხელი. ამ ფორმით მიღებული „მტკიცებულებების“ საფუძველზე, ს.მ.-ს წარუდგინეს ბრალი 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით, რაც გულისხმობს ყაჩაღობას ჯგუფის მიერ.

24 სექტემბერს ბრალდებულ ს.მ.-ს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნახა ნაცემი და ნაწამები ბრალდებული, რომელსაც ვიზუალურად მკვეთრად ჰქონდა გამოხატული დაზიანების ნიშნები. ამის მიუხედავად, პროკურატურას ექსპერტიზა არ დაუნიშნავს და დღემდე ბრალდებულს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ბრალდებულ ს.მ.-ს სავარაუდო ცემის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე; გამოძიების ეფექტურად წარმართვისთვის სასწრაფოდ დაინიშნოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ჩატარდეს ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება.

ასევე ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განიხილოს შსს-ს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს VI განყოფილების ხელმძღვანელთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო თანამშრომლებს, ვინც შესაძლოა, მონაწილეობდა ადამიანის წამებაში, კანონით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით, დაეკისროთ ადეკვატური პასუხისმგებლობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა